გიორგი ტიგინაშვილი: „საპატრიარქოს სამდივნოს არც ერთ შემთხვევაში არ სურს საეკლესიო სასამართლოს აღდგენა და ფუნქციონირება“
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები მრავალმხრივ იწვევს საზოგადოებისა და დაინტერესებული პირების, მრევლის ყურადღებას. მიმდინარე ეტაპზე ერთ-ერთი აქტუალური თემა საეკლესიო სასამართლო გახდა. თეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ საბჭოთა პერიოდში საეკლესიო სასამართლოს არქონა, გარკვეულწილად, გამართლებული იყო იმ იდეოლოგიის გამო, რომელსაც ეკლესიის წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლება და სპეცსამსახურები ატარებდნენ. რაც შეეხება მიმდინარე ეტაპს, ისინი აცხადებენ, რომ სწორედ საეკლესიო სასამართლოს არქონა არის ეკლესიის წიაღში მრავალი პრობლემის მიზეზი.
ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ესაუბრება თეოლოგს, რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს _ გიორგი ტიგინაშვილს:
_ საუბარი საეკლესიო სასამართლოზე დავიწყოთ, ანუ ეკლესიაში ამ ინსტიტუტის არსებობის რაობაზე…
_ საეკლესიო სამართლის გამოჩენილი ბერძენი კორიფე, პანაიოტის ბუმისი, ამომწურავად საუბრობს ეკლესიის სასამართლო სისტემის რაობაზე. მისი აზრით, საეკლესიო მართლმსაჯულების სიმარტივე და უბრალოება იმით აიხსნება, რომ იგი სიყვარულზეა დაფუძნებული და მხოლოდ საკანონმდებლო წესრიგით არაა შემოსაზღვრული.
_ რატომ გახდა საჭირო საეკლესიო სასამართლოს არსებობა?
_ ეკლესიას ბუნებრივად აქვს ღვთაებრივი წარმომავლობა, მაგრამ იგი ასევე ადამიანთა ერთობაცაა და რაკი ადამიანთა ყველანაირ საზოგადოებას უთანხმოებანი _ და სხვადასხვაგვარი გაუგებრობა ახასიათებს, ასევე შესაძლებელია, ეკლესიაშიც წარმოიქმნას მსგავსი ტიპის სირთულეები, შეცოდებები, პრობლემები და უთანხმოებები. სწორედ ამგვარი კანონზომიერების გათვალისწინებით ეკლესიამ ჩამოაყალიბა სამართლებრივი და კანონიკური სტრუქტურა, სადაც ნებისმიერი ხასიათის ზნეობრივი თუ ადმინისტრაციული დავა ირჩევა. სასამართლო სფეროს, ანუ მსჯელობისა და განსჯის აუცილებლობა თვით მაცხოვრის მიერაა დამკვიდრებული, როცა მან წარმოსთქვა: „უკეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, …ხოლო უკეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი, ანუ ორი სხუა, რათა პირითა ორისა და სამისა მოწამისათა დაემტკიცოს ყოველი სიტყუა… ხოლო უკეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა (მათე 18,15)“.
ეკლესიის აღნიშნული სტრუქტურა არ არის სისხლის სამართლის ხასიათისა, ანუ შურისმგებელი ან დამსჯელი, არამედ იგი სიმართლის გზიდან აცდენილთა განკურნებისა და აღზრდისთვის სიყვარულის საფუძვლადაა დადებული.
_ ვინ იყვნენ პირველი სასამართლო ხელისუფალნი?
_ სასამართლო ხელისუფლება თავდაპირველად მოციქულებს მიენიჭათ უფალ იესო ქრისტესგან. შემდგომ სულიერი ჯაჭვით ეს პატივი და პასუხისმგებლობა მოციქულთა მემკვიდრეებს, ანუ ეპისკოპოსებს გადაეცათ. მღვდელმთავართა ძალმოსილების თაობაზე მეტყველებენ I მსოფლიო კრების მე-5, II მსოფლიო კრების მე-6, III მსოფლიო კრების პირველი და მე-3 კანონები და სხვ. საგულისხმოა, რომ საეკლესიო სამსჯავროს არ ახასიათებს ხანდაზმულობის (სიძველე) ცნება დანაშაულის ჩადენიდან გარკვეული დროის გასვლასთან დაკავშირებით.
_ დღეს, როდესაც ვსაუბრობთ საეკლესიო სასამართლოზე და გნებავთ, ზოგადად, მართლმსაჯულებაში არსებულ პრობლემებზე, საქართველოს, ამ მხრივ, დიდი ტრადიცია აქვს. რას გვეტყვით მასზე?
