აუთვისებელი ბიუჯეტი
ვატო გელაშვილის გვერდი
2018 წელს გამოქვეყნებულ აუდიტის ეფექტიანობისა და ფინანსურ ანგარიშში რამდენიმე მუნიციპალიტეტი მწვავე კრიტიკული შენიშვნებით მოხვდა, რომელიც 2015-2016 წელს დაფიქსირებულ დარღვევებს უკავშირდება.
შენიშვნების ანალიზმა გვაჩვენა, რომ მუნიციპალიტეტების პრობლემები, მეტწილად, ერთგვაროვანია და, ძირითადად, ეხება: საბიუჯეტო თანხების განკარგვის, ინფრასტრუქტურული პროექტების, წარმომადგენლობითი ხარჯების, გამარტივებული შესყიდვების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განკარგვის საკითხებს.
მაგალითად: 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტს საბიუჯეტო ნაშთის სახით ერიცხებოდა 4,865,700 ლარი. ამ თანხიდან გამგეობამ 2015 წელს დაგეგმა 4, 678,700 ლარის გამოყენება, თუმცა დახარჯა 933,800 ლარი და, შესაბამისად, წლის ბოლოს ნაშთად დარჩა 3,931,900 ლარის ფულადი სახსრები.
2016 წლის ბიუჯეტით გარდაბნის მუნიციპალიტეტმა დაგეგმა 3, 753,100 ლარის ნაშთის გამოყენება და საბოლოო ნაშთის 178,800 ლარამდე შემცირება.
მიუხედავად ამისა, წლის განმავლობაში 5,013,700 ლარის ნაშთის დაგროვების გამო წლის ბოლოს ნაშთად დარჩა 8,945,600 ლარი.
საბოლოო სურათი ასეთია: 2015 წელს მუნიციპალიტეტის გადასახდელებიდან აუთვისებელი დარჩა 3 931 900 ლარის ფულადი სახსრები. 2016 წელს მუნიციპალიტეტმა ვერ აითვისა 8 945 600 ლარი. არ დაგეგმილა და/ან არ შესრულდა 3 100 800 ლარის ღირებულების სამუშაოები.
დასკვნა ასეთია: მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულება და ნაშთად რიცხული თავისუფალი საბიუჯეტო თანხები ვერ მიმართა მოსახლეობის საჭიროებისთვის.
ამავე დროს, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შრომის ანაზღაურება გაზრდილია 40 000 ლარით.
საბიუჯეტო ნაშთის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის არასწორმა დაგეგმვამ. პასუხისმგებელმა პირებმა სათანადოდ ვერ განმარტეს მიწაზე ქონების გადასახადის გეგმის შემცირების მიზეზები.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება 2015 წელს შეადგენდა 4 997 700 ლარს, ხოლო 2016 წელს _ 5 401 200 ლარს.
საჯარო მოხელეებზე 2015-2016 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია სულ 6 687 300 ლარი (2015 წელს _ 3 130 600 ლარი და 2016 წელს _ 3 556 700 ლარი).
აქედან თანამდებობრივი სარგოა 1 818 700 ლარი და 2 777 600 ლარი.
პრემია _ 700 600 ლარი და 734 500 ლარი,
დანამატები _ 534 800 ლარი და 1 700 ლარი,
ფულადი ჯილდო _ 76 500 ლარი და 42 900 ლარი.
ერთმა მოხელემ დამატებითი ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშით ანაზღაურება მიიღო 13-ჯერ, 16-მა მოხელემ _ 12-ჯერ, 56-მა მოხელემ 11-ჯერ, ხოლო 102-მა მოხელემ _ 10-ჯერ. ერთ მოსამსახურეზე დამატებითი ანაზღაურება გაცემულია წლიური თანამდებობრივი სარგოს 110%-ის ოდენობით, 3-მა მიიღო სარგოს 100%-ის, 12-მა 90%-ზე მეტი მოცულობით და ა. შ. საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და აპარატის უფროსმა 2015 წელს დამატებითი ანაზღაურება მიიღეს 8-ჯერ, გამგებელმა _ 10-ჯერ, გამგებლის მოადგილეებმა _ 11-12-ჯერ.
