გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ხმალამოღებულები იბრძვიან არარსებული საფრთხის წინააღმდეგ“
თამარ სანაძე
„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, მიიღოს კანონპროექტი ლგბტქ პროპაგანდასთან საბრძოლველად. „ოცნების“ მაღალჩინოსნების განცხადებებიდან უკვე ისმის ფრაზები, რომ აშშ-დან ვიღაც თითქოს მოგვთხოვს დავაკანონოთ პარტნიორული ურთიერთობა ერთსქესიანთა შორის. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ დედაენას დედაენა აღარ ერქმევა და ქართლის დედას _ ქართლის დედა, ხოლო მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ კანონს სულ რომ საბჭოთა ეძახონ, მაინც მიიღებენ.
წინასაარჩევნო თემებზე, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებაზე უმცირესობების მიმართ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქმედებებზე ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „ქრონიკა+“-თან ვრცლად ისაუბრა:
_ ბატონო გია, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მიიღოს კანონპროექტი, რომ ებრძოლოს ლგბტქ პროპაგანდას. შალვა პაპუაშვილმა თქვა, შეიძლება ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ დედაენას დედაენა აღარ ერქმევა და ქართლის დედას _ ქართლის დედაო და რასთან გვაქვს საქმე?
_ ეს ტექნოლოგია არის „ქართული ოცნების“ მოგონილი, საფრთხეების შექმნის, პოლიტიკური ოპონენტების ამ საფრთხის ლობისტებად წარმოდგენის და მერე საკუთარი თავის ყველაფერი საუკეთესოს დამცველად პოზიციონირება _ ამგვარი მიდგომა ურაპატრიოტიზმზე არის დაფუძნებული, ზუსტად რუსული მიდგომაა, რუსეთში შემუშავებული გეგმაა ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინათ და ამას ძალიან წარმატებულად იყენებენ ტვინების გამორეცხვის მიზნით.
როდესაც ადამიანს არ აქვს არც თავისუფლება, არც კეთილდღეობა, ის არის გაბოროტებული, პროპაგანდა ცდილობს, რომ ეს მისი გაბოროტება მიმართოს არა რეალური პრობლემებისკენ, არამედ გამოგონილი საფრთხისკენ, პრობლემებისკენ და აი, ეს ბოღმის ვექტორი გადაიტანოს ოპონენტებზე. საქართველოში ამის საფრთხე არ არსებობს, _ ყველამ იცის, ვინ არის ქალი და ვინ _ კაცი. პროპაგანდა ასე მუშაობს, როდესაც ადამიანს არაფერი აქვს და ერთადერთი რაც აქვს ეს არის უმწიკვლობა, ასჯერ ეტყვი იმას, რომ შენ უმწიკვლობას საფრთხე ემუქრება, მერე ეს ადამიანი ამ გავლენის ქვეშ ექცევა.
ფაშისტური გერმანიის იდეოლოგებს ჰქონდათ გამოთქმა, რომ ასჯერ ნათქვამი ტყუილი, საბოლოო ჯამში, სიმართლედ იქცევა. როდესაც ასეთი ინტენსიური შტურმი ხორციელდება, ადამიანი ფიქრობს, _ რა საფრთხე რის საფრთხე? მერე კი, როდესაც ინტენსიური ხდება ეს ყველაფერი, ჰგონია, რომ მართლა რაღაც ხდება. ამას წარმოაჩენენ როგორც პანდემიას. ბევრ ადამიანს უკვე ჰგონია, რომ სექსუალური უმცირესობების თემა გადამდებია ჰაერწვეთოვანი გზით, როგორც პანდემიის დროს კოვიდ-ვირუსი. რაღაც ასეთ განწყობას უნერგავენ ხალხს.
ლგბტქ პროპაგანდა რუსეთმა გამოიყენა იმისთვის, რომ დასავლეთი გამოეცხადებინა ბოროტებისა და გარყვნილების ბუდედ და საკუთარი თავი წარმოეჩინა, როგორც უმწიკვლოების, კდემამოსილების დამცველად. რუსეთმა გამოიყენა ეს და ჩვენი ხელისუფლება რუსეთის „შპარგალკებით“ მუშაობს. როგორც გინდათ ისე ვთქვათ, „შპარგალკები“ ინსტრუქციებია“ რუსეთიდან და ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერს ახორციელებს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი, თითქოს ამ ყველაფერს იყენებენ ქვეყნის შიგნით საარჩევნო წარმატების მისაღწევად, მაგრამ ზიანი კიდევ უფრო დიდია, ვიდრე პარტიული კონიუნქტურა, რადგან ეს აზიანებს, საბოლოო ჯამში, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორს, ბადებს ევროსკეპტიკურ, ანტიევროპულ, ანტიდასავლურ განწყობებს.
