გიორგი მასხულია: „გუგული მაღრაძეს საერთოდ გავუშვებდი პოლიტიკური ასპარეზიდან“

სამოდელო სააგენტო Golden Brand; ქართულ და ინგლისურენოვანი ჟურნალი G.M Star; Atelie G.M.; სილამაზის კონკურსი Miss & Mister Golden Brand; სტილისტების კონკურსი Golden-მაკრატელი; ავანგარდული ხელოვნება _ სხეულზე ხატვის კონკურსი BODYART Georgia; Anaklia Fashion Week; Mister Valentini Georgia; სილამაზის კონკურს Miss and Mister თბილისი-ის გენერალური დირექტორი; მწერალთა კავშირის წევრი; სამხარეო გაზეთ „თავისუფლების მრწამსის“ რედაქტორის მოადგილე _ ეს არის რეგალიებისა და საქმიანობის ფართო არეალის ის მცირე ჩამონათვალი, რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორიც გახლავთ დიზაინერი გიორგი მასხულია.
24 წლის დიზაინერის სახელი და გვარი ყოველთვის სკანდალებთან ასოცირდება, თუმცა ვინ არის სინამდვილეში გიორგი მასხულია? _ მწერალი? ჟურნალისტი? მოდელი? ადვოკატი? ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ „ქრონიკა+“-ის მკითხველს თავად გიორგი მასხულია მოუყვება:

_ მე ვარ ძალიან კარგი ადამიანი, მეგობრული და მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ. უბრალო მოქალაქე ვარ, რომელიც ყველაფერ საუკეთესოს ეტრფის ცხოვრებაში.
_ რომელსაც გაუჩნდა ამბიცია, რომ…
_ რომ საკუთარი კონკურსები ჰქონოდა და ყოფილიყო დიზაინერი, თუნდაც, მწერალთა კავშირის წევრი და ა. შ. მართალია, წლები დასჭირდა ამ ყველაფერს, მაგრამ ღირდა.
_ რამდენი წლის ხართ და რა ასაკიდან გაგიჩნდათ ეს ამბიციები?
_ 24 წლის ვარ და 14 წლიდან ვარ სამოდელო სფეროში. მე პირადად ვიყავი მოდელი, 2013 წელს თავად გახლავართ „მისტერ ვალენტინის“ კონკურსის მონაწილე, შემდეგ უკვე დავიწყე ჩემი პროექტები. მათ შორის იყო: სხეულზე ხატვა _ „ბოდიარტ ჯორჯიას“ კონკურსი, ეს ავანგარდული ხელოვნებაა და აქედან დაიწყო ნელ-ნელა ჩემი კარიერული წინსვლა. საზოგადოების ნაწილმა ბოდიარტით გამიცნო ეკრანებიდან, ნაწილმა კი _ როგორც დიზაინერი.
სხვათა შორის, 2015 წელს კონკურსი „მის და მისტერ ბრენდი“ რომ დავაარსე, ეს პირველი კონკურსია საქართველოში, სადაც ტრანსგენდერი ქალი დავარეგისტრირე მონაწილეობის მისაღებად, რასაც სრული შოკი და სკანდალი მოჰყვა.
_ ტრანსგენდერი ქალის დარეგისტრირება კონკურსზე პიარის გათვლა იყო თუ?
_ მან მოითხოვა კონკურსზე დარეგისტრირება.
_ თუმცა ეს ხომ ერთგვარი პიარიც იყო და გინდოდათ, რომ საზოგადოებას ელაპარაკა თქვენზე?
_ რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად გავთვალე _ ამ ფაქტმა კონკურსი გააპიარა, თუმცა ჟიურის გადაწყვეტილებით, ნახევარფინალის შემდეგ მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა. რაც შეეხება 2016 წელს, პირველად საქართველოში კონკურსების ისტორიაში, „მისტერ გოლდენ ბრენდის“ გამარჯვებულ ირაკლი ქასაშვილს გადავეცი ავტომობილი. მსგავსი რამ არც ერთ კონკურსზე არ მომხდარა და გამარჯვებული დღემდე ამ ავტომობილით გადაადგილდება. შემდეგ 2018 წელს მასშტაბები გავზარდე და „მის და მისტერ გოლდენ ბრენდი“ რუსთაველის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში ჩავატარე, სადაც 15 ქვეყნის საერთაშორისო ჟიურის წარმომადგენელი ჩამოვიყვანე საქართველოში. ერთი კვირის მანძილზე ჩვენ მათ გავაცანით საქართველოს კუტურა, ტრადიციები, დავათვალიერებინეთ ყველაფერი, დავაგემოვნებინეთ ქართული სამზარეულო და დიდი პოპულარიზაცია გავუწიეთ ჩვენს ქვეყანას. სწორედ იმ წლიდან ვთანამშრომლობთ 15 ქვეყნის საერთაშორისო ჟიურისთან.
_ ეს არის ის სფერო, სადაც ბავშვობიდან გინდოდა, რომ გემუშავათ, კარიერა გაგეკეთებინათ, პოპულარული გამხდარიყავით, გაგეხადათ ეს საქმიანობა კომერციული და ერთ მშვენიერ დღეს თქვენ ფეისბუქზე პოსტი დაწერეთ, სადაც ამბობდით, რომ თქვენ გახდით მწერალთა კავშირის წევრი. როდის გაწევრიანდით, ვინ გაგაწევრიანათ და, საერთოდ, როგორ მოხვდით მწერალთა კავშირში?
_ მე ვარ ორი წიგნის ავტორი, ერთი დედაჩემს მივუძღვენი: „მიყვარხარ, დედა“, სადაც ჩანახატებია, მოთხრობები, ლექსები და ა. შ. რაც შეეხება, მეორე წიგნს, იქ ცნობილ ადამიანებზეა ჩანახატები და ინტერვიუები. ვინც წაიკითხა, ყველას ძალიან მოეწონა და სანამ ვინმე კრიტიკით შეხედავს, უმჯობესია, ჯერ წაიკითხონ და დასკვნები მერე გამოიტანონ, თუმცა ვიღაცას მოეწონები და ვიღაცას _ არა, ეს არ არის პრობლემა. წლების მანძილზე დედაჩემი მწერალთა კავშირის წევრი გახლავთ, შოთა ნიშნიანიძემ მიიღო და ყოველთვის ვიზრდებოდი მწერლების, მსახიობების, მომღერლების გარემოცვაში და როცა ადამიანს სურს, რომ გახდეს ან იყოს მწერალთა კავშირის წევრი, რატომაც არა? ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, კარგი პოეტები და მწერლები გვყავს და გამეხარდება, თუ ისინიც გახდებიან მწერალთა კავშირის წევრები.
_ ანუ თქვენ, უბრალოდ, მოგინდათ ჟინის დაკმაყოფილება და სწორედ ამიტომ გახდით მწერალთა კავშირის წევრი? დედის ფაქტორმა ხომ არ იმუშავა?
_ დედის ფაქტორმა არა. საკმაოდ სერიოზული ჟიურის წევრები სხედან მწერალთა კავშირში და ისე გაწევრიანებენ.
_ მაგალითად, ვინ იყო ჟიურის წევრი?
_ პირადად მე მწერალთა კავშირის წევრად მიმიღო ბაღათერ არაბულმა, შემდეგ კომისიის წევრი გახლდათ მაყვალა გონაშვილი, რეზო მიშველაძე და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები. 2017 წელს გავიარე რეგისტრაცია და მიმიღეს.
_ გიორგი, ის, რომ მწერალთა კავშირის წევრობა გსურდა, ეს თქვენი შინაგანი მოწოდება იყო, როგორც მომავალი მწერლის, თუ, უბრალოდ, პიარის ერთ-ერთი კარგი საშუალება, რადგან იცოდით, რომ ამ ყველაფრით საზოგადოების ყურადღებას მიიქცევდით?
_ ეს ჩემი ერთ-ერთი საბუთია, რომელიც მთელი ცხოვრება გამომადგება. მინდოდა და გავხდი.
_ მწერლად მიიჩნევთ თავს?
