ასმათ ტყაბლაძე: „დემოკრატია თავხედობაში გადავიდა!“
იმით, რაც ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს ხდება, ყველა შეწუხებულია, ანუ პარტიული სიმპათია-ანტიპათიის მიუხედავად, ადამიანებს შიშისა და დაუცველობის განცდა დაეუფლათ. ამ მხრივ გამონაკლისი არც მსახიობი ასმათ ტყაბლაძეა, რომელიც კრიმინალის გაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად განათლების დეფიციტს მიიჩნევს.
„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ასმათ ტყაბლაძესთან:
_ ბოლო დროს კრიმინალურ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. თქვენი აზრით, რა ხდება, რა გვჭირს, ქალბატონო ასმათ?
_ ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებს. საბჭოთა კავშირი, განსაკუთრებით ბოლოს, არ მინდოდა და არ მიყვარდა, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ ვინატრო-მეთქი? სხვათა შორის, მაშინ მხოლოდ მინუსები კი არა, ბევრი პლუსიც იყო და რაღაცები უნდა დაეტოვებინათ.
_ მაინც, რა უნდა დაეტოვებინათ სსრკ-დან?
_ მაგალითად, ბინების პრივატიზების უფლებას არავის მივცემდი.
_ რატომ?
_ ყველამ გაყიდა და ქუჩაში დარჩა. ამასთან, ყველაფერს არ გავყიდდი და რაღაცებს სახელმწიფო საკუთრებაში დავტოვებდი.
_ ე. ი. ფიქრობთ, რომ კრიმინალმა სახელმწიფო ქონების გაყიდვისა და ბინების პრივატიზების გამო იმატა?
_ დემოკრატია თავისი შინაარსით, ძალიან კარგია, მაგრამ დემოკრატია თავხედობაში გადავიდა, რასაც მინდა, ვიზამ და როგორც მინდა, ისე ვიქნებიო. თუ დემოკრატია თავხედობაა, ასეთი დემოკრატია არ მინდა! რაღა იმას აკეთებ, რაც თავში საზიზღარი აზრები მოგდის? კარგი აზრები არ მოგდის? ჰოდა, მოდი, და ამ კარგი აზრებით იმოქმედე!
ისე, ზოგს თავი მოაქვს, რომ ჰარვარდი თუ ოქსფორდი დაამთავრა, მაგრამ აი, მაგალითად, ნაკლები განათლება არც ბილ ლადენს ჰქონდა მიღებული, თუმცა პირველი ტერორისტი იყო. მოკლედ, უცხოეთში მიღებული განათლება სატრაბახო არაა. განათლება შენი ქვეყნისა და ტრადიციების სიყვარული, ასევე მშობლების პატივისცემა და ისაა, სწორად რომ იქცევი და არ იყიდები! მთავარი ბევრი ფულის ქონა კი არა, შენი ქვეყნის სიყვარულია!
არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა ბოლომდე სხვის ხელში ჩავარდეს!
_ უკაცრავად, ეს მომძლავრებულ კრიმინალთან რა კავშირშია?
_ ხომ ხედავთ, რა ვითარებაა: 1902-03 წლებში ცხინვალში ოსური ოჯახი სულ რამდენიმე იყო, დღეს კი ცხინვალს ვერ ვაკონტროლებთ და არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ბოლომდე წაგვართვან!
მინდა, ბავშვები საქართველოს სიყვარულით და იმის სურვილით გაიზარდონ, რომ ერის გამრავლებაზე იფიქრონ! მე ასე ვიცი და მჯერა: ერეკლე მეფემ რუსეთთან იმიტომ დადო ტრაქტატი, რომ 400 თუ 500 ათასი ქართველიღა იყო დარჩენილი, ანუ ქართველები სულ ომებში იხოცებოდნენ და ერეკლეს მეტი გზა არ ჰქონდა.
_ ქალბატონო ასმათ, რუსეთმაც უამრავი ქართველი გაანადგურა და ამას, შორს რომ არ წავიდეთ, აფხაზეთისა და ცხინვალის ომებიც მოწმობს!
_ დიახ, რუსებმა ძალიან ბევრი ცუდი გაგვიკეთა, მაგრამ მაშინ ერეკლეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და რუსეთთან შეერთებით ქართველები გავმრავლდით! ბოლოს და ბოლოს, ირანელებთან და თურქებთან ომები შენელდა.
_ პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თურქ-სელჩუკები გაგვანადგურებდნენ თუ _ რუსები. ასე რომ, ქალბატონო ასმათ, ამ მსჯელობაში ვერ წამოგყვებით და ვერ ვიტყვი, რუსეთმა გადაგვარჩინა-მეთქი…
_ ეს თქვენი ნებაა, მაგრამ მე ის მინდა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ერთმანეთი კი არ ეჯავრებოდეთ, არამედ უყვარდეთ!
სხვათა შორის, ამას წინათ საქართველოში დაბადებულ-გაზრდილმა ერთმა ებრაელმა მითხრა, საცხოვრებლად ისრაელში მივდივარო. დავინტერესდი, _ რატომ, ეს ქვეყანა არ გიყვარს-მეთქი? _ საქართველო კი მიყვარს, მაგრამ არ მომწონს, აქ ხალხი ერთმანეთს რომ ებრძვის და ხოცავს, ამიტომ არ მინდა, ჩემი შვილი აქ გაიზარდოსო.
_ მოკლედ, ყველა ამ უბედურების მთავარი მიზეზი განათლების დეფიციტი და სოციალური გაჭირვებაა?
_ სოციალური გაჭირვება რა შუშია? ხალხს მეორე მსოფლიო ომის დროსაც უჭირდა, მაგრამ მაშინ ადამიანები ერთმანეთს უფრო ეხმარებოდნენ. ყველაფერი გაუნათლებლობისა და დემოკრატიის არასწორი გაგების შედეგია!
_ იქნებ, პრობლემა ისიცაა, რომ ადამიანი ფიქრობს, „ზევით“ მფარველი მყავს და რაც უნდა ჩავიდინო, არ დამსჯიანო?
_ რა თქმა უნდა! დამნაშავე ისე უნდა დაისაჯოს, რომ ამის შემხედვარე მეორემ ცუდის ჩადენა ვეღარ გაბედოს!
ჩემს წინაპრებს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მინდა, ჩემმა შვილებმაც გაიგონ, რომ სატრაბახო 300 არაგველი თუ სხვა გმირები არიან! დიახ, ახალგაზრდებს თავიანთი წინაპრები უნდა აინტერესებდეთ და ისე არ უნდა იყოს, რომ მარტო „ფეისბუქში“ ისხდნენ და რაღაც საზიზღრობებს _ „ლურჯ ვეშაპებსა“ და უბედურებებს უყურებდნენ! ამით ტვინი გადაუტრიალდეთ და მერე მშობლები გააუბედურონ!
ერთი სიტყვით, ჩვენი განათლება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია!
_ ქალბატონო ასმათ, შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეების მერე დაუცველობის განცდა გაგიჩნდათ, ანუ შვილიშვილებს ქუჩაში რომ უშვებთ, გეშინიათ?
_ დიახ, სულ ვფიქრობ, რა და როგორ იქნება. შაქარაშვილს რომ შეხედავდა, მხეციც კი გაჩერდებოდა და ახლოს არ მიეკარებოდა! ამ ბიჭის სურათებს რომ ვუყურებ, საოცარი სიალალის სხივი მოდის მისგან და ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ბავშვი რამეში დამნაშავე იყო.
საერთოდ, ადამიანს თვალებზე ეტყობა, რისი გამკეთებელია. თვალები ხომ სულის სარკეა!
_ თქვენი აზრით, გიორგი შაქარაშვილის მკვლელებს ხელისუფლება მფარველობს?
_ შეიძლება, ის, ვინც ხელისუფლებაში მთავარია, არ მფარველობს, მაგრამ სასამართლო რომ არ გვივარგა, ეს ხომ ფაქტია?! ვიცი, ჩემი ახლობლების გარშემო სასამართლოში რაც ხდება.
_ რა ხდება?
_ სასამართლოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ამიტომაც არ მჯერა, რომ ყველაფერი სამართლიანად იქნება!
_ ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ე. წ. ნულოვანი ტოლერანტობა, რომელიც, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, გამართლებული ხომ არ იყო?
_ ნულოვანი სწორი არაფერია. ნულოვანი ტოლერანტობა კი არა, ყველაფერი უნდა გამოიკვლიონ და სიმართლე დაადგინონ! სამართლის სიმბოლო სასწორი იმიტომაა, რომ უდანაშაულოდ არავინ დაისაჯოს და მიშას დრო იქნება, შევარდნაძის თუ ვინმე სხვისი, სამართლიანობა აუცილებელია! კანონი უნდა კანონობდეს!
ხომ გახსოვთ, სარალიძის ამბავი რამდენ ხანს გაგრძელდა. არ ვიცი, რაც ბოლოს გამოიძიეს, მართალია თუ არა, მაგრამ რა, არ შეეძლოთ, რომ ყველაფერი თავიდანვე გამოეძიებინათ?
