ბეჟან ნათელაშვილი: „პარლამენტში შესულ ოპოზიციას ივანიშვილი გადააგდებს“

ჩვენებური ოპოზიციის ნაწილი სულ ხელიდან წავიდა. ბოიკოტის შეწყვეტა და პარლამენტში შეპარვა არ იკმარეს და ახლა ოპოზიციას გამოუცხადეს ბრძოლა. კერძოდ, მათ მხარი დაუჭირეს ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, ლეიბორისტული პარტია ვეღარ მიიღებს ბიუჯეტიდან დაფინანსებას. ამ დაფინანსებას იმიტომ ვერ მიიღებენ, რომ ბოიკოტი არ შეწყვიტეს და საკანონმდებლო ორგანოში არ შედიან. „გირჩი იაგო ხვიჩია“ ამბობს, რომ პარტიას თუ პარლამენტში მუშაობა არ უნდა, მას არც ბიუჯეტიდან ეკუთვნის დაფინანსება.

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ლეიბორისტების დასჯა? რატომ შეუერთდა ამ სადამსჯელო ოპერაციას ოპოზიციის ნაწილი? რას უნდა ველოდოთ თვითმმართველობის არჩევნებისგან? _ ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის წევრი, ბეჟან ნათელაშვილი, „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო ბეჟან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, ლეიბორისტები ბიუჯეტიდან დაფინანსებას ვეღარ მიიღებთ. ელოდით ოპოზიციისგან ამას? ისინი ხომ ერთ წელზე მეტია, თქვენს ოფისში დადიოდნენ და იქ გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ.

_ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიყავით ერთად და გამიკვირდა, ამ ცვლილებებს რომ დაუჭირეს მხარი. თუმცა მათი ბოლოდროინდელი რიტორიკა აშკარად მიუთითებდა იმაზე, რომ ისინი „ოცნებას“ მთლიანად ჩაუსხდნენ ჯიბეში. კინტოებზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ.

_ კინტოებში ვის გულისხმობთ?

_ ალეკო ელისაშვილს და იმ მეორეს. ეგენი პირველები შეიძურწნენ პარლამენტში. არაფერი მაქვს სათქმელი ვაშაძეზე, რომელმაც ვანო ჩხარტიშვილი ამჯობინა სახელსა და რეპუტაციას. ჩხარტიშვილი ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მეკავშირეა. ეს ის კაცია, რომელმაც ჩვენი მშობლების, ჩვენი ბებია-ბაბუების ანაბრები მიითვისა და აქედან აიღო საწყისი კაპიტალი. ოპოზიციის ნაწილი ვალშია ხელისუფლებასთან. როდესაც პოლიტიკოსებს ასეთი ვალდებულებები აქვთ, მათთვის ხმის მიცემა საკუთარ ყელში დანის გამოსმის ტოლფასია.
ახლა ლეიბორისტების წინააღმდეგ დაწყებულ სადამსჯელო ოპერაციაზეც მოგახსენებთ. ეს ოპერაცია იმის დასტურია, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ვერ იყიდა ივანიშვილმა, არის ჩვენი პარტია. ვერანაირი ანგარების სანაცვლოდ ვერ დაგვათმობინა ხალხისთვის მიცემული პირობა. ვერ იყიდა ვერც პარტიის ლიდერი და ვერც მისი აქტივი. დღეს ლეიბორისტული პარტია ისჯება იმის გამო, რომ არ დაარღვია პირობა. იგი მოიქცა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ნამდვილი პოლიტიკური პარტია. ჩვენი ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა უნდა გვითხრან.

_ მადლობა რატომ უნდა გითხრან?

_ ჩვენი პრინციპულობით და სიტყვის ერთგულებით ყველას ვაჩვენეთ, რომ პოლიტიკა არც ისე ბინძურია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

_ მეეჭვება, რომ თქვენმა გადაწყვეტილებამ ქართული პოლიტიკა სიბინძურიდან ამოიყვანოს. პოლიტიკა ყოველთვის ბინძური იქნება.

