„დამემორჩილებით მხოლოდ მე!.. მიწაზე დაგანარცხებთ და ხერხემალში გადაგამტვრევთ!“

დღეს, როცა საქართველოს ორი ძიძრველი და ულამაზესი კუთხე _ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელსაც, რატომღაც, ცხინვალის რეგიონად მოიხსენიებენ, ოკუპანტი რუსეთის იურისდიქციის ქვეშაა, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ, თავის დროზე, საქართველოს ტერიტორიაზე ორი ავტონომიური რესპუბლიკისა და ერთიც ავტონომიური ოლქის შექმნა ის ნელი მოქმედების ნაღმი იყო, რომელსაც კრემლი კრიტიკულ სიტუაციაში აამოქმედებდა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას არათუ ყურებით დაიჭერდა, არამედ ამ ავტონომიებს ძმათამკვლელი ომისთვისაც გამოიყენებდა.

ამ ვერაგულმა სცენარმა, საბედნიეროდ, მხოლოდ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შემთხვევაში გაამართლა, თუმცა იმის მცდელობა, რომ მოვლენები აჭარაშიც სოხუმ-ცხინვალის გეგმით განვითარებულიყო, არაერთხელ არსებობდა. ეს მცდელობა განსაკუთრებით მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შუახანებში, ანუ მას შემდეგ მიუახლოვდა კულმინაციას, რაც აჭარას ასლან აბაშიძე განაგებდა. მემედ აბაშიძის შვილიშვილის მმართველობის დროს აჭარაში საქართველოს იურისდიქცია ფორმალურად ვრცელდებოდა, თორემ, სინამდვილეში, „მოკლე ფაშა“ (ხალხი ასლან აბაშიძეს სწორედ ასე ეძახდა) ავტონომიას ისე უყურებდა, როგორც საკუთარ საფეოდალოს და იქამდეც კი მივიდა, რომ მდინარე ჩოლოქზე ე. წ. სადემარკაციო ხაზიც კი გაავლო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩოლოქზე დანარჩენი საქართველოს მცხოვრებთათვის ერთგვარი „ფეისკონტროლი“ მოქმედებდა და ვინც ამ „ფეისკონტროლს“ ვერ დააკმაყოფილებდა, აჭარაში ვერც შევიდოდა. ერთი სიტყვით, გარკვეული ადამიანები აბაშიძის მიერ პერსონა ნონ-გრატებად იყვნენ გამოცხადებულნი. მათთვის კი, ვისაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონდათ, ჩოლოქის გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, სახელმწიფო დამნაშავეები თუ წვრილმან-მსხვილმანი კრიმინალები სწორედ აბაშიძის „საფაშოს“ აფარებდნენ ხოლმე თავს.
იმთავითვე დადიოდა ხმა, რომ ასლან აბაშიძე რუსეთის კაცი იყო და კრემლის მითითებებით მოქმედებდა. ეს მოარული ინფორმაცია 2004 წლის 6 მაისის აჭარის მოვლენების შემდეგ უფრო გამყარდა _ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ე. წ. აჭარის რევოლუციის დღეებში ბათუმში ბორის ივანოვი ჩავიდა და ასლან აბაშიძე ჩრდილოეთში წაიყვანა. აქვე შეგახსენებთ, რომ იმხანად ივანოვი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ივანოვი „ბაბუს“ (ეს ასლან აბაშიძის კიდევ ერთი მეტსახელი გახლდათ) რუსულ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტასთან შეთანხმების გარეშე ეახლა, გამართლებული არ იქნება. ის კი არადა, დღემდე ასლანი მოსკოვში ცხოვრობს. მეტიც, იმასაც კი ამბობენ, რომ მას ფეშენებელური საცხოვრებელი მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა უფეშქაშა. ზოგადად, აბაშიძეს არასოდეს უარუყვია, რომ კრემლის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, ლუჟკოვთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ამას ისიც მოწმობს, რომ ლუჟკოვი, როგორც ამბობენ, აჭარაში კერძო საკუთრებასაც ფლობდა.
რაც შეეხება აჭარის რევოლუციას, 2004 წლის 6 მაისზე ქართული ინტერნეტმედიის არქივში უამრავი მასალა ინახება. ასე მაგალითად: ზუსტად 14 წლის წინ, პორტალ civil.ge-ს სტატიაში _ „აჭარა აბაშიძის წასვლას ზეიმობს“, ვკითხულობთ:
„საქართველომ „ვარდების რევოლუციის“ ბოლო ფაზა წარმატებით დაასრულა მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძე 6 მაისს გადადგა და რუსეთში გაემგზავრა.
აბაშიძე, რომელიც აჭარას ბოლო 13 წლის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა, იძულებული გახდა, დამორჩილებოდა ცენტრალური მთავრობისა და ბათუმის ქუჩებში გამოსული 15 ათასზე მეტი მომიტინგის მოთხოვნას.
ბათუმის ქუჩებში ათასობით ადამიანმა ასლან აბაშიძის გადადგომა იზეიმა. 6 მაისს გამთენიისას პრეზიდენტ სააკაშვილის ჩასვლამ ბათუმში ახალი სტიმული მისცა მოზეიმე ხალხს.
