ანა წითლიძე: „ივანიშვილის პოლიტიკით საფრთხე ექმნება ჩვენს სახელმწიფოებრიობას“

ირინა მაკარიძე

დღე არ გავა, პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები არ დაფიქსირდეს. მუქარისა და შეურაცხყოფის ზარები ჩვეულებრივ ამბად იქცა, ურეკავენ, ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, ვინც ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმება. მმართველი ძალა მტრად აცხადებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, არამედ საერთაშორისო პარტნიორებს.

რა საფრთხის წინაშეა ქვეყანა? _ ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე:

_ ეს ყველაფერი შედის იმ ერთადერთი ძალის ინტერესებში, რომელიც აორგანიზებს და ახორციელებს ამ ძალადობასა და ტერორს, ეს არის „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი.  თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ეჭვები და კითხვის ნიშნები ბიძინა ივანიშვილის პროევროპულობასთან დაკაშირებით, ამას საბოლოდ დაესვა წერტილი 29 აპრილს, როდესაც შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ და ღიად თქვა, რომ მისი არჩევანი არ არის არც ევროპა და არც აშშ. მან პირდაპირ დაანადაშაულა ისინი და მოიხსენია, როგორც „გლობალური ომის პარტია“. ეს იყო უაღრესად საშიში და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი განცხადება. ამით ბიძინა ივანიშვილმა თქვა ის, რისთვისაც რეალურად მოვიდა 2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში. მისი მიზანი არასდროს ყოფილა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ის იყო რუსული გეგმის ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, გვიან გააცნობიერა საზოგადოების დიდმა ნაწილმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც.

ჯერ კანონი მიღებული არ არის და ამ კანონზე ყოველდღე კეთდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები და მოწოდებები, რომ უკან იქნეს გაწვეული. გაკეთდა აშშ-ის 29 კონგრესმენის განცხადება, სადაც პირდაპირ ნათქვამია, რომ ფუნდამენტურად გადახედავენ  საქართველოსთან ურთიერთობას, რაც ნიშნავს იმას, რომ საფრთხე ექმნება ჩვენს სახელმწიფოებრიობას.

აშშ არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორი, რომელიც ფარად უდგას ჩვენს სუვერენიტეტს. როცა აშშ გვეუბნება, რომ გადახედავს ჩვენთან ურთიერთობას, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა ამ ქვეყანას მიაქანებს იზოლაციისკენ. მან თქვა, რომ არ მოერიდება   არაფერს. მას ჰგონია, რომ ეს კანონი აუცილებლად ახლა უნდა მიიღოს, რადგან რეალურად ეშინია 2024 წლის არჩევნების.

ჯერ ეს კანონი საბოლოოდ მიღებული არ არის და ჩვენ ვნახეთ შედეგები: პოლიტიკოსებზე თავდასხმა, ლევან ხაბეიშვილის სასტიკად ცემა, დიმიტრი ჩიქოვანის, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრების. უკვე სათვალავი აგვერია, ფაქტობრივად, იმდენ ადამიანს გაუსწორდნენ ფიზიკურად, ჩასაფრებით და მიპარვით: თავს დაესხნენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გაუსწორდნენ გია ჯაფარიძეს, რომელიც არის ყოფილი ელჩი, დიპლომატიური სტატუსის მქონე ადამიანი, პროფესორი. იმდენად ფართო გახადეს ეს ძალადობის წრე, რომ უკვე ყოველდღიურად ვხედავთ ძალადობის ფაქტებს. ვნახეთ კადრები, როგორ ცემა ათეულობით სპეცრაზმელმა მოქალაქე, რომელიც ცოლთან ერთად იმყოფებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მან პოლიციის მანქანა არ გაატარა. რეალურად, ეს უმოწყალო ტერორი ქვეყანაში, რომელიც გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და „ბართლომეს ღამეები“ მოაწყო საქართველოში, არის ის, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ.

_ როგორ ფიქრობთ, ძალადობისა და მუქარების ეს სერია კანონით მესამე მოსმენის წინ სამოქალაქო საზოგადოების დაშინების მცდელობას უკავშირდება, თუ მოსალოდნელია, ეს ძალადობა შემდეგშიც გაგრძელდეს?

