დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიური“
გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-40
„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.
შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.
(გაგრძელება)
ახალი ჯამაგირები
კიდევაც შესდგომია საკათ. საბჭო თვის „დირექტორის“ მონაწილეობით ახალ შტატების შედგენას; შემთხვევით ჩავიხედე ამ შტატების სიაში. აი, რა სწერია იქ: საკათოლიკოზო საბჭოს თავმჯდომარეს (ამბროსის) თვეში 400.000 მან; მასვე 320.000 მ; მასვე სასახლის შესანახად 200.000 მან; მასვე ეტლისათვის 500.000 მან; მასვე მსახურთათვის 300.000 მან; გამოდის ორ მილიონამდე; ამას გარდა კათოლიკოზს უყიდეს სანთლის საშვალებათაგან (სხვა წყარო არა არის რა) წაღები 1.800.000 მ; მასვე უყიდეს ცისფერი ანაფორა და შეუკერეს 1.500.000 მან; მასვე თეთრი და შავი კუნკულა-ბარტყულები ერთ მილიონამდე; მასვე ყოველდღე მოუხერხეს ვიღაც მოიჯარადრე _ კვერკველაძესთან ხუთ-ხუთი გირქვანქა ძროხის ხორცი, მუქთად. პური და სხვა სანოვაგენი; მცხეთის „ზეიმის“ მომწყობმა კომიტეტმა ამ ზეიმს მიახარჯა (ზოგმა დაიტაცეს, ვისაც ხელი ჰქონდა თაფლში, თითები გაილოკეს) 60.000.000 მანეთი! აქედან გაქურდულ საკათ. სასახლეს უყიდეს სერვიზები და დანა-ჩანგალი. ერთი სიტყვით, კათ. ნივთიერად კარგად მოაწყვეს, არც ერთი დიდი მოხელე არ არის აგრე უზრუნველყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაში! კათოლიკოზს ჰყავს სახლში ქმრისაგან გაგდებული ქალი ერთი შვილით, ერთი ვაჟიც მდიდარ ქალზეა ჯვარ დაწერილი, ერთი ქალიც ჰყავს გათხოვილი; სცხოვრობს ოჯახურათ…
საკათოლიკოზო საბჭოს წევრებს ჯამაგირები: დეკანოზებს _ კ. ცინცაძეს, მარკოზ ტყემალაძეს და იოსებ მირიანაშვილს თითოს 200.000 მანეთი, ერისკაცთაგან ნიკო თავდგირიძეს, რ. ივანიცკის და კორ. კეკელიძეს (ყოფილ მიტროფორნი დეკანოზს, ახლა კი პიდჟაკში _ პრიკაზჩიკულად გამოწყობილ საკათალიკოზო საბჭოს წევრს!) _ ამათ თითოს 200.000 მან! აი, რას ნიშნავს უკონტროლო დაწესებულება! ამ ფულს გარდა ეს საკათ. საბჭოს „გვამები“ ღებულობენ საბჭოთა ხელისუფლების (კომუნიზმი) მიხედვით „პაიოკებსაც“! სამეურნეო გამგეობის დირექტორი, დეკ. ლაზრიშვილი „ახერხებს“ (აი, ვინ არის მოხერხებული!) მათ თვეში თითქმის თითო ფუთ პურის ფქვილის მიცემას, ლობიოს, საპონს, ნავთსაც ურიგებს ხოლმე! საიდან არის ყოველივე ეს?! აი, საიდან. მამა „დირექტორი“ თან და თან ჰყიდის ყოფილ სინოდ. კანტორის შენობაში დარჩენილ ავეჯეულობას _ სტოლებს, სკამებს, შკაფებს, საწერ მაგიდებს, საეკლესიო შესამოსელ სამკაულებს, ამაებს სცვლის პურზე და სხვა სანოვაგეებზე, ურიგებს საკათ. საბჭოს წევრებს და სამწერლო მოხელეებსაც! მაგრამ როდესაც ყოველივე ეს გამოელევათ მაშინ აღარ ვიცი, რა წყაროებიდან შეადგენს ამ პაიოკებს! ძვირფასი ავეჯეულობა ჩემ მიერ შარშან და შარშანწინ გადმოზიდული ახალ სემინარიის შენობებიდან ვაკეზე, ზოგი საკათ. საბჭოს წევრებმა დაიტაცეს (დეკ. კეკელიძემ მიითვისა სემინარიის რექტორის