გიორგი გუგავა: „პროტესტი უნდა იყოს ქუჩაში მასობრივი გამოსვლა. თბილი და ტკბილი არჩევნების გზით ოლიგარქები ქვეყანას არ დათმობენ“

მიუხედავად არჩევნებში მტკივნეული მარცხისა, მერობის ლეიბორისტ კანდიდატ გიორგი გუგავას საბრძოლო განწყობა ოდნავადაც არ შენელებია. ის უკვე იმდენი ხანია პოლიტიკაში, ამგვარი დარტყმების გადატანა აღარ უჭირს და შემდეგი არჩევნებისთვის მომზადებას არჩევნების მეორე დღიდანვე იწყებს.

 

_ მომილოცავს, ბატონო გიორგი.

_ რას მილოცავ?

_ „იმედის“ ეგზიტპოლებით 2% გაქვს.

_ „იმედმა“ ორი დამიწერა?

_ ხო, გაიმეტა 2% მაინც, რა მოხდა?

_ ეს იყო ოლიგარქიული ვენდეტა. ერთადერთი ჩვენ ვიყავით, რომლებიც ბოლომდე ვამხელდით მაფიოზ კალაძეს, ასევე მის შეფს _ ივანიშვილს, რომლებმაც მიიტაცეს ეს ქვეყანა, გადაიფორმეს, სოციალური კრიზისი და კოლაფსი მოაწყვეს ქვეყანაში, ხალხი დაამშიეს, გააღატაკეს, სახლებიდან გამორეკეს და ბანკების კაბალაში მოაქციეს. ერთადერთი ჩვენ ვიყავით, რომლებიც ამას ღიად და დაუფარავად ვამხელდით და მოგეხსენებათ, ოლიგარქები ასე უსწორდებიან მოწინააღმდეგეებს, მაგრამ შეიძლება, სწორედ ეს გახდეს მალე მაგათი დამარცხების საფუძველი.

_ იქნებ, მარტო ვენდეტის ბრალი არ არის ეს მარცხი? თქვენ ხომ არ დაუშვით არჩევნების დროს სტრატეგიული, ან ტაქტიკური შეცდომები?

_ თუ იმას მითვლით შეცდომად, რომ ვიყავით პირდაპირები, შეუვალები და მათ ვამხელდით და რომ არ ვართ კონფორმისტები, არ ვართ გარიგებულები, კი ბატონო. და კიდევ გაითვალისწინეთ: დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ ადამიანებს, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ, ეს იყო ხელშეწყობა არჩევნების გაყალბებაში.

_ თქვენ „ლიდერთა საბჭოს“ სხდომიდან მოდიხართ, რა გადაწყვიტეთ, რას აპირებთ?

_ ახლა მთავარი მიზანია ხმების დაცვა და დათვლა ბოლომდე. რაც შესაძლებელია, კბილებით უნდა გამოვტაცოთ ოპოზიციამ ჩვენი ხმები ამ მტარვალებს, ამ გამყალბებელთა კასტას, რომლითაც ხელისუფლებას გადავსებული ჰყავს საარჩევნო უბნები და ამის შემდეგ და ამის მიხედვით იქნება შემუშავებული მოქმედების გეგმა. იშვიათად მომხდარა საქართველოში ასეთი მასობრივი გაყალბება, როგორც დღეს, ყველა ხერხი გამოიყენეს: ფულით მოსყიდვით დაწყებული, კარუსელებით დამთავრებული. ფაროსანასავით არიან შესეულები ე. წ. კოორდინატორები და გამყალბებლები კომისიებში. ამას იქით არაფერია. ამას დამატებული გამყიდველი და სატელიტი ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც სახრავი მიუგდეს და გააჩუმეს. ამით გაცილებით უარესი არჩევნები და ქვეყანა მივიღეთ, რომლის მსგავსი შუა აზიაშიც არ არსებობს. იქ ბევრად უფრო დემოკრატიული არჩევნები ტარდება. საქართველოში კი დავემშვიდობეთ თავისუფალ არჩევნებს, დემოკრატიას. ქვეყანა ოლიგარქებზეა გადაფორმებული.

_ მიყიდულ ოპოზიციაში რომელ პარტიებს გულისხმობთ?

_ ბოკერიას „სასტავი“, გინდა „პატრიოტთა ალიანსი“. რა, ეჭვი გეპარებათ?!

_ „პატრიოტთა ალიანსი“? რა ვიცი, ეს ხალხი ამდენი ხანია, შიმშილობს…

_ შიმშილობით ჩვეულებრივი ვაჭრობა მიდიოდა ხელისუფლებასთან, რომ ბარიერი გადაელახინებინათ.

_ ის ინციდენტი როგორ დამთავრდა თემქის #83-ე უბანში, სადაც #10-ის მაგივრად #9-ით იყავი წარმოდგენილი? თუ სხვაგანაც ასე იყო, ან ეგ ხმები როგორ აიღე?

_ უფრო საინტერესო ამბავს გეტყვი. ისანში, 33-ე უბანზე, პირდაპირ კარუსელი გამოიჭირა ჩვენი კომისიის წევრმა: უცხოეთში დიდი ხნის წინათ წასული თავისი კარის მეზობლების პირადობებით სხვები აძლევდნენ ხმას. გამოიჭირა და ნაცვლად იმისა, რომ ფაქტზე კომისიას სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა, ეს ჩვენიანი უბნიდან გააძევეს. პოლიცია გამოიძახეს, არც მისი საჩივარი ჩაიბარეს და გაყალბება ჩვეულებრივად გააგრძელეს.

_ ლეიბორისტთა ლიდერმა პროტესტის ტალღაზე გადასვლა დააფიქსირა. სანამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი?

_ პროტესტი, საბოლოო ჯამში, ქუჩაში მასობრივი გამოსვლა უნდა იყოს. ნურავის ექნება იმედი, რომ თბილი და ტკბილი არჩევნების გზით ოლიგარქები ქვეყანას დათმობენ და ხელცარიელნი წავლენ. ეგ ილუზია საქართველომ და ქართველმა ხალხმა დაივიწყოს, ჩვენ უნდა ამოვიდეთ მასობრივ გამოსვლებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხმა ძალაუფლება უნდა აიღოს და ესენი გარეკოს. ამას რა ფორმა ექნება, არავინ იცის, თუმცა ამის ფორმები მოიძებნება. ეს უკვე დამოკიდებულია ხალხზე, საზოგადოებაზე, პოლიტიკურ პარტიებსა და სიტუაციებზე.

_ კი მაგრამ, დღეს ამომრჩეველთა ლამის 2/3 არ მოვიდა არჩევნებზე…

_ ამით საკუთარ თავსა და ქვეყანას გამოუტანეს განაჩენი! ვინც სახლში დარჩა, იმან ტყვია ესროლა თავის ქვეყანას და იმანაც, ვინც გაყალბებაში მიიღო მონაწილეობა და სამარცხვინოდ გაიყიდა. 15 ლარად რომ გაყიდი შენს სამშობლოს, მერე უფლება არ გაქვს, ადამიანად და მოქალაქედ იწოდებოდე.

ზაალ ნემსაძე