_ ქალბატონო ასმათ, თქვენი აზრით, ჩვენს ქვეყანაში კანონი რატომ არ კანონობს?
_ კანონი იმიტომ არ კანონობს, რომ სახელმწიფოში რაღაც მოშლილია!
_ და ეს „რაღაც რომ მოშლილია“, ხელისუფლების ბრალია?
_ აუცილებლად და მხოლოდ ახლანდელი კი არა, წინა ხელისუფლების ბრალიცაა!
_ უკაცრავად, წინა ხელისუფლება დღეს რა შუაშია?
_ ორივე იქ არ არის? წინა ხელისუფლება თავის მანკიერებაზე ხმას არ იღებს, ახალი _ თავისაზე და ერთმანეთს ეუბნებიან, შენ ასეთი და ისეთი ხარო.
ძალიან წინააღმდეგი ვარ, რომ ვიღაცამ მეხუთედ და მეექვსედ იყაროს კენჭი და ისევ პარლამენტში „ჩამოჯდეს“! მაგათი დანახვა აღარ მინდა და, სხვათა შორის, ხალხიც ამ აზრზეა! განა, შეიძლება, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული პარლამენტში იყო და სხვას ეძახდე, არასწორად აკეთებო? მოდი, შენ გააკეთე კარგად და დამაჯერე, რომ მართალი ხარ და ტაშს დაგიკრავ!
_ სიტყვამ მოიტანა, ქალბატონო ასმათ და, ხომ არ აპირებთ, რომ წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოთ?
_ ცოტა მაინც მიცნობთ და არ მინდა, ცუდად ჩამომართვათ, მაგრამ ძალიან საჭირო ვარ!
_ დამისაბუთეთ, თუნდაც პარლამენტში საჭირო რატომ ხართ?
_ არც ფულის აღება მაინტერესებს, არც _ სახელი, არც _ რეგალიები და არც _ პოპულარობა. ყველაფერი ეს უკვე მოლეული მაქვს, თან ასაკში ვარ, ანუ „ახალგაზრდულმა სიგიჟემ“ გაიარა. აი, მაგალითად, მომწონს, ტრამპი ასაკში რომაა და პრეზიდენტობაზე კენჭს კიდევ იყრის. ჰილარი კლინტონიც მომწონს. სხვათა შორის, ჩემი ტოლები ყოფილან.
მოკლედ, ასაკიან ადამიანს მეტი გამოცდილება აქვს. ის ცოდნა, რასაც ახლა ვფლობ, ცხოვრების დასაწყისში რომ მქონოდა, ყველაფერი სხვანაირად მექნებოდა. ამ გამოცდილებას ახალგაზრდებს სიამოვნებით გავუნაწილებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ სხვასაც რამე გავაგებინო!
_ სხვათა შორის, დუშელი ხართ. ჰოდა, მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარად ეკა ბესელია იყრის კენჭს. სხვა თემაა, ხალხი მხარს დაუჭერს თუ არა, მაგრამ სენაკელი ბესელია მთის ხალხის მაჟორიტარად გამოდგება?
_ ძალიან არასწორია, რომ მცხეთა-მთიანეთში იყრის კენჭს! დუშეთთან რა შუაშია? _ ხალხი ხომ უნდა იცნობდეს! მე არც ეკა მეკითხება, ბესელია და არც _ სხვა ვინმე, მაგრამ ვფიქრობ, რომ სამეგრელოში უნდა ეყარა კენჭი! დუშეთში გაუჭირდება!
ისე, გინდათ გითხრათ, პირადად მე დუშეთში რატომ არ ვიყრი კენჭს?
_ რატომ?
_ შალვა კერესელიძე იყრის კენჭს, მამამისი დუშეთიდანაა, თან თვითონ გუბერნატორი იყო და მაგას რომ ძალა აქვს არჩევნების მოგების, ასეთი ძალა მე არ გამაჩნია!
_ ანუ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს?
_ ეს არ ვიცი, მაგრამ იგივე კერესელიძეს მომხრეები ჰყავს, რადგან, სხვებთან შედარებით, ნორმალურ შთაბეჭდილებას ტოვებს.
საერთოდ, არჩევნებს ყველა ხელისუფლება აყალბებს. არც წინა ხელისუფლებამ თქვას, არც _ იმის წინამ და არც _ ახლანდელმა, რომ არჩევნები არ გაუყალბებია. ყველა სიამოვნებით გააყალბებს!
