არშემდგარი ტერაქტის ქრონიკა
„მე ვმოღვაწეობ პარტია „ქართულ ოცნებაში“, _ უთხრა „შაბათის კურიერს“ ინტერვიუში სოსო გოგაშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე კი ჩააზუსტა, რომ სამსახური, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ძირითადად, დაკავებულია „ანალიტიკით, მონიტორინგით და კოორდინაციით, შიდა სტრუქტურული, უწყებრივი“ _ (ციტატის დასასრული).
კიდევ უფრო ჩაძიების მერე, _ ვის ამოწმებს ეს სტრუქტურა? გოგაშვილი უფრო დაკონკრეტდა: „შიგნით პარტიის თანამშრომლებს, ვინც მუშაობს ჩვენთან“.
შიგნით პარტიაში პარტიის თავმჯდომარე, გენერალური, აღმასრულებელი, პოლიტიკური და რეგიონული მდივნები მუშაობენ, პარტიის დანარჩენი თანამშრომლები კი სუსის მიერ კარგად შესწავლილი და სანდო კადრები არიან, შესაბამისად, გოგაშვილის შესწავლა არავის არაფერში სჭირდება. რაც შეეხება მონიტორინგს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ფულის მითვისებასა და გაფლანგვაში თავადაა ეჭვმიტანილი.
ვინ არის სოსო გოგაშვილი? რა გზა განვლო მან რიგითი აქტივისტიდან სუსის უფროსის მოადგილეობამდე? რა კულუარული შეხვედრები უძღოდა წინ მის ინტერვიუს რუსთავი 2-თან და რამდენი ტყუილი თქვა ინტერვიუში?
„ქრონიკა+“ კიდევ ერთხელ დაუბრუნდება სკანდალური პერსონის სკანდალურ ბიოგრაფიას.
ის, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ანალიტიკური სამსახური არ არსებობს, ეს ცხადზე ცხადია, პარტიის ანალიტიკოსის პოსტი კი, არაოფიციალურად, მირიან ყარაულაშვილს აქვს შეთავსებული; რეგიონულ სამსახურის, ჯერჯერობით, ისევ დიტო სამხარაძე ხელმძღვანელობს, რომელიც „ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების მერე სასწრაფოდ გაემიჯნა გოგაშვილს და მუდმივად ცდილობს, ყველა მისი შეცდომა სწორედ მას დააბრალოს, _ დაუღალავად იმეორებს, რომ რეგიონებში მხოლოდ სოსოს დავალებებს ასრულებდა. რამდენად დაიჯერებს ღარიბაშვილი სამხარაძის ცრემლებს, ეს ცალკე საკითხია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის არჩევნების მერე გოგაშვილი პარტიაში სულ ორჯერ გამოჩნდა. ის საკუთარ უკმაყოფილებას არც პირად საუბრებში მალავს, დაუფარავად ამბობს, რომ „ოცნებამ“ მის თავს ელისო კილაძე არჩია. მართალია, „ქრონიკა+“ ბოლო ოთხი წელია, პირდაპირი მნიშვნელობით ომშია სუსის უფროსის ყოფილ მოადგილესთან, მაგრამ, ვფიქრობთ, გოგაშვილი, საბოლოოდ, მაინც საკუთარმა შეცდომებმა და უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა დაღუპა.
იოსებ გოგაშვილი 1972 წლის 15 მაისს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში დაიბადა.
ჰოროსკოპით კუროა, მისი სტიქია მიწაა, ფული ამ ადამიანებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი კრედო და მისწრაფებაა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ ქონების დაგროვებისა და ცხოვრების მოწყობის გზაზე.
სოსო გოგაშვილის შემთხვევაში ასტროლოგები აშკარად არ ცდებიან, „ანტრიკოტას“ უყვარს ფული, ეს ნამდვილად მისი ცხოვრების არსი და მისწრაფებაა. იყო დრო, ისტერიულად ყიდულობდა მიწებს და ნამდვილად ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ ქონების დაგროვების გზაზე.
