ბერ-მონაზონი ლეონ გელოვანი – „ცოდვილიც რომ იყოს, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანის უსაფრთხოება“
2021 წლის 5-6 ივლისს თბილისის ქუჩებში მოძალადეთა ნიაღვარი მოედინებოდა, რომელმაც წალეკა და გაანადგურა ყველაფერი, რაც კი ფერადი და თავისუფალი იყო. ოკუპანტის ფულით დაფინანსებული მოძალადე რადიკალები ამსხვრევდნენ და ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც არ მოსწონდათ და რასაც თავიანთი ლიდერები, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები, ზურა მახარაძე და დიდი კორკოტა კარნახობდნენ.
მხოლოდ საერო პირებს რომ არ მივადგეთ, მეტი სიცხადისთვის და ობიექტურობისთვის არ უნდა დაგვავიწყდეს პარლამენტის კიბეებიდან რიხიანი ხმით წვეროსნების დაძახილი: „დღეს ძალადობა კურთხეულია!“
ჰოდა, ასე! _ რუსული ფულითა და ნაკურთხი ძალადობრივი მოწოდებებით აღვსილი ბნელები ადგნენ, თითო „პოლიტრა“ გადაცალეს და უფლის სახელით ძალადობა დაიწყეს. ნამდვილად ამაზე იტყვიან: „За Родину, за Сталина!“, რადგანაც ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი მეზობელი ჯერ კიდევ მაგ იდეოლოგიით ცხოვრობს და ცდილობს, არც ერთი ის ქვეყანა არ გაახაროს, რომელსაც ერთ დღესაც აღარ მოუნდა კარგა ხნის გარდაცვლილი ბელადისთვის ცხოვრება და მონობას განვითარება ამჯობინა. თუმცა სამშობლოს გამყიდველები, რომელთა დაქვემდებარებაშიც საკმაოდ ბევრი ბოგანო და გაუნათლებელია, ყველგან მოიპოვებიან და არც ჩვენი ბედკრული ქვეყანაა გამონაკლისი.
ქრისტიანობა რომ მხლოდ ჩვენი საკუთრება არ არის და მართლმადიდებლური ეკლესიები და სამღვდელოების წარმომადგენლები სხვა ქვეყნებსაც რომ ჰყავთ, ეს, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ. საქართველოში ჩვენი საპატრიარქოს გარეთ მყოფ სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებსაც ბევრგან გადააწყდებით, რომელთა წინამძღვრები, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრად ტოლერანტულები და შემწყნარებლები არიან, ვიდრე ისინი, ვინც ჩვენი „საამაყო“ საპატრიარქოს კალთის ქვეშ არიან გაერთიანებულები და ერთი ნატეხი პურისა და ერთი კოვზი ღვინის სანაცვლოდ განდობილ თქვენს აღსარებებს ერთმანეთს უყვებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, კარგა გვარიანად გვჭორავენ.
„ქრონიკა+“ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ბერ-მონაზონ ლეონ გელოვანს დაუკავშირდა. შევეცადეთ, ყველაფრისთვის თავისი სახელი დაგვერქმია, ისე როგორც საჭიროა და როგორც ამას ბიბლია გვეუბნება:
_ მამა ლეონ, როგორია თქვენი, როგორც სასულიერო პირის შეფასება 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების შესახებ?
_ 5-6 ივლისს ჩვენ ვიხილეთ ის, რისიც ეშინოდათ იმ ადამიანებს, რომლებიც გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მოძალადე ჯგუფებს. მათ რისიც ეშინოდათ და რასაც ამბობდნენ, რომ ცოდვის ზეიმი არ დატრიალდესო, სინამდვილეში, ეს მოხდა და მართლა ცოდვის ზეიმი დატრიალდა რუსთაველზე, თუმცა ეს ცოდვის ზეიმი იყო არა რაღაც „ევროპიდან შემოსული სისაძაგლის“ პროპაგანდა, როგორც ისინი სექსუალურ იდენტობას უწოდებენ, არამედ იყო ნამდვილად ცოდვის პროპაგანდა და ამ ცოდვას ჰქვია ძალადობა და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც, წესით, ყურადღება უნდა მიაქციოს, პირველ რიგში, სახელმწიფომ, _ ძალადობა ეს არის კანონდარღვევა და რაც მთავარია, ეს არის პრობლემა, რომელსაც ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს ეკლესიამ. მაგრამ აქ კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა იყო ის, რომ ამ ცოდვის მაპროვოცირებელი გახლდათ ეკლესია, რომელმაც პირდაპირ თუ ირიბად მოუწოდა ამ ხალხს, რათა გამოსულიყვნენ რუსთაველზე და შეჯახებოდნენ იმ ადამიანებს, რომლების მიმართაც ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილები. ყველამ იცოდა, რომ ეს ძალიან ცუდ შედეგს გამოიწვევდა.
