გუბაზ სანიკიძე: „ენა ჩაიკმინდონ!.. მორალური უპირატესობა „ნაციონალებს“ აქვთ!“

მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძე და შს მინისტრი გიორგი გახარია პატრიარქს შეხვდნენ, „ოცნების“ ლიდერშიფმა გვამცნო, რომ მთავრობამ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია. ერთ-ერთი სწორედ ეს კანონპროექტი იყო, რომლის გამოც, 28 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, ეკლესია „ოცნებასა“ და მის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელ კანდიდატს დაუპირისპირდა. მეტიც, უმაღლესმა სასულიერო პირებმა სალომე ზურაბიშვილს „კანაფის დედოფალიც“ უწოდეს. მეორე ტურის წინ აღნიშნულ კანონპროექტზე უარის თქმა, ნათელია, „ოცნებას“ იმისთვის დსჭირდა, რომ ეკლესიის გული მოიგოს, მაგრამ წარსულში „ოცნების“ წევრი გუბაზ სანიკიძე „ქრონიკა+“-თან საუბრისას ამბობს, რომ „ოცნებას“ ამ მიზნის მიღწევა გაუჭირდება. ამასთან, სანიკიძე არც იმის თქმას ერიდება, რომ ივანიშვილს პატრიარქის ავტორიტეტი არ სჭირდება და „ციანიდის საქმეც“ ამიტომ დაიგეგმა.

სხვათა შორის, „ოცნების“ ლიდერების შემდეგ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მეორე ტურში ეკლესია ერთმნიშვნელოვანდ ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ არის.
„უწმინდესმა მიგვიღო, ძალიან დიდი მადლობა. უწმინდესის ყოველი სიტყვა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა იმ ბოდვით კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა, ხოლო ჩვენს ხელისუფლებას ნარკორეალიზატორად გადააქცევდა. ეს ბრძოლა გასაგრძელებელია, ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება იმიტომ, რომ არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%-იან მოგებაზე უარს იტყვის. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ და ცივილიზებულ გარემოში უნდა ჩატარდეს, სადაც ადგილი არ ექნება სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებებს. არც ისეთ ამაზრზენ ფაქტებს, რაც კასპში, მარნეულსა და ახალქალაქში მოხდა… უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში ის მახინჯი სისტემა დაინგრეს, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმების შესახებ. უწმინდესის კატეგორიული თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ ოპოზიცია არასდროს უნდა იყოს განდევნის ობიექტი, არასდროს უნდა იყოს დატერორებისა და დევნის საგანი და აუცილებლად უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, როგორც ეს ჩვენს დემოკრატიულ მოკავშირე ქვეყანაში ხდება“, _ განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ უწმინდესთან შეხვედრის შემდეგ.

რა საბედისწერო შეცდომებს უშვებს მმართველი გუნდი? რატომ აწყობს ივანიშვილი ქვეყანაში „სტალინგრადის ბრძოლას“? და ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური ძალა?
„ქრონიკა+“ „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელ გუბაზ სანიკიძეს ესაუბრა:

_ ბატონო გუბაზ, თქვენი შეფასებით, 28 ოქტომბერს რა მოხდა?
_ 28 ოქტომბერს ხალხმა, ორივე მხრიდან, ვიღაცის და რაღაცის წინააღმდეგ მისცა ხმა!
_ უფრო კონკრეტულად?
_ მან, ვინც ვაშაძეს დაუჭირა მხარი, ივანიშვილის წინააღმდეგ მისცა ხმა; ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმა კი სააკაშვილის წინააღმდეგ მიცემული ხმაა. მოკლედ, ეს არჩევნები ვინმეს სასარგებლოდ კი არა, ვინმეს წინააღმდეგ ხმის მიცემა იყო და მეტი არაფერი!
_ არჩევნებზე იყავით?
_ არა, თუმცა მეორე ტურში აუცილებლად ვაპირებ წასვლას.
_ და ვის წინააღმდეგ მისცემთ ხმას?
_ ერთ-ერთ კანდიდატს რომ მივცემ ხმას, დანამდვილებით ვიცი, თუმცა ეს „ერთ-ერთი“ რომელი იქნება, ამას ჩემთვის დავიტოვებ.
_ კი ბატონო, მაგრამ 28 ოქტომბრის მერე თქვენ მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ივანიშვილის სასარგებლოდ არ მისცემთ ხმას და ზურაბიშვილს არ შემოხაზავთ. ასეა, არა?
