დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე-მღვდლის დღიური“
გაგრძელება, დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ ##35-41 (2019წ.); #2-6 (2020წ.)
„ქრონიკა+“ აგრძელებს დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის დღიურის გამოქვეყნებას. შეგახსენებთ, რომ „ლიტერატურული მუზეუმის“ მიერ წლების წინათ გამოცემული წიგნი, „მოქალაქე მღდვლის დღიურები“, რიგი გარემოებების გამო, ფაქტობრივად, ფართო მკითხველისთვის ხელმიუწვდომელია. მასალაში, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, ძირითადად, საუბარია საეკლესიო ინტრიგებსა და კულუარებზე. ნიკიტა თალაკვაძის შეფასებებით ეს კულუარები და ფაქტები დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ მძიმე გასააზრებელია და უამრავ „ნაცნობ“ თუ უცნობ მოვლენას, ცნობილ თუ საზოგადოებისთვის უცნობ პერსონას საერთოდ სხვა კუთხით წარმოაჩენს.
შეგახსენებთ, რომ ნიკიტა თალაკვაძე დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი _ კიევის სასულიერო აკადემიაში; 1899-1902წწ. _ მუშაობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად; 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა; მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით, აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული.
ნიკიტა თალაკვაძე იყო ეპისკოპოს კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე. აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალიურ მოძრაობაში. 1912 წელს იგი ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1917 წელს მიენიჭა დეკანოზის წოდება.
1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.
1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი). 1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც.
საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა; 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ _ კულტურის სამინისტროში. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. იგი ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.
(გაგრძელება)
2 მარტს
დღეს გამოსათხოვარი სადილი გაუმართეს სიონის კანდელაკს დეკ. ი. კაპანაძეს, რომელიც ცოლ-შვილით მიემგზავრება ამერიკაში, სადაც ის წინეთ მსახურებდა იქაურ რუსთა ერთ-ერთ სამრევლოში; ის წაიყვანა აქედან სემინარიის ყოფილმა რექტორმა ნიკოლოზმა _ ამერიკის და ალიასკის ეპისკოპოსმა, რომელიც შემდეგ ვარშავის მთავარ-ეპისკოპოსად გარდაიცვალა… სადილზე დეკ. მ. ტყემალაძემ მიგვიპატიჟა თავის სახლში _ თითო თანამეინახეს უნდა წარგვედგინა სადილისათვის 144.000 მანეთი; მეც წარვადგინე; ორი მარტი მოდიოდა დიდ-მარხვის პირველ კვირის ხუთშაბათს. შევიკრიბენით სულ ოცი სული კათოლიკოზიანა, ვიყავით სულ სამღვდელონი. თამადობდა დეკ. ტყემალაძე, _ რომელმაც პირველად ადღეგრძელა კათოლიკოზი, შემდეგ კაპანაძე; ეს დაახასიათა, როგორც კარგი მომზადებული სამღვდელო პირი, აღნიშნა მასთან კეთილი ამხანაგური სამსახური. შემდეგ კათოლიკოზმა შესხმით მიმართა კაპანაძეს. დაიტანჯა ლაპარაკში ბორძიკობდა, აზრთა მიმდინარეობა უბრკოლდებოდა, სიტყვა იყო ნაძალადევი, არაგულწრფელი; შემდეგ ილაპარაკა დეკ. ციცქიშვილმა, მეტად ულაზათოდ, აბდა- უბდათი, თავხედური სითამამით და რაღაც მეტის-მეტი ყოყოჩობით! გვერდით დეკ. ჩიჯავაძე მიჯდა და მიჩურჩულა: „ვინ დაარქვა ამას „ვირგლა“! როგორ ზედგამოჭრილი სახელიაო“… მეც უსურვე კეთილი მგზავრობა დეკ. კაპანაძეს, აღვნიშნე, რომ ჩვენს სამღვდელოებაში ის იყო ძალა და მისი ჩვენი წრიდან გამოთიშვა მეტად საწყენია და დანაკლისი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მამა იასონი დიდხანს ვერ შესძლებს სამშობლოს გარეთ დარჩენას და ის ისევ მალე დაგვიბრუნდება; „შინ რო ბავში სტიროდეს, გარედ ტაბლას რა უნდა“, _ ეს ითქმის ამ შემთხვევაზედაც! შენ ეხლა მიდიხარ ამერიკაში ანუ უკეთ რო ვსთქვათ, ამერიკაში მცხოვრებ რუსებთან, სადაც შენ შეხვდები ჩვენს ყოფილ ნაბატონართ, იქ არიან გარდახვეწილი უკანასკნელი ექსარხოსი _ ჩვენი მტერ-მოყვარე პლატონი და რუსის მღვდლები _ სლიუნინი და მისთანანი ალექსანდრე ნეველის ეკლესიიდან ლტოლვილნი. როს ნახო ისინი უთხარ, რომ რუსული მართლმადიდებლობა გაკოტრდა! მათ მხოლოდ ბატონობის ნიადაგზე სდომებიათ ჩვენთან ურთიერთობა! ისინი სრულებით მოწყვეტილნი ყოფილან ქრისტიანულ ძმურ კავშირსა და ურთიერთობას სხვა ერთმორწმუნე ერთადმი, ამ შემთხვევაში ქართველებთან. რამდენი ნაბიჯი იქმნა 1917 წლის მარტიდან გადადგმული საქართველოს მართლმადიდებელ რუსობასთან ძმურ-ქრისტიანულ კავშირის დასაარსებლად, მაგრამ ყოველთვის ისინი გაურბოდენ და გაურბიან ჩვენთან კეთილ-ურთიერთობის აღდგენას, თითქოს ჩვენ მათთვის რაიმე დაგვეშავებიოს ან წაგვერთმიოს! ჩვენ სინოდმა და ამათაც „სხიზმატიკებ“-მწვალებლებად მოგვნათლეს! ეს იმიტომ, რომ სინოდს ჩამოვშორდით! უგუნურნი! განა შეიძლება დღეს ჩვენი სინოდთან მორჩილება!.. დეე, თვითონ აგონ პასუხი ღვთისა და ისტორიის წინაშე… გადაეცი მათ, რომ ჩვენ მუდამ მზადა ვართ ძმურ კავშირისა და ურთიერთობისათვის; მაგრამ რომ ჩვენი ეკლესია ისევ ემონოს რუსეთისას, ამას ჩვენი ცოცხალი თავით არ ვიზამთ…
