გიორგი გუგავა: „მილიარდებშია გაცვლილი საქართველოს თავისუფლება და სუვერენიტეტი“
თამარ სანაძე
ურთიერთობები საქართველოსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის მძიმდება. კიდევ უფრო გართულდა ვითარება უკრაინასთან მიმართებით. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა, მათ შორის, ქართულ მედიასაშუალებებთან წითელი ხაზები დაასახელეს კიევთან ურთიერთობაში. მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორთან ერთად უკრაინა საუბრობს ფრენების აღდგენაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩვენი ქვეყნის საეჭვო პოლიტიკაზე სანქციებთან მიმართებით და ხელისუფლების რიტორიკაზე, რომელიც ანტიდასავლური და ანტიუკრაინულია.
ახლა, როცა ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უკრაინა უნდა ყოფილიყო ერთგვარი ხიდი საქართველოსთვის ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, ვითარება სულ სხვაგვარია.
ის ფაქტი, რომ საქართველო მკაფიოდ დისტანცირდა დასავლეთისგან, ნათლად გამოაჩინა ვილნიუსის სამიტის წინ გამართულმა პრესკონფერენციამ. წინა წლებისგან განსხვავებით, ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას საქართველო აღარ უხსენებია. სტოლტენბერგმა მხოლოდ მოწყვლად პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი.
„ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში არის და წინა სამიტზეც ვთქვით, რომ უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. მოკავშირეები სამიტზე კიდევ ერთხელ გაიმეორებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, რომ გარე ჩარევისგან თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საქართველოდან თავისი ძალები და დაასრულოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება“, _ განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაზე, ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულებაზე უკრაინის მიმართ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაზეთ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა:
_ ბატონო გიორგი, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი სამიტის მოლოდინშია. რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენცია ჩაატარა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, სადაც არ იყო ნახსენები საქართველო იმ მნიშვნელობით, როგორც წინა წლებში. სტოლტენბერგმა მხოლოდ მოწყვლად პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე გააკეთა აქცენტი. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს ასე დისტანცირება დასავლეთისგან?
_ ძალიან საინტერესოა, ვისაუბროთ როგორ შეიცვალა ჩვენს მოკავშირეებთან ურთიერთობა.
დასავლეთსა და რუსეთს შორის გლობალური ომის შემდეგ მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ სრულად შეიცვლება სამყარო, მოხდება ახალი მსოფლიო გადანაწილება, ახალი მსოფლიო წესრიგი. თუკი აქამდე შეფუთული იყო საქართველოს ხელისუფლების სახე და ბიძინა ივანიშვილი ახერხებდა დასავლეთთან გარკვეულ თამაშს, ილუზიის შექმნას, რომ თითქოს ის ითვალისწინებს დასავლეთის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს (მინდა ვთქვა, რომ მთლად უანგაროდაც არ ხდებოდა ეს კეკლუცი დასავლეთთან), ახლა მთლიანად წარმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების პრორუსული სახე.
ამ დაპირისპირებაში ორადაა გაყოფილი სამყარო. ერთი მხრიდან დასავლეთი ეხმარება უკრაინას და ცდილობს ამ ომში წარმატებას მიაღწევინოს, აღადგინოს ქვეყანა და დაეხმაროს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში; მეორე მხარეს ვუყურებთ, რომ ბელარუსთან ერთად აღმოცენდა საქართველო და, შესაბამისად, როდესაც რუსულ ინტერესებს ატარებს, დიდი ეჭვები არსებობს იმის შესახებ, რომ რუსეთს ეხმარება საქართველო სანქცირების გვერდის ავლაში. სასიცოცხლო დერეფნად იქცა ჩვენი ქვეყანა რუსეთისთვის, როდესაც ის ტოტალურ სანქციებშია მოქცეული. საქართველო გადაიქცა ანტიდასავლურ პლაცდარმად და ბუნებრივია, დასავლეთს შესაბამისი რეაქციები აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ საქართველომ, რომელიც მიილტვოდა დასავლეთისკენ და რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, როგორც ჩანს, თავისი გეოპოლიტიკური გეზი იცვალა და შესაბამისად გაცივდა ურთიერთობები, დამძიმდა, დაიძაბა სიტუაცია, შესაბამისად, ჩვენ ვუყურებთ, როგორი გადაძახილებია. ნამდვილად არ არის გასაკვირი არც ნატოს გენერალური მდივნის განცხადებები და არც დანარჩენის.
ცოტა ხნის წინ ევროკომისარმა განცხადება გააკეთა, როდესაც აღნიშნა, რომ ჩვენ, უკრაინასა და მოლდოვას აუცილებლად ველოდებით ევროპულ ოჯახშიო და იქვე არ ახსენა ამ კალათის, აღმოსავლური პარტნიორობის მესამე მთავარი წევრი. აქ მთავარი, ყველაზე მოწინავე ქვეყანა ვიყავით ჩვენ, საქართველო და ამ განცხადებაში საერთოდ არ უხსენებია საქართველო.