სუსში გოგაშვილის სახელს მხოლოდ კორუფცია, ქრთამი, არაპროფესიონალიზმი და ინტრიგები უკავშირდება. რიგით ოპერებს ის არ უყვარდათ, ზურგსუკან დედას აგინებდნენ და უფრო ხშირად დასცინოდნენ.
ახლო წარსულში იყო დრო, როცა სოსო გოგაშვილი „დვარნიაშკა“ ძაღლებს შავი საღებავით კოპლებს ახატავდა და თბილისში ყიდდა, მერე იყო „ნახალოვკაში“ ერთი პატარა ხორცის დახლისა და ფარშის დისტრიბუცია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მან დღემდე ვერ მოიშალა ძველი ჩვევა და ხელებს წინსაფრის მაგიერ ახლა პერანგის სახელოსთან იწმენდს. განა, დასაცინი ან ყასბობაში, ან ფარშის დისტრიბუციაში რა უნდა იყოს, რომ არა გოგაშვილის „სწრაფი“ კარიერული წინსვლა, რიგგარეშე ჩინი, დოქტორის ხარისხი და ფინალი _ პარტიის არარსებული ანალიტიკური სამსახური.
პარტია „ქართულ ოცნებაში“ იოსებ გოგაშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ მაშინდელი „კუდის“ დავალებით, ჯერ კიდევ, ყინწვისის საქმის დროს, გოგაშვილი მისმა ნახალოვკელმა მეზობელმა, გიორგი (გოგიტა) პაპაშვილმა გადაიბირა.
სტიქაროსანი სოსო მუდმივად აწვდიდა ინფორმაციებს კუდს მეუფე იობზე. მოგვიანებით, „წინააღმდეგობის მოძრაობისა“ და ყინწვისის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ჯემალ გუნდიაშვილი, დაადასტურებს, რომ გოგაშვილი რიგითი „ნასედკა“ იყო და მან ამის თაობაზე იცოდა. იგივე ინფორმაცია „ქრონიკა+“-ს დავით შუკაკიძემაც მიაწოდა.
„ოცნებაში“ მისული გოგაშვილი 39 წლის იყო. მან ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მუშაობა დააპირა, მაგრამ დელიკატური უარი მიიღო. დიტო სამხარაძესთან ერთად კარგა ხანს აკრავდა საარჩევნო პლაკატებს და ძირითად დროს პარტიის ოფისის წინ ბორდიურზე ატარებდა. არსებობს ვიდეომასალა, როცა სოსო გოგაშვილი შს სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობს, მაგრამ იმდენად შეშინებულია, საგულდაგულოდ იფარავს სახეს კაშნეთი, რომ კამერების ობიექტივში არ მოხვდეს.
„ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გოგაშვილს მფარველად კახელების კლანი და კონკრეტულად, ზვიად ჯანყარაშვილი მოევლინა. 2014 წელს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი გახდა. პირველი დეკლარაციაც ამ პოსტზე შეავსო. დეკლარაციის მიხედვით ოჯახს საცხოვრებელი სახლი არ აქვს, შესაბამისად, არც მისამართი გააჩნია. დეკლარაციაში არც ბინის ქირის ხარჯები ჩანს. ამ დროს ჯანყარაშვილი ვერც იფიქრებდა, რომ მალე საკუთარ სამსახურში მდგმური იქნებოდა და მის ადგილს სწორედ გოგაშვილი დაიკავებდა.
სულ მალე გოგაშვილმა ბევრად უფრო გავლენიანი მფარველი მოძებნა, _ ის კახელების კლანიდან უჩა მამაცაშვილთან გადაპორტირდა და მას ღარიბაშვილის ცოლის ნათესავების კორუფციულ სქემებსა და ბიზნესწილებზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.