_ მათ ხომ თქვეს, რომ დაგვარბევენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება,  რომელიც პირდაპირ მიმართული იყო აქციებისკენ, რომელიც არის დაგეგმილი მესამე მოსმენის წინ. მათ რეალურად ეშინიათ. როგორც ესენი იქცევიან, ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქცევა, რომელიც მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებზე დგას. მას მოქალაქეების მხარდაჭერა არ აქვს, არ აქვს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა. ისინი ემზადებიან მესამე მოსმენისთვის, შესაბამისად, ცდილობენ, ამ მესამე მოსმენის ფარგლებში ნებისმიერი წინააღმდეგობა ჩაახშონ. ეს დაკავებები, რაც მოაწყვეს, სწორედ ამას ემსახურება, რომ დააშინონ ადამიანები და ვიღაც აქციაზე არ მოვიდეს. მგონია, რომ ეს პირიქით იმუშავებს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთი გაბრაზებულები არ მინახავს, მათ შორის, ისეთი ადამიანებიც კი, რომლებიც ბოლო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ უჭერდნენ მხარს. ბიძინა ივანიშვილის ამ ქმედებების შემდეგ რეალურად ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რას წარმოადგენს და რა შეუძლია პრორუს ოლიგარქს.

_ გარდა ფიზიკური ანგარიშსწორებისა, აქტიურ ადამიანებს ტელეფონებზე ურეკავენ, შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან, ამის შესახებ რას იტყვით?

_ პირველ რიგში, სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე ეს ადამიანები ასე ვერ მოიპოვებდნენ პირად მონაცემებს. ათეულობით ადამიანს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, ემუქრებიან და ამაზე შსს-ს არ აქვს დაწყებული გამოძიება. კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს სადარბაზოსთან წარწერებს უკეთებენ, პლაკატებს უკრავენ, ახდენენ მორალურ ზეწოლას და ამაზე შსს დუმს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სახელმწიფო თვითონ არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი. სახელმწიფო თვითონ აორგანიზებს ძალადობასა და მუქარას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი. ეს წრე იმდენად გააფართოვეს, რომ თუ აქამდე პოლიტიკოსებზე ხდებოდა მსგავსი ტიპის თავდასხმები, ახლა შვილებს ურეკავენ, მშობლებს ურეკავენ, ბაბუა-ბებიებს ურეკავენ და ემუქრებიან, რომ თუ მათი შვილი აქციაზე წავა, შინ ცოცხალი ვერ დაბრუნდება. მე ამ ყველაფერს ვუყურებ, როგორც შეშინებული და სუსტი ხელისუფლების ისტერიკას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცაში გამარჯვებას მივაღწიეთ. ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმშვიდე, ერთობა. ეს არის ის, რაც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს. როდესაც შეშინებულია ხელისუფლება, ის არ არის ადეკვატური და რასაც ახლა აკეთებენ, არის სწორედ ამის გამოხატულება.

_ რაც შეეხება ენმ-ს მისამართით ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი ძალის მუქარებსა და ბრალდებებს, _ ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებული. ევროპარლამენტარები აკეთებენ განცხადებებს და იქაც „ნაციონალების“ კვალს ხედავენ. ე. ი. ხელისუფლება თქვენს პარტიას აპიარებს?

_ ამაზე ჩვენც ვიცინოდით, მაგრამ, რეალურად, ივანიშვილს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება კი არ უნდა, მას უნდა სრულიად ოპოზიციის განადგურება. 12 წელია „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება იმიტომ უნდა, რომ ამ ქვეყანაში თუ ყველაზე დიდი და პროდასავლური ამომრჩევლის პარტიას გაანადგურებდა, რეალურად ჩაახშობდა ევროპული ინტეგრაციის სურვილს. მათი სამიზნე გაფართოვდა და გადავიდა იმ ადამიანებზეც, რომლებიც რამდენიმე წლის წინათ მათი მხარდამჭერები იყვნენ, არ ინდობენ არავის, სრული სიშლეგე აქვთ, ისე იქცევიან. ასევე მათ მორალური უფლება არ აქვთ, ახსენონ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი შეცდომები, რადგან რასაც ახლა ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, არ ახსოვს საქართველოს ისტორიას დამოუკიდებლობიდან დღემდე. ის სამოქალაქო ომი, რაც გვქონდა, იყო სხვა ფაქტორებიდან გამოწვეული. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის შეცდომებზე პასუხი აგო, „ქართული ოცნების“ სახით კი ჩვენ საქმე გვაქვს რუსულ რეჟიმთან, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს აცხადებს ქვეყნის მტრებად, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს აყენებს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, ყველანაირი მორალური ზღვარი მათ გადალახეს. ამაზე უარესი ხელისუფლება რეალურად არ ჰყოლია საქართველოს და დარწმუნებული ვარ, ყველაზე ცუდად დაამთავრებენ. ძალიან კარგად იცის ბიძინა ივანიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობისგან“ საფრთხობელის შექმნა რეალურად არ მუშაობს უკვე. იყო პერიოდი, როდესაც ამან იმუშავა, მაგრამ ეს უკვე ბიძინა ივანიშვილს ვეღარ დაეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში, რადგან საქართველოს მოქალაქეებმა დაინახეს ის, რასაც ჩვენ ვამბობდით 2012-2013 წლებში, რომ ეს იყო რუსული პროექტი და ესენი ყველაფერს იზამდნენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. 12 წლის თავზე ეს ყველამ აშკარად დაინახა.

_ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა  პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვერ მოიცლის ევროპული ქვეყნების, მათ შორის, გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენლის შესახვედრად. აღნიშნა, რომ ურჩია მათ, არ ჩამოსულიყვნენ, მაგრამ არ გაითვალისწინეს, რა განაცხადია ეს და გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ჩამოდის აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელი. რას იტყვით ამის შესახებ?

_ პაპუაშვილის განცხადება ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რაც მათ აქვთ. მათი პოლიტიკა მიმართულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ევროპისა და აშშ-ის წინააღმდეგ.  იმ განცხადებების შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, მგონია, რომ არცერთი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი მას არ უნდა ელაპარაკებოდეს. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეები ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა რამე. შესაბამისად, ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, მათთვისაც სიგნალი არის, ფაქტობრივად, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს თავისი გადაწყვეტილებების შეცვლას. არც ეს გადაწყვეტილება არის უცხო, რომ საერთაშორისო პარტნიორები ჩამოდიან და მათ არ ხვდებიან. ტრაგედიაა, უბრალოდ, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ასე ექცეოდნენ მაშინ, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს მიღებული და ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი უნდა დაიწყოს საქართველოს გაწევრიანებასთან და ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით.  საბოტაჟია, როდესაც ჩვენი პარტნიორები გეუბნებიან, რომ უნდა ჩამოვიდნენ, შეგხვდნენ და შენ აკეთებ იმ განცხადებას, რაც პაპუაშვილმა გააკეთა. სამწუხაროა, მაგრამ ეს ყველაფერი არ მიკვირს, ძალიან ცხადად შეგვიძლია შევხედოთ, რა არის მათი საგარეო ვექტორი. ამ ფონზე მათი განცხადება არის ლოგიკური, იციან, რომ მათ მძიმე განცხადებების მოსმენა მოუწევთ. ჩვენ ვხედავთ მკაცრ წერილებს, განცხადებებს, რომლებიც დღითი დღე უფრო მკაცრდება და ელიან, რომ ამას კონკრეტული ქმედებები მოჰყვება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

_ რა მოლოდინი გაქვთ, როგორ გაგრძელდება პროცესები?

_ მგონი, უკან დასახევი გზა აღარ აქვთ დატოვებული, ისე აქვთ პოლიტიკური თამასა აწეული. იციან, რომ უკან დახევა მათთვის ნიშნავს დამარცხებას. ასე უყურებენ ამას. ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში შესაძლებელია, რაღაც დათმობებზე წავიდნენ. ძალიან არასწორი იქნება მაგაში შეყოლა, არანაირი ცვლილება რომელიმე მუხლში ამ კანონს არ გააკეთილშობილებს. პრობლემა რეალურად რომელიმე მუხლი კი არ არის, პრობლემა არის მთლიანად კანონი. ბიძინა ივანიშვილს სჩვევია ვირეშმაკობები, როდესაც პიკამდე მივა სიტუაცია და ხვდება, რომ შეიძლება წააგოს. გვახსოვს, 20 ივნისის დროს კობახიძე რომ გადააყენა და შემდეგ მთავარ ლიდერად მოგვივლინა. შესაბამისად, რას იზამს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. მნიშვნელოვანია, ეს აქციები იყოს ფართომასშტაბიანი და რომ არ დავიღალოთ. ბიძინა ივანიშვილმა ხომ თქვა, _ ჩვენი დაღლაა მისი გეგმა. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ რამდენიმე თვეში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებს ივანიშვილი, სჩადის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ოქტომბრის არჩევნები წაართვას. მთავარი პრობლემა „რუსული კანონი“ კი არ არის, პრობლემა არის რუსული ხელისუფლება, რომელიც ოქტომბერში ყველამ ერთად უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში.