გიორგი ნონიაშვილი: „ქართული ოცნება“ მთლიანად კორუფციაზე დგას
„ქართული ოცნების“ ძალაუფლება მთლიანად კორუფციას ეყრდნობა. ამის გარეშე ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას“, _ აცხადებს ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, კორუფციის მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი, რომელიც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ახალი სახეა.
არსებულ კორუფციულ სისტემასა და მოახლოებული არჩევნების საკითხებზე „ქრონიკა+“-ს გიორგი ნონიაშვილი ესაუბრა:
_ ბატონო გიორგი, ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი ხართ თბილისის ერთ-ერთ ოლქში. თქვენ შესახებ რომ გვითხრათ, როგორ აღმოჩნდით პოლიტიკაში?
_ ძირითადად, ვეწევი აკადემიურ საქმიანობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვასწავლი სამართალს და, ამავდროულად, წლების განმავლობაში ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციებში, ადამიანის უფლებების დაცვისა და კორუფციის კვლევის მიმართულებით. „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ იყო ორგანიზაცია, სადაც ვმუშაობდი, რომლის დამფუძნებელიც ვარ. ჩვენი პროექტი იყო „ფლანგვის დეტექტორი“, რომელიც აქტიურად აშუქებდა კორუფციისა და ფლანგვის მაგალითებს.
შემდეგ გადაწყვეტილება მივიღე, აქტიურად ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. ისედაც, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო აქტივიზმში აქტიურად მონაწილეობ, ეს არის უკვე პოლიტიკაში მონაწილეობა. დღესდღეობით წარმოვადგენ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს და ჩუღურეთის ოლქის საერთო ოპოზიციურ კანდიდატს. ამავდროულად, ვაკეთებთ „ევროპულ საქართველოში“ ანტიკორუფციულ ქსელს; ვცდილობთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ ანტიკორუფციული და სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კვლევის, გაშუქებისა და ადვოკატირების მიმართულებით.
_ რატომ „ევროპული საქართველო“?
_ ჩემი აზრით, ჩემს პოლიტიკურ და სოციალურ ღირებულებებთან „ევროპული საქართველო“ ყველაზე ახლოსაა. მეორე მხრივ, „ევროპული საქართველო“ ყველაზე თანმიმდევრულია საკუთარი ხედვისა და სიტყვის დაცვაში. არ იცვლის პოზიციებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მომგებიანია ეს პოლიტიკურად. მისი პოზიცია ყოველთვის მყარია.
_ პარტიაში ანტიკორუფციულ მიმართულებას ხელმძღვანელობთ. რას იტყვით, რა არის ქვეყანაში კორუფციის ძირითადი ხაზი? რაზე დგას ეს „კორუფციისა და ნეპოტიზმის მანქანა“, როგორც თქვენ უწოდებთ?
_ აქ გვაქვს ორი ხაზი: დღესდღეობით არის კორუფცია და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვა, შეგვიძლია დავარქვათ, გადასახადის გადამხდელთა თანხების უყაირათოდ ხარჯვა. ეს ხდება ხელისუფლების ყველა, როგორც ზედა, ასევე საშუალო და ქვედა დონეზე, სად და როგორც მოხერხდება. სამწუხაროდ, ტენდენცია მზარდი და აღმავალია ყოველწლიურად და ამაზე მიუთითებს განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში არსებული კორუფციული და სახელმწიფო სახსრების მითვისების მაგალითები.