_ საქმე ასე მარტივად არ არის. სხვათა შორის, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ მაქვს და ამ ერთ თვეში ძალიან ბევრი რამ გაირკვევა. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველაფერი ჩანს და მეორე ტურში იმის წინააღმდეგ მივცემ ხმას, რომელი მხარეც ცუდად მოიქცევა.
_ დღევანდელი მონაცემებით, ანუ არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, უფრო რომელი მხარე იქცევა ცუდად?
_ ორივე მხარე საშინლად ცუდად იქცევა და ყოველგვარ ზღვარსა თუ წითელ ხაზებსაა გადასული.
_ ეს სად ჩანს?
_ ორივე მხარე ყველაფერს კადრულობს!
_ ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ, რადგან აგრესიულობით უფრო სახელისუფლებო ფრთა გამოირჩევა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „ოცნება“ ღიად ამბობს: იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, სამოქალაქო ომი დაიწყებაო. გედევან ფოფხაძისა და სხვების ეს განცხადებები „წითელი ხაზების გადაკვეთის“ კულმინაცია არ არის?
_ გედი ფოფხაძის გადასაწყვეტი არ არის, სამოქალაქო ომი დაიწყება თუ არა! საქართველოში სამოქალაქო ომი აღარასოდეს იქნება, რადგან ყველაფერი ეს უკვე გავლილი გვაქვს! გამორიცხულია, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის გულისთვის ქართველები ერთმანეთს დაერიონ!
_ შეიძლება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია _ „ოცნება“ დაპირისპირების ნარატივს ატარებს!
_ ხელისუფლება საკუთარი მომხრეების მობილიზებას აპირებს. „ოცნებას“ ჰგონია, რომ საზოგადოების 54%-ში ხმების მადანი აქვს და უნდა, ხალხი შეაშინოს, აი, სააკაშვილი მობრუნდებაო და ა. შ., მაგრამ ხალხს სააკაშვილის უკვე აღარ ეშინია! დიახ, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ხალხს სააკაშვილის მობრუნების არათუ ეშინია, არამედ ჩვენი მოქალაქეების დიდი მასა სასოებით ელოდება, სააკაშვილი როდის დაბრუნდება და ეს ფაქტია!
_ ექვსი წელი ისტორიისთვის არაფერია. შესაბამისად, როგორ ფიქრობთ, ამ მცირე დროში ხალხის განწყობა სააკაშვილისა და, ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დადებითად რატომ შეიცვალა?
_ იმიტომ შეიცვალა, რომ ხალხს სხვა არჩევანი არ აქვს და ისიც ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დანარჩენი ოპოზიცია ფიზიკურად გაანადგურა! ივანიშვილს ყოველთვის იმის ეშინოდა, რომ მორალური უპირატესობის ოპოზიცია არ ჰყოლოდა, ამიტომ მორალური უპირატესობის მქონე ოპოზიცია გაანადგურა, გაგუდა, არჩევნები გააყალბა და ჰგონია, რომ მთელი ოპოზიცია სახლში წავა, მაგრამ სახლში არავინ მიდის… ივანიშვილს ისიც ეგონა, რომ სააკაშვილის საფრთხობელა ყოველთვის იმუშავებდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბავშვობაში ბიძინას ზღაპრებს არ უყვებოდნენ, თორემ მგლისა და მეცხვარე ბიჭის ამბავი რომ მოეყოლათ, მაშინ საქმე აქამდე არ მივიდოდა!
_ მგელი იქით იყოს და, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ აშკარად ცდილობს, ხალხს მწყემსად მოევლიონოს. ასე მაგალითად, 16 წლამდე შშმ პირებს დახმარება 50 ლარამდე გაუზარდა, ასევე სოციალურად დაუცველებს. თუ ისინი სამსახურს იშოვიან, შემწეობა აღარ მოეხსნებათ. ყველაფერი ეს 2012 წლის საარჩევნო კამპანიას ხომ არ გაგონებთ, როცა მაშინდელი კოალიცია და, კონკრეტულად, ივანიშვილი უფასო ფულზე, იაფ კრედიტსა თუ თითო სოფლისთვის ხუთი მილიონის გამოყოფის დაპირებას იძლეოდა?