პირადად ჩემთვის დღემდე ამოუხსნელი ამოცანაა, რატომ გააკეთა უჩა მამაცაშვილმა „სტავკა“ სოსო გოგაშვილზე და რატომ ჩაუსვა ის 2016 წლიდან ვახტანგ გომელაურს პირველ მოადგილედ?
ფაქტია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში გოგაშვილი უჩა მამაცაშვილის ყურმოჭრილი მონა და მისი დავალებების უსიტყვო შემსრულებელი იყო იმ დრომდე, სანამ ბიძინა ივანიშვილს თავად საყვარელ დეიდაშვილში არ შეეპარა ეჭვი და ის ჯერ საპარტნიორო ფონდს, მოგვიანებით კი ბიზნესისა და პოლიტიკური პროცესების მართვას საბოლოოდ ჩამოაშორა.
მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი ფრთხილია, ადამიანებს გარკვეულ თავისუფლებას აძლევს, მაგრამ მუდმივად ამოწმებს. ის ირაკლი ღარიბაშვილის მერე ყველაზე მეტად საყვარელ დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილს ენდობოდა. პოლიტიკიდან წასულმა ივანიშვილმა კი, ერთ მშვენიერ დღეს, შეთქმულების მთელი ჯაჭვი აღმოაჩინა: დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშით გიორგი კვირიკაშვილი და მისი ეკონომიკური გუნდი; ფინანსური მაქინაციებით საყვარელი დეიდაშვილი და სოსო გოგაშვილი; კორუფციაში ყელამდე ჩაფლული ძალოვანი უწყება და თითქმის უმოქმედო მთავარი პროკურატურა.
ხელისუფლების შიგნით შიდაკულუარული ომი დაიწყო.
ბოლო სამი წლის განმავლობაში ძირითადი წინააღმდეგობის ცენტრი „ქრონიკა+“-ზე გადიოდა. სუსის უფროსის ყოფილმა მოადგილემ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ან იყიდა, ან კომპრომატებით დააშინა. იგივე სქემით მოქმედებდა მედიის შემთხვევაშიც. ის სპეცსახსრებს ხარჯავდა არა მხოლოდ მედიის მოსყიდვასა და გაჩუმებაში, არამედ „ქრონიკა+“-ისა და პირადად ჩემი და ჩემი ოჯახის დისკრედიტაციისთვის („ქრონიკა+“-ში ინახება სოსოს ჟურნალისტების სრული სია და ანაზღაურების ოდენობაც თვეების მიხედვით. ჩვენ ვფლობთ სრულყოფილ ინფორმაციას დაფინანსებული სააგენტოების, არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და ოპოზიციის აქტივისტების შესახებ).
ომი იყო ხანგრძლივი და წესების გარეშე.
როცა აქტიურ ჟურნალისტიკაში დავბრუნდი და „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე წელს კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან, მოგვიანებით კი კახელების კარტელთან ბრძოლამ მომიწია, არაერთგზის ვთქვი ხმამაღლა, _ ბუნებაში არ არსებობს კომპრომატი, რომელიც ამ ბრძოლაზე უარს მათქმევინებს-მეთქი და იგივეს ვიმეორებ ახლაც!!!