_ ასეთ დროს როგორ უნდა მოქმედებდეს ეკლესია და რა ხდებოდა ჩვენთან ამ მხრივ?
_ ეკლესიას აქვს უფლება, ნებისმიერ რამეზე თქვას, რომ ეს არის ცოდვა, ეს მისი ნებაა. ეკლესიამ უნდა იქადაგოს თავისი წესები, თავისი მცნებები, ამაში ვერავინ შეედავება. ეკლესიამ შეიძლება გამოხატოს თავისი აზრი, რომელიც განსხვავებული შეიძლება იყოს საზოგადოების სხვა წევრებისგან. არც ეს არის პრობლემა და თუნდაც გამოხატოს მშვიდობიანი ლოცვითი შეკრებით თუ მსვლელობით. ძალიან მარტივად შეიძლებოდა მსგავსი რამ შესრულებულიყო, პირობითად, სამების საკათედრო ტაძარში, ზუსტად იგივე დროს ეს ხალხი მისულიყო, შეკრებილიყო და ეთქვა, რომ რაღაც არ მოსწონს, თავიანთი აზრი გამოეხატათ და ელოცათ უკეთესი ქვეყნისთვის. მაგრამ მოუნდათ, რომ ზუსტად ქაშვეთის ეკლესიაში გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ქაშვეთში არ ხდება ხოლმე ასეთი შეკრებები, რადგანაც ის საკათედრო ტაძარი არ არის. იქ მხოლოდ ტაძრის დღესასწაულების დროს იკრიბება ხალხი. მაინცდამაინც ქაშვეთში მოუნდათ ლოცვა და შეკრება, მაშინ, როდესაც მის წინ უნდა მისულიყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც აგრესიულად იყვნენ განწყობილები. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თავშივე ჰქონდათ დაგეგმილი ამ ყველაფრის არამშვიდობიანი გამოხატვის ფორმა. და ჩვენ ვიხილეთ ძალადობა არა იმ ადამიანების მიმართ, ვისკენაც თავდაპირველად იყო მიმართული ვექტორი, არამედ უფრო ფართომასშტაბიანი, სხვების, ამ შემთხვევაში, მედიის წარმომადგენლების მიმართ, რაც ნამდვილად იყო ცოდვის ზეიმი და ცოდვის პროპაგანდა.
_ საეკლესიო კანონები ახსენეთ და ათი მცნება გვეუბნება: არა კაც კლა. რეალურად კი სულ სხვა სურათი მივიღეთ _ ნაცემი და სამწუხაროდ გარდაცვლილი ჩვენი კოლეგა, ლექსო ლაშქარავა. ამ ყველაფერს ეს ადამიანები უფლის სახელით აკეთებდნენ. ბიბლიის რომელიმე ნაწილი ქადაგებს ძალადობას?
_ პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ლექსოს ოჯახსა და მის კოლეგებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ბიბლიის არც ერთი ნაწილი არ ქადაგებს ძალადობას და ზოგადად ქრისტიანობა გულისხმობს იმას, რომ ქრისტიანმა უნდა შეიყვაროს ყველა, განურჩევლად იმისა, ის მეორე ადამიანი ცოდვილია თუ _ არა; მისთვის მისაღებია თუ არ არის მისაღები კონკრეტული ადამიანის ქმედებები და ა. შ. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, მისაბაძი არის ქრისტე, რომელმაც სიყვარულის უდიდესი მაგალითი გვაჩვენა ქრისტიანებს და ეს მაგალითი იყო ჯვარცმა. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე ჯვარს ეცვა აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის, არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მისი მოწაფეები იყვნენ ან იმათთვის, ვისაც იგი უყვარდა, არამედ იმათთვისაც კი, ვინც ის ჯვარს აცვა, ვისაც იმდენად სძულდა ქრისტე და მასაც კი გამოუმჟღავნა ამხელა სიყვარული. იგი კაცობრიობის მთელი მოდგმისთვის ევნო ჯვარს ადამიანური ცოდვების გამოსასყიდად და უფალს შესთხოვდა, ეპატიებინა იმათთვის, ვინც ის ჯვარს გააკრა: „უფალო შეუნდე, რამეთუ არ იციან, რას სჩადიან“. ეს სიყვარულის უდიდესი მაგალითია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, სიყვარულის უპირველესი მაგალითი არის ქრისტე და შემდეგ მღვდელი, ეპისკოპოსი, პატრიარქი ან თუნდაც წმინდანი. იესო ქრისტემ გვაჩვენა უპირობო სიყვარული აბსოლუტურად ყველას მიმართ და თუკი ვინმე რამეს აკეთებს მისი სახელით, ეს უნდა იყოს განმსჭვალული სიყვარულით, ძალადობა კი შეუძლებელია, რომ სიყვარულით იყოს განმსჭვალული.
