გიორგი გუგავა: „აქამდე თუ რუსები ტანკებით გვებრძოდნენ, ახლა ტანკი ივანიშვილით ჩაანაცვლეს“

გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტის წინაშე წარდგა. ერთპარტიულმა პარლამენტმა მინისტრს რბილი კითხვები დაუსვა. ამის მიუხედავად, ვახტანგ გომელაურს მაინც მოუვიდა იაღლიში. მისმა განცხადებებმა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი გუგავას ლექსო ჭიკაიძე გაახსენა, რომელსაც ასევე შს მინისტრის პოსტი ეკავა. მან, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინათ განგვიცხადა, რომ კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშიაო. გუგავას თქმით, დღეს კრიმინალი სამართალდამცველ უწყებებთან არის კოჰაბიტირებული.

რატომ არის კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაში? რას ითხოვდა თეა წულუკიანი? რა ფუნქციას ასრულებს პოლიცია? რა არჩევანი უნდა გააკეთოს ხალხმა? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს გიორგი გუგავა ესაუბრება:
_ „ქართული ოცნება“ ვახტანგ გომელაურის მუშაობით აღფრთოვანებულია. მათ არც ის უჩენთ კითხვებს, რატომ ვერ დააკავეს აქამდე ბადრი ესებუა და არც იმან შეუქმნათ უხერხულობა, როდესაც მინისტრმა განაცხადა, რომ მკვლელობის მცდელობებმა იკლო, სამაგიეროდ, მკვლელობის შემთხვევებმა იმატაო.
_ „ქართული ოცნებისგან“ სხვას რას უნდა ელოდოს კაცი? თქვენ რა გგონიათ, ისინი ზემოდან ნებართვის გარეშე ვინმეს გაკრიტიკებას გაბედავენ? ვახტანგ გომელაურის ამ სულელურმა განცხადებებმა „ქოცების“ ერთი შს მინისტრი გამახსენა, რამდენიმე წლის წინ სიხარულით რომ გვამცნო, კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშიაო. როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი ამას გვეუბნება, ხომ წარმოგიდგენიათ, რაც ხდება.
_ ეგ უკვდავი ფრაზა ლექსო ჭიკაიძეს ეკუთვნის და იმ ადამიანმა სიმართლე გვითხრა, _ კრიმინალი მართლაც შესანიშნავ მდგომარეობაშია.
_ კრიმინალი რომ შესანიშნავ მდგომარეობაშია ამიტომ წავიდა ქვეყნის საქმე უკუღმა. კრიმინალი მას შემდეგ აღმოჩნდა შესანიშნავ მდგომარეობაში, რაც ხელისუფლების სათავეში „ქოცები“ მოვიდნენ. ახლა გომელაური გამოვიდა და ამაყობს, მკვლელობის მცდელობამ იკლო, სამაგიეროდ, მკვლელობებმა მოიმატაო. იმასაც კი ვერ ხვდებიან, თუ რას ლაპარაკობენ. ვახტანგ გომელაურმა მოახერხა ის, რომ პოლიცია, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას უნდა იცავდეს და კანონის სადარაჯოზე იდგეს, ივანიშვილის ჩაფრებად, პირად სპად და პირად მცველებად აქცია. ამ ადამიანისგან სხვას მაინც არ ველოდი.
_ რატომ არ ელოდით?
