გიორგი გუგავა: „კობახიძე, მდინარაძე და თალაკვაძე კინტოების კლასტერია!“
„ხელისუფლებაში კინტოების კლასტერია“, _ ამ განცხადების ავტორი ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავაა. საერთოდ, ლეიბორისტებს პოლიტიკურ ალეგორიებსა და ეპითეტებში ბადალი არ ჰყავთ. ასე, მაგალითად, სწორედ მათ უწოდეს ორთვიან ლოკდაუნს „კორონადიქტატურა“. „ქრონიკა+“-სთან ბატონი გუგავა დამაჯერებლად აცხადებს, რომ შემოდგომაზე, ანუ არჩევნებზე, ეს „კორონადიქტატურა“ დასრულდება, ე. ი., „ოლიგარქიული ვირუსი“ წარსულს ჩაბარდება და საქართველოს „პირადი ხუშტურებით“ მართვას ვერავინ ვეღარასოდეს შეძლებს!
მოკლედ, რა სიკეთეს მოუტანს კოალიციური მმართველობა ქვეყანას და დაასახელებს თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია შალვა ნათელაშვილს თბილისის რომელიმე რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად? _ ჩვენი გამოცემა გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი გუგავასთან:
_ ბატონო გიორგი, როგორ ხართ?
_ გმადლობთ, არა მიშავს.
_ ძალიან კარგი… ლოკდაუნის შემდეგ „დაქოქილი“ ქართული პოლიტიკის მთავარი ინტრიგა, თქვენი აზრით, რა არის?
_ არჩევნები და წინაასარჩევნო დუღილი, რაც ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელია, თუმცა დარწმუნებულ ვარ, ქართულ ოპოზიციაში ყველაფერი ისე დალაგდება, რომ არსებულ რეჟიმს გავუშვებთ!
_ „ყველაფერი ისე დალაგება“ იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარებზე უმტკივნეულოდ შეთანხმდებით?
_ რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. საერთოდ, როცა ძლიერ ოლიგარქსა და ქვეყანაში ჩამოყალიბებულ მახინჯ რეჟიმს ებრძვი, ოპოზიციის ერთობა და კომპრომისებია საჭირო. ქართული პოლიტიკური კლასი უკვე იმ დონეზეა განვითარებული, რომ დარწმუნებული ვარ, ეს კომპრომისები აუცილებლად მოიძებნება, შესაბამისად, შედეგიც ისეთი დადგება, რომელიც ამ ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს!
_ კომპრომისები, როგორც ამბობენ, ხელოვნებაა. ქართულ პოლიტიკას ხელოვნებასთან კავშირი, მგონი, არ აქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს თემა უფრო დეტალურად განვიხილოთ, ანუ როგორც ცნობილია, „ნაციონალებმა“ თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 დათმეს და საკუთარ კანდიდატს მხოლოდ ორში წარადგენენ. ლეიბორისტების სტრატეგია როგორია _ ბრძოლას თბილისის რამდენი უბნისთვის აპირებთ?
_ დათმობას ნუ დავარქმევთ.
_ აბა, რა დავარქვათ?
_ საერთოდ, პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა.
_ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ეს პოსტულატი ქართულ პოლიტიკაზე არ ვრცელდება…
_ ეს თქვენი აზრია.
_ ცხადია…
_ კომპრომისი ყველამ უნდა მოძებნოს, რათა საერთო მაჟორიტარული ფრონტი შედგეს. ამან კი გამარჯვება, გამორიცხული არაა, პირველივე ტურში უზრუნველყოს. ამიტომაც მოლაპარაკებები გრძელდება და დარწმუნებული ვარ, სამაჟორიტარო ოლქებში ოპტიმალური ვარიანტები მოიძებნება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღეს.
_ ეჭვობთ, რომ „ოცნება“ ამ ცვლილებებს არ მიიღებს?
_ ნდობა არ შეიძლება.
_ რატომ?
_ ოლიგარქმა ბოლო წუთამდე შეიძლება, ყველაფერი გაათამაშოს.
