გურამ ლურსმანაშვილი: „ეკლესია ხდება ჩვეულებრივი კონვერტორი“
თუ კარგად დავაკვირდებით, სეკულარიზმზე საუბარი საქართველოში ცუდ ტონად მიიჩნევა. მავანს ეკლესიის ერიდება, მავანი სისტემის მანკიერებაზე მიუთითებს, ზოგი ვერ წვდება ამ სიტყვის მნიშვნელობას, სხვებს კი არც ადარდებთ. თუმცა ცალკეული შემთხვევების დროს, მეტწილად, პოლიტიკოსები წამოიძახებენ ხოლმე, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა. საზოგადოების ნაწილის მკაფიო მოთხოვნას, რომ ქვეყანაში სეკულარიზმის პრინციპი არასოდეს დაირღვეს, სწორედ პოლიტიკოსები და მმართველი კლანები არღვევენ.
ამ თემაზე „ქრონიკა+“ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილს ესაუბრა:
_ გურამ, ჩვენი საუბარი ძალიან ბანალური კითხვით დავიწყოთ: საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები რას ერჩიან სეკულარიზმს, მათ შორის, ეკლესიაში?
_ სეკულარიზმი _ ესაა თემა, რომელიც ჩვენს საეკლესიო წრეებში ერთ-ერთი ყველაზე ტაბუდადებულია, რასაც ორი მიზეზი აქვს: პირველი _ არ ვიცით, რას ნიშნავს იგი და მეორე _ მავანს სურს, არც ვიცოდეთ, თუ რას ნიშნავს იგი. სეკულარიზმი იხატება ცალსახად უარყოფით ფორმად, რომელიც პირდაპირ იგივდება უღმერთობასთან.
_ რატომ?
_ ახსნა საკმაოდ ბანალური, თუმცა ეფექტურია, სადღეგრძელოს ტიპის: „ჩვენი დიდი მეფეები და ეკლესია ერთად ზრუნავდნენ სამშობლოზე და ასე უნდა იყოს მომავალშიც, თორემ ქართველობას დავკარგავთ და გადავშენდებით“. რატომ მაინცდამაინც მეფე, ამაზე ცალკე ვისაუბროთ, იქამდე კი ფაქტია _ ეს მიდგომა მუშაობს, ყველა მთავრობა კმაყოფილია, ყველა მთავრობის დროს არსებული საპატრიარქო წრეებიც გადასარევად გრძნობენ თავს, იქით კიდევ ჩვენი გარეშე მტერია მშვენივრად, რომელიც ამ ყველაფერს საკუთარი მეხუთე კოლონის მიერ ჰიბრიდულ ომში წარმატების მიღწევის საწინდრად იყენებს.
_ უფრო დეტალური განხილვა ვცადოთ…
_ ვცადოთ. რას „აჯერებენ“ რიგით ქართველს? _ რომ სახელმწიფო და ეკლესია, ეს ორი ინსტიტუტი, ერთად უნდა მოქმედებდეს, რომ რიგით მოქალაქეს არ შეუძლია, თავისით მიხვდეს, თუ რომელი პოლიტიკური რეჟიმი ან მთავრობა უნდა აირჩიოს, ამიტომ სასულიერო პირი (სასურველია მაღალი იერარქიის) კურთხევას მისცემს მოქალაქეს, ანუ მრევლს, რომელი პოლიტიკური ძალისთვის სჯობს ხმის მიცემა. აი, ეს კურთხევა სასულიერო პირისგან კი არა, თავად უფლისგან მოდის. ყველაფერი მარტივია.
_ ეს ჩვეულებრივი მანიპულაციაა ღმერთის სახელით…
_ ახლა ოდნავ სხვა კუთხით შევხედოთ სიტუაციას. როდესაც სეკულარიზმზე ვსაუბრობთ, ე. ი. სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნაზე, მისი მომხრე მხარე ყოველთვის აპელირებს, რომ ეს მოდელი სასარგებლო და აუცილებელია სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირებისთვის. ნამდვილად ასეა, მაგრამ მეტსაც ვიტყოდი: თავად ეკლესიას სჭირდება იგი, რომ საკუთრი ჭეშმარიტი და უმაღლესი მისია არ შებღალოს.
