გიორგი ყიფშიძე: „ფოტოგრაფი სურათებსაც ანადგურებდა და რაღაცებსაც მაიმუნობდა!“
„გიორგი შაქარაშვილის საქმე“ თანდათან უფრო ჩახლართული ხდება, ანუ დღე არ გავა, რამე ახალი ჩანაწერი არ გავრცელდეს ან ახალი დეტალი არ გამოიკვეთოს. ერთი სიტყვით, ეს ტრაგედია ჩვეულებრივი კრიმინალური საგაა, საგა, რომლის გასაღებიც, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის რწმენით, შესაძლოა, ფოტოგრაფი იაკობი იყოს, ანუ მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს პრესსამსახურის ნათესავი, იაკობ ბრეგვაძე, ამ ეტაპზე დაზარალებულად მიიჩნევა, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მან ბევრი რამ იცის, რასაც საგულდაგულოდ მალავს.
რა იცის ფოტოგრაფმა და საერთოდ, ვინ ცდილობს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ნათელი არ მოეფინოს?
„ქრონიკა+“ ადვოკატ გიორგი ყიფშიძეს ესაუბრა, რომელიც ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის უფლებებს იცავს. ტატიაშვილი იმ „მერსედესს“ მართავდა, რომელიც არაგვის ხიდთან „ქამრის“ მისვლამდე მივიდა, თუმცა ტატიაშვილს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია, რასაც მხოლოდ ჩვენი რესპონდენტი კი არა, 17 ბრალდებულიდან უმეტესობის ადვოკატებიც ადასტურებენ. მიუხედავად ამისა, ტატიაშვილს გამოძიება დანაშაულის ორგანიზებას ედავება და ეს მაშინ, როცა ექსპერტიზის გასაჯაროების შემდეგ, მირიან ნიკოლაძე, რომელიც შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი და ადვოკატია, კატეგორიულად ითხოვს, რომ „ქამრიში“ მყოფებს ბრალი დაუმძიმდეთ და მათ წინააღმდეგ გამოძიება განზრახ ჯგუფური მკვლელობის მუხლით დაიწყოს.
მოკლედ, რა ხდება 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის საქმეში და რატომ უყურებდა თავდაპირველად გიორგის დაკარგვას პოლიცია ზერელედ? _ ამ და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ჩვენს გამოცემას ადვოკატი გიორგი ყიფშიძე ესაუბრა:
_ გიორგი, ახალი რა გავიგეთ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნიდან?
_ სიმართლე გითხრათ, პირადად ჩემთვის ამ დასკვნაში ახალი არაფერია, თუმცა საზოგადოებისთვის ამ მიმართულებას უფრო მეტი მტკიცების ფორმა მიეცა.
_ მკვლელობის მიმართულებას?
_ დიახ. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურამ, საბოლოოდ, კვალიფიკაციის დასამძიმებლად გამოიყენა, თუმცა ზოგადად რომ ვთქვათ, ახალ კვალიფიკაციაზე მსჯელობა ექსპერტიზის დასკვნის გარეშეც შესაძლებელი იყო.
_ იზიარებთ ნიკა გვარამიას შეფასებას, რომ ეს დასკვნა სასამართლოში ყველა ბრალდებულს გამართლების საშუალებას მისცემს?
_ ეს აბსოლუტური დასკვნა არაა და სხვა დასკვნებსაც ველოდებით, ანუ ყველა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც არ დანიშნულია, ჯერ არ მოსულა. ეს სამედიცინო დასკვნაა, რომელიც ამბობს: აი, ბატონო, ეს ასეა, ის კი _ ისეო, მაგრამ ყველაფერ ამას სამართლებრივი დამაგრება სჭირდება, ანუ სასამართლოში ამ რამდენიმე კინკილა ფურცლით რომ მიხვიდე, ბუნებრივია, ვერაფერს მიიღებ და შედეგი არ ექნება, მით უმეტეს, თუ ავტომანქანში მჯდომ რომელიმე ადამიანს რომ მიაბა. მართალია, თითს ვერავისკენ გავიშვერ, მაგრამ კარგად ვხვდებით, საუბარი საითკენაც მიდის.
