გია ხუხაშვილი: „ოპოზიციასა და მის ამომრჩეველს შორის უფსკრული გაჩნდა“

პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა.
14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი გიორგი გახარიას გუნდის წევრები და თანამოაზრეები არიან, საერთო ფასეულობები აქვთ და მასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით გადადიან ახალი პარტიის მშენებლობაზე.

რას შეცვლის გახარიას გამოჩენა ოპოზიციურ სივრცეში? რამდენად სწორი გზავნილები აქვთ „ოცნებიდან“ წამოსულ დეპუტატებს? რა მოცემულობაშია ოპოზიციური სპექტრი?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ ბატონო გია, დავიწყოთ გახარიას გუნდის გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ რომ 6 დეპუტატი გამოეყო: რაზე მიანიშნებს ეს ფაქტი და ხომ არ ფიქრობთ, რომ მათი მხრიდან ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა?
_ არა მგონია, რომ საკუთრივ გამოსვლა და პოზიციონირება შეცდომა იყო. პრინციპში, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი უნდა დაწყებულიყო. სხვა საკითხია თვითონ ტექნოლოგია, როდესაც ტესტრეჟიმში იწყებენ აქტიურ კომუნიკაციას მედიასთან და თავის პოზიციას ისე აყალიბებენ, რომ ლიდერი, ანუ მთავარი მოქმედი პირი, არ გამოჩენილა. ეს, როგორც პროცესების მსვლელობამ აჩვენა, ძალიან დიდი შეცდომა იყო. ეს არის, ზოგადად, ქართული მართვის პარადოქსი, უკუღმართ პოლიტიკას ვატარებთ. გახარიას ოპონენტები, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, ბევრს საუბრობენ ამ თემაზე და ეს ყველაფერი, რაც უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, გახარიაზე მუშაობს. ვგულისხმობ პროპაგანდისტულ ფონს. როდესაც მისი ოპონენტები ხელისუფლების მხრიდან მის დაკნინებას ცდილობენ და ოპოზიციაც მას უტევს, ეს მუშაობს გახარიას სასარგებლოდ, იმიტომ რომ იმ ამომრჩეველს, რომელსაც არ მოსწონს არც ერთი პოლუსი და ამომრჩევლის რაოდენობა ძალიან დიდია, მის მიმართ მხოლოდ სიმპათია ებადება, როდესაც ან ოპოზიცია ლანძღავს მას, ან _ ხელისუფლება. მაგრამ ეგ არის ქართული პოლიტიკის პარადოქსი, რომ მისი ოპონენტების მხრიდან მასზე შეტევა მას ვერ აზიანებს, პირიქით, სარგებელი მოაქვს. სამაგიეროდ, მისივე თანაგუნდელები მედიასთან კომუნიკაციით მარხავენ მიწაში. ყველაფერი უკუღმა ხდება” ნაცვლად იმისა, რომ გუნდი მას ეხმარებოდეს, პირიქით, ძირავს და ოპონენტები ეხმარებიან. ასეთი უცნაური მოცემულობა მივიღეთ, რადგან ის რიტორიკა, რაც გვესმის გახარიას თანაგუნდელებისგან, ძალიან უხარისხოა, კატასტროფული მესიჯბოქსია, პირდაპირ გეუბნებით: უბრალოდ, ჩნდება კითხვა. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ადასტურებენ ოპონენტების აზრს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ სატელიტი. ფაქტობრივად, ეს ხალხი საუბრობს, რომ ხელისუფლებას საქმე მიჰყავს კარგად, უბრალოდ, ცოტა უკეთესადაც შეიძლებოდა. მათი ცნობადობა გუშინდლამდე, ყოველ შემთხვევაში, მინიმალური იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ჯობია, ცოტა ხანს გაჩუმდნენ, შეიმუშავონ სწორი, ეფექტიანი მესიჯბოქსი და, ალბათ, სჯობს, გახარიამ თვითონ აიღოს ინიციატივა. მისი კომუნიკაცია საზოგადოებასთან ბევრად უფრო ხარისხიანი იყო ყოველთვის, ვიდრე ამ ადამიანების და ცოტა ზედმეტი აიღეს საკუთარ თავზე, რითაც მარხავენ გახარიას. შეიძლება, დაბადებაც ვერ მოასწროს ბავშვმა, ისე მოუღონ ბოლო, თუ ასე გააგრძელეს.
_ ნაჩქარევი ხომ არ იყო იმ ნაწილში, რომ მესიჯბოქსი არ აქვს დამუშავებული?
