დავით ბერძენიშვილი: „გორში ივანიშვილის გაკეთებული განცხადება აჩვენებს, რომ ის აპირებს ლუკაშენკოობას“
ირინა მაკარიძე
რას გვეუბნება „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებები? რა რეალობას ქმნის ის ქვეყნისთვის? მოვლენების როგორი განვითარება გველოდება საქართვლოსთვის ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო არჩევნების პერიოდში? _ აღნიშნული საკითხების შესახებ ქრონიკა+“-ს ესაუბრება „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელი, დავით ბერძენიშვილი:
_ ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ის აგებს არჩევნებს და ვერ ახერხებს 40%-მდე ასვლას, რათა შემდეგ 5 ან 7 პროცენტი გააყალბოს, დაიმატოს და ასე შეინარჩუნოს უმრავლესობა. 1. _ შედეგი ვერ გამოიღო „ამოქოლვის პოლიტიკამ“, რაც მიმართულია პარტიების გამსხვილების წინააღმდეგ. მოგეხსენებათ, ბლოკები კონსტიტუციითაც აკრძალულია, დე ფაქტო ბლოკების შექმნას ხელს უშლის იმით, რომ ერთი პარტიის, თუნდაც მისი ლიდერის მეორე პარტიის სიაში ჩაწერა რომ გაერთულებინა, ცვლილება შეიტანა პარლამენტში. შესაბამისად, არ შეიძლება იყოს ერთი პარტიის წევრი მეორის სიაში. 2. _ პარტიებისთვის ძალიან დაბალი, ერთპროცენტიანი საფინანსო ბარიერი დატოვა ძალიან მაღალი საპარლამენტო ბარიერის ფონზე, ანუ 20 ათას ხმას თუ აიღებ, მაშინ 300 ათას ლარს მოგცემ წელიწადშიო. ესეც არის პატარა, მასთან მოთანამშრომლე პოლიტიკური ჯგუფის ლიდერის მოსყიდვის მცდელობა. ამის საპირისპიროდ ოპოზიციამაც მოძებნა კონტრგზები, მაინც მოხერხდა გამსხვილების პროცესი და 4 საარჩევნო სუბიექტი შეიქმნა, თითოეული მათგანი არის დე ფაქტო კოალიცია. ხელისუფლებამ იცის ამოქოლვა, ოპოზიციამ იცის, როგორ დაიცვას კანონის ფარგლებში საკუთარი ინტერესი.
ბიძინა ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ძალიან, ძალიან მწარედ ინანებს და ალბათ უკვე ნანობს, რომ ის დათანხმდა ორ რამეს: 1. მაინც სრულად პროპორციულია ეს არჩევნები და მაჟორიტარებზე უარი თქვა და მას დამატებითი მაჟორიტარული ფაქტორი სათავისოდ აღარ აქვს; 2. _ ხელისუფლებისთვის მორიგ სირთულეს ქმნის ელექტრონული არჩევნები. ამომრჩევლის 90 პროცენტი ხმას აძლევს ისეთ უბნებში, სადაც ხმებს ითვლის მანქანა, შემდეგ ხელითაც ხდება გადათვლა. ასე რომ, საღამოს 9 საათისთვის ყველას გვეცოდინება არჩევნების წინასწარი შედეგები. ამდენად, საკუთარ დაგებულ მახეში გაება. ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ის არჩევნებს გაყალბებებითაც ვერ იგებს, ამიტომ მან დაიწყო ისეთი ტექსტები, რომელიც პირდაპირ არის კრემლის, მოსკოვის, პუტინისკენ გზავნილები. უკვე ივანიშვილს არ ადარდებს, რომ ამით თავის მხარდამჭერ ამომრჩეველსაც კი უქმნის პრობლემას. გორში გაკეთებული განცხადებით, რა თქმა უნდა, ის, პრაქტიკულად, რუსებს უხდიდა ბოდიშს. მთავარი და არსებითი ბოდიში სწორედ ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება, ანუ საქართველოს სახელმწიფო, დაადანაშულა 2008 წლის ომის წამოწყებაში და დააპირა „გაესუფთავებინა“ რუსეთი, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია და არის უამრავი საერთაშორისოდ აღიარებული დოკუმენტი, რომელიც რუსეთს სწორედ ოკუპანტად მიიჩნევს. ამ თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილმა ხომ იცის, ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის, მასთან ჯერ კიდევ შერჩენილი ამომრჩევლის ძირითად ნაწილს, მით უმეტეს, გორში, ეს არ მოეწონებოდა, მაგრამ მან იცის, რომ მოეწონება თუ არ მოეწონება, არჩევნებს მაინც აგებს, ამიტომ ის აპირებს ლუკაშენკოობას. ანუ პუტინს ეუბნება, მე არჩევნებს ვერ მოვიგებ, ვერც გაყალბებებით, ამიტომ შენ უნდა დამიცვა. ასე ეგონა მოსკოვის სატელიტს აჭარაში, ასლან აბაშიძეს 2003-2004 წლებში, შევარდნაძემაც დააპირა რუსებთან ურთიერთობა და ორივემ ერთად გამოიწერეს მაქსიმუმ 40 პროცენტი. როდესაც მეტს ვერც კი გამოიწერ, ბუნებრივია, ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებ. ახლაც დაახლოებით იმ ვითარებაში ვართ, ხელისუფლების „ქვითრის“ ზედა ზღვარი 40%-ს არ აღემატება. ის, რომ ბარიერს ქვემოთ დარჩება ორნიშნა, გადაულახავი ხმები, ამის ალბათობა ძალიან მცირეა.
_ რას იტყვით ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, „ლელოსა“ და გახარიას გაერთიანების მცდელობაზე?
_ მე მერჩია, „ლელო“ და „გახარია“ გაერთიანებულიყვნენ და სამი ფლანგით გასულიყო ოპოზიცია. არ გამოვიდა, მაგრამ არა უშავს, იყოს ოთხი ფლანგი, არც ეს არის შემაშფოთებელი. ვგულშემატკივრობ ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ სუბიექტს. თუმცა თუ არ ჰქონდათ გადაწყვეტილების მიღების მაღალი შანსი, რატომ იწყებდნენ ამ პროცესს ან თვითონ, ან პრეზიდენტი? მგონია, რომ „ლელომაც“ და გახარიამაც მაქსიმალურად უნდა დახურონ ეს თემები და შეწყვიტონ ერთმანეთის დადანაშაულება.
_ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ მოწოდებას „ახალთან“ გაერთიანებაზე?
_ იგივე შემიძლია ვთქვა სააკაშვილის ხელახალ მოწოდებაზე, ეს არარეალისტიურია და უნდა დავხუროთ ეს თემები. მეტიც, ლაპარაკი იმაზე, ვის რა დამსახურება ჰქონდა წარსულში, მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლაში სწორედ ამაზე იყო აქცენტი, არ არის რელევანტური. ამომრჩევლისთვის მთავარი არის სამომავლოდ რას ვაკეთებთ და არა ის, ვინ უკეთესი ვიყავით წარსულში. წარსულზე შეფასებები არის განსხვავებული, არცერთი არ არის ანგელოზი ქართულ პოლიტიკაში ვინც ვყოფილვართ, ამიტომ ამ ვითარებაში არ გვინდა წარსულზე ლაპარაკი. მთავარი არის მომავალი.
_ ამ ვითარებაში ერთი სიით გასვლასა და გაერთიანებისკენ მოწოდებები, რომელიც უკვე ვიცით, რომ ვერ განხორციელდება, ხომ გამოიწვევს ოპოზიციური ამომრჩევლის იმედგაცრუებას?
