ბადრი ბასიშვილი: „ცხინვალის რეგიონში ომი 2008 წელს არ დაწყებულა“
ავადსახსენებელი აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა. 12 წელია, ქართლის გულს უცხოტომელები დაეპატრონენ და მიწასთან ასწორებენ ქართულ სოფლებს. ბაღ-ვენახებიც კი ამოძირკვეს. მხოლოდ საფლავებისთვის და ეკლესიებისთვის ვერ გაბედეს ხელის ხლება. ამ ომიდან 12 წელიწადი გავიდა და საქართველოში ისევ იმაზე კამათობენ, თუ ვინ დაიწყო ომი. რუსეთუმეები და მეოცნებეები ომის დაწყებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ. იმ ხალხისთვის, ვინც ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი გავრილოვი სპიკერის სავარძელში დასვა, სამშობლოს დაცვა დანაშაულის ტოლფასია.
ეს ომი საკუთარ თავზე გადაიტანა ბადრი ბასიშვილმა. სოფელ კეხვში გაზრდილი ბიჭისთვის ომი ბევრად ადრე დაიწყო. მას კარგად ახსოვს გასული საუკუნის 90-იან წლებში როგორ წყდებოდა სკოლებში სასწავლო პროცესი, რადგან მოწინააღმდეგე ქართული სოფლების დაცხრილვას იწყებდა. აგვისტოს ომიდან ცოცხალმა ძლივს გამოაღწია. ოკუპანტებმა და ოსებმა მამამისი აიყვანეს ტყვედ და ცნობილ ოს „ბოევიკ“ მარეკ დუდაევში ითხოვდნენ მის გაცვლას. ბასიშვილებმა ამ გაცვლაზე უარი თქვეს. ქართველების სერიული მკვლელი დუდაევი ციხეში დარჩა, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ არ მოვიდა. საოცნებო ხელისუფლებამ ოსი „ბოევიკი“ ცხინვალში დიდი პატივით ჩაიყვანა. ბასიშვილს არ უკვირს მეოცნებეთა დამოკიდებულება ამ ომის მიმართ. ის იმედით ცხოვრობს, რომ აუცილებლად დაბრუნდება მშობლიურ მხარეში, რომელიც ახლა რუსების საწვრთნელ პოლიგონად იქცა.
როდის დაიწყო ომი ცხინვალის რეგიონში? როგორ ცხოვრობდნენ აგვისტოს კონფლიქტამდე ქართველები იქ? უნდა გაეცა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტებისთვის პასუხი? რა მდგომარეობაშია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული სოფლები? რაზე ოცნებობენ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ბასიშვილი ესაუბრება:
_ აგვისტოს ომიდან 12 წელიწადი გავიდა და დღემდე არ წყდება პოლემიკა, თუ ვინ დაიწყო ეს ომი. თქვენ ცხინვალის რეგიონში ცხოვრობდით და ყველაფერმა თქვენ თვალწინ გაიარა. რას ეტყვით იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში?
_ ამ ადამიანებს ვეტყოდი, რომ ომი 2008 წლის აგვისტომდე ბევრად ადრე დაიწყო. მე ცხინვალში დავიბადე და ბავშვობა ამ რეგიონში გავატარე, სკოლაც იქ დავმთავრე. 31 წელიწადი მშობლებთან ერთად სოფელ კეხვში ვცხოვრობდი. იქაურობა 2008 წელს დავტოვეთ. ცხინვალის რეგიონში ომი 1991 წელს დაიწყო და საომარი მოქმედებები თითქმის ყოველდღე მიმდინარეობდა. რუსებმა მაშინ შეძლეს ქალაქ ცხინვალის ოკუპაცია. ამის შემდეგ მოსკოვმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებზეც გადაწყვიტა კონტროლის დამყარება. 9 ქართული სოფელი ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარეობდა, საიდანაც ცხინვალი როკის გვირაბს უკავშირდებოდა. ჩვენ რუსებსაც და ოსებსაც ყელში ვყავდით გაჩხერილი. ქართული სოფლების წინააღმდეგ ხშირად ახორციელებდნენ პროვოკაციებს.