_ იმიტომ, რომ ეს ადამიანი იყო ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველი. სხვა მან მეტი არაფერი იცის. მან მხოლოდ ის იცის, თუ როგორ დაიცვას ოლიგარქი. მთელი შსს ივანიშვილის პირად დაცვად გადააქცია. ეს ამბავი „ქართულ ოცნებას“ არ ადარდებს. ამის გამო არც ბიძინა ივანიშვილი წუხს. მისთვის მთავარია, მისგან წამოსული დავალებები ზედმიწევნით შესრულდეს. კანონი პოლიციის შესახებ და კონსტიტუცია „ქართულ ოცნებას“ სულ ფეხებზე კიდია. რაც შეეხება კრიმინალს, დღევანდელი ხელისუფლება კრიმინალურ სამყაროსთან კოჰაბიტირდა. დღეს კრიმინალები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი პოლიტიკურ საქმიანობაში. ისინი ერევიან არჩევნებში. არც „ოცნების“ პოლიტიკური ოპონენტების დევნას თაკილობენ. ყველაზე სამარცხვინო ისაა, რომ უკანონობას პოლიციელები და კრიმინალები ერთად სჩადიან. ბიძინა ივანიშვილმა თავისი ხელის ბიჭის, გომელაურის ხელით პოლიციას კანონის მოდარაჯის ფუნქცია მთლიანად ჩამოაცალა. პოლიცია რომ თავის სიმაღლეზე მდგარიყო, ბადრი ესებუა ამდენი ხანი თავისუფლად ვერ ივლიდა.
_ ბადრი ესებუასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ვითარება შეიქმნა. პოლიცია რომ ვერ იჭერს, ეს ერთი ამბავია, მაგრამ ვერც სასამართლომ მიუსაჯა მას დაუსწრებლად.
_ აბა, რა გითხრათ?! აშკარაა, რომ ხელისუფლებას ამ საქმის გამოძიება არ უნდა. მისი დაჭერა მართლა რომ სდომოდათ, აქამდე დაიჭერდნენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, პოლიცია და კრიმინალები შესანიშნავად თანამშრომლობენ.
_ შესაძლებელია, რომ ბადრი ესებუაც მათი პროექტი იყოს?
_ არაფერი არაა გამორიცხული. ყველამ ვნახეთ, თუ როგორ გაუშვეს ის ბანკიდან. ვხედავთ იმასაც, რომ მის დასაკავებლად არავითარი ღონისძიებები არ ტარდება. სამაგიეროდ, პოლიტიკურ ოპონენტებს დასდევენ გაავებულები. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს პოლიციის უმთავრესი ფუნქცია ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ბობოლა ქოცების დაცვაა. იმის მაგივრად, რომ სამართლიანობის სადარაჯოზე იდგნენ, მმართველი რეჟიმის ინტერესებს იცავენ. შსს გადაქცეულია „ქოცების“ პირად ჩაფრებად. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სხვა ძალოვან უწყებებზეც. კრიმინალებთან ვერაფერს ხდებიან, სამაგიეროდ, ოპოზიციური პარტიის ოფისში არ ერიდებათ შევარდნა და სპეცოპერაციის ჩატარება.
_ „ნაციონალების“ ოფისში ჩატარებულ სპეცოპერაციას დიდი გამოხმაურება მოყვა. დასავლეთი და ოპოზიცია ამით შეშფოთებულები ხართ. სამაგიეროდ, „ოცნებაა“ აღფრთოვანებული და აცხადებს, ასეთი ჰუმანური სპეცოპერაცია ჯერ არ ჩატარებულაო.
_ აბა, რას ელოდით? „ქოცები“ ამას სხვანაირად როგორ შეაფასებდნენ? კიდევ ბევრჯერ დაუკრავენ ტაშს ამ ოპერაციას. ლადო კახაძე ერთ-ორ ლექსსაც მიუძღვნის გომელაურს და მის უწყებას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთობლივი საგალობელიც უმღერონ. თეა წულუკიანი იყო შსს-ს საქმიანობით უკმაყოფილო.
_ რაში გამოიხატებოდა მისი უკმაყოფილება?
_ მან გომელაურს უსაყვედურა, ასეთი ჰუმანურები როგორ ხართო? ეტყობა, ის კიდევ უფრო მკაცრად ითხოვდა ოპერაციის ჩატარებას.
_ წულუკიანი რომ ყოფილიყო შს მინისტრი, „ნაციონალების“ ოფისში გაცილებით ცუდი ამბები მოხდებოდა.
