დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიური“
„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.
შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.
(გაგრძელება)
8 ნოემბერი (ახ. სტ.) სამშაბათი
დილის ათ საათზე გიმნაზიაში მივდივარ მეორე გაკვეთილზე; გზაში შემომეგებენ დეკ. მ. ტყემალაძე და ყოფილი დეკ. კ. კეკელიძე, _ ერისკაცად გამოწყობილი, ტროსტით ხელში, ნარ-ნარით _ თავისქნევით მოდიოდა, კათოლიკოზის სასახლეში მიბრძანდებოდენ საკათ. საბჭოს სხდომაზე; ტყემალაძემ სალამი მომცა, _ კეკელიძეს არც კი გამოუხედნია ჩემსკენ; ეხლა საკათ. საბჭოს სხდომები კათოლიკოზის სასახლეში გადაუტანიათ, ეს ჩემი მოხსენების შედეგია, რომელიც „კანტროლიორობის“ ჩამორთმევის შესახებ მივართვი კათოლიკოზს ამა წლის 26 ოქტომბრის თარიღით #76; ამ მოხსენების გამო მხოლოდ ის გავიგე, რომ საკათ. საბჭოში მომხდარა მითქმა-მოთქმა _ თუ „ვის გააქვს აქ ლაპარაკი გარეთო“, _ გადაუწყვეტიათ, რომ უფრო დაფარული ჰყონ თავიანთი სჯა-ბაასი, კათოლიკოზის სასახლეში გადაიტანონ სხდომები; თვით კათოლიკოზმა ბრძანა: „ჭორები გააქვთო, სამი კარები იყო იქ და ყურს გვიგდებენო“! ეხლა „ჭორებად“ სურთ მონათლონ სამღვდელოების მიერ დაარსებულ თანამდებობის გაუქმების საბაბი, „მოხერხებით და პადლოგობით“ არის დაარსებული ეს თანამდებობაო; კათოლიკოზს მხოლოდ ის ვათქმევინე, რომ ამ თაობაზე „ოფიციალურად“ არა თქმულა საკათ. საბჭოშიო“! ეს იმას ნიშნავს, რომ დეკ. იასონ კაპანაძე, რომელსაც ეს ათქმევინა მაცდურმა ლაზრიშვილმა (ეს კაპანაძე მეტად ატაცებული პიროვნებაა, ამას წინეთ დიდი მიხლა-მოხლა გამოიწვია მაგის თავხედურმა და უზდელმა სიტყვა-პასუხმა ტფილისის სამღვდელოების საოლქო კრებაზე, სურდათ მაგისი სულ გარიცხვა ჩვენი წრიდან; კრებიდან გააძევეს;) წარმოდგა ზედი-ზედ საკათ. საბჭოს წევრები დეკ. ცინცაძე და ტყემალაძე (ეს იყო გელათის კრებამდე) და განაცხადეს, რომ „ეს კაცი რაღაც ავათმყოფური სენით არის შეპყრობილი, თავს ვერ იჭერს; ბევრი უსიამოვნება და მწუხარება გვჭირს მაგისგნით საკათ. საბჭოშიო“ და თხოულობდენ კრება ლმობიერად მოპყრობოდა მაგის უსაქციელობას; სამღვდელოება კი დაბეჯითებით თხოულობდა კაპანაძის გაძევებას ჩვენი წრიდან; მაშინ მე შევიტანე ასეთი აზრი: „დღეს ვაკმაოთ კრებიდან დათხოვა და შემდეგ კიდევ ვნახოთ-თქო“, _ დავიპატიჟე ეს კაცი; სემინარიის რექტორმა ნიკოლოზმა, როდესაც ის გადაიყვანეს ამერიკაში ალეუტის და ალიასკანის ეპისკოპოსად, წაიყვანა ტფილისის სემინარიიდან, როგორც ზედმიწევნით ლამაზი (ქალური სილამაზე ჰქონდა) ყმაწვილი; იქ მღვდლად აკურთხეს, ცოლი შერთეს ამერიკელი რუსი, ორი მოზრდილი შვილით გადმოვიდა საქართველოში ჯერ ძველ რეჟიმის დროს, პენსიას იღებდა ამერიკაში 15 წლის სამსახურისათვის; იმერეთში არ შეიწყნარეს ეს კაპანაძე, ხან სამხედრო მღვდლად იყო ჩვენს ჯარებში, შემდეგ უადგილოდ დაეხეტებოდა; როდესაც დეკ. ან. თოთიბაძე გადავიდა სამხედრო ტაძარში და მისი „კანდელაკობა“ თავისუფალი იყო, 1918 წელში, ეს ადგილი დეკ. ალ. სიმონიშვილს მისცეს, ამის სიკვდილის შემდეგ კი ლეონიდმა მოითხოვა მაგისი სიონში განწესება, როგორც ინგლისური ენის მცოდნისა, მაშინ 1919-ში ინგლისელების ჯარი იდგა ტფილისში _ „ინდუსები“ შავ-კანიანები; მეც მხარი დაუჭირე კაპანაძის სიონში გადმოყვანას; კარგი მწიგნობარია ქართულად მგალობელი და ეკლესიაში მოსახმარი, მაგრამ მეტად მყვირალა, აჩქარებული, არანორმალური პიროვნება, ამ თვისებით აქარწყლებს ყოველივე თვისს ღირსებას); ეს კაპანაძე სისხლს უშრობდა დეკ. ცინცაძეს და ლაზრიშვილს ლეონიდის დროს საკათ. საბჭოში, სადაც კაპანაძე ლეონიდის იმერეთში გაქცევის შემდეგ (ბოლშევიკების შემოსევის დროს) შევიდა საკათ. საბჭოს წევრად, როგორც 1920 წლის საეკლესიო კრების მიერ ამ თანამდებობის კანდიდატად ამორჩეული; ლეონიდის დაბრუნების შემდეგ სრულუფლებიან წევრებად აღიარეს ტყემალაძე-კაპანაძე-მირიანაშვილი საბჭოში, _ დავით ეპისკოპოზმა წევრობაზე უარი განაცხადა და ქუთაისში დაჯდა „პენსიონერად“; _ გავიდნენ საბჭოდან ერისკაცნი სპ. კედია, გრ. ვეშაპელი, აფაქიძე, _ დარჩა ბურთი და მოედანი შინაურებს; ცინცაძეს და ლეონიდს შუა მეტად გამწვავდა ბოლო დროს დამოკიდებულება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლეონიდსა და ნოე ჟორდანიას მოუვიდათ ერთმანეთთან გელათის განძეულობის შესახებ შეტაკება, ლეონიდმა წერილი მოსწერა ნ. ჟორდანიას, ეს წერილი გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდეს და ატყდა ერთი განგაში: ჟორდანიას ოჯახის „პროტოპრესვიტერმა“ დეკ. ცინცაძემ და სამხედრო ტაძრის „პროტოპრესვიტერმა“ თოთიბაძემ ვერ აპატიეს ლეონიდს ასეთი „თავხედობა“ _ როგორ გაჰბედა ლეონიდმა მათდამი შეუკითხავად ნ. ჟორდანიასადმი ასეთი წერილის მიწერაო! დეკ. თოთიბაძე სოც-დემოკრატების ორგანო „ერთობაში“ საზიზღარ პროვოკაციულ წერილებს ათავსებდა პსევდონიმებით ლეონიდის