_ ჩვენ მთელ პოლიტიკას ვერ გავწმენდთ სიბინძურისგან, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ ბინძურ პოლიტიკაშიც არიან სუფთა ძალები. ჩვენ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად მივეცით ხალხს პირობა, რომ გაყალბებული არჩევნებით დაკომპლექტებულ პარლამენტში არ შევიდოდით. ჩვენ გარდა ეს სიტყვა ყველამ დაარღვია. ჩვენ ბევრ პრივილეგიაზე ვთქვით უარი და ხალხისა და სიტყვის ერთგულები დავრჩით.

_ თქვენც რომ შესულიყავით პარლამენტში, ამით რა დაშავდებოდა?

_ ამით ის დაშავდებოდა, რომ ჩვენც სიტყვის გამტეხი კინტოები ვიქნებოდით. თვეების განმავლობაში გავყვიროდით, რომ არჩევნები გაყალბდა და ამ დროს უცბად შევსულიყავით პარლამენტში, ეს არ იქნებოდა ლამაზი. არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური. არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა იგივეა, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრობა.
სიტყვის გატეხა და დანაპირების შეუსრულებლობა ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. იმდენად ჩვეულებრივი, რომ პირობის შემსრულებლებს სჯიან. ჩვენც ამიტომ გვსჯის ხელისუფლება. „ქართულმა ოცნებამ“ მსოფლიო პარლამენტარიზმში აპრობირებული პროტესტის ფორმა _ ბოიკოტი აკრძალა.

_ ბოიკოტი როგორ შეიძლება, აიკრძალოს?

_ ისე, როგორც ეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა. იმის გამო, რომ ბოიკოტს ვაცხადებ, დაფინანსებას მიჩერებ, რომელიც კანონით მეკუთვნის? ეს არასამართლიანია.

_ მათი აზრით, უსამართლობა ისაა, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტია დაფინანსებას იღებდეს.

_ მათთვის მთავარი ლეიბორისტების სამაგალითო დასჯაა. ჩვენ ხომ გავბედეთ და ივანიშვილს არ მივეყიდეთ. წარმოგიდგენიათ, რამდენად თავხედები არიან? ბოიკოტის უფლებასაც კი გვართმევენ.

_ ბოიკოტის გამო წინა ხელისუფლებას დაფინანსება არავისთვის შეუჩერებია.

_ არც წინა ხელისუფლებას და არც იმის წინას. შევარდნაძეც და სააკაშვილიც იყვნენ პოლიტიკოსები. ესენი ვინ არიან საერთოდ? როგორ შეიძლება ან ამათ და ანდა მათ ლიდერს პოლიტიკაზე ესაუბრო? ბიძინა ივანიშვილი არის ერთი ჩვეულებრივი მიკირტუმა. ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ მიკირტუმა „ხარება და გოგიაში“ არის ვაჭარი.

_ გულწრფელად ვაღიაროთ, რომ არც სხვა პოლიტიკოსები არიან ნაკლები მიკირტუმები. ისინიც კარგად ვაჭრობენ, უბრალოდ, მათ მილიარდები არ უშოვიათ.

_ დღევანდელ პოლიტიკას ბევრი მიკირტუმა ჰყავს. მათი მიკირტუმობა პარლამენტში შესვლითაც გამოჩნდა.

_ იქ შესულები ამბობენ, რომ ბოიკოტმა აზრი დაკარგა.

_ ბოლოს მართლა დაკარგა აზრი.

_ აზრი თუ დაკარგა, მაშ რატომ არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში?

_ იმიტომ, რომ ხალხისთვის მიცემული პირობის შესრულებას არ დაუკარგავს აზრი. ეს პირობა ლეიბორისტული პარტიის გარდა ყველამ დაარღვია. ამ შემთხვევაში ბარიერგადალახულებს ვგულისხმობ.