2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გასწია 50 400 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი.
კანონმდებლობის შესაბამისად, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს მიღებების, წვეულებებისა და ღონისძიებებისთვის, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენა/დამზადების, სატრანსპორტო მომსახურებისა და მგზავრობის, აგრეთვე სასტუმროში მომსახურების ხარჯებს.
მუნიციპალიტეტმა საბიუჯეტო მუხლის ძირითადი ნაწილი, კერძოდ, 49 800 ლარი დახარჯა კვების ობიექტებში, ოფიციალური სტუმრების გამასპინძლებისას. წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის პროცედურა და მასთან დაკავშირებით შესადგენი დოკუმენტაცია, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, კონკრეტულად არ არის განსაზღვრული.
აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია წარმომადგენლობითი ხარჯის მიზნობრიობის, მიღებული სტუმრების კატეგორიისა და რაოდენობის, ასევე ეტიკეტის შესაბამისად დამხვედრი მხარის შემადგენლობის შესახებ.
2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული 49 800 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯის მიზანშეწონილობა დოკუმენტურად არ არის დადასტურებული.
ამიტომ შეუძლებელია განისაზღვროს, რამდენად აუცილებელი და შედეგიანი იყო სტუმრების კვების ორგანიზება კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში და შეესაბამება თუ არა ამ ღონისძიების შედეგი გადახდილ საბიუჯეტო რესურსს.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის შესაბამისად, წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა არ უნდა დააფინანსოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება მუნიციპალიტეტის საქმიანობას, მის მიზნებსა და ამოცანებს; მუნიციპალიტეტის საკრებულომ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. უნდა განისაზღვროს სტუმრების კატეგორია, მიზანი, მიღების ფორმა, გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და კონტროლის სხვა მექანიზმები, რაც ხარჯებს საჯაროს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. ამასთანავე, არსებული ფინანსური რესურსის განაწილების პროცესში ხარჯების დაგეგმვისას, გამგეობის შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გაითვალისწინონ ის პრიორიტეტები, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული
(2017-18 წლების განმავლობაში სარესტორნო მომსახურების კატეგორიაში დახარჯულია 41 585 ლარი).
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ავტოსატრანსპორტო საშუალებები.
გარდაბნის მუნიციპალიტეტისათვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, რეკომენდებულია 7 ერთეული ავტომანქანა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტი, საბალანსო მონაცემების მიხედვით, განკარგავდა 50 მსუბუქ ავტომანქანას. აქედან, ფაქტობრივად, არის 45 ავტომობილი, საიდანაც ვარგისია 23.
მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. რეკომენდებული 7 ერთეულის ნაცვლად მუნიციპალიტეტი განკარგავდა 21 ავტომანქანას.
გაირკვა, რომ საკუთრებაში არსებული 2 ავტომანქანა არ მოიძებნა. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა ინფორმაცია MITSUBISHI PAJERO 3500 V6/24V-სა და GAZ31029-ის მარკის ავტომანქანების მდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებულია 2010 წლის შემდეგ ახლად შეძენილი 3 ავტომანქანა. მათ შორის, WOLKSKWAGEN PASSAT. 2013 წლის თხოვების ხელშეკრულებით იგი გადაცემული ჰქონდა საქართველოს პარლამენტის წინა მოწვევის მაჟორიტარ დეპუტატს.
2 ავტომანქანას _ KIA RIO-ს, რომელსაც 2012 და 2015 წლებიდან განკარგავდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები.
ამ პირებს მუნიციპალური ქონება გადაცემული ჰქონდათ სარგებლობის უფლებით და წარმოადგენდნენ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს. აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში ეს ავტომობილები მუნიციპალიტეტს არ დაუბრუნდა.
პასუხისმგებელმა პირებმა წარმოადგინეს დოკუმენტაცია WOLKSKWAGEN PASSAT-ის დაბრუნების მოთხოვნით გაგზავნილი წერილების სახით, თუმცა შედეგი არ დამდგარა.
