ბაჩუკი ქარდავა: „ოპოზიციურ ერთობაში ბზარის გაჩენა ივანიშვილისთვის დიდი საჩუქარი იქნება!“
„ჯინი ბოთლიდან ამოსულია და უკან აღარ დაბრუნდება! ამიტომ უკეთესია, შედეგი რაც შეიძლება მალე დადგეს, თორემ ყველაფერი ცნობილია _ ეს ხელისუფლება დამარცხებულია“, _ ამ განცხადებას აკეთებს „ქრონიკა+“-სთან ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ედპ-ს ხელმძღვანელი, ბაჩუკი ქარდავა. ჩვენი რესპონდენტი ქართულ ანდაზასაც იხსენებს, ძალა აღმართს ხნავსო და ამბობს, რომ დღეს ძალების თავმოყრა ბიძინა ივანიშვილის კარზე კი არა, ამ კარის მიღმა ხდება.
სხვათა შორის, ქარდავას თქმით, ბოლო დროს „ოცნების“ წევრების მხრიდან ოპოზიციონერთა მოკითხვის ხარისხი გაუმჯობესდა. „ოცნებაში“ ხვდებიან, რომ მათი გემი იძირება“, _ აღნიშნავს ჩვენს გამოცემასთან საუბრისას ქარდავა და ყველა იმ შესაძლო სცენარზე დეტალურად საუბრობს, რომლითაც შესაძლოა, მოვლენები 15 მარტის, ე. ი., ევროკავშირის პარლამენტში შეხვედრის შემდეგ განვითარდეს.
_ ბაჩუკი, ქვეყანაში რა ხდება, სად ვართ?
_ პოლიტიკური კრიზისია და ქვეყანა არჩევანის წინაშეა.
_ რა არჩევანის?
_ 15 მარტს ბიძინა ივანიშვილსა და, საერთოდ, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, პასუხი გასცეს კითხვას: ღრმად, უკან _ საბჭოთა, უფრო სწორად, თანამედროვე რუსეთისკენ მივდივართ, ანუ სახელმწიფოებრიობაზე უარს ვამბობთ თუ განვითარებას ევროპისა და დასავლეთის მიმართულებით ვაგრძელებთ?
_ დღევანდელი მონაცემებით, ისეთი პირი უჩანს, რომ „ოცნება“ ამ კითხვაზე პასუხს არ გასცემს და იმ გზას გაჰყვება, რომელზეც დგას. ვცდები?
_ არ ვიცი… ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს.
_ რა გადაწყვეტილება?
_ პარლამენტთან პროტესტი გრძელდება, ასევე სხვა მცირე საპროტესტო აქციებიც იმართება და იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი საქართველოს დასავლეთის მიმართულებით განვითარებაზე უარს იტყვის, მაშინ დიდი საპროტესტო პასუხისთვისაც მზად ვიქნებით!
_ ეს დიდი საპროტესტო პასუხი ერთჯერადი იქნება თუ პერმანენტული?
_ საპროტესტო აქციები ახლაც პერმანენტულია _ რამდენიმე დღეა, პარლამენტის წინ კარვებია გაშლილი და მანამ იქნება, სანამ შედეგი არ დაიდება. შედეგი კი, იცით, რაც არის.
_ რა არის?
_ ნიკა მელიასა და საერთოდ, პოლიტპატიმრების განთავისუფლება და ვადამდელი არჩევნები!
_ ეს გასაგებია, მაგრამ იმ შემთხვევაში რა მოხდება, თუ „ოცნება“ ასეთ პირობას წამოაყენებს: კი ბატონო, ნიკა მელიასა და სხვა პოლიტპატიმრებს ვათავისუფლებ, მაგრამ ვადამდელი არჩევნები არ იქნებაო?
_ ნიკა მელია დღეს ბიძინას ციხეში იმის გამოა, რომ ვადამდელი არჩევნებისა და ლეგიტიმიური პარლამენტისთვის იბრძოდა. ასე რომ, ასეთ შემთხვევაში მიზანი მიღწეული არ იქნება და ბრძოლა გაგრძელდება!
_ ვთქვათ, „ოცნების“ ზემოხსენებულ ინიციატივას დასავლეთმაც დაუჭირა მხარი, მაშინ ოპოზიცია ჩიხში შევა, არა?