_ ამბობთ, რომ ხალხისთვის მიცემული პირობის შესრულებას არ დაუკარგავს აზრიო. ამაში დარწმუნებული ხართ? ასე მგონია, რომ ხალხს დიდად არ აინტერესებს, ასრულებს თუ არა პარტია ხალხისთვის მიცემულ პირობას.

_ მოსახლეობის მიმართ საყვედურის თქმა არ მინდა. მათ ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ და გადაღლილები არიან. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, ისინი დაინახავენ, თუ ვინ ვინ არის. ამაში მათ ჩვენც უნდა დავეხმაროთ. ყველაფერს თავისი სათქმელი უნდა დავარქვათ და ადამიანებს პირადად ვუთხრათ სათქმელი. დარწმუნებული ვარ, ხალხი დააფასებს ჩვენს გადაწყვეტილებას. ჩვენ უამრავ პრივილეგიაზე ვთქვით უარი. უარი ვთქვით იმიტომ, რომ ხალხისთვის მიცემული პირობის ერთგულები დავრჩენილიყავით. სიტყვის გატეხა იქნებოდა ღირსების გაყიდვა. ჩვენ კი ღირსებას არ ვყიდით.
ეს ყველაფერი ხალხმა არჩევნებზე უნდა შეაფასოს. ვფიქრობ, პირობის შემსრულებლებს მისცემენ ხმას. ხოლო თუ მაინც მოღალატეებისკენ გადაიხრებიან და შდეგი იქნება მარაზმატიკული, ეს იქნება ამომრჩევლის მხრიდან გამოვლენილი მაზოხიზმი. მაზოხისტურ საზოგადოებას კი ვერასდროს ექნება კარგი ცხოვრების გარანტია. კარგი ცხოვრება თავისით არ მოდის. კარგსა და ცუდ ცხოვრებას შორის თავად ვაკეთებთ არჩევანს. სიტყვის გამტეხის სასარგებლოდ რომ გააკეთებ არჩევანს, უნდა იცოდე, რომ ის არასდროს შეასრულებს თავის დანაპირებს.

_ ამას ჩვენი ამომრჩეველი მიჩვეულია.

_ მიჩვეული რომ არის, ეგაა უბედურება. ამიტომ ვცხოვრობთ ამ საშინელებაში. როგორ შეიძლება, მეორედ მისცე ხმა იმ პარტიას, რომელმაც დანაპირები არ შეასრულა? პირველად შეიძლება შეცდე, მაგრამ მეორედ და მესამედ ეს არის მაზოხიზმის გამოვლინება.
ის პარტიები, რომლებმაც პირობა გატეხეს და პარლამენტში შევიდნენ, „ქართულ ოცნებაზე“ ნაკლებები არ არიან. მათი ნდობა აღარ შეიძლება. იმედი მაქვს, არჩევნებზე ხალხი მათ აღარ გამოუცხადებს ნდობას.

_ არჩევნებამდე დაავიწყდებათ, რომ ოპოზიციამ პირობა არ შეასრულა.

_ თუ დაავიწყდებათ, მაშინ შეეგუონ იმას, რომ ეს ხალხი მათი კიდევ უფრო გაღატაკების ხარჯზე აიწყობს ცხოვრებას.

_ არჩევნები ვახსენეთ და ცესკოს თავმჯდომარის გადადგომაზეც გკითხავთ. თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიციის ნაწილი თავის გამარჯვებად მიიჩნევს. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არის ივანიშვილის მორიგი ტრიუკი. თქვენ რას ფიქრობთ, რატომ გადადგა ჟვანია?

_ თამარ ჟვანია რომ გადადგებოდა, ეს მოსალოდნელიც იყო. ამ რეპუტაციის ქალს კიდევ ერთი არჩევნები რომ ჩაეტარებინა, ეს ქოცებისთვის სერიოზული პრობლემა იქნებოდა. მე მის გადადგომას დიდ მნიშვნელოვან ამბად არ მივიჩნევ, რადგანაც ვინც არ უნდა დაინიშნოს ამ თანამდებობაზე, ის „ოცნების“ საქმეს გააკეთებს. შეიძლება, უარესიც კი იყოს ცესკოს ახალი თავმჯდომარე.

