გია ხუხაშვილი: „ოპოზიცია ელოდება, როდის ჩამოატარებს მდინარე მისი მტრის გვამს!“

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი ჯერ კიდევ არ შემდგარა. ამასობაში კი პარტია „მოქალაქეები“, კერძოდ, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, პარლამენტში შევიდნენ. ამ პროცესს წინ უძღოდა მათი მხრიდან „პოლიტიკურ სამზარეულოში“ განხილული თემებისა და საუბრების საჯაროდ გამოტანა და ოპოზიციის კრიტიკა. ეს ყველაფერი რომ არც პოლიტიკურად და არც მორალურად გამართლებული არ არის, ამაზე საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება.
ასევე, პარტია „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლამდე, გაათავისუფლეს ე. წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. ელისაშვილის განცხადებით, ეს აქტი ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შედეგი იყო.

არის თუ არა მოლაპარაკებების დამსახურება კარტოგრაფების განთავისუფლება? რას შეცვლის ორი ოპოზიციონერი დეპუტატის პარლამენტში შესვლა? რა სამოქმედო გეგმა რჩება ოპოზიციას?
ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ მას შემდეგ, რაც ე. წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ წინააღმდეგ ამოქმედდა პროპაგანდა. რა არის ხელისულების მოტივი?
_ ერთი მხრივ, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ გვაქვს, როდესაც წინა ხელისუფლება უნდა დემონიზდეს და შუა გაიკრიფოს, შესაბამისად, საარჩევნო შედეგის მიღება _ ძალიან მანკიერი გზაა, მაგრამ ლოგიკა გასაგებია. ამ შემთხვევაში კი ვფიქრობ, უფრო რთულად გვაქვს საქმე. ანუ ამოცანა არ არის მხოლოდ წინა ხელისუფლების დისკრედიტაცია და მისი დემონიზაცია ამ რაღაც პატრიოტულ ტალღაზე. თუ ამოცანა მხოლოდ ეს იყო, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი სხვა თემაა, სადაც კითხვის ნიშნები არსებობს, იგივე 2008 წლის ომის დროს „როგორ მოხდა კოდორის ჩაბარება“? ან იგივე 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან უცნაური მემორანდუმი გაფორმდა „რაოსთან“ ენგურჰესის მართვაში გადაცემის შესახებ, რაც აგრეთვე შეიძლება იყოს სახელმწიფო ინტერესების ღალატთან ასოცირებული, ყოველ შემთხვევაში, ლოგიკური თემაა. ასევე 2008 წლის ომის შემდეგ დამატებით ტერიტორიები დავკარგეთ შიდა ქართლში. თუ ამ შემთხვევაში მხოლოდ წინა ხელისუფლება იყო სამიზნე, სხვა თემების პოვნა შეიძლებოდა, მაგრამ, რატომღაც, გარეჯი აირჩიეს. ამ თემის არჩევას შეიძლება, უფრო შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა, ხელისუფლებას ვერ დავაბრალებ იმას, რომ ისინი რაღაც პრორუსულ განწყობებს გეგმავენ, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებაში არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც მუშაობს „რუსეთი ოკუპანტიას“ (რაც ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს უახლეს ისტორიას) გზავნილის ვექტორის შეცვლით. დავუშვათ, „რუსეთი ოკუპანტია“, „აზერბაიჯანი ოკუპანტიათი“ შეიცვალოს, რაც გვესმის ბოლო პერიოდში, რომ „სოკარში“ საწვავი არ ჩავასხათ და ა. შ., რაღაც მზადდება ამ კუთხით. ამ შემთხვევაში უნდათ გამოჩნდეს, რომ რუსეთი „კეთილი ბიძიაა“ და პირიქით, აზერბაიჯანთან დაგვილაგებს სიტუაციას. დამატებით არგუმენტი ამ ნაწილში ისიც გახლავთ, რომ გარეჯის თემა ჯერ არ არის დასრულებული. რომ ამბობენ, „გარეჯი გაიყიდაო“, ამ გამოძიების სიღრმეებში არ შევალ და არ ჩავერევი, მაგრამ თუ გაიყიდა, გაყიდვის