შენ რუსებს გარდა გექნება ურთიერთობა თავისუფალ ქვეყნის თავისუფალ მოქალაქე ამერიკელებთან; შენ ბევრი შემთხვევა გექნება, რომ საქართველოს სახელი და ქართველი ერისა ღირსეულად მიაწოდა მათ, ამცნო, რომ ჩვენც ერი ვართ, ძველი _ კულტუროსანი ერი, ჩვენც ქუდი გვხურავს, ჩვენც გვწყურია თავისუფალი მოქალაქობა, შეგვიძლია და ღირსნიც ვართ ასეთ თავისუფლებისა, მაგრამ დაგვძალა ძალ-მომრეობამ, რუსთა ბატონობა ისევ კარს მოგვდგომია ამხანად „კომუნისტურ-სოციალიზმის“ სახით!.. თუ სომხების წარმომადგენლები ამდენს გაჰკივიან თავიანთ ჰაისტანზე, გარეთ გასულ ქართველებსაც გმართებთ დაბეჯითებით ამცნოთ ყველას ჩვენი ბედ-იღბალი, რათა მეტი სიმპატია დავიმსახუროთ ერთა შორის“… და სხვა ასეთები…
თითქმის ყველამ წარმოსთქვა თითო „რეჩი“, ბოლოს დეკ. კ. ცინცაძემაც წარმოსთქვა დიდი „რეჩი“. ცინცაძე და კაპანაძე ვერ სძოვდენ ერთად, ამათ ხშირად მოსდიოდათ ერთმანეთში სასტიკი შეტაკებანი (კაპანაძე იყო ლეონიდის დროს საკათ. საბჭოს წევრი და თან საბჭოს მდივანიც, ხოლო გელათის კრებაზე ცინცაძემ წევრობაზე ხელი შეუშალა, ხოლო მდივნად კი დარჩა. და მუდამ ასე ჩხუბობდენ ერთმანეთში). ეხლა სადილზე ცინცაძემ მოიგონა ეს მათ შორის არსებული ურთი-ერთობა და თითქოს ტირილიც აუვარდა: „შენ ჩემზე რამდენჯერმე საცემრადაც კი იწიე, „ბარანნაია გოლოვაც“ რამდენჯერ მიწოდეო“… (თან ცრემლები ახრჩობდა, ალბად ბრაზებისაგან, რომ ხელიდან უსხლტება მას ეს კაპანაძე…), _ მაგრამ მაინც გაფასებდი, მომზადებული და საჭირო კაცი იყავი… დაბრუნდები სამშობლოში, მაგრამ მე კი აღარ დაგიხვდები ცოცხალიო“ და ისევ… ცრემლები… ნიანგის ცრემლები!.. წავიდა კაპანაძე! მაგიერი ჯერ არსადა სჩანს! ან ვინღა მივა მშიერ და აბუჩად აგდებულ სიონში! დეკ. თოთიბაძე 7 ექსარხოს ემსახურა კანდელაკად, ხოლო ქართველ კათოლიკოსებს კაკალი ამტვრია თავზე, წიხლი ჰკრა სიონს, გავარდა, ცალკე „უწყება“ შექმნა მენშევიკების (ს. ჯიბლაძის) შემწეობით, ხოლო დღეს ყოფილ სამხედრო ტაძარზე ვერის ნიკოლოზიც ზედ გაიკრა და აღარ იცის, რა უყოს ფულებს… ეს თოთიბაძეც ექსარხოსების „უნაგირად“ წოდებული, იყო სადილზე, მაგრამ ხმა-კრინტიც კი არ ამოუღია, იჯდა, სჭამდა და სვამდა… კაპანაძე წავიდა…
18-19 მარტი ახ. სტ.
შაბათს (18) იყო დეკ. ქრ. ციცქიშვილის ეპისკოპოსად სახელ-წოდება, დაიტოვა ისევ თვისი სახელი „ქრისტეფორე“ (და ვირგლაც!). მე არ დავსწრებივარ; ამ დღეს ვერის ნიკოლოზის ეკლესიაში ვიყავი მწირველად, ჩემი მრევლი ექიმი გეგე მაღალაშვილი დავასაფლავე, დიდ-ძალი საზოგადოების თანადასწრებით, წარმოვსთქვი მოძღვრება თანამედროვე ცხოვრება-მოქალაქობაზე. თოთიბაძეც ყურს მიგდებდა, შემდეგ წავიდა „მანგლელის“ სახელწოდებაზე. ამბობენ, ციცქიშვილმა დიდი, პროგრამული სიტყვა წარმოსთქვაო! პიროს ალავერდელი ჩამობრძანებულა თელავიდან; დღეს კი, 19 მარტს, აკურთხეს ციცქიშვილი ეპისკოპოსად. არც დღეს დავსწრებივარ, ქალაქის სამღვდელოებიდან სულ სამი მღვდელი დასწრებია _ თანამწირველებად _ დეკ. დ. ხახუტაშვილი, დეკ. ი. მირიანაშვილი და მ. ტყემალაძე, არქიმ. გერმანე (მარტყოფიდან)… საზოგადოებიდანაც სულ ცოტა, ვინც ყოფილან სულ ბიჭ-ბუჭობა, ინტელიგენციიდან არავინ ყოფილა. კათოლიკოზს კვერთხი რო გადაუცია „მანგლელისა“-თვის, _ უბრძანებია, რომ შენ უნდა განამტკიცო სარწმუნოებაში შოთას სამშობლო _ მესხეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთიო და რაღაც ასეთები. ღმერთმა კეთილი ქმნას.
პოლიტიკურ ცაზე ღრუბლები შავად იგრაგნებიან… დაბეჯითებით გაისმის ხმა, რომ „ანტანტა“ საბრძოლველად იწევს საბჭოთა რუსეთზე… საქართველოში მობილიზაციაა გამოცხადებული 18 წლიდან 40-ცამდე! დარდანელის სრუტე დაკეტილია, ევროპა ბლოკადას უშვება საბჭოთა რუსეთსო: საშინლად ძვირდება პური, შაქარი და ყოველივე სანოვაგე; მოხუცებს ორ-ორი თვის ჯამაგირი მიუღებელი აქვთ; არ არის ფულის ნიშნები! რუსეთის ფულის ნიშნები აღკრძალეს, ქართული კი არა ჰყოფნის! თურმე თორმეტ-თორმეტ ვაგონებით მოგვაყენეს კარზე რუსული ფულები და უნდოდათ საქართველოს მოსვლეპა ამ ფულებით, მაგრამ დროზე შეაჩერეს, ეს კი კარგი საქმე გააკეთეს ქართველმა კომუნისტებმა თუ ბოლომდე მიიყვანეს…
ისევ ციცქიშვილზე
