გია ხუხაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებამ ავტომატურად გამოიწვია „ქართული ოცნების“ დასუსტებაც“
ირინა მაკარიძე
2024 წლის მოახლოებასთან ერთად ქართულ პოლიტიკაში ტემპერატურა იზრდება. რას ცვლის ნიკა მელიას განაცხადი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ? რას უკავშირდება ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას გააქტიურება და რა როლს შეასრულებს სალომე ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი:
_ მელიას ეს განაცხადი არ იყო სიურპრიზი, ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობდა, პარტია უკვე დიდი ხანია, ფაქტობრივად, გაყოფილია, პირველ რიგში, ელექტორალურად. ბოლო კვირებში ჩვენ ვაკვირდებოდით დეზინტეგრაციის საკმაოდ ინტენსიურ პროცესს, სხვადასხვა რეგიონში როგორ გადიოდნენ ადამიანები, როგორ ტოვებდნენ ორგანიზაციას. ბუნებრივი იყო, რომ ამის ლოგიკური დასასრული ნიკა მელიას ეს განაცხადი უნდა ყოფილიყო და ასეც მოხდა. ეს ვნახეთ. რაც შეეხება იმას, თუ რას ცვლის ეს ქართულ პოლიტიკაში, ცვლის იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი დასრულდა. ბუნდოვანება აღარ არის და მეტი სიცხადე შევიდა ამ ყველაფერში. უნდა ითქვას, რომ დიდ სურათში ბევრი არაფერი შეცვლილა, რადგან „ნაციონალების“ ორივე ფრთა რჩება ოპოზიციურ სპექტრში. ხელისუფლებას ამით მაინცდამაინც არ უხეირია, პირიქით, ხელისუფლებას ახლა სერიოზული დისკომფორტი ექმნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი მთავარი პროპაგანდისტული მატრიცა აგებული იყო ე. წ. ორპოლუსიანობაზე. ამომრჩეველს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ მხოლოდ ორი პარტია არსებობს ამ სამყაროში, მხოლოდ მე და „ნაციონალური მოძრაობა“, _ შეიძლება, მე არ მოგწონდეთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩემზე უარესიო. „ნაციონალური მოძრაობის“ განხილვა, როგორც ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივის, უკვე აბსურდია, არადამაჯერებელია. შესაბამისად, შეიძლება პარადოქსად მოგეჩვენოთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებამ ავტომატურად გამოიწვია „ქართული ოცნების“ დასუსტებაც. მათ მოუწევთ სერიოზული გადაწყობა და საარჩევნო დღის წესრიგის ცვლილება, რისი რესურსიც მაინცდამაინც არ აქვთ.
_ „ქართულ ოცნებას“ არ გაუჭირდება, ალბათ, ყველას „ნაციონალებად“ გამოცხადება, ასე არ არის?
_ გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს და ეს რა პრობლემაა? ისინი ბევრ რამეს იტყვიან. ამომრჩეველისთვის იმის დამტკიცება, რომ აი, მე თუ არა, „ნაციონალები“ მოდიან, გაუჭირდებათ. არადამაჯერებელი, ძალიან ყალბი იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ამაზე აპელირება უკვე არაეფექტიანი იქნება. შესაბამისად, ეს პრობლემა იქნება „ოცნებისთვის“. რაც შეეხება საკუთრივ ნიკა მელიას, ვფიქრობ, მას აქვს ისეთი თვისებები, რაც დეფიციტური არის დღევანდელ პოლიტიკურ ელიტაში: ის არის ერთგვარად „ხალხოსანი“, მას შეუძლია ხალხთან მისვლა და დიალოგში შესვლა, რაღაც პოლიტიკური დინამიკის აკრეფა. ბევრი სხვა პარტიული ლიდერისგან განსხვავებით, რომლებიც ერთგვარად კამერულ პოლიტიკას ეწევიან, მათ ჰგონიათ, რომ თუ ტელევიზიაში დასხდებიან და რაღაცას ილაპარაკებენ, ესაა პოლიტიკა. ეს არ არის პოლიტიკა. მონოლოგში საუბარი ბევრის არაფრის მომტანია. საჭიროა ხალხთან დიალოგი, ბევრი სიარული, ბევრი მოძრაობა, ნიკა მელიას ეს აქვს.
