„გალის მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე დგას!“ – რას ჰყვება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტი?

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა თვე-ნახევრის წინ გამოვლინდა. მას შემდეგ საქართველოს ამ ძირძველ კუთხეში ეპიდვითარება დღითი დღე უარესდება, რასაც თავად სეპარატისტული მთავრობის წარმომადგენლებიც ვეღარ მალავენ. ასე მაგალითად, რამდენიმე დღის წინ აფხაზურმა მედიამ არაღიარებული რესპუბლიკის ..  ჯანდაცვის მინისტრ თამაზ ცახნაკიაგანცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ბოლო როს აფხაზეთში კოვიდ 19-ით ინფიცირების დინამიკა გარდ. ამასთან, ვრცელდება ცნობა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსი რუსეთიდან შევიდა.

სხვათა შორის, თავის დროზე, ანუ სანამ პუტინის მმართველობა აღიარებდა, რომ კორონა რუსეთსაც უტევდა, არაოფიციალური არხებით ვრცელდებოდა ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, განსაკუთრებით იმ რეგიონებიდან, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება, სოხუმისკენ მასობრივად დაიძრნენ. ამის მიზეზად ექსპერტები შიშს ასახელებდნენ, ე. ი., რუსეთის მოქალაქეები ცდილობდნენ, რომ კორონას ოკუპირებულ აფხაზეთში „დამალავდნენ“, თუმცა ამ, როგორც იტყვიან, მიზანმა საშუალება ვერ გაამართლა.

როგორი ეპიდვითარებაა ოკუპირებულ აფხაზეთში და რა ნაბიჯებს დგამს სეპარატისტული ე. წ. ხელისუფლება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით? – ყველაფერ ამაზე „ქრონიკა+“ ქართველ სტუდენტს, პარტია „კანონი და სამართლის“ წევრ გურამ საჯაიას ესაუბრა, რომელიც ამჟამად სოფელ ოტობაიაში იმყოფება.   

გურამ, როგორც ვიცი, ახლა ოკუპირებულ აფხაზეთში ხარ. რა ხდება კორონაპანდემიის კუთხით ოკუპირებულ რეგიონში, ანუ აქვს თუ არა ხალხს პანიკა და მოქმედებს თუ არა აკრძალვები და შეზღუდვები?

– კორონაპანდემია, ბუნებრივია, აფხაზეთსაც შეეხო. 26 თებერვლიდან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდა და კომენდანტის საათიც შემოიღო. მეორე დღესვე ენგურის ხიდიც ჩაკეტა, რადგან საფრთხეს  საქართველოდან გრძნობდა.

ერთი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ აკრძალვები და შეზღუდვები ისევ არსებობს, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილს დასრულდა (სხვათა შორის, საგანგებო მდგომარეობის დროს, დე ფაქტო კანონმდებლობით, ე. წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია არ შეიძლება), თუმცა საქართველოსთან კავშირი ისევ გაწყვეტილია.

გალის მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე დგას. დღევანდელი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში covid-19-ის სულ 18  შემთხვევაა დაფიქსირებული. ისე, მოსახლეობა ამ მდგომარეობას უკვე შეეჩვია და პანიკა არ არის. ყოველ შემთხვევაში, სოხუმში ერთ ადამიანსაც ვერ ნახავთ, რომელსაც ნიღაბი უკეთია.

ისე ხომ არ მოხდება, რომ კორონამ აფხაზეთის საქართველოსთან დაბრუნების პროცესი დააჩქაროს?

– აისბერგი დაიძრა, მაგრამ საით გადაიხრება – ჩრდილეთისკენ თუ სამხრეთისკენ, ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

ახალი დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია და ე. წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ქართველების მიმართ პოზიტიურად არიან განწყობილნი. ამასთან, პირდაპირ დიალოგსა და ურთიერთობების აღდგენაზეც ღიად საუბრობენ. ამიტომ შესაძლოა, მალე პოზიტიური სიახლეები გავიგოთ.

