გიორგი თავდგირიძე: „ოპოზიციამ ძალიან უნდა მოინდომოს, რომ 2024 წლის არჩევნები წააგოს“
შორენა მარსაგიშვილი
რატომ ვერ გამოჰყავს ოპოზიციას ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ ქუჩაში? რა შანსები აქვთ მათ მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე? რატომ არ აწყობს რუსეთს ამ ეტაპზე საქართველოს წინააღმდეგ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა? დაძლევს თუ არა „ქართული ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილის მძიმე მემკვიდრეობას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპერტი გიორგი თავდგირიძე:
_ ბატონო გიორგი, თქვენ განაცხადეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება გაცილებით რთული საქმე იყო, ვიდრე რუსეთთან დაახლოებულ „ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაცილებით ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა, ვიდრე დღეს „ოცნებას“ ჰყავს. როგორ მოხდა, რომ მაშინდელი ოპოზიცია უფრო ძლიერი იყო და იმდროინდელი რეპრესიების მიუხედავად, უამრავი საპროტესტო აქცია იმართებოდა? ახლა რა სჭირს ოპოზიციას?
_ ვიყოთ ობიექტურები და ვაღიაროთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება გაცილებით რთული იყო. მას სწორი მესიჯბოქსი ჰქონდა. ისინი აქცენტს აკეთებდნენ კორუფციის დამარცხებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენაზე და რაც მთავარია, ორიენტაცია იყო პროდასავლური, ევროატლანტიკური. კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა, რომელსაც მართლა შეუძლია თავისი წევრი ქვეყნების დაცვა, არის ნატო. შესაძლოა, რაღაც ხარვეზები იყოს, მაგრამ ამაზე უკეთესი კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა მსოფლიოში არ არსებობს და საქართველოს ნატოში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო.
ამასთანავე, ყოფილი ხელისუფლება ახორციელებდა დემონსტრაციულ პოლიტიკას, როცა ქართველი სამხედროები ყველა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდნენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ჯარის გაძლიერების პოლიტიკა, შესაბამისად, მასთან დაპირისპირება იყო ძალიან ძნელი. მაშინ ოპოზიციის კრიტიკა და დარტყმები უნდა ყოფილიყო წერტილოვანი და კონკრეტულ თემებზე აგებული. საგარეო კურსს ვერ დაუწუნებდნენ და ოპოზიციას მაღალი კომპეტენცია უნდა ჰქონოდა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინა, „ნაციონალების“ წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. უნდა აეხსნათ, რომ ხელისუფლებას სწორი პრიორიტეტები აქვს, მაგრამ ეს არ არის ის, რაც საქართველოს სჭირდება. მათგან განსხვავებით დღევანდელ ხელისუფლებასთან დაპირისპირება უფრო ადვილია, თუნდაც იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ანტიდასავლური, პრორუსული კუდები უჩანს ყველა მიმართულებით.
_ რაღა კუდები, აღარც კი მალავენ, რომ პრორუსები არიან.
_ ძლივს თავი დავაღწიეთ რუსეთის 200-წლიან ბატონობას და ვიღაცამ გადაწყვიტა, უკან შეგვათრიოს! ეს არ გამოვა, რაც არ უნდა კარგი ჩანაფიქრი იყოს. რაც არ უნდა ლავირება დაიწყოს ხელისუფლებამ, საქართველოს მოსახლეობას პირდაპირ წითელი ენთება რუსეთზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას დავუბრუნდები: მის მიმართ იყო დიდი უკმაყოფილება, ძალიან ძლიერი იყო რეპრესიული მანქანა და ეს თითქმის ყველა ოჯახმა გამოსცადა საკუთარ თავზე.
_ მათ შორის იყავით თქვენც.
_ ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ შურისძიება მამოძრავებს ყოფილი ხელისუფლების მიმართ. რეპრესიული მანქანა იყო და ამას ვერავინ უარყოფს. თუნდაც ამ რეპრესიული მანქანის გამო იყო ძნელი დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ის ახერხებდა რეიტინგულობის შენარჩუნებას. ოპოზიცია ფორმაში უნდა ყოფილიყო, ამომრჩევლის გული რომ მოეგო. რაც მთავარია, ყოფილ ხელისუფლებას დასავლეთთან კომუნიკაციის სწორი ფორმა ჰქონდა არჩეული. ძალიან მოქნილი პოლიტიკა ტარდებოდა. თუ რამე გადაცდომა იყო, ამას იმით ხსნიდნენ, რომ რეფორმების რთული წლებია და ასეთ დროს გადაცდომები ხდებაო. ისინი დასავლეთისგან ელოდნენ, რომ ეს რთული პერიოდი გაევლოთ. პირობას დებდნენ, რომ ყველა რეფორმას გაატარებდნენ. ბევრი მიმართულებით მართლაც აპირებდნენ რეფორმების გატარებას, მაგრამ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი უფრო ძლიერი იყო. ახლა რაც შეეხება ოპოზიციას: იმდროინდელი ოპოზიცია თავისი ლიდერებით, თავისი აქციებით, მათი ხანგრძლივობით და წევრების დაცვით საკმაოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. დღეს ოპოზიციონერები სატელევიზიო ეთერებიდან ჩივიან, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოდის. ეს არც ხალხის ბრალია და არც „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ეს იმის ბრალია, რომ ოპოზიციას მოსახლეობის თვალში ისეთი ავტორიტეტი და ნდობა არ აქვს, რომ მათ დაძახილზე გამოვიდეს. იმ ოპოზიციასთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, „ოცნებას“ ძალიან გაუჭირდებოდა მესამე ვადით ხელისუფლებაში მოსვლა. მეოთხე ვადით მოსვლაზე აღარც კი იფიქრებდა.
_ ახლა მეოთხე ვადაზე კი არა, მეხუთეზეც ფიქრობენ, ამბობენ, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც მოიგებენ.
_ ქართველებს გვიყვარს ლოგიკა და არითმეტიკა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ტექნიკურად ძალიან უნდა მოინდომოს ოპოზიციამ, რომ ეს არჩევნები წააგოს.
_ რომელი არჩევნები, 2024 წლის თუ 2028 წლის?
_ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.
_ რატომ არ უნდა წააგოს ეს არჩევნები ოპოზიციამ? იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ, არაფერს აკეთებენ. თითქოს ყველაფერი იქითკენ მიჰყავთ, რომ არჩევნების წაგება სურთ.
_ მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებას“ არანაირი რეიტინგი არ გააჩნია, იმ მოცემულობით და კანონმდებლობით, რომელიც დღეს არის, მას შეუძლია არჩევნებში გამარჯვება. რეიტინგით მას აქვს 25% და ამ პროცენტს მოიპოვებს კიდევაც. ოპოზიციური პარტიების ყველა დაკარგული ხმა, ძირითადად, მათთან წავა. მოგეხსენებათ, რომ ბევრი პატარ-პატარა ოპოზიციური პარტია მონაწილეობს არჩევნებში. ისინი იქნებიან ზღვარზე 1-დან 4%-მდე. მთლიანობაში ისინი მოიპოვებენ 35%-ს. იმის გამო, რომ საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავენ, ისინი გარეთ დარჩებიან, პარლამენტში მანდატების გადანაწილების დროს ყველა ეს დაკარგული ხმა, ძირითადად, პირველ ადგილზე გასულ პარტიასთან წავა, სულ მცირე, ამ ხმების 80% „ოცნებას“ დარჩება. „ოცნებას“ შესაძლებლობა აქვს, 51%-იან ზღვარს მიუახლოვდეს, რაც მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას მისცემს ან უარესს შემთხვევაში მოუწევს ვიღაცასთან გარიგებაზე წასვლა. საუბარი მაქვს ერთ პარტიასთან გარიგებაზე და არა მთელ ოპოზიციასთან და ხალხთან.
_ იმ ერთი სუბიექტის მოძებნა „ქართულ ოცნებას“, დიდი ალბათობთ, არ გაუჭირდება.
_ შეიძლება არ იყოს იოლი და ძალიან გართულდეს იმ ერთი სუბიექტის მოძებნა, მაგრამ ეს ტექნიკური საკითხია. ოპოზიცია ახლა ვერ თმობს საკუთარ ინტერესებს და არ ერთიანდება. გაერთიანებაზეც კი არაა საუბარი, უბრალოდ, გამოსავალსაც არ ეძებენ, რომ იპოვონ სტრატეგია, რომელიც მოუტანთ არჩევნებში უპირობო წარმატებას. მოსახლეობის 80-90% არის „ოცნების“ საწინააღმდეგო განწყობაზე. ეს ხომ ასე აშკარაა. ბოლო 2.5 წლის მანძილზე „ქართული ოცნება“ ღიად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას და ეს არავის მოსწონს.
_ ეს ანტიდასავლური, პრორუსული პროპაგანდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საერთოდ აღვირახსნილი გახდა.
_ მანამდეც იყო ანტიდასავლური განცხადებები, მაგრამ ახლა ღიად მიდის ეს პროპაგანდა, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია. ამით ოპოზიცია არ სარგებლობს. არადა, საზოგადოებრივი განწყობის შექმნა ძალიან დიდი ფინანსები ღირს. აქ ეს გაკეთებულია _ ჩვენი ამომრჩევლის 80%-ს უნდა დასავლური კურსი. 120-ათასიანი მიტინგები პოლიტიკოსების გარეშე ძალიან იშვიათად ჩატარებულა საქართველოში. ჩვენ ამის მომსწრე გავხდით. ძალიან მოკლე ვადაში რამდენიმე დიდი მიტინგი გაიმართა უკრაინისა და დასავლური კურსის მხარდასაჭერად. როდესაც ასეთი განწყობაა ხალხში და ოპოზიციას ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს, ეს ნიშნავს, რომ პრაგმატული აზროვნება მოიკოჭლებს. აქ სხვა არაფერზეა ლაპარაკი.
_ ჩვენი ოპოზიცია იმედოვნებს, რომ არჩევნებამდე რუსეთი უკრაინასთან ომში დასუსტდება ან დამარცხდება. ასეთ შემთხვევაში მოსკოვს აღარ ეცლება „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად და ისინი მოიგებენ არჩევნებს.
_ ახლა რომ სცალია რუსეთს „ქართული ოცნებისთვის“ და უკრაინასთან ომში ჯერ არ დამარცხებულა, საქართველოზე რაიმე გავლენის ბერკეტი აქვს? ცხადია, _ არა. ერთადერთი, რაც დღეს რუსეთს აქვს, ეს არის ბერკეტი „ქართულ ოცნებაზე“. როგორ არის ეს აწყობილი, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ფაქტად მივიღოთ, რომ მოსკოვს შეუძლია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაზე ზემოქმედება. ეს გავლენები იქ მთავრდება. შენ თუ ამბობ, რომ „ოცნება“ ვერ ფლობს საქართველოს მოსახლეობას და არ შეუძლია საზოგადოებაზე მანიპულირება, ე. ი. რუსეთს საქართველოზე გავლენა აღარ აქვს. მინდა გითხრათ, რომ რუსეთი საქართველოსთან დაკავშირებით არასდროს გადავა კრიტიკულ ზღვარს იქით, რადგან ეშინია, აქაურობა სამუდამოდ არ ჩაეკეტოს. მსოფლიოსა და ევროპაში იშვიათი ფანჯრები დარჩა რუსეთს. ძლივს სუნთქავენ და ძალიან არიან შეზღუდულები. ერთ-ერთი ასეთი ფანჯარა არის საქართველო.
_ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სანქციების გვერდის ავლაში რომ ეხმარებიან რუსებს, ამას გულისხმობთ?
_ სანქცირებული ტვირთი რომ შემოდის რუსეთიდან და გადის რუსეთში, მარტო ამას არ ვგულისხმობ. რუსი ობივატელი, ბიზნესმენი, რომელიც თეთრად საქმიანობს და სჭირდება კონტაქტები, ამას საქართველოს მეშვეობით ახორციელებს. თუ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაერევა, ამ ფანჯარას მოსკოვი დაკარგავს. რუსეთი „ოცნების“ გამო რამე მკვეთრ ნაბიჯს არ გადადგამს საქართველოს წინააღმდეგ. მოსკოვს „ოცნება“ სჭირდება იმდენად, რამდენადაც ის საქართველოში ფლობს სიტუაციას. თუ „ოცნება“ საქართველოში სიტუაციას ვეღარ მართავს, რუსეთი მას პოლიტიკურ საფლავში არ ჩაჰყვება და არც მის გადასარჩენად გააკეთებს რამეს. მოსკოვი ზეწოლით, ფინანსებით თუ რაღაც ბერკეტებით სხვა ძალასთან დაიწყებს საუბარს. არავის არავისზე ჯვარი არ აქვს დაწერილი. ეს არის ძალიან პრაგმატული პოლიტიკის სამყარო, სადაც მეგობრობისა და ლამაზი თვალების გამო არავინ არავის ეხმარება.
_ რუსეთისთვის მეგობრობის ცნება, უბრალოდ, არ არსებობს.
_ რუსეთისთვის მეგობრები არ არსებობენ, ამის გარდა, ახლა რუსეთს ავანტიურებისთვის არ სცალია. მან უკრაინაში ომი დაიწყო გამარჯვების მოლოდინით, რომელმაც არ გაამართლა. ამ ომის დაწყება რამდენად გონივრული ნაბიჯი იყო, ეგ სხვა თემაა. ახლა მისი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით მკვეთრი ვეღარ იქნება. ახლა რუსეთის ყველა ნაბიჯი იქითკენ არის მიმართული, რომ ქვეყანა არ დაეშალოს.