მოკლედ, დარწმუნებული ვარ, ისეთი კანდიდატები შეჯერდებიან, რომლებიც კონკურენტუნარიანები, მებრძოლები იქნებიან და გამარჯვებას, როგორც გითხარით, პირველსავე ტურში უზრუნველყოფენ!
_ თქვენი ლიდერი, ტრადიციულად, დუშეთში იყრის კენჭს ხოლმე. წელსაც ასე იქნება თუ შალვა ნათელაშვილი თბილისის რომელიმე რაიონის მაჟორიტარობას შეეცდება?
_ წინასწარ არ მინდა.
_ რა არ გინდათ?
_ სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, ეთიკური არ იქნება, რომ განცხადება გავაკეთო, თუმცა შალვა ნათელაშვილი, როგორც გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი, მაჟორიტარად, ბუნებრივია, იქ იქნება წარდგენილი, სადაც ოპოზიციის ერთიანობასა და გამარჯვებას სჭირდება!
_ სხვათა შორის, სწორედ შალვა ნათელაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება აუცილებლად მოახერხოს. ისე, 120/30-ზე სისტემაში პარიტეტი იქნება დაცული, ანუ 30 მაჟორიტარული ოლქი მთელ ოპოზიციაზე პარიტეტულად გადანაწილდება თუ ზოგ პარტიას მეტი კანდიდატი ეყოლება და ზოგს _ ნაკლები?
_ პარიტეტსა თუ ვინმეს დომინანტობაზე ნუ ვისაუბრებთ.
_ რატომ არ უნდა ვისაუბროთ?
_ მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის, ისიც, რომ ამა თუ იმ რეგიონს განსაკუთრებული სპეციფიკა აქვს. ამიტომ კონკრეტულ რეგიონში ოპოზიციამ ერთი კი არა, შეიძლება, მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინოს და ხმები ასე მობილიზდეს. ასეთ შემთხვევაში, პარიტეტის საკითხიც გათვალისწინებული იქნება და სხვა სახის კომპრომისებიც მოიძებნება.
_ მომავალი კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაში მაჟორიტარებს გადამწყვეტი ხმა ექნებათ. შესაბამისად, განა, თითოეული პარტია არ შეეცდებით, რომ პარლამენტში რაც შეიძლება, მეტი მაჟორიტარი გაიყვანოთ?
_ ეს, რა თქმა უნდა, ბუნებრივი ინტერესია, მაგრამ თუ ამოცანა მოითხოვს, რომ რომელიმემ ეს ინტერესი საერთო გამარჯვებისთვის უკან გადაწიოს, ასეც იქნება. ამ პროცესს გონიერება, შორს ხედვა და სახელმწიფოებრივი აზროვნება სჭირდება. წეღანდელი თქმისა არ იყოს, ქართული პოლიტიკური კლასი უკვე იმ დონეზეა, რომ ამ ერთობის მნიშვნელობას ყველა ხვდება, მით უმეტეს, რომ ამან გარკვეული შედეგი უკვე მოიტანა.
_ მაინც, რა შედეგი მოიტანა?
_ თუნდაც ის, რომ პოლიტიკური პატიმრები განთავისუფლდნენ.
_ რატომ გავიწყდებათ, რომ გიორგი რურუა ისევ ციხეშია?
_ ეს პრობლემაა და 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად, რა თქმა უნდა, რურუაც უნდა გაათავისუფლონ!
ისიც ოპოზიციის ერთობამ განაპირობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ხორციელდება. ამას საერთაშორისო მხარდაჭერაც აქვს და, სხვათა შორის, ისიც ოპოზიციის ერთობის დამსახურებაა, რომ ბატონი ივანიშვილი საერთაშორისო სანქციების კანდიდატი გახდა!
ერთი სიტყვით, მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის ერთიანობა იმას განაპირობებს, რომ ოლიგარქი საბოლოოდ დამარცხდება!
ამასთან, უნიკალურ პოლიტიკურ ველში შევდივართ _ პოლიტიკური ველი ბიპოლარული აღარ იქნება, ანუ მხოლოდ ორი პოლუსი კი არა, მრავალი პარტია და ლიდერი იქნება წარმოდგენილი, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ ერთმანეთს გააკონტროლებენ.