_ გეთანხმებით, აბსოლუტურად ესაა. რასაც ბოლო დღეებში „ოცნება“ აკეთებს, კეთილი ნება კი არა, ის არის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ წააგოს! არადა, თავის დროზე ივანიშვილმა განაცხადა, საპრეზიდენტო პოსტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის და თუ ოპოზიცია წაიღებს, წაიღოს, კაცოო, მაგრამ ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო ომი აქვს გამოცხადებული. როგორც ჩანს, ვაშაძე იმ ოპოზიციონერი კანდიდატების სიაში არ იყო, რომელთაგან ერთ-ერთის პრეზიდენტად მოსვლა ბიძინასთვის კომფორტული იქნებოდა! ამიტომ დღეს ქვეყანაში „სტალინგრადის ბრძოლას“ აწყობს!
_ ივანიშვილისთვის კომფორტული რომელი ოპოზიციონერის გაპრეზიდენტება იქნებოდა?
_ ახლა, ეს როგორ გამოვიცნო, მაგრამ მგონი, ყველა ყველაფერს ვხვდებით.
_ მე ვერ ვხვდები და იქნებ, „ჩამიზუსტოთ“?
_ ივანიშვილი წინააღმდეგი, ალბათ, არ იქნებოდა, ფინალში, მაგალითად, ბაქრაძე რომ გასულიყო.
_ ამის შესახებ 28 ოქტომბრამდეც საუბრობდნენ პოლიტიკურ კულუარებში, თუმცა დღევანდელი მოცემულობა ასეთია _ ბოკერიას გუნდი ვაშაძეს უჭერს მხარს!
_ აბა, რას იზამდა? ბიძინას ეგონა, რომ ბოკერია და ბაქრაძე „ჯიბეში ესვა“, მაგრამ იცით, რა ხდება?
_ რა?
_ ბიძინა მაგათ ვერ „გადააგდებს“, ეგენი კი ბიძინას ყოველთვის „გადააგდებენ“ და უკვე „გადააგდეს“ კიდეც, ამიტომ ის „მცირედი შრომა“, რაც „ევროპული საქართველოსთვის“ გაწია, ივანიშვილს წყალში ისევე ჩაუვარდა, როგორც სხვა ბევრი პროექტი. ზოგადად, საკითხავია, ივანიშვილს რომელი პროექტი გამოუვიდა?
_ ამ რიტორიკულ კითხვაზე „ქოცები“ გიპასუხებენ: ივანიშვილის ყველაზე წარმატებული პროექტი ის არის, რომ 2012-ში „ნაცმოძრაობა“ დაამარცხაო.
_ დღეს უკვე ჩანს, რომ 2012-ში „ნაცმოძრაობა“ მარტო ბიძინას არ დაუმარცხებია და ამ საქმეში, თურმე, სხვასაც ჰქონია ღვაწლი. ყველაფერს თავი დაანებეთ და ქუთაისის შედეგები ნახეთ, რა ხდება.
_ სხვათა შორის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ქუთაისში „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი თქვენთან ბრძოლაში დამარცხდა…
_ დიახ, ასე იყო. არადა, მაშინაც ქუთაისი „ნაციონალების“ მიმართ ლოიალურად იყო განწყობილი, რადგან პარლამენტი ქუთაისში გადაიტანეს, ასევე ქუთაისში სხვა რაღაცებიც გააკეთეს. ახლა წავიდეს „ოცნება“ და ქუთაისი მოიგოს!
_ მსმენია, რომ 2012-ში „ოცნება“, მაინცდამაინც, არ გეხმარებოდათ, რომ ქუთაისი მოგეგოთ. ასე იყო?
_ დიახ, მაინცდამაინც, არ იკლავდა თავს. მაშინ ქუთაისი ჩემი სამეგობრო წრით, ახლობლებითა და ნათესავებით მოვიგე. პარტიული ორგანიზაცია სუსტი იყო _ „ოცნება“ და სხვა ოპოზიციური პარტიები, პრაქტიკულად, არ არსებობდნენ. საარჩევნო უბნებს მთლიანად „ნაცები“ აკონტროლებდნენ, მაგრამ ის ვერ გააკონტროლეს, რასაც მეგობრობა, ნათესაობა, თანასკოლელობა და თანაკლასელობა ჰქვია და რაც ქუთაისში დღესაც საკმაოდ ძლიერია! ივანიშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი იყო, მაგრამ მაშინ ქუთაისი ჩემი წრით მოვიგე, რადგან ასევე ძალიან დიდი იყო მამაჩემის სახელი და ჩემი ურთიერთობა ქუთაისთან!
