არტურ მირზოიანი: „ერდოღანი და ალიევი ახლა უფრო აგრესიულები არიან, მადა ეზრდებათ, რაც ჩვენი რეგიონისთვის დიდ რისკებს ქმნის“
მიხეილ ხაჩიძე
ყველას, ვინც თვალს ადევნებს აზერბაიჯანულ პროპაგანდას მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების შესახებ, შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ათწლეულების შემდეგ რეგიონში ძველი კონფლიქტი საბოლოოდ მოგვარდა. სადავო ტერიტორია კავკასიაში, რომელიც დე იურე ეკუთვნის აზერბაიჯანს და თითქმის ექსკლუზიურად სომხებითაა დასახლებული, აზერბაიჯანის ჯარებმა აიღეს.
ახლა „სეპარატისტები“ მზად არიან, დათმონ იარაღი. იქ მცხოვრებ სომეხ მოსახლეობასთან „რეინტეგრაციის“ შესახებ „მოლაპარაკებები“ მიმდინარეობს. შეიძლება ფიქრობთ, ყველაფერი კარგადაა, რაც კარგად მთავრდება ან როგორც თავად აზერბაიჯანის დიქტატორი ილჰამ ალიევი ამბობს: „სამოთხე“ ახლა მთიან ყარაბაღში ჩნდება.
მეორე მხრივ, ვინც თვალს ადევნებს რეპორტაჟებსა და ვიდეოებს მთიანი ყარაბაღიდან და უსმენს იქ მცხოვრებ ადამიანებს, სწრაფად ხვდება: არაფერი დასრულებულა. მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლები შიშობენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა შესაძლოა გამოიყენონ შეიარაღებული ძალა რეგიონის დასაპყრობად, რომელიც დე ფაქტო ავტონომიურად იმართება უკვე 30 წელია, მაშინაც კი, როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამასთან, დასავლეთში ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანის ავტოკრატი ილჰამ ალიევი დიდი ხანია გეგმავდა მთიან ყარაბაღში მთავარ შეტევას. ის წლების განმავლობაში წარმატებით ეყრდნობოდა ძალადობას _ და არ გამორიცხავენ, რომ კიდევ უფრო შორს წავიდეს.
რა მოხდა მთიან ყარაბაღში და როგორ განვითარდება პროცესები? _ „ქრონიკა+“ ექსპერტ არტურ მირზოიანს ესაუბრა:
_ არტურ, რა მოხდა მთიან ყარაბაღში?
_ 2020 წლის 27 სექტემბერს აზერბაიჯანმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო არცახის (მთიანი ყარაბაღი) წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ კაპიტულაციაზე ხელის მოწერით. შემდეგ კი, 2022 წლის დეკემბრიდან დღემდე, არცახის 120 000 მოსახლეობა 9 თვის განმავლობაში აზერბაიჯანის ალყაში იმყოფება. იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო საზოგადოება მოითხოვდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ლაჩინის დერეფნის გახსნას, ალიევმა თურქეთის ღია მხარდაჭერით შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ბლოკადა დაიწყო ე. წ. გარემოს დამცველების მიერ ლაჩინის დერეფნის გადაკეტვით და ნელ- ნელა გადაიზარდა საგუშაგოს განთავსებამდე. ამის შემდეგ შეიქმნა ჰუმანიტარული კრიზისი, შეწყდა საკვების, საწვავის, მედიკამენტების შემოტანა ყარაბაღში. საბოლოოდ, მოსახლეობა აღმოჩნდა სრული ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე: ცარიელი მაღაზიები, ხალხი დღე და ღამე იდგა რიგში, რათა ტალონით ეყიდათ პური. 19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა გამოაცხადა „ანტიტერორისტული ოპერაცია“. დაიბომბა სომხებით დასახლებული რაიონები, მათ შორის, ქალაქი სტეფანაკერტი, რის შედეგადაც მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან უამრავი დაჭრილები და დაღუპულები. დაღუპულებს შორის ასევე არიან ბავშვები; უამრავი ადამიანი უგზო-უკლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათთან კონტაქტის დამყარება ვერ ხერხდება. რა არის ეს, თუ არა გენოციდი?