_ რას გულისხმობ?
_ რიგითი მკითხველი შეიძლება, მთლად კარგად ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ რეალურად მავანმა ეკლესია რამდენიმე ფუნქციის ირგვლივ გამოკეტა. ქვეყნებში, სადაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ინსტიტუციური გამიჯვნა არ არის, განსაკუთრებით „ტრადიციულ ქვეყნებში“, ხელისუფლებისთვის ეკლესიას ორი ფუნქცია რჩება: 1. ხელისუფლებას შეუქმნას „იდეოლოგიური ბექგრაუნდი“ და დაეხმაროს ძალაუფლებაში დიდხანს დარჩენისთვის; 2. ეკონომიკური გაჭირვების პირობებში საკუთარ მოსახლეობას შეუქმნას ასტრალურობის ილუზია და ეს გაჭირვება გარე ძალას დააბრალოს. ანუ ზემო ეშელონებში მყოფ გავლენიან პირებს სახელმწიფო კომფორტის ყველანაირ პირობას უქმნის: ფინანსური, გავლენები, უსაფრთხოებისა და ა. შ., რომ შემდგომში მან თავისი გავლენის ქვეშ მყოფი გაჭირვებული ადამიანი დააჯეროს, რომ ეს არაფერია, „უფალი მისცემს იმდენს, რომ არ მოკვდეს“. აი, „მამაო ჩვენოშიც“ ხომ არსებობის, პურს ვთხოვთ ღმერთს და არა გაძღომას? მტკიცება იმისა, რომ ეს ეკონომიკური გაჭირვება არის „მესამე ძალის შემოგდებული“ ან სულაც ფორმულა _ ლგბტ-ს რომ პროპაგანდის საშუალებას ვაძლევთ, ამიტომ არ გვაქვს ფული და ა. შ.
_ ანუ გინდა თქვა, რომ ეკლესია, რეალურად, სახელმწიფოს მართვის პოლიტიკური ინსტიტუტია, რომელსაც ხალხის დაბოლება ან და ღმერთის სახელით იძულება აქვს ნაკისრი?
_ რეალურად, ეკლესია ხდება ჩვეულებრივი კონვერტორი, პოლიტიკური ინსტიტუტი, რომელსაც რაღაც „ტრანზაქციისთვის“ უხდიან და თავად ის შემდგომში „პროდუქტს გამოიმუშავებს“. ასეთი „ტრანზაქციები“ განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში აქტიურდება, უკვე მეორეხარისხოვანია, სახელმწიფო ამისთვის შავ ჯიპს გადაიხდის, მილიონებს, ტაძრებს მოხატავს, ააგებს თუ წილხვედრომილობის ან წილუხვდრომილობის დღეს საპარლამენტო დონეზე დააკანონებს, მთავარია, ეკლესიამ, როგორც დიდი გავლენის მქონე ინსტიტუტმა, ხელისუფლების ვადის გაგრძელებისთვის მას ხელი არ შეუშალოს, რომ შემდეგ კვლავ დააგროვოს ხელისუფალმა ქონება და უკვე მომდევნო ჯერზე ახალი „ტრანზაქცია“ განახორციელოს. ამიტომ აღარც გვიკვირს „ხელისუფალთა პილიგრიმობა“, კამერების წინ „სულიერი კეკლუცი“, ზნეობის „სადარაჯო“ განცხადებები და ა. შ. მმართველობის ამ სისტემაში სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს. ამ ყველაფრის შემდეგ მოაზროვნე მასა რომ ქვეყანას ტოვებს, ეს მით უკეთესი ხელისუფლებისთვის, უფრო დიდხანს დარჩება სკამზე, რადგან უფრო მეტი ცხვარი დარჩება ქვეყანაში, რომელსაც მარტივად გარეკავს, საითაც მოუნდება.
_ ეს ყველაფერი რა კავშირშია სეკულარიზმთან?
_ უმთავრესში. ამ მანკიერებების თავიდან აცილების იარაღი სეკულარიზმია, შესაბამისად, არ უნდა გვიკვირდეს ამ მოდელის წინააღმდეგ ასეთი გავეშებული ბრძოლა.
