ბრძოლა აჭარის ტელევიზიისთვის
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკა წელიწადი და ოთხი თვეა, რაც პროსახელისუფლოა და აქტიურად დგას „ქართული ოცნების“ სამსახურში.
2019 წლის 22 ნოემბერი არის თარიღი, როდესაც ტელევიზიის შტურვალი, მკვეთრად პოლიტიზებული და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ბორდის სამმა წევრმა _ თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა _ გიორგი კოხრეიძეს გადასცა. სწორედ აქედან იწყება აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება და დაძაბულობა მთლიანად მაუწყებელში. ამ დროისთვის მაუწყებლის დატოვება კოხრეიძის გამო რამდენიმე ჟურნალისტს მოუწია, ზოგიც კრიტიკული აზრის გამოთქმისთვის ჩამოაქვეითეს და ტელევიზიას განარიდეს.
ამ დრომდე არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მწვავე შეფასება დაგროვდა იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია სრულიად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მკვეთრად ატარებს მმართველი გუნდის პოლიტიკას. ჯერ კიდევ მიმდინარეობს იმ თანამშრომელთა სასამართლო პროცესები, რომლებიც მაუწყებლიდან ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებების გამო გაათავისუფლეს.
2020 წლის 31 დეკემბერს გიორგი კოხრეიძემ კონკურსის გარეშე ნიკა (იაკინთე) ჩხარტიშვილი პირველ მოადგილედ დინიშნა. ფაქტმა გარკვეული კითხვის ნიშნებიც გააჩინა, თუმცა ტელევიზიის Hღ სამსახურის ხელმძღვანელ ემზარ პაქსაძის განმარტებით, კოხრეიძეს სრული უფლება ჰქონდა, მოადგილე უკონკურსოდ დაენიშნა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ნიკა ჩხარტიშვილის დანიშვნა არ ყოფილა შემთხვევითი , ის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძის კადრია. ბოლო პერიოდში სწორედ ჩხარტიშვილი აკონტროლებდა, თუ რა სახის ინფორმაცია განთავსდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ვებგვერდზე. მეტიც: მას შემდეგ, რაც მაუწყებელი არსასურველი პირებისგან კოხრეიძის ხელით „გასუფთავდა“, მისი იმპიჩმენტის საკითხიც აქტიურად იდგა დღის წესრიგში. კოხრეიძის იმპიჩმენტს ბორდის წარმომადგენელთა ერთი ნაწილის მხარდაჭერაც ჰქონდა. მაგალითად, სოსო სტურუასთან დაახლოებული პირი გვიყვება, რომ სტურუა ერთ-ერთი იქნებოდა, რომელიც მოქმედი დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერდა: „მე მხარს დავუჭერ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხს, რადგანაც მიმაჩნია, რომ მაუწყებლის პრესტიჟი დირექტორის იმპიჩმენტით საზოგადოებაში ამაღლდება“, _ გვიყვება წყარო.
„ქრონიკა+“ სოსო სტურუას დაუკავშირდა:
_ რამდენად რეალურად იდგა დღის წესრიგში მოქმედ დირექტორ გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხი?
_ პირველად მესმის თქვენგან აღნიშნული ინფორმაცია. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არც გიორგი კოხრეიძის და არც ჩემი იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
სტურუასგან განსხვავებით, დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის დღის წესრიგში არსებობას არ უარყოფს ბორდის ერთ-ერთი წევრი, გია ქარცივაძე:
„კულუარულად სხდომების შიგნით გვისაუბრია აღნიშნულის შესახებ, თუმცა არსებობს შიშის ფაქტორი, რის გამოც სერიოზულად საკითხის განხილვაზე უარს აცხადებენ“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში აჭარის მთავრობის ხელმძღვანელ თორნიკე რიჟვაძეს რომ პოზიციები გამყარებული აქვს, ეს არხის ვებგვერდიდანაც კარგად ჩანს და ჩვენთან საუბარში ბორდის წევრი გია ქარცივაძეც გვიდასტურებს. ქარცივაძეს ისიც ვკითხეთ, შესაძლებელი იყო თუ არა, ნიკა ჩხარტიშვილი ტელევიზიის ახალ დირექტორად გვეხილა, ვინაიდან ცნობილია მისი ახლო კავშირი თორნიკე რიჟვაძესთან, რაზედაც ქარცივაძემ განგვიმარტა, რომ იმპიჩმენტის შემთხვევაშიც კი მხოლოდ ერთი თვის მანძილზე შეძლებდა ჩხარტიშვილი დირექტორის მოვალეობის შესრულებას, შემდეგ კი დირექტორის არჩევნები ჩაინიშნებოდა, სადაც ის შესაბამისი კვალიფიკაციის არქონის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
„ქრონიკა+“-ს წყარო უყვება, რომ სიტუაცია მას შემდეგ, შეიცვალა მკვეთრად, რაც ხელისუფლების სადავეები ხელმეორედ გადაეცა ირაკლი ღარიბაშვილს და უკვე მეორედ მოგვევლინა პრემიერის რანგში. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი კოხრეიძე მის ადმინისტრაციაში, შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭოში, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მუშაობდა (აღნიშნულს თავად კოხრეიძეც გვიდასტურებს), იმპიჩმენტის საკითხი და მის ადგილზე ნიკა ჩხარტიშვილის გადაყვანა ამ ეტაპზე აღარ განიხილება. მეტიც: აჭარაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან რიჟვაძეს თანამდებობის დატოვებაც კი მოსთხოვეს (აღნიშნულ საკითხს სიღრმისეულად „ქრონიკა+“ მკითხველს მომდევნო ნომრებში შესთავაზებს).
„2013 წელს შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭოში ვმუშაობდი, რომელიც არსამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით იყო წარმოდგენილი“, _ გვეუბნება კოხრეიძე.
„ქრონიკა+“ აქტიურად ადევნებს თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მომდინარე პროცესებს.
შეგახსენებთ: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე 2019 წლის 22 ნოემბერს სამწლიანი ვადით აირჩიეს. მისი დირექტორობის პერიოდში კი მან უკვე მოახერხა მაუწყებლისთვის ჩამოეშორებინა კრიტიკული კითხვის დამსმელი ჟურნალისტები და გარდა ამისა, სწორედ კოხრეიძის დირექტორობის პერიოდში გასაჯაროვდა არხის პირადი კამერების ჩანაწერები სადაც, თანამშრომელთა კონფლიქტური სიტუაცია იყო ასახული, რაც არასამთავრობო სექტორმა მკვეთრად უარყოფითად შეაფასა.
გიგა გელხვიიძე