გიორგი გიუაშვილი: ,,ფოფხაძეები არიან საარჩევნო ვერცხლის მოყვარული ძმები!”

rt44

ბოლო ორი კვირაა, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ასახელებს და წარადგენს. ხან აღმა დადიან 41-ნომრიან მაისურებში გამოწყობილი გოგო-ბიჭებით და ხან _ დაღმა. ამჯერად ერთ-ერთ მათგანზე შევჩერდებით, რომლის „გმირობებზეც“ 4 წლის განმავლობაში „ქრონიკა+“-ში არაერთხელ დაიწერა და ითქვა. როგორც ჩანს, კანდიდატების რეპუტაცია, მათი განვლილი გზა და მსგავსი ამბები „ოცნებას“ არ აინტერესებს. მაშინ, ბორჯომი სხვა კანდიდატს წარადგენდა და არა გედევან ფოფხაძეს.

 

გიორგი გიუაშვილი _ ბორჯომის საკრებულოს წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“:

_ თავიდანვე ვიტყვი იმას, რომ მე და გედევან ფოფხაძე 2002 წლიდან 2012 წლამდე მეგობრები ვიყავით, ამიტომ მისი პოლიტიკური აღმასვლის შემსწრე და თვითმხილველი თავად ვარ. პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამ წლების მანძილზე საქართველოში გამოჩნდნენ, გედევანმა და მისმა ძმამ სათითაოდ შემოიარეს. გედევანი 2003 წელს „მოქალაქეთა კავშირის“ მიერ დანიშნული ბორჯომის გამგებელი იყო და „ვარდების რევოლუციას“ გამგებლის სავარძელში შეხვდა, მერე კი განცხადება დაწერა და სამსახურიდან წავიდა. მისი ძმა, ბესიკ ფოფხაძე, არჩევნებში პარტიიდან „მრეწველები _ დავითაშვილი, ბერძენიშვილი, ხიდაშელი“ მონაწილეობდა. ისინი ერთად ეძებდნენ პარტიებს, მერე ბესიკს იქ დატოვებდა და თავად სხვაგან გადადიოდა. პატარკაციშვილის პარტიაშიც ჰყავდა შეშვებული ბესიკი და 2008 წელს იქაც მოსინჯეს მდგომარეობა. შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციიდან უნდა ეყარა კენჭი, რაშიც მხარდაჭერა გამოვუცხადეთ.

ვიწრო წრეში ისიც ვიცოდით, რომ 2008 წლის მარტ-აპრილში გედევანი ვანო მერაბიშვილს შეხვდა და როგორც ჩანს, აზრიც შეიცვალა. ერთ კვირაში საკუთარი განცხადება უკან გაიტანა და უარი თქვა კენჭისყრაზე. ეს შეხვედრა გედევანს კურსელებმა _ პავლე კუბლაშვილმა და ნიკა გვარამიამ მოუწყვეს. ვანომ უსაყვედურა კიდეც, რომ ცუდი მეგობრები იყვნენ გედისთვის, რადგან ამდენი წელი ოპოზიციონერობას თავი ვერ დაანებებინეს. ამჯერად მას სრულ მხარდაჭერას და დახმარებას შეჰპირდნენ. სწორედ ამის შემდეგ ის ბორჯომის ოფისში შემოვიდა და „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი _ გიორგი ტალახაძე შემოიყვანა. ყველას გვითხრა, _ ამ არჩევნებზე მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ამ ადამიანსო. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო.

გედის უარის შემდეგ „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ ის ზურა ხაჩიძე შემოიყვანა კანდიდატად, რომელიც დღეს „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრის კენჭს ბორჯომში. ჩემი ინფორმაციით, გედი  ტყიბულში წავიდა, სადაც კუბლაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა და კურსელს ეხმარებოდა. მერაბიშვილთან გარიგების შემდეგ მან გარკვეული სიკეთეები მიიღო და მუშაობა დაიწყო დიდშემოსავლიან სამსახურში _ ზესტაფონის პროფკავშირებში, სადაც ის ვანო მერაბიშვილის შეკვეთებს ასრულებდა. იქ იყო ბიზნესმენი კაპანაძე, რომელსაც „რიჟას“ ეძახდნენ და მას აუმხედრებდნენ ხოლმე მუშებს, მერე ფული რომ შეეწერათ, რაშიც ფოფხაძეს იყენებდნენ. კიდევ სხვა საქმეებში იყენებდნენ მას. ცხადია, ეს ინფორმაციები მასზე მეც მქონდა და გარკვეული დისტანციაც უკვე მეჭირა.

