გიორგი მელაძე: „ქართულ ოცნებაში“ დაბნეულობაა“

საქართველოს მთავრობა და ცრუ მუშკეტერები ქვეყნის მოსახლეობას ვაქცინის თემაზე აშკარად დასცინიან. ვაქცინაცია მსოფლიოს 101-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს, ჩვენთან კი ერთი დოზაც არაა შემოტანილი. იმის მაგივრად, რომ თავიანთი უმაქნისობა აღიარონ, აშკარა დემაგოგიაზე გადავიდნენ. ლამისაა თქვან, რომ ვაქცინა არაფრის მომცემია. ბოროტი ხმები ამბობენ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ რუსული ვაქცინა შემოვიდესო. ხელისუფლების ქმედებებს პარლამენტის ყოფილი წევრი გიორგი მელაძე მავნებლობად მიიჩნევს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წყალობით, საქართველოს ერთი მეგობარი ქვეყანაც კი არ აღმოჩნდა, რომელიც მას ვაქცინებით დაეხმარებოდა ისე, როგორც რუმინეთი დაეხმარა მოლდოვას.

რატომ ფერხდება ვაქცინის შემოტანა? ლობირებს თუ არა ვინმე ხელისუფლებიდან რუსულ ვაქცინას? ჰყავს თუ არა საქართველოს მეგობარი ქვეყნები? რას ელოდებიან ბრიუსელში პრემიერის ვიზიტისგან? რატომ არ ნიშნავს არაფერს ღარიბაშვილის ხისტი განცხადებები? _ ამ თემების შესახებ გიორგი მელაძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ მსოფლიოში მასობრივად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენთან ჯერ შემოტანილიც კი არ არის ვაქცინა. ეს შეგნებულად გააკეთა ხელისუფლებამ, თუ უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე?
_ ის, რომ დღეს საქართველოში ვაქცინა არ შემოუტანიათ, მავნებლობაა. ვაქცინაციის პროცესი მსოფლოს 101 ქვეყანაშია დაწყებული. ჩვენთან კი… ძალიან მწყდება გული, ასე რომ ხდება. წარმოუდგენელია, ასეთ ვითარებაში როგორ უნდა დატოვო შენი მოსახლეობა ვაქცინის გარეშე?!
_ ხელისუფლებისთვის და „მუშკეტერებისთვის“ ამაში წარმოუდგენელი არაფერია. ისინი თავს დამნაშავედ არ გრძნობენ. ისეთ არგუმენტებს ასახელებენ, მგონი, დაგვცინიან.
_ ღიად გეტყვით: უკვე ვერ ვხვდები, რას ფიქრობს ხელისუფლება. ყოველთვის მომხრე ვიყავი შეზღუდვების მოხსნის. ეს შეზღუდვები მოიხსნა, მაგრამ ვაქცინაცია არ დაწყებულა. ეს ჩემთვის გაუგებარია და რაღაც კითხვები მიჩნდება. პროფესიით ეპიდემიოლოგი არ ვარ, მაგრამ რაღაც წარმოდგენა მაქვს ამ ვირუსზე. მთელი მსოფლიო კორონაზე ლაპარაკობს, ინტერნეტში სულ ამ თემაზე იდება მასალები და ბევრი რამე უკვე კარგად მესმის. ვუსმენთ სხვადასხვა ცნობილ ექიმს და სრულებით ვიზიარებ მათ მოსაზრებას, რომ მესამე ტალღა დამანგრეველ შედეგებს მოიტანს. სანამ შეზღუდვებს მოხსნიდნენ, ვაქცინაციის პროცესი უნდა დაწყებულიყო.
ვიღაც თუ მსუბუქად უყურებს ამ საკითხს, მინდა გავახსენო, რა ვითარება შეიქმნა მეორე ტალღის დროს: ჯანდაცვის სისტემა სრულად იყო პარალიზებული, საავადმყოფოები პაციენტების მიღებას ვეღარ ახერხებდნენ. მესამე ტალღას, უბრალოდ, ვერ გადავიტანთ, გადაგვივლის. ძალიან გული შემტკივა და მეშინია, როცა წარმოვიდგენ, თუ რა შეიძლება მოხდეს.
გავიგეთ, რომ ვაქცინა რაღაც მიზეზების გამო აქამდე ვერ შემოიტანეს, მაგრამ ის მაინც გვითხრან, ამის მერე რას აკეთებენ? რაღაც გეგმა-გრაფიკი მაინც წარმოადგინონ, რომ გავიგოთ, როდოს შემოვა ვაქცინა. მომავალს იმედიანად ვერ ვუყურებ. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე.
_ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები გამოცოცხლდა. ოპოზიცია აქციებს აანონსებს. ვაქცინაციის პროცესი ხელოვნურად ხომ არ იწელება? ინფიცირებულთა ზრდის შემთხვევაში ხელისუფლება ისევ ჩაკეტავს ქვეყანას, რა დროსაც ვეღარც ოპოზიცია გამართავს აქციებს და სხვა აქტივობებს.
_ ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ მათთვის ასეთი რამის დაბრალება ძალიან გამიჭირდება. იმის თქმა, რომ ვაქცინა ოპოზიციის გასაჩერებლად არ შემოაქვთ, მძიმე ბრალდებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ხალხი სასიკვდილოდ გაიმეტე. ეს ხომ არაა მსუბუქი ვირუსი! _ საქმე გვაქვს ძალიან ვერაგ დაავადებასთან, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამიტომ არ მინდა იმის დაჯერება, რომ შეგნებულად ჭიანურდება ვაქცინის შემოტანა.
როდესაც კორონამ იფეთქა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსადის ხელმძღვანელი დაიბარა. მას პირდაპირ დაავალა, რომ გაეკონტროლებინათ ვაქცინის წარმოების პროცესი, გაერკვიათ, რომელი ფირმა მუშაობდა კორონის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე. მოსადმა კარგად იმუშავა და გაარკვია, თუ რომელი კომპანია შექმნიდა ყველაზე ადრე ვაქცინას. როგორც კი ეს ფირმა გამოავლინეს, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები იმ კომპანიაში ჩასახლდნენ, ფაქტობრივად. ახლა ბევრი კითხულობს, როგორ აჯობა ისრაელმა ყველასო? როგორ აჯობა და წინასწარ დაიჭირეს თადარიგი. პირველებმა დაიკავეს რიგი, გადაიხადეს ზედმეტი თანხა და თავის ქვეყანაში ვაქცინა ჩაიტანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე აცრეს.
ამერიკა დღეში 1.5 მილიონ ადამიანს ცრის. ამ ქვეყანაში სულ 3 მილიონი დავრჩით. ჩვენი აცრა ორ დღეში იყო შესაძლებელი, მაგრამ ჯერ ვაქცინაც კი არაა შემოტანილი. ვნერვიულობ და ძალიან მაწუხებს ეს საკითხი. მესამე ტალღამაც შეიძლება, ძალიან მძიმედ დაგვარტყას.
_ ისრაელი და ამერიკა რომ სხვებზე ადრე მოახერხებდნენ ვაქცინის მოპოვებას, ეს გასაკვირი არაა, მაგრამ ჩვენი სამეზობლოსთვის მაინც მიგვებაძა. სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში დაწყებულია ვაქცინაციის პროცესი.
_ ყველა იცრება გარშემო, ყველა უფრთხილდება თავის მოსახლეობას. ჩვენ კი რაღაც გაუმართლებელ განცხადებებს ვისმენთ. როდესაც 101 ქვეყანა ცრის თავის მოსახლეობას, იქ საქართველოც უნდა იყოს.
_ კამბოჯასა და უგანდაზე წინ მაინც უნდა ვიყოთ.
_ უნდა ვიყოთ, მაგრამ არ ვართ. ძალიან მიკვირს, აქ რატომ სხედან პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი, საგარეო უწყების ხელმძღვანელები? წავიდნენ და ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები მოინახულონ ან ჩვენი საელჩოები რას აკეთებენ? _ რაღაცები მოიძიონ. მესმის, რომ ძალიან დააგვიანეს და ახლა ვაქცინის შოვნა გაცილებით რთულია, მაგრამ მაინც უნდა წავიდნენ და მოითხოვონ ვაქცინა. ვაქცინის გარეშე მესამე ტალღა, უბრალოდ, დაგვანგრევს.
მოლოდოვა, ისევე როგორც საქართველო, პოსტსაბჭოთა ქვეყანაა. ეკონომიკურადაც ჩვენი დონისაა, მაგრამ მას ჰყავს რუმინეთის სახით მეგობარი ევროპაში. რუმინეთმა მოლდოველებს თავისი წილი ვაქცინები დაუთმო.
_ საფრანგეთმა სლოვაკეთს გაუწია დახმარება.
_ ასე ეხმარებიან განვითარებული ქვეყნები ნაკლებად განვითარებულებს.