_ მე ავისრულე ოცნება, მეტი არაფერი. მწერალი ვარ-მეთქი, რომ ვთქვა, ეს ჩემგან ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოს ნამდვილად ჰყავს ძალიან ბევრი ნიჭიერი მწერალი თუ პოეტი. ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის, ეს არის სამოდელო სფერო, რომელიც ძალიან მიყვარს. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ, რატომღაც, ყველას უდიპლომო ვგონივარ, სინამდვილეში კი მაქვს დიპლომი.
_ ამის შემდეგ გახდით ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი?
_ არა, ჯერ არ ვარ მიღებული ჟურნალისტთა ფედერაციაში, თუმცა რამდენიმე თვეში დაამტკიცებენ ჩემს კანდიდატურას და მიმიღებენ.
_ დარწმუნებული ხართ, რომ მიგიღებენ?
_ შეიძლება, არ მიმიღონ, წინასწარ ხომ არ ვიცი?
_ ჟურნალისტთა ქარტიის წევრობაც ერთგვარი პიარის გათვლაა თუ?
_ ესეც უნდა იყოს. რაც მე მინდა, ყველაფერი უნდა მქონდეს. როდესაც თავზე რაღაც მენგრევა, იმას აღარ ვუბრუნდები, ახლის შენებას ვიწყებ.
_ 24 წლის ხართ და ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობთ აქტიურად. გინდათ თქვათ, რომ საკუთარ თავს კარგად ყიდით?
_ რა თქმა უნდა.
_ ის, რომ დღეს გიორგი მასხულიას სახელი და გვარი ყველამ იცის; ის, რომ მართავთ რამდენიმე სილამაზის კონკურსს საქართველოში და დებთ რეიტინგს… რომ არა დედის, ქალბატონი ლანდა მასხულიას ფაქტორი, თქვენ იქნებოდით ის გიორგი მასხულია, ვინც დღეს ხართ?
_ ვერა! დედაჩემს ბოლო ოქროც კი ჩაუდევს ლომბარდში, ოღონდ მე რამე მქონოდა და მქონდეს ცხოვრებაში. ძალიან დიდი ამაგი აქვს ჩემში ჩადებული, ყოველთვის გვერდით მიდგას. სოციალურ ქსელში რომ ჩემზე სკანდალურს დაწერენ, აქეთ მირეკავს და მამშვიდებს ხოლმე. დედაჩემი რომ არა, ნამდვილად ვერ მივაღწევდი იმას, რაც ვარ და როგორიც ვარ.
_ კმაყოფილია დედა თქვენი მიღწევებით?
_ არა, რადგან მას უფრო მეტი უნდა.
_ რას გეუბნებათ, როგორია მისთვის ეს გიორგი?
_ კონკურსებზე რომ მოდის ხოლმე, ამაყობს. თუნდაც არ არის ადვილი მოიყვანო ისეთი ხალხი, როგორებიც არიან ჩემი კონკურსის ჟიურის წევრები. აქ ნდობის ფაქტორია და ეს ეამაყება, თუმცა ყოველთვის მეტი უნდა.
_ დედა რას საქმიანობს?
_ დედაჩემი სამხარეო გაზეთის მთავარი რედაქტორია, 42 წელი მუშაობდა თბილისში, აქ მოღვაწეობდა და ახლა უკვე აქვს სამხარეო გაზეთი „მრწამსი“.
_ გიორგი, არასდროს გისაუბრიათ მამაზე…
_ ძალიან კარგი მამა და ადამიანია. დედა და მამა გაშორებულები არიან, მაგრამ დედა მამასთან ურთიერთობას არასდროს მიშლიდა, დღემდე მაქვს შეხება. პროფესიით სტომატოლოგია, ძალიან კარგი სპეციალისტია, ცხოვრობს ფოთში და გია პერტახიას (გიორგი დედის გვარზეა, _ ავტ.) ვუსურვებ სიკეთესა და ლაღ ცხოვრებას. მამაზე არასდროს მისაუბრია და პირველად თქვენთან ვილაპარაკე.
_ გიორგი მასხულია არის თაღლითი, გადამგდები, არასანდო პიროვნება, _ ასე გახასიათებენ ის ადამიანები, რომლებიც თქვენ მტრად მიგაჩნიათ. რატომ ჰგონიხართ ასეთი და რატომ ასოცირდებით ყოველთვის სკანდალებთან?