_ სახელმწიფო და ეკლესია _ რა ზღვარი უნდა არსებობდეს ამ ორ წამყვან ინსტიტუციას შორის? ჩვენს ქვეყანაში დადგენილია გარკვეული საზღვრები, რომ სახელმწიფო მეტწილად არ ერევა საეკლესიო ცხოვრებაში და ასე უნდა იქცეოდეს ეკლესიაც, თუმცა ეს ასე არ ხდება.
_ მადლობა ღმერთს, ჩვენ არ გვაქვს თეოკრატიული სახელმწიფო. პირველ რიგში, ქრისტიანობისთვის არის საზიანო თეოკრატია, რადგან ქრისტიანულ კანონებთან ის წინააღმდეგობაში მოდის, შესაბამისად, არც ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ ამისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო და ეკლესია იყოს გამიჯნული მრავალ საკითხში. მაგლითად, საქართველოში ხშირად ერევათ ერთმანეთში კანონდარღვევა და ცოდვა. ეკლესიისთვის შეიძლება რაღაც იყოს ცოდვა და ამას სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ვერ გააკონტროლებს და ვერ შეცვლის, ამაზე შეიძლება იყოს დისკუსია ეკლესიაში, მაგრამ ეს ეკლესიის საქმეა. თუმცა ის, რომ რაღაც არის ცოდვა, არ ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად კანონდარღვევაა. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ის ადამიანიც, რომელიც თუნდაც სჩადიოდეს ცოდვას, რომელიც ეკლესიისთვის არის მიუღებელი, ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ამ კონკრეტულ შემთხვევას, ჰომოსექსუალიზმს, არამედ ზოგად ჭრილში ვამბობ. თუ ქრისტიანებს უნდათ, რომ ადამიანმა ცოდვა არ ჩაიდინოს, ამის მაგალითი თავად ჩვენ უნდა ვუჩვენოთ, რათა ადამიანებს მოვუწოდოთ იმ ცხოვრებისკენ, რომელიც არის სწორი, მაგრამ თუ ჩვენ ვართ მოძალადეები და უზნეოები, და სწორედ უზნეობაა ის, რაც რუსთაველზე ვიხილეთ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, აღარ უნდა გვქონდეს პრეტენზია რამეზე და მით უმეტეს იმაზე, რომ სახელმწიფომ დაიცვას ცოდვისგან ვიღაც სხვა ადამიანები. ეს არ არის სახელმწიფოს ვალდებულება და ეს გამიჯვნა ძალიან მნიშნელოვანია როგორც ეკლესიისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის.
_ რამდენად უსაფრთხოა დღეს იცხოვრო ქვეყანაში, სადაც ფერადი ტანსაცმლის, საყურის, გრძელი თმებისა და მსგავსი რამის გამო შენკენ მოდიან საცემრად და ამ ძალადობას სწორედ სასულიერო პირები უნთებენ მწვანეს, როგორც ეს 5 ივლისს მოხდა. ასევე ტურისტების ცემისა და დაჭრის ფაქტსაც გავიხსენებ.
