ანა დოლიძე: „რუსული კანონი არის მოღალატეობრივი აქტი, რომელიც კეტავს კარს ევროკავშირისკენ და უმუშევრად ტოვებს ხალხს“
თამუნა მჭედლიშვილი
წინასაარჩევნო ციებ-ცხელება დაწყებულია. ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი საარჩევნო პროგრამების წარდგენა-პრეზენტაციები უკვე დაიწყეს. საქართველოს მასშტაბით მართავენ შეხვედრებს მოსახლეობასთან და პროდასავლური კურსის მნიშვნელობაზე საუბრობენ. ქვეყანას ოქტომბერში ომი აქვს მოსაგები. ამ ომში, ისე როგორც სხვა ბრძოლებში, ყველას თავისი მოქმედების მეთოდი აქვს.
კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ აირჩია ბრძოლის განსაკუთრებული მეთოდი სიძულვილის ენის, მტრობისა და წამოძახებების გარეშე, მხოლოდ საქმესა და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული; საუბარი და მოქმედება, მოძრაობა, სიმართლის გზა, სუფთა ხელებით ბრძოლა, პროფესიონალიზმი და ცოდნა.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერია ანა დოლიძე _ იურისტი, პროფესორი, პოლიტიკოსი, დედა, ქალი, რომელიც იბრძვის შეცვალოს პოლიტიკის კეთების პრინციპები. ღირებულებების ომის მოგება ადვილი არ არის, მაგრამ არც ძნელია! ბრძოლა კი დიდი ხნით ადრე აქვს დაწყებული…
„ქრონიკა+“ ესაუბრება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ანა დოლიძეს:
_ ანა, რამდენიმე დღის წინ კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ და მისმა ლიდერებმა გამართეთ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც საგურამოში ჩატარდა. თქვენს პროგრამას „ილიას გზა“ ჰქვია…
_ დიახ, საგურამოში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია წარვადგინეთ. „ილიას გზა“ _ სწორედ ეს არის ჩვენი გუნდის საარჩევნო გეგმა. სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა წიწამურზე პრეზენტაციის წარდგენას. დიდი ილიას იდეები, ისევე როგორც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გეგმა, შეეხება ყველა იმ მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ არჩევანზე!
_ საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას თითქმის ყოველდღიურად ხვდებით, როგორი განწყობა და რეალობაა რეგიონებში?
_ ჩვენ უკვე გვქონდა გასვლების პირველი ეტაპი. მოვიარეთ შიდა ქართლი, გურია, სამეგრელო, იმერეთი… ეპიზოდურად ვიყავით თელავში. ყველაზე დიდი პრობლემა რეგიონებში არის ის, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთოდ არაფერი შეცვლილა, არცერთი მეგაპროექტი, არცერთი სიახლე. ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვს ხალხს და, სამწუხაროდ, უმეტეს ადგილას რეგიონში სასმელი წყალი არ არის. ამბიცია, რომ ჩვენ 21-ე საუკუნის ევროპული სახელმწიფო გვაქვს, ამ პირობებში წარმოუდგენელია. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ინფრასტრუქტურის პრობლემის გადაჭრა ყველგან. წყალი უნდა იყოს ყველა სოფელსა და ყველა ქალაქში. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა რეგიონებში არის სოფლის მეურნეობის არარსებობა, ასევე პროდუქციის ძალიან დაბალი ხარისხი. მაგალითად, ქართული თხილი, რომელიც სერიოზული საზრდოა ჩვენთვის, წელს მოვიდა დაბალი ხარისხის მოუვლელობის გამო, დროზე რომ არ შეწამლეს. ჩავედით გურიაში, რომელიც საოცარია თავისი ბუნებით და ხალხით, თუმცა წლების განმავლობაში აქ არაფერი შეცვლილა ეკონომიკური განვითარების მხრივ. საქართველოს მხარეებს შორის ის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია. კარგი ხელისუფლების პირობებში აქ განვითარდება ეკოტურიზმი, ცხენოსნობა, ბიო სოფლის მეურნეობა… ეს მთავრობა დროზე უნდა შევცვალოთ და ეს ქვეყანა დავქოქოთ. ჩვენ გვჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული პროგრამები მუნიციპალიტეტების დონეზე ევროკავშირთან ერთად, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოში იყოს მისადაგებული ევროკავშირის სტანდარტებს, ეს დარგი იყოს შესაბამისად მოვლილი.
_ თქვენ ხშირად საუბრობთ ემიგრანტებსა და სამშობლოში მათი დაბრუბნების გზების შესახებ…
_ ჩვენი ამოცანა არის ემიგრაციის შეჩერება და ხალხის საქართველოში დამაგრება. ამის მთავარი რეცეპტი კი ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნაა, სადაც ნორმალური, სამართლიანი ანაზღაურება იქნება. ამ მხრივ შევქმნით სერიოზულ საინვესტიციო პროგრამას და სამართლიან შრომის პირობებს _ სამართლიან, ღირსეულ მინიმალურ ხელფასს, რომელსაც ჩვენ დავადგენთ, სწორედ ისეთს, როგორიც ევროპაშია. ეს შექმნის იმის საშუალებას, რომ ხალხი, რომელიც ალაგებდა ჩემოდნებს ქვეყნიდან წასასვლელად იმის გამო, რომ აქ არ არის სამუშაო ადგილები, დარჩეს საქართველოში.
_ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. რის შესახებ გქონდათ საუბარი პრეზიდენტთან, თუ საიდუმლო არ არის?