საწინააღმდეგოდ, სულ დასცეს ეკლესიის პრესტიჟი საზოგადოების თვალში. თოთიბაძე საკათ. საბჭოს გარეშე ებრძოდა, ხოლო ცინცაძე საკათ. საბჭოში და ამზადებდენ ნიადაგს ამბროსის კათოლიკოზობისათვის. ლეონიდმა ყოველივე ეს იცოდა და საკათ. საბჭოში ცინცაძის საწინააღმდეგოდ წამოაყენა თვისი კანდელაკი დეკ. ი. კაპანაძე; ამას აქეზებდა და უსისინებდა კათედრის დეკ. მ. ტყემალაძე, რომელიც მოსისხლე მტერია ცინცაძე-თოთიბაძესი; კაპანაძე ხშირად ეხეთქებოდა ხოლმე დეკ. ლაზრიშვილსაც, საკათ. საბჭოს სამეურნეო გამგეობის „დირექტორს“, ცინცაძის მეორე მღვდელს ქვაშვეთის ტაძარში; ცინცაძე-ლაზრიშვილს ძლიერ სურთ თავიდან მოიშორონ ეს კაპანაძე, მაგრამ ჯერ-ჯერობით სხვა ვერა დააკლეს იმის მეტი, რომ გელათის საეკლესიო კრებაზე საკათ. საბჭოს წევრად არ აარჩევიეს, მხოლოდ წევრობის კანდიდატად არის დარჩენილი და საკათ. საბჭოს კანცელიარიის მდივნად; აი, ამ თანამდებობაზედაც ეს კაპანაძე მაინც არ იშლის საბჭოს სჯა-ბაასში ჩარევას, ისევ მეტიჩრობს და სწორეთ ამ მეტიჩრობით ისარგებლა ლაზრიშვილმა და ჩემს წინააღმდეგ აალაპარაკა საბჭოში, ხოლო კაპანაძის ნალაპარაკევი თვითონ ლაზრიშვილმა მომიტანა 22 ოქტომბერს საბჭოს დარბაზში ცნობილ პროვოკატორ დეკ. ი. შუბლაძის თანადასწრებით: „ასე და ასე სთქვა შენ კონტროლობაზე კაპანაძემ, მე მეტად დავტუქსეო და თუ ძმა ხარ არსად და არავის არ უთხრა ეს ამბავიო“! ასევე შემეხვეწა ჩურჩულით თვით შუბლაძეც! წმინდა წყლის პროვოკატორები!!! ნამდვილად კი მაგათ ორი კურდღელი მოჰკლეს: იასონის ხელით და პირით ეს აბეზარი „კონტროლი“ თავიდან მომიშორეს და თან იასონს ვითომცდა დაუძინებელი მტერი გაუჩინეს ჩემის სახით; იასონსაც უბედურს ალბად ჩემდამი „წიხლის ჩაზელით“ სურდა ესიამოვნებია გაძლიერებულ ცინცაძე-თოთიბაძისთვის და თვით კათოლიკოზისათვისაც მით, რომ „ისიც კი ჩემს წინააღმდეგ მიდის“! მე კი სრულებით ხმა არ გამიცია კაპანაძისათვის, არც კი შევხებივარ ვინმეს, ისე ოფიციალური მოხსენებით გავეცი პასუხი და აღვნიშნე ჩვენი ეკლესიის მეურნეობის და ფინანსიურ სისტემის სრული უკანტროლობა, ხოლო სამღვდელოების მიერ არჩეულ კონტროლის ასე მოუფიქრებლად გაუქმება, დავიცავი სამღვდელოების უფლება სანთლის ქარხანაზე და მისი საარჩვნო უფლება ამ ქარხნის მართვა-გამგეობის საქმეში. მაგრამ ამაზე იმით მიპასუხეს, რომ სხდომები კათოლიკოზის სასახლეში გადაიტანეს!!…
დეკ. ი. კაპანაძემ დააგდო ხმა, რომ ამერიკაში ვბრუნდები ცოლ-შვილითო, ფული მომივიდა და მეპატიჟებიან ჩემს სამრევლოშიო! ეს ნამდვილი შორაპნული ოინებია, სურს შეიხვეწიოს ვინმეები _ არ წახვიდე, არ დაგვღუპოვო! და მართლაც სიონს რა ეშველება უმაგისოდ _ ეს ჰკითხულობს კიდეც, გალობს კიდეც და მოძრაობს კიდეც იქ, მაგრამ ასეთ და ამგვარ „მოძღვრებას“ ან გალობას, ან წირვას _ ან ლოცვას, ან მწიგნობრობას, როგორც ჩვენა ვართ, განა შეისმენს ღმერთი?! განა ეს უაღრესი ფარისევლობა არ არის?! განა მაცხოვრის დროს ფარისევლები ჩვენ არ დავჩრდილეთ ჩვენი საარაკო ყოფა-ქცევით და გაუნელებელი ერთმანეთდამი შურით, მტრობით, ბოროტებით და ინტრიგებით?! აკი ისედაც გვიმართავს ხელს ღმერთი!..
იმავ 8 ნოემბერს, გაკვეთილების შემდეგ, იმავ გზით რომ სახლში ვბრუნდებოდი, კათოლიკოზის ალაყაფის კარებზე გამოვიდნენ დეკ. ცინცაძე და რ. ივანიცკი; მე შორიდან სალამი მივეცი და ჩემი გზით მივდიოდი; ცინცაძემ დამიძახა: „მამაო ნიკიტა, აქ მოდიო“! მეც რა ღონე მქონდა, მივედი; ორთავემ ეს მკითხეს: „გუშინ ბოლშევიკებმა რა ამნისტია გამოაცხადესო“? მე უპასუხე, მათი ამნისტია ეხება ქურდ-ბაცაცებს და დენიკინ-კოლჩაკ-ვრანგელის თეთრგვარდიელებს, ამათ ეპატიათ დანაშაული, პოლიტიკური ამნისტია არ ყოფილა-თქო… ამ დროს კათოლიკოზის ეზოში, ბაღში, სამი ცხვარი და ერთი თხა დარბოდენ; მე მივაქციე ამას მათი ყურადღება: „შეხედეთ, რა მსუქანი ცხვრებია, ვისია ნეტავი ესენი თქო“! ეს კომპოზიტორ არაყიშვილის არისო (ორი ცხვარი დავითაშვილისაც არის _ ეს დაფარეს), „უნდა უთხრათ კათოლიკოზს აუკრძალოს თვის ეზოში ცხვრისა და თხის ბალახობა, არაყიშვილი ისედაც გვამცირებს ჩვენ ყველას, ცუდად გვიხსენიებსო“, _ ბრძანა რ. ივანიცკიმ, რომელიც უკვე დაბინავდა სინოდალურ კანტორის ყოფილ პროკურორის, შემდეგ ლეონიდის (ტფილელობის დროს) და შემდეგ კეკელიძის ბინაზე. ამაზე მე უპასუხე: „ეს რა კათოლიკოზის საქმეა, ცხვრები და თხები ისე უნდა მოაშოროთ კათოლიკოზს, რომ მან ვერც კი უნდა გაიგოს ასეთი წვრილი და უმნიშვნელო საქმეები-თქო“! ივანიცკი გაწითლდა, პირი მიიბრუნა, ცინცაძისა შერცხვა, რომ ასე ჩაიჭრა…