_ თუმცა, როგორც ვიცი, თქვენ 2012 წლის არჩევნებზე „ოცნების“ გვერდით იდექით და გედევან ფოფხაძესაც ეხმარებოდით, რომ გაემარჯვა. თუ ეს ყველაფერი სიმართლეა და იცოდით, რატომ მოიქეცით ასე?

_ მაშინ მე არჩევანი გავაკეთე ცუდსა და უარესს შორის და მაინც გვერდით დავუდექი ფოფხაძეს. მისი შტაბის იურისტი ვიყავი „ქართული ოცნებისა“ და გედის შემოთავაზებით და იქ არსებული არანორმალური ვითარების მომსწრეც ვარ. მინდა, ეს სიტყვები აუცილებლად დაწეროთ: ფოფხაძეები არიან საარჩევნო ვერცხლის მოყვარული ძმები. ყველა პარტიაში დაწოწიალობდნენ და ვინმე თუ მისცემდა 10 ათასს, აქედან ბორჯომში 3 ათასს დახარჯავდნენ და იმ ადამიანებს, რომლებსაც გვერდით იყენებდნენ, გადაყრიდნენ. არც ხელფასებს ურიგებდნენ და არც სხვა დახმარებას. დიდ ნაწილს ჯიბეში იდებდნენ და თავად იყენებდნენ. იგივე ხდებოდა „ოცნების“ ოფისშიც.

2012 წლის 29 სექტემბერს თბილისში აქცია ჩატარდა და როგორც ყველა რაიონიდან, ბორჯომიდანაც ჩამოვედით. ხელშეკრულებებს მე ვაფორმებდი და იმ ავტომანქანების ნომრები, რომლებიც იქ გამოვიყენეთ, დღესაც ამოწერილი მაქვს. 55 ავტომანქანაზე გავაფორმე ხელშეკრულება, მაგრამ ნახევარი არ წასულა თბილისში. ბენზინს უტეხავდნენ ბიძინა ივანიშვილს ძმები ფოფხაძეები და ესენი ბორჯომს სიკეთეს გაუკეთებდნენ? სრულ ხელფასებს არ აძლევდნენ მათთან დასაქმებულებს, საჭმლის ფული არ იყო შტაბში და ხალხი შიმშილობდა. „ქართული ოცნების“ უამრავი გულანთებული მხარდამჭერი იყო მშიერი და ისე დაატარებდნენ მათ სოფელ-სოფელ.

_ თუ ასე იყო, როგორ აირჩიეს ფოფხაძე დეპუტატად?

_ „ნაცმოძრაობას“ ძალიან ცუდი კანდიდატი ჰყავდა _ პოლიციის ყოფილი უფროსი _ მამუკა ხვედელიანი, მეტსახელად „პიკე“. ის ბევრ ცუდ საქმეში იყო ეჭვმიტანილი. აქედან გამომდინარე, არ დაუჭირეს მხარი და გედევან ფოფხაძე გავიდა. არჩევნების შემდგომ კი საერთოდ გაქრა ბორჯომიდან. ჩემს ოჯახთან ერთად მას დავყვებოდი თითოეულ შეხვედრაზე და ძალიან კარგდ მახსოვს მისი ყველა დაპირება და წარმოთქმული სიტყვა. არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება გედი ფოფხაძეს არ შეუსრულებია და მე რომ მის ადგილზე ვიყო, სირცხვილით რაიონში ვერ გამოვჩნდებოდი.

_ რას ჰპირდებოდა გედევან ფოფხაძე ხალხს და არ შეასრულა?