_ პრეზიდენტთან მომავალი არჩევნების შესახებ ვისაუბრეთ. იმის შესახებ, თუ როგორ დავიცავთ ჩვენს ხმებს, როგორ მოვახერხებთ ამომრჩევლის მობილიზებას, _ მაქსიმალურად მაღალ დასწრებას არჩევნებზე. ასევე გავიაზრეთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მომხმრობის გზები… საქართველოს პრეზიდენტს ცალსახად მიაჩნია, რომ ეს არჩევნები არის რეფერენდუმი დასავლეთსა და საქართველოს რუსულ იმპერიულ წარსულს შორის. იმ რეგრესსა და მორჩილებას შორის, რომელიც ჰქონდა საქართველოს წარსულში რუსეთთან მიმართებით. პრეზიდენტს აქვს მუდმივი ინტერესი, რომ ამ არჩევნებში გაიმარჯვოს პროდასავლურმა ოპოზიციამ.
_ 84 მოღალატის მიერ მიღებული „რუსული კანონი“ და მისგან გამოწვეული პრობლემები…
_ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც გამოიწვია რუსული კანონის მიღებამ, არის ის, რომ ათი ათასობით ადამიანი დარჩა სამუშაოს გარეშე. ეს ხალხი ეწეოდა მცირე მეწარმეობას, იღებდა მცირე და საშუალო გრანტებს აშშ-დან, ევროპიდან, რათა განევითარებინათ ადგილობრივი პროდუქტის წარმოება რეგიონებში, ქალაქებში… ისინი ხომ ასაქმებდნენ ათეულობით ადამიანს?! რუსული კანონის მიღების შემდეგ ეს ყველაფერი შეწყდება. შესაბამისად, რუსული კანონი არის ის მოღალატეობრივი აქტი, რომელიც არა მხოლოდ კეტავს კარს ევროკავშირისკენ, არამედ უმუშევრად ტოვებს ისეთ ხალხს, რომელსაც ბოლო შემოსავალი ჰქონდა.
_ რას იტყვით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იმ განცხადების თაობაზე, სადაც მან ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების საფრთხის შესახებ ისუბრა?
_ იცით, პრემიერის განცხადება რომ იყოს სერიოზული, მაშინ მას უნდა დაესახელებინა ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ. ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაენიშნოთ სახელმწიფო დაცვა. ეს არის კანონის მოთხოვნა. შესაბამისად, ვთხოვ კობახიძეს, გადადგას რეალური ნაბიჯები მანამდე, სანამ ეს არ მოხდება. კობახიძის საუბარი, რომ ოპოზიციონერებს ემუქრებათ საფრთხე, არის უბრალოდ ასინეთას ჭორაობა, ქვეყანაში დაბნეულობისა და შფოთის შემოტანის მცდელობა.
_ მოსახლეობას ახსოვს თქვენი ღია და უკომპრომისო ბრძოლა კაზინოების წინააღმდეგ, ბრძოლა მათი რეკლამების აკრძალვის შესახებ; ასევე აქცია „იცურე უსაფრთხოდ“ ეხებოდა წყალში გაზრდილ უბედურ შემთხვევებს; შეეხეთ განათლების რეფორმის ნაწილს _ უფასო კვებას სკოლებში… რა გეგმები აქვს ანა დოლიძეს პირადად, რომელ რეფორმას გამოყოფდით, რომელსაც მომავალში განახორციელებთ?
_ რაც შეეხება ჩემს გეგმას პირადად და გეგმას პარტია „ანა დოლიძე _ ხალხისთვის“, პირველ რიგში, ეს არის სასამართლო რეფორმა და ნაბიჯები სასამართლო რეფორმისთვის. ეს ყველაზე მთავარია იმისთვის, რომ ხალხს ჰქონდეს უსაფრთხოების შეგრძნება… მეორე და მნიშვნელოვანი არის – ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობის შემცირება და ქალთა მიმართ მოპყრობის გაუმჯობესება, საერთოდ უსაფრთხოების გრძნობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქალაქეებისთვის; მესამე _ აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლა. ეს არის თანამედროვე პანდემია _ აქ დამოკიდებულების, ლუდომანიის საკითხს ემატება ნარკომანია. ჩვენთან ნარკოდამოკიდებულების რეალური რეაბილიტაცია არ ხდება. სამწუხაროდ, ეს პრობლემა უგულებელყოფილია _ ვგულისხმობ მეტადონის პროგრამას… ჩვენთვის ასევე უმთავრესი პრობლემა არის ბავშვთა სიღარიბე, რასაც სხვადსხვა მეთოდით შევებრძოლებით, მაგალითად, უფასო კვებით სკოლებში. მგონი, როგორც პრიორიტეტები, პირველი წლისთვის ეს ყველაფერი სწორია.
როგორ და საიდან ვაპირებთ ამ რეფორმების დფინანსებას? _ ბიუჯეტის შემციერების ხარჯზე. მორიგე მანქანებზე გადასვლით იმ სასწაული ფეოდალური სისტემიდან, რაც გვაქვს. ეს კი ბიუჯეტიდან გამოათავისუფლებს ასეულობით მილიონს. აგრეთვე კაზინოების დაბეგვრით. ბეგარა რომელსაც კაზინოები იხდიან, მიზერულია. მიზერულია თავიანთ შემოსავლებთან მიმართებით. ამ ფულით კი ჩვენ სოციალურ პროგრამებს დავაფინანსებთ.