გია ხუხაშვილი: „ივანიშვილს გახარიას იქით დღეს გზა არ აქვს“
წინასაარჩევნო პერიოდი, ჯერჯერობით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ხელისუფლებისთვის „კოვიდ-19“, შეიძლება ითქვას, საუკეთესო პარტნიორი აღმოჩნდა და მას გარკვეული დივიდენდებიც მოუტანა. ოპოზიცია ამომრჩეველს ახალს ვერაფერს სთავაზობს და, ძირითადად, ერთმანეთთან კინკლაობით არის გართული. სანამ „ევროპული საქართველო“ ცდილობს, ამომრჩეველს აუხსნას, რა განსხვავებაა მათსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან მისთვის უჩვეულო მშვიდი იმიჯით წარდგა ვიდეომიმართვაში, სადაც აღნიშნა, რომ ის დაბრუნდება მაშინ, როცა მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას არ გამოიწვევს.
რა მოცემულობის წინაშეა ხელისუფლება? რამდენად ლოგიკურია მიხეილ სააკაშვილის გზავნილები? გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება „კოვიდ-19-ს“ თავის სასარგებლოდ?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:
_ ალბათ დამეთანხმებით, რომ წინასაარჩევნო კამპანია მდორედ მიედინება. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ეს?
_ ტემპერატურის აწევა, პირველ რიგში, ოპოზიციის ინტერესია, რათა პროცესი გაახუროს და საპროტესტო სამობილიზაციო ელექტორატის კაპიტალიზაცია შეძლოს. ოპოზიცია ამას ან ვერ აკეთებს, ან _ საკმაოდ უხარისხოდ. ბუნებრივია, ხელისუფლებაც გაჩერებულია, რადგან მის ინტერესებში სულაც არ შედის ვითარების ხელოვნურად გადახურება. აქედან გამომდინარე, ეს ოპოზიციის პრობლემაა, რომ ის ვერ ახერხებს საარჩევნო პროცესში დინამიკის აკრეფას. ისინი ერთმანეთთან კინკლაობითა და გამიშვი-გამატარეთი არიან, ჯერჯერობით, დაკავებულები.
_ თქვენ ახსენეთ შიდა კინკლაობა ოპოზიციაში. ფაქტია, რომ ოპოზიციური ერთობა ვერც საერთო მაჟორიტარი კანდიდატების ნაწილში შედგა, ასევე „ძალა ერთობაშიას“ გამოეყო გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი. რაზე მიანიშნებს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები?
_ ვფიქრობ, ოპოზიციაში კანონზომიერი პროცესებია. საქართველოში ასე ხდება: როდესაც ფუნდამენტური, მსოფლმხედველობრივი სხვაობებია და გარდა ამისა, როდესაც ოპოზიციის შიგნით კონკურენცია მაღალია, გრძელვადიანი თანამშრომლობა არ გამოდის. რაც არ უნდა ეცადონ, საბოლოო ჯამში, კონფლიქტი გარდაუვალია. პირველ ეტაპზე თემატურმა თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვგულისხმობ, შედეგი მიიღეს. მართალია, თვითონ ვერ გაიფორმეს და იმდენი სისულელე აკეთეს, რომ ლამის ხელისუფლებამ გაიფორმა საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ, რეალურად, ასე არ იყო, ჩვენ ხომ გვახსოვს. ოპოზიციაში ასეთი თემატური თანამშრომლობა, რასაც მათ კონკურენციასთან ან მსოფლმხედველობრივ საკითხებთან კავშირი არ აქვს, ეფექტიანია. რაც შეეხება საარჩევნო თანამშრომლობას, ეს თავიდანვე გასაგები იყო, რომ არ გამოვიდოდა. ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია გასაგებია, მაგრამ „ყველა ერთის წინააღმდეგ“ ეს ისტორია, როგორც წესი, საქართველოში არ მუშაობს ან თუ მუშაობს, მხოლოდ რევოლუციურ სიტუაციაში. დღეს რევოლუციური სიტუაცია არ არის, აქედან გამომდინარე, სულაც ვერ ვხედავ ტრაგედიას იმაში, რომ გარდა ხელისუფლებასთან კონკურენციისა, ოპოზიციაში შიდა კონკურენციაც გამწვავებულია. ამ საარჩევნო მოდელში, რომლითაც ჩვენ არჩევნებზე მივდივართ, გამომდინარე იქიდან, რომ მოლოდინია მულტიპარტიულ სისტემასთან დაკავშირებით, ბარიერი კი, ფაქტობრივად, ბუნებრივთან არის გათანაბრებული, ასეთ მოცემულობაში სულაც არ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ოპოზიცია ერთიანი ფრონტით უნდა გამოდიოდეს. თუ პარტიას 1%-იანი ბარიერის გადალახვა არ შეუძლია, ანუ საშუალოდ 20 000 ლარის მიღება, მაშინ დაანებონ პოლიტიკას თავი, ნუ აქვთ რაღაც პრეტენზიები. ეს მოდელი, როდესაც პარლამენტში შესაძლოა მეტი პარტია აღმოჩნდეს (ჩვენ წინასაარჩევნო კი არა, პოსტსაარჩევნო კოალიციებზე ვისაუბროთ, ანუ მიღებული შედეგის მიხედვით მოხდეს ფორმირება რაღაც ერთიანობის), მიმაჩნია, რომ არის ნორმალური, ბუნებრივი პროცესი. ამაში უბედურებას ვერ ვხედავ. სხვა საკითხია, რომ ოპოზიცია ხშირ შემთხვევაში ძალიან მტკივნეულად აღიქვამს ასეთ საკითხებს, თუ ვინ იქნება პრემიერი. და ამაზე პედალირება, აქცენტირება მხოლოდ ხელისუფლების თამაშის ნაწილია. დრო მიდის და ნაცვლად იმისა, რომ თავისი ვექტორი პოზიტიურ დღის წესრიგსა და ხელისუფლებასთან ოპონირებაზე მიმართონ, პარტიები, ძირითადად, ერთმანეთში საქმეებს არჩევენ, რაც სრული სიბრიყვეა და ბუნებრივია, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
_ ამ ნაწილში რა როლს ასრულებს მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა და მისი განცხადებები? ესეც ხომ არ ასხამს წყალს „ქართული ოცნების“ წისქვილზე?
_ „მგელი მოდის“ ისტორია საკმაოდ გაცვეთილია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ არ აპირებს არეულობის შემოტანას და არჩევნებამდე არ გეგმავს ჩამოსვლას. ამან საერთოდ გაანულა ეს პოლიტტექნოლოგია, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ: „მე თუ არ ვიქნები, მიშა მოვა და ყველას თავებს დაგაყრევინებთ“, _ ეს ისტორია თუ მუშაობს, მხოლოდ მცირე სეგმენტზე. ძალიან მგრძნობიარე უნდა იყოს ადამიანი, რომ ამ მდინარეში კიდევ მეასედ შეტოპოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ისტორია უკვე წარსულს ჩაბარდა. მით უმეტეს, ხელისუფლება ვერ გრძნობს ამის საჭიროებას და აუცილებლობას. თუმცა არ გამოვრიცხავ, როდესაც ამ თვის ბოლოს კიდევ ერთხელ გაზომავენ რეიტინგებს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მმართველი გუნდის პოზიციები არცთუ ისე მყარია, როგორც თვითონ ჰგონიათ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, ამ ისტერიას კიდევ ერთხელ მიმართონ. ანუ როგორ თხრის მიშა ლონდონიდან გომბორამდე მორიგ გვირაბს. ეს გამოსარიცხი არ არის, მაგრამ დღეის სიტუაციით ამის არც საფუძველი არსებობს და არც ამის საჭიროება, ასე ფიქრობდნენ ხელისუფლებაში. სააკაშვილს აქვს აბსოლუტურად სწორი გათვლა, მას რამდენიმე ამოცანა ჰქონდა ამ პროცესში გადასაწყვეტი: გარე, ნეიტრალურ ამომრჩეველზე მიშა სააკაშვილი არ და ვერ იმუშავებს, რადგან