5 ერთეული ავტომანქანა, რომელიც დაზიანებულია ან არ მოიძებნა, თვითმმართველი ერთეულის საჭიროებისათვის არ გამოიყენება.
ფაქტობრივად, მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, მაგრამ გარდაბნის მუნიციპალიტეტს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებია.
ამავე დროს, 2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა საკუთარი მოხმარებისთვის დახარჯა 400 ტონამდე საწვავი, ღირებულებით 613,400 ლარი. ავტომანქანების ექსპლუატაციის, მოვლა- შენახვისა და სათადარიგო ნაწილების შეძენისთვის გადახდილია 88,200 ლარი. ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები მუნიციპალიტეტის მიერ გაწეულია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.
განსაკუთრებით საინტერესოა მუნიციპალიტეტის შესყიდვების ანალიზი.
2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, განახორციელა 88 შესყიდვა, საერთო ღირებულებით 1,171,700 ლარი.
შესყიდვის ობიექტების კატეგორიისა და პერიოდის ანალიზით ირკვევა, რომ 2015 წელს 43 სახელმწიფო შესყიდვა არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას, რადგან შესაძლებელი იყო წინასწარი დაგეგმვა და ტენდერის ჩატარება. შესყიდვის საშუალებად გამგეობამ არასწორად გამოიყენა გამარტივებული შესყიდვის ფორმა, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. ამ ტიპის შესყიდვებში 2015 წელს გადახდილია 419,100 ლარი.
მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა შესყიდვების წინასწარი განსაზღვრის, დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა, მაგალითად: გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 2 ნოემბერს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა სოფელ სართიჭალა-მუღანლოს საავტომობილო გზის ორმული შეკეთების სამუშაოებზე, ღირებულებით 57,500 ლარი.
გზის მდგომარეობა მუნიციპალიტეტისთვის წინასწარვე უნდა ყოფილიყო ცნობილი და შესაძლებელი იყო ტენდერის ელექტრონული საშუალების გამოყენება.
2015 წლის 15 იანვარს მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის საშუალება გამოიყენა ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და გარეგანათების ექსპლუატაციის შესყიდვის მიზნით.
ხელშეკრულებების ფაქტობრივმა შესრულებამ 48,000 ლარი შეადგინა.
რაკი ამ ტიპის მომსახურებას მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად შეისყიდის, მას შეეძლო ელექტრონული შესყიდვის პროცედურები წინა წლის 20 ნოემბრიდან დაეწყო.
დასკვნა: გამარტივებული შესყიდვის დროს მიწოდების ფასი დგინდება არაკონკურენტულ გარემოში, მხარეების მოლაპარაკების საფუძველზე. ხელშეკრულების ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს საბაზრო ღირებულებისგან და შეიცავს საბიუჯეტო თანხების არაეკონომიური ხარჯვის რისკებს.
აღსანიშნავია, რომ 43 შესყიდვიდან 18 ხელშეკრულება გაფორმებულია სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე, ღირებულებით 237,600 ლარი.
გარდაბნის მუნიციპალიტეტმა სამუშაოს ღირებულება დააფინანსა წარმოდგენილი ფორმა #2-ის მიხედვით და არ მოუთხოვია რეალური დანახარჯები. ამ ორი გარემოების თანხვედრის გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებული გადაუდებელი სამშენებლო სამუშაოები მაღალი რისკის შემცველია და შესაძლებელია, თანხები დაიხარჯა არაეკონომიურად.
საყურადღებოა გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზების თავისებურებები.
2016 წლის 10 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა სოფელ ნორიოში ძიუდოს დარბაზის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 563,400 ლარი. ზეპირი ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასი _ 450,700 ლარი წარმოადგინა შპს „გილანი XXI“-მა.