კვირას, 19 მარტს, წირვის შემდეგ, კათოლიკოზის ბინაზე სადილი გაუმართეს „მანგლელ ქრისტეფორეს“! ალბად საკათ. საბჭოს საშვალებათაგან! ყოფილან სამი მღვდელმთავარი: კათოლიკოზი, პიროსი და თვით „მანგლელი“! სამღვდელოთაგან დეკანოზები _ მ. ტყემალაძე, ან. თოთიბაძე (ესეც თანამწირველი ყოფილა _ ცერემონიმეისტერი როგორც „სახელწოდებისა“, ისე „ხიროტონიისა“, _ თვისი იარაღი _ ციცქიშვილი, ეხლა ეპისკოპოსის ხარისხში მოიმარჯვა და დაიმარჯვა!) და დ. ხახუთაშვილი; მირიანაშვილი და არქიმ. გერმანე არ გახადეს ღირსი სადილზე მიწვევისა; მგონი დიდუბელ დეკ. ი. მირიანაშვილთან უკვე უკმაყოფილება უნდა ჰქონდეს კათოლიკოზს… სადილზე თამადობდა დეკ. ან. თოთიბაძე და სულ მთავარ-ხუცესის „ჭკუის სწავლებაში“ იყვნენ ყველანიო, _ გადმომცა თვით მთავარხუცესმა ხახუტაშვილმა; ეტყობათ მთავარხუცესად ან თვით თოთიბაძე სურთ ან, შეიძლება „მანგლელი ქრისტეფორე“, თუ ქალაქში დარჩა; კათოლიკოზს ხახუტაშვილის თავიდან მოშორება სურს, თუ ეს არ დაჰყვა ნებაზე და ხელი არ შეუწყო თბილისის სამღვდელოების დამონავებას და ჩვენი ტაძრების სისტემატიურ ძარცვას. ეხლა ამ ტაძრებზე გაუნაწილებიათ ერთ-დროული თუ ყოველთვიური ხარჯები, ჩემი ტაძარი _ ძველის-ძველი ანჩისხატი, ჯერ კიდევ კანტორა-ექსარხოსების მიერ გაფცქვნილ-გაძარცული, სადაც ინოკენტი ექსარხოსმა სასჯელად (შიმშილით) გადმომაგდო 1912 წლის 20 მაისს _ ეს ტაძარი 1921 წელს გარშემო დაბანაკებულ რუსის წითელ-არმიელებმა მეტად დამიზარალეს, გალავანი სულ ერთიანად დასწვეს, გაქირავებული თავლები მტკვრის-პირად ჩამომართვეს და აიკლეს, ეს ტაძარი ეხლა ხარჯების მხრივ მეორე „კატეგორიაში“ შეურაცხავთ და მომაწერეს ამა წლის „იორდანის“ მოწყობისათვის 1) 236.000 მან. (სულ იორდანეზე დეკ. ლაზრიშვილმა ხუთი მილიონი გვაჩვენა ხარჯი! რაც აღშფოთებას იწვევს ყველაში, ვინაიდან ამის ნახევარიც არა დახარჯულა რა!..), 2) მღ. ჩიქოვანის დახმარება _ (ცოლი გარდაეცვალა) 97.000 მან. 3) მთავარ-ხუცესის კანცელიარიის 24.000 თვეში, 4) სიონის კრებულს 145.000 თვეში, 5) ფონდის შესადგენად (ალბად „მანგლელის“ შესანახად) 48.000 თვეში. _ სულ 550.000 მანეთი! აქედან ყოველთვიურად 217.000 მანეთი! ეს გაფცქვნეს ანჩისხატიდან! ეს არის ამათი სამართალი! ანჩისხატი მიადარე ჩუღურეთის ნიკოლოზს, ავლაბრის წმ. მარინეს და თვით წმ. ბარბარესას _ ნავთლუღში!.. აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკათოლიკოზო საზოგადო ხარჯებისათვის ჩემი ტაძარიც, სანთლის მოსყიდვის დროს, იხდის დადებულ ხარჯს, გირვანქა სანთლის ფასია 100.000 მანეთი და ამ გირვანქის მოსყიდვის დროს საკათოლიკოზოს სასარგებლოდ ერთ ამდენსაც გვახდევინებენ! ამ სამ თვეში სამი მილიონი ფული გვაქვს ანჩისხატიდან გადახდილი „საკათ. საბჭოს საჭიროებათათვის“! რაღა ფონდი უნდა მივსცეთ კიდევ, ვეღარ წარმომიდგენია, ექნება თუ არა საზღვარი მეტად გაღვიძებულ მადას ჩვენ მუქთამჭამელა _ ფუჭ-ფუტკარა კათოლიკოზ-ეპისკოპოსთა?! არ ვიცი! მე და ჩემი დიაკონი კერძო სამსახურში ვართ _ მე გიმნაზიაში, ის ფოსტა-ტელეგრაფში, მაინც დიდ ნაკლულევანებას განვიცდით, ეს ორი თვეა (თებერვალი და მარტი) ჯამაგირი არ მოუციათ, ერთ გირვანქა პურს მაძლევდენ ულუფას და ისიც მომისპეს! ასეთმა მშიერმა კრებულმა სხვას რაღა უნდა მივსცეთ?! ჩვენმა კრებულმა შარშან საზამთრო შეშის სასყიდლად ტაძრიდან მივიღეთ მხოლოდ ასეთი შემწეობა: მე 600.000 მანეთი, ხოლო დიაკონმა 400.000 მანეთი! ჯერ კი არაფერი! კათოლიკოზი კი თვის საჭიროებებზე ხარჯავს რვა მილიონს თვეში და ოთხ ფუთ ფქვილსაც აძლევენ! არ გაგონილა ასეთი უღმერთოება! არც ასეთი თვით-ნებობა და განუკითხაობა! აი, თურმე რა ყოფილა „ქართული მართვა-გამგეობა“?! ამას შევხაროდით ავტოკეფალიაში?!. რომ უზრდელ-უწვრთნელი, კირიონის სისხლში ამოსვრილი, თავხედი დეკ. ციცქიშვილიც კისერზე დამჯდომოდა საკვებად და საფერებლად?! ეს არის დეკ. ციცქიშვილის „ახალ-სიტყვის“ _ „სიმართლე“!.. მეტად ცუდი ხანა დაუდგა უბედურ ჩვენს ეკლესიას _ გურია-სამეგრელოში ჭყონდიდლობს განრღვეული, პსიხოპატი ეპ. დავითი (კაჭახიძე), _ სოხუმში _ თითქმის ასეთივე პიროვნება _ ახალ ნაკურთხი იოანნე მარღიშვილი, ქუთათლობს ექსარხოსების ნაჯაშუშარი _ გარყვნილ-გათახსირებული ნაზარი (ლეჟავა), ალავერდელობს რვა-ფუთიანი, უძირო გოდორი, სვავი _ მუქთახორა პიროსი (ოქროპირიძე), ხოლო „მანგლელობს“თბილისში(!) „ვირგლად“ წოდებული ქრისტეფორე ციცქიშვილი, ხოლო ამათ სათავეში უდგია მეტად მჩატე ბუნების, უხასიათო, უნიჭო და თან მეტად თავმოყვარე და ამპარტავანი კათოლიკოზი ამბროსი (ხელაია), რომელიც გამოდევნილ იქმნა ჯერ გურია-სამეგრელოდან, ხოლო შემდეგ გამოიქცა აფხაზეთიდანაც და სადღაც სამურზაყანოს სოფელში იმალებოდა, როდესაც ის კათოლიკოზის კათედრის მოსაყდრედ „ამოარჩევინეს“ საკათ. საბჭოს დეკ. ცინცაძე-თოთიბაძემ ლეონიდის გარდაცვალების შემდეგ, გარნა 1921 წლის აგვისტოს საეკლესიო კრებაზე _ გელათში გაიყვანეს კათოლიკოზად, 13 ხმით აჯობა ქუთათელ ნაზარს! ასეთი „კოლლეგია“ მართავს ჩვენს ეკლესიას დღევანდელ საპასუხისმგებლო მომენტში!..