_ პირველი და ყველაზე მთავარი, ის ჰპირდებოდა ბორჯომელებს მინერალურ წყალთან დაკავშირებული პრობლემის გადახედვას. ყველა საარჩევნო შეხვედრას იწყებდა და მთავრდებოდა ანტიმონოპოლიური კანონის მიღების შესახებ დაპირებით, რომელიც ყველას თანაბარ პირობებში ჩააყენებდა. ამაზე დოკუმენტები არსებობს და რა თქმა უნდა, ჰაერზე არ ვსაუბრობ. თუმცა მერე საწინააღმდეგოდ გააკეთა ყველაფერი. მან არათუ იზრუნა ანტიკორუფციულ კანონზე, არამედ ყურმილს არ იღებდა ხელში, როცა მეწარმეები ურეკავდნენ. საბოლოოდ მოუსპო მათ ყველანაირი პერსპექტივა. გასაგებია, რომ ეს დავალება მას იმ მთავრობამ მისცა, რომელსაც ის წარმოადგენს, მაგრამ როგორც დეპუტატს ამაზე პროტესტი არ გამოუცხადებია და აქედან გამომდინარე, თანამონაწილე გახდა ამ მოვლენების. დეპუტატი რომ ხარ, ხომ უნდა გამოთქვა შენი აზრი, გააპროტესტო თუ ხალხისთვის მიუღებელია? სხვანაირად რისი დეპუტატი გქვია?

რას აღარ ჰპირდებოდა გედი ხალხს _ ხილის გადამამუშავებელ ქარხანას, დასაქმებას და ა. შ. არც ერთი დაპირება არ არის შესრულებული. შევარდება თავის კორპუსში, ბორჯომში რომ ჩამოვა და ისე გამოვარდება, რომ კაციშვილი თვალით ვერ ხედავს. მისი კორპუსის ფოტოს გამოგიგზავნით, რომელიც თავზე ენგრევა, ზემოდან რა არ ცვივა და ქვემოთ მდგარი ავტომანქანები ზიანდება, მაგრამ ამისთვისაც ვერ მოუვლია. ასევე გადმოგცემთ ფოტოს, რომელიც კიკვაძესთან ერთად აქვს გადაღებული. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ მან ხალხის დაპირება არ შეასრულა და ახლა ჩახუტებულია კიკვაძესთან, ბაღდავაძესთან და დღეს იგი გასუსულია. ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანები ფოფხაძეს გაზეთს უფინანსებენ, მათთან გარიგებაშია და ბორჯომი, ბორჯომის წყლის ბედი საერთოდ არ აინტერესებს. იქამდე მიიყვანეს საქმე, რომ დასალევი ბორჯომის წყალი აღარ ჰქონდათ ბორჯომელებს და დამსვენებლებს. სწორედ ჩვენი, თქვენი და მასმედიის სხვა საშუალებების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი, რომ ბორჯომში დასალევი წყალი არის და დეპუტატს ამისათვის ხელიც არ გაუნძრევია. მინერალური წყალი რომ მოდის ბორჯომში, ეს „ქრონიკა+“-ის დამსახურებაც არის და არა გედევან ფოფხაძის. უამრავი ბიუეტი დაიკეტა მისი დეპუტატობის პირობებში ბორჯომში. ბოლო ბიუეტს კი კბილებით ვიცავთ, ისიც რომ არ დაიკეტოს.

ფოფხაძე პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროშია, მაგრამ ბორჯომში ამ კუთხითაც არაფერი გაუკეთებია. უამრავი ადამიანია დაზარალებული სხვადასხვა ფორმით, მათ გედი ფოფხაძესთან შეხვედრა ოცნებად ექცათ. ერთადერთი, ეკა ბესელიას კამერდინერია და ამ ადამიანს მუდმივად ნამუსს წმენდს.

