ანდრია გორგოძე: „ბევრს ჰგონია, რომ თუ პოდიუმზე გამოდიხარ, გეი ხარ“
„იმას არ ვამბობ, რომ ვინც პოდიუმზე დადის, ის კაცი დასაცინია. უბრალოდ, ეგ პროფესია რატომ უნდა აირჩიოს კაცმა, არ მესმის, რა, აი, ეგ არის დასაცინი“; „შეიძლება გადაწონოს შენი ყველა ნეონაცისტური და ფაშისტური თვისებები“; „რა კატასტროფაა მოდელი კაცი, ნუ კავკასიელი“; „მომკალით და სერიოზული ურთიერთობისთვის ვერ წარმომიდგენია მოდელი მამაკაცი, თუნდაც ისეთებიც, დაყენებული კაშნეებით რომ დადიან და რომ ემჩნევათ, 2 საათი რომ დგანან სარკის წინ. სადაქალოდ იდეალურები არიან“, _ ასეთი შინაარსის კომენტარებს წააწყდებით „თბილისი ფორუმის“ გვედრზე, გარეთ კი, გაგიკვირდებათ, და 21-ე საუკუნეა. მსოფლიო განვითარდა, ადამიანები მარსზე ადიან, საქართველოში კი იმის განხილვა მიმდინარეობს, უნდა გამოდიოდეს თუ არა ქართველი მამაკაცი პოდიუმზე. სტერეოტიპული შეხედულებების გამო ქართული სამოდელო სფერო ადრე ვაჟი მოდელების ნაკლებობას განიცდიდა, თუმცა დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ზემოთ აღნიშნული მოსაზრებები საზოგადოების გარკვეულ ფენაში მაინც რჩება, რასაც ხშირად აგრესიით და ბულინგით გამოხატავენ.
რა შეიცვალა დღეს და რამდენად მარტივია, იყო „მოდელი ბიჭი“ საქართველოში? როგორია პირველი ნაბიჯები? ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე, სტერეოტიპებზე „ქრონიკა+“-ს „ვიცე მისტერ ვალენტინი 2021“, ანდრია გორგოძე ესაუბრება:
_ „ვიცე მისტერ საქართველო“ გახდით. აქამდე გქონდათ სამოდელო სფეროსთან შეხება?
_ არასდროს. ჩემთვის ეს სფერო რაღაცნაირად საინტერესოა, მრავალფეროვანი და სიახლეებით სავსეა. მართალია, საქართველოში დიდად განვითარებული არაა ეს სფერო და ახლა, მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში თითქმის ყველაფერი გაჩერდა. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება. ჩვენ გვყავს ბევრი წარმატებული მოდელი, როგორც გოგონები, ისე ვაჟები. მჯერა, რომ მეც მივაღწევ წარმატებას და ამაში მაქსიმალურ შრომას ვდებ.
_ თქვენთვის „ვიცე მისტერ ვალენტინი“ პირველი კონკურსი იყო?
_ დიახ. მადლობა გიორგი მასხულიას, რომ მომცა საშუალება, ამ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, რომელიც ძალიან პრესტიჟული და რეიტინგულია.
_ რატომ გადაწყვიტეთ, რომ მონაწილეობა მიგეღოთ მსგავსი ტიპის კონკურსში?
_ პირველ რიგში იმიტომ, რომ მიმეღო გამოცდილება. მე არც სამოდელო სააგენტოში მივლია და არც სხვა რაიმე მსგავსი პრაქტიკა მქონია ცხოვრებაში. შესაბამისად, ამ კონკურსმა მომცა შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ ბევრი რამ მესწავლა. კონკურსანტებს გვქონდა წინამოსამზადებელი პერიოდი, სადაც მე პროფესიონალი ადამიანებისგან ბევრი რამ ვისწავლე.
_ მაგალითად?
_ თუნდაც, როგორ გამევლო პოდიუმზე სწორად, სად დავმდგარიყავი, პოზირება, გადაღებები და სხვა უამრავი დეტალია, რაშიც მივიღე გამოცდილება, მაგრამ ეს არაა ყველაფერი, რითაც შეიძლება რომ დავკმაყოფილდე. მინდა, რომ პროფესიონალი მოდელი გავხდე, უფრო ბევრი ვისწავლო, გავიარო სხვადასხვა მასტერკლასი და აქტიურად ჩავერთო ამ სფეროში. გარდა ამისა, სასიამოვნოა, როცა ქუჩაში გცნობენ, ხალხს უყვარხარ, უბრალოდ, გიღიმიან, ფოტოს იღებენ და ა. შ.
_ პოპულარობის გამო გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა?
_ ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო, რადგან დამეთანხმებით რომ, ყურადღება ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს.
_ აქამდე გიფიქრიათ მოდელობაზე?
