გიორგი გუგავა: „ივანიშვილი ლეიბორისტული პარტიის აკრძალვას აპირებს“
ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა, ოპოზიციის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებული და აღშფოთებულია. მისი თქმით, პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ ხალხს უღალატა. შექმნილ ვითარებაზე გუგავა პასუხისმგებლობას მოსახლეობასაც აკისრებს, რომელსაც სწორი არჩევანის გაკეთება უჭირს. ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს დღეს ყოფნა-არყოფნის საკითხი უდგას და ასეთ დროს ხალხმა სახელმწიფოებრივად უნდა იაზროვნოს.
რა პრეტენზიები აქვს ამომრჩეველთან? რას უნდა მიაქციოს ხალხმა ყურადღება? აქვს თუ არა კიდევ რაიმე შანსი ოპოზიციას? რა შემთხვევაში შეძლებს ოპოზიცია ერთიანი ფრონტით გამოსვლას? მიატოვეს თუ არა კოლეგებმა ლეიბორისტები? _ ამის შესახებ გიორგი გუგავა „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ბატონო გიორგი, გაზის ტარიფი გაიზარდა. როგორც ამბობენ, მალე პურსა და დენზეც მოიმატებს ფასები ხალხი უკმაყოფილოა პარლამენტში ოპოზიციის შესვლით. ამ დროს უმრავლეობა-ოპოზიცია გახარიაზე საუბრით ირთობს თავს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ცდილობენ, ხალხის ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებიდან სხვა თემებზე გადაიტანონ. თქვენ რას იტყვით?
_ მართლა ყურადღების გადატანასთან გვაქვს საქმე. ხალხს საერთოდ არ აინტერესებს, რას იტყვის ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე ან ეს უკანასკნელი კობახიძეს კურდღელს უწოდებს თუ _ ვეფხვს. ორივე მათგანი დანაშაულებრივი სისტემის ჭანჭიკი იყო. ქვეყანაში იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ ახლა სხვა თემებზე საუბრის დრო არ არის. იმის მაგივრად, რომ პრობლემებს აგვარებდნენ,. რაღაც უაზრო თემებს ატრიალებენ.
დღეს საქართველოში სოციალური მდგომარეობა კატასტროფულია. ადამიანები თავის გადარჩენისთვის იბრძვიან. საკვები პროდუქტები ისეა გაძვირებული, რომ მათი შეძენა შეუძლებელია. ვერც ყიდულობს ხალხი ვერაფერს. ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ფასების ზრდას ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნიან.
_ ბოლო დროს ხომ გამყარდა ეროვნული ვალუტა? რატომ არ მცირდება ფასები საკვებ პროდუქტებზე მაინც?
_ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის კურსის გამყარების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში თამაშთან გვაქვს საქმე. ამიტომაც არ მცირდება ფასები, ყველაფერი კიდევ უფრო ძვირდება.
_ თამაშთან გვაქვს საქმეო და რა თამაშზე საუბრობთ?
_ ხელისუფლება და ბანკირები ათამაშებენ ვალუტის კურსს და ამით ასეულობით მილიონი ლარის მოგებას ნახულობენ. მათ საერთოდ არ ადარდებთ, ხალხი სიღარიბეში რომ ღაფავს სულს. ლარის კურსის გამყარებით რომ ტრაბახობენ, ფასები რატომ არ მცირდება? პროდუქტების შეძენა უკვე შეუძლებელია. კატასტროფულად არის გაზრდილი საწვავის ფასები.
როდესაც საკვები პროდუქტები ძვირია და ხალხს მათი შეძენა არ შეუძლია, ხალხი პურზე გადადის. ამ პურსაც კატასტროფულად აძვირებენ. ხალხი შიმშილით სიკვდილისთვის გაწირეს. ამის გამო არავის რცხვენია. ამაზე არც ამახვილებენ ყურადღებას. არც იმას ამჩნევენ, უმუშევრობის კუთხით ტოპათეულში რომ შევედით. ისე იქცევიან, თითქოს ეს ჩვეულებრივი და ნორმალური ამბავი იყოს.
