გიორგი ფანცულაია: „პროტესტის მუხტი უნდა იყოს მასობრივი“
ცემა, ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა _ ასეთი იყო ზოგადი ფონი საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და აგიტატორები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების, ასევე ყველა იმ ჟურნალისტის მიმართ, ვინც არჩევნებს აშუქებდა.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ როგორც „რუსთავი 2-ის“ ასევე „პუბლიკის“ ჟურნალისტსაც, რომელსაც ტელეფონი დაუმტვრიეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ასევე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ტვ „ფორმულას“ ოპერატორს, დაზიანება მიიღო ტვ „პირველის“ ჟურნალისტმა ანუნა ახალაიამ.
„მე და ჩემი ოპერატორი როდესაც მანქანიდან გადმოვედით, პოლიციელები გამორბოდნენ, მოვყვებოდით პოლიციელებს და ერთი მამაკაცი იყო, რომელმაც ჩემს ოპერატორს ხელი ჰკრა. სავარაუდოდ, კამერა მომხვდა“, _ განაცხადა ანუნა ახალაიამ.
რამდენად გაგიკვირდებათ არ ვიცი, მაგრამ დაპირისპირება პირდაპირ პოლიციის თვალწინ მიმდინარეობდა და სამართალდამცველებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ 5 პირი დააკავა, გამოძიება კი მხოლოდ ნივთის განზრახ დაზიანებით დაიწყო.
ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა არჩევნები გლდანში 79-ე საარჩევნო უბანთან. ბევრი ფაქტისა და კადრის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ კვლავ ოპოზიციისკენ გაიშვირა თითი და გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ ნიკა მელიას კრიმინალი უწოდა. მასზეა ნათქვამი, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო.
„ნიკა მელია არის კრიმინალი და ირგვლივ შემოკრებილი ჰყავს კრიმინალური ავტორიტეტები“, _ განაცხადა კალაძემ.
დღის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილ ინციდენტებზე გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
მისი განცხადებით, გლდანში მომხდარ ინციდენტზე, გამოცემა „პუბლიკის“ პროფესიულ საქმიანობაში შესაძლო ხელის შეშლის ფაქტზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
„დაწყებული გვაქვს გამოძიება სსკ-ის 87-ე მუხლით, რაც ნიშნავს სხვისი ნივთის დაზიანებას. მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სავარაუდოდ, შეიცვლება საქმის კვალიფიკაცია.
გლდანის შემთხვევაში გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მიღებული შედეგების შესახებ გაცნობებთ მოგვიანებით“, _ განაცხადა კახა საბანაძემ.
რაც შეეხება მარნეულს, იქ მთელი დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო. დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებების, ქურდული სამყაროს წევრების მხრიდან მუქარა-მოსყიდვის, ფულისა და ბენზინის ტალონების დარიგების ფაქტები.
დღის მეორე ნახევარში მარნეულში სპეცრაზმიც შეიყვანეს, რაც შსს-მ არჩევნების მშვიდად ჩატარების უზრუნველყოფით ახსნა.
„დღეს პოლიციის უმთავრესს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება, სწორედ ამ მიზნით გადანაწილდა სპეცრაზმი“, _ განაცხადა შსს-ს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ.
რაც შეეხება შიდა ქართლს, მაგალითად, გორში სუფრაც კი გაიშალა, სადაც ხმის მისაცემად მისულ „ოცნების“ მხარდამჭერებს თითო ჭიქით დალოცვასაც სთვაზობდნენ, თუმცა მავანის წინასწარი ჟრიამული ნაადრევი აღმოჩნდა, ხოლო ხაშურში, ნატო ჩხეიძის დამაჯერებელი გამარჯვების ფონზე, ამომრჩეველს პირდაპირ ეუბნებოდნენ, _ ბევრი ფული გვაქვსო.
საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად, ყველა საარჩევნო უბანზე ოლიგარქის „პოლიტიკურ კლანს“ კრიმინალები ჰყავდა მობილიზებული.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ რამდენიმე ამომრჩევლის, პოლიტიკოსისა და უფლებადამცველის კომენტარს:
ნათია ჭეიშვილი _ ამომრჩეველი:
_ შედეგებით არ ვარ კმაყოფილი. „ოცნების“ მოსვლის პირველი დღიდან მქონდა პროტესტი, რადგან თავიდანვე მჯეროდა და ვიცოდი, რომ მისი ყველა წევრი ხელისუფლებაში მოდიოდა მხოლოდ თავიანთი ოცნებების ასასრულებლად და ეს 8 წელი ჩემთვის, როგორც რიგითი, პატრიოტი ქართველისთვის იყო ტანჯვა, რადგან ვხედავდი, როგორ ჩერდებოდა ჩემი ქვეყნის პერსპექტივა, როგორ ვიხევდით უკან, როგორ ჩამოგვეშალა ყველა ინსტიტუცია და როგორ დაირღვა ყველა ქართველის უფლება.