_ „ოცნება“ „რატომ არ იკლავდა თავს“, რომ 2012-ში ქუთაისის მაჟორიტარი გამხდარიყავით?
_ ეს არ ვიცი, მაგრამ წინააღმდეგი ნამდვილად არ იქნებოდა, რომ მაშინ არჩევნები წამეგო და, შესაბამისად, ნაკლები პრეტენზიები მქონოდა. ერთადერთი კაცი, ვინც შტაბიდან მეხმარებოდა, ღმერთია მოწმე და ამას ვერ დავმალავ, ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მაშინ პლაკატიც არ გამიკრავს _ სააგიტაციო მასალა გვიან ან საერთოდ არ ჩამოდიოდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის.
სხვათა შორის, „ოცნების“ პროპორციულ სიაში მეხუთე ვეწერე, მაგრამ თავიდანვე ვთქვი, _ თუ ქუთაისს წავაგებ, პარლამენტში არ შევალ-მეთქი. ჰოდა, ეს საქმე ასე იყო…
_ დღევანდელი საქმე კი ასეა _ მაშინდელი მოვლენების შეფასებისას ამბობთ, ივანიშვილმა მაშინ მეც „დამაბოლა“ და „უფასო ფულისა“ მეც დავიჯერეო…
_ რა თქმა უნდა, მეც მჯეროდა, რადგან ასეთი წარმატებული კაცი ამბობდა და ყველას ეგონა, ყველაფერს, რასაც ამბობდა, იმიტომ ამბობდა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოეყვანა. დიახ, მეც მომიწია ამ ტყუილების თქმა _ „უფასო ფულის“, გაიაფებული ენერგომატარებლებისა და, საერთოდ, ყველაფრის, რასაც „ქართული ოცნების“ შტაბი და ივანიშვილი ამბობდა.
ამის გამო ყველას ბოდიშს ვუხდი და აღარ ვაპირებ, სხვის მაგივრად ტყუილები ვილაპარაკო! ჩემი ბიოგრაფიიდან ყველაზე მეტად რისიც მრცხვენია, ის არის, რომ მაშინ ტყუილები ვილაპარაკე!
_ ბატონო გუბაზ, განათლებული ადამიანი ხართ და თუ მაშინ თქვენც დაიჯერეთ, ხომ შეიძლება, ხალხმა დღესაც დაიჯეროს ის, რასაც „ოცნება“ ჰპირდება და ამბობს?
_ ჩემი სპეციალობა მაქვს, თორემ ეკონომიკური განათლება არ მიმიღია და როცა ეკონომიკაზე ეკონომისტები საუბრობენ, სულ დადუმებული ვარ და ვისმენ! ადამიანი ბიზნესში ასეთი წარმატებული იყო, რუსეთში უამრავი კრიზისი გამოიარა და ყველაფერი შეინარჩუნა, ამას ნიჭი სჭირდებოდა, მოქნილობა სჭირდებოდა და როცა რაღაცას ამბობდა, ვფქირობდი, ამ კაცმა ეკონომიკა იცის, ქვეყანას მიხედავს და ხალხს სულს მოათქმევინებს-მეთქი. მარტო მე კი არა, მთელ ქვეყანას ასე ეგონა.
სხვათა შორის, ყველაფერ იმის განხორციელება, რასაც ივანიშვილი და, შესაბამისად, ჩვენ ხალხს ვპირდებოდით, რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
_ ისე, 28 ოქტომბრის შემდეგ მოვლენები ისე ვითარდება, რომ „ოცნება“ თითქოს შეცდომების გამოსწორებას ცდილობს. ასე მაგალითად, მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი, რომელმაც ერი და ბერი აღაშფოთა, მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია. ყოველ შემთხვევაში, პირობა დადო, რომ გაიწვევს…
_ მარიხუანათი აშენებული ქვეყანა არა, მაგრამ მარიხუანათი აშენებული ადამიანები მინახავს! ბავშვები არ ვართ და ცხადზე უცხადესია, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ბიზნესი თავისთვის უნდა.
_ არც დაუმალავს და განაცხადა, ეს ჩემი იდეა იყოო.