_ ისინი შეიძლება, გამოსულიყვნენ, მაგრამ არ ესაუბრათ ამდენი და ეთქვათ, რომ ჩვენ ახლა ვართ პარტიული მშენებლობის ფაზაში და ყველა არსებულ შეკითხვაზე პასუხს გასცემს ჩვენი ლიდერი, როცა ამის დრო დადგება. ანუ ძალიან ღრმად წავიდნენ და, ფაქტობრივად, ყველა სენსიტიურ თემას შეეხნენ და პასუხები იყო აბსოლუტურად არადამაჯერებელი.
_ მთავარი ხაზი გახლდათ ის, რომ რადიკალიზაცია, რაც არსებობს, ეს უნდა დავარღვიოთო და რამდენად დამაჯერებელი გზავნილია?
_ ეს არის სწორი გზავნილი, მაგრამ სწორ გზავნილს სჭირდება სწორი შეფუთვა. ახლა ძალიან დიდი სეგმენტია ამომრჩევლის, რომელიც თეორიულად შეიძლება გახდეს გახარიას ელექტორატი, რომელსაც არ მოსწონს ეს მუდმივი დაპირისპირება, კინკლაობა, მით უმეტეს, რომ ამ კინკლაობას არანაირი შედეგი არ მოაქვს. შესაბამისად, ამით ხალხის დიდი ნაწილი დაიღალა და ის ეძებს ისეთ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც ამ იწილო-ბიწილოში არ მონაწილეობს, შესაბამისად, ეს გზავნილი თეორიულად სწორია. სწორია, რომ ამის მიღმა რაღაც პროცესი დაიწყოს, რომელიც თუნდაც, ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოგვიყვანს და აპელირება იქნება სხვა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე. ამაზე მოთხოვნილება დღეს საზოგადოებაში არის, მაგრამ სჭირდება ხარისხიანი შესრულება. სწორი გზავნილი რომ გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ შეგიძლია ამის გაფუჭება. და ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ორი გზავნილი მაქსიმალურად გააფუჭოს.
_ თქვენ ახსენეთ, გახარიას რომ უფრო მეტი ესაუბრა, უკეთესი იქნებოდა…
_ მან უნდა ისაუბროს მაშინ, როცა ის ამისთვის მზად იქნება. მაგრამ ის, რომ მის მაგივრად პასუხობენ სხვები 20 ივნისისა თუ სხვა სენსიტიურ მოვლენებზე, ეს არის შეცდომა, ვინაიდან მათი პასუხები არათუ არადამაჯერებელია, არამედ მუშაობს გახარიას საწინააღმდეგოდ.
_ შეიძლება ითქვას, რომ გახარიას გუნდიც არ იქნება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამონაკლისი, სადაც მხოლოდ ერთ ადამიანზეა მიბმული გუნდის რეიტინგი? და აქვე: IRI-ის ბოლო კვლევებით გახარია მეორე ადგილზეა პატრიარქის შემდეგ, ანუ ეს იქნება ქართული პოლიტიკური რეალობისთვის მისაღები სტანდარტული პოლიტპარტია, რომელსაც ერთი რეიტინგული ლიდერი ჰყავს და დანარჩენი მას მოჰყვება?
_ კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ასე ვიფიქროთ, მაგრამ ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, არ გვინახავს გახარიას გუნდი მთლიანობაში, ანუ ჩვენ არ ვიცით, რა გუნდზე ვსაუბრობთ. ეს არის საპარლამენტო რაღაც ნაწილი ამ გუნდის, მართალია, სუსტი ცნობადობის ადამიანები, მაგრამ გახარიას კიდევ აქვს დრო, თავისი გუნდი უფრო სერიოზულად შეფუთოს. იქ მარტო პარლამენტარები ხომ არ იქნებიან, იქ შეიძლება, სხვა ადამიანებიც ვიხილოთ, რომლებიც გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობენ. არა მგონია, გახარიას რამე ამბიცია ჰქონდეს ბელადობაზე, არ ჰგავს ასეთ ადამიანს. მაგრამ თუკი პოლიტიკურ წონაში ძალიან დიდი სხვაობა იქნა, შესაძლებელია, ბელადიზაცია მოხდეს, მისი სურვილისდა მიუხედავად. ეს რისკი არსებობს, მაგრამ უნდა დაველოდოთ მოვლენებს. მე უფრო დიდი რისკიც დავინახე _ თქვენ ახსენეთ გახარიას რეიტინგი. ეს არ არის პოლიტიკოსის რეიტინგი, ეს არის მოლოდინის რეიტინგი, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურ ბაზარზე მოთხოვნილება ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე არის მაღალი და გახარიას გარდა, სხვა შეთავაზება ამ ბაზარზე ჯერ არ ჩანს, ეს დეფიციტური მოთხოვნილება იწვევს მის მიმართ მაღალ მოლოდინს. შესაბამისად, ეს არის მაღალი მოლოდინის რეიტინგი და ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ ტიპის რეიტინგი თავისი არსით არის ძალიან მყიფე _ დიდ იმედებს ხშირად მოსდევს დიდი იმედგაცრუება. შეგვიძლია ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა, როდესაც მოლოდინი ყოფილა მაღალი, მაგრამ როგორც კი პოლიტიკაში აქტიურობა დაწყებულა, მყისიერად განულებულა.