სამობილიზაციო ელექტორატს არ მოსწონს „ქართული ოცნება“, მაგრამ არ არის მზად, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანს დაუბრუნდეს. შესაბამისად, ამ ელექტორატზე მუშაობა არ არის სააკაშვილის მთავარი ამოცანა, მისი მთავარი ამოცანაა საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდაცია, ანუ მათთვის მაქსიმალური მხნეობის მიცემა. მეორე ამოცანა ამ ელექტორალურ გაყოფაში, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის მიმდინარეობს, ის არის, რაც შეიძლება მეტი პროცენტი დაიტოვოს თვითონ და ვერ მოახერხოს „ევროპულმა საქართველომ“ ჩუმ-ჩუმად „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის წაყვანა. ამიტომ სააკაშვილის აქტიურობა მნიშვნელოვანი იყო და მესამე ამოცანა, რაც განსაკუთრებით სერიოზულია, ეს არის ორპოლუსიანობის შენარჩუნება, საინფორმაციო ველის მთლიანად შევსება. გასულ კვირას, რაც სააკაშვილი აქტიურობდა, ფაქტობრივად, ყველას ყველა პარტია დაავიწყდა. ისევ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირება იყო, ორპოლუსიანობა დააბრუნა, მართალია, დროებით, მაგრამ მაინც. მიშა სააკაშვილს აქვს პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი. სააკაშვილი არ ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია არჩევნების მოგება, მისი პროგრამა მაქსიმუმია, ხელისუფლებამ ვერ მოიგოს არჩევნები. ამის შემდეგ ის სხვა გასულ პარტიებში დარჩება ყველაზე მსხვილ წარმონაქმნად, შესაბამისად, თავის ირგვლივ შეკრებს მმართველ კოალიციას, _ ეს არის მისი პროგრამა მაქსიმუმი, ანუ მაქსიმალურად მოიზიდოს პარლამენტში გასული პარტიები და მის ორბიტაზე დაატრიალოს ეს ყველაფერი. არსებობს ასევე პროგრამა მინიმუმი: თუ მოხდა ისე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შენარჩუნება, _ ამ ამოცანას ემსახურება მიშა სააკაშვილის, ერთი შეხედვით, უცნაური აქტივობები. მიშა რომ ამბობს, ჩამოვალო, შემდეგ კი ვერ ჩამოდის, ეს მას ვერ აზიანებს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, რადგან მას არგუმენტების მოყვანა ყოველთვის შეუძლია, თუ რატომ ჩამოდიოდა და რატომ ვეღარ ჩამოდის. მით უმეტეს, ყველას მოეწონა მისი მშვიდომისმყოფელი გზავნილი, რომ მას დესტაბილიზაცია არ სურს საქართველოში. ეს მისი იმიჯისთვის შეუსაბამოა, მაგრამ ყველას მოეწონა. შეიძლება, მისი მხარდამჭერი არ იყოს, მაგრამ მისი მშვიდობისმოყვარე განწყობა ადამიანებს მალამოსავით მოხვდა გულზე. ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არავის უნდა, ამას კვლევებიც აჩვენებს. ვიღაც შეიძლება, სააკაშვილთან მიმართებით რაღაცაზე ხითხითებს, მაგრამ, რეალურად, გასაგებია, რომ მას აქვს აბსოლუტურად რაციონალური პოლიტიკური ამოცანები და მათ შესრულებას მეთოდურად მიჰყვება.
_ ამის პარალელურად „ევროპული საქართველო“ მაქსიმალურად ცდილობს, ამომრჩეველს დაანახოს, რა განსხვავებაა მათსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ამისთვის ბროშურებიც კი დაარიგა. ისინი ასევე ცდილობენ, პოზიტიური წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდეთ. რამდენად სწორია მათი სტრატეგია?