სატენდერო კომისიამ, სხვა სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, პრეტენდენტს მოსთხოვა წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დაზუსტება, ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად. საწარმომ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთა კომისიის მიერ დადგენილ ვადაში. შედეგად, შპს „გილანი XXI“ დისკვალიფიცირებული იყო, რადგან დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა შეიცავდა მათემატიკურ უზუსტობებს, რაც საბოლოო ფასის ცდომილებას იწვევდა. პრეტენდენტის მიერ ტენდერის საწყის და დაზუსტების ეტაპებზე ატვირთული ხარჯთაღიცხვების შედარებით ირკვევა, რომ თავდაპირველი დოკუმენტი შეიცავს ანალოგიურ მათემატიკურ ცდომილებებს.
სატენდერო კომისია ვალდებული იყო, აღნიშნულის შესახებ მიეთითებინა შეფასების საწყის ეტაპზე, მაგრამ კომისიას ამ საკითხზე არ უმსჯელია. შპს „გილანი XXI-სა“ და შემდგომი დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემდეგ, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხელშეკრულება გაუფორმდა შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობას საქართველოში“. შესყიდვის ღირებულება იყო 470,000 ლარი.
ფაქტობრივად, საბოლოო შესყიდვის ღირებულება გაიზარდა 19,300 ლარით.
ანალოგიური ხასიათის ფაქტი გამოვლინდა 2016 წელს სოფელ ზემო თელეთში, სოფელ კუმისსა და სოფელ მთისძირში შიდა გზების რეაბილიტაციისა და სოფელ ქვემო თელეთში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და გზის გასწვრივ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე, რამაც შესყიდვის ღირებულება 10,200 ლარით გაზარდა.
2016 წელს, მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტების შერჩევა-შეფასების ეტაპზე დაშვებული ხარვეზების გამო შესყიდვების ფასი, ჯამურად, 29,500 ლარითაა გაზრდილი, რაც შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზების შედეგად, არაეკონომიურად განკარგულ საბიუჯეტო რესურსს წარმოადგენს.
გარკვეული შეკითხვები ჩნდება ვადების ცვლილებასთან მიმართებით.
2015-2016 წლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტი მიმწოდებლის მოთხოვნით ზოგჯერ ზრდიდა შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.
მაგალითად, 2015 წლის 31 აგვისტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა სოფელ მზიანეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოებზე. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 56,900 ლარი, ხოლო მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღე.
2015 წლის 21 ოქტომბერს მხარეებმა შეთანხმების საფუძველზე შეცვალეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და იგი 75 დღემდე გაზარდეს. ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები 11 ნოემბერს დასრულდა.
მუნიციპალიტეტს არ უნდა შეეცვალა მიწოდების ვადა და მიმწოდებელი უნდა დაეჯარიმებინა 12 დღით ვადაგადაცილებისთვის 7 00 ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტმა გამარტივებული წესით შეისყიდა სოფელ ნაგების საბავშვო ბაღის მოწყობა, ღირებულებით 97,800 ლარი.
ხელშეკრულება გაფორმებულია 2015 წლის 31 აგვისტოს და სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 60 დღეში.
28 ოქტომბრის შეთანხმებით, მიწოდების ვადა გაიზარდა 90 დღემდე, ანუ 30 ნოემბრამდე. შეთანხმებაში ცვლილების საფუძვლად მითითებულია სამუშაოების რთული სპეციფიკა და სხვა დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ არის. ობიექტის მშენებლობა დასრულდა 23 დეკემბერს და მიმწოდებელი 22 დღის ვადაგადაცილებისთვის დაჯარიმდა. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მიმწოდებლისთვის ცნობილი იყო შესასრულებელი სამუშაოს ჩამონათვალი, სამუშაოს სპეციფიკა და შესაძლო სირთულე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტმა შესაბამისი დასაბუთების გარეშე გაზარდა მიწოდების ვადა და საჯარიმო სანქცია 54 დღის ნაცვლად 22 დღეზე გაავრცელა. შესაბამისად, მიმწოდებელს 3,100 ლარით ნაკლები ჯარიმა დაერიცხა.
