გიორგი შაქარაშვილის საქმე შესაძლოა, სტრასბურგში წავიდეს
პროკურატურამ, ჯერ კიდევ, ზაფხულში ამცნო საზოგადოებას, რომ 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს ხუთმა პირმა სასტიკად სცემა და მდინარე არაგვში გადააგდო, რის შედეგადაც გიორგი გარდაიცვალა. შესაბამისად, ზაფხულშივე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება წარედგინა საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არასრულწლოვნებს: ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს, თუმცა ამ დღეებში პროკურატურის ეს ვერსია თავდაყირა დადგა. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნით, ამავე საქმეზე ბრალდებულ ვასილ მახარაძესთან ერთად, მანქანაში კიდევ სხვა პირები იმყოფებოდნენ.
„თუ ბრალდების მხარე იმას ადასტურებს და ამბობს, რომ ამ დასკვნით არაფერი დგინდება და მისი პოზიცია მყარდება, მაშინ რატომ ეწინააღმდეგებოდა ამის დართვას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე?
ექსპერტიზის დასკვნით ერთადერთი რამის დადგენა შეიძლება _ მხოლოდ ვასილ მახარაძე არ ჯდება მანქანაში, მახარაძესთან ერთად სხდებიან კიდევ სხვა პირებიც, იღება ორი კარი. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა საუბრობს სილუეტებზეც. ბრალდების მხარის ვერსიას, რომ თითქოს 5 ადამიანი იყო ჩასული მდინარის პირას და თითქოს ამ 5-მა ადამიანმა ჩააგდო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი წყალში, ექსპერტიზის დასკვნა თავდაყირა აყენებს და იმაზე მითითებაა, რომ ვასილ მახარაძესთან ერთად მანქანაში კიდევ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ“, _ აცხადებს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრუწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური.
რა გავლენას მოახდენს ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე? _ ამას მას შემდეგ გავიგებთ, რაც საქმის სასამართლოში განხილვა დასრულდება. მანამდე კი „ქრონიკა+“ ადვოკატ გიორგი გელხაურს ესაუბრა, რომელიც იმის ალბათობას უშვებს, რომ შაქარაშვილის საქმე სტრასბურგში წავიდეს:
_ გიორგი, 19 წლის ფეხბურთელის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება, ანუ პროკურატურის ცნობით, გიორგი შაქარაშვილი მდინარეში ხუთმა ადამიანმა ჩააგდო…
_ დიახ, პროკურატურა ამბობს, რომ შაქარაშვილს, რომელიც გარბოდა, მდინარემდე ხუთი ადამიანი ჩაჰყვა. ფიზიკური დაზიანებებიც მდინარის პირას მიაყენეს და შესაძლოა, წყალშიც ხუთივემ ერთად გადააგდოო.
_ თუ მართლა ასე იყო, პროკურატურა აქამდე რატომ არაფერს ამბობდა და ეს ახალი დეტალი ბრალდებულთა დაცვის სტრატეგიაში რას ცვლის?
_ ამაზე საუბარი პროკურატურას ახლა არ დაუწყია.
_ აბა, როდის დაიწყო?
_ როცა არასრუწლოვანსა და კიდევ სხვა ბრალდებულებს 109-ე მუხლით ბრალი დაუმძიმა, პროკურატურამ სწორედ მაშინ თქვა, ხუთივემ წყალში ერთად გადააგდოო, ანუ ეს ვერსია აქამდეც არსებობდა.
სხვათა შორის, „ქებაბ ჰაუსთან“ სამრეცხაო რომაა, იქიდან პროკურატურას ვიდეოჩანაწერი ჰქონდა ამოღებული, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრიდან“ ეს პირები როგორ გადმოდიან და შაქარაშვილს მისდევენ. ეს ვიდეოჩანაწერი ექსპერტიზაზე წავიღეთ. როგორც ცნობილია, „ტოიოტა ქამრიში“ ექვსი ადამიანი ისხდა, თუმცა მძღოლს, ვასილ მახარაძეს, ბრალი დამძიმებული არ აქვს, ანუ ბრალი 109-ე მუხლით არ წაუყენეს.
_ რატომ?
_ მანქანაში იჯდა, ე. წ. ფერად შენობასთანაც მანქანა მან მიიყვანა და სანამ მანქანას მიიყვანდა, ის ხუთი პირი მდინარის პირას მანამდე ჩავიდა და შაქარაშვილი მოკლაო.
_ ანუ ეს პროკურატურის ვერსიაა, არა?
_ დიახ… მოკლედ, ამ ვიდეოჩანაწერის ექსპერტიზაზე გაგზავნის შემდეგ ექსპერტიზამ გვითხრა: იმ დროს, როცა მახარაძე მანქანაში ჯდება, ორი კარი იღებაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვასილ მახარაძესთან ჩიქოვანი და ზ.ხ. იყვნენ. აქედან გამომდინარე, პროკურატურის ვერსია, რომ შაქარაშვილის მკვლელობაში ხუთმა პირმა მიიღო მონაწილეობა, აბსურდია.