„ეს სასწაულია. აჭარა თავისუფალია, მე ამაყი და ბედნიერი ვარ“, _ განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც ბათუმის ქუჩებში გაიარა, რათა მხარდამჭერებს შეხვედროდა. მას ათასობით ბათუმელი ოვაციებით ხვდებოდა და თან სკანდირებდა _ „მიშა, მიშა“.
„თქვენ გმირები ხართ, _ განუცხადა სააკაშვილმა ხალხს აბაშიძის ყოფილი რეზიდენციის ფანჯრიდან, _ თქვენ მთელ მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ისწრაფით დემოკრატიისკენ!“
„ვერც კი წარმოიდგენთ, რა ბედნიერები ვართ. ჩვენ ეს შევძელით. ვაიძულეთ დიქტატორი აბაშიძე, გადამდგარიყო და წასულიყო“, _ განაცხადა 24 წლის ბათუმელმა ხატია ზაქარიაძემ.
ასლან აბაშიძე, ექსპრეზიდენტ შევარდნაძის რეჟიმის გადმონაშთი, თავის შვილთან, ბათუმის მერ გიორგი აბაშიძესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა მას შემდეგ, რაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან იგორ ივანოვთან ბათუმში მოლაპარაკებები გამართა…
ექსპრეზიდენტ შევარდნაძის მიერ აჭარაში მიმდინარე მოვლენების იგნორირების პოლიტიკამ აბაშიძის ძალაუფლება რეგიონში საგრძნობლად გაზარდა, რაც შემდგომში მის ერთპიროვნულ მმართველობაში გადაიზარდა, თუმცა აბაშიძეს გაუჭირდა, თავისი პოლიტიკური კურსი შეენარჩუნებინა მას შემდეგ, რაც ნოემბრის რევოლუციის შედეგად მიხეილ სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები მოვიდნენ ქვეყნის ხელისუფლებაში. სააკაშვილმა ძალაუფლების კონსოლიდაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობა დადო.
აბაშიძის მოსკოვში წასვლის შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა: „ეს იქნება საქართველოს აღმშენებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საწინდარი… აჭარის ავტონომიას საფრთხე არ ემუქრება და არც მომავალში დაემუქრება“.
შევარდნაძის მსგავსად, თავდაპირველად, აბაშიძეც უარყოფდა ინფორმაციას შესაძლო გადადგომის შესახებ. ზუსტად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან იგორ ივანოვთან შეხვედრის წინ მან გავრცელებულ ხმებს მისი გადადგომის შესახებ „დეზინფორმაცია“ უწოდა.
ნოემბრის მსგავსად, ახლაც იგორ ივანოვმა იკისრა შუამავლის როლი კრიზისის მოგვარებაში _ იგორ ივანოვმა აბაშიძე მოსკოვში წაიყვანა. გამგზავრებას წინ უძღოდა ივანოვთან სამსაათიანი მოლაპარაკებები აბაშიძის რეზიდენციაში.
შევარდნაძისგან განსხვავებით, ასლან აბაშიძემ გადადგომის თაობაზე ოფიციალური განცხადება არ გააკეთა. მან აჭარა უკომენტაროდ დატოვა. როგორც ჩანს, მისთვის ძალიან მძიმე იყო ეღიარებინა მარცხი“.
როგორ გახდა ასლან აბაშიძე აჭარის ფეოდალი? _ ეს კითხვა დღეს უფრო აქტუალურია, რადგან ეჭვი აღარავის ეპარება, რომ აბაშიძე კრემლის გავლენის ქვეშ იყო.
ისე, შეიძლება, კითხვა სხვანაირადაც დავსვათ, _ რატომ დაუჭირა მხარი ზვიად გამსახურდიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურად აბსოლუტურად უცნობი ფიგურის, ასლან აბაშიძის კანდიდატურას?
კი ბატონო, აბაშიძე მემედ აბაშიძის შვილიშვილია და ეს ფაქტორი შესაძლოა, ანგარიშგასაწევი იყო, მაგრამ მისი ბიოგრაფია იმის საფუძველს ნამდვილად არ იძლეოდა, რომ ამხელა პოსტი მიეღო. სხვა თუ არაფერი, „ბაბუ“, მიუხედავად იმისა, რომ 80-იანი წლებში ჯერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ კი _ მინისტრი, ასლან აბაშიძეს სახელმწიფო მართვის გამოცდილება არ გააჩნდა.
მაშ, რის მიხედვით და რატომ შეაჩერა არჩევანი ზვიად გამსახურდიამ მაინცდამაინც მასზე, თან იმ ფონზე, როცა აბაშიძე აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი არ იყო და ამ ორგანოს თავმჯდომარე ისე გახდა?
„უზენაესი საბჭოსგან ასლან აბაშიძის არჩევას დაჟინებით მოითხოვს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. იგი დარწმუნებულია, რომ ასლან აბაშიძე მისი ხელისუფლების საიმედო დასაყრდენი იქნება აჭარაში. პრეზიდენტისთვის ამგვარი რწმენის შესაქმნელად საგანგებოდ იმუშავეს ქართველმა „პოლიტიკოსებმა“ _ საეჭვო კავშირებით რუსეთის სპეცსამსახურებთან. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის „არჩევნებს“, გამსახურდიას გარდა, ესწრება საქართველოს იუსტიციის მინისტრი ჯონი ხეცურიანი. იგი ღია კენჭისყრის მოწყობას მოითხოვს იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს. ხეცურიანი შეუვალია. კონსტიტუციაში, მისი ზეპირი განცხადების საფუძველზე, „ცვლილება შედის“. ასლან აბაშიძეს ღია კენჭისყრით თითქმის ერთხმად „ირჩევენ“. „არჩევნები“ მიმდინარეობს დარბაზში, სადაც ავტომატებით შეიარაღებული პირები იმყოფებიან.
მოგვიანებით, 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს, ასლან აბაშიძე ასე დაუმტკიცებს ზვიად გამსახურდიას „ერთგულებას“: ჰპირდება იარაღისა და ცოცხალი ძალის გაგზავნას დასახმარებლად. აჭარაში კი აბაშიძის ემისრები სასტიკად აფრთხილებენ ხალხს, არ გაბედონ თბილისში ჩასვლა და მონაწილეობის მიღება ძმათამკვლელ ომში. გამსახურდია ამაოდ ელის ასლან აბაშიძისგან „გაგზავნილ“ იარაღსაც.
…მუშტით და კანონის უხეში დარღვევით აჭარის ლიდერად ქცეული აბაშიძე ერთ-ერთი დაქვემდებარებული სტრუქტურის, აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს, წარმომადგენლებთან პირველივე შეხვედრას იწყებს სიტყვებით: „გააკეთებთ იმას, რასაც მე გეტყვით! დამემორჩილებით მე და მხოლოდ მე, რადგან კანონი მე ვარ! ნებისმიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში, მიწაზე დაგანარცხებთ და ხერხემალში გადაგამტვრევთ!“
1992 წლის სექტემბერში აჭარის მინისტრთა კაბინეტი იღებს დადგენილებას ავტონომიურ რესპუბლიკაში ნომენკლატურულ თანამდებობებზე დანიშვნის წესის შესახებ. დადგენილების თანახმად, ყველა თანამდებობის პირი უნდა დაენიშნა აჭარის ხელისუფლებას. დადგენილება აბსურდული და კანონსაწინააღმდეგო იყო: ამ ნორმატიული აქტით ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, მიითვისა, მიიტაცა ცენტრალური ხელისუფლების ფუნქცია. კანონსაწინააღმდეგო დოკუმენტი მაინც ამოქმედდა _ ცენტრალურ ხელისუფლებას ეს ფაქტი არ გაუპროტესტებია. შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დაინიშნენ მხოლოდ ასლან აბაშიძისთვის მისაღები კადრები _ ძირითადად, მისი უახლოესი ნათესავებისა და მათთან დაახლოებული პირების წრიდან. ასე დამყარდა კლანური მმართველობის პრინციპი აჭარაში.
აჭარაში ასლან აბაშიძის რეჟიმის ჩამოყალიბების დღიდან აიკრძალა ნებისმიერი სახის პლურალიზმი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პლურალიზმიც“, _ ესაა ამონარიდი ერთ-ერთი საგაზეთო სტატიიდან, რომელიც ქართული მედიის ინტერნეტარქივშია დაცული.
მერე, წლები რომ გავა, დავით ბერძენიშვილი, რომელიც ძმასთან, ლევან ბერძენიშვილთან ერთად აბაშიძის რეჟიმს თავიდანვე ებრძოდა, იტყვის:
„აბაშიძის რეჟიმი განსხვავებულ პოზიციებზე მდგარ პოლიტიკურ ძალებს აგრესიული ქმედებებით უპირისპირდებოდა. 1992 წლის იანვარში ბათუმში, ჩემი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში, ჩემი ბინის კართან, მოხდა აფეთქება, რომელმაც საკმაოდ სერიოზული ნგრევა გამოიწვია. საბედნიეროდ, აფეთქება მსხვერპლის გარეშე დასრულდა. აგრესიული ქმედებები ჩვენ წინააღმდეგ არ შეწყვეტილა: აბაშიძის ხელისუფლებამ „რესპუბლიკური პარტიის“ შტაბბინა დაარბია. თავდამსხმელებმა შტაბბინიდან ტელევიზორი გაიტაცეს, კომპიუტერი კი დაგვიტოვეს _ ალბათ, იფიქრეს, რომ ტელევიზორი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე კომპიუტერი. აბაშიძის ხელისუფლება უფრო მკაცრ ზომებსაც მიმართავდა: ორჯერ მოიტაცეს უზენაესი საბჭოს დეპუტატი ავთანდილ ბერიძე, მოიტაცეს საქართველოს მაშინდელი მოწვევის პარლამენტის წევრი თამაზ დიასამიძე“.