21 მარტს შემდეგ სურათს წავაწყდი: ვერის ნიკოლოზში ვიღაც მიცვალებულს მიასვენებდენ, პროცესიას წინ-უძღოდა დეკ. ან. თოთიბაძე, ვ. მატათაშვილი და „მანგლელი ქრისტეფორე“ _ ეპისკოპოსი! რაღაც ერთი უშნოდ აწოწილი, მიტრით და კვერთხით ხელში! დახე-დახე! გაისმოდა ხალხში. დეკ. თოთიბაძე ახალ ეპისკოპოსზეც კი „სპეკულაციას“ აწყობსო! ეხლა „მოდაში და მსვლელობაში“ შეიყვანს მიცვალებულებზე და მეტ „ქანქარას“ ჩაიჩხრიალებენო!.. არა, სანამ უნდა იცუღლუტოთ მღვდლებმაო, მომმართა ერთმა ნაცნობმა ინტელიგენტმა, რომელიც ჩემს გვერდით იდგა ქუჩაზე და უცქეროდით ამ სურათს! „მანგლელს“ ჯერ არ უჭირავს, მაგისი ლოცვა-კურთხევა არ მიგვიღია და ეხლავე მიცვალებულზე გამოყვანა _ ეს მეტის-მეტი უხერხულიაო! ამას გარდა ეს ახალ-ნაკურთხი „მანგლელი“ შემოდის უნივერსიტეტის შენობაში, თითქოს ისევ „სტუდენტობას“ განაგრძობს! არც ჯვარი ჰკიდია გულზე, არც პანაგია, არც თავზე ჰხურავს შესაფერი სახურავი, რაღაც მიბრანძულ-მობრანძულად დაყიალობს, ამდენ მილიონებს ჰკრეფენ ვერის სასაფლაოზე და არა გრცხვენიათ მაინც, ასე უბედურად რო დადისო?! ჩვენ აღშფოთებული ვართ ასეთ უსაქციელობით, გვინდა კათოლიკოზს პროტესტი გამოუცხადოთ ამ თაობაზეო! შემოდის სტუდენტობაში, იღრიჯება უშნოთ, ლაზღანდარობს, გარს ახვევია კურსისტკა-გოგოები და რა უწმაწურობას არ სჩადიან „მანგლელის“ გარშემოო. ასეთი ქცევით სულ ერთიანად დასცემთ თქვენს პრესტიჟსაო“… ამ ლაპარაკზე შემოგვესწრო კიდევ რამოდენიმე ინტელიგენტი, ამათაც იგივე საყვედური გამოსთქვეს და თან დაუმატეს: „რუსეთში ცნობილი იყო ჯაშუში _ „აზეფი“, ტომით ურია, რომელიც რევოლიუციონერების ბელადად ითვლებოდა და იმავ დროს მთავრობის აგენტადაც ყოფილა, ამას პროვოკატორს ეძახიან რუსეთშიო; ასეთი იყო მღვდელი გაპონიც… ბევრი სხვა პროვოკატორ-ჯაშუშები იყვნენ რუსეთში და ჩვენშიც, ყველა ესენი ჩავარდნენ, მათ პირ-ბადე აჰხადეს, დაიღუპნენ, მიიღეს სასჯელი. მაგრამ საქართველოს სამღვდელოების „აზეფები“ _ დეკანოზები თოთიბაძე-შუბლაძე-ციცქიშვილი-ცინცაძე-მირიანაშვილი-ნაზარი, ბატონი დ. დავითაშვილი (მდივანი ეპ. კანცელიარიისა) დღესაც განაგრძობენ პარპაშობას, პირიქით თავზე გამოგვასხდნენ საზოგადოებას და თვალში ნაცარს გვაყრიან, ატყუებენ საზოგადოებას, ყვლეფენ ქრთამებით თუ „კანონიერ“ გადასახადებით სხვა და სხვა რელიგიურ წესების შესრულებაზე! მთავრობამ სასაფლაო ადგილები „უფასოდ“ გამოაცხადა, აღკრძალა საფლავების გაყიდვა, მიუხედავად ამისა დეკ. თოთიბაძე, თვისი „მანგლელით“, თითო საფლავის ადგილში (2X2 ორმო) ახდევინებს ამ ბრმა ხალხს თითო მილიონს! ხალხიც აძლევს! არც ნებართვას ღებულობენ სადმე და არც კვიტანციებს იძლევიან აღებულ ფულებში _ ალბად ეშინიათ რაიმე კვალი დასტოვონ „დოკუმენტით“, რომ ისინი ჰყიდიან ადგილებს; მთავრობამ რო პასუხი მოსთხოვოს, ესენი უპასუხებენ: „ჩვენ არ ვყიდით საფლავს, და თუ ხალხი თავისით რაიმეს გვაჩუქებს, ამაზე ვის რა ხელი აქვსთო“! აი, ასეთი „შაიკაა“ დღეს შედგენილი ვერის ნიკოლოზზე, წმ. ნინოზე, დიდუბეზე და პეტრე-პავლეზე! ამ (ბრბო) „შაიკას“ სანქციას აძლევს თქვენი კათოლიკოზი, რომელსაც წილს უდებენ საფლავების შემოსავლიდან! ეს საკადრისია, ეს არის თქვენი სულიერი დამწყსვა ერისა?! რატომ არა გრცხვენიათ?! სანამ კომუნისტები ხელს არ გტაცებენ, საქვეყნოდ არ გაგხდიან და თავლაფს არ დაგასხამენ, მანამ რატომ არ მოაწესრიგებთ თქვენს საქმეებს, რომ სასირცხოთ არ გაგვიხდეთ და საქვეყნოდ თავი არ მოგვეჭრასო“… დაასრულეს ჩემმა მობაასეებმა თავიანთი გაალმასებული მხილებანი! ამაზე მოკლეთ მიუგე: „თქვე დალოცვილებო! ქუჩაზე რო მელაპარაკები და თავლაფს მასხამთ, მობრძანდით ჩვენს სამრევლოებში, მიიღეთ მრევლის ცხოვრებაში მონაწილეობა, შემობრძანდით სამრევლო საბჭოში, იქიდან დაგვესწარით საოლქო კრებებზე, და ამ კრებებზე აღიმაღლეთ ხმა, გვამხილეთ ჩვენი შეცდომანი ან ბოროტ-მოქმედებანი და ვინც სამხილებელია ვამხილოთ, ვინც ასალაგმავია ავლაგმოთ და ვინც განსადევნია და „აზეფობს“ განვდევნოთ საერთო ნების-ყოფით და ღონისძიებით! ეკლესიას მღვდლები და დიაკვნები როდი შეადგენენ, ეკლესია არის მორწმუნე ერი თვისი სამღვდელოებით, ეს ერის მსახურია ხოლმე და ნუ გააბატონებთ, ეს თქვენ ხელთ არის, თქვენ განიდან გვიცქერით, ზეიმობთ და მაგრე საქმე, რასაკვირველია, არ გაკეთდება, პირიქით, უფრო აირ-დაირევა; აირია კიდეც, და ისინი, ვისზედაც თქვენ ეხლა სჩიოდით, უფრო თავისუფლად იქნებიან. სამრევლო საბჭოებში ისეთ პირებს ირჩევენ მღვდლები და ეს „ოსტატი“ პირები, რომელნიც მათ დუდუკზე ითამაშებენ; თვით არ არსებობენ სამრევლო საბჭოები და რომელნიც არსებობენ, ესენიც არიან უღონო, ულაზათო, უუფლებო, მღვდლები ისე ატრიალებენ, როგორც სურთ თქო“… „ხო, ჩვენ ისიც ვიცით, _ მიპასუხეს მათ, _ თუ ცნობილი დ. დავითაშვილი როგორ მაიმუნივით ათამაშებს თქვენს კათოლიკოზსაო“!.. აქ მხრები ავიშმუშნე და მოვშორდი მათ, ის კი უთხარი, რომ _ „ეს არ არის პასუხი ჩემს წინადადებაზე თქო“…
დიდი მითქმა-მოთქმაა იმ თაობაზედ, რომ ციცქიშვილი ეპისკოპოსად აკურთხეს სიონის ტაძარში და არა მცხეთის სვეტი-ცხოველში, როგორც ამას მოითხოვს ივერიის ეკლესიის ჩვეულება; დადგენილია ამ ეკლესიის კანონით, რათა ყოველი ქართველი ეპისკოპოსი ხელდაისხმებოდეს უსათუოდ მცხეთის სვეტი-ცხოველში, ვინც აქ არ იქმნეს ხელ-დასხმული, ის „განიკვეთოსო“! ეს წესი შესცვალეს რუსების ექსარხოსებმა, რომელნიც ჩვენს ეპისკოპოსებს ზოგს სიონის ტაძარში აკურთხებდენ, ზოგსაც პეტერბურგში (მაგალითად, პეტერბურგში გაიწვიეს საკურთხად ინოკენტი ექსარხოსის დროს _ აწ განსვენებული ქუთათელი ანტონი, იქვე გაიწვიეს პიტირიმის დროს აწინდელი პიროს ალავერდელი…); ეხლა კი „სიძვირისა გამო“, „მანგლელი-ქრისტეფორე“ სიონში აკურთხეს!.. ეს ცუდი ნიშანიაო, _ ოხუნჯობენ ზოგნი, _ ბოლომდე ვერ გასტანს, თვის თავხედობა-ვირგლობას არ დაიშლის და მართლაც განიკვეთებაო, _ ეს რა საეპისკოპოსო კაციაო“!.. სხვა რაიმეზე ხარჯს არ ერიდება საკათოლიკოზო საბჭო და რაღა ეპისკოპოსის კურთხევაზე მოერიდნენო“…
ახალი ხარჯები საკათ. საბჭოში