_ რა პროვოკაციები ხორციელდებოდა?
_ ცეცხლს ხსნიდნენ ქართული სოფლების მიმართულებით, ქართველებს იტაცებდნენ. მახსოვს, სკოლაში ხშირად შეწყვეტილა სასწავლო პროცესი და დროებით დაგვიტოვებია ჩვენი საცხოვრებელი. ქალები და ბავშვები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გავყავდით. როცა სიტუაცია ოდნავ ჩაწყნარდებოდა, უკან ვბრუნდებოდით. წლების მანძილზე საომარ მდგომარეობაში გვიწევდა ცხოვრება. ამით ძალიან დაღლილი იყო ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობა. ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში ხშირად უთქვამთ იქაურებს, ნეტავ, დაიწყოს ომი და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ეს საკითხიო.
ჩვენს სოფლებში რომ მოხვედრილიყავით, ცხინვალი უნდა გამოგევლოთ. ცხინვალში ქართველებს აჩერებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს. ძალიან ცუდი ვითარება იყო ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში. შევარდნაძის ხელისუფლება ვერ ბედავდა, რომ რამე გადამჭრელი ზომები მიეღო რუსებისა და სეპარატისტების წინააღმდეგ. არც პოლიცია ძლიერდებოდა. ქართული საჯარისო ფორმირებების შემოყვანაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ძალიან მძიმე წლები გამოვიარეთ ქართულმა მოსახლეობამ.
შევარდნაძის ხელისუფლების წასვლის შემდეგ ცხინვალის რეგიონის მიმართ პოლიტიკა შეიცვალა. ე. წ. სამხრეთ ოსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო, აღმშენებლობის პროცესი დავიწყეთ. გვინდოდა, რომ ეს რეგიონი ეკონომიკურად ძლიერი ყოფილიყო. ოსებისთვის უნდა დაგვენახვებინა, როგორ ცხოვრობდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ადამიანები და როგორ აცხოვრებდა მათ რუსეთი.
რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, რუსეთი აკვირდებოდა. მის ინტერესებში არ შედიოდა, რომ ოსებს საკუთარი თვალით ენახათ, თუ რა ხდებოდა რეგიონის იმ ნაწილზე, სადაც თბილისის იურისდიქცია ვრცელდებოდა.
ჩვენს მხარეს ყველაფერი კარგად იყო, სამაგიეროდ, ცხინვალი გახლდათ ჩაბნელებული. არაფერი ხდებოდა, იქ მცხოვრებლებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდათ. იმავე პერიოდში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა სათავეში. დროებით ადმინისტრაციას ცხინვალიდან ბევრი ეხმიანებოდა. მათთვის ძალიან მიმზიდველები ვხდებოდით. იმ პერიოდში ცხინვალში, ძირითადად, პენსიონერები იყვნენ დარჩენილი. ვისაც ნორმალური ცხოვრება და ბიზნესის აწყობა უნდოდა, დიდი ნაწილი რუსეთში წავიდა. ვისაც ქართველებთან ნათესაური კავშირი ჰქონდა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ბევრი ევროპაში გაემგზავრა. ცხინვალში ბანდფორმირებები და რუსი სამხედროები თარეშობდნენ. იქ რამის მიღწევა შეუძლებელი იყო.
_ მაშინ ბევრმა დატოვა ცხინვალი, მაგრამ საქართველოსთან კავშირის გაწყვეტა არ სურდათ. თითქოს უცნაურია, მაგრამ ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში ქართველებზე ბევრი ცხინვალიდან წასული ეთნიკური ოსი სწავლობდა. ეს ბავშვები ქართულ განათლებას ღებულობდნენ.
