ბორის ყურუა: „ამომრჩეველი გულწრფელობას უფრო დააფასებს“
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ძირითადად, მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკოსები არიან. ამომრჩევლებს უკვე წლებია, მათგან ერთი და იგივე დაპირებები ესმით.
ქართული პოლიტიკა 30 წელია, ერთი იგივე წრეზე ტრიალებს და, შესაბამისად, არ იცვლება პარტიების სტრატეგია და წინასაარჩევნო კამპანიის სტილი. წელსაც პარტიები, გასული არჩევნების მსგავსად, ძველი თაობის პოლიტიკოსებზე დებენ ფსონს, თუმცა „გირჩი“ ის გამონაკლისი პარტიაა, რომელმაც არჩევანი ახალგაზრდა კანდიდატზე შეაჩერა და სენაკი-ფოთი-ხობის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად ბორის ჩელე ყურუა წარადგინა.
ბორის ყურუამ ფეისბუქზე დაწერა:
„ამ არჩევნებში მე ვიქნები ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „გირჩიდან“.
პოლიტიკაში დიდი გამოცდილება არ მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ მაქვს გამოცდილება, ანუ იმდენივე გამოცდილება მაქვს, რამდენიც _ ფინანსური სახსრები.
სამაგიეროდ, იდეისთვის თავდადებული ბევრი ტიპია ჩემ ირგვლივ და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ჩხუბს, ძიძგილაობასა და ა. შ. არ მგონია, სხვა რამ სჭირდებოდეს კიდევ.
დაგააფდეითებთ ხოლმე“.
რატომ გადაწყვიტა მაჟორიტარობა, რას დაჰპირდება ამომრჩეველს და რა უპირატესობები აქვს სხვა კანდიდატებთან შედარებით ჩელეს?
აღნიშნულ თემების შესახებ „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ ბორის ყურუას ესაუბრა:
_ ვინ არის ბორის ყურუა?
_ ბორის ყურუა არის იურისტი, სისხლის სამართლის მაგისტრი, სამოქალაქო აქტივისტი და „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ ლოკალური კოორდინატორი 2016 წლიდან. დიდი ხანია ვცდილობ, ყველა ჩემთვის შესაძლო პლატფორმიდან ადამიანები თავისუფლების იდეის სისწორესა და მის მნიშვნელობაში დავარწმუნო.
_ თქვენ როგორ გესმით თავისუფლების იდეა?
_ თავისუფლება არის ნაკლები სახელმწიფო და მეტი კერძო საკუთრება.
_ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა და რატომ „გირჩი“?
_ ნაპოლეონმა თქვა, თუ გინდა, საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთეო და, ალბათ, ყველა აქტივისტისთვის საბოლოო წერტილი იმის თავად კეთებაა, რისი კეთებისკენაც პოლიტიკოსებს მოუწოდებდა. მე არ მეგონა, ჩემთვის ეს მომენტი ასე სწრაფად თუ დადგებოდა, თუმცა დრო ის რესურსია, რაც ძალიან ცოტა გვაქვს. „გირჩს“ რაც შეეხება, ეს ერთადერთი ქართული ლიბერტარიანული პარტიაა და ვფიქრობ, ასევე ერთადერთი პარტიაა, რომელიც სრულად გულწრფელია ამომრჩევლის წინაშე.
_ ქართველი ამომრჩეველი, ძირითადად, სიყალბეს არის მიჩვეული. რამდენად ადეკვატურად მიიღებს ელექტორატი თქვენს გულწრფელობას და რამდენად მომგებიანი იქნება გულწრფელობა თქვენთვის პოლიტიკური თვალსაზრისით?
_ ვფიქრობ, ამომრჩეველი გულწრფელობას უფრო დააფასებს, ვიდრე ათასჯერ გადაღეჭილ მაღალი პენსიისა და საარსებო მინიმუმის დაპირებას.
_ რატომ დათანხმდით მაჟორიტარ კანდიდატობას, რა არის თქვენი მიზანი?
_ მიზანი, რა თქმა უნდა, გამარჯვებაა, თუმცა პროცესში მინდა, მაჟორიტარი კანდიდატის წინასაარჩევნო პლატფორმა გამოვიყენო იმ რაღაცებზე სასაუბროდ, რაც მნიშვნელოვანი მგონია. მინდა, ადამიანებს რაც შეიძლება მეტი ვესაუბრო პოლიტიკური თუ ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებაში და იმედი მაქვს, იქნებიან ისეთებიც, რომელთა გადმობირებასაც შევძლებ.
_ რა უპირატესობა გაქვთ სხვა კანდიდატებთან შედარებით და რომელია თქვენთვის ყველაზე ძლიერი კონკურენტი?
_ ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსი ფოთის, ხობისა და სენაკის საარჩევნო ოლქში წამოყენებულ კანდიდატთაგან, რა თქმა უნდა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიაა, თუმცა სამთავრობო კანდიდატის ხელში ადმინისტრაციული რესურსი და ხელისუფლების მხრიდან დახმარების მოლოდინია. კონკურენცია მართლაც დიდია, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩემს კონკურენტებზე ბევრად კარგად მესმის ოლქში არსებული პრობლემები და უკეთ ვიცნობ აქაურ ადამიანებს, რადგან მეც მათნაირი ვარ.
_ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს პოზიტიური და განსხვავებული საარჩევნო კამპანია აქვს ფოთში, ხობსა და სენაკში. როგორია თქვენი საარჩევნო კამპანია?
_ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, ბატონ გიგა ბოკერიას, მართლაც საინტერესო საარჩევნო კამპანია აქვს. ჩემი გეგმა მარტივია: მთელ რესურსს ადამიანებთან კომუნიკაციას ვახმარ. მართალია, ექვსას კაცზე გათვლილ სუფრას ვერ გავშლი, შეიძლება ვერც ჩემი ავტობუსით ვიარო საარჩევნო ოლქში, თუმცა მარტივი და გულწრფელი კომუნიკაცია ბევრად ეფექტიან გზად მესახება. ისე, ამ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებულების სიას თუ გადავხედავთ, გულწრფელობა არც ისე მომგებიანი რამ უნდა იყოს, თუმცა სათანადო ენერგიის დახარჯვის პირობებში მჯერა, რომ შედეგს გამოიღებს. არ მინდა, ამ ადამიანების ბელადი ან პატრონი ვიყო, როგორადაც უნდათ ხოლმე ქართველ პოლიტიკოსებს, მოევლინონ ამომრჩეველს. ჩემი, როგორც პარლამენტარის მისია, მარტივია: ვიბრძოლო იმისთვის, რომ აქ ხალხმა ბევრად უფრო თავისუფლად იგრძნოს თავი, ვიდრე გრძნობდა, თავისუფალი ადამიანი კი საკუთარ პრობლემებს მთავრობის ჩაურევლადაც მოაგვარებს.
_ როგორც ვიცი, „ფეისბუქზე“ საარჩევნო შტაბი გაქვთ, რამდენად ეფექტიანად მუშაობთ?
_ გადავწყვიტე, ჩემი საარჩევნო შტაბი ვირტუალურ სივრცეში ყოფილიყო და მასში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მოხალისეს, ვისაც უნდა, საარჩევნო კამპანიაში დამეხმაროს. საინტერესო ექსპერიმენტია, იაფია და შედეგზე ორიენტირებული. რაც მთავარია, ზედგამოჭრილია ჩემნაირი კანდიდატისთვის.
_ რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი ამომრჩევლის მისამართით? ყველა კანდიდატი გამოირჩევა დაპირებებით, თქვენ რას დაჰპირდებით ხალხს?
_ არჩევნები საქართველოში დაპირებების დოღს წააგავს. ყველა ცდილობს, მაქსიმალურად ბევრ ფულს დაპირდნენ ადამიანებს გამარჯვების შემთხვევაში და ასე მოიგონ მათი გული. არავინ არავის ეკითხება, საიდან აპირებენ ამგვარი დაპირებების შესასრულებლად რესურსების პოვნას? მე რაც შემეხება, დაპირებებს არ გავცემ. დაპირების შესასრულებლად საჭიროა, უმრავლესობაში იყო, რაც, ამ ეტაპზე, არარეალურია. შესაბამისად, ვცდილობ, ყველას დაპირების ნაცვლად ვუთხრა ის, თუ რა ღირებულებები მაქვს და რისთვის ვიბრძოლებ პარლამენტის ტრიბუნიდან ჩემი არჩევის შემთხვევაში. ჩემი მთავარი ღირებულება, რა თქმა უნდა, თავისუფლება და კერძო საკუთრების მაქსიმალური ხელშეუხებლობაა.
_ როგორ შეაფასებთ თქვენს შანსებს? ასევე 2020 წლის არჩევნებზე შეიცვლება თუ არა ხელისუფლება?
_ მგონი, შეფასებებისთვის ადრეა, ჯერ კიდევ არ გახურებულა პროცესი ისე, რომ ვიღაცების რეალური შანსები დავინახოთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება შეიცვლება, თუმცა ეს არ მოხდება ოპოზიციის განსაკუთრებული ჩართულობის გარეშე. მისასალმებელია ის შეთანხმება, რასაც ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს, ამგვარმა ერთიანობამ შესაძლებელია, უარყოფითი გავლენა იქონიოს ხელისუფლების შანსებზე. დაველოდოთ! ყველასთვის სასიკეთო იქნება, თუკი გადამგდები და არაფრისმაქნისი ხელისუფლება სადავეებს გაუშვებს ხელიდან.
_ თქვენ წარმოშობით ფოთიდან ხართ, შესაბამისად, ადგილობრივების პრობლემებს იცნობთ. რა აწუხებს დღეს ფოთის მოსახლეობას?
_ ფოთი არ არის იზოლირებული ადგილი, რომ აქ ადამიანებს განსაკუთრებული პრობლემები ჰქონდეთ, ისეთი, რაც სხვას არ აწუხებს. აქ შეიძლება თვალში მოგხვდეთ ინფრასტრუქტურული პრობლემები და ადგილობრივი ხელისუფლების აბსოლუტური უნიათობა. ქალაქი, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი უნდა იყოს, ბედის ანაბარადაა მიგდებული.
_ რეგიონებში მთელ რიგ პრობლემებში არიან ახალგაზრდები. თუ გაქვთ კონკრეტული გზავნილები მათი მისამართით?
_ ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვთ ამ ქვეყანაში, როგორც ახალგაზრდებს, ისე მოხუცებს, ბავშვებს, ქალებსა თუ მამაკაცებს. მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და არსებული პრობლემების აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ ამ მიზეზით გვაქვს. თუ მოვახერხებთ ეფექტიანი ცვლილებების განხორციელებას, რაც მოიცავს როგორც გადასახადების შემცირებას, ისე მასობრივ პრივატიზაციასა და სასამართლო რეფორმას, შეიძლება ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად გადავიქცეთ და ასე კატასტროფულად ღარიბები აღარ ვიყოთ. თუ ღარიბები აღარ ვიქნებით და სახელმწიფოც ხელს არ შეგვიშლის, ჩვენს პრობლემებს თავადვე მოვაგვარებთ, ჩინოვნიკების უსარგებლო გადაწყვეტილებების გარეშე.
ნენე ინჯგია