„დაგიჭამიათ ერთმანეთი!“ _ ბიძინა ივანიშვილის გზავნილი „ოცნებას“
მმართველ პარტიაში გლოვაა გამოცხადებული. „ქართული ოცნების“ ლიდერები ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ იმას, რაც მათ გასულ კვირას თავს დაატყდათ. გიორგი გახარიამ თავისი გადადგომით ყველაფერი თავდაყირა დააყენა. პარტიას ცივი წყალი მისმა შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმაც გადაასხა. მისი გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ აუცილებლად გამოიწვევს რღვევას. როგორც ამბობენ, ძალიან მალე კახა კალაძე დატოვებს გუნდს და დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს. პარტიის რღვევა, ადრე თუ გვიან, მაინც დაიწყებოდა, მელიას საქმემ კი ეს პროცესი უკიდურესად დააჩქარა.
მელიას საქმე
დიდი მცდელობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიცია პარლამენტში ვერ შეიყვანა. მხოლოდ 6 ადამიანის შეტყუება მოხერხდა. ამ ექვსეულს კი ოპოზიციად არავინ აღიქვამს. შესაბამისად, პარლამენტი არის ერთპარტიული. ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხშირად უსვამენ ხაზს. მართალია, „ოცნებაში“ ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ამის გამო ძალიან ღელავენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ოპოზიციონერებს დეპუტატის უფლებამოსილებას არ მიუსჯიდნენ. 51 ოპოზიციონერს უარი ეთქვა დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, მათ შორის იყო ნიკა მელიაც, რომელსაც ამ ამბიდან ორიოდე კვირის შემდეგ მოულოდნელად მოუხსნიან დეპუტატის იმუნიტეტს და უკვე მეორედ გაიმეტებენ ციხისთვის. პირველად ნიკა მელია კოლეგებმა ციხისთვის წინა მოწვევის პარლამენტში გაიმეტეს _ 2019 წლის ივნისში დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნეს. მას 20 ივნისის საქმეზე ედავებოდნენ. მაშინ მელიას სასამართლომ გირაო და ელექტრონული სამაჯური აკმარა, ახლა კი გირაოს გადაუხდელობის გამო მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა მელიას დაპატიმრება პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ იყო, ამაში ეჭვი არც არავის შეჰპარვია. გახარიას განცხადების შემდეგ ყველამ გაიგო, რომ ოპოზიციონერი ციხეში არა სასამართლომ, არამედ ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ და მმართველი პარტიის სხვა ლიდერებმა გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ ნიკა მელია არ იყო ერთადერთი ოპოზიციონერი, რომლის დაკავებასაც „ქართული ოცნება“ გეგმავდა. პარტიის ლიდერებს დასაჭერი ხალხის სია ჰქონდათ შედგენილი.
ოპოზიციის ბოიკოტმა ხელისუფლების იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა. მმართველმა პარტიამ მათთვის სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმეები განახლდა. თავდაპირველად „ქართული ოცნება“ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას გეგმავდა და ამით ოპოზიციასთან ვაჭრობას აპირებდა. მერე გადაწყვეტილება შეცვალეს და არჩევანი ნიკა მელიას სასარგებლოდ გააკეთეს.
როგორც „ქრონიკა+“-ს მმართველი პარტიის კულუარებში უთხრეს, „ქართულ ოცნებაში“ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე „ნაციონალთან“ შეთანხმებით მიიღეს. იმას ვერავინ უარყოფს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციონერებთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ირაკლი კობახიძე ჰაერზე ნამდვილად არ ამბობდა, რომ ოპოზიციიდან კიდევ ბევრი შევიდოდა პარლამენტში. მელიას ამბის მერე ეს შეუძლებელი იქნება, მაგრამ ვიღაცებთან შეთანხმება მიღწეული იყო. მათთან სიტუაციის დალაგებას პირადად ბიძინა ივანიშვილი ცდილობდა. ამისთვის კი ერთ ბობოლა „ნაციონალს“ იყენებდა.