_ უარესი რა გაგებით იქნება?

_ მისი რეპუტაცია იმდენად შელახული არ იქნება და უფრო ტკბილად გააყალბებს არჩევნებს.

_ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება მაინც გარისკავს არჩევნების გაყალბებას?

_ აქ გასარისკი არაფერია. არჩევნებს უპრობლემოდ გააყალბებენ. კომისიები ისედაც მაგათია, არანაირი პარიტეტი დაცული არ არის და გაყალბებას მეტი კი არაფერი უნდა. ამ მიმართულებით ყველაფერი უარესობისკენ მიდის.

_ უფრო ცუდი არჩევნები გველოდება წინ?

_ ბევრად უარესად იქნება საქმე. და ეს თავიდან ბოლომდე ოპოზიციის ბრალია. იმ ოპოზიციის ბრალია, რომელიც პარლამენტში შევიდა. სიტყვა რომ არ გაეტეხათ, გაყალბებული არჩვნები არ გაეთეთრებინათ და ხალხი არ გაეყიდათ, ხელისუფლება გატყდებოდა.

_ გატყდომაში რას გულისხმობთ?

_ „ქართული ოცნება“ იძულებული გახდებოდა, ვადამდელ არჩევნებს დათანხმებოდა. ეს კი საქართველოსთვის აუცილებელია. დღეს საქართველო რომ გადარჩეს, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

_ გადასარჩენად გვაქვს ვითომ საქმე?

_ რა თქმა უნდა. ქვეყანა ასტრონომიული სისწრაფით მიექანება უფსკრულისკენ. ამის შეჩერება მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს შეუძლია.

_ ვადამდელ არჩევნებზეც იგივე შედეგი რომ დადგეს?

_ გამორიცხულია. ხალხი მოღალატეებს აღარ აირჩევს. ამომრჩეველი ლეიბორისტებისა და იმ პარტიების სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს, რომლებსაც საარჩევნო ბარიერი არ გადაალახინეს.
დღეს არსებული ხელისუფლება თუ არ შეიცვალა და პარლამენტში ნამდვილი ოპოზიცია არ შევიდა, საქართველოს უფსკრულისკენ სვლას ვერაფერი შეაჩერებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვადამდელ არჩევნებზე სწორედ ასეთი არჩევანი გაკეთდება. საქართველო მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გადარჩება.

_ მანამდე ჯერ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

_ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

_ მიაღწევთ ვადამდელის დანიშვნას?

_ ძალიან ძნელი იქნება.

_ ფიქრობთ, რომ „ოცნება“ 43%-ზე მეტს აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე?

_ „ქართული ოცნება“ 43%-ზე მეტს უპრობლემოდ დაიწერს და ამაში მას ვერავინ შეუშლის ხელს. მნიშვნელობა არ ექნება, ვის დასვამენ ცესკოს თავმჯდომარედ. კომისიებში უმრავლესობა ისევ მაგათია.

_ ოპოზიციაც მაგათია.

_ მთელი ოპოზიცია არა. ისინი ჰყავთ ჯიბეში, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ივანიშვილმა ისინი გამოიყენა და ახლა გადააგდებს. ნახავთ, რა შედეგს აჩვენებენ თვითმმართველობის არჩევნებზე.

_ მერე აყვირდებიან, არჩევნები გაყალბდაო.

_ ეს ყვირილი აღარ უშველით. ხალხს რეაქცია არ ექნება. აქამდე თუ 10.000 კაცი გამოდიოდა არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად, ახლა 1000 კაცი არ მოინდომებს აქციაზე მისვლას.

_ სავარაუდოდ, ათასიც არ მივა, ხალხი ისეა ოპოზიციაზე გაბრაზებული.

_ არ გამოვა და არც უნდა გამოვიდეს.

_ რატომ არ უნდა გამოვიდეს? ეს გაყალბება ხომ მათზეც აისახება?