2016 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა სოფელ ნაგებში სანიაღვრე არხის გაწმენდის, ამბარტაფაში ცენტრალური სარწყავი არხის რეაბილიტაციისა და აღთაკლიაში წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმწოდებელთან 2016 წლის 28 ივლისს ხელშეკრულება გაფორმდა 57,400 ლარზე და მიწოდების ვადად განისაზღვრა 50 დღე. სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო სარწყავი არხის გაწმენდა, გრუნტის გატანა, ლითონის მილების მოწყობა, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა და სხვა სამუშაოები.
პირველ სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა სახელშეკრულებო შეთანხმება შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის ცვლილებაზე და სამუშაოების დასრულების დროდ, 16 სექტემბრის ნაცვლად, 31 ოქტომბერი განისაზღვრა.
ცვლილების საფუძვლად მითითებულია, რომ სოფელ ამბარტაფაში ცენტრალური სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება დაემთხვა სარწყავი სეზონის მიმდინარეობას, რამაც სოფლის მოსახლეობის წინააღმდეგობა და სამუშაოების შეფერხება გამოიწვია. გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა 29 ივნისს და ტენდერის გამოცხადებამდე და ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისთვის მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო მიმდინარე თუ მოსალოდნელი სარწყავი სეზონის შესახებ.
სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაძლებელი იყო იმის დადგენაც, მიმდინარე სამუშაოები შეუშლიდა თუ არა ხელს არხის ფუნქციონირებას.
ამდენად, ხელშეკრულების ცვლილება გამოწვეულია სამუშაოების არასათანადო დაგეგმვით.
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი პროექტების კიდევ ერთი პრობლემაა.
აუდიტის ჯგუფმა 2017 წლის აგვისტოში შერჩევით დაათვალიერა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტები. ვიზუალური შესწავლის შედეგად, გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული ცალკეული სამუშაოები.
მაგალითად: გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 2015 წელს შეისყიდა სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოები სოფელ კუმისსა და სოფელ კრწანისში.
შესყიდვის ღირებულებამ 149,000 ლარი შეადგინა.
გამოვლინდა, რომ სოფელ კუმისში სპორტული მოედნის ერთ მხარეს დარღვეულია ბეტონის ცოკოლის მთლიანობა, რის გამოც ლითონის ღობე მნიშვნელოვნად გადახრილია. დაზიანება, სავარაუდოდ, გამოწვეულია გრუნტის არამდგრადობითა და არაარმირებული ბეტონის გამოყენებით.
2016 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა ქ. გარდაბანში შიდა ეზოების მოასფალტების სამუშაოები.
ხელშეკრულების შესრულების ფაქტობრივი ხარჯი 619,000 ლარია.
სამუშაოების დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ კანალიზაციის ჭები ზოგიერთ ადგილას ნაწილობრივ მოწყობილია უხარისხოდ. კერძოდ, ჭის ზედაპირები არ არის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში და მათ ირგვლივ ასფალტისა და ბეტონის ფენები დაზიანებულია. დაზიანების სავარაუდო მიზეზია არასაკმარისი სიმტკიცის ასფალტ-ბეტონის გამოყენება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს შესყიდულია საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: ზემო თელეთში, კუმისში, მთისძირსა და ქვემო თელეთში.
შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 898,000 ლარი.
ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სკვერის მოწყობის ნაცვლად, გზის გასწვრივ გაშენდა 2-3 მ სიმაღლის 450 ძირი კვიპაროსი და მოეწყო გარეგანათება.
აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში ნერგების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხმარი იყო, რადგან არ ირწყვებოდა. ხე-მცენარეების განაშენიანებაში ბიუჯეტიდან გადახდილია 60,500 ლარი.
სამივე ხელშეკრულების პირობების მიხედვით, რომელთა ღირებულება 1,666,000 ლარია, ობიექტებს ჰქონდა მოქმედი საგარანტიო ვადა.
მუნიციპალიტეტმა არ გამოიყენა ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული გარანტირების მექანიზმი არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
2015 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დააფინანსა სოფლების: ქესალოს, ნაზარლოსა და ყარაჯალარის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 158,900 ლარი შეადგინა.
შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა 2016 წელს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახარჯულია 296,500 ლარი.