აბაშიძის რეჟიმის დროს, როგორც თვითმხილველები იხსენებენ, აჭარა ათასობით ადამიანმა დატოვა, თუმცა ამის შესახებ ეს ადამიანები თავის დროზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ და ამბობდნენ, დუმილი ჩვენი გადარჩენის საუკეთესო საშუალებაა, რადგან დარწმუნებული ვართ, თუ აბაშიძე ურჩების გადაცემას მოითხოვს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება თენგიზ ასანიძესავით გაგვწირავსო.
რას აკეთებდა აბაშიძე აფხაზეთის ომის დროს? _ ესაა ერთ-ერთი კითხვა, რომელიც აქტუალობას დღესაც არ კარგავს.
სხვდასხვა წყაროს მონაცემებით, აფხაზეთის ომის დროს აბაშიძე ე. წ. ნეიტრალიტეტს, მეტიც, „ბაბუ“ ქართული არმიისთვის განკუთვნილ იარაღს ბლოკავდა და, როგორც ამბობენ, აჭარის მოსახლეობას საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასაც უკრძალავდა, თუმცა აჭარლები აფხაზეთში საომრად მაინც მიდიოდნენ. ამბობენ, რომ მათ საბუთები არ ჰქონდათ, რადგან გარდაცვალების ან ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში მათი ვინაობა გამჟღავნდებოდა და ასლანის რეჟიმი მათ ახლობლებს უმძიმესად გაუსწორდებოდა.
სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, აბაშიძის ე. წ. დამსჯელი რაზმი ბათუმში მცხოვრები აფხაზური გვარის მქონე პირებისგან იყო დაკომპლექტებული.
„სწორედ ეს ადამიანები გაუსწორდნენ სასტიკად ერთ-ერთ მებრძოლს, რომლის ომში ყოფნის ფაქტი გამჟღავნდა. ისე, ომის პერიოდში აბაშიძის აჭარა სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობდა: უცქერდა და უსმენდა (ერთდროულად) საბრინას და აცხადებდა, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ატეხილ ომში ნეიტრალიტეტს იცავდა“, _ იუწყებოდა მაშინდელი მედია.
შეიძლება, მასშტაბები განსხვავებულია, მაგრამ გარკვეული პარალელის გავლება ბიძინა ივანიშვილსა და ასლან აბაშიძეს შორის მაინც შეიძლება. კერძოდ, როგორც ივანიშვილი, აბაშიძეც ინტელიგენციის წარმომადგენლებს საჩუქრებით ანებივრებდა. 90-იან წლებში თბილისში ყველამ იცოდა, რომ ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი ბათუმში საშოვარზე ხშირად ჩადიოდა და შემდეგ აბაშიძეზე ისე ლაპარაკობდა, როგორც თანამედროვე მესიაზე და დავით აღმაშენებელთანაც აიგივებდა. ეს მაშინ, როცა აბაშიძის რეჟიმის დროს, „მოკლე ფაშას“ ინიციატივით, აჭარის მოსახლეობას უფლება არ ჰქონდა, საკუთარი ბინა, სახლი ან საკარმიდამო ნაკვეთი ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის სპეციალური ნებართვის გარეშე გაეყიდა. ასევე აჭარის უშიშროების მინისტრი გასცემდა ნებართვას იმაზეც, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებს აჭარაში კერძო საკუთრება შეეძინა. მინისტრის ნებართვა იყო საჭირო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც აჭარის მკვიდრნი არ იყვნენ და სახლის ან მიწის ნაკვეთის შეძენა სურდათ აჭარის ტერიტორიაზე.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლიანი ამბავი, რომელიც ასლან აბაშიძის სახელთანაა დაკავშირებული, ნოდარ იმნაძის მკვლელობაა. ამ კრიმინალურ ისტორიაში ყველაზე საგულისხმო ის გახლავთ, რომ იმნაძე ასლან აბაშიძის კაბინეტში 1991 წლის 30 აპრილს მოკლეს. იმნაძეს თან ახლდა ქალიშვილი ნატო იმნაძეც, ანუ შვილმა საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ მოუკლა აბაშიძემ მამა.
