ანა კობახიძე: „ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს“
„ოცნება“ კონტროლიდან გამოვიდა. ძალაუფლების დაკარგვის შიშით შეპყრობილებმა წყლის ჭავლით დაარბიეს 100-მდე ადამიანი. გამოიყენეს მხუთავი აირიც, თუმცა ბოლო მომენტამდე ამას არ აღიარებდნენ. აირი და წყლის ჭავლი 8-9 ივნისის ღამეს კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს ოპოზიციის წინააღმდეგ, მაგრამ საპროტესტო განწყობა ვერ ჩააქრეს. პირველ დარბევაში მოყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა კობახიძეც. მისი თქმით, არანაირი აუცილებლობა არ იყო, რომ ძალა გამოეყენებინათ. კობახიძე ფიქრობს, რომ 100-მდე ადამიანს ხელისუფლება სხვების დასაშინებლად გაუსწორდა.
რა მოხდა ცესკოსთან? რატომ დაიწყო ხელისუფლებამ დარბევა? რას ერჩოდნენ ქალებსა და ჟურნალისტებს? შეშინდა თუ არა ხალხი? რატომ წავა ხელისუფლება დათმობაზე? _ ამის შესახებ ანა კობახიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ანა, ხელისუფლება აცხადებს, რომ ის იძულებული გახდა, წყლის ჭავლი გამოეყენებინა, რადგან ოპოზიციის მომხრეები რადიკალურ ქმედებებს მიმართავდნენ. რა ჩაიდინეთ ასეთი, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა, წყლის ჭავლი გამოეყენებინა?
_ არც უკანონო და არც რადიკალური ნაბიჯი ოპოზიციას არ გადაუდგამს. ჩვენ არჩევნები მოგვპარეს და ამის გასაპროტესტებლად გამოვედით ქუჩაში. იმას, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მოხდა, არანაირი გამართლება არ აქვს. განსაკუთრებით პირველი დარბევაა გაუმართლებელი. როცა ჩვენი დარბევა დაიწყეს, სულ რაღაც, 100 ადამიანი ვიყავით. მივედით თუ არა ცესკოსთან, მაშინვე წყლის ჭავლი გამოიყენეს. თან ეს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააკეთეს. კანონით, როცა წყლის ჭავლს იყენებ, ამის შესახებ ადამიანები უნდა გააფრთხილო.
წყლის ჭავლის გარდა გამოიყენეს რაღაც აირი. ამან აქციის მონაწილეებში თვალებისა და ყელის წვა გამოიწვია. ბევრი ცუდად გახდა.
_ შსს კარგა ხანს უარყოფდა, რომ მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მხუთავი გაზი გამოიყენეს.
_ ბოლოს მაინც მოუწიათ აღიარება, რომ წყლის ჭავლთან ერთად რაღაც ტიპის გაზიც გამოიყენეს.
_ ამბობენ, გაზი არ იყო, წიწაკის სპრეი გამოვიყენეთო.
_ რა მნიშვნელობა აქვს, რას დაარქმევენ ამ გაზს?! მათ მიერ გამოყენებულმა გაზმა ადამიანებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ბევრი ვეღარ სუნთქავდა.
_ თუ მშვიდად მიხვედით ცესკოსთან, ასე რატომ გაგიმეტათ ხელისუფლებამ?
_ ჩვენი აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. ხალხის რაოდენობაც მცირე იყო. რამდენიმე ათასს პოლიციელს ვერანაირ პრობლემას ვერ შევუქმნიდით და ვერც ცესკოში შევიჭრებოდით. მათ დარბევა სულ სხვა მიზნით განახორციელეს _ ეგონათ, რომ ამით ხალხს შეაშინებდნენ. მოგეხსენებათ, როცა დარბევა დაიწყო, ოპოზიციისა და აქციის მონაწილეების კოლონა ჯერ კიდევ გზაში იყო.
_ ეს 100 ადამიანი იქ ასე ადრე როგორ აღმოჩნდა? რამე მიზეზი გქონდათ, რომ ადგილზე ადრე მისულიყავით?
_ ადრე მისასვლელად არანაირი მიზეზი არ გვქონდა, მოხდა ისე, რომ ზოგი რუსთაველიდან ცესკოსთან მანქანებით გაემართა. ამიტომ აღმოვჩნდით იქ ოპოზიციურ კოლონაზე ადრე. კოლონამ 15 კილომეტრამდე გამოარა ფეხით, რომ ცესკომდე მოსულიყო. 15 კილომეტრის გავლა იოლი არ არის. ვფიქრობ, იმიტომ დაიწყეს ჩვენი დარბევა, რომ ეგონათ, კოლონაში მყოფი ადამიანები შეშინდებოდნენ და გაიქცეოდნენ.
მოხდა პირიქით, კოლონიდან არავინ გაქცეულა და უკვე სახლში წასული ადამიანებიც ცესკოსთან მოვიდნენ. დარბევაზე ხალხს ყოველთვის მწვავე რეაქცია აქვს.
_ აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ჟურნალისტებსა და ქალებს ერჩოდნენ რობოკოპები. რას ერჩოდნენ ან მედიას, ან ქალებს?
_ ჟურნალისტებს შეგნებულად და დამიზნებით ესროდნენ წყლის ჭავლს. მათ დააზიანეს კამერები, დაზიანებები მიაყენეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებს. „ქართულ ოცნებას“ არ აწყობდა, რომ ხალხს სიმართლე გაეგო, ამიტომაც მოხვდნენ დარტყმის ქვეშ ჟურნალისტები.