_ არასდროს, ყოველთვის სხვა ინტერესები მქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მაქვს ის მონაცემები, რაც მოდელს სჭირდება, რატომაც არა.
_ ანდრია, ბევრისთვის ქართველი მამაკაცი მოდელად და ისიც, პოდიუმზე, მიუღებელია. ალბათ გსმენია, როცა უთქვამთ, _ რა უნდა ქართველ კაცს სცენაზეო?! თქვენ რას ფიქრობთ, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდით, თქვენც ასეთი წარმოდგენა და შეხედულება გქონდათ ამ საკითხის შესახებ?
_ რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, რომ ეს არის დამახინჯებული წარმოდგენა ამ ყველაფრის მიმართ. კაცობა და ვაჟკაცობა პოდიუმზე გასვლა-არგასვლით არ განისაზღვრება. ეს არის ჩვეულებრივი საქმე, პროფესია და სამსახური, ისევე როგორც სხვა დანარჩენი სფერო. ვერანაირ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. თუ ამ კონკრეტულ სფეროში თავს გრძნობ კარგად და კომფორტულად, რა პრობლემაა? სხვადასხვა ადგილზე მიმუშავია, მაგრამ ამ სფეროში თუ ფეხს მოვიკიდებ, უფრო წარმატებული გავხდები, ვიდრე ვარ. ამაში რა არის ცუდი?
_ ოჯახში, სამეგობროში რა გითხრეს, როცა პოდიუმზე დაგინახეს და, ზოგადად, ამ კონკურსში მიიღე მონაწილეობა?
_ ბევრს მოეწონა, ბევრს _ არა. იყო უარყოფითი გამოხმაურებაც. რატომღაც, ბევრს ჰგონია, რომ თუ პოდიუმზე გამოდიხარ, გეი ხარ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიმსხვრეს ეს სტერეოტიპი და არ უნდა ხდებოდეს ამ თემის უარყოფით ჭრილში განხილვა.
_ როგორ ფიქრობთ, დაიმსხვრევა ეს სტერეოტიპი საქართველოში?
_ ვფიქრობ, რომ კი, რადგან მთელი მსოფლიო ვითარდება და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. ჩვენ ნამდვილად წინ მივიწევთ ყველანაირად და საბედნიეროდ, ბევრს არ აქვს ცუდი დამოკიდებულება. ახალი თაობა მოდის, განვითარებული, სხვა შეხედულებებით და მიზნებით. უბრალოდ, სასაცილოა რომ დღეს გვიწევს იმაზე საუბარი, კაცი უნდა გამოდიოდეს თუ არა პოდიუმზე.
_ რას ნიშნავს თქვენთვის ტიტული „ვიცე მისტერ ვალენტინი“?
_ სიამაყის გრძნობა მაქვს, სასიამოვნოა და დიდი სტიმული გაქვს, რომ უფრო მეტი გააკეთო ცხოვრებაში, დაისახო მიზანი, რომ ყველამ გაგიცნოს, მოირგო პროფესიონალი დიზაინერების ლუქები, გამოხვიდე ჩვენებებზე, გახვიდე ქვეყნის გარეთ საქართველოს სახელით და წარმატება მოუტანო შენს ქვეყანას. ეს მომცა ამ კონკურსმა და ტიტულმა. მადლობა ჟიურის ყველა წევრს, კონკურსის ორგანიზატორ გიორგი მასხულიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დამიდგა. ამ მომენტში კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, თუმცა მოვა დრო, როცა ხმამაღლა ვისაუბრებ ამ ადამიანებზე.
_ ელოდით გამარჯვებას, ვგულისხმობ ამ წოდებას?
_ არ მიფიქრია ამაზე, რადგან ჩემთვის მთავარი იყო, რომ მიმეღო ამ კონკურსზე მონაწილეობა და ეს უკვე კარგია. კონკურენცია იყო, თუმცა ყველა კონკურსანტი ერთმანეთთან ვმეგობრობდით და დღემდე ასეა.
_ ჩატარდა კონკურსი, მოიპოვეთ წარმატება და რა ხდება შემდეგ? რა განვითარება მოყვება ყოველივე ამას? რა არის პერსპექტივაში?
_ იცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, ხარ იმ სფეროში, სადაც გინდოდა, რომ მოხვედრილიყავი. გაქვს უამრავი ფოტოსესია, გამოდიხარ სხვადასხვა ჩვენებაზე, კონკურსებზე, დიდ გამოცდილებას იღებ. ახლა მიწევს ბაქოში წასვლა, სადაც გამოვდივარ ჩვენებაზე. შემოდგომაზე ვაპირებ ბერლინში გამგზავრებას ერთ-ერთ პრესტიჟულ კონკურსზე და წინ უამრავი გეგმა მაქვს, რომელსაც იმედია, განვახორციელებ და პროფესიულად უფრო გავიზრდები.