_ დიახ, სადღეისოდ, სასამართლო სისტემის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები გვაქვს როგორც საერო, ისე საეკლესიო სივრცეში. არადა, ამ მხრივ ისტორიულ სიგრძეზე უაღრესად სოლიდური საგანძური მოგვეპოვებოდა. მაგალითად: XIV საუკუნეში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდიული ძეგლი „გარიგება ხელმწიფის კარისა“ და საისტორიო წყარო „გელათური ქორონიკონი“. აგრეთვე აუცილებლად უნდა ვახსენოთ „დასტურლამალი მეფის ვახტანგისა“, – ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლი, რომელიც ვახტანგ VI-მ 1707-1709 წლებში შეადგინა. არსებობს ასევე ქართული საეკლესიო, საკანონმდებლო ძეგლები, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია: „რუის-ურბნისის 1103 წლის საეკლესიო კრების ძეგლისწერა“, რომელიც დავით აღმაშენებელმა მიიღო და „კათალიკოსთა სამართალი“, რომელიც XVI საუკუნეში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრებამ დაადგინა. უცხოური წყაროებიდან აღსანიშნავია „დიდი სჯულის კანონი“, რომელიც უცნობ ავტორს ეკუთვნის და XII საუკუნეში არსენ იყალთოელმა ბერძნულიდან ქართულადაც თარგმნა. მეორე ეს არის „მცირე სჯულის კანონი“, რომელიც საეკლესიო სამართლის ცნობილმა სპეციალისტმა, ექვთიმე მთაწმინდელმა XI ს.-ში შეადგინა.
_ ამ მხრივ, ალბათ, განსაკუთრებულია დავით აღმაშენებლის ეპოქაც…
_ დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მეფე დავით აღმაშენებლის უფლებამოსილებაში შედიოდა მართლმსაჯულების განხორციელება, ის იყო უზენაესი მსაჯული. მან შემოიღო სპეციალური სასამართლო, „სააჯო კარი“, რომელიც უზენაესი სასამართლო იყო. ასევე საგულისხმოა, რომ უკვე მოგვიანებით, XIV საუკუნის დასაწყისში, სპეციალურად აღმოსავლეთ მთიულეთისთვის, შეიქმნა გიორგი ბრწყინვალის სამართლის წიგნიც.
_ ისტორია ისტორიად და რა ხდება დღეს?
_ ამჟამად კი სასამართლო ინსტიტუტების კუთხით, პრაქტიკულად, კატასტროფულ მდგომარეობაშია როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესიის ადმინისტრაცია. საპატრიარქოს სამდივნოს, რომელიც რეალური მმართველი ორგანოა საქართველოს ეკლესიაში (არადა, მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ეკლესიას უნდა მართავდეს კრება, ანუ წმინდა სინოდი), არც ერთ შემთხვევაში არ სურს დიკასტერიის (საეკლესიო სასამართლო) აღდგენა და ფუნქციონირება, რამეთუ განსასჯელის სკამზე, დიდი ალბათობით, თავადვე აღმოჩნდებიან. ამდენად, დამნაშავეთათვის რაიმე ტიპის საგამოძიებო სტრუქტურის არსებობა შესაძლოა, საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს. მხოლოდ ამ მიზეზით ფერხდება აღნიშნული ორგანოს ჩამოყალიბება ჩვენს ეკლესიაში. ფაქტი სახეზეა, რომ იერარქია უფრთხის სამართლებრივ განსჯას.
_ დავაკონკრეტოთ: აღნიშნე, რომ ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს. როგორ ფიქრობ, რომელი საკითხები და თემები უნდა დაექვემდებაროს საეკლესიო სასამართლოს განხილვას, თუ საპატრიარქო ოდესმე დთანხმდება თავად სასამართლოს აღდგენას?
_ როგორც ვიცით, შექმნილი რეჟიმიდან და კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომელსაც საბჭოთა სპეცსამსახურები, აგერ უკვე, ათეულობით წელია, რაც მეთვალყურეობს, არაერთი სასულიერო პირი უმართებულოდ და უკანონოდ დასაჯეს, განსაკუთრებით კი ილია II-ის პირობებში, შესაბამისად, ყველაზე მტკივნეულ ამოცანად მათი სამართლებრივი რეაბილიტაციის საკითხი მიმაჩნია. ამასთან, ფინანსების გაუმჭვირვალობა, აუდიტის არარსებობა და კარტელური ბიზნეს-სქემებიც, რომელსაც ცალკეული იერარქები ლობირებენ, არანაკლები დანაშაულია, რაზედაც „იმუნიტეტი“ აუცილებლად უნდა მოიხსნას. ასევე ცნობილი მოძალადის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მხრიდან მრევლსა და სტუდენტურ სპექტრზე წარმოებული აგრესიისა და ფიზიკური შეურაცხყოფის უამრავი ფაქტი ჯერაც გამოუძიებელი და იგნორირებულია საპატრიარქოს მიერ. აგრეთვე, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ ტრენდად ქცეული ჰომოსექსუალიზმისა და პედოფილიის ცალკეულ შემთხვევებს, რომელმაც ჩვენს ეკლესიაში პანდემიური ხასიათი მიიღო. როგორც ვიცი, არსებობენ დაზარალებული მოზარდებიც და ძალადობის მსხვერპლი ადამიანებიც, რომელთაც სამართალი ვერც საპატრიარქოს კარზე ჰპოვეს!