სამართლებრივი ფაქტი არ შემდგარა, თემა ისევ ღიაა, მოლაპარაკების სივრცე არის და ხელისუფლებას თუ რამე არგუმენტები აქვს, უნდა დაჯდეს და მოილაპარაკოს აზერბაიჯანთან. მაგრამ ამის ნაცვლად ვხედავთ არა იმდენად სამართლებრივ, არამედ მედიით შეტევას. კიდევ ახალი ვიღაცები აღმოაჩინეს, რომლებიც ამ ყველაფერს ახალ ფერებს შესძენენ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც ჯგუფი ხელისუფლების შიგნით და მის გარეთ მიზანმიმართულად მუშაობს ამ ძალიან სახიფათო მიმართულებით. ხაზს ვუსვამ: „რაღაც ჯგუფი“. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ პრემიერ-მინისტრ გახარიას თხოვნა მოვისმინეთ, ამ თემაზე ნაკლები გველაპარაკა და თავიდან აგვერიდებინა გარეჯის პოლიტიზება. როგორც ჩანს, გახარია ხედავს ამ საფრთხეს, რომ შეიძლება აღნიშნული თემის აჟიტირებამ რაღაც გაუგებრობაში შეგვიყვანოს ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან… მაგრამ, ეტყობა, ეს ჯგუფი პრემიერ-მინისტრსაც არ ეპუება და მაინც აგრძელებს თავისას. ასე რომ, თუ სპეცსამსახურები ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, მე მათ ვურჩევდი, შიდა პოლიტიკური თემებით დაკავების ნაცვლად, იქნებ, ცოტა უფრო ყურადღებით ჩაიხედონ ამ საქმეში და შეიძლება, ძალიან ბევრი რუსეთის გავლენის აგენტი აღმოაჩინონ, რომლებიც მიზანმიმართულად მუშაობენ იმაზე, რომ „რუსეთი ოკუპანტია“ ჩანაცვლდეს, „აზერბაიჯანი ოკუპანტიას“ გზავნილით.
_ თქვენ არაერთხელ ახსენეთ გარკვეული ჯგუფი, რომელსაც სურს „რუსეთი ოკუპანტიას“ ჩანაცვლება „აზერბაიჯანი ოკუპანტიათი“. რომელ ჯგუფს გულისხმობთ?
_ როცა არ მაქვს საკმარისი მტკიცებულება, არ მახასიათებს, ასეთ მძიმე თემებზე კონკრეტიკა, თუ ვის ინტერესებში შედის ეს ყველაფერი. თუმცა ახლა კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით გამომდის, ჩვენ ხომ ვხედავთ, ვინც აქტიურობს ამ მიმართულებით? იმასაც ვხედავთ, იდეა საიდან წამოვიდა, ამიტომ ამ ვერსიას საკმარისი საფუძველი აქვს იმისა, რომ სპეცსამსახურები დაინტერესდნენ, თვითონაც კარგად ხედავენ, თუ საიდან და როგორ უბერავს სიო. მიხედონ ამ საქმეს, სანამ კიდევ უარესს მდგომარეობაში არ ჩავარდნილა ეს ყველაფერი და უფრო მოუკრეფავში არ წასულან.
_ როგორ შეიძლება, განვითარდეს ეს საქმე?
_ ვისურვებდი, რომ ეს თემა საერთოდ გავიდეს ჩვენი არეალიდან და თუ რამეა გასარკვევი, სამუშაო ვითარებაში დასხდნენ მხარეები და ილაპარაკონ. მით უმეტეს, აზერბაიჯანთან საუბრის პრობლემა არც არასდროს გვქონია და იმედია, არც გვექნება. ეს თემა უნდა გადავიდეს სამუშაო მაგიდაზე, როგორც მანამდე წლების განმავლობაში ხდებოდა და იყო მომენტები, როდესაც ძალიან ახლოს ვიყავით ამ პრობლემების გადაჭრასთან, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას ძალიან არ აწყობდა ამ პრობლემის დახურვა, პირიქით, სურდა, ნაღმის სახით დარჩენილიყო, რომელსაც საჭირო მომენტში ააფეთქებდნენ. ახლა ვართ იმ რეალობაში, როდესაც ეს ნაღმი ააფეთქეს და ამ ყველაფრიდან მაქსიმალური შედეგის მიღებას ცდილობენ. თემა ძალიან მტკივნეულია, ბუნებრივია, გარეჯი საქართველოა, არ არსებობს საქართველოში არავინ, ვინც ამას არ იტყვის. ესეც მოგონილია, რომ თითქოს ვიღაცამ თქვა, გარეჯი საქართველო არ არისო. გარეჯი საქართველოა, მაგრამ ეს საკითხი წყდება მოლაპარაკებების გზით, რადგან არსებობს გარკვეული, ობიექტური სამართლებრივი სირთულეები და არა ის სპეკულაციური, რაზედაც ჩვენ დიდი ხანია, გველაპარაკებიან.