_ წულუკიანი ამას მართლა იზამდა. ოპოზიციის ოფისი დაარბიეს, ოპოზიციის ლიდერი დააკავეს და წულუკიანი შს მინისტრს საყვედურობს, ასეთი ჰუმანურები როგორ ხართო? წულუკიანის ნება რომ ყოფილიყო, ვიცი, როგორც მოიქცეოდა.
_ როოგორ მოიქცეოდა?
_ როგორ და ოფისში მყოფ ოპოზიციონერებსა და მათ მხარდამჭერებს გააროზგინებდა. აი, ისე, ირანში რომ ხდება. შეიძლება, ჩვენი ადგილზე ჩახოცვის ბრძანებაც გაეცათ. „ქოცების“ ნაწილს, თეა წულუკიანის თამადობით, არ აკმაყოფილებს ჰუმანური დარბევები. სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ სისასტიკე ქოცებს არ აკლიათ. გავიხსენოთ „გავრილოვის ღამე“.
_ ამაზე ნამდვილად ვერ იტყვიან, ჰუმანური დარბევა იყოო.
_ არც ამბობენ. მთელმა მსოფლიომ ნახა ის კადრები. გადაღებულია ვიდეოები, სადაც ჩანს, პოლიციელები როგორ დამიზნებით და სიამოვნებით ესვრიან დათვის ტყვიებს ადამიანებს. ისე იქცევიან, თითქოს კურდღლებზე სანადიროდ გამოვიდნენ ტყეში. ვინმეს ჩემს სიტყვებში ეჭვი თუ შეეპარება, შეუძლია დაგუგლოს და კარგად უყუროს 20 ივნისის დარბევის კადრებს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სპეცრაზმელები ადამიანებზე ნადირობდნენ და ეს მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
დღეს „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებაში მინიმალური მხარდაჭერაც კი აღარ აქვს. მათი ერთადერთი დასაყრდენი არის ძალოვანი სტრუქტურები. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მისი კარისკაცები და პირადი მცველები ყოფილიყვნენ. დღეს ქვეყანასაც და ძალოვან უწყებებსაც ივანიშვილის მონები მართავენ. ამიტომ არის, რომ აღარც პოლიცია გვყავს და არც სახელმწიფო გვაქვს.
_ ამას ოპოზიცია რას უპირისპირებს?
_ ამას მარტო ოპოზიცია ვერ დაუპირისპირდება. საჭიროა ხალხის მხარდაჭერაც, რადგანაც ეს არის დაპირისპირება ხალხსა და „ქოცებს“ შორის. „ქოცებს“ ძალაუფლება აქვთ ხელში ჩაგდებული და ყველაფერს კადრულობენ, რომ ის არ დაკარგონ. ოპოზიცია და საზოგადოება ამას არ ეგუება და ქვეყანაში სერიოზული კრიზისია. გარდა პოლიტიკური კრიზისისა, კატასტროფულად მძიმე ვითარება გვაქვს ეკონომიკაში; საფრთხის წინაშე დგას ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა; საფრთხის ქვეშ დგას ის დასავლური კურსი, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ აიღო. წლებია, ვიბრძვით იმისთვის, რომ დასავლეთის ნაწილი გავხდეთ, „ქოცები“ კი ჩრდილოეთისკენ მიგვაქანებენ. ბიძინა ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი, საგარეო კურსი შეგვაცვლევინოს და რუსეთის გუბერნიად გადაგვაქციოს.
რუსებმა ოლიგარქი სწორედ ამისთვის გადმოისროლეს საქართველოში. აქამდე თუ რუსები ტანკებით გვებრძოდნენ, ახლა ტანკი ივანიშვილით ჩაანაცვლეს.
მთელი ქვეყანა უნდა გამოფხიზლდეს. ყველა ერთად უნდა დავდგეთ იქ, სადაც ქვეყნის ინტერესებია. ყველა ჩვენგანი ვალდებულია, ფეხზე დავდგეთ და ჩვენი შვილების მომავალი დავიცვათ. გადარჩენა თუ გვინდა, რაღაც სულელური პრეტენზიები გვერდზე უნდა გადავდოთ. არც ჩვენთვის არის იოლი ვიღაცების გვერდით დადგომა, მაგრამ ქვეყანას სჭირდება და დავდექით.