ნოდარ იმნაძე, რომელიც „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის სპიკერი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, ასლან აბაშიძეს თვალში არ მოსდიოდა. სხვათა შორის, ცნობილია, რომ იმნაძე აბაშიძის კაბინეტში იარაღით მივიდა. რა გახდა მათ შორის კონფლიქტის მიზეზი? _ ამ კითხვაზე ერთ-ერთი სავარაუდო პასუხი ასეთია:
„…აბაშიძემ საქართველოს მაშინდელ ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ აჭარის ავტონომიის გაუქმების საჭიროება დაუდასტურა, შემდეგ კი აჭარის მოსახლეობა ავტონომიის მხარდასაჭერ მიტინგზე მიიწვია. 1991 წლის 22-23 აპრილს ბათუმში გამართულ მიტინგებზე ვითარება გვარიანად დაიძაბა. ბევრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიტინგებით ასლან აბაშიძეს დარტყმები ნოდარ იმნაძეზე მიჰქონდა. 25 აპრილს, „მრგვალი მაგიდის“ აჭარის ორგანიზაციის შეკრებაზე იმნაძემ აბაშიძე სადამ ჰუსეინს შეადარა“. ისტორიკოსი უჩა ოქროპირიძე კი ნაშრომში „საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის თანამედროვე პერიოდი და აჭარა (1988.X. – 1994.III.1)“ წერს: „უნდა აღინიშნოს, რომ ა. აბაშიძე ამ პოსტზე, ფაქტობრივად, ნ. იმნაძის პროტექციით მოვიდა, მაგრამ შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი 22-23 აპრილის აქციასთან დაკავშირებულმა ცნობილმა ამბებმა, მათ შორის მდგომარეობა უკიდურესად დაძაბა; და თუ მანამდე ნ. იმნაძე ა. აბაშიძეს აჭარაში, მისი აზრით, აქ გასატარებელი პოლიტიკის საყრდენად მიიჩნევდა, ამ მოვლენებმა მას დაანახა, რომ მისი ყოფილი პროტეჟე არცთუ ადვილი სამართავი აღმოჩნდა. ამასთან, მან მოახერხა ამავე აქციების წყალობით საკუთარი ძალაუფლების არა მარტო განმტკიცება, არამედ აჭარაში მიმდინარე პროცესებზე თითქმის სრული კონტროლის დაწესება. მანამდე თუ კი იმნაძის მიერ აბაშიძის მიმართ გამოთქმულ სიტყვებში მისადმი დიდი იმედები ჩანდა (პირადად მომისმენია თბილისში საქართველოს უზენაესი საბჭოს სესიის სხდომათა შორის შესვენებაზე ნ. იმნაძესთან საუბარში), ამ აქციების შემდეგ მისი დამოკიდებულება აღნიშნული პიროვნებისადმი რადიკალურად შეიცვალა…“
ნოდარ იმნაძის მკვლელობიდან გავა 20 წელზე მეტი და 2016 წლის აგვისტოში ბათუმის საქალაქო სასამართლო ასლან აბაშიძეს დამნაშავედ ცნობს „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობაში, თანამდებობის პირის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებისა და განაჩენის განზრახ შეუსრულებლობაში და მკვლელობაში აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 107-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 223-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 187-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), 2033-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), 143-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 381-ე მუხლით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და 25. 323-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია)“.
„სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 1991 წლის 30 აპრილს ასლან აბაშიძემ აჭარის ა.რ. უზენაესი საბჭოს შენობაში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მოკლა მისი მოადგილე ნოდარ იმნაძე. მანვე, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, 1993-2004 წლებში შექმნა უკანონო შეიარაღებული ფორმირება, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ასევე დადგინდა, რომ 2004 წლის 2 მაისს ასლან აბაშიძემ სხვა პირებთან ერთად ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, კერძოდ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება, ხოლო 2004 წლის აპრილში ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში ზღვის სანაპიროს დანაღმვა, რასაც 2004 წლის 21 აგვისტოს აფეთქება მოყვა. მანვე ჩაიდინა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა თენგიზ ასანიძისა და სხვათა მიმართ.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ აჭარის ა.რ. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იოსებ გოგიტიძემ 1993-2004 წლებში ასლან აბაშიძესთან ერთად შექმნა და მონაწილეობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში, ასლან აბაშიძესთან წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა თენგიზ ასანიძეს, ასევე პირთა ჯგუფთან ერთად მიითვისა აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს კუთვნილი 2 201 667 ლარი. მანვე 2004 წლის 2 მაისს, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად, ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება.
აჭარის ა.რ. ყოფილმა შს მინისტრმა ჯემალ გოგიტიძემ, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად, ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, 2004 წლის 25 აპრილს ქ. ბათუმში, რესტორან „მარსელში“ თამაზ მამისეიშვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება მას და ავთანდილ ბერიძეს. ჯემალ გოგიტიძემ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგა აჭარის ა.რ. შს სამინისტროს აღჭურვისთვის გამოყოფილი 1 093 317 აშშ დოლარი.
აჭარის ა.რ. შს მინისტრის ყოფილმა მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძემ, ასლან აბაშიძესთან და სხვა პირებთან ერთად, ჩაიდინა ტერორისტული აქტების ორგანიზება, რასაც მოყვა ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდების აფეთქება.
აჭარის ა.რ. მეთაურის დაცვის ყოფილმა უფროსმა დავით ხალვაშმა 1996 წელს მონაწილეობა მიიღო უკანონო შეიარაღებულ ფორმირება, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დაცვის სამსახურის, შემდგომში აჭარის სამთავრობო დაცვის სამსახურის შექმნაში, 2003 წელს ორგანიზებას უწევდა კომპანია |Procter & Gamble-ის ქონების ქურდობას, გამოძალვასა და ძარცვას, 2004 წლის 20 თებერვალს, მონაწილეობა მიიღო ქ. ბათუმში დ. თავდადებულისა და ერას ქუჩების კვეთაზე მიმდინარე მანიფესტაციის უკანონო დარბევაში.
აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციული სამმართველოს ყოფილ უფროს ამირან კურცხალიძის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად აჭარის ა.რ. უშიშროების სამინისტროს 2000-2001 წლებში მიადგა 709 955 ლარის ზიანი.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ასლან აბაშიძეს 15 წლით, იოსებ გოგიტიძეს 12 წლით, დავით ხალვაშს 4 წლითა და 6 თვით და ამირან კურცხალიძეს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ იქნენ ცნობილი ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე. სასამართლომ მათ გარდაცვალების გამო სასჯელი არ დაუნიშნა“, _ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ ორი წლის წინ გავრცელებულ განცხადებაში.
ზოგადად, აბაშიძის „საგმირო საქმეებზე“ საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა სიტყვა რომ არ გაგვიგრძელდეს, ერთსაც აღვნიშნავთ: „ბაბუს“ მუდამ ეჩვენებოდა, რომ ცენტრალური ხელისუფლება მის მოკვლასა და მოცილებას აპირებდა. ეს შესაძლოა, ერთგვარი პარანოია იყო, მაგრამ ამ პარანოიას აშკარად პოლიტიკური შემადგენელიც ჰქონდა. კერძოდ, ცენტრსა და რეგიონს შორის მუდმივი დაძაბულობა არსებობდა, რაც შეიძლება, საქართველოს დანაწევრებისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს.
ასევე ისიც ხაზგასასმელია, რომ აბაშიძე ქვეყნის დანაწევრების რუსულ გეგმას თავისი სხვადასხვა მოქმედებითაც უწყობდა ხელს.
ასე მაგალითად, ის მუდმივად აღნიშნავდა საბჭოთა არმიის დაარსების დღეს _ 23 თებერვალს და ეს მაშინ, როცა აფხაზეთი და სამაჩაბლო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის მიერაა ოკუპირებულ-დაპყრობილი.
შეიძლება, მავანმა და მავანმა სხვანირად გაიგოს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს აჭარის პოლიტიკური ელიტა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში შემჩნეული არ ყოფილა, ანუ განცდა, რომ ჩოლოქს იქით სხვა საქართველოა, მაშინ არავის უჩნდებოდა.
აჭარა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მსგავსად, ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილი რომ არის, ეს დღესაც ცხადზე უცხადესია, თუმცა შარშან გაზაფხულზე ბათუმში გარკვეული პროვოკაცია მოხდა.
ყველაფერი 2017 წლის 11 მარტს დაიწყო _ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პლაზას შენობასთან პატრულის თანამშრომლებმა მოძრაობის შეფერხებისთვის ერთი პირი, ჯიმი ვარშანიძე დააჯარიმეს. შსს-ის ინფორმაციით, მისმა თანმხლებმა, რამაზ ხიმშიაშვილმა, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ორივე მათგანი დააკავეს.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მოქალაქეს პატრული 50 ლარით აჯარიმებდა, მისი შეპასუხების შემდეგ კი პოლიციელმა იგი წიხლებით სცემა, თუმცა რამაზ ხიმშიაშვილი ირწმუნებოდა, რომ პოლიციისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
რამდენიმე წუთში პლაზას მიმდებარე ტერიტორია მძღოლების საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მალევე აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დამაკავშირებელი მთავარი ქუჩა გადაკეტეს და აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პოლიციის ახალი უფროსი, კახაბერ ბუხრაძე, ქსენოფობიურ დამოკიდებულებებს ავლენდა და აჭარელ მოსახლეობას „თათრებად“ მოიხსენიებდა. მათი თქმით, ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ პოლიციამ მძღოლების მიზანმიმართულ დაჯარიმებას მიჰყო ხელი.
ბუხრაძის ქსენოფობიაში დადანაშაულების პარალელურად აქციაზე ისმოდა შეძახილები: „გორელი (კახაბერ ბუხრაძე ბათუმში გადასვლამდე გორში მუშაობდა) დააბრუნეთ გორში, ვაშლიჭამია, აჭარა აჭარლებს, ბათუმი ჩვენია“.
აქციის მონაწილეები შსს-ს მთავარი სამმართველოს შენობისკენ გაემართნენ, სადაც დაკავებულები ჰყავდათ და მათი დაუყოვნებლივი განთავისუფლება მოითხოვეს. მსვლელობის დროს პოლიციამ კიდევ 2 პირი დააკავა.
მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ვერ მიიღეს პასუხი, გაათავისუფლებდნენ თუ არა დაკავებულებს, პოლიციის სამმართველოს შენობას ქვები დაუშინეს. მოგვიანებით, პოლიციამ მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აქცია არათუ დაიშალა, არამედ მას ნიღბიანი ახალგაზრდები შეემატნენ, რომლებიც ე. წ. მოლოტოვის კოქტეილს და აგურებს ისროდნენ არა მხოლოდ პოლიციის, არამედ ახლომდებარე შენობებისა და მანქანების მიმართულებით. ისინი აგრესიას იჩენდნენ ჟურნალისტების მიმართაც.
მდგომარეობა უკონტროლო გახდა. დაპირისპირებისას დაშავდნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები და პოლიციელები. ბათუმში საავადმყოფოებს 20-ზე მეტმა პირმა მიმართა.
12 მარტის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიტუაციის დასარეგულირებლად მაშინდელი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში მიემგზავრებოდა.
აჭარის მთავრობის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ამბობდა, რომ მღებრიშვილი დაკავებულებს ერთ საათში განთავისუფლებას დაჰპირდა. მართალია,
რამდენიმე საათში დაკავებულები მართლაც გაათავისუფლეს, მაგრამ აქციის მონაწილეები მაინც არ დაიშალნენ და ინფრასტრუქტურის დაზიანებას აგრძელბდნენ _ ამოყარეს ქვაფენილი, დააზინეს საგზაო ნიშნები, მოშალეს გზაგამყოფი დეკორატიული მოაჯირები, გატეხეს მიმდებარე მაღაზიების ფანჯრები, დააზიანეს საპატრულო პოლიციისა და კერძო პირების მანქანები. დაზიანებულ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა, ცეცხლი ხეებსაც მოედო.
12 მარტს დილის 5 საათზე აქციაზე სპეცრაზმი გამოჩნდა…
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების დაწყებისთანავე გავრცელდა ვერსია, რომ ის, რაც აჭარაში ხდებოდა, შს სამინისტროსა და სუს-ს შორის დაპირისპირება იყო, თუმცა ამ კუთხით გამოძიება არ ჩატარებულა. სამაგიეროდ, ყველაფერი „თავისუფალი ზონის“ წევრ ირაკლი ჩხვირკიას „შეტენეს“, რომელიც, არსებული მასალებით თუ ვიმსჯელებთ, აბსოლუტურად უდანაშაულო იყო. ჩხვირკიამ საპატიმრო წელს გაზაფხულზე დატოვა. მისი თქმით, საპატიმროში 11 თვე აბსოლუტურად უდანაშაულოდ გაატარა.
ზოგადად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აჭარაში, როგორც ამბობენ, კლანური მმართველობის ნიშნები ისევ გაჩნდა. 2017 წლის 20 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი ჟურნალისტებს სუს-ის ხელმძღვანელ ირაკლი ერისთავისა და სხვა საჯარო მოხელეების ოჯახის წევრების საჯარო სამსახურებში დასაქმებაზე აწვდის ინფორმაციას და ამბობს, რომ სუს-ის უფროსს საჯარო სამსახურში ოჯახის ოთხი წევრი ჰყავს დასაქმებული.
„რა თქმა უნდა, ნეპოტიზმი ყველა მთავრობის დროს იყო, მაგრამ რაც დღეს გვაქვს, ეს არის ნათელი მაგალითი კლანურ-ოჯახური მმართველობისა, რომელიც ასლან აბაშიძის დროს იყო და საზოგადოებას ამაზე რეაქცია ჰქონდა“.
მაშინ რეზო ხარაზმა ისიც თქვა, რომ სუს-ის უფროს ირაკლი ერისთავის სიმამრი დავით თედორაძე უმაღლესი საბჭოს წევრია. ის, პარალელურად, აჭარის „მწერალთა კავშირშიც“ მუშაობს, ერისთავის ცოლისდა, ანუ დავით თედორაძის მეორე ქალიშვილი, შორენა თედორაძე, მერიის თანამშრომელია, მისი ქმარი გია გაბაიძე კი აჭარის მთავრობაში მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსად მუშაობს.
„ეს ის გია გაბაიძეა, რომელიც „ცხრაწლიანი რეჟიმის დროს“„ნიუ-ენერჯის“ ერთ-ერთი გავლენიანი პირი იყო, რომელიც აკეთებდა ქალაქში წყლისა და კანალიზაციის სისტემებს და მასთან დაკავშირებით კითხვები არსებობდა. სუს-ის უფროსის ცოლის ძმა ირაკლი თედორაძე კი „ბათუმის სანდასუფთავების“ უფროსის მოადგილეა.
ბაგრატ მანველიძე ბათუმის ვიცე-მერია, მისი შვილი გიორგი მანველიძე კი – აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი.
ასევე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანზორ თხილაიშვილი აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილედ როცა დასაქმდა, მისი შვილი გულად თხილაიშვილი ქობულეთის საკრებულოს წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“. მეორე შვილი, ზვიად თხილაიშვილი კი აჭარის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსის მოადგილეა. ასეთ შემთხვევაში, რა კორუფციული ფაქტები უნდა გამოავლინოს მან და ვის უნდა მოსთხოვოს კორუფციაზე პასუხი?
გარდა ამ თანამდებობებისა, ამ ადამიანებს აქვთ პირადი ბიზნესებიც, რის შესახებაც ეტაპობრივად გავაჟღერებთ“, – უთხრა მაშინ მედიას რეზო ხარაზმა.
საქართველოს „გაქოცების“ შემდეგ პირველი, ვინც აჭარაში „ასლან აბაშიძეობა“ სცადა, ავთანდილ ბერიძე გახლდათ, რომელმაც ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობა იმით შეიგრძნო, რომ „ქოლგის დამჭერი“ დაინიშნა.