ბაღებზე 2015-2016 წლებში გაწეულია 455,400 ლარის ხარჯი.
2017 წლის აგვისტოში საბავშვო ბაღები დათვალიერდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად. გაირკვა, რომ ობიექტები დანიშნულების მიხედვით არ ფუნქციონირებს.
ამასთანავე, სოფელ ქესალოს საბავშვო ბაღის შენობა საჭიროებს ხელახალ სარემონტო სამუშაოებს. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამუშაოს ხარისხზე გავრცელებულია 2-წლიანი გარანტია, თუმცა მუნიციპალიტეტს ხარვეზების გამოსწორებაზე მიმწოდებლისთვის არ მიუმართავს. გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ვერ მიაღწია ღონისძიებების ფარგლებში დასახულ მიზანს. კერძოდ, ფინანსური რესურსი მიმართა ისეთი პროექტების დასაფინანსებლად, რომლის დადებითი ეფექტიც ადგილობრივ მოსახლეობაზე დროულად ვერ აისახა. ამდენად, სოფლების: ქესალოს, ნაზარლოსა და ყარაჯალარის საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 455,400 ლარი დაიხარჯა არაეფექტიანად.
შედარებისთვის მოვიყვანოთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაგალითი:
2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებზე ხარჯების ანაზღაურების სახით სულ გაცემულია 191,100 ლარი, მათ შორის, 2015 წელს _ 108,400 ლარი, ხოლო 2016 წელს _ 82,700 ლარი. წარმოდგენილი ინფორმაციით, ძირითად შემთხვევაში, ხარჯები ანაზღაურებულია ლიმიტის მაქსიმალური ოდენობით და არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 22 ივლისიდან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განისაზღვრა საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურების ყოველთვიური ლიმიტის ოდენობა, რომლის მიხედვით, ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს, რაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში 397.5 ლარია. მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა აღნიშნული შეზღუდვა და აგვისტოს თვეში საკრებულოს არაანაზღაურებად დეპუტატებზე ხარჯების ანაზღაურების მიზნით თითოეულზე გასცა 600 ლარი. შედეგად, დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები და საკრებულოს წევრებზე აგვისტოში ლიმიტს ზემოთ ანაზღაურებულია 3.6 ათასი ლარი. შედეგად, 2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობრივ პირებზე ხარჯების ანაზღაურების სახით სულ გაცემულია 191,100 ლარი ისე, რომ არ არის წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი. აღნიშნული ქმედებით დაირღვა კანონმდებლობის მოთხოვნები, ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა 2015 წლის აგვისტოში საკრებულოს არათანამდებობის წევრებზე ხარჯების ანაზღაურების სახით, თანხა გასცა თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ლიმიტის გადაჭარბებით, რაც ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად 2015 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 7 ერთეული ავტომანქანით, ხოლო 2016 წელს _ 8 ავტომანქანით. აღნიშნული ავტომანქანების ექსპლოატაციისთვის, მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული საწვავის მოხმარების ლიმიტების შესაბამისად, 2015-2016 წლებში დახარჯულია 172,100 ლარი. მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 2015 წელს 1 ერთეულით, ხოლო 2016 წელს _ 2 სატრანსპორტო საშუალებით აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.
2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებს კერძო პირებისგან იჯარით აყვანილ ავტომობილებს.
კერძოდ, მუნიციპალიტეტის გამგებელი სარგებლობს 2 ავტომობილით, რაზეც გაფორმებული არის საიჯარო ხელშეკრულებები.
აქედან, ერთი ავტომობილი გამგებლის (ზაზა ურუშაძე) საკუთრებაა, ხოლო მეორე ხელშეკრულება გაფორმებულია მუნიციპალიტეტსა და ფ/პ ილია ურუშაძეს შორის.
კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ქონებრივი გარიგება დადოს იმ დაწესებულებასთან, რომელშიც თანამდებობა უჭირავს.