მოკლედ, ექსპერტიზის თანახმად, მანქანაში მხოლოდ ვასილ მახარაძე არ ჯდება, ე. ი., თუ ორი კარი იღება, მაშინ მანქანაში სხვებიც სხდებიან. თუ მახარაძეს განზრახ მკვლელობის ბრალი არ აქვს წაყენებული, სხვებს რატომ აქვთ?
ისე, თავად ბრალდებულებიც, მათ შორის, მახარაძეც ამ ჩვენებას აძლევს, რომ მანქანაში მარტო არ ყოფილა და მასთან ერთად ზ.ხ.-ც იყო და ჩიქოვანიც. ესეც პროკურატურის ვერსიას თავდაყირა აყენებს.
_ თუ ბრალდებულების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა, პარქტიკულად, ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ პროკურატურა ბრალს მხოლოდ ხუთ პირს რატომ უმძიმებს, მახარაძეს კი _ არა? ანუ საგამოძიებო უწყება რა თამაშს თამაშობს?
_ ეს არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე გარდაცვლილის წარმომადგენლის განცხადება მოვისმინეთ, _ ყველა პირს განზრახ მკვლელობის მუხლი უნდა წაეყენოს და მერე თვითონ თქვან, მკვლელობაში ვინ მონაწილეობდა და ვინ _ არაო.
ერთი სიტყვით, ის, რომ ხუთივე პირი მდინარის პირას იყო ჩასული, არც ექსპერტიზით დასტურდება და არც _ მოწმეების ჩვენებით. ერთადერთი, ამაზე საუბარი ამირხანაშვილისა და ახვლედიანის ხუთჯერ შეცვლილ ჩვენებაშია.
როგორც გითხარით, დაზარალებულის მხრიდან ასეთი დაკვეთა იყო, რომ ყველასთვის განზრახ მკვლელობის მუხლი წაეყენებინათ, მაგრამ ეს აბსურდია _ თუ პროკურატურის ვერსია მართალია და ყველა ქვემოთ იყო, ანუ მკვლელობაში ყველა მონაწილეობდა, მაშინ მანქანაში სამნი როგორღა სხდებიან?
_ გიორგი, ექსპერტიზა პირდაპირ ამბობს, მახარაძის გარდა მანქანაში კიდევ რამდენი ადამიანი ჯდება?
_ ექსპერტიზა ამბობს, რომ ჩრდილები და ლანდები იკვეთებაო, ანუ მანქანასთან მარტო მახარაძე კი არა, სხვებიც იყვნენ.
_ ეს გავიგე, მაგრამ დაზარალებულის მხარეს რატომ უნდა, რომ ხუთივე განზრახ მკვლელობის ბრალდებით გასამართლდეს?
_ ეს არ ვიცი და ამის შესახებ დაზარალებულის მხარეს უნდა ჰკითხოთ.
_ ამაზე არც ვერსია გაქვთ?
_ არა, ჩვენ ვერსია კი არა, სიმართლე გვაქვს, რომელიც ერთია.
_ და ეს სიმართლე როგორია?
_ ამ პირებს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღიათ, რაც ფაქტია და რაც ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურდა!
მოკლედ, არ ვიცი და შესაბამისად, ვერ გეტყვით, ეს ვერსია პროკურატურას რისთვის სჭირდება.
_ ასეა თუ ისე, როგორც თქვენი საუბრით ვიგებ, პროკურატურა მხოლოდ ორი მოწმის რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენების საფუძველზე ამბობს, რომ შაქარაშვილი მდინარეში ხუთმა პირმა გადააგდო.
_ დიახ.
_ როცა ბრალდება მხოლოდ ორი მოწმის ჩვენებას ეფუძნება, ეს სამართლიანია?
_ არა, ეს სამართლიანი არაა, თანაც განზრახულობისთვის, რომ ადამიანი ბრალად შერაცხო, კონკრეტული მტკიცებულებებია საჭირო. ამ შემთხვევაში ეს მტკიცებულებები არაა და ვერ გეტყვით, პროკურატურა ასე რატომ იქცევა!
_ მაშასადამე, პრორკურატურა თქვენ მიერ ზემოხსენებულ ექსპერტიზის დასკვნასაც უგულებელყოფს?
_ ეს დასკვნა სასამართლოში, მოსამართლის წინაშე წარვადგინეთ და ახლა გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, ეს პირები განზრახულობაში მონაწილეობდნენ თუ არა.
_ ისე, რომელი უფრო მნიშვნელოვანია _ მოწმეების ჩვენება თუ ექსპერტიზის დაკვნა? ანუ სასამართლომ ანგარიში რომელს უნდა გაუწიოს?
_ გარდა იმისა, რომ ამ ორმა მოწმემ ჩვენება არაერთხელ შეცვალა, ისინი უშუალოდ მკვლელობასაც არ ადასტურებენ.