სოსო გოგაშვილი დიდხანს იქექებოდა სუსის არქივებში, ის რამდენჯერმე სტუმრობდა „მატროსოვზე“ კუდის უფროსის ყოფილ მოადგილე ვაჟა ლელუაშვილს და ჩემზე კომპრომატებს სთხოვდა, საგანგებოდ ჰყავდა მივლინებული ქუთაისში თანამშრომლების ჯგუფი, რომელიც კორუფციულ ფაქტებს ეძებდა იმ დროზე , როცა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ვმუშაობდი. კომპრომატები ვერ იპოვა, სამაგიეროდ დაიწყო წესების გარეშე ბრძოლა, აფინანსებდა ყველას, ვინც მე მლანძღავდა: ნინო ჯღარკავა, დავით ახრახაძე, მალხაზ თოფურია, დარეჯან ლიპარტელიანი, „ასავალ-დასავალი“, ზაზა დავითაია, ჯაბა ხუბუა, ლაშა ნადარეიშვილი, ვახტანგ ხარჩილავა, ირაკლი ლატარია, „ბოტების“ მთელი არმია ათასგვარ დეზინფორმაციასა და სიბინძურეს ავრცელებდნენ ჩემსა და ჩემს შვილებზე, კულუარებში ამ პროცესს ნუგზარ ფოფხაძე დირიჟორობდა, სოსო გოგაშვილი პირადად ჩავიდა კიევში, პირადი ფირით დააშანტაჟა ყოფილი პროკურორი დათო საყვარელიძე, ის გოგაშვილს სააკაშვილზე ინფორმაციის მიწოდებაზე დასთანხმდა, საყვარელიძის დედას კი რამდენიმე მეგობართან ერთად ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა დაევალა, სამაგიეროდ, ნარკოტიკების ბიზნესი გაუმწვანეს ბათუმელ პარიკმახერ ჰაიდე კიკნაძესთან ერთად. წერდნენ ყველაფერს, რისი წარმოდგენაც ნუგზარ ფოფხაძის ბინძურ ფანტაზიას შეეძლო.
სამსახურიდან გაუშვეს ჩემი მეუღლე, საჯარო სექტორში დასაქმებული ჩემი ყველა ნათესავი. გოგაშვილმა შედეგი ვერ მიიღო და სწორედ ამიტომ, ნუგზარ ფოფხაძის რჩევით, დაიგეგმა ჩემი შვილის დაკავების ოპერაცია. მიზანი მარტივი იყო, _ გაზეთის გადაფორმება შვილის თავისუფლებისა და სამუდამო პატიმრობის თავიდან აცილების სანაცვლოდ.
არჩევენი იყო უმძიმესი _ გაზეთის დათმობისა და საკუთარ ჟურნალისტურ წარსულზე ურის თქმის სანაცვლოდ შვილის თავისუფლება უნდა მეყიდა, ან ბრძოლა გამეგრძელებინა. ჩვენ _ მე და დათომ _ ბრძოლა ვარჩიეთ და მოვიგეთ!!!
13 მარტიდან ერთ კვირაში გოგაშვილი მიხვდა, რომ დათმობას არ ვაპირებდი და ჩემზე არნახული ფსიქოლოგიური ზეწოლა დაგეგმა, კულისებიდან გამოიყვანა ნუგზარ ფოფხაძე და გიორგი მამაცაშვილი, „რეპორტიორმა“ ჩემი მხილების უბინძურესი კამპანია დაიწყო. ერთადერთი, ვინც საჯარო ინტერვიუზე დაითანხმეს, ჟურნალისტი ირინა გოგოსაშვილი იყო. ინტერვიუ მისცა გაზეთის შტატგარეშე ავტორმა ზაზა სვანაძემ, გაზეთის ჟურნალისტებს შესთავაზეს ფული და კეთილდღეობა, რამდენიმე ადამიანი გადაიბირეს კიდეც, მათ შორის, გაზეთის რედაქტორი ნანა თვალაბეიშვილი. მიუხედავად დარტყმებისა და არნახული წნეხისა, ჩვენ გადავრჩით, გადავრჩით მორალურად და ფიზიკურად, გავუძელით და ბრძოლას ვაგრძელებთ. ჩვენი იარაღი ამ ბრძოლაში სიმართლეა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვით!
სოსო გოგაშვილის სახელი, ჩემი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადების ფაქტის გარდა, არაერთ გახმაურებულ სკანდალს დაუკავშირდა.