_ ქალებს რას გერჩოდნენთ? დაშავებულია რამდენიმე ქალი. ადრე ქალების ცემასა და დაზიანებას მაინც ერიდებოდნენ.
_ რამდენიმე ქალი დაშავდა, ბევრი დაგვასველეს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ქალები შეგნებულად ვყავდით მიზანში ამოღებული. ჩვენთან ქალები ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე არიან. ახლაც წინა ხაზზე აღმოვჩნდით და დავზარალდით კიდეც. მამაკაცებიც სერიოზულად დაზარალდნენ. რამდენიმეს თვალი დაუზიანდა სერიოზულად. არავინ იცის, აქციის რამდენი მონაწილე გაცივდება. ამ ყინვაში ცივი წყლის დასხმა როგორ შეიძლება?! გარდა იმისა, რომ ამის საჭიროება არ იყო, წყლის ჭავლი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.
_ მომდევნო დარბევის შემდეგ ხომ გაგაფრთხილათ ხელისუფლებამ?
_ არც შემდეგში გაგვაფრთხილებდნენ, მაგრამ პირველ დარბევას დიდი ხმაური მოჰყვა. ყველამ გააპროტესტა, რომ გაუფრთხილებლად გამოიყენეს წყლის ჭავლი. საგანგებო განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმაც.
_ ბევრი ფიქრობს, რომ ულტიმატუმის წაყენება და ცესკოსთან მისვლა შეცდომა იყო. თქვენ რას იტყვით?
_ არც ულტიმატუმის წაყენება იყო შეცდომა, არც _ ცესკოსთან მისვლა და პროტესტის გამოხატვა. ჩვენ ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებას. არჩევნები კი ცესკომ გააყალბა. ნორმალურია, რომ ცესკოს თავმჯდომარის გადაყენება მოვითხოვეთ და ისიც ნომალურია, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ ცესკოსთან წავედით.
_ ამ ულტიმატუმით ერთგვარ პროვოკაციაზე წახვედით. ხომ იცოდით, რომ სამ საათში ივანიშვილი თამარ ჟვანიას არ გადააყენებდა?
_ თუ არ ვიაქტიურეთ და ხმა არ ამოვიღეთ, საერთოდ არ გადააყენებს ჟვანიას ივანიშვილი. არც ხელახალი არჩევნები ჩატარდება. როცა არჩევანს გპარავენ, იძულებული ხარ, საკუთარი ხმის დასაცავად იბრძოლო.
_ როცა ცესკოსთან წახვედით, არ გიფიქრიათ, რომ დარბევა იქნებოდა?
_ დარბევას ველოდით, მაგრამ 100 კაცის გამოჩენას თუ ასეთი ამბავი მოყვებოდა არ გვეგონა. ხელისუფლება ძალიან შეშინებულია და შეცდომას შეცდომაზე უშვებს. სამაგიეროდ, ჩვენ ვართ მყარად,
_ ხალხიც მტკიცედ დგას?
_ უფრო მტკიცედაც კი, ვიდრე ოპოზიცია. ივანიშვილმა ხომ პირველ რიგში მათ მოპარა არჩევანი. როდესაც ცესკოსთან აქცია დაშლილად გამოცხადდა, ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა. მათ თქვეს, რომ ისინი უკანონობის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ ქუჩაში და სახლში წასვლა არ სურდათ. მათი იქ დატოვება არ შეიძლებოდა და ამიტომ დავიშალეთ დროებით. როცა საჭირო გახდება, ცესკოსთან ისევ მივალთ. არც მხუთავი აირის გვეშინია და არც _ წყლის ჭავლის.
_ არადა, ახლა წყლის ჭავლი ძალიან საშიშია.
_ საშიშია, მაგრამ ცვლილებები თუ არ მოხდა, ამ ქვეყანაში ცხოვრება იქნება საშიში. ჩვენ ნორმალური ქვეყნის აშენება გვინდა და ამიტომ მზად ვართ ყველანაირი გამოწვევისთვის. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. დავიბრუნებთ მოპარულ ხმებს და შევქმნით კოალიციურ მთავრობას.
_ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლება დათმობაზე წამოვა.
_ მათ სხვა გზა არც აქვთ. „ქართული ოცნება“ ახლა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ დათმობაზე არ წამოვიდეს.
_ ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? გახარიამ და კალაძემ ისაუბრეს დიალოგის აუცილებლობაზე. ეს საკმარისია ასეთი პროგნოზის გასაკეთებლად?
_ აქამდე ისინი დიალოგსაც არ ახსენებდნენ. ახლა ამბობენ, რომ საჭიროა დიალოგიო. ეს უკვე კარგია.
_ დიალოგი ახსენეს, მაგრამ კომპრომისზე წავალთო, არ უთქვამთ.
_ მოუწევთ დათმობაზე წასვლა. გახსოვთ, შარშანაც რა დიდ გულზე იყო ხელისუფლება, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდეს? გვითხრეს, დიალოგისთვის კარი დაკეტილიაო. საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის შემდეგ დიალოგზეც წამოვიდნენ და დათმეს კიდევაც. ახლაც იგივე მოხდება _ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა მოუწევს.
შორენა მარსაგიშვილი