_ ასე იყო. რამდენჯერმე ვარ ვლადიკავკაზში ნამყოფი. ზოგჯერ თავი თბილისში მეგონა. გარშემო სულ ქართულად საუბრობდნენ. ვლადიკავკაზელ ოსებს, ცხინვალელებისგან განსხვავებით, ქართველებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
_ ახლაც ასეა.
_ ასეა, ასე. როგორც მე ვიცი, ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ ოსებს ცხინვალელებისთვის ხშირად უსაყვედურიათ რუსული პროვოკაციის აყოლის გამო. მათი აზრით, ქართველებთან არ შეიძლებოდა დაპირისპირება.
_ ცხინვალში ამ საკითხს სულ სხვანაირად უყურებდნენ და უყურებენ.
_ სამწუხაროდ, ცხინვალელები აყვნენ რუსულ პროვოკაციას და დღეს რეგიონის ქართული სოფლები სულ გადამწვარია. ლიახვის ხეობაში სახლები ხომ გადაწვეს და წლობით ნაშენები ხეხილის ბაღებიც კი ამოძირკვეს.
_ ხეხილის ბაღებს რაღას ერჩოდნენ?
_ ჰგონიათ, ამით ისტორიას წაშლიან და დაამტკიცებენ, რომ იქ ქართველებს არასდროს უცხოვრიათ. რაც არ უნდა ამოძირკვონ და გადაწვან, ისტორიას ვერ წაშლიან. ეს ქართული მიწაა და ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოს იურისდიქციაში.
ჩემთვის ძალიან რთულია ამ ამბების გახსენება. განსაკუთრებით მიჭირს ხოლმე აგვისტო. როცა 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. საკუთარ თავზე არ მიყვარს საუბარი, მაგრამ ის საჯარო მოხელე გახლდით, რომელიც ერთ-ერთი ბოლო გამოვიდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან.
_ მახსოვს ეს ამბავი. დაკარგული იყავით და რამდენჯერმე ისიც კი ითქვა, რომ დაიღუპეთ.
_ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ვერავისთან გავდიოდით კონტაქტზე, რათა ხმა მიგვეწვდინა. სულ შემთხვევით გამოვედით ოკუპირებული ტერიტორიიდან. როცა იქაურობას ვტოვებდით, ქართულ სოფლებში უკვე ჩეჩნების დანაყოფი იდგა. ისინი გადასულები იყვნენ ძარცვაზე. მაროდიორობაში გართულებს ჩვენთვის ყურადღება აღარ მოუქცევიათ. რომ შევემჩნიეთ, აუცილებლად ტყვედ ამიყვანდნენ. მამაჩემმა არ მოინდომა სახლის დატოვება და კეხვში დარჩა.
_ რომელიც რუსებმა ძალიან მალე ტყვედ აიყვანეს.
_ ასე იყო. რამდენიმე დღეში დაატყვევეს მამა. ჩემთვის ამის გახსენება ძალიან რთულია. მძიმედ გადავიტანე ეს ამბავი.
_ ოსურმა მხარემ შემოგთავაზათ, რომ ის ცნობილ „ბოევიკ“ მარეკ დუდაევში გაგეცვალათ. რატომ თქვით უარი ამ წინადადებაზე?
_ მამა რამდენიმე ქართველთან ერთად დაატყვევეს. ოსებმა ძალიან სწრაფად გაიგეს, რომ მე პარლამენტის წევრი ვიყავი. ოსმა მაღალჩინოსნებმა გადაწყვიტეს, ამით ესარგებლათ და მამას განთავისუფლების სანაცვლოდ დუდაევის გამოშვება შემოგვთავაზეს. მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა აგვისტოს ომამდე კარგა ხნით ადრე დააკავეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მერე აქეთ გადმოიყვანეს და ქართულ ციხეში ჩასვეს. ამ ადამიანს რამდენიმე ქართველის მკვლელობაში ედებოდა ბრალი და ასევე რამდენიმე მუხლით გაასამართლეს. მიმაჩნდა, რომ იგი არ უნდა გაეთავისუფლებინათ.