პარლამენტში ოპოზიციის შესვლას ყველაზე აქტიურად ნიკა მელია ეწინააღმდეგებოდა. ის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერია და ბუნებრივია, რომ მის სიტყვას სხვა ფასი აქვს. ნიკა მელია მზად იყო, პარტიიდან გაერიცხა ის რამდენიმე „ნაციონალი“, რომელიც პარლამენტში შესვლის სურვილს გამოხატავდა. ამ და სხვა მიზეზების გამო მელიას პარტიაშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები.
ის თავმჯდომარედ ცოტა ხნის წინ, პარტიის თავმჯდომარეობიდან გრიგოლ ვაშაძის გაპარვის შემდეგ აირჩიეს. როგორც ამბობენ, პარლამენტში შესვლის სურვილი ამ ადამიანსაც ჰქონდა. პარტიის თავმჯდომარის პოსტი სხვა მიზეზით დატოვა და ამის გამო „ნაციონალები“ მადლიერნი უნდა იყვნენ. მისი წასვლიდან ძალიან მალე გაირკვა, რომ ნინო ანანიაშვილს ნოვოსიბირსკის ბალეტისა და ოპერის თეატრთან ჰქონდა კონტრაქტი გაფორმებული, სადაც მას სამხატვრო ხელმძღვანელად უნდა ემუშავა. ანანიაშვილთან კონტრაქტი რუსებმა დეკემბერში გააფორმეს, მოლაპარაკებები კი ერთი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში დაიწყო. ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელმა ანანიაშვილს მოსთხოვა, რომ ის იქნებოდა რუსი ბალერინა. ამ მოთხოვნას ანანიაშვილის მეუღლე გრიგოლ ვაშაძეც დაეთანხმა, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე იყო და სხვებთან ერთად „ქართულ ოცნებას“ პრორუსულობის გამო გმობდა, ამ დროს კი რუსებთან ფარულ მოლაპარაკებებში იმყოფებოდა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მელიას თავმჯდომარედ არჩევა ბევრს არ გაეხარდა. ვიღაცებს მასზე ბოღმა ჰქონდათ ჩადებული. არჩევნების წინ მელია დაიმუქრა, რომ პარტიას დატოვებდა, თუ კონკრეტული პიროვნება მათი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ დაამტკიცა, რომ მისი მართვა და დაყოლიება ადვილი არ არის. ეს მიუღებელი აღმოჩნდა როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ასევე რამდენიმე ბობოლა „ნაციონალისთვის“. ჰოდა, ფარულად შეთანხმდნენ, რომ საუკეთესო გამოსავალი მელიას პატიმრობა იყო.
ეს იდეა ბიძინა ივანიშვილსაც მოეწონა და მან დაარტყა საქმეს ბეჭედი, კობახიძემ და მდინარაძემ კი გაახმოვანეს. ვერც ისინი და ვერც ივანიშვილი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ მელია „ნაცმოძრაობის“ ოფისში გამაგრდებოდა და მის დასაცავად მთელი ოპოზიცია იქ მივიდოდა.
სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება დააგვიანა. სასამართლო პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ყველა ატყობდა, რომ მოსამართლეს დრო გაჰყავდა. ამ დროს ვიღაცები და, მათ შორის, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას ცდილობდნენ. აქტიურობდა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი. ივანიშვილის ნებართვის გარეშე მელიასთვის წინასწარ დაწერილი განაჩენი ვერ შეიცვლებოდა. „ოცნების“ შემქმნელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა და მოსამართლემ კარგა ხნით ადრე დაწერილი განაჩენი გაახმოვანა. შსს მელიას დაკავების ოპერაციისთვის მოემზადა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ოფისში უნდა ჩატარებულიყო. იმ ოფისზე აპირებდნენ შტურმის მიტანას, სადაც ასეულობით ადამიანი იყო თავმოყრილი.
ამ ოპერაციას მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა _ გიორგი გახარია. ის ამაოდ ცდილობდა თანაპარტიელების დარწმუნებას, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მისმა გადადგომამ „ოცნების“ გეგმები ჩაშალა. შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომ მელიას დაკავება პრემიერის გადადგომის გამო გადაიდო. გეგმები რამდენიმე „ნაციონალსაც“ ჩაეშალა. მათ მელია არათუ პარტიიდან ვერ მოიშორეს, არამედ მისი სახით ერთიანი ოპოზიციის ლიდერი მიიღეს.