ამ დროს კათოლიკოზის სასახლიდან გამოიტანა კელეინიკმა ნახევარი დიუჟინი მშვენიერი შავი ვენის სკამები, _ „სად მიგაქვს, ძმობილო, ეს სკამები-თქო“, ვკითხე მე: _ „რაფიელთან მიმაქვს მისს ბინის მოსაწყობათო“, _ მიპასუხა მან; ამ დროს რაფიელიც მიუბრუნდა, სურდა თვითონ აეტანა თვისს ბინაზე ეს ძვირფასი სკამები; მე მიუბრუნდი კელეინიკს და უთხარი, _ „ბარემ შენვე აუტანე ბინაზე, საკათ. საბჭოს წევრს ნუ აკადრებ სკამების ზიდვას-თქო“, ბიჭმა სტაცა სკამებს ხელი, მაგრამ ივანიცკიც უკანვე დაედევნა, დეკ. ცინცაძემ სკამებს თვალი გააყოლა და მკითხა: „რა ეღირება ეხლა თვითოეული ამ სკამისაო“! მე უპასუხე: „არ გახსოვს, რომ ასეთი სკამები ხუთ-ხუთ მანეთად მიჰყიდეთ ამ ერთი წლის წინეთ კეკელიძეს და სხვებსაც-თქო“?! _ „მე რა ღმერთი გამიწყრა, _ ბრძანა ცინცაძემ, _ რომ ერთი ნივთი რაა არ შევიძინე იმდენ განიავებულ ავეჯეულობა-ნივთებისაგანო, შენ ცოტა მაინც კი ირგეო“, _ მითხრა მე; ამაზე უპასუხე: „მე ექვსი დანჯღრეული ხის სკამი წავიღე საჯინიბოდან, სადაც გატენილი იყო მთელი ორი ვეებერთელა ოთახი ავეჯეულობით, რომელიც მე გადმოვზიდე ვაკედან, ეხლა კი არც ერთი ნივთი აღარ არის, სულ დაუტაცნიათ ჩემს შემდეგ, რა უყავით-თქო? მე რაც წავიღე, არ მიყიდნია, ნაბარებად მაქვს, სინდისმა ნება არ მომცა 3-5 მანეთი მომეცა იმ სკამებში, ჩემს შემდეგ რა უყავით საკათ. საბჭომ ექსარხოსებისაგან დატოვებული სამი კარეტა და რამოდენიმე ფაიტონი-თქო“? ცინცაძემ მიპასუხა: „მე მახსოვს, ლეონიდს საკათ. საბჭომ ნება დართო ერთ ძველ ფაიტონის გაყიდვისა, ამათ კი სულ ყველაფერი დაუყიდნიათო“! თქვენ სადღა ბრძანდებოდით, რას აკეთებდით, რატომ ყურს არ უგდებდით კათოლიკოზის სასახლის „მმართველობას“ ან ვისგან შესდგებოდა ეს „მმართველობა“-თქო?! იქნებ, თქვენ გეგონათ, რომ კათოლიკოზ კირიონს უნდოდა ამ მხრივ ყურის გდება, ხოლო ლეონიდს არა?! კათოლიკოზი კირიონი ჯვარს აცვით, „ახ. სიტყვაში“ გამოსჭიმეთ“ სამიოდე ბოთლი ღვინო ეყიდა ავათმყოფ კაცს, შემოსავალ-გასავლის წიგნში აენუსხა ეს, ხოლო კირიონის შემდეგ არც ერთი სტატია არ არის ამ წიგნში შეტანილი არც შემოსავლისა და არც გასავლისა, რაც „აქტი“ შემდგარა კირიონის გარდაცვალების შემდეგ დეკ. დ. ლაზრიშვილის ხელით, იმავე აქტს მოვაწერეთ მე და დიმიტრიმ ხელი ლეონიდის გარდაცვალების შემდეგ, შენ ეს იცი თუ არა-თქო? ვკითხე ცინცაძეს! _ არაო, _ მიპასუხა მან! ეს საკვირველია-თქო, უთხარი მე… ასევე დაიფლანგება ის სერვიზები და ის ნივთები, რომელიც ეხლა ახალ კათოლიკოზს მიართვა „მცხეთის საზეიმო კომიტეტმა“-თქო. _ „ასე იცის უპროშჩენი ხოზიასტვოს წარმოებამო“, _ გაიცინა დეკ. ცინცაძემ…
შემდეგ ცინცაძემ მკითხა: „ხვალ (ოთხშაბათს) 12 საათისათვის დრო გექნება თუ არაო, სომხის კათოლიკოზს დარბაზობა უნდა გადაუხადოს ჩვენმა კათოლიკოზმაო“! მე უპასუხე: „ექვსი გაკვეთილი მაქვს, ვერ მოვიცლი; არც კათოლიკოზს უბრძანებია რა ამ თაობაზე ჩემთვის ან კი რა საჭირო და წასაყვანი კაცი ვარ მე, წაიყვანეთ გრძელ წვერიანი _ წარმოსადეგი დეკანოზები: მაჭარაშვილი, გ. ასათიანი, მათე მონასელიძე, შენ, ტყემალაძე და ასეთები-თქო“; მე ვიყავი ერთხელ გაგზავნილი, ერთი და იგივე პირის მუდამ გაგზავნა არ ივარგებსო… და დავშორდით ერთმანეთს.
9 ნოემბერი
გაკვეთილების შემდეგ შემხვდა კათოლიკოზის სასახლესთან დეკ. ნ. მაჭარაშვილი, გადმომცა, რომ დღეს კრება მქონდა (მთავარ-ხუცესობა ჩაუბარებიათ მისთვის უკვე, „არჩევნები“ კი დღეის სწორს იქნება, რასაკვირველია ფორმალური, ისევ ის დარჩება, ეს უკვე წინასწარ „განგულვებულია“ სფერებში), მაგრამ 12 საათზე თავმჯდომარეობა დეკ. ხახუტაშვილს გადავეცი და ჩვენ წავედითო“, _ სადა თქო? _ ვკითხე, „სომხის კათოლიკოზთანო“, _ მიპასუხა… კრებაზე ნიკო თავდგირიძემ პროექტი წაიკითხა ეროვნულ კოოპერატივის დაარსების შესახებ, მაგრამ დეკ. ლაზრიშვილმა სულ გაუბათილაო, ტყემალაძემაც უპასუხა, საკათ. საბჭო მღვდლებს ვალდებულ ვერ ჰყოფს, მონაწილეობა მიიღონ მაგ საქმეშიო… ცოტა წევრნი დასწრებიან დღეს კრებას, შემდეგი კრება დღეისსწორ ოთხშაბათს არისო“… შემდეგ წამოვედით ერთად, გამოვიარეთ პატარა წმინდა გიორგის წინ, კარები დაკეტილი იყო, მაჭარაშვილმა შემომჩივლა _ „სტოროჯი“ აღარ ჩერდება აქ, კარები დაკეტილია, _ ეს ეკლესია უნდა ჩავაბარო სიონელებსო“. ამაზე უპასუხე: „მამაო დეკანოზო! უფრო კანონიერი არ იქნებოდა, რომ ეს ეკლესია და მისი მრევლი ანჩისხატზე მოგეწერათ თქო?! სიონელებს მილიონებს უნიშნავთ ჯამაგირათ, მრევლსაც უმატებთ, ამ ჩემმა ანჩისხატმა რით უნდა იარსებოს, რატომ სხვებზედაც არ ჰფიქრობენ თქო! ჩვენში ყოველთვის პირად ინტერესების ან სიმპატია-ანტიპატიის თვალით უცქერიან, არასოდეს საზოგადო და სამართლიან თვალსაზრისით არ ხელმძღვანელობენ თქო, _ სირცხვილია სხვა არა იყოს ასეთი მოქმედება თქო“…
ამაზე მიპასუხა: „ტყემალაძე წევრია და ალბად შინაურულად მოახერხეს ეს ყველაფერიო“, „მით უფრო ცუდი თქვენთვის თქო“! მოვახსენე და დავშორდით ერთმანეთს!
ცხადია, დიდი გაშმაგებული მუშაობაა ჩემს წინააღმდეგ კათოლიკოზის გარშემო, კვირას 6 ნოემბერს თანამწირველად ვიყავი მიპატიჟებული წმ. ნინოს სასაფლაოზე, სადაც კათოლიკოზიც მიიწვიეს, მაგრამ არ წავედი. ძალიან გამძღარან-გამობრუებულან ტყემალაძე-ცინცაძე-კაპანაძე და სხვანი…
დეკ. კ. ცინცაძესთან გამობაასება!