_ რა თქმა უნდა, ტურისტებიც არიან ფერადად ჩაცმულები და ქართველებიც უნდა იყვნენ კიდევაც, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, ძალიან კარგია და ის, რომ დღეს ეს სიფერადე ხალხს არ მოსწონს, ისინი არ არიან დიდი ნაწილი. არიან აგრესიული ჯგუფები, რომლებსაც, სამწუხაროდ, პოლიცია და სახელმწიფო სათანადოდ არ ექცევა და ამიტომაც ბედავენ ამდენს. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. როდესაც რუსთაველის გამზირზე აქციაზე ვიყავი, რომელიც 6 ივლისს გაიმართა და სამწუხაროდ ისევე ძალადობით დასრულდა, იქიდან ცოტა ადრე მომიწია წამოსვლა და ვინაიდან შემოსილი ვიყავი და მღვდლებს მაინცდამაინც არ ერჩოდნენ, რამდენიმე ადამიანმა მთხოვა, რომ გასვლაში დავხმარებოდი, რომლებსაც ეცვათ ფერადი ტანსაცმელი, რათა მანქანამდე მისულიყვნენ. ჩემთვის ეს არის იმდენად დიდი ტრაგედია და იმდენად დიდი პრობლემა, რომ წარმოუდგენელია ვიძახოთ, თითქოსდა დასავლური მიმართულებები გვაქვს, როდესაც სახელმწიფოს არ შეუძლია ადამიანი დაიცვას ისეთი ელემენტარულისგან, რასაც ფერადი ტანსაცმლის ტარების გამო გამოწვეული სიძულვილი და ძალადობა ჰქვია. ეს ძალიან ელემენტარულია და აქ ცოდვაზეც არ არის ლაპარაკი, ცოდვაც რომ იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანი და ადამიანის უსაფრთხოება, რასაც, სამწუხაროდ, ის სათანადოდ ვერ აკეთებს.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ ჯვარზე, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წინ მოძალადე რადიკალებმა აღმართეს. ამით, ფაქტობრივად, ადამიანებზე ძალადობა აღნიშნეს. რამდენად სწორია და რა საჭიროებას წარმოადგენს პარლამენტის წინ ჯვარი, როდესაც მოპირდაპირე მხარეს დგას ქაშვეთის ეკლესია?
_ საერთოდ, ჯვარი ქრისტიანებისთვის არის სიყვარულის სიმბოლო და ჯვარი, რომელიც ძალადობის გზით აღიმართა, ძალიან შორს დგას იმ ჯვრისგან, რომელიც ქრისტემ მოგვიტანა ქრისტიანებს. შესაბამისად, გული მწყდება, რომ ჯვარს ისეთი ფუნქცია ეძლევა, თითქოს ძალადობის სიმბოლოდ იქცა ის ჯვარი რუსთაველზე. ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, ჯვარი არის პირიქით, ძალადობაზე გამარჯვების სიმბოლო, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ვინმე უნდა მივიდეს და ეს ჯვარი რაღაც ძალადობის გზითვე აიღოს. არა, ამისთვის არსებობს სახელმწიფო და ისევ და ისევ მას აქვს ამის პრეროგატივა: ალბათ, არის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც კურირებს ამ ყველაფერს და როგორც წესსა და კანონს შეესაბამება, ისე უნდა მოიქცნენ. როგორც არ უნდა დაედგა რომელიმე ჯგუფს, ასევე არ უნდა აიღოს რომელიმე სხვა ჯგუფმა. აქვე ვიტყვი ჩემს პირად პოზიციასაც: რა თქმა უნდა, არ მომწონს ასე ყოველგვარ მიზანმოკლებულად ჯვრის აღმართვა არც პარლამენტის შენობასთან და არც სხვაგან, სადაც ამ ჯვარს ფუნქცია არ გააჩნია ან მისი ფუნქცია ასოცირდება ისეთ რამესთან, რაც ქრისტიანობისგან შორს დგას.
_ რას გვეუბნება ბიბლია სიყვარულზე, აქვს თუ არა მას რაიმე კონკრეტიკა ამ მხრივ?
_ არა, რა თქმა უნდა, ბიბლია ასეთ რამეს არ ამბობს, ბიბლია საუბრობს უპირობო სიყვარულზე და როგორც ვახსენე, ჩვენი მაგალითი არის იესო ქრისტე. იოანეს სახარება ასე იწყება: იესო ქრისტე არის სიტყვა, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, დაიარებოდა ადამიანებს შორის. მისი ცხოვრება იყო ქადაგება და იყო სიტყვა და მისი ეს ცხოვრება სრულად არის მოცული სიყვარულის გამომჟღავნებით და ეს სიყვარული არის სრულიად უპირობო და სრულიად განურჩეველი, მათ შორის, მათ მიმართ, ვინც მას აკრიტიკებდა, მათ მიმართ, ვინც მასზე ძალადობდა, მათ მიმართ, ვინც იგი ჯვარს აცვა. აბსოლუტურად ყველას მიმართ არის ეს სიყვარული და ჩვენ იმიტომ ვართ ქრისტიანები, რომ ჩვენი მაგალითი არის იესო ქრისტე. ჩვენც უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც იქცეოდა ის და მთელი სახარება ამაზეა აგებული, რომ გვიყვარდეს განურჩევლად.
გიგა გელხვიიძე