გახარიას სიურპრიზი
„ქართული ოცნება“, ალბათ, კარგა ხანს ვერ გამოვა იმ შოკიდან, რომელიც მან გიორგი გახარიას გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო. ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე და კახა კალაძე ამის გამო სრულ ისტერიკაში არიან. არადა, ბოლო თვეების მანძილზე ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ეს ადამიანი პრემიერობიდან ჩამოეგდოთ. ამ პოსტის დაკავება ირაკლი კობახიძეს, ჯერ კიდევ, არჩევნებამდე სურდა.
ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ გახარიას რამდენიმე კვირის წინ მოსთხოვეს თანამდებობის დატოვება. ყოფილმა პრემიერმა მათ უშვერი სიტყვებით აგინა და ამის შემდეგ „ქართული ოცნებისა“ და მისი პოლიტსაბჭოს სხდომებს აღარც დასწრებია. სავარაუდოდ, ამ გინებით ყურმოჭრილმა კობახიძემ მოითხოვა სერიალებში გინების აკრძალვა.
გახარიას გადადგომა რომ შექმნილ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილება იყო, ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ერთხმად აღნიშნავენ. ამაზე საუბრობს ოპოზიცია. გახარიას სელფის ლაიქები კი, რომელმაც „ოცნება“ სრულ ისტერიკაში ჩააგდო, იმაზე მეტყველებს, რომ ექსპრემიერმა საზოგადოებაშიც დიდი მოწონება დაიმსახურა. სოზარ სუბარს რომ ჰკითხო, გიორგი გახარიამ თავისი გადადგომით წყალს გაატანა ის ნდობა, რაც მას ჰქონდა. ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილებაზე ყველაზე ადეკვატური რეაქცია მაინც კახა კალაძეს ჰქონდა. მან გახარიას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა, სხვებმა კი აიშვეს და თავადაც არ იციან, რას ამბობენ. რამდენიმე მეოცნებემ 20 ივნისის სისხლიანი ღამეც გაიხსენა.
20 ივნისის სისხლიანი ღამე გახარიას თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია. 2019 წელს ამ დარბევას მთელი „ოცნება“ ტაშს უკრავდა, მაგრამ როცა გახარიას მოშორება მოინდომეს, სწორედ ამ სპეცოპერაციის გამო მოითხოვეს მისი შს მინისტრობიდან გადადგომა.
ეს 2019 წლის ივლისში მოხდა. „ქართული ოცნების“ დახურულ შეხვედრაზე რამდენიმე მეოცნებე დაჟინებით ითხოვდა, გახარია უნდა გადადგესო. მის გადადგომას მაშინდელი პრემიერი მამუკა ბახტაძეც უჭერდა მხარს. 7 წუთით ადრე, სანამ რუსთაველზე დარბევა დაიწყებოდა, მამუკა ბახტაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. მან თქვა, „ქართული ოცნება“ არაა ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს რეზინის ტყვიებს დაუშენსო. განცხადებიდან რამდენიმე წუთში მომიტინგეებს დათვებზე სანადირო ტყვიები დაუშინეს.
ისიც ცნობილია ამბავია, რომ რუსთაველზე სროლა მაშინ დაიწყო, როცა იქ ანზორ ჩუბინიძე მივიდა, რომელიც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან იმყოფებოდა და მისგან იღებდა ინსტრუქციებს. სროლის დაწყების ბრძანების გაცემა საკუთარ თავზე გიორგი გახარიამ აიღო. წესით, მას უნდა გაეცა ეს ბრძანება, რადგან შს მინისტრი იყო. დარბევის შემდეგ ის გამუდმებით ამბობდა, რომ მან გასცა ბრძანება, მაგრამ როცა „ოცნებაში“ მავანმა მისი გადადგომა მოითხოვა, მაშინ გადაეკეტა და ყველას დაემუქრა, რომ იტყოდა, თუ ვინ გასცა სროლის დაწყების ბრძანება. ამის გაკეთება მას ახლაც შეუძლია. მისი ფოტოს ლაიქებით გაგიჟებული „ოცნების“ წევრები 20 ივნისის ხსენებას თავს თუ არ დაანებებენ, გახარიას მოუწევს საინტერესო დეტალების გახსენება, რაც მმართველი პარტიისთვის არანაკლები დარტყმა იქნება, ვიდრე მისი გადადგომა.