_ ჩვენი დამხმარე, სამწუხაროდ, არავინ აღმოჩნდა.
_ ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე, ისეთ მდგომარეობაში ჩავცვივიდით, რომ მსოფლიოში ერთი მეგობარიც არ აღმოგვაჩნდა, რომელიც დახმარებას გაგვიწევდა ამ რთულ სიტუაციაში.
_ მათთანაც რთული მდგომარეობაა და, ალბათ, არ არის იოლი, სხვას დაუთმო ვაქცინა, როცა შენი მოსახლეობა არ აგიცრია.
_ ევროპის ქვეყნებმა ბევრად მეტი ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე სჭირდებათ. ჩვენ რომ სათანადოდ გვემუშავა მეგობარ ქვეყნებთან, რომელიმე მათგანი აუცილებლად დაგვითმობდა თავის წილ ვაქცინებს. თურქეთმა აზერბაიჯანს გაუწია დახმარება. ჩვენ არავინ გვყავს.
_ ვაქცინების შემოტანის დაგვიანებამ კიდევ ერთი ეჭვი გააჩინა: როგორც ამბობენ, ხელისუფლებიდან ვიღაცებს უნდათ, რომ აქ რუსული ან ჩინური ვაქცინა შემოიტანონ. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ვიღაც ჩინურ და რუსულ ვაქცინას ლობირებს, მაგრამ ისე მიდის საქმე, რომ შეიძლება, მართლა რუსული ან ჩინური ვაქცინის შემოტანა გახდეს საჭირო.
_ ამას როგორ გაამართლებენ?
_ იტყვიან, ფაიზერი და ასტრაზენეკა ვერ შემოგვაქვს, ხალხს ხომ არ დავხოცავთ და ჩინურ ან რუსულ ვაქცინას შემოიტანენ. არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ აქეთკენ მივდიოდეთ.
_ ზემოთ თქვით, რომ ამ ხელისუფლების გადამკიდე მეგობარი ქვეყანა აღარ გვყავსო. მეგობრები, ჯერ კიდევ, გვყავს, მაგრამ „ოცნების“ წარმომადგენლები დასავლეთის მოთხოვნებს ისე აიგნორებენ, რომ შეიძლება, მართლა აღარ დაგვრჩეს მეგობრები. ჩარლზ მიშელის ვიზიტი ამის ნათელი მაგალითია. სანამ ის აქ იყო, ღარიბაშვილი სხვანაირად საუბრობდა, როგორც კი მიშელი წავიდა, ძველ ტონალობაში დაიწყო ოპოზიციასთან ლაპარაკი.
_ ღარიბაშვილის შეცვლილ ტონს დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. მიმაჩნია, რომ მისი ეს განცხადებები უფრო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გასაგონად გაკეთდა. არა მგონია, ღარიბაშვილმა სიტუაციის გამწვავება გარისკოს. ის მოკლე ხანში ვიზიტით ჩადის ბრიუსელში. იქ უნდა ჩაიტანოს გეგმა, სადაც საუბარი იქნება საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზებზე. მოქმედებებით სხვანაირად იმოქმედებენ. ყველაფერი ამ კვირაში გამოჩნდება.
_ ოპოზიციას მოლაპარაკებების ჩაშლას, ალბათ, ვერ დაგაბრალებენ. მიშელის ვიზიტის შემდეგ ერთი დიდი აქცია ოპოზიციამ გააუქმა.
_ ვერ დაგვაბრალებენ. ოპოზიციამ ყველა სერიოზული აქცია გააუქმა. ის მოლაპარაკებების რეჟიმზეა გადასული.
_ ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ აქტიურად მოუწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებები ყველა ზღვარს არის გაცდენილი. ლადო კახაძე და ირაკლი ზარქუა იმასაც კი ამტკიცებენ, ნიკა მელია დაჭერილი არ არისო. ერთი შეხედვით, თითქოს, სასაცილოა მათი გამონათქვამები, მაგრამ ისინი ხომ ამით საზოგადოებასა და ოპოზიციას იგდებენ მასხარად?
_ „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ მათზე, უბრალოდ, კომენტარს ვერ გავაკეთებ. მითხარით, რა უნდა ვთქვა? ასეთ განცხადებებზე კომენტარის გაკეთება წარმოუდგენელია. შემიძლია ვთქვა, რომ შეფასებას არ ექვემდებარებიან. ლამის, მთელი შსს მიიყვანეს ერთი კაცის დასაჭერად. ახლა ამტკიცებენ, ნიკა მელია დაკავებული არ არისო.