ამიტომ ნელ-ნელა ეს ურთიერთობები გაცივდა, ამის შემდეგ კი ხელისუფლებამ ეს ურთიერთობები გადაიყვანა კონფრონტაციაში, რითაც ყველაზე მნიშნელოვან და მთავარ მიზანს ღალატობს _ ქვეყნის ინტერესებს და ისევ გვაბრუნებს რუსულ იმპერიულ გვამში.
_ როგორც ნატოსთან, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობაში, უკრაინა შესაძლოა, საქართველოსთვის ყოფილიყო ხიდი უფრო მეტი შედეგის მისაღებად. ჩვენ ახლა უკრაინასთან სრულიად წინააღმდეგობრივი პოლიტიკა გვაქვს, სადაც არანაირი მხარდაჭერა არ არის. რა გავლენას აქვს ამას საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობაზე?
_ ისეთი დემარშები განხორციელდა, რომ, პრაქტიკულად, უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია. უკრაინას აქვს ომი და ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ აქ ანტიდასავლური და ანტიუკრაინული იდეოლოგიური ვითარებაა შექმნილი.
რუსეთი პროპაგანდისტულ ომს ეწევა უკრაინასთან და დასავლეთთან. საქართველოშიც ვუყურებთ ხელისუფლების მოქმედებებს მისი პროპაგანდისტული მანქანის დონეზე და, შესაბამისად, ეს ურთიერთობები გაცივდა. საქართველო ამ დაპირისპირებაში აღმოჩნდა რუსეთის მხარეს. მტრის მხარეს აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, სადაც განახორციელა ეთნოწმენდა, ეთნოციდი. ამ ტერიტორიებზე ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები დახოცა, ფეხბურთი ითამაშეს დაღუპულთა თავებით. მთლიანად გაცალა ეს ტერიტორია ქართული ეთნიკური ჯგუფებისაგან, მოსახლეობისაგან.
ამ დროს კი, როდესაც ასეთი დაპირისპირებაა რუსეთსა და უკრაინას შორის, როდესაც ამ მასშტაბის ომია და როდესაც შეიძლება შენთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდეს არა მხოლოდ დასავლურ ინტეგრაციას, არამედ იმას, რომ შენი ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, შენი სუვერენიტეტი განმტკიცდეს და ამ დროს შენ მტრის მხარეს აღმოჩნდები, ეს არის შენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესის ღალატი და სწორედ ამ ღალატის გზაზე დგას საქართველოს ხელისუფლება.
სწორედ ამითაა დღეს ყველა ის უბედურება განპირობებული, რაც ხდება. პირდაპირ ვთქვათ, ამ პოლიტიკას დღეს საქართველოში ატარებს კრემლი. კრემლს პირად მართვაზე აქვს აღებული პროცესი, რადგანაც ოლიგარქმა ამ ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი გაყიდა. მილიარდებშია გაცვლილი ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სუვერენიტეტი.
_ როგორ ფიქრობთ, დალაგდება ჩვენი ურთიერთობები დასავლეთთან? ევროკავშირთან? როგორ ხედავთ ამ პრობლემის მოგვარების გზას, რა არის გამოსავალი?
_ ხელისუფლების ცვლილების გარეშე, პირდპირ გეტყვით, რომ ეს არის წარმოუდგენელი, ეს შეუძლებელია. თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ჩვენ საბოლოოდ დავკარგავთ დამოუკიდებლობასაც, თავისუფლებასაც და გადავიქცევით რუსეთის მიყრუებულ სამხრეთ პროვინციად. ამისგან გადარჩენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ შემთხვევაში, თუკი ოლიგარქიულ სისტემას ჩამოვამსხვრევთ და ჩამოვამხობთ. პოლიტიკური თვალსაზრისით ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. „ქართული ოცნება“ მოსაცილებელია ძალაუფლებისგან. ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს განვითარების იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს, როგორც არის ფილმში, ტაძრამდე, ანუ უნდა დავუბრუნდეთ იმ გზას, რომელიც მიგვიყვანს ნამდვილ თავისუფლებამდე, ნამდვილი სამართლიანობის აღდგენამდე.
დაიწყება დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება და ქვეყნის განვითარება, დამკვიდრდება სოციალური სამართლიანობის პრინციპი, დაიწყება დასავლეთთან ინტეგრირება და ა. შ. ეს ყოველივე შეუძლებელი იქნება ხელისუფლების ცვლილების გარეშე.