სხვათა შორის, გალის ქართველი მოსახლეობა ასლან ბჟანიას გუნდზე დიდ იმედებს ამყარებს და იმის იმედიც აქვს, რომ აფხაზებთან საერთო ენას გამონახავს. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

სხვადასხვა წყაროს ინფრომაციით, აფხაზეთში კრიმინოგენუ ვითარება ძალიან მძიმეა. ასევე არსებობს ცნობა, რომ ბევრიკანონიერი ქურდიასოხუმში. ამ კუთხით რისი თქმა შეგიძლია?

– ვერ გეტყვით. სამწუხაროდ, ინფორმაცია არ მაქვს.

გურამ, როგორია აფხაზეთში მცხოვრები სტუდენტების მდგომარეობა, ანუ ახერხებთ ონლაინსწავლებაში ჩართვას?

– თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას გვაძლევს. დიახ, ჩართული ვართ ონლაინ-სწავლებაში და, ჯერჯერობით, შემაფერხებელი ფაქტორი არ ყოფილა, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა, რომ ფინალური გამოცდები უნივერსიტეტში ჩატარდეს, მაგრამ როგორც გითხარით, დე ფაქტო გამშვები პუნქტი ჩაკეტილია და ფინალურ გამოცდებს როგორ ჩავაბარებთ, არ ვიცი.

 სეპარატისტული ხელისუფლება კორონაზე ინფორმაციას ხომ არ მალავს?

– არ ვიცი, შესაძლოა, მალავს კიდეც. საერთოდ, აფხაზეთში მედიცინა ისე არაა განვითარებული, როგორც თბილისში.

– რას გულისხმობ?

– მაგალითად, ვერ ხერხდება covid-19-ზე ტესტირება. ეს კი, ბუნებრივია, იწვევს ეჭვს, რომ რეალური სტატისტიკა შეიძლება, იმალება.

რუსეთის ბევრი მოქალაქე კორონასგან თავის დასაცავად აფხაზეთში მართლა ჩამოვიდა?

– 27 მარტის შემდეგ ფსოუ ჩაიკეტა, რადგან ჩრდილოეთიდან რეალური საფრთხე არსებობდა.

თუ გახსოვთ, ვიდეო გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანდა, რომ მსუბუქი ავტომობილები გადმოდიოდნენ, სადაც თითქოს შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები ისხდნენ, მაგრამ ეს სიმართლეს  არ შეესაბამება.

– რატომ?

– ეს ადამიანები, რეალურად, 22 მარტს ჩატარებული ე. წ. პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლები იყვნენ.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, თუნდაც, ჯანმრთელობის კუთხით?

– მინდა, საქართველოს ხელისუფლებას მივმართო: არსებული პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ეთნიკური აფხაზებისთვისაა ხელმისაწვდომი, არასაკმარისია! მე  საქართველოს მოქალაქე  ვარ და ოკუპანტებთან ერთად ცხოვრება მიწევს. 30 წელია, ეს ხალხი ტყვეობაშია. ამიტომ ამ ადამიანებს „ფერეიდნელ გალელებს“ ვუწოდებ.

დიახ, რეალურია საფრთხე, რომ ახალგაზრდობამ მშობლიური ენა დაივიწყოს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან აქ გმირთა მიწაა! თუ გალის მოსახლეობას ჩვენს მოქალაქეებად აღვიქვამთ, მაშინ მათზეც უნდა ვიზრუნოთ! საჭიროა უფრო მეტი გაკეთდეს. ჩვენსა და აფხაზებს შორის ხიდი გალსა და გალელებზე გადის!

მჯერა, კორონაპანდემიას დავამარცხებთ და ურთიერთობას გავაგრძელებთ! დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ინტერვიუს სოხუმში ჩავწერთ.

გიორგი აბაშიძე