„მე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვარ, დაკავებული ვარ კანონშემოქმედებითი პროცესით და კომენტარის გაკეთება ამ თემაზე დროის დაკარგვად მიმაჩნია. „ფეისბუქით“ ვიღაც პაპარაცი რაღაც ფოტოს დადებს, ყველაფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩემთვის ეს არაა მნიშვნელოვანი და საინტერესო, მე უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი საკითხები მაქვს გადასაჭრელი… ამ სურათებში არის გამოჭერის მომენტები, რომელსაც ხშირად იყენებენ ფოტოგრაფები. თქვენ მოგეხსენებათ, თანამედროვე ფოტოაპარატს აქვს ფუნქცია, რომ ერთი თითის დაჭერით წამში რამდენიმე კადრს იღებს და შემდეგ რომელიც მოგეწონება, შეარჩევ. ასეთი გამოჭერითაა ის ფოტებიც გადაღებული. სამწუხაროდ, ჟურნალისტები ხშირად იყენებენ ამ ხერხს, რაც ძალიან სამწუხარო ტენდენციაა. ამ გამოჭერით ცდილობენ მასალის გაკეთებას, მაგრამ ეს ჩემთან არ გამოვა…
რაც შეეხება იმას, მე მეჭირება ქოლგა თუ ჩემს თანმხლებ პირს, ისე იქნება, როგორც საჭიროება მოითხოვს, თუ ხელები დაკავებული მექნება, რა თქმა უნდა, მე ვერ დავიჭერ. ბუნებრივი პროცესია, როდესაც ორი ადამიანი მოდის, ერთ-ერთს უკავია ქოლგა. იცით, ვერ ვხვდები, რაა ამაში გასაკვირი, რომ თქვენზე ასაკით უმცროსმა დაიკავოს ქოლგა? მინდა ჟურნალისტებს გთხოვოთ, რომ აქცენტი გააკეთოთ არა იმაზე, თუ ვის უჭირავს ქოლგა, არამედ იმაზე, როგორ კანონს ვწერთ, ხომ არ ვარღვევთ ჩვენი ქცევით რაიმე კანონს და სხვა… აჭარის ტერიტორიაზე სამი ადამიანი სარგებლობს სპეციალური სამთავრობო დაცვის მომსახურებით: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ყველა ეს ადამიანი ითვლება VIP პერსონად. ასე რომ, დიახ, მე ვარ ამ სტატუსის მქონე ადამიანი. აჭარაში ასეთი სამია, ხოლო თბილისში _ გაცილებით ბევრი, რომლებიც სარგებლობენ სპეციალური სამთავრობო დაცვის სამსახურით. მაშინ ის მანქანა დააფიქსირეს ლიანა ისაკაძის კონცერტზე, მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი ლიანას არც ერთი კონცერტი არ გამომიტოვებია, მხედავდა ყველა იქ მყოფი, დაახლოებით 500 ადამიანი და მათ ჰკითხეთ, როგორ მივდიოდი ხოლმე იქ“, _ ასე ამართლებდა ავთანდილ ბერიძე საკუთარ თავგასულობას.
ავთანდილ ბერიძისგან განსხვავებით ზურაბ პატარაძე, რომელმაც თანამდებობა ახლახან დატოვა, თავგასულობით კი არა, პრინციპში, არაფრით გამოირჩეოდა. მისი ერთადერთი „დამსახურება“, როგორც ამბობენ, კვირიკაშვილის კლანის წევრობა იყო. ამიტომ როგორც კი კვირიკაშვილი გადააყენეს, ეჭვი არავის შეპარვია, რომ ცვლილებები ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაშიც განხორციელდებოდა და პატარაძე პოსტს დატოვება. ასეც მოხდა…
ერთი სიტყვით, ყველაფერი ზემოთქმული ნათელყოფს, რომ ავტონომიურ რესპუბლიკას გარე ძალები საქართველოს ასარევად იყენებენ. ეს გარე ძალა, უპირველესად, რასაკვირველია, ოკუპანტი რუსეთია. შიდა ძალები კი, ანუ ის ადამიანები, რომლებიც აჭარის მთავრობაში მოდიან, ავტონომურ რესპუბლიკას საკუთარ საფეოდალოდ მიიჩნევენ და ნამდვილ ფეოდალებად იქცევიან. ამასობაში კი ხალხი უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს, თუმცა სკამოსნებს ეს სულაც არ ადარდებთ და არც იმას წუხან, რომ კრემლმა შესაძლოა, აჭარის ნაღმი აამუშაოს და ქვეყანაში კიდევ ერთი დაძაბულობის კერა გააჩინოს. ამ საფრთხის თავიდან აცილებაზე ქვეყნის სპეცსამსახურები უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ სპეცსამსახურებს, როგორც ჩანს, ამისთვის არ სცალიათ, რადგან ერთმანეთთან „რაზბორკებით“ არიან დაკავებულები!

გიორგი აბაშიძე