ჩვენი ეკლესია ჯერ კიდევ მენშევიკებმა გამოჰყვეს სახელმწიფოდან, მოუსპეს მას ხაზინიდან ყოველივე სახსარი; ეს კანონი უკვე მიღებულ იქმნა დამფუძნებელ კრებაში, როდესაც უკანასკნელმა ბათუმში გაქცევის წინა-დღით (მგონი 22-23 თებერვალს 1921 წ.) მიიღო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის კონსტიტუცია… კომუნისტებმა ეს კანონი უფრო გააღრმავეს, ამათ აღკრძალეს არამც თუ ხაზინიდან რაიმეს მიცემა ეკლესიის შესანახად, არამედ აღუკრძალეს ქალაქის თვითმმართველობებს, თემებს და საზოგადოებრივ დაწესებულებებს რაიმე საშვალების გაღება ეკლესიის სასარგებლოდ; სამღვდელოება გამოდევნილ იქმნა სკოლებიდან და სახელმწიფო საზოგადოებრივ დაწესებულებებიდან (ცოტაოდენ გამოკლებებით, შიგა და შიგ ზოგიერთ დაწესებულებებში კიდევ არიან რამდენიმე სამღვდელო პირები, რომელიც სჭირდებათ, ამიტომ „დროებით“ ურიგდებიან ამ „ბოროტებას“…). ასეთ მოვლენის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ჩვენი ცენტრალური-ეკლესიური დაწესებულებანი _ საკათ. საბჭო, მისი კანცელიარია და სამეურნეო გამგეობა, კათოლიკოზი თვისი სასახლით, კანცელიარიით და ეპარქიის ეპისკოპოსნი თავიანთი კათედრა-კანცელარიებით, მოეწყობოდენ რაც შეიძლება „ეკონომიურად“, რათა მძიმე ტვირთად არ დასწოლოდნენ თვის სამწყსოს და სამღვდელოებას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ამათ ყველას ეხლა უფრო მეტი მადა გაეხსნათ, შექმნეს საარაკო სპეკულიაცია სანთლის ყიდვა-გაყიდვაზე და აქედან შემოსული ფული სულ თავიანთ განკარგულებაში აქვთ. დღეს ფუთი სანთელი იყიდება ჩვენი საკათ. საბჭოს სამეურნეო გამგეობისაგან რვა მილიონად, ხოლო ეკლესიებმა უნდა გაჰყიდონ სამჯელ მეტად! ეს საზღაპრო ფასები გამოდის, წინანდელი კაპეიკიანი სანთელი დღეს იყიდება ორას თუმნად (2000 მ.), ორ კაპეიკიანი 5000 მ., სამ კაპეიკიანი 10.000 მან., შაურიანი 20.000 მანეთად და ასე. ამ სახით საკათ. საბჭო ტყავს აძრობს სამრევლო ტაძრებს _ გირვანქა სანთლის ფასია 100.000 მანეთი, ხოლო „საკათოლიკოზო საბჭოს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად“ ამ ერთი გირვანქის სყიდვის დროს გვახდევინებენ კიდევ 100.000 მანეთს! და რომ მღვდლებმაც, თვისი ტაძრებით, ეს ფულიც აანაზღაურონ და თვითონაც იარსებონ, მათ ეძლევათ საკათ. საბჭოს მიერ თავის მხრივ სამ-კეცი ტყავი ააძროს მორწმუნე ერს, რომელიც დღეს დადის კიდევ ტაძრებში და აღასრულებს ქრისტიანულ წესებს. ამიტომ სანთელი ცოტა იყიდება, ეცემა სანთლის ოპერაცია, ცხოვრება კი ძვირდება. საკათ. საბჭომ ვითომ შექმნა სანთლის ოპერაციისაგან შემოსავალთა გაერთიანება _ ანუ, როგორც თვითონ უწოდებენ, „ცენტრალიზაცია“! ერთი სახელოსნო მუშაობს ქუთაისში, მეორე თბილისში! მაგრამ ამათი ოპერაცია ვერ აკმაყოფილებს მადაგახსნილ ჩვენს დაწესებულებებს და მღვდელმთავრებს! ამათ სურთ სახელმწიფოს გარეშე ისე იცხოვრონ, ვითომც ბუზიც არ აჰფრენოდესთ, იცხოვრონ უფრო უზრუნველყოფილად, ვინემ სცხოვრობენ სახელმწიფო დაწესებულებებში! და მართლაც სასულიერო დაწესებულებებში უკეთ სცხოვრობენ, ვინემ სახელმწიფო მოხელეობაში. ამას წინეთ გადავათვალიერე გაერთიანებულ მართვა-გამგეობის ხარჯთაღრიცხვა, რომელიც ეხლა შეუდგენია დირექტორ _ დეკ. დ. ლაზრიშვილს; ყოველთვიური ხარჯი უდრის 40 მილიონ მანეთს, როდესაც შემოსავალი ცოტათი აღემატება ამის ნახევარს! ამ ხარჯში არ შედის „სამოძღვრო კურსების“ შენახვა, რომლის ბიუჯეტი ჯერ არ ვიცი, რა ციფრებში გამოიხატება! და არც იქნება საშუალება ამ კურსების შესანახი! ერთადერთ საიმედო წყაროთ ამ კურსების შესანახად მე ნაგულისხმევი მქონდა სანთლის ოპერაციიდან შემოსული საშუალებანი, რომელიც წინეთაც ჩვენს სამღვდელოებას საგანმანათლებლო საჭიროებაზე ჰქონდა გადადებული, მაგრამ ეს საშვალება ჩანსთქა დღეს სასულიერო ბიუროკრატიამ! ამ საშვალებებითაც არ კმაყოფილდებიან, ვერ „სწვდიან ფეხებს ისე, რომ საბანი გაუწვდეთ“, ამიტომ საკათოლიკოზო საბჭოს ისევ თავიანთ წრიდან ამოურჩევია დღეს კომისია, რომელმაც უნდა აღმოაჩინოს ახალი საშუალებანი საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად. როგორც გადმომცეს, ამ კომისიამ ეხლა მღვდლების ჯიბეში უნდა ჩაიხედოს, მღვდლების შემოსავალზე ბეგარა უნდა დაადონ, ნათლობა-ქორწინება-დასაფლავებაზე, ეს „საბერძნეთის ეკლესიაშიც ასე არისო“, _ ბრძანებენ „არაბრძენნი“ ჩვენნი მესვეურნი! ვნახოთ რას იპოვნის ეს „კომისია“!.. ახალ ხარჯთ აღრიცხვიდან მახსოვს შემდეგი ციფრები: კათოლიკოზი იღებს თვიურად ოთხ მილიონ მანეთს, გარდა ბინისა, განათებისა, მოსამსახურისა, შეშისა და წყლისა; ამას გარდა თვიურად ოთხ ფუთ პურის ფქვილს! დღეს ფუთი ფქვილი ფასობს 1.200.000 მანეთი!.. მასვე შეუკერეს ანაფორები, საცვლები, წაღები, უყიდეს მეწველი ძროხა! კათოლიკოზი არჩენს თავის ქალს (ქმარ გაგდებულს) და შვილიშვილს, ნათესაობას და სხვებსა… ასე მძიმე ტვირთად დაგვაწვა მათი „უწმინდესობა“, რომელიც მეტად ანგარების მიმყოლი ბრძანდება…
საკათ. საბჭოს ექვს წევრს გაუხადეს ეხლა თვიური ჯამაგირი 540.000 მანეთი და თითო ფუთი ფქვილი! კვირაში ხან ერთხელ იკრიფებიან, ხან ორხელ _ ერთი საათით ხან ორით, ლაყბობენ და მიდი-მოდიან. მაგათი გაკეთებული და გარიგებული საქმე ეკლესიისა და სამღვდელოების მოსაწყობად ჯერ არა გვსმენია რა! ჯამაგირს და ულუფას იღებს თვით ნადეკანოზარი კორნელი კეკელიძე, რომელიც თვეში ერთხელ თუ მივა ფულის მისაღებად და ხელის მოსაწერად. ეხლა ეს ერთი თვეც კომუნისტურმა მთავრობამ დააპატიმრა საკათ. საბჭოს წევრი რაფიელ ივანიცკი (ინგილო), როგორც ნაციონალ დემოკრატიის პარტიის წევრი, ამ პარტიას ბრალს სდებენ მენშევიკებთან და ფედერალისტებთან ერთად შეთქმულობას კომუნისტების საწინააღმდეგოდ. ამ ნიადაგზე ბევრი სხედან დღესაც მეტეხის ციხეში, გასჩხრიკეს და ჩასვეს რაფიელ ივანიცკიც, რომელსაც ბინა მისცეს საკათ. საბჭოს დარბაზში ხუთი ოთახი. აი ამ ივანიცკისთვის დაუნიშნიათ საკათ. საბჭოს დახმარება დღიურად 80.000 მანეთი! რამდენად ეს კეთილ-გონიერი მოქმედებაა ან რა ხიფათში აგდებენ ჩვენი მესვეურნი ეკლესიას და სამღვდელოებას, ეს ადვილი წარმოსადგენია. ერთი რომ კომუნისტების აგენტებმა ჩამოიხედონ საკათ. საბჭოს დავთრებში, ჩვენს ციფრებს თვალი გადაავლონ, საქვეყნოდ გაგვხდიან და თავდაღმა დაგვამხობენ…
26 მარტი 1922 წ.