_ თქვენი შეფასებით, მელაშვილი-ილიჩოვას განთავისუფლების თემა უკავშირდება თუ არა ელისაშვილი-იოსელიანის პარლამენტში შესვლას?
_ მელაშვილი და ილიჩოვა ამ თამაშში უბრალო ჭანჭიკები არიან, რომლებიც თავის დროზე გამოიყენეს და შემდეგ დადგა მომენტი, როდესაც ისინი აღარაფერში სჭირდებოდათ და გადაწყვიტეს მათი განთავისუფლება და საერთოდ მათი დავიწყება. ამ ნაწილში, შეიძლება ითქვას, ოპოზიციამაც „ივაჟკაცა“, როცა ლამის გმირად გამოაცხადეს მელაშვილი, სინამდვილეში, მელაშვილი არც გმირია და არც მოღალატეა, ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იჯდა და თავის საქმეს აკეთებდა. ცუდად აკეთებდა თუ კარგად, ეს მეორე საკითხია. სამწუხაროდ, ოპოზიციამაც არ დააკლო და გადაწყვიტა, მელაშვილი პოლიტიკურ იარაღად გამოეყენებინა ხელისუფლების წინააღმდეგ. ბუნებრივია, ეს ხელისუფლებას ძალიან არ მოეწონა და ჩვენ ისევ ჩავბრუნდით ამ საკითხის აქტუალიზაციაში, რომელიც ძალიან სახიფათო მიმართულებით შეიძლება განვითარდეს და აქ აღარ არის საუბარი შიდა პოლიტიკურ თემებზე, არამედ უფრო დიდი პრობლემები შეიძლება გააჩინოს, თუ ემოციები არ ჩაცხრება და მშვიდ ვითარებაში არ განვიხილავთ ამ საკითხებს.
_ მელაშვილი-ილიჩოვას განთავისუფლებას ყველა საკუთარ დამსახურებად მიიჩნევდა, მათ შორის, ოპოზიცია, რომლის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს მათი ერთად დგომისა და ბოიკოტის შედეგი იყო…
_ სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ პოლიტიკური ელიტა, ორივე მხრიდან, ყველა საკითხს უყურებს საკუთარი სარგებლის კუთხით, არა სახელმწიფოებრივად, რომ ეს სახიფათო და დამაზიანებელი თემაა, ყველაფრიდან რაღაცის მოგება უნდათ, თუნდაც მცირედის. მელაშვილზე, მაქსიმუმი, რაც შეიძლება ვთქვათ: ის არის დაზარალებული, მოხუცებული ადამიანი, რომელიც უსამართლოდ იჯდა ციხეში, მაგრამ, ბუნებრივია, ის გმირი არ არის.
_ თქვენ თავიდანვე ემხრობოდით ოპოზიციის პარლამენტში შესვლას. ელისაშვილი-იოსელიანის შესვლამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ ისინი ამ ნაბიჯით პოლიტიკური გვამები გახდნენ, ნაწილი კი სწორ ნაბიჯად მიიჩნევს მათ გადაწყვეტილებას. რეალურად, რას შეცვლის მათი პარლამენტში ყოფნა?