„ციანიდის საქმე“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სკანდალი იყო, რომელიც, პირველ რიგში, სოსო გოგაშვილის შვილის ნათლიის, მეუფე იაკობის გაპატრიარქებას ემსახურებოდა. გეგმის განხორციელების შემთხვევაში გოგაშვილი მოიპოვებდა პატრიარქის ტახტზე აღსაყდრებული მეუფის უპირობო მხარდაჭერას, რითაც უზრუნველყოფდა საკუთარ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ მომავალს.
„ციანიდის საქმემ“ პატრიარქის ტახტს ყველაზე რეალური პრეტენდენტი, მეუფე დიმიტრი კი ჩამოაშორა, უფრო ადრე სკანდალებში გაეხვივნენ მეუფე სერაფიმე და თეოდორე ჭუაძე, მაგრამ იაკობი პატრიარქი ვერ გახდა, შესაბამისად, „ციანიდის საქმეზე“ ხელისუფლება სერიოზულ ჩიხში შევიდა, მამა გიორგიმ ბრალი არ აღიარა, არც სოსო ოხანაშვილზე და არც მეუფე დიმიტრიზე ჩვენება არ მისცა, მეტიც _ არც შეწყალება ითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დეკანოზი საპატრიარქომ სიკვდილისთვის გაწირა, მაგრამ მამა გიორგი არ გატყდა. სოსო გოგაშვილი და მისი აგენტურა აქაც სასტიკად დამარცხდა.მეუფე იაკობი კი ამ დრომდე ცდილობს გოგაშვილის გადარჩენას, ის საგანგებო თხოვნით ჩასული იყო ბიძინა ივანიშვილთან, ითხოვა მამუკა ბახტაძესთან და გიორგი გახარიასთან აუდიენცია,მაგრამ მას არ მოუსმინეს.
„ციანიდის“ მერე იყო კიდევ უფრო მძიმე სკანდალი _ საქართველოში ახმედ ჩატაევის შემოყვანა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას სუსის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს სუსის მიერ სპეცოპერაციის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს. როგორ გაჩნდა თბილისში მსოფლიო ტერორისტთა ათეულში შეყვანილი ახმედ ჩატაევი? როგორ შეზიდა მან სალოსის ქუჩაზე იარაღის არსენალი და რას ფიქრობდნენ სუსში, ჩატაევსა და მის თანმხლებ პირებს მძევლები რომ აეყვანათ? ამას, ალბათ, ზუსტად ვერც ვერასოდეს გავიგებთ. ორდღიანი ომი შუაგულ თბილისში ტრაგიკულად დასრულდა, _ სპეცოპერაციას სპეცდანიშნულების რაზმის წევრის სიცოცხლე შეეწირა, მოხდა ახმედ ჩატაევისა და მისი თანმხლები პირების ლიკვიდაცია, საქართველოს კი საერთაშორისო იმიჯი შეელახა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაცია სალოსის ქუჩის გაგრძელება იყო. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს და სპეცოპერაციიდან წელიწად-ნახევრის მერე ისევ არ არსებობს პასუხი კითხვაზე, _ რატომ?
შვილმოკლული მშობლები წელიწადზე მეტია, რუსთაველის გამზირზე ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე კი აცხადებს, რომ არც ერთ საქმეზე ის დაკითხული არ არის. მეტიც, ამბობს, რომ პანკისის სპეცოპერაციის ღამეს ის საკუთარ სახლში (და არა სამსახურში) სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა.
მაჩალიკაშვილების ოჯახს არასოდეს უთქვამს, რომ გოგაშვილი სპეცოპერაციის ღამეს ნახეს ადგილზე. ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, რადგან ოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი, ცოლთან და დედასთან ერთად, სახლის პირველ სართულზე ჰყავდათ ჩაკეტილი, მათ თავზე ნიღბიანი სპეცრაზმელები ადგნენ. მედიკო მარგოშვილი აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილი დილით ნახა საკუთარი სახლის ეზოში, როცა ჩაცხრილული თემირლანი საავადმყოფოში გადაჰყავდათ. ის ასევე იმყოფებოდა უხუცესების შეკრებაზე, სადაც მან პანკისის ხეობიდან საგანგებოდ ჩაყვანილ უხუცესებს გარდაცვლილი სპეცრაზმელისა და მისი ოჯახის წევრების ფოტოები აჩვენა და თემირლანის ჩატაევთან კავშირებზე ალაპარაკდა.