_ თუ ამ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური გამოცდილება და პოლიტიკური ინტელექტი, დიდწილად ეს თავმოყრილია „ევროპულ საქართველოში“. მათ იციან მუშაობა, ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებლის მაქსიმუმის მიღება, შესაბამისად რაღაც მატრიცით მუშაობენ. თუმცა მათი მცდელობა, გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამით გავიდნენ სამობილიზაციო ელექტორატზე, ანუ იმ ელექტორატზე, რომელსაც არჩევანი არ გაუკეთებია, ეს არის სიზიფეს შრომა. თუ ეს ელექტორატი ფიქრობს, რომ მიშა სააკაშვილმა რაღაც დააშავა და ამის გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას არასდროს მისცემს, „ევროპული საქართველოს“ მოტივი კი თუ ამ ელექტორატის მიზიდვაა, ეს არის ტრაგიკომედია, იმიტომ, რომ ეს ელექტორატი იგივე დანაშაულზე, რასაც სააკაშვილზე ფიქრობს, სოლიდარულად პასუხისმგებლად მიიჩნევს ბოკერიას. ბოკერიას არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ელექტორატის ეს ნაწილი იფიქრებს, სააკაშვილი ცუდი კაცია, ბოკერია _ კარგიო. მეტსაც გეტყვით: მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, რომელსაც ბოკერია მეტად ეჯავრება 2012 წლამდე ისტორიების გამო, ვიდრე _ სააკაშვილი. ასე რომ, მიშა ცუდია და მე თეთრი, ფუმფულა ვარ, _ ეს ძალიან სასაცილო ისტორიაა. გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს“ წინასაარჩევნო ბანერი: ბოკერია ივანიშვილის წინააღმდეგ, _ კომიკურია. მიუხედავად იმისა, რომ „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური ინტელექტი დაგროვილი აქვს, ეტყობა, მაინც ისტერიული სინდრომი სჭირს და რაღაცას ფაფხურობს, თუმცა რაღაც შედეგს დადებს. არ ვამბობ, რომ ისინი გარეთ დარჩებიან, მათ ნამდვილად იციან და შეუძლიათ მუშაობა.
_ გასულ კვირას კი „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული სიის ოცეული წარადგინა, პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ივანიშვილი, რომელსაც არც ერთი დაპირება არ გაუცია, რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?
_ „ქართული ოცნების“ გზავნილი ის კი არ არის, რომ ხვალ უკეთესად ვიცხოვრებთ, არამედ მათ აქვთ გზავნილი, რომ ჭკვიანად იყავით, მე უნდა ვიყო ხელისუფლებაში, თორემ რაღაც საშინელება მოხდება და კიდევ უარესად იცხოვრებთ. ეს არის გზავნილი, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებაში უშვებს. ამასაც იმიტომ აკეთებს, რომ სხვა საჭიროება არ აქვს, რადგან ოპოზიცია ვერ დებს ვერაფერს. „ქართულ ოცნებას“ ილუზიების შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში დასჭირდება, თუ აქტიურობა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე. „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს უყურებს, როგორც ერთჯერად სპეცოპერაციას. 200-300 ლარი გადავუგდე და ამით არჩევნები ვიყიდე, _ ასე აღიქვამენ ისინი. ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს უყურებს, როგორც ბიზნესპროექტს. ის არჩევნების მოგებას კი არა, ერთჯერადად ყიდვას აპირებს. მას ისიც კარგად ესმის, რომ მის სიტყვასა და დაპირებებს ფასი დაკარგული აქვს. განსაუთრებით გარდამტეხი იყო ამ კუთხით მისი საჯარო დაპირება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის შემდეგაც წარმოუდგენლად გადააგდო არა მხოლოდ ქართული საზოგადოება, არამედ _ მთელი მსოფლიო. ყველას შეჰპირდა საჯაროდ და ყველა გადააგდო. ამის შემდეგ მისი რეპუტაცია და სიტყვის ფასი ნულია. მას ეს მშვენივრად ესმის, ამიტომ მისი პირიდან ნათქვამი დაპირებები გასაგებია, რომ ძალიან არადამაჯერებელი იქნება და პირიქით _ უფრო გააღიზიანებს ადამიანებს. ამიტომაც ის არავის არაფერს ჰპირდება, უბრალოდ, აშინებს ყველას, რომ ის თუ არ იქნება, კიდევ უფრო ცუდად ექნებათ საქმე. ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ის ახორციელებს ბიზნესპროექტს. ის კი არა, რომ თქვენ მერე კარგად იცხოვრებთ, არამედ ახლა გიჭირს შენ, ეს 200 ლარი შენი იყოს და მოდი, ხმა მომეცი, _ ამ ცინიკურ დამოკიდებულებაზე აქვს არჩევნების მოგება აწყობილი. ვიღაცას 300-ს, ვიღაცას 100 ლარს გადაუგდებს, მით უმეტეს, რომ პანდემიის ფონზე სოციალური მოსყიდვის საკმაოდ კარგი საფუძველი აქვს შექმნილი ისე, რომ საზოგადოებას პრეტენზია თითქოს ვერ ექნება.