_ ამაში სიახლე, ვფიქრობ, არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ეკლექტური პარლამენტი 1992 წელს უკვე გვქონდა და გვახსოვს, საკანონმდებლო ორგანოში რაც ხდებოდა.
_ რას ბრძანებთ! _ 1992 წლის მარავალპარტიულმა პარლამენტმა კონსტიტუცია და მთავარი ჩარჩო-კანონები მიიღო, რომელზედაც სახელმწიფო უნდა დაფუძნდეს. მაშინ, როცა პარლამენტი ოდნავ მრავალპარტიული იყო, ურთიერთკონკურენციის რეჟიმში ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიიღეს. ხოლო როცა ერთი ძალა ხდებოდა დომინანტი, მაშინვე ძალაუფლების უზურპირებასა და ქონების _ ბიზნესისა თუ ფინანსების _ ხელში ჩაგდებას ცდილობდა.
მრავალპარტიულობა, უპირველეს ყოვლისა, იმას უზრუნველყოფს, რომ სასამართლო ხელისუფლება განთავისუფლდება და დამოუკიდებლად ჩამოყალიბდება. ამას გარდა, ბიზნესის დიფერენცია მოხდება, ანუ მცირე და საშუალო ბიზნესი ხელშეწყობილი იქნება და ბიზნესის მონოპოლისტურ ჯგუფებს შორის გადანაწილება დამთავრდება. მრავალპარტიულობა ადამიანის უფლებებზეც აისახება _ მეტად დაცული იქნება. ერთი სიტყვით, პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური ასპექტებით ხალხისთვის მრავალი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღება.
_ კი ბატონო, მრავალპარტიულობის ეს სიკეთეები თეორიულად გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ?
_ მე თეორიაზე არ გელაპარაკებით.
_ აბა, რაზე მელაპარაკებით?
_ დასავლური პოლიტიკური სისტემა პლურალიზმზეა დაფუძნებული!
_ ჰოდა, მეც სწორედ მანდ ვარ _ დასავლეთის პლურალისტური დემოკრატია მხოლოდ ვერბალურად მოგვწონს, თორემ საქმე საქმეზე რომ მიდგება ხოლმე, სრულიად განსხვავებულად ვიქცევით, ბატონო გიორგი!
_ თუ გვინდა, რომ დასავლეთის ქრისტიანულ-დემოკრატიული ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ, სწორედ ამ გზით უნდა წავიდეთ, მაგრამ თუ თურქმენეთი და შუა აზია გვინდა ვიყოთ, მაშინ, ყოჩები, ბატონები და ხანები უნდა ვეძებოთ!
_ კაცობრიობას დემოკრატიული მართვის სტილზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუგონია და, შესაბამისად, საქართველოს თითოეულ მოქალაქესაც უნდა, რომ მისი უფლებები დაცული იყოს, მაგრამ იცით, რა ხდება? _ ხალხი კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია ეკლექტურია და მის მიმართ, მაინცდამაინც, დიდი ნდობაც არ გააჩნია. აი, მაგალითად, ხმა დადის, რომ „ევროპული საქართველო“ „ოცნების“ თამაშს თამაშობს, ანუ ივანიშვილის გუნდმა ხელისუფლება შესაძლოა, სწორედ ბოკერიას „სასტავს“ გადააბაროს. ბატონო გიორგი, გულახდილად მითხარით, ე. წ. ლეიბორისტული მაგიდის ფორმატით პოლიტლიდერებს ამ თემაზე გისაუბრიათ?
_ ხელისუფლებას ვერავინ ვერავის გადააბარებს!
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა, ანუ 120/30-ზე იმას უზრუნველყოფს, რომ თავად ხალხმა გადაწყვიტოს, პარლამენტში ესა თუ ის პოლიტიკური ძალა რა რაოდენობით იყოს წარმოდგენილი. ამის შემდეგ კი მთავრობის ფორმირება პარლამენტმა უზრუნველყოს.
ასე რომ, ვერავინ ვერავის ვერაფერს გადააბარებს _ ეს გამორიცხულია!