_ ეს როგორ?
_ ეს ორი მოწმე, უბრალოდ, ამბობს, ჩაირბინესო, მაგრამ არ დაუნახავთ, რომ შაქარაშვილი ამ ხუთმა ადამიანმა მოკლა.
ისე, იმ მსუბუქი ხასიათის დაზიანებებით, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზამ გამოავლინა, გარდაცვალება არ დგინდება, თანაც ექსპერტიზით გარდაცვალება ასფიქსიამ, ე. ი., წყალში დახრჩობამ გამოიწვია.
კიდევ ერთხელ ვამბობ: ის ორი მოწმე ხუთჯერ შეცვლილ ჩვენებაშიც არ ამბობს, თუ როგორ მოხვდა შაქარაშვილი წყალში და ამის სხვა დამნახავიც არავინაა.
_ თუ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას არ გაითვალისწინებს, მაშინ სამხარაულის საექსპერტო ბიურო რისთვისღა გვინდა, ხომ არ უნდა გავაუქმოთ?
_ არ გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას არ გაითვალისწინებს, ანუ ამ პირებს გაამართლებს.
_ ისე, რამდენიმე დღის წინ ითქვა, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულები შესაძლოა, გირაოთი გაათავისუფლონ.
_ არა.
_ ანუ?
_ პატიმრობა განზრახ მკვლელობის საქმეზე კი არა, ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე აქვთ შეფარდებული.
_ რატომ?
_ არ ვიცი, ამაზე პროკურატურას პატიმრობა არ მოუთხოვია.
_ ე. ი., პროკურატურა ამბობს, შაქარაშვილი წყალში ამ ხუთმა ადამიანმა გადააგდო, მაგრამ ამის გამო მათთვის პატიმრობის შეფარდებას არ ითხოვს. სწორად გავიგე, არა?
_ პატიმრობა სხვა საქმეზე ჰქონდათ შეფარდებული და ამაზე პროკურატურამ პატიმრობის შეფარდება, ალბათ, ამიტომ არ მოითხოვა.
_ ისე, გიორგი, ამ საქმეზე, როგორ ფიქრობთ, სიმართლე ოდესმე დადგინდება?
_ ამას სასამართლო დაადგენს.
_ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაცვის მხარისთვის არასასურველ განაჩენს გამოიტანს, საქმე სტრასბურგში ხომ არ წავა?
_ რა თქმა უნდა!
_ ისე, გიორგი, ხომ არ გეჩვენებათ, რომ პროკურატურა დაზარალებულის მხარის დირექტივებით მოქმედებს?
_ ის ვიდეოჩანაწერები ხომ ნახეთ, რომლებიც საკნებშია გადაღებული?
_ დიახ, ვნახე…
_ ეს პირები, რეალურად, იმისთვის დაიჭირეს და კამერებიც იმიტომ დაუმონტაჟეს, რომ იქნებ, ერთმანეთში ესაუბრათ და ეთქვათ, რომ შაქარაშვილი მათ მოკლეს, მაგრამ ეს არ გამოვიდა, ანუ პროკურატურას მტკიცებულება არ ჰქონდა და ბრალი ისე წაუყენა.
_ გიორგი, პროკურატურა აქცენტს ამ ხუთ ადამიანზე იმიტომ ხომ არ აკეთებს, რომ რეალური დამნაშავისთვის ხელის დაფარებას ცდილობს?
_ იცით, როგორ არის?
_ როგორ?
_ ამ ეტაპზე ხელს ვერავის დავადებ, თუმცა ის ვერსია, რომელსაც პროკურატურა გვთავაზობს, იმისთვის საკმარისი არაა, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.
_ ჩაგეკითხებით: არის თუ არა ისეთი ვინმე, რომელიც ამ ამბავში რეალურად მონაწილეობდა, მაგრამ პროკურატურას მისთვის არც ბრალი წაუყენებია და მას არც ახსენებს?
_ ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერსიები არ გაგვაჩნია…
_ გამოძიებამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის მოტივი გამოკვეთა თუ არა?
_ არა. მკვლელობაც არ დასტურდება და, შესაბამისად, მოტივაციაზე საუბარიც ხომ ზედმეტია.
_ და როცა დანაშაულის მოტივი არ არსებობს, ეს ხომ გამოძიების, მინიმუმ, ხარვეზია?
_ რა თქმა უნდა.
_ გამომძიებლებს არ ეკითხებით, საქმეში დანაშაულის მოტივი რატომ არ არსებობს?
_ ისინი ამბობენ, ჩვენ ასე გვგონიაო, მაგრამ განზრახულობის ბრალი ვარაუდებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული.
_ ე. ი., სტრასბურგში ეს საქმე მთლიანად ჩამოიშლება?
_ დიახ, ჩვენი მოლოდინი ასეთია.
გიორგი აბაშიძე