_ სამწუხაროდ, ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა გვიწევს, ვისთანაც არ უნდა დაგვეჭირა საქმე, მაგრამ რას ვიზამთ? _ ცხოვრებაა ასეთი და წლებთან ერთად სწავლობ ბევრ რამეს. დედაჩემი ყოველთვის იმას მეუბნება, რომ ისწავლე ადამიანების ცნობაო. ჩემი მტერი ჩემი მაღვიძარაა, ისინი მაფხიზლებენ, ვიცი, რომ ვარსებობ და ა. შ. ვერ ნახავთ ერთ ადამიანსაც კი, რომელიც ჩემთან მოვა და მეტყვის, _ მას მოვატყუე ან ვალი არ გადამიხდია. უბრალოდ, 10 ათასი დოლარიც რომ გადამიხადონ, თუ ადამიანს ვერ მოვერგე, მასთან ვერ ვითანამშრომლებ.
_ თქვენ ასევე ატარებთ კონკურს „მისტერ ვალენტინს“, რომელიც აქამდე სხვა ადამიანს ეკუთვნოდა. შემდეგ ეს კონკურსი თქვენს ხელში აღმოჩნდა, რასაც წინ უძღოდა დიდი სკანდალი. მოგვიყევით, რა მოხდა სინამდვილეში?
_ 11 წელი ტარდებოდა „მისტერ ვალენტინი საქართველო“, თუმცა ეს ყველაფერი იყო არაოფიციალური. იდეის ავტორობას იბრალებდა გია ჯაჯანიძე, მაგრამ ეს საბუთებით არსად იყო გაფორმებული და კონკურსის ორგანიზატორი რომ წამოგაძახებს, შენგან არაფერი გამოვაო, არავინ ხარ და დარჩები იქ, საიდანაც ჩამოხვედიო… მე მას შევპირდი, რომ კონკურსი რამდენიმე წელიწადში ჩემი გახდებოდა და ეს კონკურსი გახდა ჩემი! კახი ხაბეიშვილი იყო ორგანიზატორი. მან ნამდვილად იცის ის საქმე, რასაც აკეთებდა, ჩვენ დღემდე შეგვიძლია, რომ ერთმანეთს დავუკავშირდეთ, მაგრამ, ალბათ, ასე იყო საჭირო, რომ ეს კონკურსი ჩემი ყოფილიყო. ჩემი კონკურსია ასევე „მის და მისტერ თბილისი“.
_ კონკურსებს რომ თავი დავანებოთ, როგორც დიზაინერმა, გვითხარით და შეაფასეთ ქართველი პოლიტიკოსების ჩაცმულობა. ვინ მიგაჩნიათ ყველაზე გემოვნებიან და უგემოვნო ჩაცმულად?
_ კახი კალაძე არის ყველაზე გემოვნებიანი. ქალბატონებიდან ძალიან მომწონს ნინო ბურჯანაძის უცვლელი კლასიკური ჩაცმულობა და გამოვარჩევ ეკა ბესელიას ჩაცმულობასაც. რაც შეეხება უგემოვნო ჩაცმულობას, ეგეთები საკმაოდ ბევრია. მაგალითად, გუგული მაღრაძეს საერთოდ გავუშვებდი პოლიტიკური ასპარეზიდან. ძალიან არ მომწონს მისი ჩაცმულობა.
_ ქალბატონი პრეზიდენტის ჩაცმულობა როგორ მოგწონთ?
_ არ ვიცი, ვინაა მისი დიზაინერი, მაგრამ საკმაოდ კარგად იმოსება.
_ ვის ჩაცმულობაზე იზრუნდებდით?
_ ირაკლი კობახიძეს შევცვლიდი. სხვა სტილი მოუხდებოდა.
_ როგორ სტილში წარმოგიდგენიათ კობახიძე?
_ ახალგაზრდა ბიჭია და ახალგაზრდულად ჩავაცმევდი.
_ თმას შეჭრიდით?
_ დიახ, სხვანაირ სტილს შევურჩევდი. უფრო თანამედროვე პოლიტიკოსს გავხდიდი.

გიორგი საკარული