_ რატომ?
_ რეალობას თვალი გავუსწოროთ: ოპოზიციის ყველაზე დიდი მეკავშირე დასავლეთია, თორემ ქვეყანაში სახალხო პროტესტი მაინცდამაინც მძლავრი არ არის!
_ ეს ცოტა ქიმერაა.
_ ასე რატომ გგონიათ?
_ იმის მოლოდინი, რომ თუ იმედი საბოლოოდ გადაეწურება, ხალხი ქუჩაში არ გამოვა, მაინცდამაინც ნურავის ექნება. სხვათა შორის, იმ რაოდენობის ხალხის გამოსვლას 20 ივნისსაც არავინ ელოდა, მაგრამ გამოვიდა!
მოკლედ, როგორც კი ხალხი საბოლოოდ ნახავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოებრიობაზე უარს ამბობს, 20 ივნისი ისევ დადგება!
_ შეიძლება, მაგრამ ახალი 20 ივნისი შედეგს მოიტანს?
_ საერთოდ, როცა სასწორზე ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდება, ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის, ქუჩებში ბარიკადებიც ლეგიტიმურია!
_ კი ბატონო, აჯანყება ხალხის კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ დასავლეთი რას იტყვის?
_ დასავლეთი ჩვენთვის, ანუ ქართული სახელმწიფოსთვის, გამოსავალია.
_ რას გულისხმობთ?
_ იქნებ, ბიძინა ივანიშვილზე დასავლეთის ზეწოლამ იმოქმედოს და იმ მიზნის მიღწევას, რაც ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება, მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მივაღწიოთ! ეს ზოგადი ფრაზები არაა.
ერთი სიტყვით, თუ დასავლეთი ივანიშვილზე იმოქმედებს, ეს ყველაზე უმტკივნეულო ფორმა იქნება და ამიტომაც გვინდა, რომ ეს რესურსი ბოლომდე გამოვიყენოთ. დღეს ხალხს ამის იმედი აქვს, მაგრამ თუ ეს იმედი გადაიწურება, მაშინ ერთადერთი გამოსავალიღა დარჩება _ ქუჩაში გამოხვიდე და ხელისუფლება გარეკო. ეს ხალხს არაერთხელ გაუკეთებია!
_ ვფიქრობ, „ოცნებას“ დასავლეთის აზრი „კიდია“. ყოველ შემთხვევაში, მამუკა მდინარაძემ გვითხრა, მიშელის 6-პუნქტიანი გეგმა დოკუმენტი კი არა, უბრალოდ, მაგიდაზე დადებული მოსაზრებებიაო.
_ ბევრჯერ მინახავს…
_ რა გინახავთ?
_ ის, ვინც დასავლეთი „დაიკიდა“, დასავლეთმაც „დაიკიდა“!
_ ივანიშვილი დასავლეთში არ დადის და სანქციებიც, ალბათ, ამიტომაც არ ანაღვლებს.
_ სანქციები არ აინტერსებს?
_ დიახ, რატომ გამორიცხავთ, რომ არ აინტერესებს?
_ ჯერ ერთი, სანქციები მიდი-მოდის არ ნიშნავს. მეორეც, სანქციები პანაცეა არ არის. სანქციებზე ბევრად მტკივნეული ბერკეტები არსებობს, რომლებიც დემოკრატიულად განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ.
ასე რომ, მხოლოდ სანქციებზე ნუ ვისაუბრებთ!
_ სანქციებზე ბევრად მტკივნეული ბერკეტები, კერძოდ, რა არის?
_ ეს ამ სახელმწიფოებმა უკეთესად იციან.
ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხარეს დანარჩენი მსოფლიო როგორ წარმოგიდგენიათ? _ ეს ცოტა სასაცილოდ არ ჟღერს?!
ერთ მხარეს პუტინი, ანუ ატომური სახელმწიფო და მეორე მხარეს დანარჩენი მსოფლიო კიდევ გასაგებია, მაგრამ იმის წარმოდგენაც კი შეუძლებელია, ერთ მხარეს ივანიშვილი რომ იყოს, მეორე მხარეს კი _ დანარჩენი მსოფლიო.
_ ე. ი., ბაჩუკი, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ ივანიშვილს მოკავშირედ შესაძლოა, მხოლოდ პუტინიღა დარჩეს?