_ არის ამის ალბათობა?
_ ამის ძალიან დიდი საფრთხე არსებობს და რუსეთი ახლა იმაზე ზრუნავს, რომ ქვეყანა არ ჩამოეშალოს. ამდენად, ვეღარ ვიტყვით, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის იმედად არის. პირიქით, „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო პერიოდში რუსეთი გახდება ძალიან დიდი ტვირთი, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. საქართველოს მოსახლეობა განწყობილია პროდასავლურად.
_ ამის მიუხედავად, რუსულმა პროპაგანდამ, „ომი გინდათ“, მაინც იმოქმედა ხალხზე.
_ კი ბატონო, იმოქმედა. ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო მანიპულაციები. ყველამ კარგად დაინახა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა თითიდან გამოწოვილი თემა იყო.
_ ისე მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, რომ აქ ომი არავის დაუწყია. არადა, ამბობდნენ, ომი თუ არ დავუწყეთ რუსეთს, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენო.
_ როცა საინფორმაციო შტურმში ფინანსებს დებენ, უკუგებაც საჭიროა. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოპულარიზაციას.
_ მოხდა კიდევაც მისი პოპულარიზაცია. მადლობებს უხდიდნენ მშვიდობის შენარჩუნებისთვის და მშვიდობის გარანტადაც კი შერაცხეს.
_ მერე? ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობაც დამთავრდა. ბიძინა ივანიშვილმა ეს ერთი გადაწყვეტილებით დაასრულა. ახლა ეს „ომი გინდათ“ თემა არის მხოლოდ ინერცია. შეიძლება იმ პერიოდში მართლაც ჰქონდა შიშები ბიძინა ივანიშვილს. ის, ალბათ, ფიქრობდა, რომ დასავლეთი ასანქცირებდა და ასეთი პროპაგანდით მან თავი დაიზღვია. მაგრამ ეს ძალიან ხანმოკლე თემა აღმოჩნდა. ხალხის პროდასავლურ განწყობაზე ამ პროპაგანდას, ცხადია, გავლენა არ მოუხდენია. მუდმივად იყო და არის დასავლური კურსისთვის 80%-იანი მხარდაჭერა. ამას ყველა გამოკითხვა ადასტურებს. საქართველოში ომი რომ არავის უნდა, ეს ყველამ კარგად იცის. ყველაზე მილიტარისტულ ქვეყანაშიც კი ბოლო წუთამდე ერიდებიან ხოლმე ომის დაწყებას.
სხვა თემაა, რამდენად რეალური იყო, რომ საქართველოს ვინმე სთხოვდა ომში ჩართვას. ეს იყო ტყუილი და ხალხმა აღარ დაიჯერა. არ დაიჯერა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ბევრ ტყუილში დავიჭირეთ. გლობალური ომის პარტია უკვე სახუმარო თემად იქცა.
_ ამის ფონზე საქართველოში უცბად 14 კილოგრამი ტროტილი აღმოაჩინეს, რომელიც ქართული სპეცსამსახურების მტკიცებით, საქართველოში ოდესიდან შემოვიდა. ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ათასი ვერსია. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომლის წინააღმდეგაც უნდა იბრძოლონ ჩვენმა სპეცსამსახურებმა. ამ ამბავში უცნაური ისაა, რომ ამას საქართველოში პოლიტიკური თემები მიაბეს. მე თუ მკითხავთ, ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომლის ჩანაფიქრი რა იყო, არ ვიცი. მთავარი ისაა, რომ ეს კრიმინალი აღიკვეთა. სამაგიეროდ, მერე დაიწყო სუსმა რაღაც ზღაპრების მოყოლა, ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ. ეს არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია. ვიღაცები ამბობენ, რომ თურმე საქართველოში სიტუაციის აფეთქება და მეორე ფრონტის გახსნა უნდათ. კარგით, რა, ხალხო! ეს, იცით, რას ჰგავს? _ რუსეთმა ჩეჩნეთში ომის მოტივირებისთვის ვიღაცის პოლიტიკური რეიტინგისთვის მოსკოვში კორპუსები რომ ააფეთქა. ეს თავად რუსულმა სპეცსამსახურებმა გააკეთეს.
_ ამის ფონზე მოვიდა პუტინი ხელისუფლებაში და 24 წელია, წამლავს სამყაროს.