_ მათზეც აისახება, მაგრამ აქციაზე მისვლას რა აზრი აქვს? ოპოზიციის ნაწილი იყვირებს და მერე შეცუნცულდება საკრებულოებში და ივანიშვილს გაყალბებულ არჩევნებს გაუთეთრებს. ხალხის დახმარებით ოლიგარქთან უფრო სარფიანად ივაჭრებენ. ამას უკვე ხვდება ჩვენი საზოგადოება. ოპოზიცია თბილ ადგილებს მიიღებს, ხალხს კი ხელში არაფერი შერჩება.

_ როგორ არ შერჩება, ჯარიმები შერჩება ხელში.

_ მარტო ჯარიმები? ცემა-ტყეპაც უნდა აიტანონ და შეიძლება მომწამვლელი გაზის გადაყლაპვამაც მოუწიოთ. სუსისგან ტერორიც უნდა აიტანონ. ამ ყველაფრის გაძლება და ატანა იქნება ფუჭი და ამაო. ამაო იქნება იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის აბსოლიტური უმრავლესობა არის ადვილად გაყიდვადი. მათ ქვეყნისა და ხალხის ინტერესები ფეხებზე ჰკიდიათ. მთავარია, საკუთარი ცხოვრება მოიწყონ.
რა ნამუსით უნდა მოსთხოვონ ამ გაყიდულებმა ხალხს გვერდით დადგომა? 31 ოქტომბრის ღამიდან მოყოლებული აცხადებდნენ, ცოცხალი თავით პარლამენტში არ შევალთ, იქ მკვდრებს თუ შეგვიტანენო. ერთ მშვენიერ დღეს კი ბედნიერად შედიხარ იქ და თან უსირცხვილოდ ამბობ, რომ გაიმარჯვე.

_ ამ გამარჯვებაზე ხშირად საუბრობენ, ოღონდ ვერ აკონკრეტებენ, რა გამარჯვება მოიპოვეს.

_ ეს გამარჯვება არაფერზე ასახულა და რანაირად დააკონკრეტებენ? იმაში ნამდვილად გაიმარჯვეს, რომ ამომრჩევლის ხარჯზე კარგად ივაჭრეს. შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელზედაც ხელისუფლებამაც მოაწერა ხელი, დარღვეულია. ამ დარღვევებზე ამერიკისა და ევროპის დუმილი არის ძალიან ცუდი ფაქტი. კელი დეგნანი პირდაპირ გადაიქცა პუტინის ოჯახის წევრად.

_ პუტინის ოჯახის წევრად როგორ იქცა?

_ ოლიგარქი ივანიშვილი არის პუტინის ვასალი, კელი დეგნანი კი ივანიშვილის ვასალია. შესაბამისად, ისაც პუტინის ოჯახის წევრია. ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა ეს ქალბატონი სასწრაფოდ უნდა შეცვალოს. ის ელჩად ტრამპმა გამოაგზავნა. ტრამპი კიდევ პუტინის ძმაკაცი და დიდი რუსეთუმე იყო. ვაშინგტონმა ამას სერიოზული თვალით უნდა შეხედოს. კელი დეგნანი აქ ამერიკის ინტერესებს აღარ ატარებს. შეუძლებელია, ეს თეთრ სახლში არ იცოდნენ.

_ იქნებ, თეთრ სახლს საქართველო აღარ აინტერესებს? ამაზე არ გიფიქრიათ?

_ როგორ არ მიფიქრია და თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან ცუდადაა საქმე. ამ რეგიონში საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, რომლის შენარჩუნება ვაშინგტონს ჯერ კიდევ შეუძლია. ჩვენც თუ გაგვიშვა ხელი, მაშინ მთლიანად დაკარგავს ამ რეგიონს. ყველა ვხედავთ, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანში. ვხვდებით, თუ რა ხდება ირანისა და თურქეთის მიმართულებით. ძალიან საშიში ფაზაა. ამერიკას აქ მილიარდები აქვს ჩადებული და არის საფრთხე, რომ ეს თანხები წყალში გადაიყაროს. რატომ უნდა გადაყაროს ამერიკამ ეს მილიარდები წყალში, ჩემთვის გაუგებარი და ამოუხსნელია. ეს კითხვები არ გამიჩნდებოდა, პუტინის ძმაკაცის, ტრამპის დანიშნული ელჩი რომ შეეცვალათ. კელი დეგნანი აქ პუტინისა და ივანიშვილის საქმეებს აკეთებს.