მათმა მაღალჩინოსანმა ბორის ჩოჩიევმა წერილი გადმომცა, თითქოსდა მამას მიერ დაწერილი. წერილში ის შველას მთხოვდა. თუ მალე არ გავიყვანდით, მოკლავდნენ და მის გვამსაც კი ვერ ვნახავდით. მაშინვე მივხვდი და მერე თავად მამამაც დამიდასტურა, რომ წერილი მას არ დაუწერია. მოვითათბირეთ და ვთქვით, რომ მარეკ დუდაევს არ გავცვლიდით.
საომარი მოქმედებების დროს ჩვენებმა რამდენიმე ოსი სეპარატისტი აიყვანეს ტყვედ. ტყვეები ჰყავდა ოსურ მხარესაც. შედგა მოლაპარაკებები და პრინციპით ყველა _ ყველაზე გავცვალეთ.
_ მამაც მაშინ გაათავისუფლეს?
_ კი. მას 27 დღე გაატარებინეს ცხინვალის ციხეში.
_ რამდენადაც ვიცი, მას თავისი საფლავიც კი გაათხრევინეს ოსებმა.
_ მამას ორმოს ათხრევინებდნენ და მერე მის ფეხებთან ისროდნენ. უნდოდათ, შეშინებოდა და ეფიქრა, რომ საკუთარ საფლავს თხრიდა. შემდეგ ამ ამოთხრილ ორმოში მიცვალებულებს ამარხინებდნენ. მამა განთავისუფლებიდან რამდენიმე თვეში დაიღუპა სისხლის გათეთრებით. ამდენმა შიშმა და სტრესმა მაინც თავისი ქნა.
_ რა მძიმე ამბავია.
_ ძალიან მძიმეა. სიამაყით მინდა გითხრათ, რომ ქართველების მკვლელი დუდაევი არავისში გაგვიცვლია, მათ შორის, ტყვედ აყვანილ ქართველ სამხედროებშიც კი. სამწუხაროდ, 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ მისი თავი ოსებს აჩუქა. დუდაევის განთავისუფლება რუსმა მაღალჩინოსნებმა მოითხოვეს.
_ „ოცნების“ მიერ შეწყალებული მარეკ დუდაევი იმდენად ნაძირალა იყო, რომ განთავისუფლების შემდეგ თავისივე თანასოფლელმა ოსმა მოკლა.
_ ძალიან ბევრი ცოდვა ედო კისერზე. ოსებსაც ბევრი დაუშავა და _ ქართველებსაც. ოსებმა კი გადაუხადეს სამაგიერო, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ის რუსეთის მითითებით გაათვისუფლა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენება ძალიან ძნელია. უაღრესად გვიჭირს დევნილ ქართულ მოსახლეობას. მართალია, დევნილთა ჩასახლებები გაკეთდა, მაგრამ ინტეგრაცია მაინც ჭირს. ჩვენს სახლებში გვინდა დაბრუნება. იმედი გვაქვს, ძალიან მალე შევძლებთ ჩვენს მიწაწყალზე ცხოვრებას.
_ ამის იმედი ყველას გვაქვს, მაგრამ ეს დღეს წარმოუდგენლად მეჩვენება.
_ დღეს არა, მაგრამ ხვალ დავბრუნდებით. ამ იმედით ვცხოვრობთ ყველანი. მართალია, იქ ჩვენი სახლები აღარ დგას, მაგრამ მთავარია, დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე და სახლებსაც ავაშენებთ, ხეხილის ბაღებსაც გავაშენებთ.
_ მითხარით, რომ ოსებმა ქართულ სოფლებში სახლები გადაწვეს და ხეხილის ბაღებიც კი ამოძირკვეს. რა არის ახლა ქართული ნასოფლარების ადგილზე? სოფელი თამარაშენი მიწასთან გაასწორეს და შემდეგ იქ მოსკოვის მერიამ რუსი სამხედროებისთვის დასახლება ააშენა, რომელსაც ცხინვალის ხელისუფლებამ მოსკოვსკოე დაარქვა.