_ დიახ, თქვა კიდეც და ეს ამბავი რომ დაძრულიყო, ისევ თვითინ აიღებდა ლიცენზიას და ეგ იქნებოდა _ ვინმე დაუშლიდა თუ რა?
_ გამორიცხავთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მთავრობამ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი პარლამენტში ხელმეორედ შეიტანოს?
_ გამოვრიცხავ კი არა, ეგ კაცი მაგას არ მოეშვება! ბიტკოინებიდან რაც ამოსაღები იყო, ამოიღო. ახლა ბიტკოინების საკითხი ცოტა ცუდად არის და სხვა „უცებ ფულზე“ უნდა გადაერთოს. რომელი სამედიცინო, რისი პარფიუმერია, რას ლაპარაკობთ, კაცო?!
_ ბატონო გუბაზ, მახსოვს, რამდენიმე თვის წინ ამბობდთ, რომ საქართველოში მოვლენები, შესაძლოა, ისე განვითარდეს, როგორც სომხეთში განვითარდა _ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლას ვგულისხმობ. თქვენი დაკვირევბით, ეს სცენარი ისევ ძალაშია?
_ გამორიცხული არ არის! ვნახოთ, ხალხი რას იზამს. საერთოდ, ქართველი ხალხი ყოველთვის სიურპრიზებს აწყობს და, სხვათა შორის, ეს სიურპრიზები სასიამოვნოა ხოლმე.
_ ანუ?
_ როცა ავტორიტარულ რეჟიმებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი უკვე დაალაგეს, გააუთოვეს, დაასუფთავეს და თავისი ადგილი მიუჩინეს, აი, სწორედ ამ დროს აკეთებს ქართველი ხალხი ძალიან საინტერესო არჩევანს! დავაკვირდები, მოვლენები როგორ განვითარდება.
დღეს შეკითხვები მეც მაქვს და ჩვენს თანამოქალაქეებსაც, თუმცა პასუხები არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ერთ თვეში, ანუ მეორე ტურამდე, რომელი მხარე როგორ მოიქცევა! ჯერჯერობით ორივე მხარე ძალიან ცუდად იქცევა!
_ კონკრეტიკაზე გადავიდეთ _ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ერთი კვირა გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ერთმა ან მეორე მხარემ ცუდი რა გააკეთა?
_ იმაზე ვსაუბრობ, თუ როგორი ბინძური საარჩევნო კამპანია მიდის. საერთოდ, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ვნახოთ…
„ნაციონალებს“ უპირატესობა აქვთ და, სხვათა შორის, მორალური უპირატესობა. ამის შესახებ 2014 წელს, საპარლამენტო გამოსვლის დროს, ვთქვი _ მაშინ ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ ვიყავი, საპარლამენტო კომიტეტსაც ვხელმძღვანელობდი და „ოცნების“ დეპუტაციას ღიად, საპარლამენტო ტრიბუნიდან მივმართე, _ თუ ასე გააგრძელებთ, მორალურ უპირატესობას დაკარგავთ-მეთქი. ზუსტად მეორე დღეს გამოხტა ბიძინა ივანიშვილი და ამას რეაქცია მისცა, _ მე, რა თქმა უნდა, არ მახსენა, მაგრამ ამისთვის გამოხტა და სწორედ მაშინ თქვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სისულელე, _ მურუსიძე სისტემისა და რეჟიმის მსხვერპლიაო. აი, მაშინ გაიბზარა ჩემი რწმენა, რომ ამ კაცს რაღაც უნდოდა.
მან გადმოიბარა „ნაცების“ მანკიერი სისტემა, გადმოიბარა დაბალი ხარისხის „ნაცები“ და ასე მართავს, თორემ სისტემა არ შეუცვლია!
სხვათა შორის, თუ გავიხსენებთ და თვალებს არ დავიბრმავებთ, ამ სისტემის თანაავტორი, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ივანიშვილიც არის _ აფინანსებდა და ეს მისი სიტყვებია, მე რამეს კი არ ვაბრალებ!
_ თუ იმ სისტემის თანაავტორი ივანიშვილია, აბა, დღეს რომელი სისტემის დაბრუნებით და „ნაცებითღა“ გვაშინებენ?
_ არ ვიცი… ერთი კაცით _ სააკაშვილით გვაშინებს, ათასები კი თვითონ გადაიბარა. ადამიანებმა, რომლებიც მურუსიძის მხარეს არიან, ჯობია, ენა ჩაიკმინდონ და სამართლიანობაზე ნაკლებად ისაუბრონ! მათ შორის, მივმართავ „ოცნების“ აპოლოგეტებსაც _ გასცენ პასუხი: მურუსიძის სისტემაში დატოვება და დაწინაურება რას მივაწეროთ?