დიდებული ავეჯეულობა და ბინის მორთულობა, აგრეთვე რაფ. ივანიცკიმ, პ. ბარათაშვილმა, პავლე ინგოროყვამ, ჩიტო კაპანაძემ და სემინარიის ყველა მასწავლებელმა), რაც ამათ გადარჩათ ამას ლაზრიშვილი სცვლის და ანადგურებს, „სულ ერთია, მთავრობა ჩამოგვართმევსო“! ასე რომ, ეს ნივთები ეკლესიასაც ეღუპება და სახელმწიფოსათვისაც იკარგება! ახლახან რაფ. ივანიცკიმ დაიჭირა საკათ. საბჭოში დიდებული ბინა და ყოველდღე კათოლიკოზს უთვალთვალებს „სწავლობს კათოლიკოზობასო“! ემზადება „საკათოლიკოზოდო“, _ ამბობენ ჩვენს წრეებში ღიმილით…
1921 წლის ოქტომბრის ბოლო რიცხვებში გარდაიცვალა ვერის წმ. ნიკოლოზის ტაძრის დეკანოზი, ტფ. სამღვდელოების მთავარ-ხუცესი (ბლაღოჩინი) გრიგოლ გიორგიძე (ყოფილი გამდლიშვილი, ეს გვარი გიორგიძეთ გადაიკეთა მან ნიკოლოზ იმპერატორის წინაშე უქვეშევრდომილეს შუამდგომლობით, იუკადრისა ეს ძველი გვარი!). ამ ტაძართან არის ძველი სასაფლაო, რომელიც ეხლა განაახლეს და ასაფლავებენ ტფ. ინტელიგენციას თუ ბურჟუაზიას, გარშემოც სულ რუსების ტაძრები ახვევია, ასე რომ ამ დიდ რაიონში ეს ერთადერთი ქართული ეკლესიაა, დიდი მრევლი ეტანება და შემოსავლიან მრევლად ითვლება. ამიტომ ეს ადგილი თითქმის ყველა მღვდელმა ითხოვა ქალაქში, ბევრმა სოფლებიდანაც ითხოვეს. 29 ოქტომბერს შაბათს დავასაფლავეთ დეკ. გიორგიძე იქვე, ტაძრის ეზოში. მწირველი ბრძანდებოდა კათოლიკოზი. წირვა-დასაფლავების შემდეგ ჩემთან მოვიდნენ მრევლის და სამრევლო საბჭოს წარმომადგენელნი: კლდიაშვილი, ზაალიშვილი, სიმონიშვილი, მერკვილაძე და მათთან ათი-თხუთმეტი კაცი კიდევ სხვა. ამათ გამიხმეს ცალკე და წინადადება მომცეს _ გადმოვიდე წმ. ნიკოლოზის ტაძარში ანჩისხატიდან! მე სახტად დავრჩი ასეთ წინადადებაზე! მართალია, კარგი მრევლია წმ. ნიკოლოზის ეკლესია, ანჩისხატი კი მეტად მიყრუებული და „საციმბიროდ“ მიჩნეული ექსარხოსს ინოკენტისაგან, რომელმაც აქ გადმომასახლა და ძალით 1912 წლის 20 მაისის ვერაგულ რეზოლიუციით, მაგრამ მე მაინც არ ვფიქრობდი წმ. ნიკოლოზის ადგილის თხოვნას, ვიცოდი რომ არ მომცემდენ! ამიტომ მეტად უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენეს ზემოაღნიშნულმა მრევლის წარმომადგენლებმა. კატეგორიულად წინადადება მომცეს! ამაზე მე უპასუხე: „ჯერ არ მიფიქრია მაგ ადგილზე გადმოსვლა, მაგრამ რამდენადაც ვატყობ საქმის ვითარებას, მე მაგ ადგილს არ მომცემს კათოლიკოზი, საარჩევნო უფლება ჩამორთმეული გაქვთ მრევლს. მე კი ჩემს ეკლესიის გვერდზე არსებული პატარა წმ. გიორგის ტაძარიც კი არ მომაწერეს, ესეც შეშურდათ ჩემთვის და სიონს მიაწერეს, სამღვდელოების მიერ არჩეული თანამდებობა „კონტროლობა“ გამიუქმეს და ჩამომართვეს! აბა, რაღას უნდა მოველოდე ასეთ ჩემდამი განწყობილ პირობებში თქო“! ამაზე მიპასუხეს: „შენ მოგვეცი თანხმობა, ჩვენ წარუდგებით კათოლიკოზს, ვსთხოვთ, რაზე უნდა გვითხრას უარი, უკეთეს კანდიდატს ვის წამოგვიყენებენო“! მე გამეცინა ამაზე, მადლობა გადაუხადე და კიდევ ვსთხოვე, „დამანებეთ თავი, ტყუილა ნურც თქვენ ირცხვენთ თავს და ნურც მე