_ ხომ არ გავიწყდებათ, რომ ხელისუფლებას პოლიტიკურ არსენალში არჩევნების გაყალბების ბერკეტი აქვს?
_ არჩევნების გაყალბებას შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს, ანუ როცა მთავარი ნება მრუდდება ხოლმე, ამაზე ქართველ ხალხს შესაბამისი რეაქცია აქვს, რაც არაერთხელ დაამტკიცა.
ამიტომ ვინც ამას გაბედავს, საზოგადოებისგან ახლაც შესაბამის პასუხს მიიღებს!
_ კეთილი, მაგრამ „ოცნება“ სულაც არ ფიქრობს, რომ ხალხის ნება ხელისუფლებაში ოპოზიციის მოყვანაა. აი, მაგალითად, ირაკლი კობახიძის ვარაუდით, არჩევნებში დღევანდელი მმართველი გუნდი, მინიმუმ, 40 პროცენტს აიღებს…
_ სერიოზული და გამოცდილი ჟურნალისტი ხართ _ ახალი საქართველოს მემატიანე.
_ დიდი მადლობა, მაგრამ ეს რა შუაშია?
_ სერიოზულ გამოცემაში მუშაობთ და სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ.
_ დიახ, ასეა, მაგრამ კობახიძის ოცნებას რით გააქარწყლებთ?
_ კობახიძის ნათქვამი რა მოსატანია? _ კაცი დღეს ერთს ამბობს, ხვალ კი მეორე ხდება. მოკლედ, კობახიძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია!
_ შეიძლება, მაგრამ კობახიძე „ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სპიკერია, თან ისეთი სპიკერი, რომელიც ოპოზიციას „გოიმებს“ გეძახით…
_ კობახიძის გამონათქვამები უფრო მასზე მეტყველებს!
_ ანუ მმართველი გუნდი იმიტომ სკაბრეზობს, რომ ცაიტნოტშია და იმის გარდა, რომ ოპონენტებს შეურაცხყოფა მიაყენოს, მეტი არაფერი შეუძლია?
_ რა თქმა უნდა! როცა ადამიანი ოპონენტის შეურაცხყოფაზე გადადის, ეს მის სისუსტეს წარმოაჩენს! „ოცნებას“ საქმე კარგად რომ ჰქონდეს, არც ასეთი ისტერიკა ექნებოდა და არც ასეთ გამონათქვამებს გამოიყენებდა! დიახ, „ოცნებას“ საქმე კარგად არ აქვს.
კობახიძეს, მდინარაძეს, თალაკვაძეს თუ, საერთოდ, ამ „კინტოების კლასტერს“ რომ შეხედავ, რაღაზე უნდა ილაპარაკო? თაღლითები, მატრაბაზები და კინტოები არიან და მათ სიტყვას ჩალის ფასიც არ აქვს!
_ კობახიძის სიტყვებს შეიძლება, ჩალის ფასი არ აქვს, სამაგიეროდ, ჩალაზე ძვირად ქართულ პოლიტიკაში ხუთი კილო ხახვი და კარტოფილი ფასობს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, პოსტპანდემიურ ეპოქაში ეკონომიკური ვითარება უფრო დამძიმდა. შესაბამისად, გამორიცხავთ, რომ წლევანდელი არჩევნების ბედი ისევ ხახვმა და კარტოფილმა გადაწყვიტოს?
_ გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ. სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც ძალიან უჭირს და ამიტომ მათ ვერ განვიკითხავ. ხალხი ყოფნა-არყოფნის წინაშე დგას და ხუთი კილო კარტოფილი მათთვის შესაძლოა, გადარჩენის ტოლფასი იყოს, მაგრამ როცა შენს ხმას ვინმეს ხუთ კილო კარტოფილად მიჰყიდი, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ამით საბოლოო მონობისთვის ხარ განწირული!
მჯერა, საზოგადოების უმეტესი ნაწილი საღად აზროვნებს და ხმები თუ სული არჩევნებზე მინიმალურად ცოტა გაიყიდება!