_ „ედისონ რისერჩის“ ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ თუ ცალ-ცალკე გადის ოპოზიცია, ჯამურად 61%-ს იღებს, თუ ერთი სიით გავა, მაშინაც 61%-ს იღებს. იმ შემთვევაში თუ „გახარია“ და „ლელო“ გაერთიანდება, ასევე „ნაცმოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ გაერთიანდება, ამ შემთხვევაშიც ჯამი 61 იქნება. ამ დროს, ეს სუბიექტები ცალ-ცალკე თუ გადიან, „ოცნება“ 32%-ს იღებს, ხოლო თუ ოპოზიცია ერთად გადის 39%-ს იღებს. რატომ სჯობს „ოცნების“ 39% „ოცნების“ 32%-ს? _ ამაზე პასუხი არ არის. ბარიერს ქვემოთ დარჩება 5-დან 7 პროცენტამდე ამომრჩევლის ხმა. ეს ნიშნავს, რომ კვლევები ამბობს, ოპოზიციის გამარჯვება არ გადის ორი ან ერთი სიით გასვლაზე. ამიტომ ფრუსტრაციის საჭიროება არ არის. ნუ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც არარეალისტურია. არ გამოვა ახლა ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა, რადგან ვიღაცისთვის 7 ნოემბერია მტკივნეული, ვიღაცისთვის _ 20 ივნისი, ვიღაცისთვის ორივე მტკივნეულია. 4 ოპოზიციური ფლანგი იმიტომ არის ჩამოყალიბებული, რომ ყველა გემოვნების პოლიტიკურ ოპოზიციურ ამომრჩეველს ჰქონდეს არჩევანი.
_ რამდენად შეძლებს ოპოზიცია კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობას?
_ ეს 4 პოლიტიკური სუბიექტი „განწირულია“ ერთმანეთთან სათანამშრომლოდ ერთ კოალიციურ მთავრობაში. გახარიაც კი, რომელიც აცხადებდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ შეკრავდა კოალიციას, მანაც შეარბილა პოზიცია, რაც არ იყო მაინცდამაინც ადეკვატური. იმიტომ რომ არ ჰყოფნის „ნაცმოძრაობის“ გარეშე ხმები „ოცნების“ დამარცხებას. ეს უკვე სერიოზული წინსვლა არის გახარიას მხრიდან, რადგან თუ კოალიციური მმართველობა უნდა იყოს, რამდენ პროცენტსაც აიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ – (15-დან 20 პროცენტამდე, სავარაუდოდ), ამის შესაბამისი წილი უნდა ჰქონდეს კოალიციურ მთავრობაში. დარწმუნებული ვარ, „არანაცური“ პოლიტიკური პარტიების მანდატების ჯამი მეტი იქნება. შესამჩნევად მეტი იქნება 4 ნომრის, 9 ნომრის და 25 ნომრის მანდატების ჯამი, ვიდრე 5 ნომრის მანდატები. ამიტომ, ამის შესაბამისად, მთავრობაში მეტი წილი „უკვეარანაცური“ და „უკვეარაქოცური“ ამომრჩევლების მიერ არჩეულ პოლიტიკურ სუბიექტებს ექნებათ, მაგრამ არა იმდენი, რომ 72 მანდატი ჰქონდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. ამიტომ „ნაცებსა“ და „არანაცებს“ შორის მოხდება შეთანხმება. არ ველოდები, რომ ამ შეთანხმებით პრემიერი იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენილი. ამიტომ ხელისუფლება კი არ იქნება „ნაცმოძრაობის“ ან რომელიმე სხვა პარტიის, იმ ხელისუფლებაში იქნება „ნაცმოძრაობაც“ და ყველა ბარიერგადალახული პროდასავლური პარტია.
_ თეორიულად ეს ყველაფერი ლაგდება, მაგრამ თქვენ ახსენეთ ბელარუსის გზა. რა ხდება ასეთ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ მართლაც ამ გზას დაადგება?