_ ჰოდა, ჩვენ, ამომრჩევლებმა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხმები და არჩევანი დავიცვათ?
_ ჯერ ერთი, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ, რადგან არმისვლა უკვე ვიღაცისთვის ნაჩუქარი ხმაა. მეორეც, თვალყური უნდა ვადევნოთ, ვინ და როგორ მოიქცევა. ერთხელ ჩემი და არჩევნებზე დამკვირვებელი იყო და მისგან ვიცი, რომ რამდენიმე მოხუცს სპეციალურად გაკეთებული პირადობის მოწმობა ჰქონდა, ვითომ იმ რაიონში ცხოვრობდა. ეს კი არადა, კანდიდატი რომ ვიყავი, ჩემს ბინაში ოთხი უცხო ადამიანი ჰყავდათ ჩაწერილი, ანუ იმასაც არ მოერიდნენ, რომ ჩემთან ჩაეწერათ.
_ კანდიდატი კი იყავით, მაგრამ ვერ გაიმარჯვეთ, ანუ ხალხმა ხმა არ მოგცათ თუ შედეგები გაგიყალბეს?
_ ორივე, თუმცა ვიღაცას უფრო მეტი შანსი და საშუალება ჰქონდა.
_ რას გულისხმობთ?
_ არჩევნებს ფული უნდა, მე კი ერთი ბანერიც არ მქონდა _ უფასოდ ვინ გამიკეთებდა? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ხალხმა რომ იმოძრაოს, ფულია საჭირო. ამიტომ კარგია პარტია, რომელსაც დაფინანსება აქვს.
სხვათა შორის, თბილისის მერობის კანდიდატი რომ ვიყავი, 3 პროცენტი ავიღე და ეს ძალიან კარგი შედეგი იყო, მით უმეტეს, რომ გამიყალბეს კიდეც.
_ თბილისის მერობის კანდიდატი ლეიბორისტებიდან იყავით. შალვა ნათელაშვილმა სიაში ჩაწერა ახლა რომ შემოგთავაზოთ, დასთანხმდებით?
_ არა.
_ რატომ?
_ ლეიბორისტებს თავიანთი ხალხი ჰყავთ, ისეთ სიაში კი არ ჩავეწერები, სადაც უკან ვიქნები. ისეთ სიაში უნდა ვიყო, სადაც აუცილებლად გავალ. ამ ასაკში რა დროს ჩემი თამაშია…
_ ქალბატონო ასმათ, შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ამ ქვეყანაში სამართლიანობას როგორ აღადგენდით?
_ ჯერ ერთი, წესიერ მოსამართლეებს ავირჩევდი. მეორეც, არ დავუშვებდი, რომ რომელიმე კანონი არ შესრულებულიყო. დიახ, ყველა კანონი აუცილებლად უნდა შესრულდეს!
_ გეთანხმებით, მაგრამ ამბობთ, სამართლიანობას წესიერი მოსამართლეების დანიშვნით აღვადგენდიო, თუმცა იმის გამოცნობა, ადამიანი, მისი პროფესიის მიუხედავად, წესიერია თუ არა, არცთუ მარტივია…
_ ადამიანის წესიერების გამოცნობა მისი წარსულით შეიძლება! შსს, პსს თუ მსს რომაა, ყველას ბიოგრაფია იცის. ტელეფონში ვის კოცნა გავუგზავნე და ვის მადლობა ვუთხარი, ეს იციან და ის აღარ იციან, ვის რა ბიოგრაფია აქვს?
_ მოკლედ, უიმედოდ ხართ, ქალბატონო ასმათ?
_ დიახ, რადგან დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ, მამამ შვილი ან ვიღაც უმსგავსმა მამიდაშვილი გააუპატიურა. ზოგს კლავენ, ზოგი თავს იკლავს.
_ ისე, ყველაფერ იმაზე, რაც დღეს ხდება, გარკვეული პასუხისმგებლობა ეკლესიასაც ხომ არ ეკისრება?
_ აუცილებლად!
დამავიწყდა, წეღან მეთქვა: სკოლაში რელიგია უნდა ისწავლებოდეს, თუმცა არ მინდა, ეს ხალხმა ისე გამიგოს, რომ მოსწავლეები თავწაკრულები და მიწაზე გართხმულები უნდა იყვნენ.
_ აბა, როგორ ფიქრობთ?