შევხვდით ერთმანეთს 10 გიორგობისთვეს ისევ კათოლიკოზის ალაყაფის კარებთან; ცინცაძე მეტად იჭვის და გამომცდელი თვალით მიცქერის; სცდილობს სადაც კი მომიხელთებს ხელში ჩამიგდოს, ლაპარაკში ჩამითრიოს და დამტყუვოს რამე-რუმეები, შემდეგ საკლიაოზნიკო მასალად გამოიყენოს; ვიცი ყოველივე ეს, მაგრამ შეგნებულად არ ვერიდები, პირდაპირ ვეტყვი ხოლმე, რაც სათქმელია; გამოგვიარა წინ კათოლიკოზის კელეინიკმა _ ეს ერის კაცია, წინეთ დავით ეპისკოპოსთან იყო ბიჭად, შემდეგ სამების მღვდელს ეროთე აივაზოვს შერჩა ხელში; ეხლა კი ეს წყნარი, პატიოსანი სამთავისელი ბიჭი წაართვეს აივაზოვს და
კათოლიკოზს მიუჩინეს მომვლელად, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკოზის სასახლე ოჯახურად არის მოწყობილი, ქალი და შვილისშვილი სცხოვრობენ მასთან, მიდი-მოდიან ქალი თუ კაცი იქ და დიდ დროსტარებაში არიან; როდესაც ეს ბიჭი დავინახე, ცინცაძეს უთხარი: „კათოლიკოზს კი ბედი ეწია ასეთ ერთგულ კაცის მიჩემებით, მაგრამ საბრალო აივაზოვი კი დაიღუპა, ქვრივი კაცია, უპატრონოდ არის ახლა დაგდებულ თქო“; ამაზე ცინცაძემ მიპასუხა: „აივაზოვი ამ თაობაზე მე მემდურის, მე მაბრალებს მაგ ბიჭის გადმოყვანას კათოლიკოზთანო“, _ ყველაფერს მე მაბრალებენო… კათოლიკოზს რაღაც უსახელო წერილები მოსდის, ყველას აჩვენებს იმ წერილებს და იმ თაობაზე ეუბნება, მე კი არას მეუბნება, ალბად ჩემზე სწერენ რაღაცებსო. ეს არ არის საკვირველი თქო, _ უპასუხე მე, _ სწერენ და ლაპარაკობენ იმ პირებზე, რომელნიც გარს ახვევიან, ეთათბირებიან და ხელმძღვანელობენ კათოლიკოზს ან ასეთ დიდ პირებს თქო, თუ ამაზე სწერენ, ალბად შენზე მისწერენ და არა ჩემზე და ჩემისთანებზე, რომელნიც „გარიყულ-განკიცხულნი“ ვართ თქო; მაგრამ ვინც შენზე ან თოთიბაძეზე რაიმეს მისწერს ამბროსი კათოლიკოზს, ის „კორესპონდენტი“ ან დიდი უმეცარი, შეუგნებელი პირი უნდა იყოს ან დიდი პროვოკატორი თქო! ამბროსი კათოლიკოზი უნდა ჩამოგაშორონ თქვენ, რომლებმაც მას პირში სული ჩაუდგით, სოხუმის ეპარქიიდან გამოგდებული, უადგილოდ მოყიალე მიტროპოლიტი კათოლიკოზად დასვით, _ ასეთი გამარჯვება მოუპოეთ მას ნაზარ მიტროპოლიტთან ბრძოლაში, თქვენ ცნობილ „არჩევნების“ მასტერს თავად დავით ნიჟარაძესაც კი აჯობეთ… ამის შემდეგ ვინ ტუტუცია ის, რომელიც თქვენს დასმენას სცდილობს ამბროსისთან, ან როგორ გაბედავს ეს უკანასკნელი თქვენი გავლენისაგან გამოსვლას; ეცადეთ მაინც კეთილი გავლენა იქონიოთ, ეკლესიურ ცხოვრებაში დამშვიდება შეიტანოთ, მომავალ განსაცდელისათვის მოემზადოთ, კომუნისტები ჩვენთვისაც მოიცლიან, დიდ დამცირებას და შევიწროებას მოგვაყენებენ, თქვენ საამისოდ არ ემზადებით, ეს არა გაქვთ გათვალისწინებული და ხურდავდებით წვრილმან _ კლიაუზნიკურ საქმეებში თქო. მაგალითად, დეკ. ციცქიშვილის „დროებით გამწესება“ ვერის ნიკოლოზის სამრევლოში, როდესაც ეს კაცი გორის მაზრის სამღვდელობას ასე იყო თუ ისე ეპისკოპოსად ამოარჩევიეთ, ეხლა ამ პირის სამრევლოში გაგზავნა და ჩემი უარის ყოფა, დიდი უტაქტობაა თქო; შემდეგ მოვაგონე ცინცაძეს თუ როგორ ერთ-ერთ საოლქო სხდომაზე ტფილისში მან საყვედური უთხრა ტფილისის სამღვდელოებას, რომ „დეკანოზი ციცქიშვილი დავკარგეთო“, „ეხლა ხო იპოვნეთ, მამაო, ის „დაკარგული ციცქიშვილი“ თქო! ციცქიშვილს ღმერთმა ხელი მოუმართოს, ის ალბად არსად არ დაიკარგება, მაგრამ თუ „დაკარგვაზე“ ითქმის რაიმე, აი, ჩვენ ვინ დავკარგეთ და გავაუბედურეთ კიდეც, ეს დეკანოზი მიხეილ ფხალაძეა თქო! განსვენებულ ლეონიდს მან სიონის კანდელაკობა სთხოვა, როდესაც თოთიბაძე სიონიდან სამხედრო ტაძარში გადავიდა; ლეონიდმა უარი უყო, დეკ. ალ. სიმონოვს უნდა მივსცეო (აწ გარდაცვალებული სიმონოვი გიმნაზიის მესამე კლასიდან იყო, ტფ. სემინარიის მეხუთე-მეექვსე კლასის გაკვეთილებს ისმენდა მე რომ იქ ვსწავლობდი მაშინ), _ მაშ, სიმონოვის ადგილი მიბოძე სიონშიო (მესამე მღვდლობა) _ სთხოვა ისევ ფხალაძემ, _ ის ადგილი მამა ისაკის (ჩუკურაშვილს _ სემინარიელია ახალგაზრდა, სიონში დიაკონის შტატზე იყო მღვდლად) უნდა მივსცეო, მაშ ისაკის ადგილი მიბოძეთ, სულ უადგილოდ ვარ, სხვა არა იყოს რა წირვა-ლოცვაში მსურს მონაწილეობა მქონდეს, ეს ანაფორიანი კაცი გორის სასულიერო სასწავლებლის დახურვის შემდეგ (აქ ფხალაძე „სმატრიტლად“ იყო, რუსეთიდან გადმოვიდა, ყაზანის აკადემია აქვს დასრულებული, ჩინებული მცოდნეა საგნებისა, სწორეთ იმ დროს სწავლობდა ყაზანში, როდესაც იქ სწავლობდა ნაქვრივალი მღვდელი ამბროსი ხელაია _ დღევანდელი კათოლიკოზი და მისი „უჩენაია მუხა“ _ დავით ეპისკოპოზი! რა შედარებაა ამბროსისა და დავითის „უჩენობა“ ამ ნიჭიერ ფხალაძესთან) ქუჩაში ვარ დაგდებული და იფიქრეთ რაიმე ჩემზედაც, თქვენო უწმინდესობაო, _ დაასრულა ფხალაძემ, მაგრამ ლეონიდმა ხმა არ გასცა და დღეს ეს ფხალაძე, დაქვრივებული, ოთხი შვილის მამა, ერისკაცის ტანისამოსში დადის, რომ დღიური ლუკმა პური მოუპოვოს თვის ობლებს. ლეონიდი და მისი კამარილია უკმაყოფილო იყო ამ ფხალაძის, ამის ძმა მღ. სიმონ ფხალაძე, დიდუბის ეკლესიიდან გამოაგდო ლეონიდმა დეკ. მირიანაშვილის ჩაგონებით; სიმ. ფხალაძე კი არ მორჩილდებოდა დიდუბიდან გაგდებას, მეორე საეკლესიო კრებაზე გაასაჩივრა საქმე, მაგრამ კრების შესყიდულმა ბრბომ არც კი მოუსმინა უბედურ მღვდელს საჩივარი, ისე დააგდო; ეს ფხალაძე გარდაიცვალა ლეონიდის გარდაცვალების სამი დღის წინ, სიკვდილის ჟამს სიმ. ფხალაძემ შემდეგი სიტყვები წამოიძახა: „ლეონიდი არ გადარჩება, მე და ის ამ დღეებში ერთად წარვსდგებით ღვთის წინაშე, მის სამსჯავროს წინაშეო“ და მოკვდა კიდევაც!.. აი, ამ ძმის გამო სდევნიდენ მიხეილ ფხალაძესაც, ეს კირიონის პატივის მცემელთაგანიც იყო, არც ეს აპატიეს და ამ ზომამდე მიიყვანეს ეს კაცი. ამ თაობაზე უთხარ ცინცაძეს _ „ციცქიშვილი თუ ვიპოვნეთ, ფხალაძე რატომ დავკარგეთ, რატომ იმაზედაც არ იფიქრებთ, რატომ იმას არ მიეცით მრევლი, _ ციცქიშვილი საეპისკოპოსოდ შემზადებულიყო, რა საკადრისია ეხლა მაგის მრევლში ჩხირკედელობა თქო. მაგრამ ვაი იმათ, ვისაც თქვენ არ სწყალობთ, თქვენ ისეთი კაცი გინდათ, რომელიც თქვენი ტიკინაა, თქვენი სათამაშო იარაღია, სადაც გსურთ იქ ჩასჩრით და ჩააკვეხებთ თქო! ციცქიშვილს ალბად არ აქვს შეგნებული ეს თვისი სამარცხვინო როლი, მაგრამ თუ ერთხელ მიგიხვდათ ოინებს, ისიც გაიქნევს თვის გრძელ ხელ-ფეხს და მაშინ დამაგრდით მამაო თქო“!.. „შენ სულ ასე იციო“, _ მიპასუხა ცინცაძემ და დავშორდით ერთმანეთს…