ათასგვარ ხმებს ევროპის სახელმწიფოების საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ გამოლაშქრებაზე საზღვარი არა აქვს. ქვეყანა ისეა შებოჭილი „დიქტატურით“, რომ ნამდვილი ამბავი თუ რა ხდება დღეს ან ევროპაში, ან რუსეთში, ან თვით დასავლეთ საქართველოში თუ სომხეთ-ადერბაიჯანში, არავინ იცის. განგებ ავრცელებენ ყალბ ხმებს ერთი მხარეც და მეორეც! ასეთი სიცრუის და სიყალბის ხანა არა მგონია რო კაცობრიობას ახსოვდეს! დიდი ზნეობრივი გათახსირებაა!.. ვხედავთ მხოლოდ შემდეგ მოვლენას: გაწვრთნილი „კურსანტების“ [(ესენი იწვრთნებიან დღეს ვაჟთა პირველ გიმნაზიის შენობაში, სადაც გიმნაზისტებს მხოლოდ საღამოობით უშვებენ სამეცადინოდ, ვინაიდან საღამოობით ხშირად ელექტრონის შუქი არ არის ხოლმე, ამიტომ მოწაფეებს ხან ორი გაკვეთილი აქვთ, ხან სამი, ამათ სწავლაც ნოემბერში დაიწყეს, იღუპება ამოდენა ახალგაზრდობა, გვრჩება ესენი უსწავლელ-უწვრთნელი, მათ ნაცვლად იწვრთნებიან კომუნისტურად ახალგაზრდა წითელ-არმიელი რუსის ჯარისკაცობა და შიგადაშიგ ჩვენი ქართველობაც; ამ ძველის-ძველ თბილისის საერო სასწავლებლის შენობაზე საღამოობით კაშკაშებენ კომუნისტების ემბლემა ელექტრონის „ვარსკვლავები“! „ჩვენმა ვარსკვლავმა ჩააქრო, დაშრიტა ბეთლემის ვარსკვლავიო“, _ სწერდენ წელს საშობაო მოწინავე სტატიაში კომუნისტურ გაზეთ „პრავდა გრუზიაში“ (_ ესეც „პრავდა“!..)]. ჯარი იგზავნებიან დასავლეთ საქართველოში, _ ბათუმ-სოჭისაკენ; აქ თითქოს მოელიან ევროპიელთა ჯარის გადმოსხმას ანუ „დესსანტს“; ზოგიც ამბობენ, რომ ომიანობის დროს ევროპაში დარჩენილი დიდ-ძალი ქართველი ჯარისკაცობა შეუკრებიათ, მოუმზადებიათ, გემებზე დაუსხამთ და გენერალ კვინიტაძის წინამძღოლობით ჩვენსკენ ისტუმრებენო, ტრაპეზუნდის ნაპირზე გადმოსხდებიან, შემოუვლიან და ახალ-ციხე-ახალ-ქალაქის თუ ყარსის მხრივ საქართველოს მოადგებიან _ თბილისსაო! თან დასავლეთიდან მოდის ხმა, რომ სვანეთში აჯანყებაა, კავკასიონის ქედიდან ყუბანის ყაძახობაა შემოსული და ესენი სვანებთან ერთად უტევენ კომუნისტებსაო; ლეჩხუმიც აჯანყებულია, მოდიან სვანები, რაჭაში ჭრებალო უკვე აიღესო! ზოგმა ისიც სთქვა, ქუთაისზე უკვე ახლოს არიან, საცაა აიღებენ, თუ უკვე აღებული არ არისო! ამასთანავე მოგვითხრობენ, რომ თითქოს აჭარაც აჯანყების ცეცხლში იყოს გახვეული, იქ წითელმა არმიამ ექვსი სოფელი გაანადგურა კიდეცა; აჭარას ცეცხლს ურთავს ანგორის მეთაური ქემალ-ფაშა, _ საცაა ანგორა _ ოსმალეთი ომს გამოუცხადებს საბჭოთა რუსეთსაო. ამასთანავე ვკითხულობთ თვით კომუნისტურ გაზეთებში, რომ ფინლიადიაში, პოლონეთში, ბალტიის მხარეზე, რუმინეთის საზღვარზე გამწვავებულია მდგომარეობაო; თვით კომუნისტურ წრეებშიაც მღელვარებაა, ნერვიულად არიან განწყობილნი. გურიაშიაც მღელვარებაა, გურიაში ვერ მოიკიდა ფეხი კომუნიზმმა… ასეთი ხმებია. მაგრამ ყოველივე ამაში ის უფრო ნამდვილი უნდა იყოს, რომ სვანეთში, აჭარაში და გურიაშიც ხალხმა ვეღარ მოითმინა ამდენი უბედურება და აჯანყებას აწყობენ; ამავე დროს სდუმს კახეთი, ქართლიც… როდის ყოფილა ჩვენში შეთანხმებული გამოსვლა, რომ დღეს მოხდეს; 1812-13 წლებში კახეთის აჯანყება როგორ გასრისეს რუსებმა ჩვენი თავადიშვილების კარის-კაცობით, როგორ გასრისეს მთიულეთი 1804 წელს! სად იყო მაშინ შეთანხმება, სდუმდა იმერეთი, ის თავის წვენში იხრაკებოდა, ხოლო აღმოსავლეთი საქართველო თავისაში. დღესაც იგივე სურათია და მეტად დამღუპველ-გამანადგურებელი მოვლენა! _ ასეთ კერძო გამოსვლებს, რასაკვირველია, გაწვრთნილი, ღონიერი წითელი არმია ბოლს აადენს ზურგზე და „უძლეველობის“ დაფნის გვირგვინით შეიმკობიან; ხოლო ყოველივე ამაში ხელს უწყობენ და კარის-კაცობას უწევენ ქართველი კომუნისტები! ვინ არ იტყვის, რომ „ისტორია მეორდებაო“! მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს რუსების ბატონობის დამკვიდრებას საქართველოში ხელს უწყობდენ ჩვენი ბრწყინვალე წოდება (ორბელიან-ჩერქეზიან-ვაჩნაძე-ყაზბეგ-მაღალაშვილები და მათნი მსგავსნი), რომელსაც არ ჩამორჩა არც ჩვენი სასულიერო მთავრობა (ექსარხოსი ვარლამ ერისთვისშვილი, თვის ელევთერ არქიმანდრიტით (ზუკაკიშვილი); ესენი წვერ-ულვაშს აგლეჯდენ ხალხის მეგობარ მღვდელ-დიაკვნებს; ხოლო ციმბირში გადასახლებისაგან ამ უბედურთ შეეძლოთ თავის ხსნა თუ ექსარხოს ვარლამს ას თუმან ქრთამს მისცემდენ… დღეს იმავ რუსთა ბატონობის აღდგენას იმავ საქართველოში ხელს უწყობენ ქართველი კომუნისტები, _ ეს ახალი დროის ჩვენი არისტოკრატები! ჩვენ რო ნაკლულევანებას