20 ივნისის სისხლიან ღამეზე თუ ვინმემ უნდა აგოს პასუხი, ეს ირაკლი კობახიძეა. ის უჭახუნებდა მიღებაზე სერგეი გავრილოვს ჭიქას ჭიქაზე. საზეიმო მიღების მეორე დღეს რუსი კომუნისტი, რომელსაც აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებისთვის ხმა აქვს მიცემული, სპიკერის სავარძელში მოთავსდა და საქართველოს პარლამენტში სხდომის წაყვანა სცადა. ამას სერიოზული პროტესტი მოჰყვა. ირაკლი კობახიძე იმ მომენტში ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ქუჩაში გამოსული ხალხი მის გადადგომას ითხოვდა. გადადგომა სიტუაციას განმუხტავდა და რუსთაველზე სისხლი აღარ დაიღვრებოდა. კობახიძე ბაქოში გაფრინდა. იქიდან სამთავრობო ტელევიზიებს ჩაერთო და განაცხადა, რომ თანამდებობიდან არ გადადგებოდა. ამან ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა და ყველაფერი სისხლისღვრით და დარბევით დასრულდა.
დარბევამ პროტესტი კიდევ უფრო გაამძაფრა. მაშინ ბიძინა ივანიშვილმა დაურეკა კობახიძეს და მოსთხოვა, სასწრაფოდ დაბრუნებულიყო თბილისში და გადადგომის შესახებ განცხადება გაეკეთებინა. თბილისში დაბრუნებული კობახიძე პარტიის ოფისში მივიდა, ერთ-ერთ ოთახში ჩაიკეტა და ამბობდა, არ გადავდგებიო. ივანიშვილის დავალებით, კობახიძის გადადგომის შესახებ განცხადება კახა კალაძემ გააკეთა.
ახლა მთელი „ქოცნება“ იმას ფიქრობს, თუ რას მოიმოქმედებს გიორგი გახარია. ზოგიერთი იმასაც შიშობს, რომ მან შესაძლოა, ახალი პარტიაც კი შექმნას. ზოგიერთი არ გამორიცხავს, რომ ეს წასვლა ივანიშვილთან არის შეთანხმებული. მოკლედ რომ ვთქვათ, სერიოზულად არიან გამწარებულები.
კობახიძის კოშმარი
ირაკლი კობახიძეს პრემიერის პოსტის დაკავება რომ სურდა, ამის შესახებ პარტიაში ჯერ კიდევ არჩევნებამდე ლაპარაკობდნენ. რაღაც პერიოდი იმაზეც მიდიოდა საუბარი, რომ ის კვლავ პარლამენტის სპიკერის პოსტს დაიკავებდა. ამაზე არჩილ თალაკვაძეს გადაეკეტა და დაიმუქრა, რომ პარტიას დატოვებდა და რაღაცებს მოყვებოდა. ასე გახდა არჩილ თალაკვაძე მეორედ საქართველოს პარლამენტის სპიკერი. კობახიძე კი კვლავ პრემიერობაზე ფიქრში ათენებდა ღამეებს.
მას ეს სურვილი ვერც ივანიშვილის ნაწყალობევმა პარტიის თავმჯდომარის პოსტმა გაუქრო. ამ თანამდებობაზე კახა კალაძის კანდიდატურაც განიხილებოდა. საბოლოოდ არჩევანი მაინც ნასპიკერალზე შეჩერდა. კალაძე და კობახიძე თითქოს ერთ გუნდს წარმოადგენენ, მაგრამ მათ შორისაც არის კონკურენცია. როცა გადაწყდა, რომ პარტიის თავმჯდომარე პრემიერობაზე მეოცნებე იქნებოდა, მან გადაწყვიტა, თბილისის მერი გენერალური მდივნის პოსტიდან მოეშორებინა. ითქვა, რომ გენმდივნის პოსტი გაუქმდებოდა. ამის საპასუხოდ კალაძემ თქვა, რომ ის პარტიას დატოვებდა. ასე შეინარჩუნა მან გენერალური მდივნის თანამდებობა. რაც შეეხება კობახიძეს, პარტიის თავმჯდომარეობამ მას საპრემიერო ამბიციები კიდევ უფრო გაუზარდა და გახარიასთვის ძირის გამოთხრა აქტიურად დაიწყო. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რამდენიმე კვირის წინ მან აწ უკვე ყოფილ პრემიერს პოსტის დატოვება მოსთხოვა, რაზედაც უარი მიიღო.