მცხეთობიდან ერთი ეპიზოდი
ბერმა მიხეილმა, რომელიც ეხლა საგურამოს სამრევლოში მღვდლობს, ხოლო წინეთ ამბროსი არქიმანდრიტს (ეხლა კათოლიკოზს) ახლდა რუსეთში, იყო მისი შინაური _ მესაიდუმლე პირი, ამ ბერმა გადმოგვცა ერთი საიდუმლო მხარე იმ ინციდენტისა, რომელიც მოხდა მცხეთაში ეპისკოპოს პიროსისათვის მანტიის წამოუღებლობის გამო ტფილისიდან. ჩვენ ყველას გვიკვირდა ასეთ უბრალო მიზეზისა გამო როგორ განაწყენდა პიროსი იმზომ, რომ აღარავის გვეკარებოდა, ხოლო მეორე დღეს, წირვის შემდეგ, ჩაიც კი არ მიურთმევია ისე, სადგურზე წავიდა, მთელი დღე იქ დაჰყო უსმელ-უჭმელი და საღამოს ათ საათზე კი ერთი და იმავე მატარებლით ვიმგზავრეთ ტფილისში; ამ ბერს წინამძღვრიანთ-კარის მღვდლის ივანე ლუკაშვილისათვის (ჩემი სიმამრის ძმაა) გადაუცია საიდუმლოთ, ხოლო მისი ოჯახიდან გავიგე მეც, მცხეთაში კი ვერა გავიგე რა თავბედისა! აი საქმე რაში ყოფილა: როდესაც ეპ. პიროსი უსაყვედურებდა სიონის კანდელაკ დეკ. ი. კაპანაძეს და იპოდიაკონს სიკო მონასელიძეს _ რატომ მოგდით ასეთი დაუდევრობა _ მანტიაც კი არ წამოგიღიათ, რას ემგვანება, რომ ყველა მღვდელმთავრებს მანტია ექნება მოსხმული, მე კი უმანტიოთ ვიქნები მათ გვერდითო?! აქვე ყოფილა მაშინ დავითაშვილიც, რომელსაც მიუმართავს მეტად დამცინავის და დამცირების კილოთი პიროსისათვის: „ჩემი ნაბადი რომ თან მქონდეს იმას მოგახურავდი ზურგზე მანტიის მაგივრადო“. ამაზე გაწიწმატებულა პიროსი, იქვე მდგარა კათოლიკოზიც, ნაზარიც და ბევრი სხვანიც; პიროს მიუყვია პირი და მეტად გაულანძღავს დავითაშვილი _ აყვედრა მას „განუსაზღვრელი თავხედობა, კათოლიკოზების და ეპისკოპოსების ასე აბუჩად აგდება, ბიძაჩემიც (ლეონიდი) შენ გამოსჭყლიტე ფეხქვეშ, შენ აჰხადე მას ყოველივე ღირსება და პრესტიჟიო! ეხლაც აღარ იშლი და ჰბედავ მღვდელმთავრის ასე გამასხარავებასო“! _ ამაზე გაშმაგებულა დავითაშვილიც, ამასაც მიუყვია პირი და ისე დაულანძღავს ყველანი, რომ სირცხვილით აღარ ვიცოდით, სად გავპარულიყავითო: „შენ რა ეპისკოპოსი ხარ, ან რა ადამიანი ხარ, აბა კაცმა შეგხედოს რასა ჰგევხარ (არის მეტად მსხვილი და ტან-დაბალი, ეს იყო, რომელმაც კათოლიკოზის არჩევნების დროს _ კირიონ-ლეონიდისა, „კათოლიკოზობა წონით იყოსო, ვინც მეტი მოვიდეს წონაში, ის იყოს კათოლიკოზიო“), რა გაგიხდა ეს მანტია, ლამის არის ტვინი ამოგვართვათ, თქვენ მანტიებში გგონიათ რაიმე ჰყრია ან ეს რა საკათოლიკოზო იყო (მიუშვირა ხელი ამბროსის, პირშივე მიახალა), მაგრამ ამ უკაცობის დროს რა გაეწყობა, უკეთესი არ არის და ვაი ჩვენს ეკლესიას თქვენს ხელშიო“!.. კათოლიკოზს კინაღამ გული შეჰღონებოდა, სხვებმა შექმნეს ფაცხა-ფუცხი, ჩურჩული, ერთმანეთს პირზე ხელს აფარებდენ, „არავინ გაიგონოს, არავინ გაიგოს ეს ამბავი, თორემ თავი მოგვეჭრებაო“! კათოლიკოზმა ხმა ვეღარ ამოიღო, ჩაჰყლაპა ეს პილიული თვის კანცელიარიის მდივნისა, პიროსმა კი ვეღარ გაუძლო სირცხვილს და ის იყო გაგვექცა სადგურზე, ჩვენ კი არა ვიცოდით რა ისე, 2 ღვინობის თვეს (ძვ. სტ.), არქიმ. იოანნე მარღიშვილის კურთხევის დღეს, დავითაშვილის თანამეინახობით ზეიმით ვისადილეთ მცხეთის საკათოლიკოზო სახლში; ვილხენდით დავითაშვილთან ერთად და რეჩებს გაჰქონდა რახა-რუხი…
ქალაქში რო დავბრუნდით, გავრცელდა ხმა, რომ დავითაშვილმა ქაღალდი შეიტანა _ სამსახურიდან გადადგომისაო! იყო ამ თაობაზე დიდი მითქმა-მოთქმა, ნეტავი რას ინებებს კათოლიკოზიო! მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო ოსტატური ნაბიჯი დავითაშვილისაგან _ „აბა თუ კარგი კაცები ხართ დამითხოვეთო“ და მართლაც კამარილიამ ვერ გაჰბედა დავითაშვილის ჩამოშორება, თუმცა ყველას ეშინია მისი და ყველანი მოხარული იქნებოდა, რომ ის ან სიკვდილით ან სიცოცხლით ჩამოშორდებოდეთ, უფრო თავისუფლად იპარპაშებდენ, დავითაშვილის ეშინიათ, ყოველ საქმეს ჯერ დავითაშვილმა უნდა მოჰხადოს ნაღები და შემდეგ მიუგდებს ამ საქმეს კათოლიკოზს ან საკათ. საბჭოს. ბევრი საიდუმლოება აქვს „კამარილიისა“ და თვით ამბროსისაც (როდესაც ეს სინოდალურ კანტორის წევრი იყო იმ დროისა, ასე ამბობენ სინოდის რევიზორმა ამბროსი არქიმანდრიტი ავტოკეფალიის გამო ან ნიკონის მოკლის გამო როდი გადააყენა სამსახურიდან და რუსეთში გაძევება მიუსაჯა წირვა-ლოცვაში დაყენებით, არამედ რაღაც საქმეებში, როგორც წევრს კანტორისას, უპოვნა დიდი სიყალბე, უსწორ-მასწორობა და მექრთამეობაცო! აი, ასეთი ხმა იყო გავრცელებული ამბროსიზე, ამას კი თავი „მოწამეთ“ და „მოღვაწეთ“ მიაჩნია! არც ავტოკეფალიის ბრძოლაში მიუღია მაგას მონაწილეობა და არც ნიკონის მოკლის საქმისა ეკითხებოდა რა, ეს არის ერთი ეგოისტი _ თავმოყვარე კაცი, ნაკლები ნიჭისა და სუსტი ნებისყოფისა, ყოველივე ეს ჩინებულად ესმის დავითაშვილს, დაჰკრა კიდეც თვისი „ტერრორის“ ლახვარი მცხეთაში, აქაც „ოსტავკა“ მიართვა, მაგრამ „სთხოვეს უკანვე წაიღეთ ქაღალდი, ჩვენ უშენოთ არ ვარგივართო და დარჩა დავითაშვილიც, გაიმარჯვა საბოლოოდ!), დავითაშვილს. ეს ისევ იბატონებს აქ, ამას აღარ დაურჩა ქალაქში არც ერთი სამღვდელო პირი გაულახავი (ფიზიკურადაც კი!) და დაუმცირებელი, აგრეთვე არც ერთი ქალიშვილი ქალი, რომელც კი მსახურობდა საკათ. საბჭოს თუ მის კანცელიარიაში, გაუუპატიურებელი და გაულანზღავი. დეკ. კ. ცინცაძის ქალსაც კი გამოუდგა კანტორის არქივში და წივილ-კივილით გამოსტაცეს ხელიდან დავითაშვილს ეს გოგო!.. ესეც ჩაჰყლაპეს და ბევრიც კიდევ სხვა…