_ რა თქმა უნდა. დასავლეთის შემოთავაზებაზე უარის თქმა არჩევანის რუსეთის სასარგებლოდ გაკეთებას ნიშნავს, რუსეთის სასარგებლო არჩევანი კი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ეს ბიძინა ივანიშვილმაც კარგად იცის და არ მგონია, რომ ამის გაკეთება სურდეს!
_ ისე, რატომ ფიქრობთ, რომ დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში „ოცნების“ ყოფნა?
_ ეს ვინ გითხრათ?
დასავლეთისთვის და, საერთოდ, დემოკრატიული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი სამართლიანი არჩევნებია. ბიძინა ივანიშვილის „ოცნება“ სამართლიანი არჩევნებით მოსული ხელისუფლება არ არის! მან ხელისუფლების უზურპაცია არჩევნების გაყალბებით მოახდინა!
_ მგონი, ელისაშვილი და იგივე „გირჩიც“ ითხოვს, რომ ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების დოკუმენტები „დადოს“. სხვათა შორის, ეს აზრი სოზარ სუბარმაც განავითარა…
_ მათ შორის განსხვავება არ არის.
_ შეიძლება, მაგრამ ოპოზიციას შესწევს უნარი, დოკუმენტურად დაასაბუთოს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა?
_ სუბარის მოსაზრებები ისეთივე საინტერესოა, როგორიც _ ელისაშვილის ოპოზიციონერობა!
_ აქედან გამომდინარე, ოპოზიციის შეცდომა ხომ არ იყო, ელისაშვილი თავისიანად რომ მიაჩნდა?
_ ყველას თავისი სუბიექტური შეხედულება აქვს.
_ თქვენი შეხედულება როგორია და როგორი იყო?
_ განსხვავებული, თუმცა ახლა ამაზე არ ვისაუბრებ.
_ თქვენი ნებაა… იზიარებთ მოსაზრებას, რომ ოპოზიციის საპროტესტო მუხტის მოკვლას გიგა ბოკერია ცდილობს და ამით „ოცნებას“ ევაჭრება?
_ შეიძლება, ძალიან ბევრს წარმოუდგენია, რომ ოპოზიციურ ერთობაში ბზარის შეტანა გამოსავალია, მაგრამ ოპოზიციაში ბზარის გაჩენა ბიძინა ივანიშვილისთვის დიდი საჩუქარი იქნება და იმედი მაქვს, ასეთ საჩუქარს ოპოზიციიდან არავინ გაუკეთებს და ამის ნიშანწყალიც არ არსებობს!
რაც შეეხება ოპოზიციის შიგნით პოზიციების პერსონიფიცირებას, ამის მომხრე არ ვარ და მხარს არ ვუჭერ.
_ რატომ?
_ ოპოზიციაში მხოლოდ ბოკერია კი არა, ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, რომლის პოზიციაც ჩემთვის შესაძლოა, მიუღებელი იყოს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თუ რამეზე შევთანხმდებით, ყველამ ერთად უნდა შევასრულოთ!
_ კი ბატონო, ოპოზიცია ერთიანია, მაგრამ კულუარებში ამბობენ, მელიას დაჭერის მერე „ნაცებს“ მხოლოდ ერთი ლიდერი _ ხატია დეკანოიძეღა ჰყავთ. ამიტომ ერთიან ოპოზიციაში ლოკომოტივის როლის შესრულებას ბოკერია ცდილობსო. ასეა?
_ თუ ვინმეს ხატია თვალში ეპატარავება, ძალიან მწარედ ცდება!
საერთოდ, სხვა პარტიებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ცუდს არაფერს ვამბობ: არ მგონია, რომ „ნაციონალებში“ ლიდერის დეფიციტი არსებობდეს!
_ უკვე დაიწყო ლაპარაკი, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“ და ელენე ხოშტარიამ, შესაძლოა, კოალიცია შექმნან. ეს „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის, უკანა პლანზე გადაწევას ხომ არ გამოიწვევს?
_ არ ვიცი… იმის მიღმა, რაც ხდება ყველა ოპოზიციურ პარტიას შესაძლოა, თავისი დღის წესრიგი აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ ახლა საკუთარი დღის წესრიგით მუშაობის დრო არ არის, თუმცა არც ისაა პრობლემა, თუ ვინმე სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებს.