_ ძალიან მძიმე ფაქტებზე საუბრობთ. არ გამოვრიცხავ, საპატრიარქომ ამის გამო გაგაკრიტიკოთ და მტკიცებულებებიც კი მოითხოვოს. მით უფრო, რომ ამის შესახებ, თითქმის, არავინ საუბრობს.
_ მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა დიდი ხანია, მწვავედ დგას, უკიდურესად გასაიდუმლოებული, ტაბუირებული და დაკონსერვებულია, სახელდობრ, სამდივნოს მიერ. სხვათა შორის, ამაზე ხშირად წუხდა და ბჭობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელსაც იერარქიაში ზნეობრივი კათარზისის წამოწყება სურდა, მაგრამ არ დასცალდა. ცნობილია მისი უთანხმოებაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-თან. როგორც წმ. ეფრემ ასური ამბობს: „ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ“, ანუ პილატეს ნეიტრალურმა პოზამ, რაც ყველა ასპექტში ასეა. დადგება დრო და პანდორას ყუთი გაიხსნება, რამაც შესაძლოა, ფატალური შედეგებიც მოგვიტანოს.
_ მეუფე პეტრე პირდაპირ ითხოვს საეკლესიო სასამართლოს. აქვს კი უფლება სინოდს, ამ მოთხოვნაზე უარი თქვას და ეპისკოპოსის მოთხოვნა უგულებელყოს?
_ უცნაურია ერთი მეტად საყურადღებო გარემოება: მეუფე პეტრეს ბრალდებებს უყენებენ, თავად ბრალდებული სასამართლოს მოწვევას ითხოვს და მბრალმდებელნი ამაზე არ თანხმდებიან. აქედან ჩანს, რომ წარმოდგენილი ბრალდებები არარელევანტური, დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და უტრირებულია. ჯერ კიდევ გასულ წელს მოსაყდრე შიომ საჯაროდ განაცხადა, რომ კანონიკურად და არგუმენტირებულად წარმოაჩენდა მიტროპოლიტ პეტრეს დანაშაულებს.
_ მაგრამ მოსაყდრე დუმს…
_ დიახ, ამ დრომდე მან ეს ვერ შეძლო და ჯერაც არ ვიცით, თუ რას გულისხმობდა ის „კანონიკურ მტკიცებულებებში“. რეალურად, უნდა ითქვას, რომ მეუფე პეტრეს რომანტიზმში არის რაციონალური ლაიტმოტივიც და მის დასჯას ასე იოლად ვერ გაბედავენ. დასჯის შემთხვევაში მას შეუძლია, აპელაციით მიმართოს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, რაც კარგად მოეხსენებათ საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოშიც და, შესაბამისად, ასეთ ვა-ბანკზე ვერ წავლენ ისედაც რეპუტაციაშერყეული და ღირსება დაქვეითებული ჩინოსნები. აქვე დავძენ, რომ ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს, რომ სინოდური სასამართლოდან გარიცხონ ის მოსამართლეები, რომლებიც მიკერძოებასა და ანტაგონისტურ დამოკიდებულებაში არიან ეჭვმიტანილთან თუ განსასჯელთან; ხოლო II მსოფლიო კრების მე-6 კანონის თანახმად, თუკი ბრალმდებელი წერილობით ვერ ასაბუთებს და ვერ ამტკიცებს ბრალდებულის დანაშაულს, კანონიკური განმგებლობისგან იღებს ბრალდებულისადმი განკუთვნილ ტოლფას სასჯელს. ამრიგად, ნებისმიერი სახის ცილისწამება შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს პროკურატურის როლში მყოფ საპატრიარქოს.
_ ისტორიულად საერო ფაქტორი რამდენად არის წარმოდგენილი საეკლესიო სასამართლოში?
_ საერო ფაქტორი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მრევლის ნებისმიერ რიგით წევრს შეუძლია სარჩელის შეტანა საეკლესიო სასამართლოში. ამასთან, გადაწყვეტილების გასაჩივრებაც სხვადასხვა საეკლესიო ინსტანციაში. შესაბამისად, საერო პირთა მოსაზრებებს, განწყობებსა და შეფასებებს არსებითი და, ზოგ შემთხვევაში, გადამწყვეტი როლიც კი აკისრია. თუმცა თანამედროვე ქართულ სინამდვილეში, სამწუხაროდ, მრევლის წევრთა (საღვთო ფარა და სამწყსო) აბსოლუტურ უმრავლესობას საქართველოს საპატრიარქო ისე უყურებს, როგორც ზოოლოგიურ ცხვრებს, რომელთაც არაფერი ეკითხებათ საეკლესიო საქმეებში. ეს არის პლუტოკრატიის რელიგიური ფორმა, რასაც, ღვთის მადლით, იმედი მაქვს, რომ დიდი დრო არ უწერია.
გეგა სილაგავა