მეორე: საყურადღებოა, რომ ამ ხელისუფლებისთვის სახელმწიფო სახსრების ხარჯვა და კორუფცია არის არა შედეგი, არამედ მიზანმიმართული პოლიტიკა, რაც გულისხმობს, რომ შენი ძალაუფლება დააყრდნო ლოიალურ კორუფციულ ჯგუფებს. „ქართული ოცნების“ ძალაუფლება მთლიანად კორუფციას ეყრდნობა. ამის გარეშე ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას. მე-20 საუკუნის ავტორიტარულ სისტემებს თუ ავიღებთ, იქ პირიქითაა, ავტორიტარული სისტემა ცდილობს, რომ სხვა ჯგუფებს არაფერი გაუნაწილოს, მაგრამ 21-ე საუკუნის ავტორიტარულ სისტემაში ეს არ არის უკვე უცხო მაგალითი. ეს არის საშუალება იმისთვის, რომ შენი ძალაუფლება ამ ჯგუფების ლოიალურობის ყიდვით შეინარჩუნო ხალხის ფულით. ეს ჯგუფები, რომელზედაც დგას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ბევრნაირია, ეს არის კორუმპირებული ჩინოვნიკები, რომლებიც საჯარო-საბიუჯეტო თანხებით ხეირობენ, მეორე, ეს არის ბიზნესჯგუფები, რომლებიც ასევე ხეირობენ ხალხის ფულით, ტენდერებს იგებენ, აგროკრედიტებს იღებენ „აწარმოე საქართველოში“ და ა. შ. სხვადასხვა სიკეთეს მოიხვეჭენ, ოღონდ უსამართლოდ და იმ ფულს, რომელიც იდეაში უნდა მოხმარდეს ადამიანების კეთილდღეობას. აქ კიდევ მესამე ფაქტორია, რაც გასათვალისწინებელია და მგონია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამაზე ბევრი უნდა ისაუბრონ და მოქალაქეები უნდა დაარწმუნონ, რომ ეს ფული და ეს კორუფცია სინამდვილეში ყველა ადამიანს ეხება. სამწუხაროდ, ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მას არ ეხება, რომ მის მიღმა ხდება ეს ყველაფერი. საუბარია მილიონებზე, ძალიან ბევრ ფულზე. ეს ფული შეიძლება მოხმარდეს კონკრეტულ და სწორ მიზნებს. მაგალითად, იმ პირიობებში, როდესაც მილიონები იხარჯება კონკრეტულ კორუფციულ ინტერესებში, პირობითად, ავიღოთ ხარაგაულის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ინტერესები და იმ პირობებში, როდესაც ეს ფული შეიძლება მოხმარდეს მუნიციპალიტეტებში რეანიმობილების შეძენას. ცნობილია, რომ 40-მდე მუნიციპალიტეტი არსებობს, სადაც რეანიმობილი არ გააჩნიათ და ადამიანები იხოცებიან, მათ შორის, ამის გამო.
_ ბიუჯეტიდან ფულის მოხვეჭის ასევე აპრობირებული გზა არის სხვადასხვა გაუგებარი ფუნქციის მქონე სიპებისა და ა(ა)იპების შექმნა და იქ ნათესავებისა და პარტიული აქტივისტების დასაქმება, სოლიდური თანხების არაფრის კეთებაში მიღება, ეს ხალხი კი ამ სისტემის საყრდენს წარმოადგენს არჩევნებზე. როგორ აპირებთ გაუმკლავდეთ ამ პრობლემას და ასევე საზოგადოების დიდ ნაწილში არსებულ ერთგვარ მომღეობას კორუფციის მიმართ, რაც გადმოყოლილია საბჭოთა წარსულიდან და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კიდევ გააქტიურდა?
_ ეს კულტურული ფაქტორი შეიძლება ნაწილობრივ არსებობდეს. არის მიმღებლობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კორუფციულ აღებ-მიცემობაში არიან ჩართულები, მაგრამ მგონია, რომ არც ერთ ადამიანს არ ენდომება, თუ პოლიტიკური აქტორები მათ აუხსნიან და დაარწმუნებენ, რომ სინამდვილეში ეს არის მათი ფული.
კორუფციის ერთ-ერთი წყარო გახლავთ ტენდერები, სადაც ადამიანები იმარჯვებენ არასამართლიანად. ამ კომპანიებზეა მორგებული ტენდერები, რადგანაც ისინი ლიოალურად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ _ ან შემომწირველები არიან, ან გამგებლის ნათესავები არიან, ან სხვა კავშირი არსებობს. საყურადღებოა პირდაპირი შესყიდვების ნაწილი, სადაც შეიძლება მსხვილი დანახარჯები იყოს სახელმწიფოს მხრიდან და კონკრეტული კომპანიებიდან ხდება შესყიდვა, რომლებიც ვიცით, რომ დაკავშირებული არიან „ქართულ ოცნებასთან“. ეს განსაკუთრებით ეხება თბილისში არსებულ რამდენიმე მსხვილ კომპანიას, რომელიც ამით ხეირობს ხოლმე.