_ ისე, რამდენიმე წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, ლეიბორისტები „ნაციონალების“ დასაცავად იმათ ოფისში თუ მიხვიდოდით.
_ რამდენიმე წლის წინათ ამას ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით. თუ ვინმე არ უნდა დამდგარიყო „ნაციონალებთან“ ერთად, ეს ჩვენ ვიყავით.
_ რატომ არ უნდა დამდგარიყავით მათ გვერდით?
_ თუ ვინმემ ზიანი მიიღო „ნაციონალებისგან“ ამ 9 წლის მანძილზე, ეს ჩვენ ვიყავით: ოფისში შემოგვივარდა სპეცრაზმი და დაგვარბია. ჩვენი ლიდერის, შალვა ნათელაშვილის დაკავება უნდოდათ. ყველა არჩევნები გაგვიყალბეს. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ახლა ამის გახსენების დრო არ არის. ახლა საქართველოს სჭირდება გადარჩენა. ლეიბორისტები ვდგავართ იქ, სადაც ქვეყანას სჭირდება. ჩვენ არც „ნაციონალების“ დროს გამოგვიტოვებია საპროტესტო აქციები. იმდენი გაზი გვაქვს იმ დარბევების დროს ნაყლაპი, გერმანელებს რომ არ გამოუყენებიათ საკონცენტრაციო ბანაკებში.
_ დღეს თქვენ დადიხართ „ნაციონალების“ დასაცავად. ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თქვენს ოფისში იკრიბებიან. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან არასდროს გისაუბრიათ იმაზე, ასე რატომ გექცეოდნენთ?
_ ამ თემაზე საუბარი როგორ არ გვქონია. „ნაციონალები“ ჩვენთან მიმართებით თავიანთ შეცდომებსა და გადაცდომებს აღიარებენ. არც იმას მალავენ, რომ მათ დროს ბევრი დანაშული ხდებოდა. ამიტომაც არიან ახლა ისინი ოპოზიციაში. ქვეყნის სათავეში კი გაცილებით უარესი ძალაა, რომელსაც ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა უნდა. ამას ყველანაირად უნდა დავუპირისპირდეთ. ამიტომაც აღარ ვიხსენებთ წარსულს და დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ.
ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, თუ ძალთა ბალანსს არ დავიცავთ. ამისთვის აუცილებელია კოალიციური მთავრობა. პარლამენტში რაც შეიძლება ბევრი პოლიტიკური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი. პოლიტიკური პროცესები პარლამენტში უნდა დუღდეს და არა _ ქუჩაში. როცა კოალიციური მთავრობა გვეყოლება, პარტიები გააკონტროლებენ ერთმანეთს: აღმოიფხვრება კორუფცია; სასამართლო ბევრად უფრო თავისუფალი იქნება; პროკურატურაც თავის ფორმატში ჩაჯდება; პოლიციაც ვერ გაბედავს უკანონობას; ვეღარავის წაართმევენ ბიზნესსა და ფინანსებს. ფაშისტური სოციალური გარემოს შექმნაც წარმოუდგენელი იქნება. ახლა რა ხდება? _ ყველა სიკეთეს ფლობს ერთი მდიდარი, ოლიგარქიული კასტა. საზოგადოების დანარჩენ ნაწილს აღიქვამს მეორეხარისხოვან მონებად. მოხდება სიკეთის თანაბარი გადანაწილება და ამდენი მშიერი ადამიანიც აღარ გვეყოლება. დღეს ადამიანები ნაგვის ბუნკერებში ეძებენ საჭმელს.
ჩიხიდან გამოსვლა და დასავლეთისკენ სიარული თუ ისევ გვინდა, მაშინ არსებული რეალობა უნდა შევცვალოთ. კოალიციური მთავრობის გარეშე აქ სამართლიანობა არ აღდგება. კოალიციური მთავრობა მაშინ გვეყოლება, თუ დემოკრატიულად ჩავატარებთ არჩევნებს. აი, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. დემოკრატიულ ქვეყანას ასე ავაშენებთ, ხოლო თუ მონობაში ყოფნა გვირჩევნია, მაშინ ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც დღეს.
