დარღვევები ბორჯომის მუნიციპალიტეტში _ აუდიტის დასკვნა
უკანონო მშენებლობები, უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიუჯეტის არაგეგმაზომიერი ხარჯვა _ აუდიტის სამსახური ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს.
აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ ბორჯომის თვითთმმართველ მუნიციპალიტეტში არ იყო უზრუნველყოფილი ფინანსური რესურსებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის საკითხი.
„მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2018-2019 წლებში, შესაბამისად, 29% და 14% დააკლდა“, _ ვკითხულობთ დასკვნაში.
აუდიტის დასკვნის თანახმად, იკვეთება უკანონო მშენებლობების პრობლემა:
„მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ ფუნქციონირებს უკანონო მშენებლობების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების კონტროლის სისტემა. შედეგად, დაბა ბაკურიანში კერძო პირების მიერ მშენებლობების უკანონოდ წარმოება სისტემურ ხასიათს ატარებს. თავის მხრივ, მერია მშენებლების მიმართ არ ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სათანადო ღონისძიებებს“, _ წერია დოკუმენტში.
უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტმა 413 ათას ლარზე მეტი თანხა დახარჯა უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებში.
„სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, მუნიციპალიტეტში აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2018-2019 წლებში 413.4 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შესრულებულია უხარისხოდ და დაზიანებულია“, _ ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია უფასო ავტოსადგომებზე არაუფლებამოსილი პირების საქმიანობაზე.
ბორჯომში პარკირება უფასოა, ამის მიუხედავად, აღნიშნული პირები პარკირების საფასურს აგროვებენ.
„მერიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ავტოსადგომებზე არაუფლებამოსილი პირები ახორციელებდნენ პარკირების საფასურის აკრებას, მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით ავტოსადგომით სარგებლობა ბორჯომის ტერიტორიაზე არის უფასო“, _ აღნიშნულია დასკვნაში.
მოსახლეობის ნაწილს მიეწოდება წყალი, რომელიც სტანდარტებს არ შეესაბამება
აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ: ბორჯომის მერიამ წყალმომარაგების სისტემაზე 2018-2019 წლებში 935.8 ათასი ლარი დახარჯა. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს მიეწოდება წყალი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებსა და ნორმებს.
აუდიტმა დაადგინა, რომ წყლის სისტემა 38 დასახლებული პუნქტიდან მოწყობილია 32 დასახლებაში, საიდანაც 30 სოფელს ა(ა)იპ – სოფლის წყალი ემსახურება, ხოლო ქალაქ ბორჯომისა და დაბა ბაკურიანის სისტემის მომსახურებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს. დანარჩენი 6 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს ჭებითა და წყაროებით. მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სასმელი წყლის სისტემა, დაახლოებით, 4500 ოჯახს ემსახურება. 8 სოფელში 49 714 ოჯახს წყალი მიეწოდება პერიოდული გრაფიკით; 6 დასახლებულ პუნქტში, სადაც 1076 ოჯახი ცხოვრობს, წყლის სისტემაზე დებეტის/მოცულობის მოსამატებლად ხორციელდება წყლის ალტერნატიული რესურსის მოძიება, რაც წყალს აბინძურებს და სასმელად უვარგისს ხდის, ხოლო დანარჩენ 16 სოფელში, სადაც 2710 ოჯახია დასახლებული, მოსახლეობას წყალი რეგულარულად მიეწოდება. ქალაქ ბორჯომის გარდა, წყლის გამწმენდი ნაგებობები მოწყობილია მხოლოდ 6 დასახლებაში, რომელთა სისტემა, დაახლოებით, 1900 ოჯახს აწვდის წყალს. დანარჩენ შემთხვევაში წყალი არ იწმინდება და მოსახლეობა მარაგდება სოფლის წყაროებიდან. ამასთანავე, აბონენტების გამრიცხველიანება მხოლოდ ქალაქ ბორჯომსა და ბაკურიანშია განხორციელებული, დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში წყლის მრიცხველები დამონტაჟებული არ არის და მოსახლეობას წყალი უფასოდ მიეწოდება.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 30 დასახლებული პუნქტის წყლის სისტემის მომსახურებას ახორციელებს მუნიციპალური ა(ა)იპ – ბორჯომის სოფლის წყალი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი ლიცენზია. ა(ა)იპი წყლის ლაბორატორიულ შემოწმებას ყიდულობს შესაბამისი ლიცენზიის არმქონე კომპანიისგან.