_ როდესაც პარლამენტში შესვლაზე ვსაუბრობდი, ვგულისხმობდი მთლიანი ოპოზიციის შესვლას, რადგან ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი აქტივი მისი ერთიანობაა. ამას იმიტომ ვფიქრობდი ასე და ახლაც ვფიქრობ, რომ ფრაგმენტირებულად ოპოზიციის პარლამენტში შესვლა უაზრობაა. ფაქტობრივად, ლეღვის ფოთლის როლში გამოდიხარ და ხელისუფლების ამოცანას წყვეტ, მას უქმნი მრავალპარტიულობის იმიჯს, ფასადს. სინამდვილეში, ვერანაირად აზღვევ ძალაუფლების უზურპაციას და არ გაქვს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის ინსტრუმენტი. როდესაც შესვლაზე ვსაუბრობდი, ვგულისხმობდი კონსოლიდირებულად შესვლას, რომ პარლამენტში სერიოზული ოპოზიციური ძალა შექმნილიყო, რომელსაც შეეძლო ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა. შესაბამისად, თუ ვინმე ამ ერთიანობას დაემუქრებოდა, ბუნებრივია, ის ვერც რეალური ოპოზიცია იქნებოდა ეს დასტურდება კიდევაც ელისაშვილით და სხვებით. მათი შესვლის შემდეგ როგორც ვითარდება მოვლენები, ამის დადასტურებაა. ხელისუფლებას სურს, ყველა თავისი პრობლემა ელისაშვილის ხარჯზე გადაწყვიტოს. იოსელიანი ვიცე-სპიკერად დანიშნეს, გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიასაც ელისაშვილს „ტენიან“, რომ მთლიანად ალიბი შეიქმნან და შოკოლადში იყვნენ. ასეთ აბსურდში ვართ. სინამდვილეში, ამ ტიპის კომისია უნდა ინიცირებულიყო ძლიერი ოპოზიციის საშუალებით, რომ რეალური გამოძიება ჩატარებულიყო.
_ საბოლოოდ, ხელისუფლების შოკოლადში ყოფნის იმიტაცია იქმნება?
_ აღარ იქმნება, რადგან გარდა იმისა, რომ ფრაგმენტულ შესვლას აზრი არ ჰქონდა და, ფაქტობრივად, გამოვიდა ისე, შეიძლება მას ეს სულაც არ უნდოდა, რომ ელისაშვილმა ხელისუფლების თამაში ითამაშა, ელისაშვილი ასევე გამოიყენეს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის. ელისაშვილთან იმდენად პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან არ მაქვს პრეტენზია, ბოლოს და ბოლოს, პარტიაა და თავისი გადასაწყვეტი იყო, შევიდოდა თუ არა, ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას _ არა, მაგრამ ეს მისი არჩევანი იყო. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მისია და ეს ტვირთიც მან უნდა ზიდოს. მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო ის ფორმა, რა ფორმითაც ელისაშვილმა ეს გზა გაიარა. როდესაც შიგა საუბრების საკუთარი ინტერპრეტაციებით გარეთ გამოტანა დაიწყო, რომ თითქოს ხაზარაძეს ომი უნდოდა ქვეყანაში და ა. შ., რაც სრული აბსურდია _ ყველას კარგად გვესმის. ეს მხოლოდ პოლიტიკა აღარ იყო, ეს იყო ადამიანურად უღირსი საქციელი. საერთოდ, არსებობს ადამიანური ეთიკა, შესაბამისად, ჩემი მთავარი პრეტენზია ელისაშვილის მიმართ არის ის ფორმა, რა ფორმითაც მან თავისი პარლამენტში შესვლა გააფორმა. რაც მთავარია, „სამზარეულოში“ რაზედაც საუბრობდნენ, იმაზე მოხსნა პირი და რაები არ ილაპრაკა, _ ეს არის დამატებით ჩემი პრეტენზია.
_ ამ მოცემულობაში, როცა ჩვენი ქვეყნის პარტნიორები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ, მოლაპარაკებებიც გაიყინა. რა სვლა რჩებათ ოპოზიციაში?
_ ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ვიღაც გადაწყვეტილებას მიიღებს და ხელისუფლება თავის შუალედურ პრობლემას გადაწყვეტს, ანუ 100 კაცამდე ან შეიძლება 113 კაცამდე აიყვანს პარლამენტის შემადგენლობას. ამ შემთხვევაში ბუნდოვანი გახდება გარეთ დარჩენილი ოპოზიციის სამომავლო პერსპექტივა. თუ ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა და ოპოზიცია დღევანდელი შემადგენლობით დარჩა ქუჩაში, ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ძალიან დიდი პრობლემა აქვს, რადგან ის ვერ წყვეტს სტერილურობის პრობლემას, ელისაშვილიც ვერ წყვეტს. ის ოთხი ადამიანი, რომელმაც პარტია შექმნა, დიდი გაუგებრობაა, ხალხმა აირჩია „პატრიოტთა ალიანსი“ და პარლამენტში აღმოჩნდა პოსტ ფაქტუმ რეგისტრირებული სხვა პარტია, ეს ძალიან სასაცილოა და არასერიოზულია, შემადგენლობაზე აღარაფერს ვამბობ. ასეთი მოცემულობაა. შესაბამისად, ხელისუფლება სტერილურია. შეუძლებელია ოდნავ დემოკრატიულ ქვეყანაში სტერილური ხელისუფლების არსებობა. ამ შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია, მაგრამ ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი რისკებით, რასაც არ ვისურვებდი.
_ რას გულისხმობთ სახელმწიფოებრივ რისკებში?
_ ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი ხომ არ გვაქვს, ასევე გვაქვს ორი შიშის გადალახვის პრობლემა, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას _ ეს არის სიკვდილის შიში პანდემიის ფონზე და შიმშილის შიში. სოციალურ რისკებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს რყევები ამ შიშებს კიდევ უფრო ამძაფრებს და როგორც არ უნდა დასრულდეს ამ ტიპის პოლიტიკური კლინჩი (კრივში წესის დარღვევა, „ჩაჭერა“ _ რედ.), რაღაც დოზით სახელმწიფო ინტერესი დაზიანდება. არ მინდა, რომ ეს ასე მოხდეს. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამას არ ეთანხმება, მაგრამ ასე მჯერა, _ კონსოლიდირებულად ოპოზიცია პარლამენტში გარკვეული გეგმით რომც შევიდეს, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია, რადგან იმ სახელმწიფოებრივი პრობლემებიდან გამომდინარე ისინი, რაღაც ეტაპზე, შეძლებენ საპარლამენტო მუშაობის პარალიზებას. პარლამენტში, სადაც 40%-ზე მეტია ოპოზიცია და ხელისუფლებას არ შეუძლია სისტემური, ფუნდამენტური, მაღალი კვორუმით გადაწყვეტილებების მიღება, იქ ყოველთვის შეიძლება საპარლამენტო მუშაობის პარალიზება, რაც აუცილებლად მივა რიგგარეშე არჩევნებამდე. ეს გზა დღემდე ჩემთვის უფრო მისაღებია, რადგან ამ შემთხვევაში ნაკლები რყევები და სახელმწიფოებრივ რისკებთან დაკავშირებით მეტი კონტროლი გვექნება ხელისუფლებაზე. ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, ოპოზიცია თავად ირჩევს ტაქტიკას. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია მოცემულობა.
_ ბოლო დროს ოპოზიციის წარმომადგენლები განსაკუთრებით ხშირად ახსენებენ სიტყვა რევოლუციას და მაქსიმალურად ცდილობენ, საზოგადოებას ამ სიტყვის დადებითი კონტექსტი დაანახონ. გარდა ამისა, ღიად ამბობენ, რომ სურთ ხალხის ქუჩაში გამოსვლა. ამ მოცემულობაში ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თუ არა ხალხის გარეთ გამოსვლის იმედი?