საყურადღებოა, რომ გამგებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა Volkswagen Passat-ის საწვავის გამოყენება არ ფიქსირდება 2016 წლის ივნის-ოქტომბერში, თუმცა ამავე პერიოდში ავტომანქანაზე გაწეულია სხვადასხვა სახის ხარჯი: შეცვლილია საბურავები, გამოცვლილია ზეთი და სხვ.
რაც შეეხება შესყიდვებს, 2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. შესყიდვის პროცესის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ტენდერში მონაწილე პირები, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ შეთანხმებულად და არღვევდნენ აფიდავიტის მოთხოვნებს.
2016 წლის 24 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, სავარაუდო ღირებულებით 542,800 ლარი.
შესყიდვის საგანი იყო სტიქიით დაზიანებული ობიექტების ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. სატენდერო დოკუმენტაციით, შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს მიმდინარე და უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში უნდა ჰქონოდა ანალოგიური სამუშაოების (ნაპირსამაგრის მოწყობის) შესრულების გამოცდილება, საერთო ღირებულებით 1.5 მლნ ლარი, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჰყოლოდა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალი და სხვ. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პრეტენდენტმა.
შპს „სამკუთხედი“; საწყისი ფასი _ 490,000 ლარი, საბოლოო ფასი _ 400,000 ლარი.
დისკვალიფიკაცია _ არასაკმარისი სამუშაო გამოცდილება;
შპს „ალფა +“; საწყისი ფასი _ 490,000 ლარი, საბოლოო ფასი _ 433,000 ლარი.
დისკვალიფიკაცია _ არ დააზუსტა ხარჯთაღრიცხვა, გამოცდილება, ტექნიკური ბაზა;
შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“; საწყისი ფასი _ 488,000 ლარი, საბოლოო ფასი _ 479,900 ლარი.
დისკვალიფიკაცია _ არ დააზუსტა გამოცდილება, ტექნიკური ბაზა და ხარჯთაღრიცხვა;
შპს „კაპიტელი“; საწყისი ფასი _ 497,100 ლარი, საბოლოო ფასი _ 497,100 ლარი.
დისკვალიფიკაცია _ არ დააზუსტა გამოცდილება და ტექნიკური ბაზა;
შპს „პალადა“; საწყისი ფასი _ 542,800 ლარი, საბოლოო ფასი _ 542,800 ლარი.
გამარჯვებული.
იმ გარემოებას, რომ შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობას საქართველოში“ ჰქონდა სათანადო რესურსი, ადასტურებს 2015 წლის 6 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრის მოწყობაზე, რომლის გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია.
მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 2016 წლის 8 აგვისტოს მუნიციპალიტეტის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული გაბიონების აღდგენისთვის გამოცხადებულ ტენდერზე, სავარაუდო ღირებულებით 709.600 ლარი. შესყიდვაში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და აქაც „პალადამ“ გაიმარჯვა ფასის კლების გარეშე.
ორივე ტენდერში, შპს „პალადამ“ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოადგინა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე სუფსაზე ჩატარებული ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები. ამ პროექტის შესყიდვაზე მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს-სთან „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“. საქმე ისაა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შპს „პალადა“ წარმოადგენდა ქვეკონტრაქტორ კომპანიას.
ასევე „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობას საქართველოში“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის 2016 წლის პირველ აპრილს აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად გაფორმებულ ხელშეკრულებაზე წარმოდგენილი ჰქონდა საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია, სადაც თავდები იყო შპს „პალადას“ დირექტორი.
არსებობს რისკი იმისა, რომ ზემოთ განხილულ ტენდერებზე პრეტენდენტები მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებულად და არღვევდნენ აფიდავიტის მოთხოვნებს.
2015 წლის 22 დეკემბერს მუნიციპალიტეტმა ქალაქ ლანჩხუთის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა შპს „სამკუთხედთან“ ჟორდანიას ქუჩაზე არსებული შიდა ეზოების მოასფალტებისთვის.