ა(ა)იპ – ბორჯომის სოფლის წყალმა წყლის ნიმუშების ყოველთვიური ლაბორატორიული კვლევისთვის 2018 წელს 8.8 ათასი ლარი, ხოლო 2019 წელს 9.6 ათასი ლარი გადაიხადა. ა(ა)იპ-ის დაკვეთით ჩატარებული შემოწმების დასკვნების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეწინააღმდეგება იმავე პერიოდში სხვა ლიცენზირებული ლაბორატორიის კვლევის შედეგებს. კერძოდ, სსიპ – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ახალციხის „ზონალურმა დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ“ რამდენიმე სოფელში ჩაატარა წყლის ხარისხის შემოწმება. აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე პერიოდში ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით, ა(ა)იპ _ სოფლის წყლის მიერ გაცემულია დადებითი დასკვნა, მაშინ როდესაც ლიცენზირებული ლაბორატორიის შედეგების თანახმად, სოფლებში წყლის ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სახელმწიფო სტანდარტს.
გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშში წერია, რომ 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის მიუხედავად, ზოგ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო სამუშაოების ისე დაგეგმვა და განხორციელება, რომ მოსახლეობას საკმარისი რაოდენობის სასმელად ვარგისი წყალი მიეღო.
მაგალითად: ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, მერიამ 2018 წელს შეისყიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით 109.4 ათასი ლარი. ყვიბისში მცხოვრები 421 ოჯახისთვის, სასმელად ვარგისი წყლის მიწოდების მიზნით, 2016 წლის 4 მარტს მერიამ ექსპლოატაციაში მიიღო ყვიბისის წყლის სისტემის გამწმენდი ნაგებობა, რომლის მშენებლობაშიც გადახდილია 484.1 ათასი ლარი. შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერების, ასევე მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ყვიბისის მოსახლეობას, მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, მიეწოდება გაუფილტრავი და მოქმედი სტანდარტების შეუსაბამო წყალი, რადგან არასაკმარისი წყლის რესურსის გამო სათავე ნაგებობაზე ხორციელდება სხვადასხვა ჩამდინარე წყლების დაერთება.
ასევე სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დაბა ახალდაბაში მოსახლეობისთვის სასმელად ვარგისი წყლის მიწოდების მიზნით, 743.2 ათას ლარად შეისყიდა წყლის სათავე ნაგებობებისა და საქლორატოროს მოწყობის სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტს სამართავად გადაეცა. საქლორატოროსა და წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის მიუხედავად, ახალდაბის მოსახლეობას სასმელად ვარგისი წყალი არ მიეწოდება.
პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მოსახლეობას სტანდარტების შეუსაბამო წყალი მიეწოდა იმის გამო, რომ აღნიშნულ პერიოდში გამწმენდი ნაგებობა არ ფუნქციონირებდა, რადგან წყლის სათავე ნაგებობებისა და საქლორატოროს დამაკავშირებელი 2 კმ-იანი მილი სრულად ამორტიზებული იყო და საჭიროებდა რეაბილიტაციას.