შემარცხვენთ თქო“! მაგრამ ბოლოს იძულებული მყვეს თანხმობა გამომეცხადებია და თან ისიც მთხოვეს, რომ შენც მიეცი კათოლიკოზს თხოვნაო. იმავ დღესვე წარსდგომია ეს დეპუტაცია კათოლიკოზს, მიუმართავთ თხოვნით, განუმარტებიათ მრევლის საჭიროებანი მომქმედ და მქადაგებელ მოძღვრის აუცილებლობაში, მაგრამ კათოლიკოზს მეტის მეტად უკმეხად მიუღია ხალხი, არც კი დაუსხამთ ისინი! ფეხზე გაუჩერებია ეს პატივცემულნი, ჭაღარით მოსილნი ერისაგანნი, არც მოუსმინა რიგიანად, „მე თვითონ განვიხილავ მაგ საქმეს, მე თვითონ მივსცემ დეკ. თალაკვაძეს წინადადებასო“ და ასეთი ორაზროვანი სიტყვებით გამოუსტუმრებია ეს ხალხი სასახლიდან, მეტად შეურაცხყოფილნი, დამცირებულნი და განაწყენებულნი! იმავ საღამოთი, საღამოს ლოცვის შემდეგ, დავსწერე თხოვნა: აღვნიშნე შიგ ჩემი იძულებითი გადმომწესება დიდუბიდან ანჩისხატში 1912 წელს 20 მაისს ინოკენტი ექსარხოსის მიერ ეკლესიის ავტოკეფალობისათვის ჩემ მიერ მუშაობის გამო და დიდუბელ შავრაზმელ რუსებთან ბრძოლისათვის; თუ როგორ ამ სასჯელის ქვეშ ვარ ეს მეათე წლის განმავლობაში; როგორც მიგდებულ-მიყრუებულ ადგილზე ანჩის ხატის ტაძარი, მიხდება ცარიელ კედლებ შუა წირვა-ლოცვა, არ მყავს ხალხი, რომ ვმოძღვრო, უქადაგო; მეყოფა ამდენ ხანს ასეთ სასჯელის ქვეშ ყოფნა, სულ ყველას რაღაც გეშველათ ჩემს მეტს და დროა მეც ამომიყვანოთ ამ ჯურღმულიდან, პირის-პირ შევხვდე მორწმუნეებს, სადაც ის ბლომად იყრის თავს სხვა და სხვა სარწმუნოებრივ მოთხოვნილებათ შესრულების დროს თქო, თქვენ კარგად მიხვდებით ჩემს სულის კვეთებას, გამიყვანეთ აქედან, გადამამწესეთ ვერის წმ. ნიკოლოზის მრევლში თქო. ასეთი შინაარსის იყო დაახლოებით ჩემი თხოვნა. შევიტანე კათოლიკოზთან, მიმიღო, ჩაიზე მიმიპატიჟა; ბევრი რამ ვილაპარაკეთ ჯერ საზოგადო თემებზე; შემდეგ მომიყვა თუ როგორ იყო მასთან დღეს დეპუტაცია და შენთვის ადგილი მთხოვესო; უკმაყოფილონი წავიდნენო, მე კი მათი წყენინება არ მინდოდაო, იმ მრევლის სურვილს ვაქცევ ყურადღებასო და დაიბნა ლაპარაკში, ეტყობოდა, რომ კათოლიკოზი უკვე თავის თავს აღარ ეკუთვნოდა, ის უკვე დატყვევებული ჰყავდათ ამ საქმეში მოჭახრაკე ცინცაძე-თოთიბაძეს… მაგრამ მე მაინც ჩემი აღარ დავიშალე, მოუმზადე ცოტა რამ ნიადაგი და გადავედი საქმეზე: „მე მთხოვეს მრევლის წარმომადგენლებმა გადავიდე ვერაზე, ჩემი თანხმობა წაიღეს მათ, მაგრამ აჩქარებულან, მე უთხარი მათ, რომ მე თვითონ ვითხოვდი ადგილს, ისინი ნუღა შესწუხდებოდენ, მაგრამ არ დაუგდიათ და მაინც გხლებიათ თქო! ყოველ შემთხვევაში მე მათ თხოვნას არ ვეყრდნობი, მე ვთხოულობ გადამიყვანოთ იმ ადგილზე, მაკმაროთ ამდენი ტანჯვა, ნივთიერი შევიწროება და დამცირება, რასაც ეს მეათე წელიწადია განვიცდი თქო. სულ ყველამ რაღაც მიიღეთ, გაიუმჯობესეთ მდგომარეობა, მე რაღა დავაშავე, ვის რა შევსცოდე თქო“… ამოვიღე თხოვნა და მივართვი. „ბევრია მთხოვნელებიო“, _ მიპასუხა. „ამ ბევრთან ეს ჩემი თხოვნაც იყოს თქო“, _ მიუგე მე. ცოტა რამ კიდევ ვიბაასეთ და ასე დავშორდი. ეტყობა, რომ ეს კაცი სრული მონა-მორჩილია