_ რაც შეეხება თავად სიას, გახარია პირველი ნომერია. ის გახარია, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტის დატოვებას სთხოვდნენ, თუმცა დააწინაურეს და დღემდე ინარჩუნებს ადგილს. თქვენ არაერთხელ აღგინიშნავთ, რომ ივანიშვილს თავისზე ძლიერისა და რეიტინგული ხალხის ეშინია. გახარიას ნაწილში რა ხდება, რით ახსნით იმას, რომ ის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს?
_ ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან ლოგიკურია. ობიექტურად გახარია ერთადერთი ფიგურაა „ქართულ ოცნებაში“, რომელმაც გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი აკრიფა. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი ოპონენტი ჰყავს, იგი ერთადერთი ადამიანია, ვისაც არჩევნებზე მაქსიმალური შედეგის დადება შეუძლია. კვლევებიც აჩვენებს, რომ ნეგატიურ და პოზიტიურ რეიტინგებს შორის დადებითი მხოლოდ გახარიას აქვს, დანარჩენი ყველა მინუსებშია. გარკვეული ქარიზმაც შეიძინა, საღად მოაზროვნეა და, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს მოსწონს თუ არ მოსწონს, მას გახარიას იქით დღეს გზა არ აქვს. პარადოქსულ რაღაცას გეტყვით: გახარია ზუსტად იმიტომ დაინიშნა პრემიერად, რომ 20 ივნისს იყო მოვლენების ეპიცენტრში, რადგან ბიძინა ივანიშვილის მართვის მოდელი ასეთია, _ ის მშვიდად გრძნობს თავს მხოლოდ კომპრომეტირებულ ადამიანებთან. კომპრომატი მისთვის ადამიანის მართვის ინსტრუმენტია. 20 ივნისს, როდესაც გახარიაზე დაიდო კომპრომატი, მან ჩათვალა, რომ გახარია მისთვის საშიში აღარ იყო და ზუსტად ამიტომ, ამის შემდეგ დანიშნა პრემიერად. ის, ფაქტობრივად, ქვეყანას კომპრომეტირებული ადამიანებით, დოსიეებით მართავს. ასეთი დოსიე, რა თქმა უნდა, ყველაზე არსებობს, მათ შორის, გახარიაზე. 20 ივნისი ზუსტად გახდა გახარიას საპრემიერო კარიერის დასაწყისი და არა დასასრული. არსებობს მეორე საფრთხე, რაც ივანიშვილს არ მოსწონს: ერთი მხრივ, გახარია არ არის მისთვის სახიფათო, მაგრამ ანგრევს მითოსს, რომ ყველგან და ყველაფერში ივანიშვილია და სწორედ მის ხარჯზე არიან ეს ადამიანები ხელისუფლებაში. ჩნდება განცდა, რომ არჩევნებს იგებს არა ივანიშვილი, არამედ _ გახარია. მიუხედავად იმისა, რომ გახარია პირადად ივანიშვილისთვის საფრთხე არ არის, თვითონ ეს ლეგენდა ივანიშვილისთვის ხიფათს წარმოადგენს იმიტომ, რომ მის მითოლოგიას ანგრევს მთლიანად. აქედან გამომდინარე, მისი ამოცანა დღეს არის ის, რომ გახარიას შეასრულებინოს შავი სამუშაო, მაგრამ მთელი დივიდენდები თვითონ წაიღოს, ანუ გახარიას გააკეთებინოს, მაგრამ ამ გაკეთებულ საქმეს დაერქვას ბიძინა ივანიშვილის სახელი. ამას როგორ მოახერხებს ივანიშვილი, ეს უახლოეს თვეებში გამოჩნდება. გამომდინარე იქიდან, რომ გახარია ივანიშვილისთვის საშიში არ არის, რადგან ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი მოშორება, რა ენაღვლება _ ან გადააგდებს, ან დაიტოვებს დიდ რუხ მასაში გათქვეფილს, რადგან მოდელი ასეა აწყობილი. ივანიშვილი თავისი ბიზნესმოდელით ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ არათუ პარტია, არამედ სააქციო საზოგადოებაა, რომლის აქციების 100% მისი საკუთრებაა. შესაბამისად, ის უფლებამოსილია მენეჯმენტი დანიშნოს, მოხსნას და ა. შ., ასე უყურებს ივანიშვილი ამ მოდელს.