_ უფლებების დარღვევაში, კოკრეტულად, რას გულისხმობთ?
_ უფლებების დარღვევაში ვგულისხმობ შიმშილს, უსამართლობას, განუკითხაობას… სამწუხაროდ, მე, როგორც რიგით ამომრჩეველს, უმისამართო პირადობის მოწმობა მაქვს. არ მომეცა საშუალება, მონაწილეობა მიმეღო არჩევნებში, რათა ჩემი ერთი ხმით გადამერჩინა ქვეყანა. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მთელი დღე ვრეკავდი ცესკო-ში და არავინ მპასუხობდა.
„ოცნების“ ყველა ამომრჩევლის გასაგონად ვიტყვი: 90-იან წლებში როდესაც ელემენტარული შუქის ჩართვაზეც კი პაპუასებივით ვყვიროდით, იმ 90-იან წლებში რომ ივანიშვილის ხელისუფლება მოსულიყო ქვეყნის სათავეში, დარწმუნებული ვარ, საქართველო, როგორც ქვეყანა, დედამიწის ზედაპირიდან გაქრებოდა, რადგან „ოცნებას“ მხოლოდ ძალუძს აშენებულის დანგრევა, პერსპექტივის უპერსპექტივობაში გადასროლა და პროგრესის რეგრესირება.
ივანიშვილის მთავრობას შევაფასებდი ასე: ესენი არიან ვირთხები, რომლებიც ბეღელს შეესივნენ, კარგად გამოხრეს და ახლა გაზულუქებულები ცხოვრობენ სრულ ნეტარებაში.
ლელა ხაჩიძე _ ამომრჩეველი:
_ ვფიქრობ, ოპოზიციამ გაიმარჯვა და იმ რაიონში, სადაც ოპოზიციის ლიდერებს ნაკლები პროცენტი აქვთ, ვიდრე „ოცნების“ წევრებს, ეს არის მხოლოდ დიდი გაყალბების შედეგი. ყველაფერი გააკეთა კრიმინალურმა ხელისუფლებამ, რომ არჩევნები გაეყალბებინა, რაც ნამდვილად მოახერხა, თუმცა ქართველი ხალხი მეტს აღარ მოითმენს. გაღვიძების დროა, საქართველო წინ უნდა წავიდეს და უნდა დამთავრდეს ყველაფერზე ოცნება. აღარ გვინდა ოცნებაში ცხოვრება და 90-იანებში დაბრუნება. არჩევნების მეორე ტურში სრულ გამარჯვებას ვიზეიმებთ!
არჩევნების მიმდინარე მოვლენებს სამართლებრივად აფასებს „ქრონიკა+“-სთან საუბრისას ადვოკატი გიორგი ფანცულაია:
_ 2020 წლის არჩევნები გამორჩეული იყო ყველა იმ არჩევნებისგან, რაც 2012 წლის შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ჩატარებულა. აქ ვგულისხმობ იმას, რომ წინა არჩევნებების დროს „ქართულ ოცნებას“ ჰყოფნიდა მოსყიდული, დაშინებული ამომრჩეველი და ადმინისტრაციული რესურსი. როგორც აღმოჩნდა, 2020 წლის არჩევნებზე ეს საკმარისი არ იყო, რის გამოც მასობრივად გააყალბეს. ასეთი შეფასების უფლებას მაძლევს არა მარტო მოქალაქის თვალით დანახულის აღქმა, არამედ ისიც, რომ წლების წინათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან არაერთ არჩევნებს დავკვირვებივარ და მაქვს არჩევნების შეფასების კომპეტენცია და გამოცდილება…
_ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ?
_ ვფიქრობ, რომ ახლა გადამწყვეტი იქნება ოპოზიციის ერთიანობა, არც ერთი მათგანი არ უნდა გაიყიდოს და არ უნდა შევიდეს პარლამენტში. არ უნდა აღიარონ ეს არჩევნები. გადამწყვეტი იქნება ამერიკის ადმინისტრაციიდან და ევროპიდან მაღალი დონის განცხადებები, რაც საბოლოო მუხტი იქნება მოქალაქეებისთვის.
_ ანუ პროტესტი?
_ დიახ, პროტესტის მუხტი უნდა იყოს მასობრივი. ამაზე ძალიან უნდა იმუშაოს ოპოზიციამ. ამ კომენტარს ვაკეთებ მე, გიორგი ფანცულაია, რომელიც არასოდეს არც ერთი ხელისუფლების მხარდამჭერი არ ვყოფილვარ და ასევე არასოდეს ვყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი ან მასთან ასოცირებული პირი.