„ქართული ოცნების“ სპიკერების განცხადებები ძალიან გამაღიზიანებელია. ოპოზიციისა და ხალხის გარდა, ასეთი განცხადებებით უკვე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც ღიზიანდებიან.
_ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ხასიათზეც ვეღარ არიან. არადა, მელიას დაკავების დღეს ძალიან ბედნიერები ჩანდნენ.
_ გუნდში დაბნეულობა და გაურკვევლობაა. ასეთი ვითარება რომ შეიქმნა, ამაში დიდი წვლილი გიორგი გახარიამაც შეიტანა.
_ გახარიამ რა წვლილი შეიტანა?
_ მან თანამდებობა დატოვა იმის გამო, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერის დასაკავებლად სპეცოპერაციის ჩატარებას აპირებდა. გახარია არ ყოფილა მმართველი პარტიის რიგითი წევრი, ის იყო პრემიერი და თან ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პრემიერი, ვინც კი „ქართულ ოცნებას“ ჰყოლია.
_ ამბობენ, რომ ის ყველაზე სუსტი პრემიერი იყო.
_ ჩემი აზრით, გახარია ერთ-ერთი გავლენიანი პრემიერი იყო. მას სხვადასხვა სტრუქტურაში ჰყავდა სერიოზული დასაყრდენები. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახლდათ. მისმა წასვლამაც სერიოზულად დააბნია „ოცნების“ მხარდამჭერები. როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი. ყველაფერს დრო გვაჩვენებს.
_ ეს დაბნეულობა გადაიზრდება თუ არა დათმობაში?
_ ხელისუფლება დასავლეთიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდის, რაც აიძულებს „ქართულ ოცნებას“ გარკვეულ დათმობებზე წასვლას. ვფიქრობ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გამოიკვეთება.
_ ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებენ.
_ ასეთი ხისტი პოზიცია სხვა დროსაც დაუკავებია ხელისუფლებას, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიმდგარა, რადიკალურად შეუცვლიათ პოზიცია. 2019 წლის შემოდგომაზე, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს, თქვეს, რომ მოლაპარაკებების კარი დაიხურაო, მაგრამ ძალიან მალე თავად დაიწყეს დიალოგის აუცილებლობაზე საუბარი. შარშან ამტკიცებდნენ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავსო, მაგრამ მოუწიათ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის ციხიდან გამოშვება.
_ წინა წლებში ხელისუფლებამ რაღაცები დათმო, მაგრამ მაშინ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ ყოფილა. ღარიბაშვილს ოპოზიციის მიმართ ძალიან ხისტი პოზიცია უკავია.
_ ღარიბაშვილის ხისტი პოზიცია გადამწყვეტი ვერ იქნება. მაგას ყოველთვის ასეთი პოზიცია ეკავა. პირველი პრემიერობის დროსაც ხისტი განცხადებებით ცდილობდა თავის დამკვიდრებას. ის ამ განცხადებებით, სინამდვილეში, მხოლოდ პოზირებს. მინისტრებსა და „ოცნების“ წევრებს აჩვენებს, რომ ასეთი ხისტია. არც აქამდე მიუღწევია რამისთვის სიხისტით და ახლა მით უმეტეს ვერ მიაღწევს. არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში სიტუაციის განმუხტვას ბელგიის ყოფილი პრემიერი ჩარლზ მიშელი ცდილობს.
_ ასე ძალიან რატომ გეიმედებათ ეს ადამიანი? რატომ გგონიათ, რომ ის სასწაულს შეძლებს?
_ ეს მან დაამტკიცა. მიშელმა წლების წინათ რადიკალურად განსხვავებული ხალხისგან დააკომპლექტა მთავრობა. დიდი ხნის მანძილზე ბელგიის მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდებოდა. ოთხმა, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულმა პარტიამ მთავრობის ფორმირება ვერ შეძლო. მიშელმა მათი ერთად დასმა მოახერხა. შეკრა სერიოზული მთავრობა. მასთან საუბარი ვიღაც რიგით ჩინოვნიკთან საუბარს არ ნიშნავს. ის პოზიცია, რაც მან აქ დატოვა, დარწმუნებული ვარ, სადღაც ერთ კვირაში გაიშლება. ხელისუფლება რეალობისკენ უნდა მოტრიალდეს. ძალიან მალე ეს მოტრიალება მათ განცხადებებსა და ქმედებებზეც აისახება.
_ ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნებია. მივალთ აქამდე? დათმობს ხელისუფლება ამას?