განვიცდით ცხოვრებაში, სასმელ-საჭმელში და ტანთ-საცმელში, ეს „ჩვენი ძმები“ „ოტვეტსტვენნი პაიოკებს“ იღებენ, ცხოვრობენ სრულს კმაყოფილებაში და ფუფუნებაში! ტყუილად კი არ არის ნათქვამი: „მრწამსი და მიწყალე ჭამისთვის ვისწავლეო“! ეს პრინციპია დღესაც გამეფებული, როგორც ჩვენ ავტოკეფალურ ეკლესიის სამღვდელოებაში, ისე თვით „კომუნისტებშიც“ _ „კომუნიზმიც“ ჭამისთვის „ისწავლეს“ ჩვენებმა, რათა სხვისი ნამუშევარით თვითონ ისიამოვნონ! მაგრამ დიდ-ხანს კი გაჰყვებათ ეს სხვისა ნაოფლარი?! რა უგუნურებაა!.. თითქოს ეშურებიან „ჩვენი კომუნისტებიც“ და ჩვენი კათოლიკოზ-ცინცაძე-თოთიბაძე-მირიანაშვილი-შუბლაძე _ სასაფლაოების ხუცები შესჭამონ, გაანიავონ და ყველაფერი თავიანთ მუცელში მოაქციონ! ვერ გასძღენ კიდევ! დღეში ოთხ-ოთხი, ზოგჯერ მეტი მიცვალებულნი ჰყავთ ეკლესიებში, ყვლეფენ ხალხს, მეტად სიხარბეს იჩენენ, ერთმანეთს ხელიდან ლუკმას სტაცებენ. ასეთ ვითარებაშია _ წმ. ნიკოლოზის ტაძარი-სასაფლაოთი, წმ. ნინოს სასაფლაო (აქ არის წინამძღვრად ჩვენი მთავარხუცესი დეკ. დ. ხახუტაშვილი და მასთან სამი კიდევ სხვა მღვდელი, ერთი აკადემიელია გ. გამრეკელი! ესენი კოლიოს სტაცებენ ერთმანეთს, ხელით გადააქთ თებშებზე, იტაცებენ საზედაშე ღვინოს და პურს!..), პეტრე-პავლეს სასაფლაო (აქ დეკ. შუბლაძეა…), დიდუბე-ქვაშვეთი, წმ. ბარბალე ნავთლუღში… სხვა ტაძრების მღვდლები ვართ მშიერნი, ნაკლულევანნი. არავინ არ ჰფიქრობს უსამართლოების წინააღმდეგ შებრძოლებას. კათოლიკოზი ხშირად ამათთან პურ-მარილობს; თვითონ კმაყოფილი და „მაძღარი მშიერისას აბა რას გაიგებს“?..
მოსალოდნელია ამ მოკლე დროში ჩვენი ეკლესიებიდან ოქროულ-ვერცხლეულ სამკაულების გატანა კომუნისტურ მთავრობის მიერ. გაზეთებში სწერენ, რომ რუსეთის ეკლესიებიდან უკვე გაიტანეს ასეთი სამკაულები „დამშეულთა დასახმარებლადო“! „საქართველოშიც შიმშილობააო“, _ სწერენ იგივე გაზეთები, აქაც აგროვებენ ფულით შემოწირულებას, ხოლო შემდეგ ალბად ეკლესიებიდანაც გაიტანებენ თუ რაიმე კიდევ დარჩა მათში გაუქურდავ-მიუთვისებელი თვით… მღვდლებისაგან!.. საშინელებაა!..
28 მარტი
დღეს დავასაფლავეთ ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი; ის იყო გურიიდან, დაასრულა პეტერბურგის სასულიერო აკადემია 1895 წელს. მსახურობდა თბ. სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ, შემდეგ ზედამხედველის თანაშემწედ იმსახურა თელავის სასულიერო სემინარიაში, ხოლო 1918 წლიდან გადმოიყვანეს თბ. სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად, დეკ. კ. კეკელიძის „რექტორობის“ ქვეშე. ამ „ადმინისტრატორთა“ ხელში დალია სული 1919 წელში ჩვენმა თბ. სასულიერო სემინარიამ, რომელიც ჩვენ 1917 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში „ქართულ სემინარიად“ ვაღიარეთ, მაგრამ ურწმუნო-უსულ-გულო „რექტორმა“ დეკ. კეკელიძემ მისმა „თანამშრომლებმა“ ნივთიერადაც გაჰქურდეს ეს მდიდარი სასწავლებელი და ზნეობრივადაც, წაიღ-წამოიღეს მდიდარი მორთულობა-ავეჯეულობა მისი, ხოლო სწავლის და აღზრდის ქართულ ნიადაგზე დაყენებისა და აღორძინებისათვის არავის თავი არ აუტკივებია; მაგალითად, დეკ. კეკელიძემ ორი ათას მანეთად შეისყიდა საკათოლიკოზო საბჭოსგან რექტორის ბინის მდიდარი მორთულობა, რომელიც მე 1919 წელში ინგლისელების ავტომობილებით გადმოვზიდე ვაკედან საკათ. საბჭოს დარბაზში! ნიკიფორე მამინაიშვილმა წაიღო ორი წყება მდიდარ ავეჯეულობისა, სულ ოცდაათი თავი, _ ფასდაუდებელი, აგრეთვე იპ. ვართაგავამ, ვ. ბარნოვმა და ვინ იცის სხვებმა კიდევ რამდენი…
ამ ბოლო დროს ნიკიფ. მამინაიშვილი იყო გამგე ერთ-ერთ „შრომის სკოლისა“ თბილისში, ყოფილ დედათა ინსტიტუტის შენობაში; გარდაიცვალა ფილტვების ანთებით… გამოვასვენეთ ქვაშვეთის ტაძარში, სკოლის ეზოში ნიკო თავდგირიძემ სიტყვა წარმოსთქვა მიცვალებულის კუბოზე, დაახასიათა ისიც და თანამედროვე უმწეო მდგომარეობა მასწავლებლისა; საკმაო საყვედურები წარმოსთქვა ეხლანდელ ხელისუფლებაზედაც… ქვაშვეთში დაგვიხვდა კათოლიკოზი ამბროსი, მანტიაში იყო შემოსილი, და როდესაც საკურთხეველში შევედით (იყვნენ დეკ. კ. ცინცაძე, თოთიბაძე, გ. გამრეკელი და მე), კათოლიკოზმა ბრძანა: „აბა მე რა უნდა წარმოვსთქვა ეხლა, სიტყვა გურულებმა უნდა წარმოსთქვათო, _ იოხუნჯა თითქოს! ამაზე ცინცაძემ შენიშნა, _ „გურულმა უკვე წარმოსთქვა სიტყვა“, _ ეხლა ჯერი მეგრელებზეა თქო, _ დაუმატე მე, _ „მეგრელმა რა უნდა სთქვას, როდესაც მეგრელები სულყველანი ბოლშევიკობენო“, _ შენიშნა თოთიბაძემ…