_ ეს არის რუსული პოლიტიკის კლიშე. ვიღაცამ რაღაცა შემოიტანა, რომ აეფეთქებინა აქ სიტუაცია. რისთვის არის ეს საჭირო? ან ვისთვის? საქართველოს ომში ჩათრევა სურთ? გამაგებინონ, როგორ უნდა ჩაითრიონ საქართველო ომში? ომში ძალით ვერავინ ჩაგითრევს. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ რუსეთი ჩვენს საზღვრებთან დაიწყებს პროვოკაციების მოწყობას და შემდეგ რაიმე ჩვენს ქტივობას გამოიყენებს იმისთვის, რომ დაიწყოს სამხედრო აგრესია.
როდესაც ომზე ვსაუბრობთ, ცხადია, ცხელ ფაზას ვგულისხმობთ. ომის ცხელი ფაზაა, როდესაც ტანკები ბრძოლის ველზე ერთმანეთს ესვრიან. ვიღაც უნდა დაგესხას თავს, რომ თავი დაიცვა, ან შენ უნდა დაესხა თავს რუსეთს. რუსეთს რატომ უნდა დავესხათ ახლა თავს? რა არის მიზანი? ოკუპირებული ტერიტორიები? აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ისედაც დავიბრუნებთ.
_ როგორ დავიბრუნებთ?.
_ დაკარგულ ტერიტორიებს დავიბრუნებთ მაშინ, როცა რუსეთი დაიშლება. ეს შეუქცევადი პროცესია და დაშლა უკვე დაწყებულია. ამას რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება არ სჭირდება. დასავლეთს ჩვენთვის არანაირი ომში ჩართვა არ უთხოვია. მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა ერთხოვათ, იქნებოდა ის, რომ უკრაინას რამენაირად დავხმარებოდით. ესეც კი არ მოუთხოვიათ ჩვენთვის. ომის თემაზე ლაპარაკი მორჩა.
_ გინდათ თქვათ, ომისა და არეულობის თემა აღარ გაჭრის აქ?
_ აღარ გაჭრის. ეს კამპანია ირაკლი ღარიბაშვილის პოპულარიზაციისთვის იყო საჭირო. „ქართულ ოცნებას“ ირაკლი ღარიბაშვილის მემკვიდრეობის დაძლევა მოუწევს. რადიკალურ ულტრამემარჯვენეობას აყალიბებდა კაცი, როდესაც „ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა, რომ მას ცენტრისტული პოზიციონირება ექნებოდა პოლიტიკაში. ამ დროს ღარიბაშვილი სასაწაულებს აკეთებს. პარალელურად კიდევ რაღაც ძალებს ქმნიდა, რომლებიც მზად იყვნენ და არიან, განსხვავებული აზრის გამო ვიღაცასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდნენ, ეს არანორმალური, მძიმე მემკვიდრეობაა. ამ მემკვიდრეობისგან განთავისუფლება მოქმედ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება. შესაბამისად, ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება მათი მესიჯბოქსი. ბოლო 2 წლის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები თავის ამომრჩეველს უმტკიცებდნენ, რომ ანტიდასავლური პოლიტიკაა მნიშვნელოვანი. ეს პოლიტიკა და რიტორიკა დღემდე ინერციით გრძელდება. ახლა, ძირითადად, ასეთი რიტორიკით გამოდიან _ საქართველო ევროკავშირში. ამით თავიანთი ამომრჩეველი ძალიან დააბნიეს. ერთადერთი გამაერთიანებელი ძველ და ახალ საარჩევნო კამპანიაში გვარი და სახელია _ ბიძინა ივანიშვილი. ამბობენ, კარგი კაცია და მხარი უნდა დავუჭიროთო. ვნახოთ, რას იზამენ. ჩემი აზრით, ძალიან გაუჭირდებათ. წინ საინტერესო ამბები გველოდება. მართლა მაინტერესებს, როგორ გაართმევს თავს ამას „ქართული ოცნება“? როგორც უკვე ვთქვი, ღარიბაშვილის მემკვიდრეობის დაძლევა რთული იქნება.
_ არანაკლებ საინტერესოა, რას იზამს ოპოზიცია. ზემოთ თქვით, რომ ოპოზიციამ ძალიან უნდა მოინდომოს, რომ ეს არჩევნები წააგოსო.
_ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ინდომებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წააგონ.
_ ეს ჯერჯერობითაა და შანსი კიდევ არის, რომ არ წააგონ?
_ არჩევნები რომ წააგონ, ძალიან უნდა მოინდომონ. ჯერჯერობით არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მოიგონ, მაგრამ კიდევ არის დრო სიტუაციის გამოსასწორებლად, დაველოდოთ. უახლოეს 2 თვეში გამოქვეყნდება პარტიების რეიტინგები. ოპოზიცია შეხედავს კვლევებს და დაიწყებს მოქმედებას.