_ თუმცა თავად ტერმინია გაუგებარი ადამიანებისთვის, ტერმინის შინაარსი და არსი, მის სიკეთეებზე საუბარს თავი რომ დავანებოთ…
_ გეთანხმები და, ალბათ, დროა, თავად ტერმინი გავშალოთ, რომ რიგითი მკითხველისთვის უცხო არ იყოს. რეალურად, სეკულარიზმი ნიშნავს მმართველობის იმ მოდელს, როდესაც სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთის საქმეებში არ ერევიან. პირობითად, სეკულარიზმი შეგვიძლია ორ ნაწილად დავყოთ, რაც ფობიებისგან თავის ასარიდებლად გამოგვადგება _ ინსტიტუციური სეკულარიზმი და მსოფლმხედველობითი, ღირებულებითი სეკულარიზმი. პირველი: ეკლესიისა და სახელმწიფოს ინსტიტუციურ განცალკევებას გულისხმობს, რომ ერთის ლეგიტიმაცია მეორეზე დამოკიდებული არაა და თითოეული მათგანის მოქმედების პრინციპი დამოუკიდებელია, ავტონომიურია. რაც შეეხება მსოფლმხედველობით, ღირებულებით სეკულარიზმს, ამგვარი იდეოლოგიის მქონე ადამიანები მიიჩნევენ, რომ ცალკეულ რელიგიურ ინსტიტუტებსა და ზოგადად ღმერთისადმი რწმენას საზოგადოებისთვის ცალსახად ნეგატიური შედეგი მოჰქონდა და, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ საჯარო სივრცეში ეკლესიასა და, ზოგადად, რელიგიაზე საუბარი არ უნდა მიმდინარეობდეს.
_ ისტორიულ მაგალითებსაც შევეხოთ…
_ კარგით, ისტორიული და თეოლოგიური კუთხითაც შევხედოთ მოვლენას. ამ ფორმაზე პირველ მოწოდებას თავად ქრისტე გვაძლევს: „მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს _ ღმრთისა“ (მათ. 22, 21), მაცხოვარი სხვა ადგილზე ამბობს, რომ: „ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური; ამქვეყნიური რომ იყოს, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს. მაგრამ აწ ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური“. (იოან. 18, 36). რა ხდება ქრისტეს შემდეგ? _ ქრისტიანობა მოღვაწეობას იწყებს რომის იმპერიაში, სადაც ინსტიტუციური სეკულარიზმი არ არსებობდა და იმპერატორი საერო ხელისუფლების გარდა რელიგიური სისტემის მმართველიც იყო, ქურუმები კი _ სახელმწიფო მოხელეები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ იმპერიაში იმპერატორი, რომელიც უკვე იყო Pontifex maximus _ უზენაესი ქურუმი, ღმერთადაც გამოცხადდა და მისი კულტისადმი მსახურება ყველასთვის სავალდებულო გახდა. ამ გადმოსახედიდან რელიგიურ და პოლიტიკურ დისიდენტობას შორის განსხვავება არ არსებობდა. სწორედ ეს გახდა პირველი ქრისტიანების დევნის მიზეზი, _ მათ უმთავრესად იმის გამო კი არ ავიწროებდნენ, რომ ქრისტე სწამდათ, არამედ იმიტომ, რომ უარს ამბობდნენ იმპერატორისადმი მიძღვნილ რიტუალში მონაწილეობაზე, რაც, რელიგიურთან ერთად, სახელმწიფო დანაშაულიც გახლდათ. სწორედ ამის გამო იყო, რომ პირველი ქრისტიანი აპოლოგეტები, მაგალითად, არისტიდე ათენელი, წმინდა იუსტინე მოწამე, ტერტულიანე და სხვები სამართლებრივი სახელმწიფოს სახელით ითხოვდნენ რელიგიურისა და საეროს განცალკევებას, ე. ი. რელიგიური და სისხლის სამართლის ერთმანეთისგან გათიშვას. ამ გადმოსახედით ქრისტიანი აპოლოგეტები ინსტიტუციური სეკულარიზმის მომხრეები იყვნენ. ასე მივედით მეოთხე საუკუნემდე. ამ დროს უკვე სიტუაცია იცვლება, კონსტანტინე დიდიდან მოყოლებული ეკლესია სახელმწიფოსგან ძალიან დიდ მატერიალურ თუ სხვა სახის პრივილეგიებს იღებს, შესაბამისად, იზრდება მისი გავლენის სფეროებიც.