ცინცაძე-თოთიბაძესი, უიმათოდ ფეხს არ სდგამს, ეშინია მათი, იცის, რომ თუ ისინი გადაუდგა, დაიღუპება, როგორც დაიღუპა ორი მისი წინა მოადგილენი… ოთხ ნოემბერს დღისით კათოლიკოზმა თავისი სადარბაზო ბარათით დამიბარა „სასკოლო კომისიის“ სხდომაზე. ვეახელი; დამხვდნენ: კათოლიკოზი, დეკ. ცინცაძე, რ. ივანიცკი, გაკრეჭილი კ. კეკელიძე და დეკ. ი. კაპანაძე. მოისმინეს ჩემი წერილობითი მოხსენება, რომელიც გელათის კრებაზე იყო გაგზავნილი, მაგრამ იქ არ წაიკითხეს, ვინაიდგან ეს მოხსენება შეიცავდა დაუზოგელ მხილებას ჩვენი სასულიერო სემინარია-სასწავლებლის დაღუპვისა გამო, ეხებოდა კეკელიძეს და მის ამქარს… ამ სხდომაზედაც მხოლოდ მოხსენების დასკვნები წაიკითხეს, ესენი ყველანი მოისმინეს, უნდა ყოფილიყო შემდეგ მსჯელობა ამ თაობაზე, მაგრამ ოჯახიდან მეძახოდენ, ჩემი ბინიდან ერთი ოთახის ჩამორთმევას მემუქრებოდენ საბინაო განყოფილება, ვიღაც სომხის დედაკაცის ჩასახლება უნდოდათ ჩემს ბინაში! ამ ნიადაგზე დიდი აწიოკება და შევიწროებაა დღეს ჩვენს დედაქალაქში! ვინ არ მოაწყდა დღეს უბედურ საქართველოს და ტფილისს! აღარ არის ილაჯი ცხოვრებისა, ცალკე სიძვირით სანოვაგისა, ცალკე ასეთ შევიწროება-აწიოკებითა. მე უკვე ჩამომართვეს ერთი დიდი ოთახი, დამრჩა ორ ოთახ ნახევარი, შიგ ექვსი სულნი ვართ, თავზე გვაყრია ყველაფერი და კიდევ მიპირებენ ერთი ოთახის ჩამორთმევას! დავსტოვე სხდომა და მივეშველე ოჯახს! როგორც იყო „დროებით“ შევაჩერე „რეკვიზიცია“ _ „უპლოტნენიე“, _ როგორც ეხლა ამბობენ ხოლმე…
იმავ საღამოს ისევ შევედი კათოლიკოზთან, მივაკითხე რას ჰფიქრობდა ჩემს თხოვნაზე, _ თან იმისიც მეშინოდა, სამღვდელო კურსების გამგეთ არ დამნიშნოს და მით უარი არ მითხრას მრევლზე თქო; ამ კურსების გამგეობა საპატიო და საჭირო საქმეა, მაგრამ უბედურობა ის არის, რომ არც მოწაფეები იქნება კურსებისათვის, არც ბინა, არც სკამები, არც წიგნები და არაფერი _ სულ ყველაფერი განიავებულია, ახალის შეძენა კი ვის შეუძლია! ან ვინ ისურვებს ეხლა დახარჯოს დრო და საშვალება მღვდლობისათვის მოსამზადებლად, როდესაც ყოველი უვიციც კი მიიღებს მღვდლობას თუ კი მოისურვებს. ამას თუ დაუმატებ ჩემდამი საკათ. საბჭოს და კათოლიკოზის კამარილიის მტრულ განწყობილებას, მაშინ ცხადი იქნება, რომ ამ საქმეში ჩამჭრიან, ხელს არ შემიწყობენ… მაგრამ თურმე ტყუილა შემშინებოდა, ვინ გაიმეტებდა ჩემთვის ამ ადგილს. კათოლიკოზმა პირდაპირ მითხრა, „შენზე ისე არიან ალესილნი, რომ ამ ადგილს ვერ გამართავო“… შემდეგ ნიკოლოზის მრევლზე დაუწყე ბაასი, თუ მაძლევთ ბარემ მიბოძეთ, ზამთარი დგება და შევემზადები თქო; ამაზე მიკიბ-მოკიბა ისე, რომ ეტყობოდა, არც ეს ადგილი უნდოდა ჩემთვის; ცხადია კათოლიკოზი ტყვეთა ჰყავთ ექსარხოსების ყოფილ აგენტებს…
