გელა ვასაძე: „ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის ძირითადი საფრთხე ისევ ჩვენ ვართ“
ირინა მაკარიძე
რას ნიშნავს რუსეთის გააქტიურება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით? რა გეგმები აქვს ოკუპანტ ქვეყანას ამ მიმართულებით? რამდენად მზად არის ქართული პოლიტიკური სპექტრი გეოპოლიტიკური გამოწვევების გასამკლავებლად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „საქართველოს სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ ექსპერტი, ანალიტიკოსი გელა ვასაძე:
_ რუსეთს აქვს ერთი სტრატეგიული ამოცანა, რომ როგორღაც კონტროლი ჰქონდეს სამხრეთ კავკასიის კომუნიკაციებზე, რადგან რუსეთი დაბლოკილია დასავლეთის მხრიდან, უკრაინაში წამოწყებული აგრესიული ომის გამო. უკრაინა-მოლდოვეთის მიმართულება გასაგებია; მაგრამ პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებისა და ფინეთის მიმართულებით კომუნიკაციები შეწყვეტილია. ერთადერთი კომუნიკაცია რუსეთის ევროპული ნაწილისთვის არის სამხრეთ კავკასია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ძირითადი მოსახლეობა ცხოვრობს ევროპულ ნაწილში, აქედან გამომდინარე, რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიის კონტროლს. სამხედრო ძალით ვერ დაგვიპყრობს გარკვეული მიზეზების გამო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. აქედან გამომდინარე, ჰიბრიდული ომის მეშვეობით აპირებს კონტროლის დაბრუნებას სამხრეთ კავკასიაზე, ძირითადად, საქართველოზე, იმიტომ, რომ საქართველოს არის საკვანძო ქვეყანა. ამ სიტუაციაში მთავარი საკითხი გახლავთ კომუნიკაციების გახსნა აფხაზეთის გავლით. სქემა მარტივია: რუსეთის სტრატეგიული ამოცანა დღეს არის აფხაზეთის გავლით კომუნიკაციების გახსნა. თუ შენდება და აუცილებლად აშენდება ანაკლიის პორტი, მნიშვნელოვანია, თუ ვინ ააშენებს მას. ჩინელები თუ აშენებენ ან რომელიმე არადასავლური კომპანია, რუსეთისთვის ჩნდება შესაძლებლობა, რომ აფხაზეთის გავლით შემოვიდეს იქ საქონელი და უპრობლემოდ გავიდეს ევროკავშირში. ამით რუსეთი იბრუნებს სატრანზიტო ფუნქციას, რომ ძირითადი ტვირთი წავა რუსეთის გავლით. გარდა ამისა, რუსეთს, რა თქმა, უნდა, აინტერესებს სატრანსპორტო კავშირი თურქეთთან, ირანთან და სხვა ქვეყნებთან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უახლოეს ხანში ძალიან გააქტიურდება ეს საკითხი, რაც არის კომუნიკაციების გახსნა აფხაზეთის გავლით.
_ ბატონო გელა, ბოლო პერიოდში სიგნალები წამოვიდა აფხაზეთიდან დიალოგის საჭიროებაზე, მათ შორის იყო წინა კვირაში დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივან სერგეი შამბას განცხადება, რომ „ქართულ-აფხაზური კონფლიქტი შვილებსა და შვილიშვილებს არ უნდა გადაეცეს“, რასაც, თავის მხრივ, მოყვა საქართველოს მმართველი ძალის წარმომადგენლების მხრიდან დიალოგის უალტერნატივოაზე ლაპარაკი. რას იტყვით ამის შესახებ?
_ ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ გაიხსნას კომუნიკაციები, გაიხსნას რკინიგზა აფხაზეთის გავლით, ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობის რუსეთისთვის და ეს საკმაოდ აწყობს ჩინეთს. იმაზე მეტად აწყობს, ვიდრე „ცენტრალური დერეფნის“ (ეძახიან „ტრანსკავკასიური“, მაგრამ ვალერი ჩეჩელაშვილმა შემოიღო ტერმინი „ცენტრალური დერეფანი“ და ძალიან კარგი ტერმინია, მე მომწონს). „ცენტრალურ დერეფანში“ შედის: ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით, მერე აზერბაიჯანი, საქართველო ან თურქეთი. „ცენტრალური დერეფნის“ ალტერნატივაა ზუსტად რუსეთის დერეფანი, ანუ „ჩრდილოეთის დერეფანი“. სწორედ ამ „ჩრდილოეთის დერეფნის“ გასაცოცხლებლად კეთდება ეს ყველაფერი.
_ ანუ არანაირი სენტიმენტალური გრძნობები აფხაზებს ჩვენ მიმართ არ გასჩენიათ და ეს ყველაფერი უკავშირდება რუსეთის გეგმების განხორციელებას, ამას ამბობთ?
_ პირდაპირ გითხრათ? გრძნობები როგორ არ გააჩნიათ ჩვენ მიმართ! _ ვძულვართ, ყველაზე საზიზღრები ვართ აფხაზებისთვის. წაიკითხეთ, თუ გნებავთ, მათი ოფიციალური წყაროები ან არაოფიციალური. ხომ ვხედავთ, სოციალურ ქსელებში რა ხდება? ეს არის ფაქტი, ამ ფაქტის დანახვის ჩვენ გვეშინია. ყველას არა, მაგრამ ძირითად მასას ვძულვართ. პროპაგანდა, რომელიც მუშაობდა 30 წლის განმავლობაში, მიმართული იყო იმაზე, რომ „ქართველი არის მტერი, ქართველი არის ფაშისტი და ქართველი არის არაადამიანი“. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, რატომღაც. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის აღიარების გვეშინია.
_ ჩვენი გაცხადებული მიზანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ მიმართულებით დგამს ქვეყანა ნაბიჯებს. რას იტყვით უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანის პოზიციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე? უქმნის თუ არა ეს თემა საფრთხეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას? აღნიშნავენ იმასაც, რომ ორბანი, რომელიც პუტინს ართმევს ხელს, მისი ინტერესების გამტარებელია, საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ამაზე რას იტყვით?
_ ორბანის პოზიცია უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე არ არის კავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან. ვერაფერს გეტყვით, რამდენად არის ორბანი პუტინის ინტერესების გამტარებელი. შესაძლოა, ის ასე ხედავს თავის მისიას, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, და ეს აზრი სერიოზულად მუსირებს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო არის რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი აგენტი. ძალიან სერიოზული ხალხი ამბობს ამას.
გეტყვით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის ძირითადი საფრთხე ისევ ჩვენ ვართ. ჩვენ არ ვართ მენტალურად მზად ევროინტეგრაციისთვის. ევროპელი ნიშნავს, რომ არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას, ევროპელი ნიშნავს, რომ არ დაუშვებს კანონის დარღვევასა და იგნორირებას და სხვ. იმედი მაქვს, რომ იზრდება ეს ახალი თაობა, მოდიან ახალგაზრდები, რომლებიც მართლა ევროპელები იქნებიან. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მივიღებთ, ალბათ, დანიშნულიც აქვთ უკვე ზეიმი.
_ რაც შეეხება გარეშე ფაქტორს, შეეცდება თუ არა რუსეთი ხელის შეშლას საქართველოსთვის?
_ ამ ნაწილში არ მგონია, რადგან, ობიექტურად, რუსეთს აწყობს, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. აწყობს, რადგან საქართველოსა და ევროკასვშირის სავაჭრო ურთიერთობებით ისარგებლებს რუსეთი და საქართველოს მეშვეობით გაუშვებს თავის საქონელს ევროპაში. რუსეთი ქმნის თავის ეკოსისტემას, ბიზნესია ეს, სხვა არაფერი, ამ ბიზნესში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი და მათთან დაახლოებული პირები.
_ როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა? რა ნაბიჯებს უნდა დგამდეს, რომ რუსეთის ეს ინტერესი გამოიყენოს ქვეყნის სასარგებლოდ და არა პირადი ინტერესებისთვის? ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას თუ ვერ შეძლებს, თუნდაც ოკუპირებული რეგიონების ციხეებში ჩვენი მოქალაქეების გამოხსნას მიაღწიოს?
_ თქვენ რასაც ამბობთ, ამისთვის სისტემურად უნდა შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლება. სისტემურად შეცვლა რამდენად შესაძლებელია, მეც საკმაოდ ფანტაზიორი ვარ, მაგრამ ამდენი ფანტაზია არც მე მაქვს, რომ წარმოვიდგინო, _ იმ ჯგუფმა, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში, ისე შეცვალოს პოლიტიკა, მისაღები იყოს ქვეყნის ინტერესებისთვის. სამწუხაროდ, ასეთ ჯგუფს დღეს ვერ ვხედავ ვერც ოპოზიციაში.
_ რატომ? ოპოზიცია სხვადასხვა პარტიისგან შედგება, ვერც ერთ მათგანში ვერ ხედავთ საღ აზრს?
_ ოპოზიციური სპექტრიდან მესმის ემოციური განცხადებები, მაგრამ ვერ ვხედავ საღ ალტერნატივას, კონკრეტულ გეგმას, ჩრდილოვან კაბინეტს, რომელიც იმუშავებს და ალტერნატიულ ნაბიჯებს შემოგვთავაზებს ყველა საკითხზე. ვხედავ ყვირილს, კივილს, შეტაკებებს შიგნით. ძალიან დიდი გულის ტკივილით ვამბობ ამას, ეს არ არის ისეთი პოლიტიკა, რომელიც წაადგება მოსახლეობასა და ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სისტემურად და მენტალურად უნდა შევიცვალოთ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც.
_ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური სპექტრის განცხადებები პოპულისტურია და ნაკლებად შინაარსობრივი?
_ აბსოლუტურად, შინაარსი საერთოდ არ არსებობს, არის პოპულიზმი, ემოციები… ღრმა ანალიზსა და შინაარსს ვერ ვხედავ, შეიძლება არსებობს, მაგრამ მე ვერ ვხედავ…
_ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური სპექტრი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა, უნდა გავხდეთ მიმზიდველები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აფხაზებისა და ოსებისთვის. რამდენად რეალისტურად მიგაჩნიათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეს გზა?
_ ზოგადად, ჭეშმარიტებაა. მაგრამ აქამდე რომ მიხვიდე, ხომ უნდა იცოდე, რა უნდა გააკეთო?.. დავიწყოთ იმით, რომ არავითარი სტრატეგია, ზუსტად დასახული მიზანი არ გაგვაჩნია. ევროკავშირის წევრობა კი კარგია, მაგრამ ევროკავშირის წევრობა რისთვის გვინდა, როგორი ქვეყანა უნდა გავხდეთ? ამდენი პოლიტოლოგი, ამდენი ანალიტიკოსი გვყავს, ამდენი ფილოსოფოსი გვყავს, მაგრამ საზოგადოებაში არ არსებობს ჯანსაღი დისკუსია ქვეყნის მოწყობის მოდელზე, მაგალითად, როგორი უნდა იყოს გადასახადები, დაბალი თუ მაღალი? როგორ უნდა დაეხმარო კულტურას? როგორი უნდა იყოს განათლების სისტემა? და ა. შ.
_ თემატურ საკითხებზე რომ არ არის დისკუსია, ეს პრობლემა საიდან მოდის, _ პოლიტიკური სპექტრიდან თუ საზოგადოებიდან არ არის დაკვეთა?
_ არ არის დაკვეთა, მაგრამ საზოგადოებას უნდა შესთავაზო, რომ მას მოთხოვნა გაუჩნდეს. არ იცის საზოგადოებამ, ეს რა ხილია და იმიტომ. დემოკრატია, ზოგადად, ახალი ხილია ჩვენთვის.