კიდევ ერთი ფოტო მაქვს თქვენთვის გადანახული. იგი ეხება კოკაინის საქმეზე ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატ ნიკოლაძეს. ამ ფოტოზეც ის ჩახუტებულია ფოფხაძესთან. ისინი არიან კურსელები, მეგობრები და სწორედ გედის ჩარევითა და შუამდგომლობით აუყვანეს ზაუტაშვილს ეს ადვოკატი. აღნიშნულ საქმეში ბევრი საეჭვო დამთხვევაა. როგორც იცით, ზაუტაშვილთან კავშირში ეკა ბესელიას ადანაშაულებენ. ბესელიას მოადგილის ძმაკაცი ხდება ამ ადამიანის ადვოკატი და აქ კითხვა აღარც უნდა არსებობდეს. პირად კეთილდღეობაზე ზრუნვით, ასეთი საქმეებით და კულუარული ინტრიგებით იყო 4 წლის მანძილზე დაკავებული ეს ადამიანი და არა ბორჯომის პრობლემების მოგვარებით. ახლაც ამხელა ზარალი განიცადა სტიქიით ბორჯომმა და ფოფხაძე აცხადებს, მოსავლის ზარალი არ უნდა ანაზღაურდესო.

მისი ძმა საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ მაისურით გამოვიდა. საკრებულოს დეპუტატს ამის უფლება აქვს, მაგრამ ეს არის ხელფასიანი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის თავმჯდომარე და გადაწყვეტილებების მიმღები, ბიუროს წევრია ბესიკ ფოფხაძე და „ოცნების“ რეკლამირებას აკეთებს. ასე იქცევიან 4 წლის განმავლობაში ძმები და ხალხს სულში აფურთხებენ. ნამუსის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი! ახლა ისევ გაახსენდათ ხალხი და წინასაარჩევნოდ სირბილი დაიწყეს. ბესიკ ფოფხაძე ძმის საარჩევნო შტაბის უფროსია და ფინანსებს განაგებს. ეს საქმეები მათ სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი.

_ თუ ასეა, „ოცნებას“ რისი იმედი აქვს, რატომ დაასახელა კვლავ გედი ფოფხაძე დეპუტატობის კანდიდატად?

_ როგორი უსაქმურიც არის „ოცნება“, ისეთი კანდიდატიც დაასახელა. სხვა არჩევანს ვერც დააყენებდა. შეიძლება, სხვა კანდიდატები იმდენად უარყოფითი პიროვნებები იყვნენ, ისევ ეგ არჩიეს. ჩემი აზრით, ეკა ბესელიას დახმარებით და ჩარევით მოხდა ესეც, კამერდინერი რომ არ დაეკარგა.

_ ფოფხაძეები თუ ასეთ ამბავში იყვნენ, გარკვეული ქონებაც უნდა დაეგროვებინათ და ამის შესახებ რას იტყვით?

_ მათ ქონებაზე ვერაფერს გეტყვით. როგორც ჩანს, კარგად აქვთ შენიღბული ყველაფერი და როცა მოუნდებათ, მაშინ შეიძენენ ყველაფერს, რადგან მაღალი ხელფასები, პრემიები, გარიგებებიდან მიღებული „დახმარებები“ არ აკლიათ. კვალს არ ტოვებენ. რაც შეეხება არჩევნებს, მათ გარანტია აქვთ ადმინისტრაციული რესურსის, იმ სომხურენოვანი მოსახლეობის, რომელიც ყოველთვის ხელისუფლების მხარეს გამოდის. თუ სასწაული არ მოხდა და ხალხი არ დაყრუვდა და დაბრმავდა, მეორე ტური გარდაუვალი იქნება.

_ მას კონკურენცია ვინ უნდა გაუწიოს?

_ ამჯერად სამ პარტიას ჰყავს ბორჯომში დასახელებული კანდიდატები: „ნაცმოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“ და „ოცნებას“. თუ პარტიული გარიგებები და გადანაწილებები არ მოხდა, რა თქმა უნდა, „ლეიბორისტულ“ და სხვა პარტიებსაც ეყოლებათ კანდიდატები და მათთვის გამარჯვება ძალიან რთული იქნება, თუმცა ისინი ყველაფერზე წავლენ, ეს ადგილი სხვას რომ არ დაუთმონ.

 

 

                                                                                                    ნელი ვარდიაშვილი