დავით ჭიჭინაძე: „ასეთ პირობებში არათუ ევროპული, საერთოდ მომავალიც არ გაგვაჩნია“

თამარ სანაძე

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. 27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ და წარადგინეს წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები.

ეუთოს სპეციალური კოორდინატორისა, და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელის შეფასებით საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს. ესენი არის: არჩევნების პერიოდში არსებული პოლარიზებული გარემო; ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების ფაქტები, რაც, მისი თქმით, განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში; დისბალანსი ფინანსური რესურსების კუთხით; პოლარიზებული მედიაგარემო.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს არ ცნობენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ისინი მუშაობენ  საერთაშორისო პარტნიორებთან, მისიებთან იმისთვის, რომ დაისახოს ამ შედეგის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების აზრით, ნებისმიერი ქვეყნის საარჩევნო ანგარიშში არის დაფიქსირებული ინდივიდუალური ხარვეზები. მთლიანობაში, რაც იყო მთავარი და პრინციპული, აღიარებულია ამ არჩევნების ლეგიტიმაცია.

მათი თქმით, ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას ხელს ვერავინ შეუშლის.

„ვერავინ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას ხელს ვერ შეუშლის, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ“, _ განაცხადა კობახიძემ.

არჩევნებისა და კენჭისყრის შედეგების, საქართველოში მოსალოდნელი ვითარების შესახებ „ქრონიკა+“-თან ისაუბრა პარტია „ტრიბუნის“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ:

_ ბატონო დავით, არჩევნების დღემდე ვიხილეთ წინასაარჩევნო გარემო, „ქართული ოცნების“ კამპანია, სადაც მომავალზე სიტყვაც კი არ თქმულა, არანაირი დაპირება არ იყო. ამ მოცემულობის შემდგომ კი 12 წლის თავზე ისევ „ოცნებამ“ მოიგო არჩევნები. როგორ შეაფასებთ არსებულ ვითარებას?

_ ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ კამპანიას უკვე მეორე არჩევნებია, არ ატარებს. რა კამპანია? რა დაპირება? „ოცნება“ დიდი ხანია, მოსახლეობას აყვედრის იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის ხელისუფლებაში. ენმ ხელისუფლებაში უკვე არ არის 12 წელია, მაგრამ „ოცნება“ ყველანაირად ცდილობს მისი, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის, შენარჩუნებას და ამის სხვადასხვა კონფიგურაციას სთავაზობს ხალხს: ხან ერთ მიმართულებას, ხან მეორე მიმართულებას და ა. შ.

ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე მცდელობა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ტრანსფორმირების. ყველანაირად ცდილობენ, მაქსიმალურად გადაკეტილი იყოს სხვა ადამიანებისთვის,  პოლიტიკური აქტივობისთვის ერთ-ერთი ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი, როგორიც არის მედიასაშუალებები და გარკვეულწილად ფინანსური საშუალებები. თუ დავაკვირდებით ამ საარჩევნო კამპანიას, გაცილებით აქტიური და აგრესიული კამპანია ჩაატარა ახალმა პოლიტიკურმა კოალიციამ და მათ ფინანსებიც ჰქონდათ. ჩვენ ვნახეთ კიდეც, რომ ლეგალური ფინანსების მხრივ ის მეორე ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ შემდეგ. თუ ჩვენ ამ რეალობას შევხედავთ, გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ყვავის, რადგან ახალი ჩამოყალიბებული ორგანიზაცია თუ ასე მალე ახდენს ყველანაირად მობილიზაციას ფინანსებისას, შემომწირველებისას, მაშინ კარგად ყოფილა საქართველოში საქმე და რაღას ვერჩით „ქართულ ოცნებას“? რატომ ახდენს ის პოლიტიკური ძალა ამ ყველაფრის მობილიზაციას, რომელიც არის დაკავშირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არა ის ადამიანები, რომლებიც იბრძვიან როგორც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ?

შემდგომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ახალი ტექნოლოგიით ჩატარებული არჩევნების თემასაც საკმაოდ  მომზადებული შეხვდა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, გარკვეულწილად, დაბნეულებიც კი ვართ, როგორ და რანაირად შეძლო მან არჩევნების გაყალბება. მოგეხსენებათ, რასაც ეს კომპიუტერული სიტემა, აპარატები აკეთებდა, მე არ ვიცი, რა ვთქვა. ჩვენ შევხედეთ, რომ ძალიან დიდხანს გაიწელა ხელით დათვლა, როგორც ყოველთვის; ის, რაც ყუთიდან ამოვიდა და მერე იმის დაბალანსება. არ უნდა ყოფილიყო ასე, ამას ამდენი ხანი არ სჭირდებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი, ეტყობა, იყო ის, რომ ადამიანების ფაქტორი რომ გამორიცხეს და მანქანას ჩააბარეს, ვგულისხმობ აპატარებს საარჩევნო უბნებზე, ახალ ტექნოლოგიას, მანქანასთან და ტექნიკასთან მანიპულირება გაცილებით მარტივია, ვიდრე ადამიანებთან. გააიაფეს და გაიადვილეს ეს პროცესი.

შევხედეთ, რომ ბევრი საუბარი იყო დაბეჭდილ პირადობის მოწმობებზე. გვინდა თუ არ გვინდა, ყველა კარგად ვხვდებით და ვხედავთ, რომ ასეთი აქტივობა არჩევნებზე და მომსვლელთა ასეთი რაოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ თითქოს საქართველოში მოსახლეობა არ შემცირებულა და პირიქით, ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყველა სტატისტიკა აჩვენებს და ყველამ ვიცით, რომ მოსახლეობის გადინება ხდება და სიკვდილიანობაც საკმაოდ მაღალია, ამიტომ ყველა ეს საკითხი აჩენს ლეგიტიმურ კითხვას, _ რა ახალი ფორმა მოიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების? როგორ მიიტაცა ხელისუფლება?

_ უამრავი ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა საარჩევნო უბნებზე, იყო დაპირისპირებები, ვხედავდით როგორ ძალადობდნენ ფიზიკურად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებზე, რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი?

_ მთვარი რაც არის არაქართულ რეგიონში, ისეთი შედეგები დაიდო, რომელიც „მოქალაქეთა კავშირის“ შემდეგ აღარ ყოფილა. რეალურად, 90-პროცენტიანი, 88-პროცენტიანი, 80-პოცენტიანი შედეგები _ პირდაპირ მიანიშნებს და მიუთითებს იმაზე, რომ ეს არჩევნები არ იყო, ეს იყო პირდაპირ გაფორმება იმისა, რაც უნდოდა ხელისუფლებას. მან იძალადა ყველანაირად, დააშინა ხალხი, ხმების ეს რაოდენობა გაიფორმა. ჩვენ ვხედავთ, პრაქტიკულად, სადაც კი ადრე კონკურენცია იყო, სხვადასხვა პარტიები იბრძოდნენ, ახლა საერთოდ გაქრნენ. რატომ? ამ ადამიანებმა დაივიწყეს ყველაფერი, თავიანთი პოლიტიკური ღირებულებები დაივიწყეს თუ რა მოხდა? _ არ ვიცი.

უთვალავი ძალადობა, დაშინება იყო, რომელსაც ყველა ხედავდა, ვნახეთ კადრები, ვიცხილეთ ეს ყველაფერი, მაგრამ არ დაუფიქსირებიათ, რა და როგორ მოხდა. ალბათ, დროთა განმავლობაში გაირკვევა და გამოჩნდება. ეს არის იმის შედეგი, რომ ის მექანიზმი არჩევნებისა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით, რომ არჩევნები ყოფილიყო ინტერნეტის მეშვეობით, დისტანციურად, ბლოკჩეინის მეშვეობით, დაცულობის უმაღლესი ხარისხით და არა „ქართული ოცნების“ მიერ საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე აპარატებით, უარყვეს, არ დაგვიჯერეს. სხვა ვითარება იქნებოდა.

ამ მანქანებთან, ამ აპარატებთან დაკავშირებით საერთოდ ყველა გაჩუმებულია, ამ მთვლელ მანქანებს ვგულისხმობ, ელექტრონულ სისტემას, ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა არჩევნებამდე და არსებობს ახლაც. აქედან გამომდინარე, რატომ გაჩუმდნენ, რატომ გაატარეს?

თუმცა ფაქტი შემდგარია: „ქართულმა ოცნებამ“ იძალადა არჩევნებზე და ვნახოთ, შეარჩენს ამას ქართველი ხალხი, გადაყლაპავს ამ ყველაფერს თუ საკადრისს პასუხს გასცემს საზოგადოება ხელისუფლებას?