საკითხის გადაჭრის მიზნით, მუნიციპალიტეტმა 2019 წელს გამოაცხადა ტენდერი და შეისყიდა დაზიანებული მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები, საერთო ღირებულებით _ 277.2 ათასი ლარი. მიუხედვად იმისა, რომ ახალდაბის წყლის სათავე და გამწმენდი ნაგებობების, ასევე შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჯამურად 1,020.4 ათასი ლარია დახარჯული, მოსახლეობას აუდიტის პერიოდში მიეწოდება წყალი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წყალმომარაგების პრობლემა სისტემური ხასიათისაა, მის გამოსასწორებლად საკმარისი ღონისძიებები არ გატარებულა. არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტს შეეძლო თავისუფალი ნაშთის სახით არსებული ფინანსური რესურსის ეფექტიანი გამოყენებით, რაც არ განუხორციელებია“, – წერია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის სამსახურის დასკვნით ირკვევა ისიც, რომ ბორჯომის მერიის რამდენიმე შესყიდვაში არარაციონალური ხარჯვა და ასევე „ტენდერების მორგება“ დაფიქსირდა. კონკრეტულად კი საუბარია 2018 წელს ავტობუსებისა და სპეცტექნიკის შესყიდვის პროცესში არსებულ ხარვეზებზე.
ავტობუსების შეძენა
ავტობუსების ტენდერში ბორჯომის მერიამ გამარჯვებულად გამოაცხადა კომპანია, რომელიც კონკურენტზე 236,7 ათასი ლარით მეტ ფასს სთავაზობდა, სპეცტექნიკის შემთხვევაში კი ტექნიკაზე ფასნამატი 410,8 ათასი ლარი იყო. ორივე შემთხვევაში გაიმარჯვა ერთმა კომპანია შპს Urban Motors -მა.
2018 წელს მერიამ ახალი ავტობუსების შესაძენად სასურველი ტრანსპორტის შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლები გაუგზავნა სამ პოტენციურ მიმწოდებელს: შპს „სტრადას“, შპს Urban Motors -სა და „თეგეტა მოტორსს“. აუდიტის სამსახურის თქმით, ამ სამი კომპანიისთვის გადაგზავნილი დოკუმენტები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. უფრო კონკრეტულად კი განსხვავებული იყო ზომის პარამეტრები, კარის მდგომარეობა, გადაცემათა კოლოფის ტიპი, ძრავის სიმძლავრე, ადგილების რაოდენობა.
აუდიტის დასკვნაში ნათქვამია: „ტენდერის დოკუმენტაცია შედგენილი იყო ისე, რომ შესასყიდი სატრანსპორტო საშუალებების სპეციფიკაციები მხოლოდ შპს Urban Motors -ის მიერ წარმოდგენილ მონაცემებს შეესაბამებოდა“.
ამ ნაწილში აღნიშნულია დამატებითი გარემოებებიც:
ბაზრის კვლევის ეტაპზე შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასისთვის“ მიწოდებული სპეციფიკაციების თანახმად, კომპანიას მოეთხოვა მუნიციპალიტეტისთვის წარედგინა მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტობუსების განფასება. შესაბამისად, ტენდერში წარადგინა მექანიკურ გადაცემათა კოლოფის მქონე ავტობუსები, მაშინ როდესაც სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო ავტომატურ გადაცემათა კოლოფი;
მომდევნო პრეტენდენტია შპს „ჯი-თი გრუპი“, რომლის შემოთავაზებული ფასი 70.6 ათასი ლარით ნაკლები იყო გამარჯვებულ პრეტენდენტზე. იგი ტენდერიდან მოიხსნა იმის გამო, რომ ავტობუსის მეორე კარი იყო უკანა საბურავის მარცხნივ, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების თანახმად, კარი უნდა ყოფილიყო უკანა საბურავის მარჯვნივ;
საბოლოოდ, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს Urban Motors -ი, რომელსაც 2018 წლის 27 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 952.0 ათასი ლარი. შპს Urban Motors -ის გამარჯვებითვე დასრულდა ბორჯომის სოფლებში გადასაადგილებელი ავტობუსის შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი და კომპანიას 2018 წლის 13 აგვისტოს გაუფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით 205.0 ათასი ლარი;
აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა და ვერც აუდიტის ობიექტმა წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული ავტობუსებისთვის ავტომატურ გადაცემათა კოლოფის ან უკანა კარის მდებარეობის მოთხოვნის არსებობა. შედეგად, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილი იყო ისე, რომ კონკურენტული უპირატესობა გამარჯვებულ კომპანიას მოეპოვებინა. ავტობუსების ტენდერების შპს Urban Motors -ზე მორგების რისკს ასევე ამყარებს ის გარემოება, რომ ორივე ტენდერში არსებული მოთხოვნის მიხედვით, მიმწოდებელს 2015 წლის პირველი იანვრიდან უნდა ჰქონოდა 2 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებების მიწოდების გამოცდილება. გამოცდილების ამ მოთხოვნას შპს ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ შემსყიდველს მიმართა წინადადებით, დაეკორექტირებინა გამოცდილების მოთხოვნა, რაც მერიამ გაითვალისწინა და 2015 წლის პირველი იანვრის ნაცვლად, გამოცდილება მოითხოვა 2014 წლის პირველი იანვრიდან.
სპეცტექნიკის შეძენა
იგივე კომპანია ფიგურირებს ტენდერებში, რომელიც ორი ნაგავმზიდისა და ქუჩის დასაგველი ტექნიკისთვის გამოცხადდა. მერიამ ამ ორი შემთხვევაშიც შეისწავლა ბაზარი, რის შედეგადაც შემდეგი გარემოებები გამოავლინა:
მერიას, ბაზრის კვლევის ეტაპზე, ყველაზე დაბალი ფასი _ 153 ათასი ლარი, შპს „განჯის საავტომობილო ქარხანამ“ EURO 4-ის, ეკოლოგიური სტანდარტის ნაგავმზიდით შესთავაზა. მერიამ იხელმძღვანელა ამ კომპანიის წარდგენილი სპეცმანქანის კრიტერიუმებით, თუმცა ეკოლოგიურ სტანდარტად უფრო დაბალი საფეხური, EURO 2 ან EURO 3 მოითხოვა, რითაც შეზღუდა ამ კომპანიის მონაწილეობა ტენდერში;
ბაზრის ერთ-ერთმა მსხვილმა მიმწოდებელმა შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ მერიას მისწერა, რომ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ნაგავმზიდის სამუხრუჭე სისტემა ზღუდავდა კონკურენციას და მიმწოდებელს საშუალებას არ აძლევდა, რეალურად უკეთესი სამუხრუჭე სისტემის მქონე სატრანსპორტო საშუალებით მიეღო მონაწილეობა შესყიდვაში _ მერიამ ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა; თუმცა მერიამ დააკმაყოფილა Urban Motors -ის მოთხოვნა და „გამოცდილების“ ნაწილში მოთხოვნა შეცვალა.
აუდიტმა შეისწავლა შპს Urban Motors -ის მიერ მიწოდებული სპეცტექნიკის საბაზრო ღირებულებასა და მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილ თანხებს შორის სხვაობა და დაადგინა, რომ მერიამ 410 ათარი ლარით მეტი გადაიხადა.
„საკითხის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მიმწოდებელს ზემოაღნიშნულ ტექნიკაში, ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით, გადახდილი აქვს 1329,2 ათასი ლარი, ხოლო მერიას მიაწოდა 1740 ათას ლარად 410,8 ათასლარიანი (31%) ფასნამატით“, _ წერია დასკვნაში.
აუდიტის სამსახურის დასკვნა 2018-2019 წლებს ეხება, იმ პერიოდში კი ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია იყო. ლიპარტიასა და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილს ქრთამის აღებისთვის (რომელიც სხვა საქმეს ეხება და არა აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებს) თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლიპარტია ამ დრომდე საპატიმროში რჩება.
ნენე ინჯგია