_ განათლების მხრივაც სავალალო დღეში ვართ.
_ ასეა. განვითარებადი აფრიკული ქვეყნების ფერხულში ვართ განათლების დონით. ეს მომავალი თაობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ბავშვებს ვაშიმშილებთ! რამდენი ბავშვი გარდაიცვალა შიმშილით და არასათანადო კვების გამო. თითქოს შიმშილი არ კმაროდა, პატარებს განათლების უფლებასაც ვართმევთ. ასეთ დროს როგორ შეიძლება, მედია და პოლიტიკური სპექტრი გახარიასა და კობახიძის ფრაზებს განიხილავდეს? ქვეყანა ხელიდან გვეცლება. აქ კი იმაზე მიდის საუბარი, გიორგი გახარია უფრო დიდი კურდღელია თუ ირაკლი კობახიძე? ორივე მათგანი დამნაშავეა.
გასულ კვირას რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრაზე ბევრ საკითხზე ისაუბეს. საქართველო ზრდილობის გულისთვისაც არ უხსენებიათ. ეს, ჩემი აზრით, ძალიან ცუდის ნიშანია. ვშიშობ, ე. წ. კავკასიურ ექვსეულში შეგვათრევენ.
_ ამ გაერთიანებაში საქართველოს შესაძლო შეთრევაზე სხვა პოლიტიკოსებიც საუბრობენ. ფიქრობთ, რომ ამ ექვსეულის შექმნა რეალურია?
_ გადაწყვეტილია ეს ამბავი. ამ ექვსეულში იქნებიან რუსეთი, თურქეთი, ირანი, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ჩვენ პატრონი აღარ გვყავს და ამ ექვსეულში შესვლის შემდეგ, შესაძლოა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა დასრულდეს. ჩვენ შეიძლება ისევე გაგვყონ, როგორც ეს რუსეთს, თურქეთსა და ირანს არაერთხელ გაუკეთებიათ.
ახლა მითხარით, შეიძლება ასეთ დროს გახარიასა და კობახიძეზე საუბარი? ან რა ამბავი ატყდა მეუფე იაკობისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის გამო. ერთი ჩვეულებრივი მოვლენა ლამის საუკუნის შეხვედრად გამოაცხადეს და ყველა ამაზე საუბრობდა. ის გამოწვევები არავის ახსოვს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება.
_ ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზეც ვისაუბროთ. შესვლის წინ დაგვპირდნენ, იქაურობა ითუხთუხებსო. თქვენ ამჩნევთ ამ თუხთუხს?
_ მოთუხთუხე მე ლობიო ვიცი, თანაც ქოთანში. ლობიოობას თუ თამაშობენ და პარლამენტი ქოთანი ჰგონიათ, მაშინ თუხთუხებენ.
_ თქვენ ახლა ხუმრობთ და პარლამენტში შესულებს მართლა ლობიოობა ჰგონიათ საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა. სხვანაირად ვერ ვხსნი „გირჩის“ წევრების საქციელს. ამ პარტიის წარმომადგენლები პარლამენტში ამაზრზენად იქცევიან.
_ „გირჩი“ პარლამენტში რომ მოხვდა, ეს ხალხის დამსახურებაა, „გირჩს“ ჰყავდა და ჰყავს ამომრჩეველი, რაც ჩვენი ქვეყნის უბედურებაა. ქვეყანაში ასეთი პოლიტიკური სურათი რომ დაიხატა, ეს ამომრჩევლს ბრალიცაა.
ვახტანგ მეგრელიშვილისა და იაგო ხვიჩიას ქმედებები მართლა სასაცილოა და ამაზე უნდა ვიცინოთ, მაგრამ უნდა ვიცინოთ მაშინ, თუ ასეთ რამეებს ბირჟაზე გააკეთებენ. თუმცა როცა ასეთ არასერიოზულ ხალხს ხმას აძლევ და პარლამენტში შეგყავს, ე. ი. ფეხებზე გკიდია შენი სახელმწიფო და საკუთარი თავიც. „გირჩის“ წევრები და მათი ამომრჩევლები არანაკლები მტრები არიან ჩვენი სახელმწიფოსი, ვიდრე რუსი ოკუპანტები.