მისი ოცნება წესით, 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე უნდა ამხდარიყო. გახარიამ ამ დღეს დატოვა თანამდებობა. ირაკლი კობახიძემ პარტიის ლიდერებთან ერთად საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც გვამცნო, რომ პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბებოდა და პრემიერობის კანდიდატს მეორე დღეს დაასახელებდნენ. პრემიერის კანდიდატურა იმავე საღამოს დასახელდა, მანამდე კი „ქართული ოცნების“ ოფისში ნამდვილი დრამა გათამაშდა.
ირაკლი კობახიძეს ეგონა, რომ ყველა მის გაპრემიერებას დაუჭერდა მხარს, მაგრამ ასე არ მოხდა. ატყდა ერთი ამბავი. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ირაკლი კობახიძე დედის გინებაზეც კი გადავიდა.
საქმეში საქართველოში აშშ-ის ელჩიც კი ჩაერია. ის ამაოდ ცდილობდა ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაციის დამყარებას. მეოცნებეთა ისტერიკის შემხედვარე კელი დეგნანმა ისიც კი თქვა, ამიტომ არ მინდოდა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულიყოო.
მარჩენალთან დაკავშირებას „ოცნების“ ლიდერები თავადაც ცდილობდნენ. იმის გარკვევა სურდათ, პრემიერის პოსტზე ვის დაუჭერდა მხარს. ივანიშვილი მათ ზარებს არ პასუხობდა. კაცს დაბადების დღე ჰქონდა და არ ეცალა. შემდეგ მასთან შუამავალი მიაგზავნეს.
როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, შუამავალმა მათ ივანიშვილის დანაბარები გადმოსცა, რომელიც სიტყვა-სიტყვით ასე ჟღერდა: „დაგიჭამიათ ერთმანეთი“. ესენი ისედაც ერთმანეთს ჭამდნენ. განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე იყო გამწარებული, რომელსაც თავი უკვე პრემიერის სავარძელში წარმოედგინა.
„ოცნების“ ლიდერებმა კიდევ ერთხელ სცადეს ივანიშვილთან დაკავშირება. ამ შემთხვევაში ის უფრო კონტაქტური გამოდგა და დაიბარა, _ სია ჩამოწერეთ, პრემიერის პოსტზე ვის კანდიდატურებს განიხილავთო.
ივანიშვილს გაუგზავნეს სია. სიაში კანდიდატები ასე იყვნენ წარმოდგენილნი: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, თეა წულუკიანი, მაია ცქიტიშვილი ეკატერინე ტიკარაძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ივანიშვილისგან ასეთი პასუხი მიიღეს, პრემიერი ის იქნება, რომელიც სიაში ბოლოაო, _ გვიყვება ჩვენი წყარო.
ამ პასუხმა ირაკლი კობახიძე სრულ ისტერიკაში ჩააგდო. ღარიბაშვილის პრემიერად დასახელება მისთვის სრული შოკი იყო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ელოდა პრემიერობას. კობახიძესა და კალაძეს ღარიბაშვილთან სერიოზული უთანხმოება აქვთ. წლების წინათ, როცა ის პრემიერობიდან გაუშვეს, ამაში ლომის წილი კობახიძე-კალაძის წყვილს ეკუთვნის. მათ აჰქონდათ მარჩენალთან ღარიბაშვილზე კომპრომატები. კალაძემ მას მინისტრები აუმხედრა. მისი წაქეზებით მთავრობის პრემიერის ზარებს არ პასუხობდნენ. თავად კალაძეც მინისტრი და შეთავსებით ვიცე-პრემიერი იყო.
ღარიბაშვილის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება რომ კობახიძისთვის მეხის დაცემა იყო, ეს მას სახეზეც ეტყობოდა. არანაკლებ ტრაგიკული გამომეტყველება ჰქონდა მამუკა მდინარაძეს და კახა კალაძეს.