_ აქამდე მივალთ კი არა, მიმაჩნია, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. საკმაოდ მაქვს პოლიტიკური გამოცდილება, რაც მკარნახობს, რომ რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად იქნება.
_ და როდის უნდა ველოდოთ ამ არჩევნებს?
_ ამის თქმა უკვე გამიჭირდება. შეიძლება, ეს წელსვე იყოს, შემოდგომაზე, შეიძლება, მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდეს. რიგგარეშე არჩევნები რომ ჩატარდება, ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი. რიგგარეშე არჩევნები რომ იქნება, ამის თქმის საფუძველს ოპოზიციის განწყობაც მიქმნის. ოპოზიცია ამ საკითხზე უკან დახევას არ აპირებს.
ჩვენი მოთხოვნა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. 2020 წელს საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. ეს არჩევნები გაყალბდა. ამიტომ არის აუცილებელი რიგგარეშე არჩევნების ჩატარდება. არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, არც ეს მოთხოვნა დადგებოდა დღის წესრიგში, შარზე კი არ ვართ.
_ „ოცნება“ მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს ამ საკითხს, თუ ოპოზიცია დაამტკიცებს, რომ არჩევნები 1%-ით მაინც გაყალბდა. მზად არიან, თქვენთან ერთად შეისწავლონ არჩევნების გაყალბების საქმე?
_ არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ ათასობით უბანი გაასაჩივრა. სასამართლომ არც ერთი უბანი არ გახსნა. ახლა რა აზრი აქვს უბნების გახსნას და ხელახლა გადათვლას? ყველაფერი გასწორებული იქნება.
_ ამ პერიოდში ყველაფერს გააწიკწიკებდნენ.
_ მართლა გაწიკწიკებული ექნებათ ყველაფერი და ამიტომ არიან დიდ გულზე. თუ რეალურად უნდოდათ სიმართლის დადგენა, ეს შესაძლებელი იყო სხვა გზით. სამწუხაროდ, სასამართლომ ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და არც ერთი საარჩევნო უბანი არ გახსნა. „ქართული ოცნების“ მხრიდან ახლა ამ თემაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია.
_ პლებისციტზე რას ფიქრობთ?
_ ამ საკითხზე ოპოზიციაში განსხვავებული მოსაზრებებია. ერთი ჯგუფი ერთს ფიქრობს, მეორე _ მეორეს.
_ პირადად თქვენ რას ფიქრობთ?
_ ამ თემაზე საუბარი შეიძლება, თუმცა კონკრეტულად ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს. ერთი რამე ზუსტად ვიცი, რომ მთავარი თემა რიგგარეშე არჩევნები უნდა იყოს.
_ რიგგარეშე არჩევნებამდე რომ მივიდეს საქმე, ოპოზიციამ ერთიანობის შენარჩუნება უნდა შეძლოს. შეძლებს?
_ მეეჭვება, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ერთობა დაიშალოს. განსხვავებები არის და ხშირ შემთხვევაში სერიოზულიც, მაგრამ ერთიანობა მაინც შენარჩუნდება. ამ ერთობამ იმდენ რამეს გაუძლო, რომ მომავალშიც გაძლებენ. იმედი მაქვს, ვიღაცა ელისაშვილივით არ მოიქცევა.
_ „ქართული ოცნების“ სახე ნინო წილოსანი მიიჩნევს, ოპოზიცია იმიტომ არ შედის პარლამენტში, რომ მუშაობა ეზარებაო.
_ რა უნდა ვთქვა? უკომენტაროდ. მხოლოდ გავიცინოთ.
_ ამათი განცხადებები კი არის სასაცილო, მაგრამ ერთპარტიული პარლამენტი რომ არაა სასაცილო, ამას რა ვუყოთ?
_ ერთპარტიული პარლამენტი დღეს არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი. გახარიამ აღიარა, რომ ნიკა მელიას დაკავება „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა და სასამართლომ მხოლოდ მათი გადაწყვეტილება გაახმოვანა. ერთპარტიული პარლამენტი რომ არ გვყოლოდა, ეს არ მოხდებოდა. დღეს საქართველოს მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა რომ ჰყოლოდა, ვაქცინაც შემოტანილი იქნებოდა და არც ასეთ უსამართლობასთან ვიქნებოდით პირისპირ დარჩენილები. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. საბედნიეროდ, ქართველები თავისუფლებისმოყვარე ხალხი ვართ და ასეთ ვითარებას დიდხანს ვერ ავიტანთ

შორენა მარსაგიშვილი