საეკლესიო ცხოვრების ერთ სისტემაში მოქცევის მცდელობებმა _ იქნებოდა ეს მსოფლიო საეკლესიო კრებების გამართვა, საღვთისმსახურო წეს-განგებათა შეჯერება, საერთო სტრუქტურის ჩამოყალიბება _ საეკლესიო წიაღში ერთიანობის განცდა გააჩინა, რაც, გარკვეულწილად, იმპერატორსაც უკავშირდებოდა. საეკლესიო ადმინისტრაციული ცენტრებიც _ რომი, ალექსანდრია, ანტიოქია, კონსტანტინოპოლი _ შესაბამისი საიმპერიო პოლიტიკური გავლენების მიხედვით ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგებიც ახლდა. შემთხვევით არ წერს პროტოპრესვიტერი ალექსანდრ შმემანი, რომ „თეოდოსი დიდიდან ეკლესია უკვე არის არა მხოლოდ კავშირი ადამიანებისა, რომლებმაც ირწმუნეს, არამედ იმათი კავშირიც, რომლებიც ვალდებულნი არიან, სწამდეთ“.
რეალურად, მივიღეთ საზოგადოება, რომელმაც, გარკვეულწილად, „როლები გამოიცვალა“, იმპერატორი კვლავ პირამიდის თავშია, ქურუმების მაგივრად გვყავს ქრისტიანი სასულიერო პირები, ხოლო ადრე თუ ქრისტიანები ვიწროვდებოდნენ, ახლა უკვე არაქრისტიანებსაც არ მოელოდათ მთლად უკეთესი დღე.
_ თუმცა საერო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ჩარევა რელიგიის საკითხებში ისტორიის თითქმის ყველა ეტაპზე გვხვდება…
_ რომის იმპერატორი კვლავ Pontifex maximus , ე. ი. უზენაესი ქურუმია, შესაბამისად, რელიგიურ საქმეებში ჩარევა არათუ კანონდარღვევად, საკუთარი მოვალეობის შესრულებად აღიქმებოდა. აქედან გამომდინარე, თუკი უწინ, წარმართული რელიგიის ცხოვრებაში, იმპერატორი აქტიურად იყო ჩართული, ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო ის, რომ საეკლესიო ცხოვრებაშიც აქტიურად დაიწყო ჩარევა, რაც თავად მისთვის, სასულიერო პირებისთვისაც და ხალხისთვისაც უცხო და მიუღებელი არ აღმოჩნდა. ამ პერიოდში არ არსებობს ორგანო, ინსტიტუტი, რომელიც საეკლესიო სისავსის ნებას გამოხატავს, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ეკლესიის „გარეშე საქმეები“ სწორედ იმპერატორის აქტიური ჩარევით წყდებოდა, იქნებოდა ეს პატრიარქების არჩევა, კრებების მოწვევა, ახალი კათედრების დაარსება, შესაბამისი დადგენილებების გამოტანა და ა. შ. თავის მხრივ, ეკლესიაც, როგორც ძალიან გავლენიანი ინსტიტუტი, საკუთარ მოთხოვნებსა და პირობებს აყენებდა პოლიტიკური მმართველობის საქმეში.
ბიზანტიური მმართველობის ამ მოდელს შეცდომით კეისაროპაპიზმს უწოდებენ, რეალურად ეს უფრო მეტად სიმფონიაა, ანუ როდესაც ძალაუფლების ორი შტო, საერთო, ზიარი ღირებულებების გათვალისწინებით, ერთმანეთთან ჰარმონიულად, შეთანხმებულად მართავდა საკუთარ სამწყსოს.
აქვე ვაღიაროთ, რომ ძალიან ხშირად ხდება ბიზანტიური მოდელისა და ზოგადად სამეფო ინსტიტუტის საკრალიზება, რაც დაუშვებელია. მართალია, ამ მოდელით ეკლესიამ მრავალი სარგებელი მიიღო, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მისგან გამომდინარე ზიანიც.