„ლელოს“ ბევრად მაღალი მოლოდინის რეიტინგი ჰქონდა, ვიდრე შემდგომ პოლიტიკური შედეგი. მაგალითად მოვიყვანდი ასევე ირაკლი ალასანიასადმი მოლოდინის მაღალ რეიტინგს, რომელიც, საბოლოო ჯამში, არაფერში გამოიხატა. თუნდაც პაატა ბურჭულაძე _ 17-20%-მდე ადიოდა, მაგრამ როგორც კი დაიწყო პოლიტიკური აქტივობა, მაშინვე ჩამოვარდა. არც გახარიაა ამისგან დაზღვეული. შესაბამისად, გახარია უკვე უნდა გავზომოთ. მას რეალურ შესაძლებლობებში დავინახავთ მაშინ, როცა ის აქტიურ მოქმედებს დაიწყებს. აი, მისი გუნდის გუშინდელმა გამოსვლამ მისი რეიტინგი საკმაოდ დააგდო. დაიწყო დეგრადაციის პროცესი, მან უნდა შეაჩეროს ეს ყველაფერი, თორემ შეიძლება, ნულამდე დავიდეს.
_ რა იკითხება მმართველი გუნდის გზავნილებში?
_ მათ გზავნილებში იკითხება პარტიული ოპონირება და ეჭვიანობა. ყველაზე სასაცილო ის არის, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია. თალაკვაძე-ღარიბაშვილი-კობახიძეც ასე ფიქრობენ, უბრალოდ, ამას არ ამბობენ. ანუ ისინი ეჭვიანობენ მამაზე და გაბუტული ბავშვებივით კომენტარებს აკეთებენ. ფრთხილობენ, ძალიან აგრესიულად არ უპირისპირდებიან, ამიტომ მსუბუქად უტევენ. დავუშვათ, მე ყველაფერს ვმეცადინეობ, ვსაქმიანობ, ის გარეთ დარბის, თამაშობს და მშობლებს მაინც ის უფრო უყვართ, ვიდრე _ მე. უფრო ბიძინა ივანიშვილს ელაპარაკებიან ახლა, ვიდრე საზოგადოებას.
_ პარალელურად, მეორე მხარეს არის მოლაპარაკების ჩაშლილი რაუნდი და გვაქვს ასევე ევროპარლამენტარების საკმაოდ კრიტიკული წერილები, სადაც საუბარია ფინანსურ სანქციებზე საქართველოსთან მიმართებით. რამდენად შესაძლებელია, საქმე მივიდეს რეალურ ფინანსურ სანქციებამდე? როდესაც გავრცელდა 7 ევროპარლამენტარის წერილი, მმართველი გუნდი ამბობდა, მხოლოდ 7 ევროპარლამენტარი აწერს ხელს და ეს არაფერს ნიშნავსო, ირონიული დამოკიდებულება ჰქონდათ ამ საკითხისადმი.
_ დღეის მდგომარეობით, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ სერიოზული პრობლემა არ აქვს იმისდა მიუხედავად, რომ რაღაც გაფრთხილებები ისმის, რადგან ჰგონიათ, რომ არგუმენტები აქვთ. თუმცა დამერწმუნეთ, რომ რამდენიმე თვეში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ რა გააფუჭა, ეს აღარავის ემახსოვრება დასავლეთში. იქ აიღებენ, უბრალოდ, მოცემულობას, რომ, ერთი მხრივ, ქვეყანაში არის სტერილური ხელისუფლება და ერთპარტიული პარლამენტი და მთელი ოპოზიცია ქუჩაშია. ამის შემდეგ ისინი ცალსახად გამოკვეთენ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, შეფუთვაც ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით, მართლმსაჯულების თემასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, მთელი დასავლეთი შეთანხმებულია, რომ ჩვენთან არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება, რაც მათთვის წითელი ხაზია. რა თქმა უნდა, თეორიულად ყველაფერი მოსალოდნელია. თუ შეთანხმება არ შედგა, ვფიქრობ, ვაშინგტონიდან კობახიძის განცხადებაშიც რაღაცნაირად გამოჩნდა, რომ ვერ გრძნობენ თავს კარგად, როგორც ჩანს, იქ ხისტად დახვდნენ მას და ამიტომ დაიწყო იქიდან ისევ კონსტრუქციულობანას თამაში, რაც მისთვის არ არის დამახასიათებელი. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს, რომ ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ ჩრდილოვანი მმართველობის განცდა დაბრუნდა ჩვენს სინამდვილეში. ანუ ბიძინა ივანიშვილს ძველი თავის ტკივილი დაეწყო ისევ. თუ გახარიას პირობებში ის შედარებით დასვენებული იყო, იმიტომ, რომ აღარავინ საუბრობდა ჩრდილოვან მმართველობაზე, ახლა ღარიბაშვილი რომ რამეს მართავს, ამის არავის სჯერა და, შესაბამისად, ღარიბაშვილი „ჩაუდეს“ ივანიშვილს, ისევ დააბრუნეს იმ მდგომარეობაში, სადაც ვეღარ გრძნობს უსაფრთხოდ თავს. ჯერჯერობით, დღეს და ხვალ მე არ ველოდები სანქციებს, მაგრამ თუ ამ ჩიხიდან ვერ გამოვედით, მერე უკვე ყველაფერია მოსალოდნელი.