_ რაღაც ტერიტორიაზე დასახლება გააკეთეს, სადაც რუსი სამხედროების ოჯახები ჩამოიყვანეს და ახლა ისინი ცხოვრობენ იქ. დანარჩენი ტერიტორია კი, უბრალოდ, მიწასთან გაასწორეს. ისეა ყველაფერი გადასწორებული, უცხო ადამიანი რომ ჩავიდეს, ვერ წარმოიდგენს, იქ ოდესმე სოფლები თუ იყო და ცხოვრება დუღდა. ტრიალ მინდვრად გადააქციეს იქაურობა.
_ და ამით რა ხეირს ნახულობენ?
_ მიზანი ერთია _ ქართული მიწიდან ქართული კვალი უნდა წაშალონ. ერთადერთი, რასაც ვერ შეეხენ, ეს ქართული ეკლესიებია. ვერც ქართველთა საფლავების აოხრება გაბედეს.
_ ეს როგორ მოხდა?
_ ვერ გაბედეს. ამ ეკლესიებსა და სალოცავებში ქართული წარწერებია. ამით მაინც დამტკიცდება, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ.
_ ამ ქართულ წარწერებს ვერ წაშლიან?
_ არა მგონია, რომ ეს გაბედონ. წაშლა რომ გაებედათ, აქამდე წაშლიდნენ. როგორც უკვე გითხარით, ისინი არც ჩვენი წინაპრების საფლავებს შეხებიან. ყოველ აღდგომას იმაზე ვფიქრობთ, რომ იქნებ, წელს მაინც შევძლოთ მათი მანახულება.
_ როგორ მოუვიდათ, რომ საფლავებს ხელი არ ახლეს?
_ ერთი პერიოდი საფლავის ქვების ქურდობა დაიწყეს, ლითონსაც იპარავდნენ.
_ ასეთი ფაქტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც ხდებოდა და დღესაც ხდება.
_ როცა საფლავების გაძარცვა დაიწყო, როგორც ვიცი, ოსებმა იქ მილიცია დააყენეს და ეს პროცესი აღკვეთეს. მათ მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, სიმართლე აუცილებლად უნდა ითქვას.
ძალიან ლამაზი ბუნება გვქონდა, ტყეებით იყო იქაურობა დაფარული. ახლა ეს ტყეები მასობრივად იჩეხება. ხე-ტყე, ძირითადად, რუსეთში მიდის. ცხინვალი დღეს ჩვეულებრივ რუსულ ქალაქად იქცა. ლიახვის ხეობის ქართული სოფლები, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ, პოლიგონად გადაკეთდა. იქ ხშირად მიმდინარეობს რუსული არმიის წვრთნები. ძალიან მძიმე და რთული სიტუციაა.
_ ზემოთ თქვენი ბავშვობა გაიხსენეთ, როცა სროლების გამო სასწავლო პროცესი წყდებოდა და ქალები და ბავშვები იხიზნებოდით. ალბათ, არაერთხელ დაუბომბავთ მძინარე ქართული სოფლები, მაგრამ იმ პოლიტიკოსებს ამაზე სიტყვა არ დასცდენიათ, რომლებიც მძინარე ცხინვალის დაბომბვაზე მოსთქვამენ. ეს რა ფენომენია?
_ 2008 წლის აგვისტომდე გამუდმებით, დღისითაც და ღამითაც, იბომბებოდა ქართული სოფლები, ქართული დასახლებები. ამ დაბომბვას მოსდევდა მსხვერპლი, იტაცებდნენ და კლავდნენ ქართველებს. ჩვენი ახალგაზრდების ცხედრებსაც კი ვერ ვპოულობდით. მოწინააღმდეგე არც ტერორისტულ აქტებზე ამბობდა უარს. შემოვლით გზაზე ხშირად იყო აფეთქებები. ასეთი ამბები სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ დაწყებულა. ედუარდ შევარდნაძის დროიდან ასე იყო. ამის შესახებ ყველაზე კარგად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი.