_ სხვათა შორის, დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა ნიკოლაძემ პირდაპირ თქვა, რომ გიორგის ოჯახი „ქამრიში“ მყოფი ყველა პირის მიმართ ბრალის დამძიმებას მოითხოვს, ანუ ნიკოლაძეს არც თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი უხსენებია, რომელიც იმ საბედისწერო ღამეს „მერსედესს“ მართავდა და არც _ „მერსედესის“ სხვა მგზავრები.
_ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის დამძიმებას კი არა, ველოდები, რომ გამოძიება საერთოდ უარს იტყვის ბრალზე. შეიძლება, სუბიექტური ვიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ვერანაირი ბრალი ვერ იმუშავებს!
_ ტატიაშვილი, მინიმუმ, იმაში მაინც არაა დამნაშავე, რომ ჩხუბის შესახებ, რომლის მოწმეც გახდა, სამართალდამცველებს არ შეატყობინა?
_ როცა ჩხუბი მოხდა, ღამე იყო.
_ ეს ამართლებს, რომ პოლიციას არ შეატყობინა?
_ სიბნელის გამო ტატიაშვილს არ დაუნახავს, რომ ქათამაძეს მძიმე დაზიანება ჰქონდა. მას დაზიანებები გამთენიას, ანუ მაშინ შეეტყო, როცა სახე გაუცივდა და საავადმყოფოში მოხვდა. მოკლედ, ტატიაშვილს ადგილზე არ უნახვს, რომ რამე მძიმე დანაშაული მოხდა _ ვინმე დაჭრეს, მანქანით გადაუარეს ან მოკლეს. შესაბამისად, თუ მორალზე არ ვილაპარაკებთ, სამართლებრივი ვალდებულება არ ჰქონდა, რომ პოლიციაში დაერეკა. შეუტყობინებლობა, მხოლოდ და მხოლოდ, მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზეა. სხვათა შორის, იმ წუთისთვის გამოძიება მის მანქანაში მყოფებს 117-ე მუხლსაც არ ედავებოდა და მძიმე ან განსაკუთრებულად მძიმე დანაშაულზე შეუტყობინებლობა საიდან წარმოიშვებოდა? მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე დანაშაულზე შეუტყობინებლობა კი საერთოდ არ ისჯება!
_ ამ საზარელ ტრაგედიაზე თითქმის ყველაფერი ითქვა, ანუ გამოძიება, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს. ისე, ზოგიერთი ამბობს, რომ ადვოკატებმა ყველაფერი არ უნდა გაასაჯაროონ და სასამართლოსთვის ე. წ. მოულოდნელობის ეფექტისთვის რამე უნდა შემოინახონ. ამაზე რას იტყვით?
_ რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ამას ათასგვარი რამ მიაბა, მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ადვოკატებს იმის საშუალება და შანსი არ ეძლევათ, რომ თავიანთი კლიენტების დაცვა სრულყოფილად განახორციელონ და სიმართლისთვის იბრძოლონ, ანუ ყველგან წინააღმდეგობას ხედავენ და ასეთ დროს ადვოკატებს ერთადერთი რჩებათ _ საზოგადოება. თუ საზოგადოებამ დეტალები არ იცის, მხოლოდ ლიტონი სიტყვები და საუბარი, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს, შედეგს ნაკლებად მოიტანს.
_ გიორგი, მაპატიეთ და, სიმართლე საზოგადოებამ კი არა, სასამართლომ უნდა დაადგინოს!
_ კი ბატონო, გეთანხმებით, მაგრამ ამხელა აჟიოტაჟი რომ არ ატეხილიყო, ეს საქმე ასეთი კატეგორიული გახდებოდა? გამორიცხეთ! ამ ბავშვის გარდაცვალებას შესაძლოა, ისე ჩაევლო, როგორც უბედურ შემთხვევას. ისე, ჩემო კარგო, მხოლოდ ადვოკატებს ნუ დააბრალებთ. ვიცი, რომ ტელევიზიებს საქმის მასალებს თავად შსს-ს წარმომადგენლები უგზავნიან და კერძო საუბრებში რამდენიმე არხთან ამ თემაზე თავისუფლად საუბრობენ!