_ ბოლოს მინდა, გკითხოთ ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაანონსებულ აქციაზე: იყო თუ არა ეს შეცდომა, როცა ამდენი ხნით გადაწიეს აქცია, როცა არსებობს მოლოდინი, ამ პერიოდში ქვეყანა ჩაიკეტოს?
_ აქცია მნიშვნელოვანი ფორმაა, მაგრამ მათ ხალხთან დაკარგეს კომუნიკაცია. ოპოზიცია საინტერესოა იმ შემთხვევაში, თუკი ის წარმოადგენს ხალხს, არადა, საერთოდ გაწყვიტეს კავშირი. მათ თითქოს გაუჩნდათ განცდა, რომ დანიელსონმა უნდა გამოჰგლიჯოს ხელისუფლებას ძალაუფლება ხელიდან და გამოაგოროს მათკენ. ფაქტობრივად, უფსკრული გაჩნდა მათსა და ამომრჩეველს შორის. ოპოზიცია მაშინაა ძლიერი, როცა მას ხალხის მხარდაჭერა აქვს. ამის გარეშე არც დანიელსონს აინტერესებს ასეთი ოპოზიცია. ვერა და ვერ მოახერხეს ნდობის აღდგენა და ეს ძალიან ბევრი ინდიკაციით ჩანს. დასავლეთს შეუძლია, მხოლოდ დაეხმაროს ქართულ პოლიტიკურ ელიტას ჩიხიდან გამოსვლაში და ოპოზიციას ისინი სერიოზულად შეხედავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ზურგს გაუმაგრებს ხალხი. სამწუხაროდ, ხალხმა დაკარგა მთლიანად პოლიტიკური ელიტისადმი ნდობა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური. ხალხი ცხოვრობს თავისი პრობლემებით, თავისი დღის წესრიგით და პოლიტიკური ელიტა ეწევა კამერულ პოლიტიკას.
_ არის თუ არა ახლა ის მოცემულობა, რომ ოპოზიცია ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავს? დგას თუ არა ამ საფრთხის წინაშე ოპოზიცია?
_ ჯერჯერობით ეს სიტუაციაა, დეგრადაციისკენ მიდის, უფსკრული იზრდება. ვერ ვიტყვი, რომ ამის შემოტრიალება არ შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება. ოპოზიცია რომ კარგავს ამომრჩეველს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ელექტორატი „ქართულ ოცნებასთან“ მიდის. უბრალოდ, ეს ამომრჩეველი იკეტება სამზარეულოში, თავის პრობლემებთან ერთად. ოპოზიციას შეუძლია ამ ნდობის დაბრუნება, მაგრამ ეს სამუშაოა, თავისთავად არ ხდება. თუ არ მიხვედი ადამიანთან, არ გახდი მისი გაჭირვების თანაზიარი, თუ არ დაარწმუნე ის, რომ იმ პრობლემებს, რაც მას აწუხებს, შენ, როცა ხელისუფლებაში მოხვალ, არსებულ ხელისუფლებაზე უკეთესად გადაწყვეტ, თუ დამაჯერებელი არ იქენი, რა თქმა უნდა, ეს დეგრადაციის პროცესი გაგრძელდება.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიციამ თავიდანვე შეიქმნა ილუზია, თითქოს არჩევნები გაყალბდა?
_ არ გამოვრიცხავ, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ამ ფიქრებში ჩარჩე? საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანეს და ახლა უჭირთ იქიდან გამოსვლა.

ნენე ინჯგია