_ რამდენად სწორი და შედეგზე ორიენტირებული გამოდის მელიას მიერ არჩეული სტრატეგია? ვგულისხმობ იმას, რომ თვეების განმავლობაში გრძელდებოდა კრიზისი, ხოლო მის განცხადებას პარტიის დატოვებისა და ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ წინ უძღოდა რეგიონული ორგანიზაციებიდან საკრებულოს წევრების გასვლა.
_ ეს არ გამოიყურებოდა მთლად ლამაზად, მაგრამ ვფიქრობ, ეს იყო სწორი გზა. როდესაც პირველსავე კონფლიქტზე პარტიას ტოვებ, ეს სხვანაირად აღიქმება. როდესაც შენ ცდილობ, რაღაც შეინარჩუნო და ამისთვის ყველაფერს აკეთებ, ეს მოსწონთ, როგორც წესი, ადამიანებს. ნიკა მელია რომ წამოსულიყო თავიდანვე, მას არც არავინ გამოჰყვებოდა. მან იმუშავა შიგნით პარტიაში და შედეგსაც ვხედავთ. პრინციპში, მას პარტიის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ელექტორატის, ასევე ადგილობრივი, თუ ნაციონალური მასშტაბის ავტორიტეტები პარტიიდან გაჰყვნენ. ამას მუშაობა სჭირდებოდა შიგნიდან. პროპორცია როგორია, ჩვენ ეს არ ვიცით. რა პროპორციით გაიყო პარტია, ამას, ალბათ, მომავალი კვლევები აჩვენებს. ნიკა მელიას „ენდემური“ „ნაციონალებისგან“ განსხვავებით აქვს ელექტორალური ზრდის პოტენციალი, მას შეუძლია გავიდეს გარე ამომრჩეველზე, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო წლების განმავლობაში იქცა საკმაოდ მნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც სტერილურ სისტემას წარმოადგენდა, ანუ ელექტორალური განვითარების შანსები აღარ ჰქონდა. ნიკა მელიას აქვს ახალი ამომრჩევლის მოზიდვის შესაძლებლობა. ახლა ჩვენ უნდა გავარკვიოთ, როგორია მისი სასტარტო მდგომარეობა, ეს უნდა გამოჩნდეს მომავალ კვლევებში. მეორეა ის, თუ რას შემატებს ამას უკვე პროცესში. ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ საინტერესო ელემენტი გახდება ქართული პოლიტიკის. რას შეძლებს, სად იქნება მისი ადგილი, ვფიქრობ, ამაზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია.
_ ჩვენ გვახსოვს წინა არჩევნებზე, მან შეძლო სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად საარჩევნო კამპანიის წარმართვა, რამდენად იძლევა ეს იმაზე საუბრის საშუალებას, რომ ის შეიძლება გახდეს ახალი, ძლიერი ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი საყრდენი ფიგურა?
_ შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. ადგილობრივ არჩევნებს თუ გავიხსენებთ, მელიამ საკმაოდ საინტერესოდ იმუშავა მაშინ. რომ არა სააკაშვილის ეს უცნაური ვოიაჟი უკრაინიდან, პრინციპში, მას შეეძლო სერიოზული შედეგის მიღება. სამწუხაროდ, მიშას ჩამოსვლამ ეს ყველაფერი დაუნგრია, რასაც ის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აკოწიწებდა. ჯერჯერობით ყველაზე ლოგიკური ჩანს ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებთან მისი თანამშრომლობა, იგივე „ლელოსთან“ იქნება ეს თუ სხვასთან, გახარიას გარდა. თვითონ გახარიას აქვს პრობლემები როგორც მელიასთან, ასევე „ლელოსთან“, ჩვენ ეს ვიცით. გამორიცხვა არაფრის შეიძლება, მაგრამ ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, აქ თანამშრომლობის კონტურების გამოკვეთა ძნელია. დანარჩენ ოპოზიციასთან შეიძლება, რაღაც კონფიგურაციები გამოჩნდეს.