_ თქვენი ნათქვამი ისე უნდა გავიგოთ, რომ შსს-ს ცალკეულ წარმომადგენლებს საქმის გახსნა უნდათ?
_ შსს-ს საქმის გახსნა ნებისმიერ ეტაპზე უნდა, მაგრამ როგორ უნდა, აი, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა _ თავის ჭკუაზე გახსნა უნდა თუ სიმართლის დადგენა?
_ გიორგი, კითხვა, რომელსაც ახლა დაგისვამთ, შესაძლოა, უფრო პოლიტიკურია, მაგრამ, თქვენი აზრით, შაქარაშვილის ტრაგედიას ძალოვნებში შიდა ბრძოლისთვის ხომ არ იყენებენ?
_ ჩემო კარგო, გამორიცხული არაფერია. ზოგადად, როცა ასეთი გახმაურებული რამ ხდება, იქ გამორიცხული არც პოლიტიკაა! ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, „მერსედესის“ მგზავრებს პოლიტიკური მუხლი აქვთ წაყენებული _ ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზება. ამ მუხლს მხოლოდ პოლიტიკური მანიფესტაციებისა და საპროტესტო ორგანიზაციების წინააღმდეგ იყენებენ ხოლმე, ანუ ეს ისეთი კატეგორიის მუხლი არაა, რომელიც შეიძლება, ჩვეულებრივი ჩხუბის შემთხვევაში გამოიყენო, ეს გამორიცხულია! სხვათა შორის, ამ მუხლით ოქრუაშვილი და 20 ივნისის სხვა ფიგურანტები არიან გასამართლებულნი.
_ ეს პოლიტიკური მუხლი საბედისწერო დაბადების დღის მონაწილეებს სპეციალურად წაუყენეს?
_ ამას ერთადერთი ახსნა აქვს და ხმამაღლა ვამბობ: ეს იმდენად იდიოტური მუხლია, რომ ამ შემთხვევაში მისი გამოყენება არ შეიძლებოდა! ვისაც სისხლის სამართლის კოდექსი ელემენტარულად ესმის, მიხვდება, რომ აბსოლუტურად სხვა კარია.
_ ანუ?
_ მოგეხსენებათ, კარი და თავი დანაშაულის ხასიათები და მიმართულებებია. ეს მუხლი კი საზოგადოების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს ითვალისწინებს, ანუ სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანილი მუხლია, რომელსაც ნეონაცისტური თუ ტერორისტული ორგანიზაციების შემთხვევაში იყენებენ.
_ თუ ასეა, მაშინ 17 ბრალდებულს თავდაპირველად ამ მუხლით რატომ წაუყენეს ბრალი?
_ ბრალის დამძიმების თვალსაზრისით. ამ მუხლის პირველი ნაწილი 6-დან 9-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მეორე ნაწილი კი _ 4-დან 10-მდე. ერთი სიტყვით, ეს მუხლი თავიდანვე შეგნებულად იყო შემოგდებული, რომ სასამართლოს გირაოს გადაწყვეტილება არ გამოეტანა, თორემ რამდენიმე ადამიანი ამ საქმესთან კავშირში საერთოდ არაა _ არც უჩხუბია და არც სხვა რამე დაუშავებია, მაგრამ გარეთ არც ერთი აწყობდათ, რადგან ეს სავაჭრო თემად რჩება!
_ ვისთან ან რაზე სავაჭროდ?
_ მტკიცებულებების მოპოვებაში, ჩემო კარგო. სასამართლოზე, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, ვიღაც გამოვა, რაღაცას დააბრეხვებს და ვიღაცას დანაშაულზე მიაბამს. ეს აპრობირებული მეთოდია და ჩვენი გამოძიება, ზოგადად, ასეთია.
_ ე. ი., იზიარებთ მოსაზრებას, რომ სიმართლის მიჩქმალვას ვიღაც უხილავი ცდილობს?
_ უხილავების ცალსახად არ მჯერა!
_ მოკლედ, სიმართლის არდადგენა ვის ინტერესში შედის და რატომ ცდილობს, რომ 19 წლის ბიჭის გარდაცვალებას ნათელი არ მოეფინოს?