სამუშაოების დასრულების ვადა უნდა ყოფილიყო 2017 წლის 30 ოქტომბერი. შიდა ეზოების სამუშაობის მიღება-ჩაბარება განხორციელდა 2017 წლის 2 მარტს. შესრულებულია 2 508 კვ.მ. ასფალტობეტონის გზის საფარის მოწყობა, ღირებულებით 104 800 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს სამუშაოს მიღებიდან 2 წელს, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. 2017 წლის 28 ივნისს აუდიტის ჯგუფმა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ობიექტი ადგილზე დაათვალიერა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ. კერძოდ, ასფალტის საფარის ზედაპირი არასწორია, ზოგ ადგილას ჩავარდნილია, ხოლო რამდენიმე მონაკვეთი ჩაკერებულია ფრაგმენტულად.
2015 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა შპს „სამკუთხედთან“, ღირებულებით 240 000 ლარი. სატენდერო მოთხოვნების მიხედვით, ქ. ლანჩხუთში დუმბაძისა და წმ. ნინოს ქუჩებზე, ცხაურებისა და მონოლითური რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები უნდა მოწყობილიყო.
არხში მოწყობილი ბეტონის კედლის სისქე უნდა ყოფილიყო 10 სმ. სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარება განხორციელდა 2015 წლის 17 დეკემბერს. სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 200 600 ლარს.
დათვალიერების შედეგადაც აღმოჩნდა, რომ სანიაღვრე არხების მოცულობები არ შეესაბამებოდა პროექტით გათვალისწინებულს, კერძოდ, დუმბაძის ქუჩაზე მოწყობილი 70 ცალი ანაკრები ბეტონის კედლის სისქე შადგენს 8 სმ.-ს, ნაცვლად 10 სმ-ისა. ხარვეზები შეინიშნება წმ. ნინოს ქუჩაზე, სადაც 8 სმ სისქის 147 ცალი ბეტონის სანიაღვრე ფილაა.
2015 წლის 5 ოქტომბერს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა სოფელ სუფსის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებზე ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ჯორჯიან სტოუნს“, ღირებულებით 212.800 ლარი. წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტის მიხედვით, მოწყობილია 1 703 კვ.მ. ბეტონის დეკორატიული ფილა, თანხით 44.200 ლარი. 2017 წლის 28 ივნისს აუდიტის ჯგუფმა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ობიექტი ადგილზე დაათვალიერა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ დაგებული ბეტონის დეკორატიული ფილების ნაწილი დაზიანებულია. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, დაზიანება გამოიწვია ფორსმაჟორულმა სიტუაციამ. სკვერის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი და საჭირო აღმოჩნდა სახანძრო მანქანის შეყვანა.
კანონის თანახმად, გამგეობა ვალდებულია უზრუნველყოს ექსპლოატაცია ისე, რომ მისი ქმდებით ან უმოქმედობით ზიანი არ მიადგეს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. მუნიციპალიტეტის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად. შედეგად, მუნიციპალიტეტმა გადაიხადა 44.200 ლარი დეკორატიული ფილების მოწყობის სამუშაოებში, რომლის ნაწილიც აუდიტის მიმდინარეობის პერიოდში დაზიანებულია და დამატებით აღდგენით სამუშაოებს საჭიროებს.
ამ ორი მუნიციპალიტეტის აუდიტორულ ანალიზში კარგად ჩანს კომპლექსური პრობლემები, რომელიც თავიდანვე იჩენდა თავს და არა მხოლოდ ამ ორი მუნიციპალიტეტისთვის არის დამახასიათებელი. თუმცა არასათანადო რეაგირების გამო დღეს, დიდი ალბათობით, უკვე სისტემურ ხარვეზებამდე ვართ მოსული.
სახელმწიფო აუცილებლად უნდა რეაგირებდეს ამ დასკვნაზე. სამწუხაროდ, პასუხისმგებელი პირები არ ჩანან და, შესაბამისად, არც არავინ აგებს პასუხს.
***
მასალის წყარო: გარდაბნის მუნიციპალიტეტის ფინანსური და წარმომადგენლობითი, აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაციის პროგრამების შესაბამისობის აუდიტი (2018, 16.02);
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ფინანსური და წარმომადგენლობითი, აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია, ექსპლოატაციის პროგრამების შესაბამისობის აუდიტი (2018, 16.02).