დასავლეთი ასოცირდება ხალხისთვის მიუღებელ რაღაცად, ამას კი პირდაპირ აკეთებენ ჩვენი ხელისუფლების პირველი პირები. როდესაც ამას აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე, ეს ნიშნავს იმას, რომ იგი მიჰყვება რუსეთში კარგად დამუშავებულ პროპაგანდისტულ ხაზს. ნებსით თუ უნებლიეთ ის მუშაობს რუსულ ინტერესებზე.
_ ბატონო გია, მამუკა მდინარაძის განცხადებას გაგახსენებთ, მან ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ლგბტქ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ კანონს რუსული კი არა, სულ რომ საბჭოთა ეძახონ, ამას ბოლომდე მივიყვანთ, რადგან ეს თანამედროვეობის გამოწვევააო. რას ნიშნავს მისი ეს სიტყვები?
_ ხომ წარმოგიდგენიათ?! რეალური საფრთხეა?! არარეალურ საფრთხეზე გველაპარაკება მდინარაძე. ხმალამოღებული იბრძვის არარსებული საფრთხის წინააღმდეგ. ასეთი ხელისუფლებებისთვის ამგვარი ხაზი დამახასიათებელია, ეს არ არის მათი ერთადერთი მიმართულება. მაგალითად, გავიხსენოთ გარეჯი, _ გარეჯი საქართველოაო, _ ისმის რამე ამ თემაზე? არაფერი. ან საკუთარ თავებს რომ აცხადებენ ეკლესიის დამცველებად და ეკლესიის მტრებად ოპონენტებს, ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც ეკლესიის მაღალ იერარქებს უსმენენ, კომპრომატებს აგროვებენ და თუ დასჭირდებათ, ავრცელებენ კიდეც, ამისი არაერთი ფაქტი გვინახავს. ეს ხალხი პოზიციონირებს ისე, ვითომ ეკლესიას იცავს. ასეთი ძალიან ბევრი თემაა და არაერთი გვინახავს. ძალიან დიდი უტიფრობაა ამგვარი თემების შიდაპოლიტიკური მიზნით გამოყენება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამით კიდევ უფრო დიდი რამ ზიანდება, ფაქტობრივად, ანტიდასავლური განწყობების კულტივირება ხდება საზოგადოებაში.
_ თქვენ როგორ უყურებთ წინასაარჩევნო პროცესს? უკვე ვხედავთ, რომ საარჩევნო მზადება მსხვილ პარტიებს უკვე დაწყებული აქვთ. რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ ორმა მსხვილმა პარტიამ ვერ გადალახოს 50%-იანი ბარიერი და რამდენიმე პარტია შევიდეს პარლამენტში? ამ მოცემულობით რა შანსები იქნება?
_ „ნაციონალური მოძრაობა“ 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ეს გამორიცხულია და ეს ყველამ კარგად ვიცით. დღევანდელი მოცემულობით, 50%-იანი ბარიერის გადალახვა „ქართული ოცნებისთვისაც“ ძალიან რთულია, ისინი კი ლაპარაკობენ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე. ისინი კი ამბობენ, რომ ოპოზიცია დღეს სავალალო მდგომარეობაშია და ეს მართალია, ოპოზიცია არ არის კარგ დღეში, მაგრამ საქმე ის არის, რომ თვითონაც დაკარგული აქვთ ლეგიტიმაცია. თუმცა „ქართული ოცნება“ ნახეთ, როგორი ლოგიკით მიდის _ იღებს ოპოზიციის მონაცემებს და თავისას კი არ აცხადებს. რაც ოპოზიციის არის, ყველაფერი ჩემიაო, ამას აცხადებს. 100 პროცენტს აკლებს ოპოზიციის მონაცემებს და ყველაფერი ჩემი არისო, გაიძახის. სინამდვილეში ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდება, _ პრაქტიკულად, ნახევარზე მეტ ამომრჩეველს არ აქვს არჩევანი გაკეთებული. ამომრჩევლის ეს ნაწილი ამბობს, რომ არც წარსულის დაბრუნება სურთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც ეს ხელისუფლება მოსწონთ „ქართული ოცნების“ სახით. ეძებს ალტერნატიულ პოლიტიკურ არჩევანს. სამწუხაროდ, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები ამ არჩევანს ვერ აყალიბებს, ამ მოთხოვნას ვერ პასუხობს სათანადოდ. შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობით ის კი არა, რომ „ოცნება“ უპირობოდ იგებს, ყველა პარტია, რომელიც სუნთქავს, ყველა ერთად აღებულიც კი, არ არის ლეგიტიმური, 50%-ს ყველა ერთადაც ვერ ააგროვებს თავის „ქართულ ოცნებიანად“.