_ იოტისოდენადაც ვერ ვხედავ, რომ ამ საქმეში ვიღაც უხილავია ჩარეული, რომელიც საქმის გაყალბებას ცდილობს.
_ აბა, რა ხდება?
_ გამოძიება იდიოტურად დაიწყეს, გიორგის მკვლელობას გამორიცხავდნენ და საქმეს ისე იძიებდნენ, როგორც უბედურ შემთხვევას.
_ რატომ? ამას მხოლოდ არაპროფესიონალიზმით ხსნით?
_ რა თქმა უნდა. არავის ვაკნინებ, მაგრამ საქმეს თავიდან მცხეთა და დუშეთი იძიებდა, არადა, მათი პროფილი არაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბავშვის ძებნის დროს დანაშაულის ადგილი 400 მაშველს გადააჯეგინეს, რაც დაუშვებელია! მტკიცებულებები ფეხებით მოსპეს და გაანადგურეს!
_ გიორგი, ამ ნათქვამით თქვენს ძველ განცხადებას ეწინააღმდეგებით, რომლითაც ვარაუდობდით, რომ შაქარაშვილი მოკლეს, მერე მდინარეში ჩააგდეს და ყველაფერ ამის შემდეგ ვიღაცამ დანაშაულის ადგილი გაასუფთავაო.
_ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებოდი და ვერსიების დონეზე ბევრი რამის თქმა შემეძლო, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯერ ყველაფერი მიწაზე ხდებოდა (მოკლეს თუ გათიშეს, ეს გამოძიებას უნდა დაედგინა) და მერე წყალში ჩააგდეს. ეს ცალსახად დადასტურდა! შეიძლება, წყალში რომ გადააგდეს, ცოცხალი იყო, წყალი გადაყლაპა და მოკვდა! ჩემი მხრიდან იმის თქმა, რომ ჩაქოლეს და წყალში მერე გადააგდეს, გამორიცხულია, თუმცა ახლაც იმ ვერსიას ვუჭერ მხარს, რომ სცემეს, გაითიშა და წყალში გადააგდეს ან გაითიშა და წყალში თავად გადავარდა.
_ მართალია, იურისტი არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ნებისმიერი დანაშაულისთვის მოტივია საჭირო.
_ დარწმუნებული ვარ, რომ მოტივი არსებობს.
_ და ეს მოტივი რა შეიძლება იყოს? იზიარებთ ნიკა გვარამიას ვერსიას, რომლის თანახმადაც, ყველაფერი შესაძლოა, იმის გამო მოხდა, რომ გოგონას, რომელიც ჩიქოვანს მოსწონდა, შაქარაშვილის მიმართ ჰქონდა სიმპათია?
_ გვარამია უჭკუო ადამიანი არაა. შესაძლოა, ჰაერზე ლაპარაკობდა _ საკუთარი ფიქრები გაახმოვანა და რაღაც წყაროებსაც დაეყრდნო, მაგრამ ეს ფიქრები რეალობასთან ახლოსაა. ყოველ შემთხვევაში, გვარამიას ამ ფიქრებს კატეგორიულად არ შევეწინააღმდეგები. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ადვოკატი ვარ და მოვალეობები მაქვს, ამ საზოგადოების წევრიც ვარ, შვილები მყავს და არ მინდა, რომ ახალგაზრდებს ქუჩაში ხოცავდნენ. ამიტომ სიმართლის გარკვევის ცხოველი ინტერესი მაქვს!
_ გიორგი, გამოძიებას დანაშაულის მოტივის დადგენაზე, წესით, თავიდანვე უნდა ემუშავა, არა?