მეორე დღით, 5 ნოემბერს, ჩვენს კათოლიკოზს ესტუმრა სადარბაზოდ სომხის კათოლიკოზი, ეს დიდის პომპით მოსულა, ეპისკოპოსებით, დეკანოზებით, ავტომობილებში. კათოლიკოზს დაუხვედრებია თავისი ცინცაძე-თოთიბაძე-ტყემალაძე, მაჭარაშვილი და „ახალი სიტყვის“ ყოფილი რედაქტორი, „ვირგლად“ წოდებული, დეკ. ქრ. ციცქიშვილი, რომელსაც ეხლა კირიონის ზნეობრივი მკვლელები ურბნისის ეპისკოპოზად ამზადებენ… მე არც კი გამიგია სომხის კათოლიკოზის დარბაზობის ამბავი, როდესაც ეს დარბაზობა მორჩენილა, გზაში შემხვდნენ, მაისის გველებივით მისრიალებდენ ცინცაძე-თოთიბაძე, მორცხვად სალამი მომცეს, თითქოს რაღაც დანაშაული ჩაუდენია და სადღაც მიიპარებიან იუდებივით თქო… შეველ საკათ. საბჭოს შენობაში, იქ დამხვდნენ ლაზრიშვილი, მაჭარაშვილი, თვით ციცქიშვილი, რ. ივანიცკი, ლაპარაკობდენ რაღაცაზე; მეც მათთან ვიბაასე ერთ ხანს; შემდეგ, როდესაც სახლში წამოვედი, ვკითხე დეკ. გრ. კიკნაძეს, რომელიც კათოლიკოზის სამწერლოშია დავითაშვილის თანაშემწედ: „ვის აძლევს, მამაო, კათოლიკოზი ვერის სამრევლოს თქო“! _ „მისცა კიდეც დეკ. ქრ. ციცქიშვილს, დროებით, სანამ ეპისკოპოზად აკურთხებენო, კათოლიკოზი თვის თავს როდი ეკუთვნის, ის სხვისი ჭკუით იქცევაო; „Это назначение не похоже на католикоса“, _ მითხრა მან, _ ეს ცინცაძე-თოთიბაძის ოინებია, თოთიბაძე თავისთვის ინახავს მაგ ადგილს, მგონი სამხედრო ტაძარს ართმევენ და შემდეგ წმ. ნიკოლოზში გადმოვაო“…
აქ კომენტარები მეტია… ციცქიშვილი რაღაც ახირებული ადამიანია, სულმდაბალი _ თვალმაქცი და თან თავხედი _ „ვირგლა“! საკვირველია, როგორ თავსდება ერთ პიროვნებაში ამდენი ერთი მეორეს საწინააღმდეგო თვისებები; ჯერ იყო და 1905 წელს, ქართველ სამღვდელოების „სიეზდს“ სათავეში _ თავმჯდომარედ მოექცა; ამ „სიეზდს“ ყაზახ-რუსებმა მათრახებით სცემა, თუმცა თვით ციცქიშვილს, სამწუხაროდ, არც ერთი არ მოხვედრია; სისხლი ადინეს საცოდავ სოფლის სამღვდელოებას და დიაკვნებს, ქალაქის მღვდლებმა გავასწარით ამ აწიოკებას. ამ თაობაზე მე შემხვდა დეპუტაციაში შესვლა და მეთაურობა მეფის მოადგილე გრაფ. ილარიონ ვორონცოვთან, რომელსაც ცხარე პროტესტი გამოუცხადე ასეთი ძალადობისათვის; ასეთ პროტესტით შევედი მისს თანაშემწე სულთან-კრიმ გირეისთან, ქალაქის თვითმართველობაში, ყველგან მე ვმოქმედობდი, ვლაპარაკობდი, ციცქიშვილი იყო ატუზული და კრინტი ხმა არ დაუძრავს არსად, _ იყვნენ ჩვენთან დეკ. დ. ხახუტაშვილი, მღ. ზაქ. გულისაშვილი და მღ. ის. ჩიჯავაძე. ციცქიშვილს კი, როგორც გვემულ კრების თავმჯდომარეს, საზოგადოებაში გაუვარდა ხმა მებრძოლისა; ექსარხოს ალექსიმაც და მისმა მმართველობამაც ძალიან გაილესეს მასზედ კბილი პირველ ხანებში, მაგრამ, ჩვენდა განსაცვიფრებლად, როდესაც ტფილისის თვითმართველობამ ეს „რევოლიუციონერი“ მღვდელი აირჩია თვის (ავლაბარში) გიმნაზიაში სამღვთო სჯულის მასწავლებლად, ექსარხოსმა დაამტკიცა ამ თანამდებობაზე, ამ სახით მღ. ქრ. ციცქიშვილი, უბრალო სემინარიელი, კაცი მშრალი და განუვითარებელი, სოფელ იტრიიდან ქალაქ ტფილისში გადმოცოცდა და ისეთი ადგილი მიიღო მაშინ, რომლის მიღება მე პირადად არ მეღირსა ღვთისმეტყველების კანდიდატს, რომელსაც მხოლოდ სამაღისნო სასწავლებელში მქონდა ოთხი გაკვეთილი კვირაში, საშვალო სასწავლებელში არ შემიშვა სასულიერო მთავრობამ. ცხადია, მღ. ციცქიშვილს