_ ცოტა გადაჭარბებულად ხომ არ აფასებთ?
_ არაფერს ვაჭარბებ. შეიძლება, ძალიანაც არ მომწონს ეს პარლამენტი, მაგრამ ის ამ ქვეყნის უმაღესი საკანონმდებლო ორგანოა. როდესაც ასეთი მარაზმატიკები შეგყავს პარლამენტში, თავად ხარ ამ ქვეყნის მტერი.
პარლამენტში ოპოზიციის შესვლაზე აღარაფერს ვამბობ. ეს იყო ღალატი. როგორც კი ამათ პარლამენტში დურთეს თავი, ხელისუფლებამ ძალიან საინტერესო ცვლილებები მიიღო. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეიტანეს ცვლილებები, რომელიც პირდაპირ სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს რომ ასეა, ამას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არც მალავენ. 45 დღემდე აიყვანეს ადმინისტრაციული პატიმრობა, გააორმაგეს ჯარიმები.
მეორე გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ ფეხებზე დაიკიდა შარლ მიშელის დოკუმენტი და მაინც დანიშნეს მოსამართლეები. მესამე გადაწყვეტილება იყო ამნისტია. ამ ამნისტიას უცხადებენ ჯალათებს. ეს სისტემის მიმართ პირდაპირი სიგნალია. „ქართული ოცნება“ ძალოვნებსა და ზონდერებს ეუბნება, თქვენ მიდით, დაარბიეთ და დედა უტირეთ საპროტესტოდ გამოსულ ხალხს და ამის გამო პასუხს არ მოგთხოვთო.
ძალიან გული დამწყდა, როდესაც ოპოზიციამ ლაითად გაატარა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლეიბორისტული პარტიის დასჯას ისახავს მიზნად. მეგონა, ოპოზიცია ამას მწვავედ შეაფასებდა.
_ რა გადაწყვეტილებაზე საუბრობთ?
_ ხელისუფლება იღებს კანონს, რომლის თანახმადაც, ის პარტია, რომელიც პარლამენტში არ შევა, ბიუჯეტიდან აღარ დაფინანსდება. ეს არის პირდაპირ ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კანონი. „ოცნებას“ უნდა, რომ ლეიბორისტულ პარტიას საქმიანობა აუკრძალოს. ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. მან პოლიტიკაში ჩვენ მოსვლის პირველივე დღიდან გამოგვიცხადა ბრძოლა.
_ ამ ცვლილებებზე ოპოზიციას მართლა მსუბუქი რეაქცია ჰქონდა. ამას რით ხსნით?
_ ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათაც არ აწყობთ ლეიბორისტული პარტია. მათი პასიურობა ასეთი ეჭვის საბაბს ნამდვილად იძლევა. ჯერ რა დაფინანსება გვაქვს და ამის შეჩერებასაც აპირებენ. თვეში მთელ პარტიას, სადღაც, 23 ათასი ლარი გამოგვდის. ზოგიერთი ჩინოვნიკი თვეში ამაზე მეტ თანხას იღებს ხელფასის სახით.
ივანიშვილი ჩვენთვის მარტო დაფინანსების შეწყვეტით არ კმაყოფილდება _ მას უნდა, რომ საარჩევნო კომისიის წევრები წაგვართვან. გვართმევენ უფასო საეთერო დროს. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი _ ლეიბორისტული პარტიის აკრძალვა უნდათ.
_ რატომ უნდათ თქვენი აკრძალვა?