_ მოტივს მაშინ იკვლევენ, როცა ეჭვი არსებობს, რომ დანაშაული ვიღაცამ ჩაიდინა. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ იგივე მცხეთის თანამდებობის პირებთან ურთიერთობა მქონდა და სიცილით ამბობდნენ, დათვრა და სადღაც გადავარდაო. ანუ იმას, რაც მოხდა, არ განიხილავდნენ და ამდენი შეცდომაც ამიტომ დაუშვეს! დაკითხვების დროს იმას ეკითხებოდნენ, ეს კაცი რომ დაიკარგა, რა ეცვა, რომელ „კევს“ ღეჭავდაო და რაღაც სისულელები აქვთ ნაკითხი. მოკლედ, გამოძიების მიმართულება გამძაფრებული არ იყო. მომხდარს ისე განიხილავდნენ, როგორც უბედურ შემთხვევას და კითხვებიც, რა თქმა უნდა, იდიოტური იყო! მერე კი, როცა მიხვდნენ, რომ უკაცრავად და, ჭამეს, გამოსწორება დაიწყეს, მაგრამ ეს გამოსწორება საქმის გაყალბებას დაემსგავსა! ხალხი მეორედ, მესამედ, მეხუთედ დაკითხეს და თავიანთი გაფუჭებული ჩვენებების ვითომ გამოსწორება დაიწყეს. ახლა მეექვსედ და მეშვიდედაც დაკითხავენ, რადგან მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყველაფერი გამოასწორონ, მაგრამ ძვირფასი დრო წასულია. არადა, თავიდანვე ამ მიმართულებით რომ წასულიყვნენ, დამიჯერეთ, ამ საქმეს პირველსავე დღეს, მინიმუმ, სხეულის მძიმე დაზიანების კვალიფიკაცია ექნებოდა _ დათვალიერების ოქმი არსებობს და მიცვალებული რომ ნახეს, ხომ ეტყობოდა, რომ ბიჭის ტუჩი გახეთქილი იყო, ხელზეც ნაჭდევი ჰქონდა და ზურგზე. ეს სურათები ნანახი მაქვს, ყველაფერი შევამჩნიე და რა, თვითონ ვერ დაინახეს?
_ შაქარაშვილს, ამირხანაშვილსა და მათ თანმხლებს მცხეთის გზაზე თავდაპირველად „მერსედესმა“ მიაკითხა და მათ იქ მსხდომები გაუსწორდნენ. თუ ყველაფერი წინასწარ არ იყო გამიზნული, ერთხელ ნაცემი ბიჭების მეორედ ცემა დღის წესრიგში რატომღა დადგა, ანუ „ქამრი“ რატომღა მივიდა?
_ აი, სწორედ ეს ამტკიცებს, რომ „მერსედესსა“ და „ქამრის“ შორის შეთანხმება არ არსებობდა, ანუ ისინი რომ შეთანხმებული ყოფილიყვნენ, „მერსედესი“ თბილისში ხომ არ წავიდოდა, დარჩებოდა და იმ „ქამრის“ დაელოდებოდა.
_ „მერსედესი“ და „ქამრი“ დასახმარებლად ერთმა და იმავე ადამიანმა გამოიძახა?
_ არა.
_ აბა?
_ გიგამ, ანუ ვისაც ვიცავ, მეგობრები თბილისში ჩაიყვანა, ერთ-ერთს თანაკლასელი ახლდა. სწორედ იმ თანაკლასელს გაუჩნდა იდეა, რომ იქ ორი ჩვენი ახლობელია დარჩენილი და მოდი, ჩავაკითხოთო. არ ვიცი, იქვე „აბირჟავებდნენ“ თუ რას აკეთებდნენ, მაგრამ ორი ადამიანი ჩაისვეს. მათ შორის იყო საუბარი, რომ ჩხუბი მოხდა, მაგრამ ყველაფერ ამას გიგა უკვე მცხეთაში იგებს.
_ „ქამრი“ ვინ გამოიძახა?
_ „ქამრიში“ ზის ჩიქოვანი, რომელსაც მოხვდა. შესაბამისად, მას თავისი ბრიგადა ცალკე მიჰყავს, თორემ ამ მანქანაში გალახული არავინაა და საერთოდ, აბსოლუტურად ცალკე „სასტავია“.
_ ჰოდა, ეგ ვერ გავიგე _ ეს ცალ-ცალკე „სასტავი“ მაინცდამაინც შაქარაშვილს რატომ სცემს?
_ ამათ, ანუ „მერსედესის“ ხალხს, შაქარაშვილისთვის თითიც არ დაუკარებიათ და ეს დადასტურებულია. შაქარაშვილი როგორი უვნებელიც იყო, ისეთივე უვნებელი დახვდა „ქამრის“ და მერე გაიქცა. „მერსედესის“ ეპიზოდში შაქარაშვილი კი არა, ფოტოგრაფი გაიქცა.