პროტექცია გაუწიეს ექსარხოსის წინაშე და განაგრძობდა სამსახურს და ჩინებულ ჯამაგირის მიღებას. მართალია ჯილდოებზე არ არდგენდენ, მაგრამ არც მე მარდგენდენ, ვიყავით ისე ორთავენი თეთრ ჯვრებით, მას „კამილავკა“ მაინც ჰქონდა, მე კი არც კამილავკა მქონდა; ციცქიშვილი, როგორც მღვდელი იყო მიწერილი სიონის ტაძარზე, ვინაიდან მის გიმნაზიას საკუთარი ტაძარი არ ჰქონდა; ასე რომ იყო ის თანამწირველი და თანამშრომელი (უახლოესი) ექსარხოსებისა, სანამ ექსარხოსობა არ მოისპო. აი, ეს ადამიანი გაიჩინა დეკ. თოთიბაძემ, ექსარხოსების ყოფილმა „კლიუჩარმა“ _ ლაქიამ და აგენტმა (იხილე ამისი ტიპი ანასტასია ერისთავის-ხოშტარიასას მოთხრობაში _ „ეკლესიის გარშემო“ _ თოთიბაძის ტიპია მამა „ილარიონი“) თვის ბრმა იარაღად. როდესაც 1916 წელს მე და ანტონ ეპისკოპოსი ვებრძოდით ექსარხოს პლატონს და ავტოკეფალიის ძიებას თავდადებულად ვაწარმოებდით, ეს პატიოსანი გვამნი ცინცაძე-კეკელიძე-თოთიბაძე-ციცქიშვილი-შუბლაძე-ტყემალაძე და მათი ავან-ჩავანნი კეთილსაიმედო პირებად იყვნენ მიღებული და ექსარხოსების ფრთეთა ქვეშე შეფარებულნი. მხოლოდ ერთი ექსარხოსი აღმოჩნდა 1915 წლის განმავლობაში _ პიტირიმი _ რომელმაც ავტოკეფალიას თანაგვიგრძნო (ვინ იცის რამდენად გულწრფელი იყო განსვენებული ჩვენთან) და ანტონ ეპისკოპოსსა და მეც თავაზიანად გვეპყრობოდა; ამ პიტირიმს ერთი წლის განმავლობაში (შემდეგ გადაიყვანეს პეტერბურგის მიტროპოლიტად, აქაც ავტოკეფალისტობდა, ამას ჩააშლევინა ანტონ ეპისკოპოსმა ექსარხოსის პლატონის გამიტროპოლიტება ჩვენში, დეკ. კეკელიძის (ამას რექტორობა უბოძა პლატონმა), ცინცაძე-თოთიბაძის მოხერხებით მოჭახრაკებული და წარდგენილი მეფისნაცვლის დიდ მთავარ ნიკოლოზ _ ნიკოლოზის ძის საშუალებით ხელმწიფესთან; ამ საქმეში ჩარიეს ჩვენი მარშალი კოტე აფხაზიც, ამ საქმეში ერია სერგო გორგაძეც და ბევრნი სხვანი; ვებრძოდით მე და ანტონი და ვერც მიიღო პლატონმა ჩვენში ექსარხოსობა. ამ ბრძოლის დროს ქრ. ციცქიშვილი აბრამის ბატკანივით უმანკოდ დაგოგავდა, არავითარ მონაწილეობას არ ღებულობდა ავტოკეფალიისათვის ბრძოლაში, მოაწყო დიდებული სახლ-კარი სურამში, ვენახი, ბაღი და გამდიდრდა, _ დაქვრივდა და რუსის დედაკაცი გაიჩინა ხასად, ჰყავს დღესაც. 1917 წლის 12 მარტის აქტის საქმეშიც არ მოგვიდგნენ ზემო აღნიშნული ჯგუფის პირნი; ამ აქტის მომქმედთა პატარა ჯგუფში რო არ მოვიწვიეთ ციცქიშვილი, ეს უკანასკნელი დაუძინებელ მტრად გაგვიხდა ანტონ ეპისკოპოსს და მეც…
როდესაც კირიონი გავიდა კათოლიკოზად, ხოლო ლეონიდი დამარცხდა, აი მაშინ წამოყვეს თავი ზემო აღნიშნულთა ექსარხოსთა აგენტების ჯგუფმა, ეს ჯგუფი ემხრობოდა ლეონიდს დავითაშვილის მეთაურობით, დამარცხდენ 1917 წლის 17 სეკტემბერს, როდესაც კირიონმა მხოლოდ 13 ხმით გაასწრო ლეონიდს! დიდი აგიტაცია ჰქონდა მოწყობილი განსვენებულ ლეონიდს, დიდი ფულიც დაეხარჯა ამ საქმეზე, ტყავი გააძრო დ. დავითაშვილმა და შემდეგ ზნეობრივადაც ნამუსი აჰხადა და ფიზიკურადაც დაასამარა _ ხოლერით მოჰკლეს უბედური, მტკვრის მღვრიე წყლით…