_ სიმართლე გითხრათ, წინასწარ რევოლუციების დაანონსების არ მჯერა. თუ საუბრობენ გაყალბებულ არჩევნებზე და ამ ეგიდით სურთ რევოლუციის მოწყობა, ეს უნდა მომხდარიყო არჩევნებიდან ერთი თვის განმავლობაში. არჩევნები გაყალბდა, მერე 6 თვე დავისვენე და შემდეგ ვამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა და რევოლუცია მოვახდინოთ, _ ეს არასერიოზულია და ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. შესაბამისად, ოპოზიციის ეს კუნთების თამაში ემყარება იმას, რომ ხელისუფლება თვითონ ჩამოიშლება იმდენად, რომ მერე ერთი პატარა თითის კვრა დასჭირდება, გამოიყვანენ ხალხს, კრავენ თითს და წააქცევენ, _ ამაზეა აქცენტი. ჩემი აზრით, ეს არის სახელმწიფოებრივად არცთუ კარგი გათვლა, რადგან, ერთი მხრივ, შეიძლება ვიღაცას პოლიტიკურად ხელისუფლების ჩამოშლა აწყობდეს, მაგრამ ხელისუფლების ჩამოშლით ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს, კიდევ უფრო დამძიმდება. ამ შემთხვევაში, მხოლოდ პოლიტიკური ინტერესებიდან გამოდიან და სახელმწიფო რისკებს არ აფასებენ. საზოგადოება, რეალურად, ხელისუფლების ჩამოსაშლელად კი არ იბრძვის, არამედ უკეთესი ხელისუფლება სურს, რომელიც მათ პრობლემებს უფრო ეფექტიანად გადაჭრის. სჯობს, ოპოზიციამ ამ ტიპის პოზიტიურ დღის წესრიგზე იფიქროს, რომ უპასუხოს იმ მოთხოვნებს, რაც საზოგადოებაშია. დღეს ოპოზიცია მდინარის პირას ზის და ელოდება, როდის ჩამოატარებს მდინარე მისი მტრის გვამს.
_ ოპოზიცია ამ მოცემულობას სათანადოდ ვერ აცნობიერებს?
_ ვფიქრობ, აცნობიერებს, თუმცა არ მგონია, ოპოზიციაში ერთმნიშვნელოვანი ხედვა იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციაში მთავარი ფასეულობა მისი ერთიანობაა, სწორედ ამ ერთიანობას უფრთხილდებიან. ან ყველა გარეთ, ან ყველა შიგნით. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ხელისუფლების გზავნილებიდანაც ჩანს, რომ უფრო გარეთ, ვიდრე შიგნით. ხელისუფლებას აქვს მიამიტი გეგმა. მათ არჩევნების გზით „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაამარცხეს, რაც ერთგვარი პოლიტიკური იმპოტენციის გამოვლინებაა, არათუ ვერ დაამარცხა, პირიქით, _ თუ ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე დინამიკას შევხედავთ, მისი ელექტორატი უფრო გაზარდა. 2013 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი 300 ათასი იყო და მას შემდეგ ყოველ არჩევნებზე იზრდება. ხელისუფლებამ საარჩევნო გზით „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება რომ ვერ მოახერხა, ახლა ასეთი გეგმა აქვს, რომ როგორმე წვრილი პარტიები „შეითრიოს“, „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩება გარეთ და შემდეგ თვითონ „მოკვდება“, რესურსები არ ეყოფა და ა. შ. მეორე მხრივ, ეს მცირე პარტიები შეიძლება სხვა გზებზე ფიქრობდნენ კიდევაც, მაგრამ იმას ხვდებიან, პარლამენტში რომ შევიდნენ, ხელისუფლებას ისინი რეალური ოპოზიციის ფუნქციის მისანიჭებლად კი არ უნდა, არამედ ფეხის შესაწმენდად, _ ამაზე არავინ წავა. ხელისუფლებას ოპოზიცია ფეხის შესაწმენდად რომ უნდა, ეს გამოჩნდა ელისაშვილთან დამოკიდებულებაშიც პირველივე დღიდან და ბუნებრივია, ამაზე ხელს არავინ მოაწერს. ხელისუფლებას თუ ასეთი გეგმა ჰქონდა, ბევრად უფრო ჭკვიანურად უნდა მოქცეულიყო, პოლიტიკურ კორიდაზე კობახიძე კი არ უნდა ეფრიალებინა წითელ ნაჭრად, ცოტა უფრო ტექნიკური და მოქნილი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ პროცესში და თეორიულად შესაძლებელი იყო ასეთი გეგმის განხორციელება, მაგრამ კობახიძემ და წულუკიანმა ნიღაბი ჩამოხადეს გეგმას და ამაზე ხელს არავინ მოაწერს.

ნენე ინჯგია