_ საერთოდ, ეს ფოტოგრაფი იაკობი ამ ტრაგედიის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფიგურანტია, არა?
_ საერთოდ, ამ ფოტოგრაფის საქციელი პირადად მე აბსოლუტურად ცალკე მდგომ საქმედ მიმაჩნია.
_ ანუ?
_ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფოტოგრაფი სურათებსაც ანადგურებდა და რაღაცებსაც მაიმუნობდა.
ამ კუთხით განვიხილოთ: რამდენიმე ადამიანი გარბის, რომელსაც მისდევენ. ერთი ბუჩქებში შევარდა და მასთან არავინ დარჩა. მეორეც ბუჩქებში შევარდა, მაგრამ ამასაც არავინ გაჰყვა და შაქარაშვილის დევნა გააგრძელეს. არადა, შაქარაშვილი არც ჩხუბში ჩარეულა და არც ჩიქოვანი უცემია. აბა, ბოლომდე რატომ მიჰყვნენ?
_ ე. ი., გვარამიას ზემოხსენებული ვერსია უფრო მყარდება?
_ არ ვფიქრობ, რომ მოკვლის მოტივი ვინმეს გაუჩნდა, მაგრამ საუბარი დასჯის მოტივზეა, რომელსაც აბსოლუტური გადამეტება მოყვა.
_ ფოტოგრაფი იაკობი გიორგობიანის ნათესავი რომ არ იყოს, თქვენი აზრით, ვინმე დააფარებდა ხელს?
_ ჩემი ინფორმაციით, ვერავის ვერანაირი გიორგობიანი ხელს ვეღარ აფარებს!
_ პირველ ეტაპზე?
_ გამორიცხული არაა. საერთოდ, ამ ტიპთან მიმართებით პატრულის დამოკიდებულება ძალიან საეჭვოა. ის მომენტი, როცა ფოტოგრაფი პატრულს იძახებს და რაღაც სისულელეები ხდება, შეიძლება, ამ საქმესთან პირდაპირ ბმაში არ იყოს და, უბრალოდ, პოლიციის მანკიერ მხარეებს აჩენდეს, მაგრამ რა ვიცი, ეს ფოტოგრაფი პატრულმა მანქანაში ჩაისვა და თბილისში წამოიყვანა. ეს მაშინ, პატრულს რომ უთხრა, დამასიგნალებინეო, შეიძლება, გაგლახოს!
სხვათა შორის, პატრულს სპეციალური დირექტივა აქვს, რომ არ შეუძლია, მანქანაში უცხო პირი ჩაისვას, თუ დაკარგული ბავშვი სკლეროზიანი ან ისეთი პირი არაა, რომელსაც საავადმყოფოში მიყვანა სჭირდება, ანუ თუ პირს საშიშროება არ ემუქრება! ჰოდა, თუ ფოტოგრაფს არავინ და არაფერი ემუქრებოდა, გაუგებარია, თბილისში რატომ წამოიყვანეს? თუ ფოტოგრაფს პრობლემა ჰქონდა და საშიშროება ემუქრებოდა, მაშინ პატრულმა შესაბამისად რატომ არ იმოქმედა?
_ გიორგი, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა ტატიაშვილმა როდის გაიგო, რომ შაქარაშვილი დაიკარგა და ვერ პოულობდნენ?
_ ამას ვიკვლევ. გიგასთან ამ დღეებში შევალთ, რომ ეს მიმართულება დავაზუსტოთ.
_ აქამდე ამის შესახებ არ გიკითხავთ?
_ რა თქმა უნდა, ვკითხე და პასუხი მაქვს, მაგრამ რაღაცები მოვისმინე და ამ თემაზე დამატებითი კითხვები მაქვს.
სხვათა შორის, იგი დაკარგულ ბიჭს მარტო არ კითხულობდა და უფრო საინტერესო რამეები ჩნდება.
_ კერძოდ?
_ ამათთვის არავის უკითხავს, შაქარაშვილი დაიკარგა თუ რა მოხდა. მამასთან ერთად დადიოდა და კითხულობდა, ეს ბიჭი სად წავიდა.
_ უკაცრავად, მამასთან ერთად შაქარაშვილს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ეძებდა?