_ ეს კითხვა, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია…
_ ამ კითხვას პასუხს ვერ სცემენ!
_ დიახ, ასეა… პირდაპირი წესით, ანუ ხალხის მიერ არჩეული მეხუთე პრეზიდენტი, პრაქტიკულად, უუფლებო იქნება…
_ საქმე ასე მარტივად არ არის. ამ პოსტზე თუ ძლიერი პიროვნება იქნება, ძალიან ბევრ პოზიტიურ საქმეს გააკეთებს. პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია, რომელსაც ბევრი რაღაც შეუძლია, ანუ კარგი თვისებებითა და მონაცემებით დაჯილდოებული პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის რანგში ქვეყნისთვის ძალიან ბევრ კარგს გააკეთებს!
მაგალითად, პრეზიდენტს პოლიტიკური პროცესის შექმნა შეუძლია, რაც მარგველაშვილმა, სამწუხაროდ, არ გააკეთა.
_ ეს გასაგებია, მაგრამ პრეზიდენტი ხელისუფლებას ვერ შეცვლის. შესაბამისად, საინტერესოა, მხარეები ამ პოსტის დასაკავებლად ერთმანეთს რატომ ხოცავენ?
_ პრეზიდენტს შეუძლია, საზოგადოებრივი ზეწოლა განახორციელოს და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების კონცენტრირება მოახდინოს, ანუ პრეზიდენტს შეუძლია, ხელისუფლება მორალურად აიძულოს, რომ პოზიტიურ ცვლილებებზე წავიდეს.
_ ეს პოლიტიკური ცენტრიც ერთმანეთს ამიტომ ხოცავს?
_ დიახ, თუმცა მხოლოდ ეს არ არის.
_ აბა, კიდევ რა არის?
_ საპრეზიდენტო არჩევნები 2020-ისთვის გენერალური რეპეტიციაა. ჩემთვის მთავარია, რომ ის, რაც მოსახდენი იყო, პირველ ტურში უკვე მოხდა, ანუ „ქართული ოცნება“ გაბატონებული პოლიტიკური ორგანიზაცია აღარ არის; დიდი დახარჯული თანხის მიუხედავად, მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის ჭკუაზე აღარ დადის. ივანიშვილი აღარ ითვლება არც ვესპასიანედ და არც _ ტრაიანედ. მისი სახელი საბოლოოდ დამსხვერულია და მისი ლეგენდაც საბოლოოდ განადგურებული, გაცამტვერებულია.
ყველაფერი ეს მოხდა პირველ ტურში. რეალურად, საქართველოსთვის არაფერი აღარ შეიცვლება, საპრეზიდენტო არჩევნებს სალომე მოიგებს თუ ვაშაძე.
_ თუ მეორე ტურს ვაშაძე მოიგებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება?
_ ვაშაძეს შეუძლია, ის პოლიტიკური პროცესი შექმნას, რასაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ჰქვია. ამ ორი კანდიდატიდან უპირატესობას მაინც ვაშაძის მხარეს ვხედავ იმიტომ, რომ ამბობს, როგორც კი მოვა პრეზიდენტად, ხელს შეუწყობს რიგგარეშე არჩევნების პოლიტიკური პროცესის დაწყებას. სალომე ზურაბიშვილი კი საერთოდ არაფერზე იღებს ხმას. ზურაბიშვილმა ახლა რომ თქვას, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დავნიშნავო, ჩათვალეთ, მეორე ტურს მოიგებს, მაგრამ ამას ვერ იტყვის.
_ რატომ ვერ იტყვის?
_ იმიტომ ვერ იტყვის, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ბიძინა ივანიშვილის ინტერესში არ შედის.
_ ისე, „ოცნება“ პრეზიდენტობის ე. წ. დამოუკიდებელ კანდიდატს მხარს უჭერს მთელი თავისი ფინანსური და ადმინისტრაციული რესურსით. არ ერჩია, საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა? თქვენი აზრით, რატომ არ დააყენა?
_ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოცანა ადამიანური სიბრიყვეა, ამიტომ ბრიყვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ! „ქართული ოცნება“ პოლიტიკური სიბრიყვით არის დაავადებული!