_ გაქვთ მოლოდინი თუ არა, რომ 2024 წელს არჩევნებზე ხელისუფლება შეიცვლება?
_ ეს არავინ იცის, ძალიან ბევრი შიდა და გარე ფაქტორი არსებობს. დღეს რომ ჩატარებულიყო არჩევნები, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, „ოცნება“ მიიღებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას და უპრობლემოდ.
_ რატომ ფიქრობთ ასე?
_ იმიტომ, რომ ფინანსური, საორგანიზაციო და იდეოლოგიური ალტერნატივა არ არსებობს. „ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ პოლიტიკის“, _ ეს გასაგებია, მაგრამ არ არის საკმარისი. რას სთავაზობს ამომრჩეველს ოპოზიცია? დასავლურ არჩევანს? „ოცნებაც“ ამბობს, რომ ჩვენც ვართ პროდასავლური არჩევანის მომხრეები, ჩვენც ვართ დემოკრატიის მომხრეები. რომ შეადარო ხელისუფლებისა და ოპოზიციის რიტორიკა, წვრილმანებში თუ არ ჩაყევი, იგივეა. დღეს ასეთი ვითარებაა, რომ ხელისუფლება არ არის მზად ძალაუფლების დასათმობად, ოპოზიცია არ არის მზად ხელისუფლების ასაღებად, _ ეს არის რეალობა.
_ არსებობს მოსაზრება, რომ მომავალ არჩევნებში ხელისუფლება თავისი პროპაგანდისთვის გამოიყენებს კანდიდატის სტატუსის საკითხს, ამაზე რას იტყვით?
_ კანდიდატის სტატუსი აუცილებლად უნდა მიგვეღო და იმედია, მივიღებთ. აქ ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია ქვეყნის ისტორიულ არჩევანზე. ან ვართ იმ დიდ სივრცეში, რასაც ჰქვია ევროპა, ან არ ვართ. ჩვენ ვიქნებით ამ სივრცეში. ევროკავშირი გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გვიღებს ამ კარს, მაგრამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ არის ჯილდო ან თასი, რომელიც მოვიგეთ, ეს არის ტექნიკური საშუალება, რომ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და ევროკავშირმა ტექნიკური დახმარება გაგვიწიოს, რომ დავნერგოთ ევროპული სტანდარტები.
_ გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველომ, განსხვავებით ბალტიის ქვეყნებისგან, ვერ შეძლო რუსეთის გავლენის სფეროდან გაღწევა. მაშინ გაკეთდა განცხადება, რომ „საქართველო დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა“, რაც ნიშნავდა, რომ დიდ მოთამაშეებს შორის არ იყო შეთანხმება საქართველოს ამ სივრციდან გასვლის შესახებ. ახლა არის თუ არა ის მომენტი, როდესაც შესაძლებელია, რუსეთს „დაათმობინონ“ საქართველო?
_ ვისაც ახსოვს საბჭოთა კავშირი, განსხვავება ჩვენსა და ბალტიელებს შორის იყო კოლოსალური. ისინი ყოველთვის იყვნენ ევროპელები. საზოგადოება იყო მზად. დღეს ვართ თუ არა მზად ევროპული ცხოვრებისთვის? გაცილებით მეტად ვართ მზად, ვიდრე იმ პერიოდში ვიყავით. ვართ თუ არა ბოლომდე მზად? _ ყოველდღიურად ვაბარებთ გამოცდას. ვნახოთ ამ გამოცდების შედეგები. ხელსაყრელი პირობები რეალურად გვაქვს. ჩვენ ვჭირდებით ევროკავშირს, ევროპულ ქვეყნებს, ჩვენ ვჭირდებით დასავლეთს, გამოვიყენებთ თუ არა ამას, ჩვენზე არის დამოკიდებული.