არის მაგალითები, თუ როგორ თანამშრომლობენ „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური ეს ბიზნესჯგუფები ერთმანეთთან. მაგალითად, ძმებ ქელბაქიანებს ორივეს აქვს თავთავისი კომპანია და ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში. ტენდერებს ხან ერთი ძმა იგებს და ხან _ მეორე. სინამდვილეში, ეს ყველაფერი არის სიმულაცია. ცხადია, ეს ვიზუალიზაციისთვის არის გაკეთბული და იმ ფულს ერთი და იგივე ჯგუფი იღებს. ასეთი მექანიზმებით შეიძლება კონკურენციის სიმულაციას ქმნიდნენ, მაგრამ კარგი კვლევის შედეგად ჩანს, რომ ეს არის კორუფცია.
ამავდროულად, არის სახელმწიფო უფუნქციო თუ დისფუნქციური ორგანიზაციები, იგივე სიპები თუ ა(ა)იპები, რომლებშიც ადამიანები უბრალოდ იმიტომ არიან გაფორმებულები, რომ პარტიისადმი ლოიალურები ბრძანდებიან. მეტიც: არის მთელი როგი სიპები მუნიციპალიტეტებში, სადაც ადამიანები მუშაობენ და სამსახურის მისამართი არ იციან. პენსიასავით იღებენ ხელფასს იმიტომ, რომ ვიღაცამ შტატში გააფორმა. სინამდვილეში, ეს ერთად რომ დავაჯამოთ, ძალიან დიდი თანხაა, რასაც „ოცნება“ პარავს ქვეყანას და იყენებს თავისი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამას კიდევ ბევრი რამე ემატება, იგივე სტარტაპები და კრედიტები, სადაც წესით და რიგით უნდა ისარგებლოს დამწყებმა მეურნემ, მეწარმემ, გლეხმა, მაგრამ, როგორც წესი, მაინც მსხვილი ბიზნესჯგუფების ხელში ხვდება ეს ფული, სახელმწიფო სახსრები, მოქალაქეების ფული. ის მსხვილი ჯგუფები კიდევ უფრო ამსხვილებენ საკუთარ ბიზნესს. ასეთი ფაქტები ბევრია და ჩვენ „ფლანგვის დეტექტორში“ ხშირად ვაქვეყნებთ ხოლმე. კარგი ვიზუალური მაგალითია ვანის დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძის შემთხვევა: მისმა კომპანიამ 22 მილიონი ლარის ტენდერები მას შემდეგ მოიგო და თან დეპუტატიც მერე გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილს მოანათვლინა შვილი. იგივე ბოლნისის მერის სიძის კომპანიამ როგორ მოიგო რამდენიმე მილიონი ლარის ტენდერები და უმეტესობა სრულიად უკონკურენტო გარემოში, რაც დიდ ეჭვებს აჩენს; ან შპს „გორა“, რომლის მეპატრონეები შუახევისა და ბათუმის მერიის თანამშრომლები არიან. სინამდვილეში, ბევრი მაგალითია ასეთი, თითქოს მცირე, ნაკლებად ნაცნობი ან უცნობი ჯგუფების. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს ტენდენცია ნამდვილად არსებობს. ოჯახის წევრობისა და ნათესაური კავშირის საშუალებით არსებობს კორუფციული სქემის მუშაობა. ეს არის ძირითადად ქვედა, მუნიციპალურ დონეზე, სადაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი შეიძლება უფრო ნაკლები იყოს, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ თბილისსა და, ზოგადად, ცენტრალურ ხელისუფლებაზე, აქ უფრო „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილისადმი ლოიალობით იზომება კორუფციის ხარისხი.
_ რატომ ვერ ხერხდება ამ კორუფციული ფაქტების ბოლომდე გამოაშკარავება, რომ თუნდაც ჩვეულებრივმა ადამიანმა დაინახოს, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და არ არის ცრუ ბრალდებები?