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: 2020 წლიდან 2024 წლამდე რაც დაგვემართა, ეს არის ზუსტად ის, რომ ჩვენ ვაპატიეთ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების მიტაცება. თუ კიდევ ვინმეს ჰგონია, რომ შემდეგ ოთხ წელიწადს ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში გაატარებს და შემდეგ შანსი გვექნება, რომ რაღაცა გამოვასწოროთ, ძალიან ცდება.

_ ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ ახლა, ამ მოცემულობაში, როგორი უნდა იყოს მათი სამოქმედო გეგმა დღეიდან? „ჩვენ არ შევალთ პარლამენტში, არც ვცნობთ შედეგებს!“ _ ასეთია ოპოზიციური პარტიების რეაქცია. რა უნდა იყოს მათი შემდეგი ნაბიჯი?

_ ოპოზიციას ძალიან ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი. მხოლოდ ლაპარაკი არ შველის, მოქმედებაა საჭირო. ისინი წინა არჩევნებზეც ასე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მერე რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ,  თბილი კაბინეტები მოენატრათ, შევიდნენ ამ კაბინეტებში და „ქართულ ოცნებას“ ოთხი წელი აჩუქეს. პირველ რიგში, მათ აქვთ დასამტკიცებელი ხალხისთვის, რომ საკუთარი კომფორტის გამო არ დათმობენ ქართველი ხალხის ინტერესს. თუ დაიწყებენ ბრძოლას, თუ არ შევლენ პარლამენტში, ვფიქრობ, შედეგი იქნება.

თუ გავიხსენებთ, წინა არჩევნების შემდგომაც ექვსი თვე მიდიოდა გარჩევა და ბოლოს დემოკრატიის გამარჯვებად გამოაცხადეს თავისი ქმედება და შევიდნენ პარლამენტში. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამიტომაა, რომ რწმენა და ნდობა ძალიან დაბალია. საერთოდ თუ დააკვირდებით, ისეთი პოლიტიკური პარტიები არიან, ძირითადად, რომელთაც ფინანსებთან ძალიან დიდი წვდომა აქვთ და მათ ქვეყნის განვითარებას საკუთარი ფინანსების დაცვა და გაზრდა ურჩევნიათ. თუმცა ვნახოთ, რა იქნება, როგორ დაიცავენ და როგორი ერთგულები იქნებიან იმ სიტყვის, რომელსაც ახლა იძლევიან და გვპირდებიან. მაგრამ მათ პოლიტიკურ ცხოვრებას რომ გადავხედოთ, ძალიან მერყევები და არასტაბილურები არიან თავიანთ სიტყვაში.

გამოსავალი რა იქნება ამ ვითარებიდან, რთულია პროგნოზი. თუმცა თუ გადავხედავთ შედეგებს, „ქართულ ოცნებას“ 100 ხმა არ ჰყოფნის პარლამენტის დასაკომპლექტებლად. ამ დროისთვის კი 89 მანდატი აქვთ, 11 მანდატი აკლიათ, რომ წინა პარლამენტს შეუწყვიტონ უფლებამოსილება. თუ მისცემენ ამ 11 ხმას, როგორც ეს მოხდა წინა არჩევნებზე, კი ბატონო, შეიძლება „ოცნებამ“ თავისი გაიტანოს. ეს ის ხალხია, ვინც მათ წინა არჩევნებზე „გაუპრავა“ და შეხედეთ, მე არ მგონია, რომ ქართველი ხალხი ისევ ასეთ არჩევანს აკეთებდეს. ვინც „ოცნებას“ უთეთრებს ყველაფერს, რატომ აძლევენ ხმას? რატომ იჯერებენ ამათსას? მაინც ქართველი ხალხი ბრძენი მგონია და თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამენ, ყველაფერი ძალიან ცუდად წავა. ხომ ხედავთ, ყველაფერი გადაკეტილია ამ ქვეყანაში, დემოკრატიასთან არც ერთი მხარე არ არის ახლოს. ყველაფრის უზურპაცია მოხდა. ერთმანეთთან ქიშპობით მთელი ყურადღება გადააქვთ იმ საკითხებზე, რაც არ არის იმ პრობლემებზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ქვეყანაშია. დემოგაფიული კატასტროფა, სიდუხჭიე, უპერსპექტივობა და გაქცევა, თორემ ის ხალხი, ვინც ქვეყნიდანაა წასული, ემიგრანტები, ვინც რეალურად უყურებენ და აფასებენ ყველაფერს, იქ კი ნახეთ, რა შედეგითაც დასრულდა. თუმცა ვფიქრობ, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ემიგრაციაში მყოფ ადამიანებშიც ძალიან დიდი იმედგაცრუებას გამოიწვევენ.