_ რას გულისხმობ?
_ თუნდაც ის რად ღირს, რომ ძალიან ხშირად, სხვადასხვა სახის ერესი თუ მწვალებლობა სწორედ იმიტომ აღმოცენდებოდა ხოლმე ეკლესიაში, რომ სამეფო კარს ამა თუ იმ პატრიარქის სხვით ჩანაცვლება, ეკლესიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება და საკუთარი მიწიერი მიზნების შესრულება სურდა. მადლობა ღმერთს, აღარ გვყავს მეფე, გვაქვს სახელმწიფო და, შესაბამისად, სხვა სახის აზროვნება სჭირდება როგორც ეკლესიას, ასევე სახელმწიფოსაც.
_ სჭირდება, მაგრამ გვაქვს რო?
_ ზემოთ აღვნიშნე ეკლესიისა და სახელმწიფოს ინსტიტუციური გამიჯვნა და ისიც, რომ ამის მიუხედავად მათ საზიარო ღირებულებები შეიძლება ჰქონდეთ, რომელთა დაცვა და მოფრთხილებაც უმთავრეს დანიშნულებად უნდა იქცეს.
_ რა შეიძლება იყოს ასეთი ფასეულობები?
_ ზოგადად, ძალიან რთულია ერთი ფორმულის დადგენა, რომელსაც საერთო ფასეულობას ვუწოდებთ, მაგრამ თუ ამოსავალ წერტილად დასავლურ, ევროპულ ცივილიზაციას მივიჩნევთ, მაშინ ამგვარ ღირებულებათა მოძებნა არ გაგვიჭირდება. საიდუმლო არაა, რომ ევროპა, როგორც კულტურული და არა გეოგრაფიული ფენომენი, დიდწილად სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზე დგას. შესაბამისად, შეგვიძლია ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის საერთო მახასიათებლები და ორიენტირებიც გამოვყოთ:
ა. უპირველესად ეს პიროვნების ცნებაა. ეკლესიისთვის ადამიანი არის საღმრთო შესაქმის გვირგვინი, უფლის ხატი და მსგავსი, რომელი ხატების წაშლაც შეუძლებელია, თუნდაც კონკრეტული ადამიანი უმძიმესი ცოდვით დაეცეს. სახელმწიფოსთვის კი პიროვნება არის ადამიანი, უნიკალური ინდივიდი, რომელსაც აქვს საკუთარი იდეები, მოსაზრებები თუ მისწრაფებები და ყოვლად დაუშვებელია მისი დისკრიმინაცია, შეურაცხყოფა და დამცირება;
ბ. თავისუფლების ცნება, რომელიც იმდენად დიდი ღირებულებაა, რომ თვით სამოთხეშიც კი არ ისურვა უფალმა მისი შეზღუდვა და საკუთარი ქმნილების თავისუფალ არჩევანს არ შეეწინააღმდეგა. რაც შეეხება სახელმწიფოს, მისი გამართულად ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი ცხოვრება, საქმიანობა, აზრის გამოხატვისა და გამოთქმის უფლება;
გ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ თანასწორობის პრინციპიც: „აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალ. 3. 28), რომ თუკი სახელმწიფოსთვის კანონის წინაშე ყველა თანასწორია, უფლის წინაშეც არ არსებობს ადამიანებს შორის რასობრივი, ეთნიკური, მსოფლმხედველობითი ან სხვა სახის განსხვავება, რომ უფლისათვის ყველა ადამიანი თანასწორია და ღმერთისთვის _ ყველა პიროვნება ძვირფასი განძია.
შესაბამისად, თუკი ინსტიტუციური სეკულარიზმის პირობებში სახელმწიფოცა და ეკლესიაც მაქსიმალურად დაიცავს ზემოთ მოყვანილ ღირებულებებსა და მათზე დაფუძნებულ ფასეულობებს, არც ქრისტიანსა და არც უბრალო მოქალაქეს ამ სისტემის უარყოფითად შეფასებისთვის სერიოზული საფუძველი არ ექნებათ.
კოკა წერეთელი