_ გახშირდა ძალადობები ოპოზიციის, მედიის წარმომადგენლებზე. ყველამ ვნახეთ ის უმძიმესი კადრები, სადაც საგარეჯოში პენსიონერებთან ჩასულ ოპოზიციას „ოცნების“ მიერ დარაზმული შემადგენლობა, მათ შორის, საჯარო მოხელეები დაახვედრეს. ოპოზიციონერების გარდა დაშავდნენ მედიის წარმომადგენლებიც. რატომ გახშირდა მსგავსი ქმედებები, როგორ ფიქრობთ, არის ეს „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან ძალადობის წახალისების შედეგი?
_ თავდასხმები რომ „ქართული ოცნების“ დაკვეთით ხორციელდება, ამაში ეჭვი ეპარება ვინმეს? აქ განცხადებებით წახალისებაზეც კი არ არის საუბარი. ორგანიზება მათია, დაფინანსება მათია, განხორციელება მათია ყოველივე ძალადობრივი ქმედებებისა. სამწუხაროდ, ეს არ ახალია „ქართული ოცნებისთვის“.
წინა ხელისუფლებებიც თავიანთი მმართველობის ბოლო ჟამს ქვებს ისროდნენ და უბრუნდებოდნენ პირველყოფილ ინსტინქტებს, _ სანამ ადამიანები ლაპარაკსა და გამართულად ფეხზე გავლას ისწავლიდნენ, ქვებს ისროდნენ. მათ აღარაფერი დარჩათ და გამოყრიან ხოლმე ამ კარგად ნაკვებ ბიუჯეტის ხარბ, მოსუქებულ ბანდას, ასროლინებენ ქვებს. მათ რეალურად აღარ აქვთ დასაყრდენი საზოგადოებაში და პარტაქტივის, პოლიციისა და სპეცსამსახურების მეშვეობით ქვების სროლაზე, ცემა-ტყეპაზე გადავიდნენ. ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორ მთავრდება ეს ყოველივე. საბოლოო ჯამში, ეს ნასროლი ქვა თავად მსროლელ ხელისუფლებებს ხვდებოდათ და უკაფავდა გზას ციხისკენ. ასე დაემართებათ ამათაც.
_ ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლებამ თავისი განცხადებებით უკვე მწვანე შუქი აუნთო ძალადობას, დაშინებებს, დაპირისპირებებს, თავდასხმებს. როგორია თქვენი მოლოდინი ამ არჩევნებზე? როგორ წარიმართება პროცესები წინასაარჩევნო პერიოდში? _ უმძიმესი იქნება მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და მთელი ეს დრო ვუყურებთ, რომ ხელისუფლებას ერთადერთი საშუალება დარჩა, თუკი ამას შეიძლება პოლიტიკური ხერხი ეწოდოს, _ ეს არის ძალადობა, ძალადობა და ძალადობა. ეჭვი არავის შეეპაროს, ამ მიმართულებით ბევრი მსგავსი ძალადობის მომსწრენი ვიქნებით. შესაძლებელია, ამ ყოველივემ ქვეყანა მიიყვანოს სამოქალაქო დაპირისპირებამდე. ამიტომ აუცილებელია ჩვენი დასავლელი მოკავშირეების მხრიდან სანქცირება. თუ არ დასანქცირდა ეს რეჟიმი და, პირველ რიგში, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და შიგნით არ მოხდა კონსოლიდირება, ასე ვთქვათ, აქციები რეჟიმის წინააღმდეგ, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება არჩევნდებზე ფიქრიც კი. არჩევნებს, როგორც წესი, ატარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სინამდვილეში ის უნდა იყოს სახელმწიფო საფრთხის სამსახური, სუსის ნაცვლად სსს-ი უნდა შევარქვათ ამ სამსახურს, რომელიც იყენებს მოსყიდვას, დაშინებას, გაყალბებას და ყველა ძალადობრივ საშუალებას. ჩვენ გვახსოვს, როგორი ფორმით ტარდებოდა წინა არჩევნები. მნიშვნელოვანია სანქციების მკაცრი, მსუსხავი ეფექტი და ქვეყნის შიგნით საზოგადოების კონსოლიდირება. საფრთხის წინაშე აქ რომელიმე კონკრეტული პარტიის ბედი კი არ დგას, არამედ მთლიანად ქვეყნის ბედი. სამშობლოა გადასარჩენი ყოველგვარი უტრირების გარეშე. ყველა ღონე და საშუალება უნდა ვიხმაროთ, რომ ამ ბანდას, კრიმინალურ-მაფიოზურ სინდიკატს, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება“ ჰქვია და მის სათავეში დგას ამ ბანდის ხელმძღვანელი, ოლიგარქი ივანიშვილი, უნდა გამოვაცალოთ ჩვენი ქვეყანა.