_ ისინი რატომ უნდა იყვნენ ამის შესახებ ყველაზე უკეთ ინფორმირებულნი?
_ იმიტომ, რომ ბევრი მათგანი შევარდნაძის ხელისუფლებას წარმოადგენდა.
_ მძინარე ცხინვალზე მოტირალი რამდენიმე პერსონა 1991-92 წლების ცხინვალის კონფლიქტის მონაწილეა და გაუგებარია, ახლა რატომ მოსთქვამს ცხინვალში ქართული საჯარისო შენაერთების შესვლის გამო?
_ გული მტკივა, როცა ჩვენკენ იშვერენ ხელს და გაიძახიან, რომ „ნაციონალების“ დროს დაიბომბა ცხინვალი, მანამდე კი არაფერი ხდებოდა, მშვიდად ცხოვრობდა რეგიონი. იქაურმა ქართველებმა ყველაზე უკეთ ვიცით ეს. ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. მსგავსი პოლიტიკური განცხადებები არ არის ლამაზი. დაკარგული ტერიტორიები ისეთი თემაა, რომლის გარშემოც ყველა უნდა გავერთიანდეთ. არ შეიძლება წინა ხელისუფლების დადანაშაულება, რომ ომი მან დაიწყო. ეს იქ მცხოვრები ქართველების შეურაცხყოფაა, ასევე იმ ბიჭების, რომლებიც ჩვენი ტერიტორიების დასაცავად იბრძოდნენ.
_ ნებისმიერი ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას საკუთარი ხალხი და ტერიტორია და მოსახლეობა. მართლა გაუგონარია, რატომ კამათობენ ამაზე დღემდე.
_ რა თქმა უნდა. შევარდნაძის დროსაც არაერთხელ გაუციათ სეპარატისტებისთვის და ოკუპანტებისთვის საკადრისი პასუხი. ჩვენც ვიყავით 9 წელი ხელისუფლებაში, მაგრამ ერთხელ არ გვითქვამს, თუ რატომ ჩაატარეს სპეცოპერაცია მაშინ. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება. ჩვენ რუსებისა და ოსების აგრესიაზე პასუხი რომ არ გაგვეცა, დარწმუნებული ვარ, სხვა ბრალს წამოგვიყენებდნენ.
_ რა ბრალს წამოგიყენებდნენ?
_ მაშინდელი ოპოზიცია იტყოდა, რომ ჩვენ არაფრის მაქნისი ვიყავით და არ დავიცავით რეგიონის ქართული მოსახლეობა.
_ დაბოლოს, რას ეტყოდიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მაინც არ ჩერდებიან და მოსთქვამენ, რომ ის ომი ჩვენ დავიწყეთ?
_ ბევრი ვერ იგებს, რომ ომი ჩვენ არ დაგვიწყია და მხოლოდ ჩვენს მოსახლეობას ვიცავდით. მათ მოვუწოდებ, ამ თემაზე საუბრისას გაიხსენონ ის 188 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც იმ პერიოდში დაიღუპა. 184 ჯარისკაცი და პოლიციელიც გაიხსენონ, რომლებიც აგვისტოს ომს შეეწირნენ. თუნდაც ეს მსხვერპლია საკმარისი იმის გასაცნობიერებლად, რომ ომი საქართველოს არ დაუწყია. 2008 წელს ვიღაცა შეიძლება ამას აპროტესტებდა, რადგანაც ომის გამო ყველა შოკში იყო, მაგრამ 12 წელი გავიდა და რაღაც ხომ უნდა გაიაზრონ? დროა, ყველანი ერთად დავდგეთ და რუსული ოკუპაცია გავაპროტესტოთ. იმის ყვირილი, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, პუტინის აგრესიის გამართლებაა.
შორენა მარსაგიშვილი