_ რომან გოცირიძე საუბრობს ოპოზიციურ ველზე ახალი, ძლიერი კოალიციის შექმნის აუცილებლობაზე, რომელშიც გაერთიანდებიან როგორც პატარა ოპოზიციური პარტიები, ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები და სამოქალაქო აქტივისტები, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ეს ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ერთობაში ყველამ რაღაცა უნდა მიიტანოს. თვითონ რა მიაქვთ, ის უნდა თქვან. კი ბატონო, გოცირიძის განაცხადი გასაგებია, მაგრამ მის უკან დგას ამომრჩეველი? რა მიაქვს ამ ერთობაში? შენ რომ რაღაც ერთობაში შეხვიდე, შენი წილი ხომ უნდა ჩადო? ეს რომ მოხდეს, ამისთვის მუშაობაა საჭირო.
_ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მართალია, ნებისმიერი ადამიანის წასვლა პარტიიდან დანაკარგია, თუმცა ამ დანაკარგს შეივსებენ, ენმ გაუძლებს ამ რყევებს და კიდევ უფრო გაძლიერდება, რამდენად რეალურია ეს?
_ რასაც ისინი ამბობენ, ამაში ლოგიკა არ არის. ბრმები არ ვართ, ვხედავთ, რა პროცესიც მიდის. პარტია ძალიან ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, პრაქტიკულად, დაეშალათ. ახლა კი ამბობენ, რომ გიორგი კირთაძე და სხვები, პრაქტიკულად, აქამდე წასულები ყოფილან, მაგრამ კირთაძეზე მეტი ავტორიტეტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ბათუმში არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, თავს იტყუებენ, თუ ცდილობენ ჩვენ მოგვატყუონ, სულ ერთია, ფაქტია, რომ მათ უმძიმესი დარტყმა მიიღეს. მათ ოპტიმიზმს არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
_ რამდენად შეძლებს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ შემადგენლობით, ამ თავმჯდომარით, 2024 წელს სასურველი შედეგის მიღწევას?
_ ამ თავმჯდომარით და ამ შემადგენლობით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისთვის“ არის საჩუქარი. მათ აქვთ არგუმენტები იგივე კეზერაშვილთან და სხვებთან დაკავშირებით. ამ შემადგენლობის კომპრომენტაცია არის ძალიან ადვილი, შესაბამისად, დიდი არაფერი პერსპექტივა აქვთ. ერთადერთი აქტივი ამ პარტიის არის მიხეილ სააკაშვილის პერსონა, მეტი აქტივი იქ აღარ არსებობს არც ინტელექტუალური, არც ორგანიზაციული, არც არანაირი.
_ ენმ-ში აღნიშნავენ, რომ მელია მუშაობდა მათ დასაზარალებლად და ეს მნიშვნელოვანი არგუმენტები მან შესძინა „ქართულ ოცნებას“, ამაზე რას იტყვით?
_ ეგ პირიქით იყო, ყველაზე უფრო ეს პარტია დააზარალა კეზერაშვილის ფაქტორმა და ამ გაუგებარი ადამიანის პარტიის თავმჯდომარედ არჩევამ.
_ გააქტიურდა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია. მან დიდი ხნის დუმილის შემდეგ ისაუბრა ივანიშვილის შესახებ, აღნიშნა, რომ მისი გადადგომის რეალური მიზეზი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა იყო და მელიას დაკავება მხოლოდ საბაბი გახლდათ. ის საუბრობს კორუფციაზე და ოლიგარქიულ მმართველობაზე. რამდენად შეძლებს ის დაარწმუნოს ადამიანები, რომ მისი გულწრფელობა წინასაარჩევნო ფაქტორით არ არის ნაკარნახევი?