საერთოდ, დღეს ასეთ თემებზე არავინ ფიქრობს, დღეს ყველას საფიქრალი მხოლოდ ისაა, ჩვენს სახელმწიფოს უზურპატორი ხელისუფლება როგორ მოვაცილოთ!
_ ვთქვათ, „ოცნებამ“ ვადამდელი არჩევნები 2022 წლისთვის დანიშნა. ეს ოპოზიციისთვის მისაღები იქნება?
_ საქართველოში ძალიან ბევრი პოლიტიკური პროცესი მინახავს.
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ ასეთი მოქნილი ოპოზიცია, რომელიც ძალიან სწრაფად ლავირებს და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად იღებს, იშვიათად მინახავს!
გეგმა ერთია: თუ ხელისუფლებას ნორმალური საუბარი არ ესმის, მაშინ იმ საუბარს მოისმენს, რომელსაც გაიგებს! ჩვენ უკან არ დავიხევთ!
_ ეს გასაგებია, მაგრამ კითხვაზე მიპასუხეთ: ოპოზიციისთვის ვადამდელის 2022-ში ჩატარება მისაღებია?
_ ე. ი., ორი წელი არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავდეს?
_ არ უნდა გვყავდეს, მაგრამ 2022 წლის მოდელს დასავლეთმაც რომ დაუჭიროს მხარი? ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ წელს, შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნებია…
_ ეს განსახილველი საკითხია. ისიც არ ვიცი, რამდენად შეიძლება, რომ ადგილობრივი არჩევნები არალეგიტიმური პარლამენტის გალეგიტიმურობას ასწრებდეს.
ჩემი აზრით, ყველაზე კარგი ის ინება, რომ ორივე არჩევნები ერთად ჩატარდეს.
_ „ოცნება“ დათმობაზე რომ წამოვიდეს, დღის წესრიგში საარჩევნო კოდექსის შეცვლა დადგება, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო. შესაბამისად, ოპოზიცია იძულებული გახდება, პარლამენტში შევიდეს…
_ თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების სწრაფად დასანიშნად ოპოზიციის მოქნილი მოქმედება იქნება საჭირო, ჩვენ ამისთვის მზად ვართ!
_ „ოცნებას“ სიტყვაზე ენდობით, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ივანიშვილმა სრულად პროპორციულის პირობა დადო, თუმცა, საბოლოოდ, ნახევრად პროპორციული მივიღეთ…
_ რაღაც გარანტიებს ავიღებთ.
_ კერძოდ?
_ ისე ხომ არ ხდება, ბიძინამ შემოთვალოს, მოვიფიქრე და მოდით, პარლამენტში შემოდითო…
თუ „ოცნებაში“ და ასევე პირადად ივანიშვილის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ ამას დასავლეთიდან გარანტორებიც ეყოლება, ანუ თუ ვადამდელი არჩევნები გარანტირებულად დაინიშნება, მაშინ ამას პარლამენტში შევუწყობთ ხელს!
_ არ გეწყინოთ და დასავლელი გარანტორების იმედი 20 ივნისის შემდეგაც გქონდათ…
_ ყველაფრის შედეგს ვხედავთ…
_ შედეგი ისაა, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩა…
_ ხელისუფლება მიტაცებულია და „ოცნება“ ქვეყანას ვერ მართავს. კიდევ ერთი ასეთი ნაბიჯი საბოლოოდ ბევრ რამეს დაასრულებს და არ მგონია, ქართველმა ხალხმა ივანიშვილს ყველაფერი ეს შეარჩინოს…
_ რა ამის პასუხია და, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, ოპოზიციის გადაწყვეტილებები სააკაშვილზე არაა დამოკიდებულიო. ბაჩუკი, თქვენი ინფორმაციით, ოპოზიციის გადაწყვეტილებების მიღებაში ექს პრეზიდენტი ჩართულია?
_ ელენეს განცხადება არ მინახავს, მაგრამ სააკაშვილი ის ფიგურაა, რომელიც ოპოზიციისთვის ელექტორალურად ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დასაყრდენია! აქედან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში არ მონაწილეოდბეს და თავისი სიტყვა, როგორც თანასწორთა შორის თანასწორს, არ ეთქმოდეს?!