_ ჩვენ ვერასდროს გვიტანდა ივანიშვილი. ის ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ჩვენ მისი მონები არ გავხდებოდით. ეს ბოლო მოვლენებმაც დაადასტურა. ჩვენ გარდა ყველა შევიდა პარლამენტში. ლეიბორისტები თავისი პრინციპების ერთგულები დავრჩით. ახლა გადაწყვიტეს, ჩვენი პარტია სამაგალითოდ დასაჯონ. ჩვენ გვსჯიან იმიტომ, რომ სისტემას არ შევეგუეთ და თავი არ დავუხარეთ. ოპოზიციას მწვავე პოზიცია რომ დაეფიქსირებინა ამ საკითხზე, ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ჩვენდა სამწუხაროდ, ოპოზიციამ ლაითი პროტესტი ამჯობინა. ამით ხელისუფლების წისქვილზე დაასხა წყალი.
ბოიკოტის რეჟიმში რომ დარჩენილიყო ოპოზიცია, ქვეყანაში სრულიად სხვა სურათი გვექნებოდა და ვადამდელი არჩევნების თარიღი უკვე გვეცოდინებოდა. შევიდა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში და „ქართულმა ოცნებამ“ მაშინვე დაიწყო ძალის დემონსტრირება.
_ პარლამენტში შესული ოპოზიცია ცდილობს, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები გააპროტესტოს.
_ რას ცდილობენ? მიფარჩაკებულები სხედან ივანიშვილის „ბუტკაში“ და საზოგადოებაში ნიჰილიზმს თესენ. ამ ნიჰილიზმით უნდათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგება? ეს საქმე არ გამოვა.
_ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგებაზე არც სუბრობენ. მათი მიზანია, რომ „ოცნებამ 43%-ზე მეტი არ აიღოს, ასეთ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
_ ასეთი მიფარჩაკებული ოპოზიციის პირობებში „ქართულ ოცნებას“ აქვს შანსი, რომ 43%-ზე მეტი აიღოს. ყველაფერი მაგათ ხელშია, გააყალბებენ არჩევნებს და მორჩება ამით საქმე, ოპოზიცია ამის გამპროტესტებელი არ არის.
_ გინდათ თქვათ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს?
_ ამ ნიჰილიზმის პირობებში ვერანაირ შედეგს ვერ დადებს ოპოზიცია.
_ ე. ი. გამოსავალი არ ყოფილა.
_ გამოსავალი ყველა სიტუაციაში არსებობს და ამ სიტუაციიდანაც არის გამოსავალი.
_ ამ სიტუაციაში რა არის გამოსავალი?
_ გამოსავალი არის შემდეგი: როგორც შელაგდა ოპოზიცია პარლამენტში, ისევე უნდა გამოლაგდეს უკან.
_ თქვენ ხომ კარგად იცით, რომ იქ შესულები უკან არ გამოვლენ.
_ ვიცი, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციის პარლამენტიდან წამოსვლაა. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა. სხვა შემთხვევაში მათთან ურთიერთობა დამთავრებულია.
_ ლეიბორისტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებთ ოპოზიციასთან, თუ ისინი პარლამენტს დატოვებენ?
_ დიახ. სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ ბევრი რამე გავაკეთეთ იმისთვის, რომ ოპოზიციური ერთობა შემდგარიყო. ამ მცდელობების დროს საკუთარი თავი დავაზარალეთ.
_ რატომ ფიქრობთ, რომ საკუთარი თავი დააზარალეთ?
_ მთელი ამ ხნის მანძილზე ხან ვინ წამოგვაძახა და ხან ვინ, „ნაცებთან“ ერთად როგორ სხედხართო?
_ ეს კითხვა მართლა ხშირად ისმოდა. თქვენი ერთად დასხდომა ჩვეულებრივი ამბავი არ ყოფილა.
_ უცნაური რომ იყო, მაგიტომაც არ იმოქმედა ამ ამბავმა ჩვენს იმიჯზე კარგად. განა, ჩვენ გვიხაროდა მათ გვერდით ჯდომა? მაგრამ ეს ოპოზიციის ერთობას სჭირდებოდა და ამიტომ წავედით ამაზე. ჩვენ არ დაგვვიწყებია, რაც წინა ხელისუფლებას ლეიბორისტებისთვის და ქვეყნისთვის აქვს დაშავებული. არსებულ სიტუაციაში ოპოზიციის ერთობა იყო საჭირო. მხოლოდ ერთიანი ძალებით შეგვეძლო ივანიშვილის წაქცევა.