_ რას ფიქრობ, როგორ განვითარდება მოვლენები ახლა?
_ არცახი, ფაქტობრივად, დაეცა, თუმცა, ჯერჯერობით აზერბაიჯანი სრულად არ აკონტროლებს ტერიტორიას. არცახის მოსახლეობას სთავაზობენ ინტეგრაციას, რაც, რა თქმა უნდა, თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ ათწლეულების განმავლობაში აზერბაიჯანში სომხების მიმართ სიძულვილით აღსავსე თაობები აღზარდეს რამილ საფაროვის მაგალითზე.
44-დღიანი ომის შემდეგ ბაქოში სამხედრო ნადავლის პარკი გაიხსნა, სადაც გამოფენილი იყო დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ჩაფხუტები, სომეხი ჯარისკაცების ცვილის ფიგურები. ამ ომის შემდეგ ბევრი ვიდეო იყო იმის შესახებ, თუ როგორ ექცეოდნენ მძევლად აყვანილ სომხებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია, რომ ყარაბაღის მოსახლეობა დათანხმდება ინტეგრაციას და იცხოვრებს აზერბაიჯანელებთან ერთად ერთ ქვეყანაში. ამ ყველაფერთან ერთად, აზერბაიჯანი მიზანმიმართულად ანადგურებს ეკლესიებს, ზოგს წარმოადგენს ალბანურ კულტურად. ამით ცდილობს, ამოშალოს ყველანაირი სომხური კვალი ამ მიწაზე ისევე, როგორც ეს წარმატებით შეძლო ნახიჩევანში. რთულად წარმომიდგენია, რა ბედი ელით იმ სომხებს, რომლებიც აზერბაიჯანში ინტეგრაციას დასთანხმდებიან.
ალიევს აქვს სია, სადაც შეტანილია ყველა იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც ყარაბაღის პირველი ომიდან დაწყებული _ დღემდე მონაწილეობა მიუღია ამ კონფლიქტში, ასევე მათი სახელები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდნენ და ყველა მათგანის ექსტრადირებას ითხოვს ბაქოში. ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და არავინ დასთანხმდება ამას, რადგანაც ამ მოთხოვნის თანახმად, ყველა არცახელი ზრდასრული მამაკაცი დამნაშავეა.
იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის მხრივ, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანს ავტორიტარულ სახელმწიფოდ მიიჩნევენ, სადაც არ არსებობს თავისუფალი პრესა, პოლიტიკური ოპონენტები მუდამ იდევნებიან, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მმართველობა ერთი ოჯახის ხელშია, არ არსებობს დემოკრატია… ამ პირობებში არცახის მოსახლეობის რაიმე უფლებებზე საუბარიც კი სასაცილოა.
_ უკვე ისმის ბრალდებები რუსი სამხედროების მიმართ, რომლებმაც იქ შესაბამისი რეაგირება არ მოახდინეს. წერენ იმასაც, რომ აზერბაიჯანს სომხური სამიზნეების დეტალები სწორედ რუსებმა მიაწოდეს წინა დღით. რას ფიქრობთ ამაზე, რა ინფორმაცია გაქვთ?
_ სიმართლე გითხრათ, მსგავსი ინფორმაცია არ გამაჩნია. ამავდროულად, ძნელი წარმოსადგენია, რომ რუს სამშვიდობოებს მიეწოდებინათ აზერბაიჯანელებისთვის საცეცხლე პუნქტების მდებარეობა, იმის გათვალისწინებით, რომ ტერიტორია საკმაოდ პატარაა და აზერბაიჯანელებს ისედაც ეცოდინებოდათ საცეცხლე პუნქტების მდებარეობის შესახებ. ასევე აღსანიშნავია, სომხების სამართლიანი უკმაყოფილების ფონზე რუსეთის მიმართ, ანტირუსული ძალები აქტიურად მუშაობენ ამ რეალობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად…
_ აქციებზეც გაისმა ანტირუსული და ანტიპუტინისტური ლოზუნგები, სომეხი ხალხი პროცესებში, გარკვეულწილად, რუსეთს ადანაშაულებს პასიურობის გამო.
