ბელა ელიაძე: „ვაქცინა და ანტივირუსული მკურნალობა ძალიან ეფექტიანი იქნება და კორონა დამარცხდება!“

ის, რომ კორონამ მსოფლიო შეცვალა, ყველამ ვიცით. ისიც ვიცით, რომ ამ ამოუცნობმა ვირუსმა მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაც დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა. ამასთან, 21-ე საუკუნის ჭირმა ისეთი ადამიანებიც გაგვაცნო, როგორიც, მაგალითად, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ფაუჩია. ისე, ჩვენს „მუშკეტერებს“ ცნობადობა არც მანამდე აკლდათ, მაგრამ თითქმის ერთი წელია, ეკრანებიდან არ ქრებიან და ისიც გვახსოვს, ზოგიერთი „მუშკეტერი“ რომ გვემუქრებოდა, კუბოებს ვეღარ დავითვლითო. ისე, ეს მუქარა ნაწილობრივ ახდა. როგორი იყო საქართველოში კორონამენეჯმენტი? – ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი იმ ადამიანებზე მოგიყვებით, რომლებიც კორონაპაციენტებს ამბოლატორიულად, ანუ ბინაზე საკუთარი ინიციატივით მკურნალობენ. ერთ-ერთი მათგანია მედიცინის აკადემიური დოქტორი, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის წევრი, ამერიკის ჰეპატოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ინფექციონისტთა ასოციაციის წევრი, ოტოლარინგოლოგიის ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელი, ინფექციონისტი, მსოფლიოს ებრაელ და ქართველ ქალთა მეგობრობის ასოციაციის წევრი ბელა ელიაძეა, რომელიც თვლის, რომ კორონას მკურნალობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა თანადგომას და გამხნევებას აქვს.  

ქვეყნის მთავარ ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის პიკმა გადაიარა. ქალბატონო ბელა, თქვენ, როგორც ვირუსის მართვაში ჩართული ექიმი, ამ მოსაზრებას იზიარებთ?

– დიახ, მე ამბოლატორიულ მართვაში ვიყავი ჩართული და თუ ბოლო მონაცემებით ვიმსჯელებთ, კი ბატონო, პიკი ნამდვილად გადავლილია. იყო დრო, როცა კორონავირუსის ახალი ყოველდღიური შემთხვევები 6 ათასამდეც ავიდა და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც უფრო მაღალი იყო. მართალია, ახლა ციფრები შემცირებულია, მაგრამ ამან მოდუნების საშუალება კატეგორიულად არ უნდა მოგვცეს.

რატომ?

– პიკის გადავლა თავისთავად შეზღუდვების გამკაცრებაზეა დამოკიდებული.

მესმის, თუმცა გამკაცრებული შეზღუდვები სხვა პრობლემებს აჩენს და გაზაფხულზე მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ შესაძლოა, პანდემიაზე უარესი შედეგი მოიტანოსისე, ზოგიერთი მედიკოსი მიიჩნევს, რომ ახალი წლისა დსა შობის დღესასწაული შესაძლოა, ვირუსის ახალი აფეთების საბაბი გახდეს. ასეა?

– მართალია, ეპიდემიოლოგი კი არა, ინფექციონისტი ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახალი შემთხვევები, ალბათ, უმნიშვნელოდ გაიზრდება, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ფრთხილობს, რესტორნები დაკეტილია და საზეიმო წვეულებები არ იმართება.

სხვათა შორის, ის სპეკტიკოსებიც კი, რომელთაც არ სჯეროდათ და ამბობდნენ, ვირუსი არ არსებობსო, კორონისგან გამოწვეული პრობლემების წინაშე დადგნენ.

ცხადია, არ ვამბობ, ვირუსი არ არსებობსმეთქი, მაგრამ, ქალბატონო ბელა, როგორც ექიმი, ალბათ, დამეთანხმებით, რომ პანიკა, სხვა თუ არაფერი, იმუნურ სისტემას აქვეითებს. დაქვეითებული იმუნიტეტი კი კორონისთვის, როგორც იტყვიან, ნოყიერი ნიადაგია

– დიახ.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, კორონის გარდა, სხვა ვირუსები და ინფექციებიც არსებობს

– რა თქმა უნდა. საერთოდ, დედამიწის მოსახლეობა ბაქტერიებს, ვირუსებსა და სხვადასხვა მიკროორგანიზმს შორის ცხოვრობს.

აი, მეც სწორედ აქ ვარ: კორონისგან განსხვავებით, სხვა ბაქტერიებს, ვირუსებსა და მიკროორგანიზმებს არ ვემალებით. რატომ?

– უთვალავი ინფექციური აგენტი არსებობს, თუმცა მათგან გარკვეული ჯგუფი პათოგენურია, ანუ ადამიანზე მოქმედებს. სხვა აგენტებს კი სხვა ფუნქცია აქვთ და მათი არ გვეშინია. საერთოდ, ადამიანში სხვადასხვა სახის დაავადებასა და გართულებას 200-ზე მეტი ვირუსი იწვევს.

ქალბატონო ბელა, იმ 200-ზე მეტ ვირუსთან, რომელიც ადამიანში სხვადასხვა სახის და სირთულის დაავადებას იწვევს, თანაცხოვრება ხომ ვისწავლეთ?

– არასაშიშ ვირუსებთან ერთად თანაცხოვრება, ცხადია, ვისწავლეთ. აი, მაგალითად, იგივე გრიპმა მე-20 საუკუნის დასაწყისში საშინელი ეპიდემია და პანდემია გამოიწვია. წარმოიდგინეთ, მაშინ აღრიცხვის როგორი სისტემა იყო – მხოლოდ ფურცელი და ფანქარი, კალამიც კი არ არსებობდა. აი, ასეთი ცუდი სტატისტიკის პირობებშიც კი, აშშ-ში, კანადის ნაწილსა და ევროპის ცნობილ ქვეყნებში სიკვდილიანობა 35-დან 40-45 მილიონამდე იყო.

ქალბატონო ბელა, „ესპანურასდროს, როცა არც ტექნოლოგიები იყო ასე განვითარებული და არცმედიცინა, ადამიანებმა ვირუსთან თანაცხოვრება ისწავლეს. ჰოდა, კორონასთან თანაცხოვრება, წესით, არც 21- საუკუნის ადამიანებს უნდა გაგვიჭირდეს! ისე, როგორც ვიცი, კორონიან პაციენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ, ანუ მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციებს კი არ უწევთ, ბინაზე მიდიხართ. რატომ რისკავთ, უფრო სწორად, კორონასთან თანაცხოვრება როგორ ისწავლეთ?

– კორონასთან თანაცხოვრება არ მისწავლია.

აბა?

– საერთოდ, ყველას თავისი შეხედულება აქვს. მიმაჩნია, რომ ჩემი, როგორც ექიმის, მოვალეობა იყო, ახლობლებისთვის, რომლებსაც კორონა დაემართათ და პაციენტებისთვის, რომელთაც ოჯახის ექიმიც კი ვერ ეხმიანებოდა, რადგან საშუალება არ ჰქონდათ, დახმარების ხელი გამეწოდებინა. ამ მხრივ შეიძლება, ცოტა ძველმოდური ექიმი ვარ… სხვათა შორის, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გულადი ვარ და  გამოვირჩევი, მაგრამ პაციენტებთან შესაბამისი ეკიპირებით მივდიოდი. მხოლოდ მე კი არა, ჩემი ძალიან ბევრი კოლეგაც სწორედ ასე იქცეოდა.

კი ბატონო, მაგრამ ყველაფერ ამას უსასყიდლოდ აკეთებდით

– არ მინდა, ჩემს თავზე რამე ზედმეტი ვთქვა, მაგრამ როცა ვოლუნტარი ხარ და ადამიანს დახმარების ხელს უწვდი, მით უმეტეს, ასეთ სიტუაციაში, საფასურზე ლაპარაკი ზედმეტია! საერთოდ, ყველას მოქალაქეობრივი ვალია, რომ გავერთიანდეთ და ერთმანეთს მხარში დავუდგეთ! ამ შეხედულებას თავს არავის ვახვევ, მაგრამ ისე მოვიქეცი, როგორც სწორად მივიჩნევდი!

თქვენი რომელიმე პაციენტის მდგომარეობა თუ დამძიმდა?

– დიახ, ერთი-ორი შემთხვევა იყო. ცხადია, ვმართავდით, თუმცა კორონა ასეთი ადვილი სამართავი არაა. ამიტომ ჰოსპიტალიზაციაში დავეხმარე და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.

ქალბატონო ბელა, რა ამის პასუხია და, ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც კორონის შიშით გარესამყაროსთან კომუნიკაცია გაწყვიტეს, ანუ მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ. რას ურჩევთ მათ, მუდმივად შინ ისხდნენ თუ კორონასთან, წეღანდელი თქმისა არ იყოს, თანაცხოვრება ისწავლონ?

– ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა საკუთარი თავი უნდა დაიცვან, რადგან მათში გართულების ალბათობა უფრო მაღალია. ასევე ასაკსაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ დეპრესია, შიში და ფსიქოსომატური დამოკიდებულება იმუნიტეტს უფრო თრგუნავს და ანადგურებს! მოკლედ, თავდაცვა გასაგებია, მაგრამ ისეც არ შეიძლება, რომ ადამიანი მთლიანად ჩაიკეტოს და კომუნიკაცია არ ჰქონდეს!

გასაგებია, რომ კორონას შეუქცევადი შედეგები შეიძლება მოჰყვეს და პაციენტი დამძიმდეს, მაგრამ კაცობრიობის ისტორიას ამაზე რთული ინფექციები და პანდემიებიც ახსოვს. შესაბამისად, ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ, რადგან, ჯერ ერთი, უკვე გამოჩნდა საიმედო პრეპარატები, რომელიც კვლევის ფაზაშია და მეორეც, უკვე ვაქცინაც არსებობს. ერთმანეთის გვერდით დგომითა და რეგულაციების დაცვით ამ დაავადებას შევანელებთ და მასთან ერთად ცხოვრებასაც ვისწავლით. საერთოდ, ყველა ვირუსი ცოცხალი ორგანიზმია და მუტაციას განიცდის. ზოგჯერ მისი უნარი სუსტდება, მაგრამ კაცობრიობამ, მაგალითად, გრიპთან ერთად ცხოვრება ისწავლა და ის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, კორონაზეც ზუსტად ასევე მოხდება.

გეთანხმებითისე, კორონის ახალმა, ანუ .. ბრიტანულმა შტამმა საქართველოშიც შემოაღწია და ეს მაშინ, როცა ქვეყანა, პრაქტიკულად, ჩარაზულია. ჰოდა, ეს ახალი შტამი ან ქვეყანაში როგორ შემოვიდა ან ადამიანს, რომელსაც უცხოეთიდან ჩამოსულთან კონტაქტი არ ჰქონდა, როგორ გადაედო?

– ეს რთული შეკითხვაა.

რატომ?

– ჯერ ერთი, გარკვეული ფრენები სრულდება. მეორეც, დაწვრილებით არ ვიცი, ეს ადამიანი ახალი შტამით როგორ დაინფიცირდა, თუმცა ფაქტი სახეზეა – ახალი შტამი საქართველოშიც აღმოჩნდა.

თუ კორონის მუტირებული შტამის თვისება მხოლოდ ისაა, რომ წინამორბედზე სწრაფად ვრცელდება, მაშინ საპანიკო არაფერი გვაქვს, არა?

– თუ რეგულაციები არ იქნება დაცული, ვირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად გავრცელდება და, შესაბამისად, იმის ალბათობაც გაიზრდება, რომ მძიმე შემთხვევა მეტი იყოს. საპანიკოც სწორედ ესაა და მეტი არაფერი!

ქალბატონო ბელა, კიდევ ერთ თემას შევეხები. კერძოდ, ჩემ მსგავსად ბევრი ვერ იგებს, უსიმპტომო კორონა რას ნიშავს?

– უსიმპტომობა ანუ ლატენტურობა, მხოლოდ კორონას კი არა, ბევრ დაავადებას ახასიათებს – ორგანიზმში აგენტი არის, მაგრამ დაავადება ნაკლები სიმპტომებით ან უსიმპტომოდ მიდის, ე. ი., კლინიკური გამოვლინება არ გააჩნია. ასეთ შემთხვევაში ვირუსმტარებლობის ჩამოყალიბება ხშირია, ანუ ადამიანს არც მაღალი ტემპერატურა აქვს, არც გემო და ყნოსვა ეკარგება, არც ახველებს, შესაბამისად, არ იცის, რომ დაავადებულია და ვირუსის გამავრცელებლად იქცევა.

თუ არც სიცხე მაქვს, არც მახველებს და გემოსუნსაც ვგრძნობ, აბა, ტესტი რატომ უნდა გავიკეთო?

– პრობლემაც სწორედ ესაა – თუ სიმპტომები არ გაქვთ, არც ტესტს გაიკეთებთ და, წეღანდელი თქმისა არ იყოს, შესაძლოა, გამავრცელებელი გახდეთ, თორემ ის, ვისაც სიმპტომები აქვს, ექიმთან ხვდება და იზოლაციაშია.

გასული წლის გაზაფულზე ყველანი აღფრთოვანებულნი ვიყავით, – აი, ჩვენიმუშკეტერებიკორონას რა კარგად მართავენ და ხელისუფლებასაც შესანიშნავი კორონამენეჯმენტი აქვსო, თუმცა ისე მოხდა, რომ საქართველო კორონის წითელი რუკის ლიდერი გახდა. ამას რით ხსნით, ანუ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ამაში დამნაშავე მოსახლეობაა?

– რაღაცის არაფრად ჩაგდება ქართული ხასიათია.

კერძოდ?

– უი, რა კარგია, მწვანე ზონა ვართო და გავთამამდით. პირადად ვარ მომსწრე, მთელი ზაფხული სანაპირო ზოლზე რაც ხდებოდა – გაოგნებული ვიყავი და სხვისი არ ვიცი, მაგრამ შემოდგომაზე კორონის ასეთ აფეთქებას ველოდი!

ამ ლოგიკით, შესაძლოა, მესამე ტალღა უფრო ძლიერი იყოსშეზღუდვები, ადრე თუ გვიან, მოიხსნება და ხალხი ისევ გააქტიურდება. ვცდები?

– შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოგების გადასაწყვეტია, თუმცა მას შემდეგ, რაც შეზღუდვები დაწესდა, შემთხვევები შემცირდა. მოკლედ, ჯერ უნდა დავაკვირდეთ და როცა კორონასთან ბრძოლის ეფექტიანი საშუალება იქნება, მაშინ შეგვეძლება, უფრო თამამად მოვიქცეთ…

ადამიანების ნაწილი კორონის და, საერთოდ, ვაქცინების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი. ქალბატონო ბელა, აცრას აპირებთ?

– ექიმები ვალდებულნი ვართ, რომ ავიცრათ და მოსახლეობას მაგალითი მივცეთ! აცრა, რა თქმა უნდა, ძალდატანებითი არაა, მაგრამ ყველა უნდა აიცრას. ისე, სანამ ვაქცინა ჩვენამდე მოვა, ერთ-ერთ ანტივირუსულ პრეპარატ „მოლუტირავირის“ კვლევის მეორე-მესამე ფაზა უკვე მთავრდება. ეს პრეპარატი, რომელიც, თავის დროზე, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ შეიქმნა, მაღალი სანდოობით გამოირჩევა. ვაქცინა და ანტივირუსული მკურნალობა კორონის წინააღმდეგ ძალიან ეფექტიანი იქნება! ისე, შედეგი შეიძლება, მხოლოდ ანტივირუსულმა მკურნალობამაც მოგვცეს და ასეთ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ კორონა დამარცხებულია!

ე. ი., ოპტიმისტურად ხართ განწყობილი?

– რა თქმა უნდა, სხვანაირად არც შეიძლება, რადგან იმედი და ოპტიმიზმი მკურნალობის წარმატებით დასრულებაში ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

საერთოდ, ბევრი სხვა ვირუსის მსგავსად, კორონისთვისაც ნერვულ სისტემაზე მოქმედებაა დამახასიათებელი, ანუ დეპრესიასა და ფსიქიკურ აშლილობას თვითონ ვირუსი იწვევს. ყოველ შემთხვევაში, მსოფლიოში ასეთი ბევრი შემთხვევაა აღწერილი და, სხვათა შორის, საქართველოშიც გვქონდა. იმასაც გააჩნია, ადამიანი როგორი ფსიქოტიპია – თუ დეპრესიისკენაა მიდრეკილი, ვირუსის დროს დეპრესია უფრო უღრმავდება. ამიტომ ადამიანს ასეთ დროს გვერდით დგომა და გამხნევება აუცილებლად სჭირდება!

მე თუ მკითხავთ, გამხნევება ექიმებსაც გჭირდებათ, რადგან თქვენც ითრგუნებით

– დიახ, ვითრგუნებით, თუმცა ეს ჩვენი პროფესიაა და როცა ექიმის პროფესიას ირჩევ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო! სხვათა შორის, ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა და შესაბამისად, მსგავსი გამოწვევებისთვის მზად ვიყავი!

მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში ექიმები უფრო მეტად უნდა იყვნენ დაფასებულნი!

– ნამდვილად. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ჩემს კოლეგებს დიდ მადლობას ვუხდი, განსაკუთრებით, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის ექიმებს, რომლებიც მაღალი რისკის ქვეშ არიან. სამწუხაროდ, ამ პანდემიის დროს ბევრი კოლეგა დავკარგეთ…

გიორგი აბაშიძე