დაბრუნდება თუ არა ლევან ვასაძე პოლიტიკაში?
შორენა მარსაგიშვილი
პოლიტიკაში მოსული და მალევე წასული ლევან ვასაძე, შესაძლოა, ისევ დაბრუნდეს პოლიტიკაში. სავარაუდოდ, დაბრუნებას ემსახურებოდა მის მიერ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადებები. მან ბიძინა ივანიშვილს „ფარჩაკი და „მელკი“ ვაჭარი“ უწოდა. დაახლოებით 11 წლის წინ იგივე ვასაძე ითხოვდა, რომ ქართველობას ბიძინა ივანიშვილისთვის ორი ძეგლი დაედგა. რაინდი იმ ხალხსაც აკრიტიკებდა, რომლებიც, მისი თქმით, ნულოვანი რეიტინგით შეჰყვნენ ივანიშვილს პოლიტიკაში.„უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ მაგ კაცს, მინიმუმ, ორი ძეგლი უნდა დავუდგათ – ერთი, რაღაც კოლოსალური ქველმოქმედებისთვის, რაც მან ქვეყანაში სრულიად უანგაროდ გასწია. ბეცია ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ამას აკეთებდა იმიტომ, რომ პოლიტიკაში უნდოდა მოსვლაო. ეს არის ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ქვლმოქმედი და მეორე ძეგლი მას ეკუთვნის იმისთვის, რომ მან ეს დესპოტური რეჟიმი მოგვაშორა. მისთვის უდიდესი მადლობა გვაქვს სათქმელი. პოლიტიკა ძალიან ბინძური საქმეა, მაგრამ მექმნება შთაბეჭდილება, რომ არის ხალხი, რომელიც ტროას ცხენის ჯაშუშებივით ნულოვანი რეიტინგით ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში შეჰყვნენ. მათ ნუ ეგონებათ, რომ ისინი ლეგიტიმური რეიტინგის მატარებელი უმრავლესობის წევრები არიან. ისინი შევიდნენ ერთი კაცის რეიტინგზე და ახლა გამოჩნდება, თუ რისთვის შევიდნენ ისინი იქ, ამიტომ კარგად დაფიქრდნენ, რა უნდათ“. _ აცხადებდა 2013 წელს ვასაძე.ახლა ვასაძეს ორი ძეგლის დადგმის სურვილი აღარ აქვს და მისთვის ივანიშვილი ფარჩაკი და „მელკი“ ვაჭარია. ამ შეფასების გამო მან „ქართული ოცნების“ ტროლ-ბოტების დიდი რისხვა დაიმსახურა. ისინი რაინდს სასტიკად ლანძღავენ. „ოცნების“ მხარდამჭერები და ჩინოსნები კი ვასაძესთან სატელეფონო საუბრებით და ვიზიტებით არჩევენ საქმეს. ვასაძემ თქვა, რომ ამ შეფასების შემდეგ მას ივანიშვილის გარდა თითქმის ყველამ დაურეკა.პოლიტიკურ წრეებში, მათ შორის, არც „ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ ვასაძეს ივანიშვილის გალანძღვა პრორუსული ელექტორატის გულის მოსაგებად დასჭირდა. პრორუსულად განწყობილი საზოგადოება ბიძინა ივანიშვილზე განაწყენებულია. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.ბიძინა ივანიშვილზე განაწყენებულია „ალტ-ინფოც“. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან გაშვების შემდეგ, როგორც ამბობენ, „ალტ-ინფოს“ პოზიციები მკვეთრად შეირყა. ალტინფოელები ამაში ივანიშვილს სდებენ ბრალს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ „პატრიოტთა ალიანსზე“ ჩავიდეს ფსონს, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საქართველოში ყველაზე პოპულარული პრორუსული პარტია იყო. მათ ღიად უჭერდა მხარს ბიძინა ივანიშვილი.პრორუსული ელექტორატი განაწყენებულია და არ არის გასაკვირი, რომ ლევან ვასაძეს მათი კეთილგანწყობის მოპოვება სურდეს. მით უმეტეს, რომ მას პოლიტიკაში დასაბრუნებლად ყველაფერი მზად აქვს. სიტუაციაც ხელსაყრელია.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რაინდი ოლიგარქს თავს ესხმის. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვასაძე რამდენჯერმე დაუპირისპირდა ივანიშვილს. ეს დაპირისპირება იყო საჯარო. სამთავრობო კულუარებში ამბობენ, რომ მათ ამ დაპირისპირების მიუხედავად საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ და ერთად რაღაცებს თათბირობდნენ კიდევაც. ბოლო დროს მათ კომუნიკაცია აღარ ჰქონიათ.ცნობილი ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაინდს პრემიერის პოსტის დაკავებაც კი შესთავაზა. ეს იყო 2013 წელს. იმ დროს ივანიშვილს ჯერ კიდევ მთავრობის მეთაურის თანამდებობა ეკავა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან აპირებდა წასვლას და სანდო შემცვლელს ეძებდა. ერთ-ერთ კანდიდატად ლევან ვასაძე შეარჩია, მაგრამ ამ უკანასკნელმა მაშინ შეთავაზება არ მიიღო.სამაგიეროდ, აქტიურად ემზადებოდა იმისთვის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილიყო. 2017 წელს საქართველოში იგეგმებოდა დიდი საერო და საეკლესიო ყრილობა, სადაც ვასაძე პრეზიდენტობის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ. ვასაძეს იმედი ჰქონდა, რომ მას რამდენიმე ეპისკოპოსი დაუჭერდა მხარს, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. რაღაცები შეიცვალა საპატრიარქოში. შესაბამისად, აღარ შედგა ის დიდი კრება და აღარც ვასაძე დაუსახელებიათ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად.ლევან ვასაძეს ბევრი აკრიტიკებს, ბევრი დასცინის, მაგრამ მას ბევრი მხარდამჭერიც ჰყავს. ძირითადად პრორუსული ორიენტაციის მქონენი. ასეთები საქართვეოში ცოტანი არ არიან, მაგრამ რამდენიმე ბანაკად იყოფიან. ერთი ნაწილი „პატრიოტთა ალიანსს“ უჭერს მხარს, მეორე ნაწილი „ალტ-ინფოს“ და მესამე ნაწილი _ ლევან ვასაძეს. ეს მესამე ნაწილი ცოტა დაბნეულია, რადგან ვასაძე ხან მოდის პოლიტიკაში და ხანაც უკან გარბის. აღსანიშნავია, რომ პრორუსული ბანაკები ერთმანეთს ვერ იტანენ, მაგრამ ღიად არ ლანძღავენ და საჭიროების შემთხვევაში ერთად დადგომასაც ახერხებენ. ცუდი არ იქნება, თუ დანარჩენი ოპოზიცია მათ ამაში მიბაძავს.პოლიტიკაში შესაძლო მოსვლის შესახებ რაინდმა ღია განცხადება პირველად 2019 წელს გააკეთა. ივანიშვილთან მაშინ მას ერთ-ერთი პირველი ღია დაპირისპირება ჰქონდა. დაპირისპირების მიზეზი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გახდა.ეს სკანდალური ფილმი, ალბათ, ყველას გახსოვთ. ის თბილისის კინოთეატრებში 2019 წელს გაუშვეს. ლევან ვასაძე და კიდევ ასეულობით ადამიანი ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ფილმი კინოთეატრის ეკრანებზე არ გასულიყო. ხელისუფლებამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ფილმის პრემიერის ჩასაშლელად ვასაძემ რეგიონებიდან უხმო თანამოაზრეებს. თბილისიდანაც ბევრი შეუერთდა მათ. ამის მიუხედავად, ფილმის პრემიერა ვერ ჩაშალეს. პრემიერას პოლიცია იცავდა. ვასაძეს პოლიციელებთან დაპირისპირებაც მოუხდა. მაშინ მან დაიჩივლა, რომ პოლიციელები მას ფეხებში წვეტიან ფეხსაცმელებს ურტყამდნენ. რაინდი ძალიან გაბრაზდა და განაცხადა, რომ მას ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ითრევდა.ამის პარალელურად, რაინდმა განაცხადა, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში ყოფნის უფლება აღარ ჰქონდა, რადგან მან ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრებში ჩვენება დაუშვა. იმ დროისთვის ივანიშვილი პოლიტიკაში მეორედ იყო მოსული.„ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა გადაკვეთა ის საკრალური ხაზი, რომლის შემდეგ მას აღარ აქვს უფლება, იყოს ამ ქვეყნის მმართველი. დარჩი ამ ქვეყანაში, აშენე კურორტები, მაგრამ, ბიძინა, შენ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება“, _ თქვა მაშინ ვასაძემ.მაშინ ვასაძემ ერთი საიდუმლოც გაამხილა და განაცხადა, რომ მასსა და ივანიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა, თუმცა ამ შეხვედრის დეტალები აღარ დააკონკრეტა. ვასაძე ამ სკანდალური ფილმის გაშვებამდე რამდენიმე თვით ადრე გააქტიურდა. 2019 წლის ივნისში უკანონო რაზმების, „ლეგიონის“ ფორმირება და „გეი პროპაგანდის“ პრევენციისთვის პატრულირება დააანონსა. იმ წელს შსს-მ ვასაძის განცხადების საფუძველზე უკანონო ფორმირების მუხლით (სსსკ-ის 223-ე) გამოძიებაც დაიწყო. როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, მაშინ ამ „ლეგიონების“ შექმნა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. ალბათ გახსოვთ, რომ 2019 წლის ივნისში თბილისში ანტისაოკუპაციო აქციები დაიწყო. ეს ტალღა „გავრილოვის ღამის“ შემდეგ აგორდა. ვასაძის „ლეგიონები“ ამისთვისაც იყო საჭირო. მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ სიტუაცია აღარ გაამწვავა.2021 წელს ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა ოფიციალური განცხადება. მან საგანგებო ბრიფინგი გამართა. სადაც თქვა, რომ აფუძნებს საზოგადოებრივ მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედს“. აღსანიშნავია რომ ვასაძის მოძრაობას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. და არავინ იცის, რას მოიმოქმედებდნენ ისინი, ლევან ვასაძე მოულოდნელად პოლიტიკიდან რომ არ წასულიყო. პოლიტიკიდან წასვლის მიზეზად მან ჯანმრთელობის მკვეთრად გაუარესება დაასახელა. რაღაც პერიოდი გაუჩინარებული იყო, როგორც ამბობენ, მკურნალობდა. მერე ნელ-ნელა გამოჩნდა, ავრცელებდა ვიდეომიმართვებს. ახლა კი აშკარად რაღაცისთვის ემზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასე მკვეთრად არ დაუპირისპირდებოდა ბიძინა ივანიშვილს. არც ისაა გამორიცხული, რომ ეს ერთობლივი თამაში იყოს. პოლიტიკაში, განსაკუთრებით ქართულ პოლიტიკაში, ყველაფერი მოსულა.