_ ერთიანი ძალებითაც ვერ შეძელით მისი წაქცევა.
_ როგორ უნდა წაგვექცია, როცა ოპოზიცია თხებივით გაიყიდა. ყველაზე ვერ ვიტყვი, რომ გაიყიდა. ზოგიერთი დამორჩილდა ამ სისტემას. არ მინდა ვიფიქრო, რომ ყველანი გარიგდნენ, მაგრამ სისტემის მიმართ დამორჩილებაც არ არის კარგი საქმე. შედეგი თუ გინდა, არ უნდა დამორჩილდე. როცა ამომრჩეველს ეუბნები, გაუძელი სუსს, პოლიციას, პროკურატურას და გააკეთე სწორი არჩევანიო, ასეთ დროს თავად უნდა მისცე მაგალითი. თავად რა გააკეთეს? შევარდნენ პარლამენტში, დასხდნენ კაბინეტებში, აქვთ მაღალი ხელფასები და ხალხი დატოვეს პირში ჩალაგამოვლებული.
ასეთ გამყიდველებთან კოორდინაცია ვერ მოხდება. პარლამენტს თუ არ დატოვებენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ. ამათ თუ ჰგონიათ, რომ პარლამენტარის მანდატი აქვთ და დეპუტატები არიან, ძალიან შემცდარან.
_ აბა, ვინ არიან?
_ ბიძინა ივანიშვილის თოჯინების თეატრის მარიონეტები. ხელისუფლებაში კიდევ ერთხელ რომ არ მივიღოთ მარიონეტები, სწორი არჩევანია გასაკეთებელი.
_ სწორი არჩევანის გაკეთება ხალხსაც ძალიან უჭირს.
_ ძალიან უჭირს და ამიტომაც არის ქვეყანა ასეთ მძიმე დღეში. ამ ღალატმა, რასაც პარლამენტში შესვლა ჰქვია, ყველას ნამდვილი სახე აჩვენა. საზოგადოებას ახლა აღარ უნდა გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება. მათ ნათლად დაინახეს, ვინ დარჩა ბოლომდე პრინციპების ერთგული და ვინ გაყიდა ამომრჩეველი თხასავით.
ჩვენს ხალხს ნორმალური სახელმწიფოს აშენება თუ სურს, მაშინ კეთილი ინებოს და სწორი არჩევანი გააკეთოს. ფაქტია, რომ ხელისუფლებაში ესა თუ ის ძალა ხალხს მოჰყავს. გაყალბებაც არის, მაგრამ მთავარი სიტყვა მაინც ხალხს ეკუთვნის. არჩევანის გაკეთება თუ არ შეუძლია ერის უდიდეს ნაწილს, მაშინ იმ სახელმწიფოს მომავალი არ გააჩნია.
_ ჩვენს სახელმწიფოს აქვს მომავალი?
_ დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვენს სახელმწიფოს მართლა არ აქვს მომავალი. საკონცენტრაციო ბანაკებში ბევრად უკეთესი მდგომარეობა იყო, ვიდრე იქ, სადაც საქართველოდან სამუშაოდ წასული ადამიანები ცხოვრობენ. ვგულისხმობ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე წასულ ჩვენს თანამოქალაქეებს.
_ ისინი მართლა კოშმარში აღმოჩნდნენ.
_ ფაშისტები საკონცენტრაციო ბანაკებში ბევრად უკეთ ექცეოდნენ ტყვეებს, ვიდრე ქართველ დასაქმებულებს გერმანელი დამსაქმებლები. თან ეს ხალხი გერმანიაში სახელმწიფო პროგრამით წავიდა. წარმოგიდგენიათ, რა კოშმარია?! პირდაპირ მონებად გადაგვაქცია ამ ოლიგარქმა.
