ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა კაფე „იმოქმედე“ გახსნეს
ახალგაზრდული ორგანიზაცია „იმოქმედეს“ ინიციატივით ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, მინიკაფე გაიხსნა.
მოძრაობა „იმოქმედეს“ წევრებმა „ქრონიკა+“-ს განუცხადეს, რომ ისინი არ ემორჩილებიან მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და მინიკაფეში ჩაისა და ყავაზე ყველა მოქალაქეს ეპატიჟებიან.
„რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით არის შეზღუდვები და თავისუფლების კვარტალში ვართ, შესაბამისად, ახალგაზრდებმა გადავწყვიტეთ, სამოქალაქო საზოგადოების კეთილდღეობისთვის ჩვენი წვლილი რაღაც დოზით შეგვეტანა და გაგვეხსნა კაფე, სადაც დამზადდება ყავა, ჩაი და აქ მყოფ ადამიანებს შეეძლებათ მისი შეძენა, ხოლო ვისაც საშუალება არ ექნება, უფასოდ აღება.
ჩვენ ფულს არ ვიღებთ, გვიდგას ბოქსი, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს, თუ საშუალება ექნება, თუ არადა, არც ეს არის პრობლემა.
კაფეს გახსნის მთავარი მიზანია, რომ აქ მყოფ ადამიანებს მაქსიმალურად ვასიამოვნოთ და ახალგაზრდებმა ვაჩვენოთ გვერდით დგომა“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.
ხვიჩა მამულაძე