ყველა ფიქრობდა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი შურისძიების გზას მიმართავდა, მაგრამ მან სამართლებრივი ბრძოლა არჩია. შვილმოკლული მამების აქციაზე ყველა ოპოზიციური პარტია იმყოფებოდა, ამიტომ ბრალდებები, რომ მაჩალიკაშვილს „ნაციონალები“ მართავენ, სრულიად აბსურდულია.
წელიწად-ნახევარი ჩუმად იყო სოსო გოგაშვილიც. მას პანიკურად ეშინოდა, მიატოვა საცხოვრებელი სახლი ლისზე და ცაგარელის ქუჩაზე გადავიდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ერთ დილასაც, როცა ბიძაშვილთან სახლში სტუმრად მყოფი ვახა მაჩალიკაშვილი ქუჩაზე გამოვიდა, გოგაშვილი პანიკაში ჩავარდა და ის დაცვამ სხვენით გადაიყვანა მეზობელ სადარბაზოში.
გოგაშვილს სუსის მიერ გავრცელებული ჩანაწერების მერე გული მიეცა იფიქრა, რომ შვილმოკლულ მამაზე შურისძიების დრო დადგა.
სუსის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში მალხაზ მაჩალიკაშვილი საკუთარ ძმისშვილს ქისტურ ენაზე ესაუბრება, მაგრამ ჩანაწერში არც იარაღზეა საუბარი, არც ტროტილზე და არც ვინმეს ლიკვიდაციაზე.
რა ხდებოდა ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ?
სოსო გოგაშვილმა, ისევე როგორც ჩვენ, სუსში ჩატარებულ ბრიფინგზე გაიგო, რომ თურმე ვახა მაჩალიკაშვილი მამამისის საფლავს ეძებდა (ჩანაწერით, ჯერჯერობით, მხოლოდ ეს ფაქტია დადასტურებული). ის ამ საქმეზე დაზარალებულად არ ცნეს, შესაბამისად, არც მასალების გაცნობის საშუალება აქვს და არც დაკითხულია. მისი და მისი ოჯახის წევრებისთვის დაცვის გამოყოფაზე სახელმწიფომ უარი თქვა. ბიძინა ივანიშვილს უთქვამს კიდეც, _ იმდენი ფული აქვს, კეთილი ინებოს და საკუთარი ოჯახი თავად დაიცვას და ვახა მაჩალიკაშვილს შეხვდეს, კაცი ამდენი ხანია, სამართალს ითხოვსო.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გოგაშვილმა პანკისის ხეობაში დესპანი აფრინა და მედიკო მარგოშვილთან შეხვედრა ითხოვა. თემირლანის დედისგან თანხმობა კი მიიღო, მაგრამ მისი ამოცანა მაჩალიკაშვილების ოჯახთან სიტუაციის დალაგება და რამის ახსნა არ იყო, ბევრად უფრო შორსმიმავალი ვერაგული სტრატეგია დაისახა. სოციალური ქსელში, საკუთარი აგენტ-პროვოკატორების ირაკლი ზაქარეიშვილის, ნინო ჯღარკავასა და თამარ იარაჯულის მეშვეობით, ქისტების პროვოცირება დაიწყო, მაგრამ ქისტები ბევრად უფრო გონიერი ხალხია, ვიდრე გოგაშვილს წარმოუდგენია, მათ ეს ვერაგული გამოწვევა ღირსეულად მიიღეს და პროვოკაციებს არ წამოეგენ. მომდევნო ნაბიჯი ბევრად უფრო ბინძური იყო _ ფეისბუქ ტროლების მეშვეობით ჯერ პირად ჩატში, მერე უკვე საჯაროდ, შვილმოკლულ დედას სუსის ანტიტერორისტული ცენტრის მაღალჩნოსნის ვინაობა დაუსახელა, რომელიც, მისი განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა. გოგაშვილის ამ დეზინფორმაციას ვახა მაჩალიკაშვილი არ წამოეგო, მოგვიანებით კი მაჩალიკაშვილს კარავში წერილი შეუგდეს, რომელშიც სპეცოპერაციის მონაწილე სპეცრაზმელის ვინაობა იყო დასახელებული. გვარების დასახელებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, მალხაზ მაჩალიკაშვილს სუსის მაღალჩინოსნის ან სპეცრაზმელის ლიკვიდაცია მოეხდინა. მას, ცხადია, დააკავებდნენ ან ოპერაციის დროს მოკლავდნენ, რაც თავისთავად გოგაშვილის პერსონიდან ყურადღებას სამუდამოდ გადაიტანდა.
სოსო გოგაშვილი ისევ დამარცხდა.
მან ვერც ჩემი დისკრედიტაცია შეძლო, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მან აგენტ-პროვოკატორების მეშვეობით, ჭორების გავრცელება დაიწყო, თითქოს მალხაზ მაჩალიკაშვილს გოგაშვილზე მე ვაქეზებდი, ამ ნარატივის გასახმოვანებლად კი, არც მეტი _ არც ნაკლები, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც გამოიყენა.
სწორედ ამ ფაქტზე უკვე მივმართე გენერალურ პროკურატურას განცხადებით. მიმაჩნია, რომ ჩემ მიმართ ადგილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაბრალებას, ანუ ცრუ დასმენას, რაზეც გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, გოგაშვილი ფიქრობს, რომ მას დააკავებენ, დააკავებენ არა სპეცოპერაციის ან სპეცსახსრების ხარჯვის თემაზე, არამედ რომელიმე რიგით კორუფციულ გარიგებაზე ან სამოხელეო დანაშაულზე . ამიტომ ის ვა-ბანკზე წავიდა _ „რუსთავი 2-ს“ მისცა ინტერვიუ. იგივე წყარო ამბობს, რომ მან ეს სწორედ ნუგზარ ფოფხაძის რჩევით გააკეთა _ ინტერვიუს მერე ვერ გარისკავენ დაჭერას, თუ მაინც დაგიჭერენ, ხმაური იქნება და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, გარანტირებული პოლიტიკური მომავალი გაქვსო. იგივე წყარო ამბობს, რომ რეალურად გოგაშვილს ხელთ არანაირი კომპრომატი ხელისუფლებაზე არ აქვს, ამიტომ მისი დაქადნება, მე დავასრულებ ამ ხელისუფლებასო, მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, ის სუსში ფულის გასაკეთებლად იყო მისული არც კომპეტენცია, არც პროფესიონალიზმი არ ჰყოფნიდა, საკუთარ თანაგუნდელებზე კომპრომატები შეეგროვებინა. მეტიც, ის თავად ჩაწერეს _ კახა მიქაიასთან საუბრის ჩანაწერი კი „ქრონიკა+“-ს მიაწოდეს.
ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია, წინ საპარლამენტო არჩევნების წელია, შემოდგომაზე საპროტესტო აქციებია დაანონსებული, ივანიშვილს სკანდალები არ უყვარს, მას ახლა ქვეყანაში სიმშვიდე სჭირდება , გოგაშვილს კი სკანდალების მეტი არაფერი მოაქვს.
სოსო გოგაშვილი ვერდიქტს ელის, პროგნოზები კი მისთვის არც ისე იმედისმომცემია.
ელისო კილაძე