_ „პოლიტკური სიბრიყვის“ სენი მთელ „ოცნებას“ სჭირს თუ კონკრეტულ „მეოცნებეებს“?
_ მთელ „ოცნებას“, რომელიც ერთი კაცის „კანტორაა“. პარტია არა, ის, კიდევ! რისი პარტიაა „ოცნება“? _ იდეოლოგიაც არ აქვს. ამბობს, მემარცხენე ვარო, მაგრამ მთელი პარტია მილიონერებით არის დაკომპლექტებული და ამნაირი მემარცხენეობა არ გამიგია!
მოკლედ, მათ სიბრიყვეზე პასუხს ვერ გაგცემთ და ეს კითხვა მათაც რომ დაუსვათ, ვერც ისინი გაგცემენ იმიტომ, რომ ბრიყვები არიან _ ბრიყვი ჭკვიანურ პასუხს ვერასოდეს იძლევა!
_ „ოცნებამ“ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როცა კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“ და სხვა პარტიები განდევნა?
_ ბიძინა ივანიშვილის მთავარი შეცდომა ის იყო, რომ კოალიცია დაშალა! მას ეგონა, თვითონ კიტრი იყო და ახლა კიტრივით მარტო დარჩა! ახლა ინერვიულოს და იჯავროს იმიტომ, რომ ივანიშვილის მომავალი არის ძალიან ბუნდოვანი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არასახარბიელო _ ეს ახლა მოხდება თუ ორი წლის შემდეგ, მაინც მოხდება. ივანიშვილი ლიანდაგიდან არის გადასული!
_ ივანიშვილის არასახარბიელო მომავალში რას გულისხმობთ?
_ პოლიტიკურ ბოსობას ჩამოშორდება, აღარ იქნება ქვეყნის უპირობო მმართველი და ეს უკეთესი გამოსავალია, მაგრამ თუ კიდევ ბევრ სისულელეს და სიბოროტეს ჩაიდენს, შეიძლება, პასუხისგებაშიც მოხვდეს!
_ პასუხისგებაში ის ხელისუფლება მისცემს, რომელიც ქვეყნის სათავეში „ოცნების“ მერე მოვა?
_ ალბათ… „არ არს დამალული, რაიც არ გაცხადდეს“.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ პირობას დებს, რომ პოლიტიკურ რევანშს არ დაიწყებს.
_ ვისაც ამ დაპირების სჯერა, დაიჯეროს, კაცო, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმაც დაიჯეროს!
_ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ელოდებით, ბატონო გუბაზ?
_ რა თქმა უნდა, ველოდები და სააკაშვილი დაბრუნდება! სააკაშვილის დაბრუნების მთავარი ავტორი ივანიშვილია!
_ სააკაშვილი საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დაბრუნდება?
_ ეს არ ვიცი, მაგრამ დაბრუნდება და ეს ფაქტია, რომელსაც „ოცნება“ ვეღარ შეაჩერებს!
_ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წაგებას, როგორ ფიქრობთ, „ოცნება“ შეეგუება?
_ და რა უნდა ქნას? _ ჯარს გამოიყვანს, ფალანგას თუ ლეგიონს? მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილისთვის თავს ვინ მოიკლავს? რომელი სამხედრო გამოვა და ხალხს დაუპირისპირდება? დაიფანტებიან და სახლებში წავლენ!
„ოცნებაში“ ერთი კაცი არ არის, ვისაც პოლიტიკური ლიდერი ჰქვია, რომ გამოვიდეს! სპიკერები აღარ ჰყავთ და კაციშვილმა არ იცის, რას ბოდავენ და რას როტავენ! ეს ბიძინა ივანიშვილის გემოვნების საკითხია, ამიტომ ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს!
_ ბატონო გუბაზ, საზოგადოების ნაწილი აქციებს _ „არა მიშას“ აანონსებს. ეს არაფერს ნიშნავს?
_ კი ბატონო, ვისაც უნდა, შეიკრიბოს და ეს ყველას უფლებაა. ამ ხალხს აბსოლუტურად მშვიდად დავაკვირდები.
ერთ რამეს გეტყვით: საქართველოს ბედი ახლა არ წყდება და იმის თქმაც ტყუილია, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ვინ იქნებაო. საქართველოს ბედი 2020 წელს ან ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება. იმედი მაქვს, რომ ქართველი ამომრჩეველი მაშინ უფრო ბევრს იფიქრებს, ვიდრე აქამდე და ნაკლები მოლოდინი ექნება!