_ უბრალოდ, ადამიანმა უნდა იცოდეს, ქრისტიანობა და ალაჰიც რას ქადაგებს. ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ზეცაში წვერიანი კაცი ზის და იქიდან რაღაცებს გვკარნახობს, მაგრამ ასე არაა. რელიგია კანონზომიერებაა, რომელიც ამ ქვეყანას განაგებს. ამიტომ ყველას რელიგიას უნდა იცნობდე, თანაც რაღაცის რწმენა და რიდი უნდა გქონდეს.
სხვათა შორის, ისეთი მორწმუნე არასოდეს ვყოფილვარ, როგორიც სხვები არიან, აი, სულ ეკლესიაში რომ დადიან და მარხვას იცავენ, მაგრამ ჩემთვის მთავარია არა კაც კლა. აქედან უნდა დაიწყო და ადამიანმა, შვილი იქნება თუ მოსწავლე, ათი მცნება კარგად უნდა გააგებინოს!
საერთოდ, პედაგოგმა უნდა იცოდეს, ბავშვებს რა უნდა ასწავლოს, ასევე მშობელმა შვილი არ უნდა გაატუტუცოს.
იცით, უბედურება რა არის?
_ რა?
_ ქართველების უმეტესობას ერთი შვილი რომ ჰყავს. ყველას სამი და ოთხი შვილი რომ ჰყავდეს, კარგი იქნებოდა, რადგან, ჯერ ერთი, ერი გამრავლდებოდა, მეორეც, ბავშვებს ერთმანეთთან სხვანაირი ურთიერთობა ექნებოდათ…
ზოგზე ამბობენ ხოლმე, აი, რა განათლებულია, ინგლისური იცისო, მაგრამ რა მოხდა, ინგლისური რომ იცის? ერთხელ ჩემს ბარში უცხოელი შემოვიდა და გამომელაპარაკა. ქართულისა და რუსულის გარდა სხვა ენა არ ვიცი, ჩემს დროს ინგლისური მაინცდამაინც საჭირო არ იყო, თორემ ვისწვლიდი. ჰოდა, ამ უცხოელს რომ ველაპარაკებოდი, იკითხა, ეს ქალბატონი რა ენაზე საუბრობსო? ვუპასუხე, _ შესანიშნავი ქართულით-მეთქი. ეს პასუხი ისე მოეწონა, რომ მითხრა, _ ბრავოო. კი ბატონო, ინგლისურიც ისწავლე და სხვა ენაც, მაგრამ ჯერ მშობლიური შეისწავლე კარგად.
_ ქალბატონო ასმათ, საუბრის ბოლოს ერთ ტრაფარეტულ კითხვას დაგისვამთ: გვეშველება რამე?
_ ადამიანები, როცა ძალიან გაუჭირდებათ, გამოსავალს პოულობენ ხოლმე. ჰოდა, მგონია, რომ გამოსავალს ახლაც ვიპოვით!
…ამათაც ბევრი ცუდი გააკეთეს და იმათაც, მაგრამ ამ ლანძღვა-გინების ყურება უკვე აუტანელია. ამიტომ ამას აღარ უნდა გვაყურებინონ და ესენი კენჭს აღარ უნდა იყრიდნენ!
_ აბა, ვინ უნდა იყაროს კენჭი?
_ ახლები უნდა მოვიდნენ, თუნდაც ჩემი ასაკის ადამიანები.
ესენი ამომრჩეველს ყველაფერს სთხოვენ, მაგრამ არჩევნების შემდეგ ზედაც არ უყურებენ!
_ სხვათა შორის, მახსოვს, ნაწყენი იყავით, რომ კალაძემ არ მიგიღოთ.
_ დიახ, არც კალაძემ მიმიღო და არც _ ცქიტიშვილმა, არადა, თუ ვინმესთან მივდივარ, ჩემთვის კი არა, სხვის საქმეზე მივდივარ. ისე, ნარმანიამ ძალიან კარგად მიმიღო და ისიც გააკეთა, რაც ვთხოვე.
_ რა სთხოვეთ?
_ ჩემთვის არაფერი მითხოვია. ღმერთმა დამიფაროს, ჩემს თავზე ვინმეს რამე ვთხოვო. ნარმანიასთან გაჭირვებულის დასახმარებლად მივედი და დაეხმარა.
ცქიტიშვილმა კი არ მიმიღო. არადა, ისეთ საქმეზე ვიყავი მისული, რომელიც ჩემი კი არა, მისი გასაკეთებელია. ცქიტიშვილის მოადგილემ კი მიმიღო და დამელაპარაკა.
მოკლედ, ჯერ თვითონ ისწავლონ, ვინ არიან, ხელისუფლებაში რისთვის მოდიან და ჭკუა მერე დაგვარიგონ!
გიორგი აბაშიძე