_ რა რჩევებს მისცემ ადამიანებს, უფრო სწორად, ბიჭებს, რომლებსაც უნდათ, რომ ამ სფეროში სცადონ თავისი ბედი? თუმცა ეშინიათ იმ სტერეოტიპებისა და ათასი მითქმა-მოთქმის, რაც ჩვენს საზოგადოებაში ტრიალებს.
_ პირველ რიგში, არავის აზრის გათვალისწინებით არ მიიღონ გადაწყვეტილება. უსმინონ საკუთარ გონებას და მიენდონ გულს. რასაც გული უკარნახებთ, ის უნდა გააკეთონ, რადგან ეს არის მათი არჩევანი, მომავალი, წარმატება, მიზანი და ზოგადად, ცხოვრება. ყველამ უნდა იცხოვროს საკუთარი სურვილების შესაბამისად და არა სხვისი შეხედულების მიხედვით. ხალხი ჭრელია, ათასი აზრია, შენ ერთი ხარ და შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის.
კაცის სამოსი მამაკაცმა უნდა წარმოადგინოს პოდიუმზე, მამაკაცმა უნდა მოირგოს, ატაროს. ქალი ხომ ვერ ჩაიცვამს მამაკაცის ლუქს და პოდიუმზე ხომ არ გამოვა? როგორც ქალი გამოდის პოდიუმზე, ისევეა მამაკაციც. ეს, მგონი, პრობლემას არავისთვის უნდა წარმოადგენდეს. ვისაც გადაწყვეტილი აქვს მოდელობა, მაქსიმალურად დიდი შრომა უნდა ჩადოს ამაში, ბევრი ვარჯიში, წონა, თავის მოვლა და სხვა უამრავი ფაქტორია წარმატებული ცხოვრების საწინდარი.
_ ახლა გადავიდეთ ყველასთვის საინტერესო თემაზე: წონა და თავის მოვლა. როგორ ინარჩუნებ წონას?
_ სიმართლე გითხრათ, წონის პრობლემა არასდროს მაწუხებდა, რაც შეეხება ფიგურას და ფორმაში ყოფნას, ამისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. მკაცრად ვაკონტროლებ კვების რაციონს, თუმცა ცოტა მომატება მინდა, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო ვარჯიშით.
_ რისგან შედგება თქვენი კვების რაციონი?
_ დღეში სამჯერ ვიკვებები. მიყვარს სალათები, წვნიანი კერძები, ცოტა ცომეულსაც ვჭამ, თუმცა ზომიერად. დანაყრებამდე არ მივდივარ. ზოგადად ბევრი ადამიანის პრობლემა წონაა და ყველას ვურჩევ, იკვებონ ხშირად, ცოტ-ცოტა, ანუ დანაყრებამდე არ უნდა მივიდნენ. თუ სპორტით დაკავდებიან და ივარჯიშებენ, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ბევრს ეზარება, ამიტომ ზარმაცებისთვის კარგია ფეხით სიარული.
_ მამაკაცების უმრავლესობას უყვარს ხინკალი, მწვადი, ცომეული, ანუ ცოტა მძიმე საკვები. დავიჯერო, ამ ჩამოთვლილთაგან არც ერთი არ გიყვართ?
_ როგორ არ მიყვარს, მაგრამ ამას ხომ არ ვჭამ ხშირად. არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ჭამენ ხინკალსაც და შედარებით მძიმე საკვებს, მაგრამ მე _ არა. დალევითაც ვსვამ, მაგრამ სისტემატურ სახეს არ ვაძლევ ამ ყოველივეს. გასართობად როცა წახვალ მეგობრებთან ერთად, დალევ, აბა რას იზამ.
_ სიყვარულში და პირად ცხოვრებაში როგორ ხარ? თაყვანისმცემლების რაოდენობა იმატებდა. ასეა?
_ კი, ფეისბუქი გადამევსო მეგობრებით. მწერენ, გამოხატავენ დიდ სითბოს და სიყვარულს. ცოლი არ მყავს, სიმპათიები და მოწონებები, რა თქმა უნდა, მაქვს და არის ადამიანი, ვისზეც ვფიქრობ.
_ ვინ არის ეს ადამიანი?
_ ამ ეტაპზე არ მინდა საუბარი და მასაც მალე გაგაცნობთ.
_ როგორი გოგონები მოგწონთ?
_ ჩამოყალიბებული გოგონები მომწონს. აუცილებლად უნდა იყოს მხიარული, უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა და, რა თქმა უნდა, ლამაზი უნდა იყოს. ძალიან უნდა მიყვარდეს და ვუყვარდე.
გიორგი საკარული