18 ნოემბერი
ეკლესიური ცხოვრება მიმდინარეობს მეტად უფერულად, „საჭეთმპყრობელი“ ჩვენი მოეწყო საზამთროდ თბილად და რბილად, დეკ. ლაზრიშვილმა ჩვენი სანთლის ქარხნის საშვალებათაგან მოუზიდა დიდძალი შეშა, ნახშირი, ამ ზაფხულს ჩემი შეგონებით სამღვდელოების დრამისაგან გადადებული პურიც ჩამოუვიდათ _ ზოგი კათოლიკოზს, ზოგიც საკათ. საბჭოს წევრებს და სამწერლოების მოხელეებს (ნეტავი ვისთვის ან რისთვისღა გვინდა ამდენი მოხელეები?! _ ვინ არის გამკითხავი); დიდძალი ფული ინთქება! ჯერ „უჩენაია მუხა“ არ ჩამობზუებულა ქუთაისიდან, მოწაფეები არა ჰყავთ, „რექტორი“ რათ უნდათ, აქედან უგზავნიან ჯამაგირს. ყოველ შემთხვევისათვის „რეზერვში“ ჰყავთ _ სადათარიგოდ! არ იციან რა უყონ ამ დეკ. ციცქიშვილს! აკურთხონ ეპისკოპოსად გორისა _ „ვაია“, არ აკურთხონ _ „უია“, მიუშვეს ვერის ნიკოლოზის სამრევლოში, იქნებ კარგი მრევლით დაკმაყოფილდეს და ეპისკოპოსობა გადაიფიქროსო, ეშინიათ ამ თავხედ ციცქიშვილისა, რომელიც საკათოლიკოზოდაც ემზადება, რაფო ივანიცკის მეტოქედ გამოდის! მაგრამ დეკ. ციცქიშვილი ისევ ეპისკოპოსობაზე ჰფიქრობს, „აქ, მრევლში, დროებით ვარ მიჩენილი, _ უთქვამს გიორგიძის ქვრივისათვის, _ მე ერთი ოთახი მომიცალეთ, ბინა საპიორნი ქუჩაზე მაქვს, არც ფულების საშოვრად მოვსულვარ აქ, მე ისეთი ძლიერი პარტია მყავს, რომ ანაფორების, წაღების და სხვა საჭირო ნივთების შესაძენად ათი მილიონი კიდევაც შემიგროვესო“! მეორე მღვდელი იმავ მრევლისა, ციცქიშვილის კურსის სემინარიის სტუდენტი, დეკ. ვ. მატათაშვილი, დიაკონის ადგილზე ჰყავს, _ „კუკიის სასაფლაოზე მე მგზავნის, თვითონ კი აქ დაბრძანდება და ფულებს ხვეტსო“, _ უსაყვედურნია მატათაშვილს თვის „წინამძღვარზე“; სხვა სამრევლოებშიც დიდი ბოროტმოქმედებებია, იძარცვება დიდუბე, წმ. ნინო, პეტრე-პავლე, ქვაშვეთი, წმ. ბარბალე _ ნავთლუხში, ვინ არის პატრონი, ხმის გამცემი… ჩვენი კათოლიკოზი კი თბილად-რბილად მოკალათებული, მაინც წუწუნებს: როდესაც სოფლის მღვდლები შედიან ხოლმე საქმეზე, ასე შესჩივის მათ: „თქვენ რა გიშავთ, ჩემზე მეტს იღებთ და უზრუნველ ყოფილნი ხართო“! _ მღვდლები გამოდიან და თავის ქნევით ამბობენ: „ეს მეტად ხარბი და ანგარების კაცი ყოფილაო“!.. ამ დღეებში იყო კათოლიკოზთან დუშეთის მაზრიდან მღვდელი გ. ჭელიძე და ასე სთქვა მან…
მეტად უნუგეშო მდგომარეობაშია გურია-სამეგრელოს ეპარქია! ჭყონდიდელი მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი) გადადგა სამსახურიდან; ეპარქია მიაწერეს ქუთათელს! აბა როგორ უნდა მოუაროს ქუთათელმა ამ დროში გურია- სამეგრელოსაც! ამ ეპარქიისათვის ჰფიქრობდენ არქიმანდრიტ ნესტორს, ყუბანეიშვილს, გელათის წინამძღვარს, მაგრამ მგონი აქაური „კამარილია“ არ სწყალობს მას და ახალგაზრდა არქიმანდრიტ პავლეს (ჯაფარიძეს) ამზადებენ გურია-სამეგრელოსთვის. სამოქალაქო სასწავლებელი აქვს დასრულებული ჭიათურაში! _ დეკ. ფხალაძე კი დადის კახეთის რკინისგზის მატარებლის რევიზორად! ეს არის ეკლესიის მოვლა-პატრონობა?!.
„კავკასიის რესპუბლიკათა ფედერაცია“
7 ამა ნოემბერს, როგორც ზემოდაც აღვნიშნე, კომუნისტებმა იდღესასწაულეს მათი ოთხი წლის „გადატრიალების“ თავი. მეორე დღეს კი გაზეთ „კომუნისტში“ (ქართული) და „პრავდა და გრუზიაში“ გამოცხადდა საქართველო-სომხით- ადერბაიჯანის რესპუბლიკათა ფედერაცია მოსკოვის მეთაურობით! ასე დამთავრდა საქართველოს „დამოუკიდებლობის“ კომედია, რომელსაც 25 თებერვლიდან ასე თვალმაქცურად თამაშობდენ ჩვენი უბედური კომუნისტები! ეხლა „შემოაწყდათ ძუა“ ამდენ ტყუილებისა, ნიღაბი აეხადა რუსთა ბატონობის ანუ იმპერიალიზმის ახალ პოლიტიკას კავკასიაში, ქართველი კომუნისტები კი მაინც ფინია ძაღლებივით წკავ-წკავებენ და განგვიმარტავენ გაზეთში თუ რა არის „დამოუკიდებლობა“! ნამდვილი „დამოუკიდებლობა“ ამ „ფედერაციაში“ გვექნებაო, _ გაჰკივიან ასე უსირცხვილოდ! ამ სახით საქართველოს „დამოუკიდებლობა“ გაჰქრა სიზმარივით! იწყება ახალი ხანა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში; ხალხი მეტად დაქსაქსულია, ინტელიგენცია თითქმის სულ ერთიანად ციხეშია გამომწყვდეული, ნადირობენ მენშევიკებზე, იჭერენ და უწყალოდ ხვრეტენ „ჩეკაში“, ყოველ ღამ დიდ ძალი ბურჟუაზია და ინტელიგენცია იხვრიტება. მენშევიკების „დელეგაცია“ დაატუსაღეს და არავინ იცის თუ რა მოუვიდა მას. ხალხი დაბეგრეს ნატურით _ პურით და სანოვაგით; ტფილისის ვაჭარნი 50 მილიარდით დაბეგრეს, კიდევ ელიან ახალ ბეგარას. მაგრამ ფული მაინც აკლია მთავრობას, ფულის ნიშნები არა ჰყოფნით; ეს ნახევარი წელიწადია ტფილისის მასწავლებელნი არ ღებულობენ სანოვაგეს, წინეთ გირვანქა პურს იძლეოდენ მოსამსახურეთა ოჯახის სულზე, შემდეგ ნახევარ გირვანქას, მერე მეოთხედსა, შემდეგ სულ მოსპეს, პურის ფულს მოგცემთო, არც პურის ფულს იძლევიან და არც ჯამაგირსა. ეს ორი თვეა ჯამაგირიდან ერთი გროში არ მიგვიღია ტფილისის მასწავლებელთ! მეტად გაჭირებულ მდგომარეობაში ვართ. წინეთ ვიღებდით 32.900 მანეთს თვეში! შემდეგ ეს ჯამაგირი გამიდიდეს 92.000 მანეთად! მაგრამ ამ ფულით ერთი ფუთი სიმინდის ფქვილიც კი არ იყიდება! ეხლა აღარც ამ ჯამაგირს მაძლევენ არც მე და არც სხვებს, დავდივართ და მუქთად ვასწავლით მოწაფეებს, რომელნიც „სწავლის ფულისაგან“ განთავისუფლებულია! ასე რომ, კომუნისტებმა მიაღწიეს მიზანს _ „უფასო სწავლა-სწავლება!