_ მასობრივი პროტესტი, რა თქმა უნდა. ველი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ორი გზიდან ერთ-ერთს აირჩევს. თუ რომელს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქტიური იქნება ოპოზიციური ამომრჩეველი. თუ ორნიშნა რიცხვი იქნება სხვაობა, ანუ თუ ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ჯამურად 10-დან 15 პროცენტამდე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“ და ცესკოც იძულებული გახდა, ეს დაადასტუროს, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი მოახტება თავის დაქოქილ თვითმფრინავს და დატოვებს ყველასა და ყველაფერს, პოლიტიკაში ვისთანაც კი კავშირი ჰქონია საქართველოში. იმიტომ, რომ თუ 40 პროცენტიც კი ვერ მიიღო და ცესკოც ამას დაადასტურებს, რომ ოპოზიციამ ჯამურად მოიგო, აზრი აღარ ექნება გაგრძელებას. ვიდრე შეჯამდება შედეგები ოფიციალურად, მანამდე გაიქცევა ნახევარი „ოცნება“ 41 ნომრიდან. ასე ხდება ხოლმე, მედროვე ხალხი იტყვის, „ვინც მოვიდა, გაუმარჯოსო“ და გამარჯვებულ მხარეს გადადის ხოლმე, ასე მოხდა 2012 წელსაც, 12 კაცი მაშინვე წავიდა „ნაცებიდან“ „ოცნებაში“. 2003 წელს შევარდნაძის მთელი მაჟორიტარული კორპუსი გადაბარგდა მიშასთან და საკონსტიტუციო ცვლილებები გაატანინა. კომუნისტებიც „დამრგვალდნენ“ 1990 წელს, ასე ხდება ხოლმე, „ვინც მოვიდა, გაუმარჯოს“ ხალხი საკმაოდ ბევრია მიტმასნილი ქართულ პოლიტიკას. ამიტომ თუ დიდი იქნა სხვაობა ამომრჩევლის აქტიურობის შედეგად ოპოზიციის სასარგებლოდ, მაშინ ქუჩის აქციებიც, ალბათ, არ დაგვჭირდება, მაგრამ თუ სხვაობა არც ასეთი დიდი არ იქნება ან თუნდაც დიდი სხვაობის პირობებში ივანიშვილი გაჯიუტდა და დააპირა „ლუკაშენკოობა“ პუტინის მხარდაჭერითა და დასავლეთის მიმართ მტრობით, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს ძალიან სერიოზული და მძაფრი ქუჩის პროტესტი.
_ პროცესების როგორი განვითარება გველოდება ასეთ შემთხვევაში?
_ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ერთობლივი ნაბიჯები მოგვცემს იმის საშუალებას, რომ აქ ვერ მოხდეს ის, რაც ბელარუსში მოხდა. ბელარუსში დასავლეთი არ იყო ისე ძლიერად ფეხმოკიდებული, როგორც საქართველოშია, მეორე მხრივ, ქართველი ამომრჩეველი უფრო მობილიზებულია, ავტორიტარიზმის არცერთ ფორმას არ ჰგუობს და ამის დადასტურებებიც გვაქვს. არაფერს იგებს ქართველი ხალხი და ახალგაზრდობა იმით, თუ ეს ხელისუფლება დარჩება: ვიზალიბერალიზაციას დავკარგავთ, ქართული ლარი გაკუპონდება, იმიტომ რომ დასავლეთის ფინანსურ უზრუნველყოფაზეა ჩამოკიდებული, შეჩერდება დიდი პროექტები, ვერ დამთავრდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა და ა.შ. დასავლეთის ზეწოლის მექანიზმები საქართველოს ხელისუფლებაზე განუზომლად მეტია, ქართველი ხალხის ნება და სწრაფვა თავისუფლებისკენ, დასავლეთისკენ, უსაფრთხოებისკენ, ამერიკა-ევრპოპისკენ განუზომლად მეტია, ვიდრე ეს იყო ბელარუსში, ამიტომ არ გამოვა საქართველოში ბელარუსიზაცია. რუსეთმა ვერასდროს შეძლო საქართველოში ლუკაშენკოს ტიპის ბელადის გამოზრდა. მე მახსოვს ქართული პოლიტიკა გასული წლის 78 წლიდან მოყოლებული, არ გამოვიდა საქართველოში, იგორ გიორგაძეებიც ჰყავდა და მანამდე კომუნისტებიც ჰყავდა და ვინ არ ჰყავდა რუსეთს აქ, მაგრამ არ გამოდის საქართველოში ქართველი ლუკაშენკოს გამოზრდა და ვერც ივანიშვილისგან გამოვა.
_ არ ფიქრობთ, რომ ახლა განსაკუთრებული ვითარება არის, ვიდრე აქამდე იყო?
_ უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე ყოფილა, ამიტომ დაპირისპირებაც უფრო მასშტაბური იქნება, მაგრამ ბოლო კეთილია.