ბიძინა ივანიშვილი თავის ქვეშევრდომებმა ლამის სულიწმინდად გამოაცხადეს, რომელიც ყველგან სუფევს. ხელს თუ არ გავანძრევთ, არაფერი შეიცვლება. ჩვენ ნელ-ნელა დავემსგავსებით იმ არსებებს, რომლებსაც გეჯაში უსხამენ საჭმელს.
_ თქვენ თქვით, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია უნდა იყოსო. რამდენიმე პარტიამ გადალახა ბარიერი. უკეთესი ხომ არ იქნებოდა, რომ პარლამენტში შესულიყავით? ხელისუფლება რა ხანია, მოგიწოდებთ, შემოდითო. რამდენიმე მეოცნებე ამტკიცებს, ეგენი იმიტომ არ შემოდიან, მუშაობა ეზარებათო.
_ არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარებუულიყო, ჩვენ დღეს პარლამენტში ვიქნებოდით. „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავიდოდა და არც ქვეყანაში შეიქმნებოდა ამხელა პოლიტიკური კრიზისი. გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესვლა არ ღირს, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის. ისინი ჩვენ გარეშე იქ თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ ოპოზიცია იმისთვის უნდათ, რომ დასავლეთს თავი მოაწონონ და თქვან, დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთო. „ოცნების“ კარგად წარმოჩენა ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის. არჩევნები რომ არ გაეყალბებინათ, დღეს ხელისუფლება ამ სამარცხვინო და უინტელექტო მონებისგან უკვე გაწმენდილი იქნებოდა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.
_ ხელისუფლება ამბობს, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა არ განიხილება.
_ რიგგარეშე არჩევნები მათ ინტერესებში არ შედის, ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს.
_ როგორ უნდა აიძულოთ?
_ ფორმულა მეტად მარტივია.
_ მარტივი?
_ დიახ. იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს, სულ ორი რამეა საჭირო: გარედან _ სანქციები, შიგნით _ აქციები.
_ სანქციები კი გამოიღებდა შედეგს, მაგრამ დაუწესებენ?
_ აუცილებლად დაუწესებენ.
_ „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელი არ არის.
_ ამ განცხადებით „ქართული ოცნება“ თავსაც იმშვიდებს და ამომრჩეველსაც ამშვიდებს. საკუთარ მომხრეებს არწმუნებს, არანაირი სანქცია არ გვემუქრებაო. იმასაც ამტკიცებენ, ჩვენს მამამარჩენალ არქიფო-ბიძინას არაფერი ემუქრებაო. არადა, სიტუაცია კრიტიკულია. ერთიანობით, პრინციპულობითა და შეუვალობით უნდა მოვიგოთ. დასავლეთის პოზიცია „ქართული ოცნების“ წისქვილზე ნამდვილად არ ასხამს წყალს.
შიგნით აქციები თუ აგორდა და გარედან სანქციები წამოვიდა, ივანიშვილი პირველი წავა დათმობაზე, გუნდის წევრებსაც კი არაფერს შეეკითხება. არც აქამდე ეკითხებოდა მათ რამეს და ახლა მით უმეტეს არ კითხავს. ამ ადამიანს ყველაზე მეტად თავისი ფული უყვარს. ფულის სიყვარული აიძულებს მას დათმობაზე წასვლას. მჯერა, რომ რიგგარეშე დაინიშნება და საქართველოსაც ეღირსება სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ამ მოჯადოებული წრიდან, რომელშიც უკვე 30 წელია ვტრიალებთ, მხოლოდ კოალიციური მთავრობის დახმარებით გამოვალთ.