რაზე ვსაუბრობთ? _ თვითონ საარჩევნო პროცესი დგას ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ, ამომრჩეველი იმედგაცრუებულია, ნიჰილიზმი, სკეპტიციზმი, ამ ფონზე მიდის ყველაფერი.
ახლა მთავარია, ალტერნატიულმა პოლიტიკურმა ცენტრებმა იპოვონ საკუთარ თავში ძალა, გადონ ხიდები ამომრჩეველთან, რკინის ქალამნები ჩაიცვან, შევიდნენ დიალოგში ხალხთან და არა ტელევიზიიდან აფრქვიონ სიტყვები. ხალხს სჭირდება პირდაპირი კომუნიკაცია, დიალოგი, საჭიროა ბევრი სიარული. თვალებში უნდა ჩახედო ადამიანებს, გახდე თანაზიარი მათი პრობლემების, უთხრა, რომ უკეთ ერკვევიან მათ პრობლემებში, რომ ხალხს გაუჩნდეს ნდობა. ეს შესასრულებელი სამუშაოა და ეს აუცილებელია, თუ ეს ყველაფერი არ შესრულდა, მაშინ ცუდისა და უარესის არჩევანს შორის დარჩება ამომრჩეველი და ისევ აირჩევს ხელისუფლებას, გაიყიდება ერთ კაპიკად, რადგან არც ერთი არ უქნია ღმერთს. ხალხი იფიქრებს, რომ ხელისუფლება გზას მაინც გამიყვანს და სკვერს მომიწყობს, იმას მოვიყვან ხელისუფლებაში, ამას მაინც გამიკეთებსო, ეს არის მთელი ამბავი.
_ რა არის ის მთავარი ქმედება ოპოზიციის მხრიდან, რაც „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს?
_ „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელსაც დღეს იმედი არ აქვს უკეთესი მომავლის, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გააკეთებს მომავლის არჩევანს, არა წარსულსა და აწმყოს შორის, არამედ მომავლის არჩევანს. ის მიიღებს იმ შეთავაზებას, რაც მისთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელი იქნება, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრებისგან, ნაცქოცური სიმბიოზის მიღმა. იმიტომ, რომ „ენმ“ და „ოცნება“ უკვე ბევრი წელია გვეთამაშებიან შუმერულ თამაშს ორ ხელში, ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. ორპოლუსიანების გარღვევა არის მთავარი ფორმულა, რომ ეს მანკიერი წრე გავარღვიოთ. ამას სჭირდება მუშაობა. პარტიები ხალხში უნდა გავიდნენ, მაგრამ ისინი ხალხთან არავის გვინახავს.
_ ბატონო გია, პარტიებს უკვე აქვთ საარჩევნო სტრატეგია, „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ დაიწყეს საარჩევნო კამპანია. როგორ ფიქრობთ, ამ მიდგომებით და ამ ქმედებებით რა შანსები აქვთ პარტიებს?
_ დღეის მდგომარეობით ძალიან ბუნდოვანი სურათია, დავანებოთ თავი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“, მათ ჰყავთ თავიანთი ელექტორატი. მთავარია, სხვა პარტიები რას იზამენ და როგორ იმუშავებენ. მათ ჯერ მუშაობა არ დაუწყიათ. ვფიქრობ, ორი თვე მაინც არის საჭირო, რომ სურათი დაიწმინდოს.
ჩნდება ახალი ელემენტებიც, იგივე ნიკა მელია რას იზამს და როგორ იმუშავებს, ძალიან საინტერესოა. მაგალითად, „ლელოს“ ნამდვილად არ ექნება ბარიერის გადალახვის პრობლემა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მულტიპარტიული დემოკრატია დამკვიდრდეს. „ლელოს“, გახარიას, მელიას ძალიან პერსპექტიულად ვუყურებ.
ნიკა მელია არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი, რომელსაც შეუძლია ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია, ხალხის ენაზე. ამან შეიძლება ძალიან გააძლიეროს ის წინასაარჩევნოდ.
ამ მოცემულობით სხვა პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. თუმცა პერსპექტივა იმისა, რომ ვერც „ქართულმა ოცნებამ“ და ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 50% საერთოდ ვერ აიღონ და შესაბამისად ქვეყანა დადგეს პოსტსაარჩევნო კოალიციების ფორმირების აუცილებლობის წინაშე, ამის შანსი ძალიან მაღალია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტიები იმუშავებენ. თუკი ისე გააგრძელებენ, როგორც დღეს არიან, ისევ ორპოლუსიანობის ტყვეობაში დარჩება ეს ქვეყანა, რაც ძალიან სამწუხარო იქნება.