პარტია რამე შარში რომ არ გაეხვია და კობახიძე ოდნავ დამშვიდებულიყო, არჩილ თალაკვაძემ მისი ორდენით დაჯილდოება გადაწყვიტა. ეს ორდენი პარტიის თავმჯდომარეს, ალბათ, ოდნავ ეამა, მაგრამ ის ღარიბაშვილის პრემიერობას არ შეეგუება. კობახიძე-კალაძის კლანი პარლამენტში სერიოზულად არის წარმოდგენილი. საპარლამენტო კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო ღარიბაშვილის კანდიდატურის ჩაგდება.
ირაკლი ღარიბაშვილისთვის პრემიერობა იოლი ნამდვილად არ იქნება. მანაც ძალიან კარგად იცის, რომ გუნდი მას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. მას მოწინააღმდეგეები პარტიაშიც ჰყავს, პარლამენტშიც და მთავრობაშიც. ის და გომელაური ერთმანეთთან კარგად ვერ არიან. მას არც სუსის უფროსი ლილუაშვილი სწყალობს. დაცვის სახელმწიფო სამსახურის უფროს ანზორ ჩუბინიძესთანაც სერიოზული პრობლემები აქვს. როდესაც ღარიბაშვილი პირველად გახდა პრემიერი, ანზორ ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სამსახურის პოსტი დატოვა.
ღარიბაშვილი მაია ცქიტიშვილთანაც ვერ პოულობდა საერთო ენას. ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დაინიშნა. ამ პოსტზე ღარიბაშვილის დროსაც დარჩა, მაგრამ მას არავინ არაფერს ეკითხებოდა. მისი პოზიციები ივანიშვილმა გაამყარა და მოგვიანებით სწორედ მაია ცქიტიშვილის პირით შეუთვალა ღარიბაშვილს, პრემიერის პოსტი დატოვეო.
ღარიბაშვილი არც მაია ცქიტიშვილს ეხატება გულს. მიხვდა, რომ განახლებულ მთავრობაში ვერ იმუშავებდა და ამიტომ უარი თქვა მინისტრის სავარძლის დაკავებაზე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცქიტიშვილი ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის რაღაც ფორმით მაინც მოგვევლინოს ხელისუფლებაში.
რას იზამს კალაძე?
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პრემიერობის ამბიციები კახა კალაძესაც ჰქონდა. ის ამ პოსტისთვის მაშინ აპირებდა ბრძოლას, როცა მერის უფლებამოსილება ამოეწურებოდა. მოგეხსენებათ, ამ შემოდგომაზე თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და მისი მერობაც დასრულდება. თუმცა ის ახლაც მზად იყო, დაეტოვებინა მერის პოსტი და პრემიერობის კანდიდატი ყოფილიყო. „ოცნების“ შემქმნელმა არჩევანი ღარიბაშვილზე გააკეთა. ეს კალაძისთვისაც ერთგვარი გამოწვევაა. „ოცნების“ კულუარებში უკვე ელოდებიან, რომ კახა კალაძე პარტიას დატოვებს და დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს.
კალაძის პარტიიდან შესაძლო გასვლაზე გუნდში უკვე კარგა ხანია, საუბრობენ. ამისთვის მას საკუთარი გუნდიც ჰყავს და საკუთარი ფინანსებიც აქვს. როგორც ამბობენ, მან უკრაინაშიც ამ მიზნით გაყიდა თავისი ბიზნესი. კალაძის გადაწყვეტილება იმაზეც იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ოპოზიცია თითქმის დარწმუნებულია, რომ საქმე ვადამდელ არჩევნებამდე მივა. თუ ვადამდელი არჩევნები მართლაც დაინიშნა, მაშინ კალაძე ნამდვილად გაემიჯნება „ქართულ ოცნებას“. არ არის გამორიცხული, მან ოპოზიციასთანაც ითანამშრომლოს. მას განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა აქვს თითქმის დაშლილი „ევროპული საქართველოს“ წევრებთან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოდესღაც სააკაშვილის დიდი მეხოტბე და მხარდამჭერი იყო. მისი მხარდაჭერა არც ახლა გაუჭირდება. გააჩნია, რა ვითარება იქნება. ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა.
შორენა მარსაგიშვილი