დამარცხებულებმა იარაღი როდი დაჰყარეს, კირიონის მოწინააღმდეგენი მოჰყვნენ საკათ. საბჭოში და სიცოცხლე ჩაუმწარეს მხცოვან-ნაწამებ კირიონს (ეს ოცი წლის განმავლობაში რუსეთის სხვა და სხვა ადგილებში ჰყავდა გადასახლებული რუსის სასულიერო მთავრობას და ჟანდარმერიას). კირიონის დასაღუპავად დაარსდა ორგანო „ახალი სიტყვა“, რომლის სულის ჩამდგმელი იყო მღ. ილია შუბლაძე (მეგრელი); ეს მეტად ფლიდი, თვალმაქცი და გულღრძო ადამიანი დახელოვნებული იყო რუსულ-ქართულ წერაში, ერთად ვმუშაობდით რუსულ-ქართულ პრესაში მე და ის, სანამ მაგის ორმაგ ბუნებას გავიგებდი და ჩამოვშორდებოდი. არსად ეს ადამიანი თავის სახელს არ გამოაჩენდა, ყველაფერში ნიღაბ აფარებული მოქმედებდა, იყო დიაკონის ადგილზე ალექსანდრე ნეველის სამრევლოში, რუს მღვდლებ _ რაზუმოვკსი-ლოზოვოისკთან; ესენი წასჩხუბა ერთმანეთს და მთელი კრებული მიფანტეს (ანტონ ეპისკოპოსი იყო გამომძიებლად), _ შუბლაძეც გადაიყვანეს პეტრე-პავლეს სასაფლაოს წინამძღვრად, გადააგდეს თევზი წყალში, მაგრამ თავს მაინც შეურაცხყოფილად სთვლიდა და დაუძინებელ მტრად იყო ანტონ ეპისკოპოსისა, მეც უკვე ჩამოშორებული ვიყავი მასთან და მტრობდა; ციცქიშვილი და ეს შუბლაძე სცხოვრობდენ ერთ სახლში ავლაბარში, ეს ციცქიშვილი შუბლაძე-თოთიბაძემ წამოაყენეს „ახ. სიტყვის“ რედაქტორად, ხოლო ფაქტიური რედაქტორი იყო შუბლაძე, რომელიც შვიდი პსევდონიმით გამოდიოდა: „ახალი“, „ახთეთელი“, „ნაჭყებია“, „ა-ლი“, „ჯაჭვაძე“ და სხვა… საშინელ პასკვილებს ათავსებდა ეს კალამ-ვერანა მღვდელი „ახ. სიტყვაში“ _ ლაფი გადაასხა მხცოვან კათოლიკოზს კირიონს თავზე; მას შველოდა ამ საქმეში დავითაშვილიც, რომელიც ხელმოუწერელ სტატიებით გამოდიოდა; ზოგჯერ ციცქიშვილიც ისროდა წიხლებს; ლეონიდი თანამშრომლობდა პსევდონიმით „ჭინჭარი“, „ბაბასინი“ და სხვა; კეკელიძეც, ივანიცკიც, თვით ამბროსი მიტროპოლიტიც. ლაფი გადაასხა „ჭინჭარმა“ ქუთათელ მიტროპოლიტ ანტონის, რა ცილი არ დასწამეს განსვენებულს; ხოლო როდესაც ანტონმა სამართალში გაიწვია „ჭინჭარი“, ეს უკანასკნელი დაჰფარეს და ციცქიშვილი წამოუყენეს მოპასუხეთ, როგორც რედაქტორი; მაგრამ სამედიატორო სამართალი აღარ დასრულდა, ანტონი, როგორც ზემოდაც აღვნიშნეთ, მოსწამლეს ქუთაისში და თავიდან მოიშორეს, როგორც უძლიერესი კანდიდატი კათოლიკოსობაზე, უფრო ადრე დაიღუპა კირიონი, რომელიც ტყვიით განგმირეს მარტყოფის მონასტერში, „თავი მოიკლაო“, _ დაამოწმებიეს უბადრუკ ექიმ იაშვილს, გვამი არც კი გაუჭირათ ისე… აი, ამ საშინელ ვაკხანალიის დროს ანტონს ჩამოშორდა მისი „მეგობარი“ ამბროსი ჭყონდიდელი, ესეც ძლიერ ბანაკში გადავიდა, პოზიციაზე ყოფნა ამჯობინა ოპოზიციაში დგომას და მოიგო კიდეც, დღეს ეს კათოლიკოზია, ხოლო სხვები დამიწებულნი ან ისევ დევნილი და გამწარებული… აი, აქ აღმოჩნდა ასი წლის მონობის შედეგები _ გათახსირება ქართველ სამღღვდელოებისა და დაცემა ჩვენი ეკლესიისა; აღარ აღმოგვაჩნდა არც ერთი მთლიანი ხასიათის კაცი, ყველანი აღმოვჩნდით მოშხამულნი იმ მონობის და გახრწნილობის ატმოსფეროსაგან… კირიონ-ანტონის