_ ეს რომ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, გასაგებია. სხვა საკითხია, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში საუბრობ, გულწრფელი ხარ თუ ამას მხოლოდ საარჩევნო მიზნებით აკეთებ? საარჩევნო მიზნით კეთდება, მათ შორის, გულწრფელი რაღაცები, საკუთარი შინაგანი რწმენიდან გამომდინარე. აუცილებელი არ არის, რომ საარჩევნოდ, მაინცდამაინც, ტყუილებს ლაპარაკობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ სიმართლესაც ამბობენ პოლიტიკოსები. გახარია სხვა პოლიტიკური ცენტრებისგან განსხვავებით ძალიან მიზანმიმართულია. მას არ აქვს ილუზია, რომ აუცილებლად ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს. მას მშვენივრად ესმის, რომელ ამომრჩეველზე მუშაობს. ის ლაპარაკობს იმას, რაც ამ ამომრჩევლისადმი არის მიმართული. მისი ამომრჩევლის სეგმენტი არის მაქსიმუმ 12-დან 15%-მდე. რეალურად, ალბათ, ცოტა ნაკლები, მაგრამ პოტენციალი ეს არის. ის არ ცდილობს, რომ ყველას მოაწონოს თავი და ამ ამომრჩეველს ელაპარაკება იმ ენაზე და იმ რიტორიკით, რაც მას სჭირდება.
_ მან გამოაქვეყნა კორუმპირებული ჩინოვნიკების ე. წ. შავი სია, რომელსაც სათავეში უდგანან ქვეყნის პირველი პირები, თუმცა ოპოზიციონერი კოლეგები აღნიშნავენ, რომ ეს აქამდეც იცოდნენ და მისგან მეტ კონკრეტიკას მოითხოვენ. აღნიშნავენ, რომ გახარიას დიდი ინფორმაცია აქვს. როდის დადგება ამ ყველაფრის თქმის დრო?
_ ამის თქმის დრო დადგება მაშინ, როდესაც კონკრეტული საქმეები აღიძრება და ობიექტური მართლმსაჯულება ამუშავდება. სანამდე ეს ხალხი ხელისუფლებაშია, მანამდე არც გახარიას აქვს ილუზია, რომ ისინი თავის თავს დასჯიან და არც დანარჩენ საზოგადოებას.
_ არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო დარჩა, რას იტყვით პრეზიდენტის ფაქტორზე ამ პროცესებში?
_ წინ დინამიკური პროცესები გველოდება. როგორც ჩანს, პრეზიდენტი აპირებს, პოლიტიკურად საკმაოდ აქტიური იყოს.
_ „ქართული ოცნება“ უფრო თამამია ვერსიებში. პრეზიდენტთან მიმართებით აცხადებს, რომ ის გადადგება და სათავეში ჩაუდგება ოპოზიციურ მოძრაობას ან დარჩება პოსტზე და დაიცავს არჩევნების შედეგებს, თქვენ რას იტვით?
_ რატომაც არა, მე ორივე სცენარს განვიხილავდი, როგორც მის პოლიტიკაში პირდაპირ ინტეგრაციას, ასევე ზეპარტიული პოზიციიდან პოლიტიკური სივრცის გახსნის ხელშეწყობას. მგონია, რომ ორივე ეს სცენარი არსებობს.
_ რამდენად შემატებს ის რაიმეს ოპოზიციას?
_ აუცილებლად შემატებს. თვითონ ხელისუფლების ძალისხმევით სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ სერიოზულ ფაქტორად ჩამოყალიბდა ქართულ პოლიტიკაში.
_ თუმცა სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ის შესაძლოა, იყოს ივანიშვილის გეგმის ნაწილი. თქვენ როგორ ფიქრობთ?
_ სკეპტიკოსები ყოველთვის არიან, სხვათა შორის, ორივე მხარეს. „ნაცები“ ლაპარაკობენ, რომ ის არის ივანიშვილის გეგმის ნაწილი, „ქოცები“ ამბობენ, რომ „ნაცებთან“ არის შეკრული. ჩვენ „შეთქმულების თეორიების“ ქვეყანაში ვცხოვრობთ, _ ძნელია, ვინმე რამეში დაარწმუნო.
მაინც იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებას ამ ქვეყანაში.