_ არ გეთანხმებით, რომ კორუფციული ფაქტების ბოლომდე გარკვევა არ ხდება, წლების მანძილზე წარმოვადგენთ ფაქტებს და არა ყურმოკრულ ამბებს, წარვუდგენთ კონკრეტულ ინსტიტუტებს, რის საფუძველზეც სრულიად საკმარისია, გამოძიება დაიწყოს. აუდიტის სამსახურიც მიუთითებს ამის რისკებსა და იმ პრობლემებზე, რომელზეც, წესით და რიგით, გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ ხელისუფლება წლიდან წლამდე კორუფციულ მაგალითებზე მეტწილად რეაგირებას არ ახდენს. რატომ ხდება ეს, ამაზე უკვე ვისაუბრეთ _ მისი ძალაუფლების საყრდენია კორუფციაა. პოლიტიკური ნების არარსებობის შედეგია ეს, ცხადია, თუ შენ ძალაუფლებას აყრდნობ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას, კორუფციასა და აქედან გამომდინარე, ლოიალობის ყიდვას, შენ არ გენდომება საკუთარი საყრდენი ტოტი თვითონვე მოიჭრა.
_ წინასაარჩევნო გარემოზე ვისაუბროთ: ღარიბაშვილმა 20 ივნისის აქციის მონაწილეები პუტჩისტებს შეადარა. რას იტყვით პრემიერის განცხადებებზე?
_ როგორც მახსოვს, ღარიბაშვილმა 20 ივნისს დაარქვა სახელი, რომ ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, პარალელი გაავლო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობასთან. ისიც უტიფრობაა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს გამსახურდიას ხელისუფლებას ადარებს; მეორეც, 20 ივნისის სახელმწიფო გადატრიალებასთან შედარება ასევე უტიფრობაა, რადგან 20 ივნისს არანაირი წინაპირობა არ არსებობდა სახელმწიფო გადატრიალებისა. ამით ღარიბაშვილი ამბობს, რომ 20 ივნისს გახარიამ თვალები დასთხარა ადამიანებს, მაგრამ ეს ლეგიტიმური იყო, რადგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და ეს უნდა აეცილებინათ. უკან იშვერს ხელს საქართველოს ისტორიაზე, რომ აი, რომ ვერ ავიცილეთ მაშინ, იმიტომაც მოხდა შემდეგ ის ყველაფერი. ეს შედარება სრულიად სამარცხვინოა და უტიფრობაა.
_ რას იტყვით თქვენს წინასაარჩევნო კამპანიაზე და რა მოლოდინი გაქვთ არჩევნებზე?
_ საარჩევნო კამპანიის ჩატარება ხდება რთულად, პანდემიურ გარემოში, რეგულაციების გათვალისწინებით, რასაც ახლავს კიდევ დაწესებული შეზღუდვები. ეს ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო კამპანიას ვერ აწარმოებ, ამომრჩეველს ვერ ხვდები. ამ პირობებში რთული არჩევნები გველოდება. ცხადია, ხელისუფლებას 2 წელი ჰქონდა, რომ მომზადებულიყო ამ თვისთვის. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს 70-მდე ადამიანი გვეღუპება ყოველდღიურად და ამ მხრივ მსოფლიოში მოწინავე, პირველ ადგილზე ვართ ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილიანობის რაოდენობით. ხელისუფლებას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ ის დაკავებული იყო ყალბი, სიმულაციური ბრძოლით პანდემიასთან, მაგალითად, ქუჩების საპნით მორეცხვით, რასაც არანაირი შედეგი არ შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
_ პანდემიასთან ბრძოლაშიც ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა, რეალური შედეგი კი არ ჩანს. ამ ფაქტებში კორუფციის არსებობით ხომ არ დაინტერესდით?
_ ცხადია, როგორც ყველა პროცესში, იგივე სამედინიცო შესყიდვებშიც იყო კონკრეტული კორუფციული პრობლემები ან სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა, განსაკუთრებით, პირველ ეტაპზე ბევრი კომპანია ჩნდებოდა, რომლებიც რამდენიმე დღით ადრე იყო დარეგისტრირებული და უცებ ტენდერებს იგებდნენ პირბადეებთან და სამედიცინო საშუალებებთან დაკავშირებით.