_ ხელისუფლებამ, კორონის საბაბით, დახმარებების დარიგება დაიწყო, რასაც ზოგიერთი წინასაარჩევნო მოსყიდვად მიიჩნევს. ამ ვერსიას იზიარებთ, ბატონო გიორგი?
_ მთელ მსოფლიოში, სადაც კარანტინი გამოცხადდა, ხალხს სოციალური მხარდაჭერა წინასწარ აღმოუჩინეს, თუმცა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საზოგადოებისთვის რეალური სოციალური მხარდაჭერა არ განხორციელებულა. ხელისუფლებამ ხალხი, უბრალოდ, შიდაპატიმრობაში შეყარა და ეს სიტუაცია, ანუ ხალხის გაჭირვება, იმისთვის გამოიყენა, რომ დიდი ფული გაკეთებინა.
_ რას გულისხმობთ?
_ ამ თემაზე ვრცლად სხვა დროს ვისაუბროთ.
_ ახლა რომ ვისაუბროთ, რა პრობლემაა?
_ ეს თემა შორს წაგვიყვანს. სხვა დროს კი კონკრეტულ მაგალითებს გეტყვით.
_ კეთილი…
_ ერთი სიტყვით, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაშია _ შიმშილის პირას მიიყვანეს და ამიტომაც არსებული ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი აუცილებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალურ ბუნტს ვერ ავიცილებთ! ხელისუფლებაში ახალი სისხლი და ახალ ძალთა ერთობაა საჭირო, რომელიც ქვეყანაში არსებულ დაწყევლილ და ჩაკეტილ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოს გაარღვევს და იმ პერსპექტივებს, რომელიც საქართველოს აქვს, ხალხსა და ქვეყანას მოახმარს!
ისე, ის 200 თუ 300-ლარიანი დახმარება „ოცნებამ“ ხალხზე კი არა, საკუთარ პარტაქტივზე გათვალა. ამიტომ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ საზოგადოება ამას არ „ჭამს“ და საარჩევნოდ არც ქმედითი ეფექტი ექნება!
_ სხვათა შორის, ორთვიან ლოკდაუნს ლეიბორისტებმა „კორონადიქტატურა“ უწოდეთ. რატომ?
_ როცა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები დაუსაბუთებლად იზღუდება და, ვთქვათ, 9 საათის შემდეგ გადაადგილებისა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას პანდემიასთან ბრძოლასთან კავშირი არ აქვს, ეს ხელისუფლების, ასევე ბიზნესის სრული უზურპაცია, ანუ დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯია!
საზოგადოების გარკვეული უკმაყოფილება და პოლიტიკური ძალების ერთობა რომ არა, ამ პერიოდში „ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასაც აპირებდა, მაგრამ, საბოლოოდ, იძულებული გახდა, უკან დაეხია.
საერთოდ, თანამედროვე დიქტატურა ისე არ უნდა გავიგოთ, როგორაც, ვთქვათ, გასული საუკუნის დასაწყისში არსებობდა. თანამედროვე ტოტალიტარული მმართველობები სწორედ ისეთ ქმედებებზეა დამყარებული, როგორიცაა სასამართლოსა და ხელისუფლების ყველა სხვა შტოს უზურპაცია!
დარწმუნებული ვარ, „ოცნებას“ ყველაფერი ეს არ გაუვა და კორონასთან ერთად ისეთ უფრო დიდ და მავნე კორონას გავაცილებთ, როგორიც ივანიშვილია!
_ ბატონო გიორგი, თუ „ოცნებას“ დიქტატურის მცდელობაში სდებთ ბრალს, აქ, ვფიქრობ, ოპოზიციის, უფრო კონკრეტულად, საპარლამენტო ოპოზიციის პასუხისმგებლობაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რადგან საგანგებო მდგომარეობის შემოღებას, პირველ ეტაპზე, მანაც დაუჭირა მხარი, თანაც, თუ გახსოვთ, საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტი შეწყვიტა და საგანგებოს დაკანონებისთვის ხმა რომ მიეცა, პარლამენტის დარბაზში დაბრუნდა.
