„გირჩი“ – „ოცნებას“: „ნუ დაუჭერთ მხარს საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას“



პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ქართულ ოცნებას თხოვნით მიმართავს, რომ ხვალ, 2 თებერვალს, მხარი არ დაუჭიროს ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსგავსი მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს „გირჩის წევრებიც მიმართავენ.

„ქართული ოცნება, როგორც მმართველი პარტია, არის მთავარი პასუხისმგებელი საკამათო არჩევნების ჩატარებაზე და ლოგიკურია, რომ მას ეკისრება მომეტებული პასუხისმგებლობა შედეგად განვითარებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზეც. ჩვენი აზრით, კოლეგებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მოლაპარაკების პროცესს აზრს დაუკარგავს, კრიზისს გააღრმავებს და შესაძლოა, იგი შეუქცევადი გახადოს“, – წერია განცხადებაში.

გირჩი ქართული ოცნებისგან ასევე მოითხოვს, რომ მანდატების შეწყვეტის საკითხი გადაიდოს:

„ზემოთქმულის გათვალისწინებით, გვინდა ვთხოვოთ ჩვენს კოლეგებს „ქართული ოცნებიდან“, საქმით აჩვენონ თანამშრომლობის სურვილი. ნუ დაუჭერენ მხარს საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისათვის, რათა პარლამენტის წევრებმა და მათმა ამომრჩევლებმა გაიაზრონ შეთანხმების მნიშვნელობა და შეუთანხმებლობის რისკები, ხოლო საბოლოო მოლაპარაკების რაუნდის წინ ამ რისკების გააზრებით მივიდეთ.

თუ მიუხედავად ჩვენი გულწრფელი თხოვნისა, „ქართული ოცნება“ მაინც შეუწყვეტს კოლეგებს უფლებამოსილებას, ამას მივიღებთ მისგან მთელ ოპოზიციასთან მოლაპარაკების შეწყვეტის გააზრებულ გადაწყვეტილებად და „გირჩის“ მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს“.

შეგახსენებთ: ხვალ, 2 თებერვალს, პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების შეწყვეტას უყრის კენჭს.

ნენე ინჯგია