ამ პირობებშიც კი, როდესაც არჩევნები კარს მომდგარია და ათეულობით ადამიანი იღუპება ყოველდღიურად, ხელისუფლება არ ცდილობს რეალური გამოსავლის პოვნას. ჩემი პარტიის პოზიციაა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს სავალდებულო ვაქცინაცია სატრანსპორტო, სამედიცინო, სავაჭრო და საგანმანათლებლო სფეროებში. გარდა ამისა, მობილური ჯგუფები უნდა შეიქმნას, რომლებიც ივლიან სოფელ-სოფელ და კარდაკარ და ადამიანებს აცრიან. ხალხი ვერ იცრება, მათ შორის იმ მიზეზით, რომ წვდომა არ აქვთ ელექტრონულ საშუალებებზე, ინფორმირებულები არ არიან საკმარისად. ამავდროულად, შეიძლება ვაქცინირებულ ადამიანებს, რომლებმაც იგრძნეს პასუხისმგებლობა პანდემიასთან ბრძოლაში, დაუწესო საგადასახადო შეღავათები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რითაც შეიძლება 80 გარდაცვლილი კი არა, საერთოდ არ გვყავდეს გარდაცვლილი, მაგრამ ხელისუფლება არ აკეთებს ამას.
_ იყო საუბარი არჩევნების გადადების შესახებ მსჯელობის დაწყებაზე, რომელიც შემდეგ უარყოფილ იქნა ხელისუფლების მიერ, თქვენი პოზიცია როგორია?
_ აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რომ დაწყებულიყო არჩევნების გადადებაზე მსჯელობა. მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ოპოზიცია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ხელისუფლება კი ამაზე არანაირ მზაობას არ იჩენს.
_ რაც შეეხება მოლოდინს, რამდენად იქნება აქტივობა ამ არჩევნებზე და დადგება თუ არა ოპოზიციისთვის მისაღები შედეგი?
_ მგონია, რომ ოპოზიციას აქვს სამუშაო, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ვალია, რომ ადამიანები დაარწმუნოს საკუთარ სიმართლეში, რომ ამ ხელისუფლებას რესურსი აღარ ჰყოფნის, თავი გაართვას თუნდაც პანდემიის მართვას, თავი რომ დავანებოთ კორუფციასა და ძალადობას. ეს არის სამუშაო პროცესში, ამაში არის სირთულეები, ცხადია.
უნდა ვიმუშავოთ და შედეგი დავდოთ. არ მიყვარს წინასწარ ლაპარაკი გამარჯვებაზე, გამარჯვებულები ამის შესახებ წინასწარ არასდროს ლაპარაკობენ, ისინი უბრალოდ, იმარჯვებენ.
_ გასაგებია, მაგრამ როგორ აპირებთ ძლიოთ ფინანსურად ძლიერ, კორუფციულ სისტემაზე დამყარებულ და ადმინისტრაციული რესურსის მქონე სახელისუფლებო საარჩევნო მანქანას, რომელსაც ასევე გაყალბების უამრავი მექანიზმი აქვს?
_ არ მეგულება პასუხისმგებლიანი და წესიერი მოქალაქე, რომელიც თავისი შვილისთვის ისურვებდა კორუფციულ, ძალადობრივ ქვეყანას. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ აქეთ მიგვაქანებს და ამ ტემპს უფრო და უფრო უმატებს ხოლმე. ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მომავალს დაემუქრა საფრთხე და ამიტომ ცდილობს ჩვენი პარტია, ყურადღება დავუთმოთ ფუნდამენტურ ღირებულებებზე საუბარს. ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები ამ ხელისუფლების დასამარცხებლად.
_ თუ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და გამარჯვება გაიფორმა, ამის შემდეგ რა ხდება?
_ თუ „ქართულმა „ოცნებამ“ გამარჯვება დაიწერა, ამის შემდეგ ვიმოქმედებთ პოლიტიკური კონტექსტის შესაბამისად. თუ „ოცნება“ არჩევნებს გაყალბებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ვალია, რომ დაიცვან არჩევნების შედეგები, იბრძოლონ ყველა შესაძლო კანონიერი გზით.
ირინა მაკარიძე