_ სიმართლე გითხრათ, ჩვენ ამის მომხრენი არ ვიყავით, მაგრამ საჯაროდ არაფერი გვითქვამს. ისე, პირველ ეტაპზე, შეიძლება, გარკვეული შეზღუდვები შემოსულიყო, მაგრამ არა _ დრაკონული. აი, მაგალითად, კომენდანტის საათს პანდემიასთან რა კავშირი ჰქონდა? რა, კორონავირუსი გარეთ 9 საათის შემდეგ გამოდიოდა და დაძრწოდა? ყველაფერი ეს გააანალიზეს, გააცნობიერეს და ამიტომაც საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია!
_ ზუსტად იმ დროს, როცა პანდემიის გამო „ოცნების“ მიმართ ხალხს გული მოულბა, პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ეს, თქვენი აზრით, მმართველი გუნდისთვის საკუთარ მომხრეებში საბედისწერო შეცდომად ხომ არ იქცევა?
_ ეს შეცდომა კი არა, ის ვალდებულება იყო, რომელიც „ოცნებამ“ აიღო.
_ მესმის, მაგრამ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალებამ „ოცნების“ მომხრეებს იმედი გაუცრუა.
_ ვალდებულება უნდა შეესრულებინათ. ყველაფერთან ერთად, იდიოტებიც არიან!
_ ანუ?
_ „ოცნებამ“ ჯერ კამპანია დაიწყო, ასეთი ვალდებულება არ ამიღიაო, მაგრამ როცა ოპოზიციის ერთობა, საერთაშორისო საზოგადოების განწყობა და ისიც ნახა, რომ ივანიშვილი სანქცირების კანდიდატთა სიაში ჩააყენეს, უგულავა და ოქრუაშვილი მაშინვე გამოუშვა!
საერთოდ, ივანიშვილს არაფერს არც ქართველი ხალხი აპატიებს, არც _ საერთაშორისო თანამეგობრობა და, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების დათმობა მოუწევს. ჩვენ თავისუფალი, დემოკრატიული და დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი უნდა გავხდეთ და აღარასოდეს უნდა დავუშვათ, რომ ამ ქვეყანას ოლიგარქი საკუთარი ხუშტურებით მართავდეს!
_ ბატონო გიორგი, რა ამის პასუხია და, „ძალა ერთობაშიას“ ერთი ფრთის მიერ გიორგი ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას როგორ აფასებთ? სხვათა შორის, თავის დროზე, პრემიერობის საკუთარი კანდიდატი ლეიბორისტებსაც გყავდათ და ის _ არც მეტი, არც ნაკლები _ ბიძინა ივანიშვილი იყო.
_ პოლიტოლოგი არ ვარ და შეფასებებს არ დავიწყებ, თან ყველა პარტიის ავტონომიური უფლებაა, მხოლოდ პრემიერის კანდიდატურა კი არა, მთელი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც დაასახელოს, მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობა, ვფიქრობ, არასწორია.
_ რატომ?
_ ეს მოუკლავი დათვის გაყოფა იქნება. ჯერ შეთანხმებაა საჭირო.
_ რაზე?
_ მაჟორიტარებთან დაკავშირებით. ამასთან, მთელი რიგი სხვა საკითხებია გადასაწყვეტი.
_ ისე, სოციალურ მედიაში ოპოზიციის ე. წ. ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა გავრცელდა, თუმცა მასში ლეიბორისტები არ არიან. ამას რით ხსნით?
_ ეს ფეიკნიუსია, რომლითაც სახელისუფლებო ტროლ-ბოტებს უნდათ, საზოგადოებაში ყალბი წარმოდგენები შექმნან, თორემ ჩრდილოვან კაბინეტს არავინ განიხილავს!
_ მოკლედ, ბატონო გიორგი, დარწმუნებული ხართ, რომ კორონასთან ერთად, „ოცნებაც“ დასრულდება?
_ რა თქმა უნდა. ჩვენთვის მთავარი პანდემია ის რვა წელია, რომელიც ოლიგარქიულ ვირუსში გავატარეთ და ეს უნდა დასრულდეს!
გიორგი აბაშიძე