მეორე ტურით არაფერი დამთავრდება. პირიქით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საპარლამენტოს სტარტია ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, მათ შორის, ჩვენთვისაც.
_ ბატონო გუბაზ, გასაგებია, რომ პიროვნულად ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, მეორე ტურში რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერთ მხარს, მაგრამ ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდის პოზიცია როგორია?
_ პოლიტიკური საბჭოს შეკრება გვქონდა… სურათი საკმაოდ ბუნდოვანია _ არჩევანი არცთუ დიდი და სასიამოვნო გვაქვს, ამიტომ მოვლენების შესაბამისად ვიმოქმედებთ და შესაძლოა, მეორე ტურის წინა დღეს გაკეთდეს განცხადება! სხვათა შორის, ის სამნახევარი თუ ოთხი პროცენტი, რომელიც ივანიშვილმა ბურჯანაძეს დაუწერა და მეტი არა, მეორე ტურში, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმიტომ, რომ ნინო ბურჯანაძეს საკმაოდ სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც არც „ოცნების“ მხარეს არის და არც _ „ნაცების“.
ისე, ობიექტურად რომ ვთქვათ, რაც ხდება, ქვეყნისთვის პოზიტიური პროცესია.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ხელისუფლება აბსოლუტური აღარ არის.
_ მეორე ტურამდე რღვევას „ოცნებაშიც“ ხომ არ ვარაუდობთ?
_ ეგენი ერთიანები არასოდეს ყოფილან და არც ერთიანი ინტერესები ჰქონიათ. ეს ადამიანების რაღაც კლუბია. ისინი ერთი ადამიანის გარშემო შეიკრიბნენ, რომელიც გებელსი ეგონათ, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავი აღმოჩნდა! აქამდე ღვთაებაც ეგონათ, ოლიმპოდან გამოქცეული!
_ და კიდევ ერთი თემა: პირველი ტურის წინ „ოცნებას“ ეკლესიაც დაუპირისპირდა მარიხუანას კულტივაციის გამო. დღეს კი, ამ კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევით, მმართველმა გუნდმა სამღვდელოების გული მოიგო.
_ რას ნიშნავს, მოიგო? სასულიერო პირები რამდენად დაუჯერებენ? ეკლესიაში ყველამ კარგად იცის, რომ „ციანიდის საქმე“ ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო დაგეგმილი.
_ ამის მტკიცებულება გაქვთ?
_ ახლა, ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს _ ყველაფერი სუს-ის მიერ იყო დაგეგმილი.
_ ივანიშვილს „ციანიდის სკანდალი“ რისთვის სჭირდებოდა?
_ ივანიშვილს ილია მეორის ავტორიტეტი არ სჭირდება! ამიტომ მას უნდა გაენადგურებინა ეკლესია ინსტიტუციურად და ასევე პატრიარქის ავტორიტეტი. „ციანიდის საქმემ“ ეკლესიას ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეკლესია არ განადგურდა, რადგან ეკლესიის სიძლიერე განსაცდელში მდგომარეობს და მან ეს განსაცდელი გაიარა.
_ ანუ მეორე ტურში ეკლესიამ შესაძლოა, ივანიშვილზე შური იძიოს და ზურაბიშვილის წინააღმდეგ წავიდეს?
_ ვფიქრობ, ეკლესიის დიდი ნაწილი ივანიშვილის წინააღმდეგია!
_ ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილიც ხომ არ გაწირა?
_ ივანიშვილს ადამიანის გაწირვა არაფრად მიაჩნია და სალომეს კი არა, სუყველას გაწირავს! ის ადამიანებს თავის დენდროლოგიურ პარკში სასუქად იყენებს. ახლა ვიღაცებს დაიჭერენ, ციხეში შეაგდებენ, მაგრამ ეს უკვე აღარ გაჭრის! ივანიშვილის ბოლო ორი გამოსვლა მისთვის კატასტროფული იყო და სჯობდა, საერთოდ არ გამოჩენილიყო _ ქვეყანამ გაბოროტებული სოციოპათი ნახა! მესამე გამოსვლა კიდევ რომ ჰქონოდა, ვაშაძეს შეიძლება, პირველსავე ტურში მოეგო!

გიორგი აბაშიძე