“ ეს მგონი პირველი მაგალითია დედამიწაზე! მაგრამ ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გასტანს _ ინგრევა-იღუპება სკოლა, გვეხრწნება ახალი თაობა _ არც ერთ სასწავლებელში ცოტად თუ ბევრად ნორმალური სწავლა ჯერ არც კი დაწყებულა, ვაჟთა პირველ გიმნაზიაში კი ჯერ სრულებითაც არ დაუწყიათ სწავლა, მოწაფეები კი ამ დღეებში ბათუმისკენ წაიყვანეს „საეკსკურსიოდ“! იქიდან რო დაბრუნდებიან, მაშინ იტყვიან _ კლასებში ცივა, სათბობი მასალა შეშა-მაზუთი _ არა გვაქვს და დავითხოვოთო. ასე ცუღლუტობაში გადის მთელი სასწავლო წელიწადები და გვეღუპება სკოლა, როგორც ქალაქად, ისე სოფლად. მასწავლებელნი გარბიან… მალე ქართული ენა არა სავალდებულო საგნად გამოცხადდება, ქართულად საქმის წარმოება თანდათან ადგილს უთმობს რუსულს და შორს აღარ არის ის დრო, რო აღსდგეს თვითმმპყრობელობის დროინდელი წესწყობილება _ ბიუროკრატიზმის მთელი სახე; საშინელი თვითნებობაა გაბატონებული ყველა უწყებაში. სამასწავლო უწყების თავში სდგას კომისარი კანდელაკი _ ახალგაზრდა ბრიყვი კომუნისტი, მაგრამ ფაქტიურად ამ უწყების _ „ნარკომპროსი“ _ მამოძრავებელია რუსი იონა ბრისნიჩევი, ყოფილი მღვდელი, სემინარიის მესამე კლასიდან დათხოვნილი რუსი; როგორც სურს, ისე ატრიალებს ჩვენს უბედურ „კანდელაკს“ (აკაკი ჩხენკელის დისწულია! აკაკი კი ევროპაში დაძრწის, _ კომუნისტების წინააღმდეგ მუშაობენ ევროპაში ჟორდანია-ჩხეიძე-ჩხენკელი და მათი კომპანია, მაგრამ ევროპა ყურსაც არ იბერტყავს ჩვენთვის!..) ეხლა შემოვიდა ჩემთან ერთი ქართველი ოფიცერი _ „წითელი არმიელი“ და მითხრა: „ქართულ წითელ არმიას შლიან, რუსის ჯარს უერთებენ, „ამიერკავკასიის ჯარის სახელით ვიქნებით მათთან ერთად ათქვეფილიო, ეს მგონი ჩვენი მოსპობის მომასწავებელია“, _ გულდაწყვეტილად მითხრა; და აგრეც არის ეს… ასეთი პოლიტიკური უმწეობა არასოდეს არ ყოფილა მგონი საქართველოში; ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ჩვენი ერის თუმცა მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც ხელს უწყობს საქართველოს ასეთ გადაგვარების და გადაშენების პოლიტიკას; აქ კომუნიზმი და სოციალიზმი მხოლოდ საბაბია, მხოლოდ ერთნაირი იარაღია რუსის ბატონობის აღსადგენად ჩვენში, როგორც წინეთ იყო „პრავოსლავიე“ ანუ რუსის ერთან ჩვენი ერის ერთმორწმუნოება!!! თუ მაშინ დიდ-დიდი თავადები და ზოგი სამღვდელო პირნი ხელს უწყობდენ ჩვენში რუსულ ხელისუფლების განმტკიცებას, დღეს ამ როლს თამაშობენ ჩვენი კომუნისტები _ მეტიჩარანი _ მდივანი, მახარაძე, ორახელაშვილი, ელიავა-დუმბაძე-ბიბინეიშვილი-თალაქვაძენი და მათი მიმყოლნი. მაგრამ ამ „ლაქიებს“ მალე დაითხოვენ ბატონები და ისევ თავიანთ კაცებს წამოაყენებენ, როგორც იყო „რუსეთის დიდ რევოლუციამდე“ _ 1917 წლის თებერვლამდე!.. უნდა ვიფიქროთ, რომ ეკლესიურ დამოუკიდებლობასაც დავკარგავთ; მალე ამ ნიადაგზედაც აღიძრება რუსების მუშაობა; მაგრამ ცინცაძე-თოთიბაძე ისევ მოახერხებენ რუსეთის ეკლესიისაკენ იბრუნონ პირი, ეს ის „კატებია“, რომელნიც ზურგით არასოდეს მიწაზე არ დავარდებიან, საიდანაც უნდა გადააგდოთ, ისევ ფეხზე დასდგებიან! ეს ქართველების „ვანკა-ვსტანკები“ არიან!
26 ნოემბერი. შაბათი
დღეს დილით დ. დავითაშვილის კანცელარიიდან მომივიდა მოწერილობა, რომლითაც მაუწყებს, რომ „24 ნოემბრიდან გადმოცემულ მისი უწმინდესობის განკარგულებით თქვენ დანიშნული ხართ ღვთივ განსვენებულ კათოლიკოზ-პატრიარქის ლეონიდის სახელობის სამოძღვრო კურსების დირექტორად; გთხოვთ ამ სასწავლებლის მოწყობა-მოწესრიგების საკითხის შესახებ სათათბიროდ გამოცხადდეთ კათოლიკოზ-პატრიარქ ამბროსისთან _ შემდეგ დავითაშვილი საკუთარი სახელით უმატებს _ „რამდენადაც შეიძლება მოკლე ხანში“ _ ეს მოწერილობაა 24 ნოემბრის 1921 წ. #1165.
ამ რვეულის 34 გვერდის მეორე ფურცელზე და 37 გვერდზეც საკმარისად არის ნათქვამი ამ „კურსების“ შესახებ, თუ როგორ მე თვითონ შეველ კათოლიკოზთან და გავაფრთხილე _ „კი არ დამნიშნოთ კურსების გამგეთ თქო“. ამაზე მიპასუხა _ „უჩენაია მუხა“ სურდა ამ თანამდებობაზე. მეგონა, რომ ეს ხიფათი ამშორდა, მაგრამ აი, როგორი მსვლელობა მიუღია საქმეს: ეპ. დავითს უარი განუცხადებია „დირექტორობაზეც“ და საზოგადოდ ტფილისში დაბრუნებაზეც; მეტად შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, რომ შარშან _ 1920 წლის საეკლესიო კრებამ დაითხოვა ის ურბნისის ეპარქიიდან (ნამდვილად კი დავითი იძულებული იყო, უარი განეცხადებია ამ ეპარქიაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, გორის დეკანოზი ჩიტა კასრაძე მზად იყო დასაბუთებული საჩივრით მაგის ახირებულ ხასიათებისა ანუ უხასიათობის გამო, მაგისი არანორმალური, ზოგჯერ მასხარული კილოთი, ლექსად გამოთქმული რეზოლიუცები, სრული უმოქმედობა და განრღვეულობისა გამო უმოძრაობა) და აირჩიეს საკათოლიკოზო საბჭოს წევრად; ჩვენ თავის ადგილზე აღვნიშნეთ კიდეც თუ როგორ ეს ეპისკოპოსი ლეონიდ კათოლიკოზთან ერთად 24 თებერვალს გაიქცა დასავლეთ საქართველოში, მიგვატოვეს უპატრონოდ, ღვთის ანაბარად, ბოლშევიკების შემოსვლის შიშით! აი ეს არის ტიპი სახარებაში მაცხოვრის მიერ აღნიშნულ „სასყიდლით დადგინებულ მწყემსისა“, რომელიც _ „ივლტის“… მიუხედავად ამ „სივლტოლისა“, არც ლეონიდი, არც თვით ამბროსი, არც დავითი და არც სამხედრო ტაძრის „პროტოპრესვიტერი“ დეკ. თოთიბაძე იხტიბარს არ იტეხენ, თითქოს ბუზიც არ აფრენოდეთ, ისე უსირცხვილოდ დაბრუნდნენ თავთავიანთ ადგილებზე, როდესაც საშიშროებამ განვლო… დავითი კი აღარ დაბრუნებულა, მას „პენსია“ დაუნიშნეს და სცხოვრობდა გელათში. როდესაც ლეონიდი გარდაიცვალა, ქუთათელი ნაზარი და დავითი საჩქაროდ ჩამოვიდნენ ტფილისში; დეკ. კ. ცინცაძემ გადმომილაპარაკა: „აი, ჩვენი ახალი კათოლიკოზი (უჩვენა ნაზარზე) და აი, ახალი ქუთათელიო (უჩვენა დავითზე). ცხადია, რომ დავითსაც აღეძრა ჭია თავმოყვარეობისა და სურდა ქუთათელი მიტროპოლიტის ხარისხი გაეკრა და ეხლა იმერეთის ეპარქია აერივ-დაერია. მაგრამ, როგორც ვიცით, ნაზარ-დავითის პოლიტიკა დამარცხდა, დავითმა ეს იგრძნო და უცბად შემოტრიალდა, აჩვენა ამბროსის თავი, თითქოს მას თანაუგრძნობდა, მას მისცა თეთრი კენჭი და არა ნაზარს, რის გამო თითქოს უკანასკნელი შურს ძიობს დავითზე, დავითი გაქცეულა გელათიდან სოფელში და ეხლა სოფლიდან ეს „უჩენაია მუხა“ სურდა ჩამოეყვანა ტფილისში ამბროსის „კურსების დირექტორად“ და ერთნაირ ქორ-ეპისკოპოსად. მაგრამ, როდესაც დავითს გაუგია დეკ. ქრ. ციცქიშვილის ურბნისის ეპარქიის ეპისკოპოსად არჩევა, ცეცხლი მოსდებია და მოუთხოვია მიეცეს მას გურია-სამეგრელოს ეპარქია, რაც, მგონი, მიუცია კიდეც საკათ. საბჭოს… ამის შემდეგ კათოლიკოზის კამარილიამ დააგო ჩემთვის შემდეგი ქსელი: ამბროსისაგან უკვე იცოდნენ, რომ „კურსების“ დირექტორობაზე მე წინდაწინ უარი ვსთქვი, მაშასადამე არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას ვერის წმ. ნიკოლოზის სამრევლოზე, სადაც „დროებით“ დეკ. ციცქიშვილი ჩააყენეს, ნამდვილად კი, როგორც თანდათან ირკვევა, ამ სამრევლოს მიწერა სურს კათოლიკოზს სამხედრო ტაძარზე, სადაც თოთიბაძე ბრძანდება „პროტოპრესვიტერად“. „მხედრება“ აღარ ელტვის ამ ტაძარს, ჯამაგირი და რაიმე დახმარება აღარ ეძლევა ხაზინიდან, მრევლი ვერ შექმნა, მგალობლები არა ჰყავთ, წირვა არ უვარგათ, ლოცვა და ყოფაქცევა, იქვე გვერდით ქვაშვეთის ტაძარი აკრავს, სადაც თოთიბაძის თანა-ძმა დეკ. ცინცაძე „მოღვაწეობს“ და ერთმანეთს ლუკმას აცლიან პირიდან, ხოლო ამ ნიადაგზე, უბრალო „ძვალზედაც“ კი შესაძლებელია ასეთ მეგობრების წაჩხუბება; მეორე მხრით სამხედრო ტაძარზე უარის თქმაც ასე უცბად ულამაზოა, „რას იტყვის საზოგადოება“! გაავრცელეს პროვოკაციული ხმები, თითქოს ბოლშევიკებს გადაეწყვიტოსთ კიდეც „სამხედრო ტაძრის ჩამორთმევა და მისი კლუბად თუ სამკითხველოდ გადაკეთება“! ეს ხმები ძლიერ გაავრცელა ხალხში თოთიბაძემ, ასე რომ ბოლოს შევიდნენ ზოგი ერისაგანნი ბობოლა ბოლშევიკებთან და ჰკითხეს, _ რამდენად საფუძვლიანია ასეთი ხმები. ბოლშევიკების ხელმძღვანელებმა კი _ სერიოჟა ქავთარაძემ, ბუდუ მდივანმა, ორახელაშვილმა და სხვ. გადაჭრით უარჰყვეს ასეთი განზრახვა, _ „ჩვენ კლუბებიც საკმარისი გვაქვს და სამკითხველოებიც და თუ კიდევ დაგვჭირდება, სამაგისო შენობასაც ვიშოვნით, ეკლესიებს ჩვენ ხელს არ ვახლებთ საამისოდო“… მაშასადამე თოთიბაძის სურვილი, რომ ბოლშევიკებს ჩამოერთმიათ მისთვის ეს ტაძარი და ერთნაირ მოწამებრივ მანტიაში გახვეულიყო და ისე _ „ლამაზად“ გადაბრძანებულიყო წმ. ნიკოლოზის სამრევლოში, არ შესრულდა. ეხლა მეორე მხრივ უვლიან საქმეს: ტაძარიც შეინარჩუნოს, ბინაც ამ ტაძრისა, სადაც ეხლა არის გამოჭიმული, ხოლო მრევლი და შემოსავალი ჰქონდეს ვერის ნიკოლოზიდან, სადაც თვით წინამძღვრად იქნება, ხოლო ფაქტიურად მეორე მღვდელი დეკ. ე. მატათაშვილი იმუშავებს. აი, ასეთი „კომბინაციებია“! ეს „კომბინაცია“ კათოლიკოზ ამბროსის ცოტა არ იყოს უხერხულად მიაჩნია, ანჩისხატს გვერდით პატარა _ წმ. გიორგის მრევლი არ მიაწერა, ის სიონს მიაწერა, ეხლა კი ვერა სამხედრო ტაძარს მიაწეროს ეს უხერხულად მიაჩნია, ჩემიცა სცხვენია, აღარ იცის რა ჰქნას, _ ცხადია, კათოლიკოზი „თავის თავს არ ეყუდვნის“, _ ის სათამაშო იარაღად გამხდარა უკვე ცინცაძე-თოთიბაძის ხელში და ისევ ამათი რჩევით, ჩემდა კბილის მოსაჭრელად, 26 ნოემბერს არ არსებულ დაწესებულების გამგეობა, რომლის (კურსების) გახსნა, მოწყობა-მოგვარება დღეს შეუძლებელია ჩემის მხრივ განსაკუთრებით, ვინაიდან საკათ. საბჭოს წევრები _ ესენივე პირველნი ხელს შემიშლიან, რომ საქმე ჩამეფუშოს; კეკელიძე, რომელმაც დაჰღუპა სემინარია _ სასულიერო სასწავლებელი, ეს ანაფორა გახდილი ყოფილი რექტორი, დღეს ერისკაცად საკათ. საბჭოში მესამე საეკლესიო კრების მიერ საკათ. საბჭოს წევრად მოვლენილი, ცინცაძე-მირიანოვი და რ. ივანიცკი, განა ესენი ითანამშრომლებენ ჩემთან, ესენი არ ეცდებიან სირცხვილში ჩამაგდონ?! ერთ-ორ სამ თვეს მომცემენ ჯამაგირს (ამის რაოდენობა ჯერ არ არის ცნობილი), შემდეგ რო მოწაფეები აღარსაიდან გამოჩნდება და კურსების გახსნა ჰაერში იქნება გამოკიდული, საკათ. საბჭოს სამეურნეო გამგეობის „დირექტორი“ დიმ. ლაზრიშვილი განცხადებას შეიტანს საკათ. საბჭოში მოიხსნას კურსების დირექტორის ჯამაგირი, რომელიც მეტ ხარჯათ აწევს საკათ. საბჭოსო, მაგათ სამღვდელოების მიერ ამორჩეულ კონტროლის თანამდებობა გამიუქმეს და აქ დამზოგავენ?! ასე სურთ ჩემი გამასხარავება „კურსების“ ასპარეზზე. შესაძლებელია ეს სხვა „დირექტორს“ ვერც ჰკადრონ და ვერც გაუბედონ, შესაძლებელია სხვამ მოაწყოს კიდეც ეს კურსები და მე არ მსურს, რომ ეს დიდი და საშვილი-შვილო საქმე ჩემის მიზეზით ძირს დაეცეს, დამცირდეს და ხელი მოეცაროს. ამიტომ იმავ 26 ნოემბრის თარიღით #81 მოხსენებით, ვრცელი, დასაბუთებული მოხსენებით, უარი განუცხადე კათოლიკოზს ამ „დირექტორობაზე“ _ გავაგზავნე პაკეტით, თვითონ აღარ წავსულვარ, რომ რაიმე მეტი ლაპარაკი არ მომსვლოდა და კათოლიკოზი არ გამეჯავრებია…
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)