დავიწყეთ ანდერძი, ანდერძის წინ კათოლიკოზმა წარმოსთქვა მეტად უშინაარსო, უფერული სიტყვა, გააჭიანურა, ხალხს ჩამოეძინა, ჭირისუფალს გული მისდიოდა… „შენ პირველ საეკლესიო კრებაზე ღებულობდი მონაწილეობას, იმ კრებაზე, რომელზეც ბევრი უარისმყოფელნი იყვნენ, მგლებიო, ხოლო შენ იყავი მეტად მცირე ჯგუფში, რომელიც იცავდა ეკლესიურ ტრადიციებს და სარწმუნოებასო“! ამ სრულებით შეუსაბამო სიტყვამ ბევრი აღაშფოთა! ამ სიტყვაში არავითარი სიმართლე და გულ-წრფელობა არ იყო. ხალხში გაისმოდა: „პირველი საეკლესიო კრება იყო ნამდვილი კრება, მის შემდეგ არც მეორე და არც მესამე კრება სახსენებელიც კი არ არისო, სასირცხო მოგონებად უნდა დარჩეს მეორე საეკლესიო კრება, რომელმაც დაადასტურა ლეონიდის კათოლიკოზად უკანონო გამოცხადება საკათ. სბჭოს მიერ, და ისიც, რომ მეორე საეკლესიო კრებამ გვერდი აუარა კათოლიკოზ კირიონის მოკვლას, არ შევიდა განხილვაში იმ საშინელ ვაკხანალიისა, რომელიც შექმნა „ახ. სიტყვამ“ ახლად განთავისუფლებულ ეკლესიის გარშემო და დღესაც საქართველოს ეკლესიას დაჰპატრონებიათ კათ. კირიონის ზნეობრივი თუ ფიზიკური მკვლელები (ამათში წილი უძევს თვით ამბროსისაც, ესეც „თანამშრომლობდა“ „ახ. სიტყვაში“); დღეს კათ. ამბროსიმ თავის ქორეპისკოპოსად, ვითომდა მესამე საეკლესიო კრების დასტურით, აკურთხა ცნობილი დეკ. ქრ. ციცქიშვილი „მანგლელის“ სახელწოდებით, ან რასა ჰგავდა მესამე საეკლესიო კრება გელათისა, რომელმაც აირჩია თვით ამბროსი, ამან და ნაზარმა კინაღამ წვერები აგლიჯეს ერთმანეთს _ არა მე ვიყო კათოლიკოზად, არა მეო! ამბროსიმ 13 ხმით აჯობა ნაზარსაო“…
არც ის იყო მართალი, თითქოს ნიკ. მამინაიშვილი იყო სარწმუნოების და ეკლესიურ ტრადიციების დამცველ „მცირე ჯგუფში“. ნიკ. მამინაიშვილი იყო ლეონიდის მომხრეთა ჯგუფში ცნობილ დავითაშვილის ხელმძღვანელობით. თვით ნიკიფორე იყო „სოციალ-ფედერალისტების“ პარტიისა და როგორც ასეთი „სოციალისტი“. ის ჯგუფურ, პირად ინტერესებს ატარებდა პირველ საეკლესიო კრებაზედაც… რაც კურსი დაუსრულებია, მას შემდეგ კაცი ერთხელაც არ ზიარებულა და კათოლიკოზი ამბროსი ამას ეკლესიის ტრადიციების დამცველად სახავს… გავასვენეთ ვერის სასაფლაოზე, სადაც ბავშვებმა და ორმა-სამმაც სიტყვები წარმოსთქვეს… სიტყვები… მხოლოდ სიტყვები ეხერხებათ დღეს… მაგრამ კათოლიკოზს არც ის ეხერხება და ანდერძის სახარება და შენდობის ლოცვა ვერ წაიკითხა, სულ კისერს იტეხდა და სირცხვილის ოფლში გავიწურეთ ყველანი… „ეგ რაღა უბედურებააო“, _ გაიძახოდა ხალხი…
პირველ საეკლესიო კრების წევრთა „მგლებად“ მონათვლაც იწვევს საზოგადოებაში მითქმა-მოთქმას! „ნამდვილი მგლები, თუ გინდათ, _ „ახალ სიტყვის“ კალმოსნები იყვნენ და არიანო, ერთი მათგანი, „რედაქტორი“, დეკ. ციცქიშვილი, კათოლიკოზმა ეპისკოპოსად დაგვისვა, ეს არის მგელი, ეპისკოპოსის ტყავში გახვეულიო“; ციცქიშვილი ხომ ბერად არ აღკვეცილა, მაშ ეს ბერის კუნკულა და მაჯაზე კრიალოსანი რაღას გაუკეთებია, _ ეს ხომ ნამდვილი თვალ-მაქცობააო! ან არა და განა თვით ამბროსის არ მოეხსენება თუ როგორ მეორე საეკლესიო კრებიდან გამოეყო ერთი ჯგუფი მღვდლებისა და ერის კაცთა, რომელთაც რაღაც ახირებული, აბდა-უბდა „კერძო აზრი“ წარადგინეს კრებაზე, რაღაც რეფორმაციასავით მოითხოვდნენ კრებისაგან, რაღაც პროტესტებს უცხადებდენ ვიღაცას, ხოლო ასეთ დოკუმენტზე ხელი ეწერა თვით დეკ. ქრ. ციცქიშვილს და დიდუბის მნათეს, თბილისის დეპუტატს იმ საეკლესიო კრებაზე _ დავით ნახუცრიშვილს. ეს „რეფორმაციული პროტესტი“ დაიბეჭდა სოციალ-ფედერალისტების ორგანო „სახალხო საქმეში“, გარნა ეს დოკუმენტი იმდენად უკუღმართი და ამრევ-დამრევი იყო ეკლესიურ ცხოვრებისა და „ტრადიციებისა“, რომელზედაც ლაპარაკობდა კათოლიკოზი ამბროსი მამინაიშვილის დასაფლავებაზე, რომ ეს ნაწარმოები „სახალხო საქმიდან“ მეორე დღესვე გადაბეჭდა სოციალ-დემოკრატების ორგანო „ერთობამ“ 1920 წლის ივლისის ნომერში! ამის შემდეგ, აღნიშნულმა ერისკაცმა დ. ნახუცრიშვილმა „სახ. საქმის“ გაზეთშივე გამოაცხადა, რომ მან შეცდომით მოაწერა იმ ქაღალდს ხელი, ის არ იზიარებს იმ დოკუმენტში გამოთქმულ აზრს. დეკ. ციცქიშვილს კი ასეთი განცხადება არც გაუკეთებია, არც უკან წაუღა და დღეს ეპისკოპოსობაც კი გაიკრა! ვინ იყო „მგელი“, 1-ლ საეკლესიო კრების წევრნი, თუ დეკ. ქრ. ციცქიშვილი _ ეხლა ამბროსისგან „მანგლელად“ ქცეული“?! ეს რა ცუღლუტობააო“, _ ბუტ-ბუტებდენ ზოგიერთნი საქმეში ჩახედულნი.
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)