თქვენ რა გგონიათ, ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა მონებად მუშაობენ, ვისთვის ექნება ხმა მიცემული არჩევნებზე? დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნებისთვის“. ამ ხალხმა ხომ მაინც უნდა ისწავლოს სწორი არჩევანის გაკეთება? ხომ უნდა მიხვდეს, რა დღეში ჩააგდო მათმა არჩეულმა ძალამ ისინიც და მთელი ქვეყანაც?
დღეს ჩვენს მოსახლეობას სახელმწიფოებრივი აზროვნება აკლია. ვართ გათითოკაცებულები. ადამიანები თვითგადარჩენის რეჟიმში იმყოფებიან. ასეთ მდგომარეობაში ძნელია, საღად იაზროვნო. ადამიანს როცა ლუკმა-პური ენატრება, ის არად დაგიდევს, რა ხდება ქვეყანაზე ან რა შეიძლება მომავალში მოხდეს. იმდენს კი ვერ ხვდებიან, რომ თუ სახელმწიფო ძლიერი იქნება, მაშინ მისი თითოეული მოქალაქეც კარგად იგრძნობს თავს. ყველა მათგანს ექნება გარანტირებული მომავალი. სახელმწიფოებრივი აზროვნება თუ გაქრა, მაშინ წასულია ჩვენი საქმე.
_ იქნებ, უკვე გამქრალია? მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ამ დროს ოკუპაციას არავინ აპროტესტებს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
_ მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით ბევრი ადამიანი გამოვიდა გარეთ. მათ მერე პარლამენტში შეიყვანეს ის ხალხი, რომელიც მარიხუანის ლეგალიზებას ითხოვდა. მარტო ლეგალიზებას ვინ ჩივის, წარმოების დაწყების მოთხოვნით გამოვიდნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება აქ, მარიხუანის წარმოება რომ დაიწყოს? ისედაც ხომ დაღუპულები ვართ და მერე მთლად დამთავრდება ჩვენი საქმე.
ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება, პარლამენტში მოხვდეს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომლის წევრებიც ამართლებენ პედოფილიას. ამავე პარტიის წევრები ჩავიდნენ საოკუპაციო ზოლთან, ჩაიხადეს შარვლები და ოკუპანტებს საჯდომები მიუშვირეს. ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილი და მთელი ქვეყნისთვის თავის მოჭრა. ასეთ ადამიანებს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში გარიყავდნენ, პოლიტიკას საერთოდ არ გააკარებდნენ. ჩვენ რა ვქენით? პარლამენტში შევიყვანეთ.
ბოიკოტის შეწყვეტამ ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. გამოჩნდა, რომ ვიღაცებს სურთ, საქართველოში ისევ ორპოლუსიანი სისტემა იყოს, სადაც იქნებიან მხოლოდ „ნაციონალები“ და „ქოცები“. ისინი დაპირისპირებულები იქნებიან და ამით გააძლიერებენ ერთმანეთს, დანარჩენ პარტიებს კი განდევნიან. მე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მათ გულწრფელად სურთ ქვეყანაში ვითარების შეცვლა და სჯერათ, რომ ამას მათი საყვარელი პარტია გააკეთებს. ამ პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამომრჩევლების ზურგს უკან ხელისუფლებასთან ტკბილად ჭუკჭუკებს. ამ ამბებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველსაც უნდა აუხილოს თვალები. მჯერა, რომ ისინი დაფიქრდებიან და შესაძლოა, სხვა არჩევანი გააკეთონ.
დაფიქრება მართებთ სხვა პარტიების მხარდამჭერებსაც. ბოიკოტის შეწყვეტა იყო ამომრჩევლის ღალატი. ეს ღალატი რომ არა, ახლა რიგგარეშე არჩევნების სამზადისში ვიქნებოდით. დადგა დრო, როცა ხალხმა სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა გამოიჩინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო, როგორც სახელმწიფო, დასრულდება.
შორენა მარსაგიშვილი