_ არ ვიტყოდი, რომ აქციები ანტირუსულ აქცენტს ატარებს. მომიტინგეების ძირითადი მიზანია მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გადარჩენა და ნიკოლ ფაშინიანის მთავრობისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება. ასევე არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, რომლებიც სამართლიანად არიან უკმაყოფილონი რუსეთის ქმედებებით ან პასიურობით და დემონსტრაციებს მართავენ რუსეთის საელჩოს წინ. მაგრამ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მომიტინგეების ძირითადი მასა ორიენტირებულია არა ანტირუსულ, არამედ არცახის გადარჩენის დღის წესრიგზე.
_ ახლანდელი რეალობა სომხეთს რუსული ორბიტიდან ხომ არ მოწყვეტს და დასავლეთისკენ შეაბრუნებს რადიკალურად?
_ ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთი მიიჩნევა სომხეთის რესპუბლიკის მოკავშირედ. აქედან გამომდინარე, რუსეთს ჰქონდა ვალდებულებები, რომლებიც მან არ შეასრულა. ზუსტად ამიტომ სომხურ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ წარმოიქმნა იმედგაცრუება, ასევე ხშირად ისმის ანტირუსული გამოთქმები, რაც, გარკვეულწილად, სამართლიანია.
მაგრამ არ მგონია, რომ სომხეთი რადიკალურად შეცვლის თავის პოლიტიკურ ვექტორს რუსეთთან მიმართულებით და ღიად დაიჭერს პროდასავლურ გეზს. თანაც სომხეთს დიდი არჩევანი არც აქვს, რადგანაც მას ჰყავს სხვა, აზერბაიჯანზე ბევრად პრინციპული ისტორიული მტერი თურქეთის სახით, რომელთანაც საზღვრებს, შეთანხმების თანახმად, იცავს სწორედ რუსეთი.
მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე სომხეთი იყო რუსეთის მოკავშირე, ის ყოველთვის წარმატებულად ახერხებდა, დიასპორის მეშვეობით, კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, სადაც ძლიერი სომხური დიასპორა არსებობს.
_ როგორ აფასებთ ფაშინიანის პოლიტიკას ომში არჩარევის შესახებ, რომლითაც, მისი მტკიცებით, იცავს სომხეთის სუვერენიტეტს?
_ ათეულობით წლის მანძილზე სომხეთი ითვლებოდა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხო ცხოვრების ერთადერთ გარანტად და საკმაოდ კარგად ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. დიდი გამოწვევების დროს მუდამ ერთ მუშტად შეკრული სომხეთი-არცახის დიასპორა ძალიან ხშირად დიდ გამარჯვებებს აღწევდა საგარეო პოლიტიკაში. ფაშინიანმა თავისი შორს არმჭვრეტელი პოლიტიკის გამო შეასუსტა ჩემ მიერ აღნიშნული ერთიანობა, თავისი განცხადებებით პოლიტიკური დივიდენდები უბოძა ალიევს ყარაბაღზე თავდასხმის შემდეგ თავის გასამართლებლად.
ფაშინიანის მთავრობა თავს იმით იმართლებს, რომ თითქოსდა არ შეეძლო ჩარევა იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე იერიშის მიტანის საფრთხე არსებობდა, რის გამოც მათ, ფაქტობრივად, სომხეთის 120 000 მოქალაქე გაწირეს.
_ რა რეალობის წინაშე დგება კავკასია ახლა? რა საფრთხეები და გამოწვევები შეიძლება წარმოიქმნას?
_ დიდი თურანის იდეა მუდამ არსებობდა. ერდოღანი და ალიევი ახლა უფრო აგრესიულები არიან, მადა უფრო და უფრო ეზრდებათ. იმ შემთხვევაში, თუ მოახერხეს მთიანი ყარაბაღის „მონელება“, შემდეგი მიზნების განხორციელების ეტაპზე გადავლენ, რაც ჩვენი რეგიონისთვის დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული.