აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრაზე რამდენიმე ათასი მოქალაქე მივიდა

16 ოქტომბერს ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა. ხალხმრავალ შეკრებას ბათუმის ბულვარში რამდენიმე ათასი მოქალაქე ესწრებოდა. ისინი, ძირითადად, პირბადეების გარეშე იყვნენ და დისტანციასაც არ იცავდნენ.

„ქრონიკა+“ ამ თემაზე გთავაზობთ ვრცელ და საინტერესო კომენატრებს:

მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ არ დაიცვეს შეკრებაზე დისტანცია და არ გამოიყენეს პირბადე, მაშინ როდესაც საქართველოში პანდემია რეკორდულ მაჩვენებელზეა, სექტემბრიდან დღემდე კი ბათუმი ყველაზე ცხელი წერტილია?! ქალაქში ყოველდღე კოვიდის ასობით ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

„პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ მას დაელაპარაკოთ“, _ ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი, თუკი ბათუმში გამართული შეხვედრა ახალი ეპიდაფეთქების საფუძველი გახდება.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს, ვინც საქართველოს მილიონ ორასიათასამდე მოქალაქე გაყარა ემიგრაციაში, ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც და მთელი საქართველოც დააქციეს. აქციაზე ნამდვილად არ ველოდებოდით ამდენ ხალხს, ნუ რას იზამ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი მურმან დუმბაძე:
„2020 წლის 31 ოქტომბერს საღამოს, 20:01 საათზე, თქვენი მარჯვენით, თქვენი მარცხენით საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა. 31 ოქტომბერს საღამოს, 20:01 საათზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცემა საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება. ის დაბრუნდება საქართველოში. არაფერი შეგეშალოთ, ამის ნახევარმა ხალხმა გააგდო ასლან აბაშიძე. ქართველოს მოქალაქე ითხოვს ცვლილებას და ეს ცვლილება არის გარდაუვალი. უმორჩილესი თხოვნაა, არ გავაჩეროთ ხელისუფლებაში 8 წელზე მეტად არც ერთი ხელისუფლება“.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელმა ხათუნა სამნიძემ, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის სიის მეათე ნომერია:
„მიხარია და ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ ლევან ვარშალომიძესთან, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ერთი მისხალიც არ დათმო ამ ბრძოლაში _ იომა დაუღალავად, პრინციპულად და დღეს აქ დგას გაერთიანებული ოპოზიციის სახით, 31 ოქტომბერს გამარჯვებისთვის“.

ეკრანიდან აქციის მონაწილეებს სააკაშვილმა მიმართა. ამ დროს ბათუმის ბულვარში პერიოდულად ისმოდა მოქალაქეების ხმა: „მიშა! მიშა!“ „დაბრუნდი“, „გვენატრები“, „გვჭირდები“.

„ვერ წარმოიდგენთ, როგორ მადგება ცრემლები, როდესაც გიყურებთ. მე შემოვლილი მაქვს მთელი შავი ზღვისპირეთი, მე ვმართავდი შავიზღვისპირეთის მეორე მხარეს, ოდესის ოლქს და ზუსტად ვიცი, არაფერია ბათუმის ტოლი, არავის გაუკეთებია ასეთი დიდი აღმშენებლობა, ასეთი წარმატებისთვის არავის მიუღწევია, როგორსაც ჩვენ მივაღწიეთ იმ რამდენიმე ისტორიულ წელიწადში. ბრძოლის დამთავრება არის ძალიან ახლოს, გამარჯვება არის სულ ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე. ცოტა კიდევ მოთმინება, ცოტა კიდე გაძლება, ცოტა კიდე მეტი ერთიანობა და სულ რამდენიმე დღეში, 31 ოქტომბერს, საქართველო განთავისუფლდება ამ კოშმარისგან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ქრონიკა+“-მა რამდენიმე მოქალაქე ჩაწერა.

გიორგი ფუტკარაძე:
„მე მიყვარს ჩემი სამშობლო, მიყვარს მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ ის გვჭირდება. სხვა ვერავინ შეძლებს ქვეყნის აშენებას. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სრულიად გაჭირვებაში, არავინ გვაქცევს ყურადღებას. ჩვენ გვჭირდება ეს ძლიერი პარტია, რომელიც შეძლებს ქვეყნის წინ წაყვანას“.

ნათელა ბერიძე:
„რას ჰქვია, შვილო, რატომ მოვედი? მოვედი შენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ვიცხოვროთ, კარგ ქვეყანაში, სადაც კრიმინალი არ იქნება და თავისუფლად შეძლებ გადაადგილებას, არ დაგემუქრება საფრთხე არც შენ და არც ჩვენ. მე მახსოვს, როგორი იყო აჭარა ჩაბნელებული; უგაზობა, კრიმინალი… მიხეილ სააკაშვილმა კი ისეთი რეფორმები გაატარა, ქვეყანა მსოფლიოს გააცნო, ჭაობიდან ამოგვიყვანა და ნამდვილი ცხოვრება გვაჩვენა. როგორ შეიძლება ამის დავიწყება? გაიხედე გვერდით, რა ლამაზია ჩვენი ქალაქი! ეს ყველაფერი მიშას გაკეთებულია! ჩვენ იგი ძალიან გვიყვარს და მისმა სიყვარულმა მომიყვანა დღეს აქ“.

ხვიჩა მამულაძე