_ რუსეთი ვახსენეთ და მის ერთ-ერთ ემისარზე მინდა გკითხოთ. ლევან ვასაძე ცოტა ხნის წინ დიდი ხმაურით შემოვიდა პოლიტიკაში, მაგრამ მერე ისევ გაქრა. ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

_ ისეთს არაფერს. პუტინის ვასალი ვასაძე ხან ამოდის და ხან ქრება. ეს მისი მხრიდან პირველი გაქრობა არ არის. სხვა დროსაც გამოჩენილა და მერე ისევ გამქრალა. მომავალშიც ასე მოიქცევა.

_ ასე რატომ იქცევა, გარანტიებს ვერ იღებს, თუ რაღაც სხვა ხდება?

_ საბოლოოდ არ გამქრალა. არ გამორიცხოთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ გამოჩნდეს და რაღაც ხმები წაიღოს.

_ ვის ხმებს წაიღებს?

_ „ქართული ოცნების“ ხმებს წაიღებს.

_ ამიტომ ხომ არ გაწიეს გვერდით?

_ შეიძლება, ამის გამოც გაწიეს. მე, რატომღაც, მგონია, რომ ისევ გამოჩნდება. და თუ „ოცნების“ ხმებს წაიღებს, მაშინ არჩევნებში მის მონაწილეობას მივესალმები.

_ ისევ ლეიბორისტებს დავუბრუნდეთ, თუ აპირებთ რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობას?

_ სხვებთან ერთად ბლოკს არ შევქმნით, მაგრამ ნამდვილ ოპოზიციასთან კოორდინაცია ბუნებრივია, გვექნება. კინტოებთან ნამდვილად არ ვითანამშრომლებთ. ივანიშვილის შარვლის ჯიბიდან ამოყოფილ ოპოზიციასთან თანამშრომლობა სირცხვილია. შემოდგომაზე საქართველოში უმნიშვნელოვანესი არჩევნები ტარდება და ამისთვის ყველა კარგად უნდა მოვემზადოთ. გაყალბება აღარ უნდა დავუშვათ და ხმების დასაცავად ვიბრძოლოთ.
ვიცი, რომ საზოგადოება იმედგაცუებულია, ბევრი მათგანი არჩევნებზე წასვლას საერთოდ აღარ აპირებს. ასეთ ადამიანებს მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ არჩევნებზე წასვლა არის აუცილებელი. არჩევნებზე წასვლის გარეშე ჩვენ ხელისუფლებას ვერ შევცვლით.

_ 2020 წლის არჩევნებზე თუ წავიდა ხალხი, შეცვალა ხელისუფლება?

_ ეს არ ამართლებს არჩევნებზე წაუსვლელობას. არჩევნებზე მანამდე უნდა ვიაროთ, სანამ უკეთეს ხელისუფლებას არ ავირჩევთ. მთავარია, შედეგების დაცვა შევძლოთ.

_ ვინ უნდა დაიცვას ეს შედეგები?

_ ხალხმა და პოლიტიკოსებმა.

_ ხალხი რატომ უნდა გამოვიდეს ოპოზიციის დაძახილზე, მერე ვიღაცებმა სარფიანად რომ ივაჭრონ? ამაზე თავად ისაუბრეთ ზემოთ.

_ ხალხით რომ ივაჭრეს, ამას ახლაც ვადასტურებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთნაირია. პოლიტიკაში კიდევ შერჩა ადამიანებს ნამუსი. ეს ხელისუფლება შესაცვლელია და ეს ხალხთან ერთად უნდა გავაკეთოთ.

შორენა მარსაგიშვილი