დაღუპვის შემდეგ დაიხურა „ორგანო“ „ახალი სიტყვა“ _ „მავრმა ჰქმნა თვისი შავი საქმე და წავიდა“. შუბლაძემ მოათავსა კირიონის წინააღმდეგ შემდეგ სათაურის წერილი: „კათოლიკოზი კირიონი და სიონის წაპილწვა“! ხელს აწერს „ჯაჭვაძე“; კირიონის თანამწირველ მღვდელს პაჩიკოვს (უდინი იყო, კირიონის ნაამხანაგარი სემინარიიდან, ხოლო შემდეგ დაავათმყოფებული) წირვის დროს ტრაპეზთან უკაცრაობა მოუვიდა და ეს კირიონს უკიჟინეს! აი, ამაში სჩანს მთელი ზნეობრივი და გონებრივი სიმდიდრე „ახ. სიტყვის უებრო პუბლიცისტებისა“!.. მეც ბევრი მომხვდა ამ „პუბლიცისტებისაგან“ _ რით და როგორ არ მამცირებდენ, რას არ მაბრალებდენ, მაგრამ ხმა არ გამიღია; „ახ. სიტყვის“ კაზნაჩეი-ხაზინადარი იყო… ან. თოთიბაძე, ყოფილი უნაგირი _ აგენტი ექსარხოსებისა, ამათ კუდს უწევდა გველაძუა ცინცაძე… ამათი იარაღი იყო ლეონიდისაგან გადეკანოზებული ციცქიშვილი (ლეონიდმა გაადეკანოზა შუბლაძეც, გაადეკანოზეს მთელი სამღვდელოება, „მღვდლები“ დღეს იშვიათი საპოვნია საქართველოში!). ციცქიშვილი რევოლიუციის შემდეგ, როდესაც სამღვთო სჯული გაუქმდა, იქვე გიმნაზიაში დარჩა ქართულ ენის მასწავლებლად, ამავე დროს როდესაც თოთიბაძემ მენშევიკ ს. ჯიბლაძის წყალობით სამხედრო ტაძრის წინამძღვრობა ჩაიგდო ხელში, ციცქიშვილი შტატგარეშე მღვდლად ჰყავდა თვის განკარგულებაში; ხოლო როდესაც ბოლშევიკების დროს დეკ. თოთიბაძე გაიქცა ქალაქიდან ბათუმში, ეს ციცქიშვილი ჩასჩარა იმავ საბორში, როგორც ერთი რამ ცარიელ ჭურჭელის თავდასაცავი „პროპკა“; ეხლა კი, როდესაც ბოლშევიკები იმავ თოთიბაძეს ბათუმიდან დაბრუნებულს (დიდძალი ფულით და ნივთებით დაბრუნდა, როდესაც გაიგო, რომ ბოლშევიკები არავის არ ხოცავდენ) ართმევენ სამხედრო ტაძარს (ხმა დადის, კლუბად უნდა გადააქციონო, ჯერ არ არის ეს საქმე დანამდვილებით გამორკვეული, მაგრამ თოთიბაძეს ხელს აღარ აძლევს დღეს ეს ტაძარი, მთავრობა ჯამაგირს აღარ აძლევს, მგალობელთა გუნდი ვერ გაიჩინა, მრევლი და მორწმუნენი ვერ შემოიკრიბა თვისი უნიჭობით და უტვინობით _ ამას „კეკელკა დეკანოზს“ ეძახის საზოგადოება, ეს არასოდეს არ ყოფილა მოძღვარი…).
ეხლა ვერის წმ. ნიკოლოზის მრევლში სურს გადაბარგვა, მაგრამ სანამ სამხედრო ტაძარს არ უზამენ სრულ ლიკვიდაციას, მანამ უხერხულად სთვლის ვერაზე გადასვლას და აი, დროებით, კათოლიკოზ ამბროსის წყალობით, ისევ „პროპკად“ ხმარობენ დეკ. ციცქიშვილს, რომელიც ქართლის საეპარქიო კრებას ამ ერთი თვის წინეთ, ნაცვლად დავით ეპისკოპოსისა, ურბნისის კათედრაზე აარჩევიეს, ბევრი იყო მაგისი მოწინააღმდეგენი, აყვედრეს „კირიონის ზნეობრივი მკვლელობა“, წინეთ ქალაქის სამღვდელოებამ გააგდო ეს ციცქიშვილი თვის კრებიდან ამავე მიზეზით (ლეონიდის დროს, თავმჯდომარეობდა დეკ. ს. შოშიაშვილი), ამ თაობაზე ერთხელ დარდიანად სთქვა დეკ. ცინცაძემ. გვისაყვედურა საოლქო კრებაზე _ „ის კაცი (ციცქიშვილი) ჩვენ დავკარგეთო“, _ ბრძანა მან. ეხლა იპოვნა მამა ცინცაძემ და კომპანიამ „პროპკად“.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)