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ დღეს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. შეიძლება დამოუკიდებლობა დავკარგოთ, თან ისე დავკარგოთ, რომ მისი მოპოვება ვერასდროს შევძლოთ. დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა რომ გვქვია, ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებმაც თავი გასწირეს. ამაგი არც ჩვენს დასავლელ მეგობრებს უნდა დავუკარგოთ. დასავლეთი რომ არა, ჩვენ რუსეთს თავს ვერ დავაღწევდით. განსაკუთრებით დაგვეხმარა ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ჯერ კიდევ ვითვლებით დასავლეთის მოკავშირედ. თუ ეს მოკავშირეობა დავკარგეთ, მაშინ დავკარგავთ დამოუკიდებლობასაც და სუვერენიტეტსაც. ყველაფერი იქით მიდის, რომ შეეცდებიან, დამოუკიდებლობა წაგვართვან. შევხედოთ, რა ხდება ჩვენ გარშემო. იქმნება რაღაც ახალი კავშირი, რომლის შემადგენლობაშიც რუსეთი, თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო უნდა შევიდნენ.
_ ჩვენ არ ვაპირებთ ამ გაერთიანებაში შესვლას.
_ ჩვენ არა, მაგრამ არქიფო-ბიძინა თანახმა იქნება. დასავლეთის მხარდაჭერა თუ აღარ გვექნა, ისე შეგვიყვანენ ამ გაერთიანებაში, აზრსაც არ გვკითხავენ. ეს გაერთიანება ევრაზიულ კავშირზე უარესია. იქ თავი თუ შეგვაყოფინეს, ჩათვალეთ, რომ რუსეთ-თურქეთს შორის გაფორმდება ყარსის ახალი ხელშეკრულება და ეს ორი ქვეყანა კიდევ ერთხელ გაინაწილებს საქართველოს ტერიტორიებს. თავის წილს მოითხოვს ირანიც. ასეთი საქართველო თუ გვინდა, კი ბატონო, ხმა არ ამოვიღოთ და არაფერი გავაპროტესტოთ. პროტესტში მე ქუჩაში გამოსვლას ვგულისხმობ. სოციალურ ქსელებში დროდადრო პოსტების დაწერა შედეგს არ მოიტანს. კლავიატურაზე კაკუნით ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. მძლავრი საპროტესტო აქციებია საჭირო, რომელიც დასავლური სანქციებით იქნება გამაგრებული. სოციალური ქსელებითაც უნდა გამოვხატოთ უკმაყოფილება, მაგრამ ახლა ფეხზე დგომაა საჭირო.
_ საზოგადოების ნაწილი მზად იყო, ფეხზე დამდგარიყო, მაგრამ ოპოზიციამ რამდენჯერმე გადადო დაანონსებული აქციები. თქვენი აზრით, ეს არ ანელებს პროტესტს?
_ საპროტესტო განწყობაზე ეს ნამდვილად აისახება, მაგრამ ოპოზიცია იძულებული იყო, დაანონსებული აქციები გადაედო.
_ რამ აიძულა ოპოზიცია, ასე მოქცეულიყო?
_ ეს ჩვენი მხრიდან იყო ტაქტიკური ნაბიჯი. ამით ხელისუფლებას სპეკულაციის საფუძველი აღარ დავუტოვეთ. დღეს თუ ვინმეს არ აწყობს დიალოგი, ეს „ქართული ოცნებაა“. ივანიშვილის მონები ცდილობენ, დიალოგი ჩაიშალოს. აქციები რომ გაგვემართა, ამას მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად გამოიყენებდნენ. იტყოდნენ, ოპოზიციამ ჩაშალა მოლაპარაკებებიო. ამათ ხომ იცით, გამჩენი არ ასვენებს და ყველაფერს იკადრებენ. აქციები მხოლოდ რამდენიმე დღით გადავდეთ. ხელისუფლება დათმობაზე თუ არ წამოვა, მაშინ აქციაც იქნება და ამას მოყვება სანქციაც. ვიმეორებ, აქცია მხოლოდ იმიტომ შევაჩერეთ, რომ ხელისუფლებას არ ეთქვა, კონსტრუქციული დიალოგი არ სურს ოპოზიციასო.

შორენა მარსაგიშვილი