_ კი არ ეძებდა, არამედ სუფრის მონაწილეებს შორის მოკითხვა მიდიოდა, სად გაქრა, სად დაიკარგა და, საერთოდ, რა მოხდაო.
_ ეს მოკითხვა საჭირო რატომ გახდა, ანუ იცოდნენ, რომ გიორგის რაღაც შეემთხვა?
_ ჩხუბის დროს შაქარაშვილი იქ იყო და ყველას ეშინოდა, სად გაქრა, ანუ ამათ არ იცოდნენ, რომ ეს ხალხი „ქამრიმ“ სცემა.
_ ამის შესახებ როდის გაიგეს?
_ დილით გოგოები აგებინებენ, იმ „ქამრის“ ბიჭებს უცემიათ შაქარაშვილი და მერე დაიკარგაო. სხვათა შორის, დღეს დაბარებული მყავდა მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ: როცა გაიგეს, რომ „ქამრის“ ბიჭებს უცემიათ და შაქარაშვილს გაკიდებიანო, სიხარულისგან მაღლა ხტოდნენ და ერთმანეთს ხელს ურტყამდნენ, ჩვენ არაფერ შუაში ვართო, ანუ ვიღაცები გაკიდებიან და შაქარაშვილი იმიტომაა დაკარგულიო.
_ ანუ „მერსედესის“ ჯგუფს რაღაც ცუდის მოლოდინი ჰქონდა. ასე გამოდის?
_ რა თქმა უნდა.
_ და ეს ბიჭები ოთხი დღე, ანუ გვამის აღმოჩენამდე, რატომ დუმდნენ და არ ამბობდნენ, რომ „მერსედესის“ მგზავრებს გარკვეული ინციდენტი მოუხდათ?
_ გიგა 19-სა თუ 20-შია დაკითხული და დეტალური ჩვენება აქვს მიცემული, ვინ სად იყო.
_ თუ პოლიციამ იცოდა, რომ ჩხუბი მოხდა, აბა, გამოძიება თავიდან უბედური შემთხვევის ვერსიას რატომ განიხილავდა?
_ „ქამრის“ ხალხი არაფერს ამბობდა, „მერსედესის“ ხალხი კი ყველაფერს ამბობდა. იგივე ჟვანია ყვებოდა, ქათამაძეს თუ რომელიღაცას მოვუქნიეო.
_ საერთოდ, პოლიციამ გიორგის ძებნა რატომ დაიწყო?
_ 19-ში, გამთენიისას, დილის 7 საათზე, ბატონი გურო შაქარაშვილის ოჯახს უკავშირდება და კითხულობს, გიორგი სად არისო. ანუ ტიპს თავისი მეგობარი მთელი ღამე არ მოუკითხავს, კაცმა არ იცის, ვის რა ემესიჯა, დილით კი ოჯახში რეკავს და კითხულობს, _ გიორგი ხომ არ მოსულაო? პოლიციაში კი ოფიციალური ზარი 11 საათზე შედის.
_ გიორგის მშობლებისგან?
_ თუ არ მეშლება, ოჯახის ახლობელი რეკავს ზანტი ტექსტით: იცით, რა, ბიჭი სახლში არ მოსულაო… და ამ ბიჭის ძებნაც იწყება.
_ თუ განზრახ ჯგუფური მკვლელობისთვის ბრალი მხოლოდ „ქამრის“ „სასტავს“ დაუმძიმდა, ამ შემთხვევაში „მერსედესის“ ხალხს გაათავისუფლებენ?
_ არა.
_ აბა?
_ როგორც გითხარით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დამძიმება კი არა, ეს ბრალიც უნდა მოუხსნან! ჟვანიას კი, სავარაუდოდ, ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებას წაუყენებენ და კიდევ ორს, ანუ შესაძლებელია, რომ „მერსედესიდან“ სამს სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდება წაუყენონ.
_ ე. ი., დანაშაულის მთელი სიმძიმე „ქამრიზე“ გადავა?
_ „ქამრი“ იქნება, შავი „ჰუნდაი“ და თუ მეოთხე მანქანა, ეს არ ვიცი. შესაძლოა, ვიცოდე, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
გიორგი აბაშიძე