_ თუ სააკაშვილი ოპოზიციისთვის ელექტორალურად ყველაზე დიდი დასაყრდენია, მაშინ ამიხსენით, მესამე პრეზიდენტისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების საკითხს რატომ არ აყენებთ?
_ ოპოზიციის დღევანდელი მოთხოვნები ჩვენი კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული.
_ ანუ?
_ „ოცნებამ“ ოპოზიციური პარტიის ოფისზე მოულოდნელი შტურმი განახორციელა და ასეთი რამ საქართველოს უახლეს ისტორიაში არ მახსოვს.
_ თქვენ თუ არ გახსოვთ, მე გაგახსენებთ: 2007 წლის ნოემბერში ძალოვნები ირაკლი ოქრუაშვილის იმდროინდელი პარტიის ოფისში შეუშევს…
_ შეიძლება, მაგრამ მაშინ ფორმა სხვა იყო…
_ იმაზეც შევთანხმდეთ, რომ „ოცნებას“ „ნაცმოძრაობის“ ოფისი სასტიკად არ დაურბევია…
_ ოქრუაშვილის ამბავზეც იგივე პოზიცია მქონდა, რაც ახლა მაქვს _ ასეთი რაღაცები მიუღებელია.
მოკლედ, დღეს ოპოზიცია იმის მიხედვით მოქმედებს, რა ამოცანებსაც მოცემულობა უსახავს.
რაც შეეხება იმას, უნდა იყოს თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭება დღის წესრიგში, დღის წესრიგიდან არასოდეს მოხსნილა, რომ ქვეყანას პოლიტდევნილები არ უნდა ჰყავდეს. მით უმეტეს, ქვეყნის ავტორიტეტზე ცუდად მოქმედებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტდევნილია!
_ იმ შემთხვევაში, თუ 15 მარტის მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდება, ანუ „ოცნებამ“ არაფერი დათმო, პროცესები როგორ განვითარდება?
_ ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ჩვენი ქვეყნის მომავლის მჯერა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ „ოცნებაში“ ვინმეს გონიერება ეყოფა და ხელისუფლება სისულელეს აღარ ჩაიდენს!
_ პოლიტიკაში ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ!
_ დიახ, ასეა, მაგრამ ვნახოთ…
არ მინდა, ტრაფარეტულად გამომივიდეს, მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო და დღეს ძალების თავმოყრა ბიძინას კარზე კი არა, მისი კარის საწინააღმდეგო მხარეს ხდება. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ივანიშვილს იმ გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწევს, რომლითაც ხელისუფლება შეიცვლება!
თუ ეს ცვლილება ნებით არ მოხდება, მაშინ იძულებით განხორციელდება!
_ ბაჩუკი, „ოცნებიდან“ ოპოზიციას ვინმე „მესიჯს“ თუ უგზავნის, აი, მმართველ ძალას დავტოვებ და შემოგიერთებითო?
_ აშკარაა, რომ გამარჯობისა და მოკითხვის ხარისხი გაუმჯობესდა!
_ კერძოდ?
_ ის, რაც გუშინ თბილი არ იყო, დღეს გახდა!
_ ე. ი., „ოცნებაში“ გრძნობენ, რომ გემი იძირება?
_ მგონია, რომ გრძნობენ.
_ …ისე, კოალიციურ მთავრობაში მთავარი ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება?
_ მთავარი ძალა ის იქნება, ვისაც ხალხი მხარს დაუჭერს!
_ ვადამდელ არჩევნებზე ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია ისევ ერთ ბლოკად გამოვა?
_ ჯერ არ ვიცი, მთელი ოპოზიცია ერთ ბლოკად _ ყველას მინუს ივანიშვილი გამოვა, ენმ იქნება ცალკე თუ ყველა პარტია _ ცალკე. დღეს კი ყველაზე მთავარი ერთობაა.
ასეა თუ ისე, ჯინი ბოთლიდან ამოსულია და უკან აღარ დაბრუნდება! ამიტომ უკეთესია, შედეგი რაც შეიძლება მალე დადგეს, თორემ ყველაფერი ცნობილია _ ეს ხელისუფლება დამარცხებულია!
ვანო პავლიაშვილი