_ დღევანდელი მოცემულობით რეკორდულად იზრდება კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა. რით ახსნით ამ ფაქტს _ მოადუნა თუ არა ყურადღება ხელისუფლებამ? ასევე ამავე ნაწილში არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლება ხელოვნურად ზრდის სტატისტიკას. არჩევნების მოახლოებასთან ერთად რამდენად რეალისტური გგონიათ ეს?
_ თუ ხელისუფლება ამ თამაშს თამაშობს, ეს ძალიან სარისკოა, რადგან თუ რაღაცას გადაამლაშებ, შეიძლება პრობლემა ცუდად შემოგიტრიალდეს. სპარტაში, როცა ომში მიდიოდნენ ასეთი გამოთქმა იყო: ფარით ან ფარზე. ამის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, ასე გამოდის: კორონით ან კორონაზე. კორონა ამ პერიოდში დივიდენდების მოპოვების თვალსაზრისით ხელისუფლების მოკავშირე იყო, მაგრამ თუ ძალიან გაერთნენ ამ თამაშით, ეს შეიძლება, პირიქით, ძალიან ცუდად შემოუტრიალდეთ. თუ მართვის კონტროლი დაიკარგა, ეს შეიძლება ხელისუფლების მიმართ სერიოზულ აგრესიაში გადაიზარდოს. თუ დაიკარგა განცდა, რომ ხელისუფლების კრიზისმენეჯმენტი ეფექტიანია, ეს პირიქით დატრიალდება. დინამიკა კი იმას აჩვენებს, რომ შეიძლება ასე მოხდეს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. დღეში 100 კაცი რომ დაინფიცირდეს, 2-3 კვირაში შესაძლოა, ჩვენი რესურსები ამოიწუროს. ეს იმ პერიოდში ხდება, როდესაც ჩვეულებრივი ვირუსები და კორონავირუსი ერთმანეთში გადაიზილება და მათი გაყოფა ძალიან გაჭირდება. შეიძლება, ასეთ პირობებში გადახურდეს ჯანდაცვის სისტემა და ხელისუფლებამ დაკარგოს მართვის სადავეები. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას რეალობა ძალიან ცუდად შეიძლება შემოუტრიალდეს. ასე რომ, ეს ძალიან სარისკო, ანტიჰუმანური და სადისტური თამაში იქნება, თუ ვიღაც ამ ყველაფრით მანიპულირებას დააპირებს. არ მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლება ამას აკეთებს, რადგან ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა. სჯობს, ამის გამოყენება აზრადაც არავის მოუვიდეს, _ არც ხელისუფლებისა და არც ოპოზიციის მხრიდან. ადამიანების სიცოცხლესთან თამაში უმძიმესი დანაშაულია, რასაც ეძლევა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაცია. ამ ეტაპზე არ მგონია, რომ სისტემურად ხელისუფლება ხელოვნურად ზრდიდეს სტატისტიკას. შეიძლება, პატარ-პატარა რაღაცებს ეშმაკობენ, მაგრამ ის, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის სტატისტიკას ხელოვნურად ზრდიდნენ, ამას, პრაქტიკულად, გამოვრიცხავ, რადგან ფარულად ამის გაკეთება, უბრალოდ, შეუძლებელია. ჩვენ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ. გარდა ამისა, ძალიან სარისკოა, რომ ამ თამაშ-თამაშში შეიძლება ისე გაგექცეს პროცესი, რომ ყველაფერი თავზე ჩამოგეხმოს.
ნენე ინჯგია