_ ვისაუბრეთ „ოცნების“ პროცენტულ მაჩვენებელზე, მანდატების რაოდენობაზე. თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკმარისი ხმები, რომ წინა პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდეს. ეჭვქვეშაა პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხიც. ამ ფონზე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ უნდათ, შემოვიდნენ თუ უნდათ, ნუ შემოვლენო. რასთან გვაქვს საქმე? რა რელობის წინაშე ვიქნებით?

_ ირაკლი კობახიძე საერთოდ ისეთი მოვლენაა, საკუთარი ბედ-იღბლის გარდა არავინ და არაფერი აინტერესებს, იმიტომ მოსწონს ბიძინა ივანიშვილსაც. გახსოვთ თქვენც და გვახსოვს ყველას, ბიძინა ივანიშვილმა რაც თქვა, მე ჩემი ფული მადარდებს და მეტი არაფერიო. კობახიძეს თავისი თანამდებობები ადარდებს. არამგონია, ახლა ეს იყოს ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების ნათელი მომავალი, რომ კობახიძე იყოს დაბინავებული და ყველაფრით უზრუნველყოფილი.

_ პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს პარლამენტის პირველი სხდომა. თუკი ზურაბიშვილმა სხდომა არ მოიწვია, რადგან ვიცით მისი პოზიცია, რა მოხდება?

_ კონსტიტუციაში წერია, რომ 2/3 სჭირდება ახალ პარლამენტს, რომ წინა პარლამენტს შეუწყდეს უფლებამოსილება. თუ ვერ ცნეს ამ პარლამენტის 2/3-ის უფლებამოსილება, ე. ი. ძველი პარლამენტი დაგვრჩება. იქ ბუნდოვნად წერია, გარკვევით და მკაფიოდ არაფერი წერია. ასე რომ, გვექნება გაურკვეველი სიტუაცია. ესეც კობახიძის დაწერილი კონსტიტუციაა, თვითონაც არ იცის, რას წერს, როგორ წერს. იმიტომ იყო, კონსტიტუცია ახალი მიღებული ჰქონდა და ნახევარ წელიწადში 10 შესწორება შეიტანა. ვარჯიშობს ჩვენზე, სწავლობს. ივანიშვილსაც, ეტყობა, მოსწონს, კობახიძეებმა და მისნაირებმა ჩვენზე ივარჯიშონ და იმეცადინონ.

_ რა ვითარების წინაშეც აღმოჩნდა საქარველო, ყველამ ვნახეთ. არჩევნებამდე იყო საერთაშორისო პარტნიორების ძალიან ბევრი განცხადება, რომ თუ „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში, ევროპულ გზაზე წასვლა წარმოუდგენელია. რა მომავალი აქვს ჩვენს ქვეყანას ამ სიტუაციაში? რა ბედი ელის საქართველოს?

_ ასეთ პირობებში ჩვენ არათუ ევროპული მომავალი, საერთოდ მომავალიც არ გაგვაჩნია. მომავალი რა არის? როცა ქვეყანაში დემოგრაფიულად კარგი მდგომარეობაა, შობადობა იზრდება, როცა ხალხის კეთილდღეობა იზრდება, როცა ქორწინებები იმატებს. ჩვენთან კი კატასტროფული რაოდენობით მატულობს განქორწინებები. რა პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანას, გადაშენებისა და გადაგვარების პირასაა. თუ ეს უნდათ ჩვენს მოქალაქეებს, კი ბატონო, იყვნენ ამ მოცემულობაში. არა მგონია, ჩვენი ეროვნული გმირები ასეთი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას რომ წარმოედგინათ, ასეთი ადამიანების ხელში მოხვდებოდა საქართველო, არა მგონია, ებრძოლათ. ასეთი დაჩაჩანაკებული, ასეთი დაგლახავებული და უპრინციპო საქართველო საძულველი იმპერიის პირობებშიც არ ყოფილა.