გრიგოლ ვაშაძე _ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი:
_ ჩვენი პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ლომებივით იცავენ ხმებს კომისიებში. ხელისუფლებას არ შევარჩენთ არც ერთ ხმას და გაყალბების არც ერთ მცდელობას. შედეგი ნათელია, საქართველომ და საქართველოს მოქალაქეებმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა. იმედი მაქვს, ეს ხელისუფლება აღარასდროს იქნება არც ერთპარტიულად და არც ხელისუფლებაში.
არჩევნებს თუ შევაფასებთ, უცნაური და ჭრელი არჩევნები იყო: ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, როგორც ქუთაისში, დეკორაციები კარგად შესახედი იყო, ყველაფერი წყნარად და მშვიდად ჩატარდა, ექსცესების გარეშე, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საკმაოდ უხეში ფიზიკური ზემოქმედება მოახდინეს ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატზე. რამდენიმე უბანზე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა გასაყალბებლად და არც იქ ერიდებოდა ფიზიკურ ძალას, მაგალითად, 30-ე უბანში. პრინციპში, ქუთაისი და კიდევ რამდენიმე ოლქი გამოირჩეოდა იმ უმსგავსობით, რაც გლდანსა და მარნეულში იყო.
დაველოდოთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს. მთავარი შედეგი მიღწეულია _ ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია.
ზურაბ ჯაფარიძე _ „გირჩის“ ლიდერი:
_ სამივე ეგზიტპოლი აჩვენებს 3%-ს. მგონია, რომ მაგ ფარგლებში ვართ და შეიძლება, ცოტა მეტიც იყოს, მაგრამ ეს დათვლის შემდეგ გამოჩნდება. „გირჩისთვის“ 3% იმას ნიშნავს, რომ 4 კაცი შეგვყავს პარლამენტში. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება არის ის, რომ თბილისში ვართ მესამე პარტია, ეს იმის ტოლფასია, რომ მომავალი ჩვენია.
დავით ბაქრაძე _ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი:
_ ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში (აქ არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს, საუბარია „ედისონზე“ „იფსოსსა“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე). ყველა ეგზიტპოლში ძალიან მაღალი პასუხი იყო უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას. ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი მნიშვნელოვანია იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მინდა, მივმართო „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრს და დამკვირვებელს უბნებში, ოლქებში, ცესკოში: გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს მუშაობას, უნდა ვიყოთ ბოლომდე უბნებზე, ვიბრძლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა.
Ipsos გლობალის ეგზიტპოლის შედეგები კი ასე გამოიყურება:
მთაწმინდა-კრწანისი
- შალვა შავგულიძე _ ევროპული საქართველო _ 46%;
- ბექა ოდიშარია _ ქართული ოცნება _ 35%;
ვაკე - ელენე ხოშტარია _ 47%;
- ნოდარ ტურძელაძე _ 33%;
საბურთალო - დავით სერგეენკო _ 35%;
- ალექსანდრე ელისაშვილი _ 21%;
- ბადრი ჯაფარიძე _ 19%;
ისანი - კახა კახიშვილი _ 35%;
- ხატია დეკანოიძე _ 32%;
- გიორგი ვაშაძე _ 19%;
სამგორი - ლევან ხაბეიშვილი _ 49%;
- სოზარ სუბარი _ 33%;
დიდუბე-ჩუღურეთი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე _ 35%;
- გია ვოლსკი 33%;
- ანა დოლიძე 16%;
ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი _ 35%;
- შალვა ნათელაშვილი _ 33%;
გლდანი - ნიკა მელია _ 53%;
- ლევან კობიაშვილი _ 38%.
შეგახსენებთ, რომ Ipsos გლობალის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 41% აიღო; „პატრიოტთა ალიანსმა“ _ 2%; ჯამურად მთელ ოპოზიციას 57% აქვს.
ეს იყო Ipsos გლობალის ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც 30 ნოემბერს, არჩევნების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, თუმცა სხვა რეალობა გვაჩვენა ცესკომ პირველ ნოემბერს.
გაყალბებებისა და უამრავი დარღვევის ფონზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმოუდგენლად არარეალური წინასწარი მონაცემები გაგვაცნო, რომელიც ასე გამოიყურება:
- „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ _ 48,15%;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია _ ძალა ერთობაშია“ _ 27,14%;
- „ევროპული საქართველო“ _ 3,78%;
- „ლელო“ _ 3,15%;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ _ 3,15%;
- „პატრიოტთა ალიანსი“ _ 3,14%;
- „გირჩი“ _ 2,89%;
- „ალეკო ელისაშვილი _ მოქალაქეები“ _ 1,33%;
- ლეიბორისტული პარტია _ 1%.
„არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით“, _ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა „ოცნებას“ ოქმზე, როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48 (ასლი ინახება, სადაც 18 ეწერა).
არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით და თუ არ გაუვათ, გაიმარჯვებს ქართველი ხალხი“, _ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
გიორგი საკარული